close

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია

რა უნდა იცოდეს მშობელმა ტინეიჯერი შვილის შესახებ?

   ადამიანის ბუნების გაგება უზარმაზარი ამოცანაა. მშობლებს ყოველთვის სურთ მყისიერად შეიცნონ, თუ რა განაპირობებს მცირეწლოვანის ქცევის თავისებურებას. ზრდასრულ პიროვნებას უნდა ჰქონდეს მზაობა იმისა, რომ გადალახოს ნებისმიერი სირთულის ბარიერი, რათა შვილთან შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობა. ადამიანი რამდენჯერმე იბადება თავისი ცხოვრების განმავლობაში სამი წლის ასაკში, როდესაც მეობის ფენომენი ყალიბდება და გარდამავალ ასაკში, როდესაც ხდება ხასიათის გარდასახვა. ზოგიერთი  მეტად მტკინვეულად აღიქვამს მოზარდის ამ პერიოდს. ეს სიტყვა თავად გვეუბნება და თითქოს გვამშვიდებს, რომ საგანგაშო არაფერია,  მდგომარეობა დროებითია და თანდათანობით გაივლის.  საყურადღებო ისაა, რომ მშობელმა სწორი მიდგომის პრინციპი უნდა შეიმუშავოს და გაგებით მოეკიდოს იმ დამახასიათებელ ნიშნებს, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს მოზარდის ცხოვრებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხით მხოლოდ ერთი მხარე არ იყოს დაინტერესებული, ვინაიდან მშობლობა იზოლირებულად არ არსებობს. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ორივე მათგანმა, რადგან შეთანხმებულობის პერიოდში გაცილებით იოლი და შედეგიანია ურთიერთობა ტინეიჯერთან.

შვილის გარდამავალი ასაკის დროს, მშობლები გვერდს უვლიან ძირეულ საკითხებს, ჰგონიათ, რომ ბავშვი მათ მიმართ უარყოფითი გრძნობებით არის აღსავსე და ამის გამო თავს უცხოდ გრძნობენ. ეს ჰიპოთეზა პანიკის ფონზე ჩნდება და აცდენილია რეალობას, ვინაიდან  ახალგაზრდების მხრიდან არაგულთბილობა ამ ეტაპისათვის დამახასიათებელი ნიშანია. ამ მცდარი ვერსიის დაჯერების შემდეგ, იწყებენ ბრძოლას შვილთან, რადგან ფიქრობენ, რომ სხვაგვარად მოზარდი არასწორ გზას აირჩევს. რეალურად ნაკლებსავარაუდოა, რომ ამ ასაკში ახალგზარდამ გააზრებულად იმოქმედოს. მოგეხსენებათ, ასეთ პერიოდში ისინი ძალიან იმპულსურები და ცვალებადი ხასიათის მქონენნი არიან. მათ დროებით გატაცებას მტკიცე არჩევანს ვერ ვუწოდებთ, სწორედ ასეთი არამდგრადობაა დამახასიათებელი ტინეიჯერებისათვის.

არსებობს მოზარდთა სამი კატეგორია: 1) როდესაც ახალგაზრდას არ აქვს პრობლემები მოწიფულობის პერიოდში;

2) აქვს, მაგრამ არ გამოხატავს, შინაგანად აპროტესტებს;

3) ღიად გამოხატავს თავის პოზიციას, რაც კომუნიკაციის ფაზად მიიჩნევა. ასეთი ადამიანები ძლიერთა კატეგორიას მიეკუთვნებიან.

თითოეული პიროვნება თავისი უნიკალურობით გამოირჩევა და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველა ერთნაირად არ გადის ამ სტადიას. პიროვნების ფორმირება თითოეულ მოზარდში განსხვავებულად მიმდინარეობს. ჩვენ გვსმენია ან შევსწრებილვართ სიტუაციას, როდესაც მშობელი შვილს ადარებს მეორე თანატოლს და მოსთხოვს ისეთ ქცევას, როგორიც სხვა ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, ამით კი  უარყოფს შვილის პიროვნულ თვისებებს. ეს ძალიან მტკინვეულად აისახება მოზარდზე და მშობლის მიმართ  უარყოფითად განაწყობს მას. ამ ყველაფერს, რომ თავი ავარიდოთ პატივი უნდა ვცეთ მოზარდის თვისებებს, აზრებსა და ხასიათს. მივიღოთ ისეთი, როგორიც არის და ნუ მოვთხოვთ სხვას მიბაძოს და დაივიწყოს საკუთარი ინტერესები.  არამედ ვეცადოთ სწორი არჩევანის გაკეთებაში მოკრძალებით დავეხმაროთ და მის ინდივიდუალიზმს უხეშად არ შევეხოთ. ამ ასაკის დროს ახალგაზრდებში აგრესია მატულობს  და ემოციებს  თავისებურად გამოხატავენ ხოლმე, მაგრამ ეს სულაც არაა საბაბი იმისა, რომ დედ-მამამ ეჭვი შეიტანოს შვილის მათ მიმართ სიყვარულში. ხასიათის ფორმირებისა და ცვალებადობის გამო ეს უნებურად ხდება და თვითკონტროლი ნაკლებად შესაძლებელია. ვინაიდან თვრამეტ წლამდე შუბლის წილში ემოციების შეკავების ზონა არასრულფასოვნადაა განვითარებული და ამიტომაც მათ არ შეუძლიათ ემოციების აბსოლუტური გაკონტროლება. მშობელმა  კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და მოთმინებით აღიჭურვოს. მოზარდებს უმეტესწილად განსხვავებული შეხედულებები აქვთ ამა თუ იმ მოვლენებსა და საკითხებზე. გარდამავალი ასაკის გავლის შემდგომ, შესაძლოა სხვაგვარად დაიწყონ მსჯელობა, მაგრამ ამ დროს კონსენსუსი ძნელად მისაღწევია. ეს შემაშფოთებელი ხდება  ზრდასრულთათთვის და ჰგონიათ, რომ ყველაფერი ცუდ შედეგამდე მიდის. სწორედ ამას მოჰყვება ბრძოლა ახალ თაობასთან. მშობელი, როგორც წესი ცდილობს მოზარდს პოზიცია შეაცვლევინოს და ამას არაჯანსაღი ხერხით აკეთებს, მაგალითად, ტონის აწევით, დასჯით, მუქარით და ა.შ. ეს ყოვლად გაუმართლებელი და არასწორი არჩევანია, რადგან ამგვარ მიდგომას კარჩაკეტილობა და თვითიზოლაცია მოჰყვება, რაც ურთიერთდამოკიდებულებას უფრო მეტად ართულებს. მოზარდი თავის სამყაროში იკეტება და ოჯახის წევრთან კომუნიკაციას გაურბის. მიიჩნევს, რომ საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ამას მოსდევს განრისხება მშობლის მხრიდან და შესაბამისად თავს არიდებს  გულახდილობას. თვითიზოლაციის უკან დგას ეგოს აღმოჩენის სურვილი და ეგოცენტრიზმი. გარდამავალი ასაკის დროს, ახალგაზრდას ჰგონია, რომ ქვეყნიერების ცენტრშია და გატაცებულია ამ განცდით. რაც ეგოიზმისა და ინდივიდუალიზმის გამოვლენის უკიდურესი ფორმაა. საკმარისია მშობელმა ცხოვრებას მოზარდის თვალით შეხედოს და კარგად ეცადოს გარკვევას მათ იმჟამინდელ ცნობიერებაში და უსათუოდ ნათელი გახდება, თუ რაოდენ რთული პროცესები მიმდინარეობს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით.

თვითდამკვიდრების პერიოდში მათ სჭირდებათ დამოუკიდებლობა ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში და თანატოლთა წრეში. ეს მათი ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომლის დაკმაყოფილებაში მშობელი უნდა დაეხმაროს. მიანიჭოს ავტონომიურობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დედ-მამა შვილს ენდობოდეს. მოზარდის ქმედებებს ეჭვის თვალით არ უყურებდნენ და შეცდომების ძიებაში არ იყვნენ.  ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანი ბავშვური ასაკიდან ზრდასრულობის ხანაში გადადის, რაც მე-ს განვითარებას გულისხმობს. ამ დროს მშობელი მოზარდს უნდა მოეპყროს  ისე, როგორც ზრდასრულს და სრულყოფილ პიროვნებად აგრძნობინოს თავი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ  აღმზრდელი თავის შესახებაც ესაუბრებოდეს მას, უყვებოდეს საკუთარ წარსულ ცხოვრებაზე და აჩვენებდეს, რომ მისი აზრი საკმაოდ საინტერესოა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ეს მეთოდი მონოლოგს დიალოგად შეცვლის და მოზარდი ოჯახის სრულფასოვან წევრად მიიჩნევს თავს, რაც მათი განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა, რათა შემგომში ახალგაზრდამ სოციუმთან ურთიერთობაში თავი ზედმეტად არ იგრძნოს. სოციალური გრძნობა, რომ დამახინჯებულად არ ჩამოყალიბდეს ამაში ოჯახური ურთიერთობები უნდა დაეხმაროს მოზარდს. პიროვნული თვითრეალიზაციისათვის ადამიანმა უნდა იცოდეს ვინ არის სინამდვილეში და ამის აღმოჩენა, სწორედ გარდამავალ ასაკში ხდება. ამაში ხელის შეშლა კი დიდი დანაშაულია. აღმზრდელი გაგებით უნდა მოეკიდოს შვილის თავისუფალ ნებას და კორექტირებას უხეშად არ შეეცადოს.   თუ სახლში მას არ უსმენენ, მისი აზრი არაფრად მიაჩნიათ ან გამუდმებით წინააღმდეგობას უწევენ ეს დაღს დაასვავს ინდივიდის შემდგომ განვითარებას. მას გაუჩნდება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოხვედრის შიში და მაქსიმალურად ეცდება თავი აარიდოს ხალხმრავალ სიტუაციებს.   ამრიგად, ნათელია, რომ ლატენტური პერიოდის დროს ძალიან ბევრი პრობლემა მწიფდება. ამისათვის კი ადამიანი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული, რათა შემდგომი სირთულეები ტრაგიკულად არ მოეჩვენოს და ამით მოზარდის ცხოვრება უფრო მეტად არ დაამძიმოს. მკაცრი აღმზრდელობითი მეთოდებით მშობელი მხოლოდ იმას მიაღწევს, რომ შვილი გაუცხოვდება და მას დასცილდება სულიერად. სიფრთხილეა საჭირო პიროვნების შეფასებისას, რადგან არასწორი ფორმით გამოხატული აზრი ხშირად უფრო მეტად უმძიმებს მათ გულს. მოეპყარით, როგორც ზრდასრულს, მიანიჭეთ ავტონომიურება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე ამასთან ერთად  მასაც შეუქმენით ჰარმონიული გარემო და ყველაფერი გაცილებით უკეთ და უმტკინვეულოდ ჩაივლის.

 

მასალა მოამზადა: მედეა გელდიაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
საქართველოფსიქოლოგია

,,დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში” ნარკომანიის შესახებ მრგვალი მაგიდა შედგა

19 ივნისს დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში ტრადიციულად ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა კავკასიის სამართლის აკადემიის დირექტორი – გიორგი მათიაშვილი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი საინტერესო და აქტუალური საკითხები, როგორიცაა:

  • ნარკომანია – დანაშაული თუ დაავადება?!
  • დამოკიდებულების პრობლემა და ფსიქოლოგიური თავისებურებები.
  • ნარკომანის ფსიქიკური მდგომარეობის დინამიკა.
  • სად არის გამოსავალი – პრევენციის გზები.

ნარკოტიკების მიღება სხვადასხვა სახის რისკთანაა დაკავშირებული:

რისკი ფიზიკურ ზრდასთან მიმართებით  – ამ სახის რისკი განსაკუთრებით აქტუალურია ნარკოტიკების მოზარდი მომხმარებლების შემთხვევაში, რადგანაც ნარკოტიკული საშუალებები აქვეითებს და არღვევს ჰიპოთალამუსის ჯირკვლის ნორმალურ მუშაობას, არღვევს ძილისა და კვების რეჟიმს.

რისკი ფსიქოლოგიურ ზრდასთან მიმართებით  –  ადამიანი აღარ ფიქრობს პიროვნულ, ფსიქოლოგიურ, მენტალურ ზრდაზე, მისი ფიქრები მხოლოდ ნარკოტიკებისკენაა მიმართული.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი –  ნარკოტიკული ნივთიერებები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი და ნერვული სისტემების დაავადებათა განვითარებას, გულის დაავადებათა და კიბოს წარმოქმნას.

უბედური შემთხვევებისა და სიკვდილის რისკი –  ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ადამიანი კარგავს კონტროლს საკუთარ განცდებზე, აღქმაზე და შეიძლება უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდეს ან ზედმეტი დოზირებისგან დაიღუპოს.

სამართლებრივი რისკები  – ნარკომანებს ხშირად ექმნებათ პრობლემები კანონებთან.

სოციალური რისკი  – ნარკოტიკებსა და ნარკომანიას შედეგად მოაქვს ახალგაზრდა ადამიანების იზოლაცია ოჯახისა და მეგობრებისგან. ნარკოტიკები გავლენას ახდენენ ადამიანების სოციალურ ურთიერთობებზეც.

შეჩვევა ანუ ტოლერანტობა  – ეს არის ფსიქოლოგიური და ხშირად ფიზიკური სტატუსი, ორგანიზმის შეგუების მდგომარეობა. ასეთ დროს უწინდელი ეფექტის მისაღებად აუცილებელი ხდება მოცემული პრეპარატის დოზის მომატება. შეჩვევის ჩამოყალიბება გარკვეული ეტაპების გავლის შედეგად ხდება.

ეს ეტაპებია:

ექსპერიმენტული მოხმარება –  ამ ეტაპზე ადამიანები იღებენ ნარკოტიკულ საშუალებას ერთხელ ან მეტჯერ ცნობისმოყვარეობის, პრობლემების ან რაიმე სხვა მიზეზთა გამო.

იშვიათი მოხმარება  – ამ ეტაპზე ახალგაზრდა ნარკოტიკს განსაკუთრებული შემთხვევებისას მოიხმარს (წვეულებები, დაბადების დღეები), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა არ დგას რისკის ქვეშ – იგი სამართლებრივი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის წინაშე დგება.

პრობლემური მოხმარება – ახალგაზრდა ზრდის ნარკოტიკების მოხმარების დონეს და შეჩვევის ალბათობაც იზრდება. ასეთ შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინოს ნარკოტიკის გამო.

შეჩვევა  – ამ შემთხვევაში ნარკოტიკის მოხმარება სისტემატური ხდება, იკარგება კონტროლი, იზრდება რისკები.

მრგვალი მაგიდის წევრები ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ ნარკომანია არის დაავადება და ნარკომანის ციხეში გამომწყვდევა არ არის გამოსავალი, ვინაიდან ციხის გარემო კიდევ უფრო დიდ სტრესულ გარემოს უქმნის მას და იქიდან გამოსვლის შემდეგ, ამ სტრესის დასაძლევად ან თუნდაც ძველი ჩვევის გასაახლებლად, ის, სავარაუდოდ, კვლავ მიმართავს ნარკოტიკების მოხმარებას. საჭიროა, ნარკომანს გავუჩინოთ სურვილი საკუთარი ნებით მიაკითხოს სამკურნალო დაწესებულებას.

პრევენციის გზები, რომელიც დასახელდა შეხვედრის განმავლობაში:

  • ნარკომანის სურვილი, განიკურნოს.
  • ინდივიდუალური მიდგომა ყოველ ნარკომანთან და არა საჯარო განხილვა ამ პრობლემის.
  • პრობლემის სრულიად აღმოფხვრა შეუძლებელია, ვინაიდან მაინც იარსებებს ვიღაც, ვისაც ნარკოტიკის გასინჯვის სურვილი გაუჩნდება. თუმცა შესაძლებელია ამ პრობლემის კონტროლი. უკვე ნარკოტიკის მომხმარებლები საჭიროა გავგზავნოთ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებში, ასევე მნიშვნელოვანია ამ საკითხში განათლების სფეროსაც მივხედოთ.
  • ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ მათზე, ვინც ჯერ კიდევ არ არის დამოკიდებული ნარკოტიკებზე. გამომდინარე იქიდან, რომ გარდატეხის ასაკი საკმაოდ რთულია მოზარდებისთვის. ამ ასაკში მშობლის მიდგომა შვილის მიმართ ისეთი უნდა იყოს, რომ დააინტერესოს განათლებით, სპორტით და მსგავსი ჯანსაღი აქტივობებით.
  • განათლება, ინფორმირება, ფსიქოლოგიური ჩარევა – ეტაპობრივად შეამცირებს ნარკომანთა რაოდენობას.

მრგვალი მაგიდის შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები – სალომე ბოსტოღანაშვილი, ელენე ჩუგოშვილი; ფსიქოლოგი ნინო თოფურია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მართა ჩაგუნავა; HR მარიამ შუბითიძე; ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი მედეა გელდიაშვილი და ელენე მიგრიაული.

 

სტატია მოამზადა: ნინო თოფურიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესიპოლიტიკაფსიქოლოგია

საზოგადოების აბსურდში დარწმუნების მეთოდი – ოვერტონი

არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც, თუ სახელმწიფო მოინდომებს, ადამიანებისთვის ნებისმიერი იდეის მისაღებად ქცევაა შესაძლებელი.

ჯოზეფ ოვერტონმა (1960-2003) აღწერა ტექნოლოგია, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი იდეის ლეგალიზაცია, მისი თქმით, ყოველ მათგანს საზოგადოებაში თავისი შესაძლებლობების ფანჯარა აქვს. არსებობს ნებისმიერი იდეის აბსოლუტურად მიუღებლიდან მოქმედ ნორმაში გადაყვანის 6 ეტაპი: 1) წარმოუდგენელი. 2) რადიკალური. 3) მისაღები. 4) გონივრული. 5) სტანდარტული. 6) მოქმედი ნორმა.
მაგალითისთვის, ავიღოთ კანიბალიზმი – ოვერტონის ფანჯარის მიზანი თავიდან იქნება კანიბალიზმის აბსოლუტურად მიუღებლიდან რადიკალურ პროცესიაში გადაყვანა.

მეცნიერებს შეუძლიათ დაიწყონ  კანიბალიზმზე საუბარი,  ეგზოტიკური პოლინეზიელი ტომების ცხოვრებაზე თხრობა, იტყვიან რომ კანიბალიზმი იქ გავრცელებული იყო, გამოდის, ისტორიულად შეგვიძლია კანიბალიზმზე ვიმსჯელოთ. ამასთან ერთად, შეიძლება გაჩნდეს კანიბალთა საზოგადოება, რომელიც თავიდან მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში იარსებებს, ხოლო იქ გამოთქმულ აზრებს ყველა ტელემედიაში გააშუქებენ. ოვერტონის პირველმა ფანჯარამ შეასრულა დანიშნულება, ტაბუდადებული თემა ამოძრავდა, გახდა დისკუსიური.

მეორე ფანჯარა უფრო აქტიურად განიხილავს კანიბალიზმს, ,,მეცნიერები” საუბარს აგრძელებენ, ვინც უარს იტყვის თემის გავრცობაზე, თუნდაც მეცნიერული თვალსაზრისით, გავხადოთ დასაცინი და ვაღიაროთ ,,ჩამორჩენილად”.

ამასთან, აუცილებელია კანიბალიზმს შეეცვალოს სახელი და დაერქვას სხვა უფრო ელეგანტური სახელი, რომ ვინმე ,,ფაშისტებმა” იარლიყის მიკვრა ვერ შეძლონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია! კანიბალიზმი აღარ არსებობს და მას ჰქვია მაგალითად ანთროპოფაგია. ახალი სახელის მოგონება აუცილებელია რომ საზოგადოება მზერა სხვაგან მივმართოთ რეალური პრობლემიდან.

სახელის ცვლილებასთან ერთად ისტორიულ, მითოლოგიურ გამართლებას ვპოულობთ ანთროპოგაფიისთვის, მაგალითად, – გახსოვთ, ისტორია მარტოხელა დედაზე, რომელმაც შვილები საკუთარი სისხლით გაზარდა? ასმევდა რომ არ მომკვდარიყვნენ! გმირი დედა!”

,,აი, ბერძნული ღმერთები თავის შვილებს ჭამდნენ!”
მას შემდეგ, რაც ისტორიული ლეგიტიმაცია ,,მოიძებნა”, ოვერტონი მესამე ეტაპზე გადადის, უფრო წინწასული ,,მეცნიერები” გვიმტკიცებენ, რომ ,,ხალხის ჭამა ჩვენს გენეტიკაშია და ეს ნორმალურია!”, ,,ზოგჯერ ადამიანის შეჭმა აუცილებლობითაა განპირობებული”, “არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ისინი შეჭმულნი იყვნენ!”

ამ თამაშში შეიქმნება კასტა, რომელიც რადიკალურად დაუჭერს მხარს ან რადიკალურად შეეწინააღმდეგება კანიბალიზმს, კანიბალიზმი სიძულვილის ენაა უკვე, მას ხომ ანთროპოფაგია ჰქვია! ყველა ვინც კანიბალიზმს ახსენებს,  ჩამორჩენილია და ჩაგრავს, დისკრიმინაციაში აგდებს ანთროპოფაგებს, უმცირესობას დაცვა სჭირდება.

ამ ეტაპზე ჟურნალისტები და ,,მეცნიერები” ამტკიცებენ, რომ მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანები ერთმანეთს ჭამდნენ და ეს ნორმალურია.

შემდეგი ეტაპი, ანთროპოფაგიის პოპულარიზაცია. ტელევიზიაში აქტიურად აჩვენებენ და აპიარებენ ამ თემას, წერენ მუსიკას, აჩვენებენ კინოში, ხალხს ეუბნებიან, ანათლებენ, რომ გვერდზე მიმოიხედონ!  ,,რა არ იცოდით, რომ ეს უცნობილესი კომპოზიტორი ანთროპოფაგი იყო?” “ის მომღერალი მთელი ცხოვრება ანთროპოფაგი იყო, მას დევნიდნენ! ფსიქიატრიულში დააწვინეს, საწყალი!!! წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიონია ეგრე დაჩაგრული? თავისი განსხვავებულობის გამო შეურაცხადად შერაცხეს და ძალით გარიყეს!

ბოლო ეტაპი ოვერტონის ფანჯრის დგება მაშინ, როდესაც თემა საკმაოდ გაპიარდა, გაპოპულარულდა და ახლა დროა, ის პოლიტიკაში გადავიდეს, იწყება საკანონმდებლო ბაზის მომზადება, იდევნება ყველა, ვინც ანთროპოფაგების წინააღმდეგ გამოთქვამს აზრს, მათ ათავისუფლებენ სამსახურიდან, აჯარიმებენ და ა.შ.

ბოლო ეტაპზე, საზოგადოება უკვე გატეხილია, ის უკვე შეგუებულია დამარცხებას და რაც მთავარია, უკვე არაცნობიერის დონეზე იჯერებს სისტემის მიერ თავს მოხვეულ აზრებს. მიღებულია კანონები, დარღვეულია ნორმალური ადამიანური ყოფა, შემდეგ ეს თემა აუცილებლად მივა სკოლასა და საბავშვო ბაღებში, ესე იგი, შემდეგი თაობა გაიზრდება კიდევ უფრო უშანსოდ, რომ გადაურჩეს ,,ახალ წესრიგს”.

 

წყარო: FB – იდეა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

რა იწვევს ოჯახის ნგრევას?

      ოჯახის შექმნის იდეას წინ უძღვის, სიყვარული და ერთმანეთთან ყოფნის დაუოკებელი სურვილი. ეს გრძნობები კი თანდათან იდგამს ფესვებს ადამიანთა გულებში. დასაწყისში შეყვარებულებისთვის სამყარო ფერადი, ნათელი და მშვენიერია, რომელშიც მხოლოდ სიკეთე და იმედი ამოიკითხება. ყოველი დღე კი სიახლის, სიხარულის და პოზიტივის მქადაგებელია.

დგება ის მომენტიც, როცა ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანები სრულყოფილებისკენ მიისწრაფვიან და ოჯახის შექმნის იდეის განხორციელებას იწყებენ.  გარკვეული პერიოდი ყველაფერი ძველებურად გრძელდება. თვალებში სიხარული და გულში იმედი არ ქრება. მაგრამ  დრო გადის და ნელი ნაბიჯებით უკმაყოფილობა, პასიურობა, სევდა, სასოწარკვეთილობა, გაუცხოება, ეგოისტობა,  უახლოვდებიან ურთიერთობას და ნაწილ-ნაწილ ბზარებს აჩენენ, რომლებიც ჯერ ადგილიდან არ იძვრებიან, მაგრამ საბოლოოდ ნამსხვრევებათ იქცევიან ხოლმე.

ადამიანებს  გამუდმებით აწუხებთ ფიქრი და ღრღნით იმის ინტერესი, თუ რა იწვევს ნგრევას ოჯახური ურთიერთობისა, რა აყენებთ მათ ასეთი საფრთხის წინაშე. მაგრამ ისინი ამ ყველაფრის ფუნდამენტალურ ბიძგებს ვერ ამჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ თავადვე აძლევენ სიტუაციებს კრიტიკულ გზაზე სვლის უფლებას. არ აჩერებენ, ხელს არ უშლიან, მათ ტრანსფორმაციას არ ცდილობენ და შემდეგ ფატალური შედეგის მომსწრენი ხდებიან. რომელიც თითქოს სპონტანურად მოხდა. ვერც კი აანალიზებენ, რომ ამ ყველაფერს ადრეულ პერიოდში ჩაუყარეს საფუძველი.

ოჯახი, როგორი სიფრთხილითაც იქმნება, ისეთივე სათუთი მოპყრობით უნდა შენარჩუნდეს.  ცოლ-ქმრული ურთიერთობა შეგვიძლია ბაღს შევადაროთ, რომელიც მოვლილი ან მოუვლელია. სასარგებლო თესლის გარეშე ბაღი სარეველებით იფარება და ნაყოფიც შესაბამისია. ყოველგვარი უსარგებლო და საზიანო თვისება იქნება ეს, მიდგომა თუ რაიმე სხვა, ადამიანმა უნდა გაანადგუროს. როგორც კარგი მებაღე მოსპობდა სარეველებს, რათა საბოლოოდ მისი სამფლობელო არ დამახინჯებულიყო. სწორედ ასე მიზანდასახულად უნდა მოხდეს მისი აღმოფხვრა. ამ ყველაფრის პარალელურად სასარგებლო თესლი უნდა დათესოს – მზრუნველობა, პატივისცემა, გაგება, ზომიერება, თანასწორობა და სხვა მრავალი.

ერთ-ერთი ბიძგი, რომელიც მომავალში ოჯახის ნგრევას იწვევს პარტნიორისადმი მუდმივი უკმაყოფილობაა. ზოგჯერ ადამიანს ამის საბაბი არ აქვს და პრობლემა საკუთარ შინაგან სამყაროში ბუდობს. გარეთ კი  უხეშად  ვლინდება. ხშირ შემთხვევაში, შინაგან კონფილქტებში ადამიანი სხვა სუბიექტის დანაშაულს ხედავს, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევს. შემდეგ შეუპოვრად იწყებს კრიტიკას, უკმაყოფილებას გამოთქვამს მისი ნებისმიერი ქმედების მიმართ. არაცნობიერად ნაკლის ძიებაშია და ამ სახიფათო გზით ცდილობს საკუთარი არასრულფასოვნების დაფარვას… ამგვარ ყოფას რა უკუჩვენებაც შეიძლება მოჰყვეს – ნათელია. მეორე ადამიანს, რომელიც უმეტესად ,,მსხვერპლია“ , სავსებით გამართლებული იქნება, რომ ერთ დღეს საშინელი უსამართლობის გრძნობა გაუჩნდება და უარს იტყვის მის მიმართ მომართული კრიტიკის მოსმენაზე, უკიდურეს შემთხვევაში, კომუნიკაციის სურვილი გაუქრება. ის აღარ ისაუბრებს თავისი ცხოვრებისეული თავგადასავლების შესახებ, რამეთუ უკუკავშირის მოლოდინი აღარ აქვს. ასეთი სურათი გვხვდება ცოლ-ქმრის თანაცხოვრებისას, რომელიც შესაძლოა ისეთი მუქი ფერებით შეივსოს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა თანაცხოვრებაზე უარი განაცხადოს.

მღელვარება თან სდევს ინდივიდუუმს ადრეული ბავშვობის წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე. ეს თვისება მნიშვნელოვანწილად უფუჭებს ადამიანს ცხოვრების ნირს. ესაა დაბრკოლება ნებისმიერ საქმესა თუ ურთიერთობებში, ასევე ხელის შემშლელია კომუნიკაციაში. ბედნიერების და სიმშვიდის განცდა უმართავი მღელვარების ფონზე ზოგჯერ ძალიან მცირე დოზით ხდება. ეს უკანასკნელი ადამიანს იმედს უმსხვრევს იმისას, რომ შეძლებს მშვიდად ცხოვრებას ამ სამყაროში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ესაა თვისება, რომელიც ნებისმიერ საკითხში წარუმატებლობის საწინდარია. რა გასაკვირია, რომ თანაცხოვრებაში ხშირად დიდი უსიამოვნების მომტანია. ვიღაც სოციუმს გაურბის, რამეთუ ეშინია, ვიღაცას მარტოობის მოლოდინი დღევანდელ დღეს ართმევს, მეორეს ღალატი აღელვებს… გადის თვეები, წლები და ზოგჯერ მთელი ცხოვრება. ეს გამანადგურებელი ენერგიტა კი თავის შედეგს იძლევა. ცუდის მოლოდინი მიზანდასახულობას, შრომის უნარიანობას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას თითქმის გამორიცხავს. მეუღლისთვის ასეთ ვითარებაში თანაცხოვრება დღითიდღე რთულდება, მიუხედავად იმისა, რომ ხედავს მღელვარების უსაფუძვლობას, მაინც ვერაფერს ხდება პარტნიორთან. დროთა განმავლობაში კი მისთვის ამგვარი სიტუაციის ყურება აუტანელი და გაუსაძლისი ხდება.  მომღიმარი, იმედიანი და მშივიდი მეუღლის მაგივრად ის მღელვარებით შეპყრობილ ადამიანს შესცქერის და ეს მის განწყობას მკვეთრად ცვლის. ადამიანი, რომელიც ცხოვრების ნაწილს იმის ფიქრში ფლანგავს, რომ ერთ დღესაც თანამეცხედრე უღალატებს, ან უბრალოდ მასთან ყოფნას აღარ მოისურვებს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ ასე მოხდება. რადგან მან მთელი თავისი ენერგია და წარმოსახვის უნარი იმას მიუძღვნა, თუ როგორ გაუბედურდებოდა ღალატის ან მიტოვების შემდეგ. ადამიანთა უმრავლესობა თავის მომავალს, რატომღაც სულ პრობლემურად განჭვრეტს. ისინი ასტიმულირებენ იმ მოვლენებს, რომლებსაც ყველაზე მეტად არ ისურვებდნენ თავიანთ თანაცხოვრებაში. დრო, რომელიც საყვარელ ადამიანთან ბედნიერად უნდა გაეტარებინათ, ამგვარ საზიანო მეთოდს მიუძღვნეს. ოჯახური ბედნიერება და ჰარმონია ჩვენზეა დამოკიდებული. გვიყვარდეს ისე, რომ მის სიმშვიდეს არ ვარღვევდეთ და არც საკუთარ თავს ვუქმნიდეთ მშფოთვარე ცხოვრებას.

ხშირად, ოჯახში პრობლემებს ფესვები გარეთ აქვს გადგმული. სამუშაო პრობლემები, სოციუმი და მათთან დღის განმავლობაში მრავალრიცხოვანი კომუნიკაცია, ეკონომიკური განვითარება და ა.შ. რასაკვირველია, ყველაფერი ეს მოქმედებს ინდივიდის ხასიათზე. ხშირად კი ასეთ საკითხებზე ზომაზე მეტი აქცენტის გაკეთება ცოლ-ქმრის ურთიერთობაზეც აისახება. იწყება კონფილქტები, ჩნდება გაუთავებელი კითხვის ნიშნები, თანდათან იმატებს აგრესიულობა და ყველაფერი უარესდება. გარემო პირობებს ადამიანები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ ოჯახი დანგრევის ზღვარზე მიჰყავთ. ასეთი ცხოვრების წესი ურთიერთ ჰარმონიულობას ხელს ყოველთვის შეუშლის და შეაფერხებს მას. ხელშემშლელი ფაქტორი ყოველდღიური წვრილმანებია, რომელთაც დიდ პრობლემებად აღიქვამენ. თუ სამსახურში რაიმე დაბრკოლებაა, სრულიად არ მიუძღვის ბრალი  საყვარელ ადამიანს. უფრო სწორი იქნებოდა თუ მასში ნუგეშს დავინახავთ და არა სუბიექტს, რომელსაც ჩვენი აგრესიის დასაკმაყოფილებლად გამოვიყენებდით. გარესიტუაციებისაგან გამოწვეული მღელვარება სახლის ზღურბლს მიღმა უნდა დარჩეს, რათა არ შეუშალოს ხელი ორი ადამიანის მშვიდ საღამოს, რომელიც ხშირად უსიამოვნებებებით სრულდება.

ნებისმიერი კავშირის ერთ-ერთი არსებითი მოთხოვნა პიროვნების თავისუფლებაა. უმეტესობა ქორწინებას შემუშავებული წესებითა და შეზღუდვებით იწყებს. ოჯახის შექმნა მათთვის აღიქმება, როგორც შეზღუდვების სისტემა.  ასეთი მცდარი წარმოდგენა აქვს მოსახლეობის დიდ ნაწილს. ბევრი ქალი და მამაკაცი ქორწინებაში თავისუფლებას ვერ გრძნობს. თითოეულ ინდივიდს აქვს პირადი უფლებები, რომელშიც უხეში ჩარევა არავის ძალუძს. მეუღლის თავისუფლების შეზღუდვა უცილობლად გამოიწვევს უთანხმოებას, რომელსაც პროტესტის გრძნობა განაპირობებს ხოლმე.  მბრძანებლობა ცუდი იარაღია, რომლის გამოყენებაც არსადაა მიზანშეწონილი. რატომღაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ სხვისი პიროვნების შეცვლის სრული უფლება აქვთ და ცდილობენ გვერდით მყოფი, საკუთარ კრიტერიუმებს მოარგონ – მისგან სხვა ქმნილება გამოძერწონ. ასეთი დამახინჯებული სტრატეგიით ოჯახურ ურთიერთობას სამარეს უთხრიან.

როგორც წესი, მბრძანებლობას თან ახლავს ეჭვიანობა. პიროვნების საინტერესო მახასიათებელია და ამავე დროს ფართო მაშტაბითაა გავრცელებული. ეს უკანასკნელი არასრულფასოვნების ნიშანია და ადამიანს სიმშვიდეს ართმევს. სასიყვარულო ურთიერთობაში უსაფუძვლო ეჭვები ნდობის ფაქტორს ხაზს უსვამს, არღვევს ჰარმონიას და ბობოქრობს სიმშვიდეში. ასეთი თვისებით შეპყრობილი მეუღლე ბედნიერებას ნაწილობრივ განიცდის, რადგან ეს ბედნიერება საეჭვოა მისთვის. მუდმივად ფიქრი იმაზე, რომ იქნებ რაიმე ისეთი ხდება პარტნიორის თავს, რაც არ იცის, უმალავენ და ერთ დღესაც ტრაგიკულად გაიგებს, იქნებ აღარ უყვარს საყვარელ ადამიანს და უმალავს… ამგვარი ფიქრები ფიტავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას. ნდობა კი მოგეხსენბათ, რაოდენ მნიშვნელოვანი ნაწილია ოჯახური ურთიერთობისა. მავნე ჩვევები, რომლებიც ყოველდღიურობას წნეხის ქვეშ აყენებს დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს, რათა ცოლ-ქმრულ კავშირს დაღი არ დაესვას.

თანაცხოვრებას ხელს უშლიან გაუთავებელი ბრძოლებით. ოჯახი საომარი ადგილი სულაც არაა. ბევრი თავის ცხოვრებას იმაზე დარდით წამლავს, რომ მათმა ცოლქმრულმა ურთიერთობებმა პირვანდელი სახე დაკარგეს, ამით დაბრმავებულები კარგს ვეღარაფერს ამჩნევენ. თავად ქმნიან დამანგრეველ ბიძგებს ოჯახური თანაცხოვრების დროს გაუთავებელი წუხილით და უსაფუძვლო განცდებით. თავიდანვე მონდომებით უნდა მოხდეს ყურადღების კონცენტრირება იმ საკითხებზე, რომლებიც ბედნიერებას მოუტანთ და გაახარებთ.  ნუ ვეცდებით პარტნიორის გადაკეთებას და ნუ შევეხებით მის პიროვნულობას. ,,ბედნიერება ჩვენზევეა დამოკიდებული’’-ასე ამტკიცებდა სენეკა.

 

 

მასალა მოამზადა:   მედეა გელდიაშვილი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

რა შეიძლება მოჰყვეს ბავშვის დასჯას?

საქართველოში იუნისეფის კვლევების დასკვნები ბავშვზე ძალადობის შესახებ შემაშფოთებელია. საზოგადოების თითქმის 60% ფიქრობს, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდი არაძალადობრივზე უფრო ეფექტიანია. ასევე განათლების დონე პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რამდენად მისაღებია ადამიანისთვის ფიზიკური ძალადობა, როგორც დასჯის ფორმა.
ბავშვობაში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ადამიანებად ჩამოვყალიბდებით.  ძალადობა წარმოშობს მხოლოდ ძალადობას. ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვი დიდი შანსია, რომ თვითონაც მოძალადედ და აგრესორად ჩამოყალიბდეს. პატიმრებს შორის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე საშინელი კრიმინალები გაიზარდნენ ძალადობრივ ოჯახურ გარემოში.

ცნობილი საშიში კრიმინალების, მკვლელების, ნარკომანებისა და ყაჩაღების ცხოვრების ისტორია უჩვენებს, რომ ბავშობაში ისინი იყვნენ გადამეტებული ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი.
ფიზიკური ძალადობა არ იძლევა შედეგს, ის თესავს შემდგომი აგრესიის თესლს, უარყოფითი შედეგი მოაქვს  შვილსა და მშობელს შორის ურთიერთობაში,  ბავშვს უუნაროს ხდის პირად ცხოვრებასა და კარიერაში წარმატრების მიღწევისთვის,  ხელს უწყობს ძალადობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ფიზიკურ ძალადობზე არანაკლები საზიანო შედეგები მოაქვს ფსიქოლოგიურ, ემოციურ ძალადობას, რაც გულისხმობს დაშინებას, კრიტიკას,  ბავშვის აუცილებელი მოთხოვნილებების უგულებელყოფას, სითბოსა და მზრუნველობის მოკლებას, უსამართლო ბრალდებების წაყენებას, გადამეტებულ კონტროლს, დაცინვას, მუქარას, სხვა ადამიანებთან შედარებას და ა.შ. ფსიქოლოგიური ძალადობა ხელს უშლის მათ სწავლაში, შემოქმედებით უნარში, ადვილად ეგუებიან დამარცხებას. დაშინების დროს ბავშვი მუდმივად იმყოფება სტრესში, ეშინია რაიმე გადაწყვეტილების მიღება ან მოქმედების განხორციელება.
ბავშვებს ასევე ექმნებათ, ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, პირველი კი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, არის ფსიქოლოგიური პრობლემები, შფოთვა, დეპრესიული მდგომარეობები, შიშები, სტრესული აშლილობები, რასაც ასევე მოჰყვება ის, რომ ბავშვი, ვეღარ აღწევს წარმატებას განათლებაში და პირად განვითარებაში. უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, მსგავსმა ძალადობამ  კი შეიძლება ყველაზე რთულ მდგომარეობამდე – სუიციდამდე – მიიყვანოს ბავშვი.
საბოლოო ჯამში, ასეთი მიდგომით ჩვენ ბავშვში ვკლავთ თავისუფალ პიროვნებას, ვაჭრით ფრთებს, ვკეტავთ მუდმივი სტრესის, შიშის გალიაში, ვაპროგრამებთ ბოროტ, შურიან, წარუმატებელ ადამიანებად. მათი ჭირვეულობის მიზეზი კი ძირითადად მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს – სიყვარულის, სითბოს, პატივისცემის, უსაფრთხოების სურვილი მშობლების მხრიდან.
სიყვარულის მასწავლებლებად კი თვითონ ბავშვები უნდა გავიხადოთ, ნამდვილი, გულწრფელი, უანგარო სიყვარული მათზე უკეთ ვის შეუძლია? ,,და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.“ (მათე 18:3)

მასალა მოამზადა: ნანა სარავა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

ინტუიცია – წარმატების თუ წარუმატებლობის საწინდარი?

 

  • შეფასებისა და მსჯელობის დროს ინტუიცია ხშირად არის ორიენტირებული გამოცდილებასა და ესთეტიკურ კრიტერიუმებზე და ისეთი ფაქტორების კომპლექსურ შეთანხმებას ეყრდნობა, რომელთაგანაც ყველა არ ექვემდებარება რაციონალურ ახსნას.
  • კატეგორიული აზროვნება შესაძლებელია ძალზე მნიშვნელოვანი იყოს. შექმენით თქვენი საკუთარი კატეგორიები და გამოარკვიეთ, შეგესატყვისებათ თუ არა მათ მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები.
  • ხანდახან კარგია საკუთარი აზროვნების მექანიზმის ინფორმაციით შევსება და დაცდა, სანამ ყველაფერი თავისთავად მოწესრიგდება.
  • თანამშრომლობა შესაძლებელია ძალზე სასარგებლო იყოს, მაგრამ როდესაც რაიმე იდეასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ, თავადვე უნდა განავითაროთ ის.
  • სხვადასხვა სიტუაცია აზროვნების სხვადასხვა ტიპს მოითხოვს, ზუსტად ისევე, როგორც მანქანის მართვისას იცვლება სიჩქარე სიტუაციის შესაბამისად.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

რა ურთიერთკავშირია მოლოდინსა და რეალობას შორის?

მოახლოვდა საპასუხისმგებლო კონფერენცია, ან ამაღელვებელი ბანკეტი? წინასწარ წარმოიდგენთ სიტუაციას რომელიც გელით, ითვალისწინებთ სხვადასხვა დეტალს და წარმოდგენილ ფანტაზიებში წინასწარ გაათამაშეთ რამდენიმეჯერ თუ როგორ კითხულობთ კონფერენციის თემას, ან ისვრით თქვენსავე ქორწილში საპატარძლო თაიგულს? წინასწარი სამზადისი გვეხმარება შედარებით ორგანიზებულად ჩაიაროს ამა თუ იმ დღემ, თუმცა მაინც გაწუხებთ შფოთვა. ეს იმ მოლოდინის გამო ჩნდება, რომელიც შეუცნობელზე ღელავს – მართლაც, ის, რასაც წარმოვიდგენთ, ჯერ შეუცნობელია და მხოლოდ ჩვენს ფანტაზიაში შეიძლება არსებობდეს, სანამ არ დადგება ის დრო, როდესაც ეს წარმოდგენა რეალობად იქცევა. ჩვენი მოლოდინები განსხვავებულია – წარმოდგენა მომავალზე შესაძლოა იყოს პოზიტიური, როდესაც ახალი ოჯახი იქმნება და ნეგატიური, როდესაც გაბრაზებული ხელმძღვანელის კაბინეტში შევდივართ. თუმცა ყოველთვის მართლდება მოლოდინები? შესაძლოა ადამიანი, რომელიც ქორწინების შემდგომ მხოლოდ სრულყოფილ ბედნიერ ცხოვრებას წარმოიდგენს ნაწილობრივ ცდებოდეს მისი გაზვიადების გამო, განა არსებობს ცხოვრება სირთულეების და სიახლეების გარეშე? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე თანაცხოვრებას, ორი ან მეტი ადამიანის სურვილებს, მოლოდინებსა და ფანტაზიებს ეხება. ყველა ადამიანისთვის ხომ ერთნაირი არ არის წარმოსახვითი ხატები და მოლოდინები იდილიის შესახებ. ასევე შესაძლოა გაბრაზებული უფროსის რისხვა სულაც არ იყოს თქვენით გამოწვეული და თქვენ მიმართ მან მადლიერებაც გამოხატოს გაწეული სამსახურის გამო. ასევე შესაძლოა გავთვალოთ ზუსტად თუ რას რის მერე ვიტყვით საჯარო გამოსვლისას, თუმცა ვერ გავთვალოთ წინასწარ თუ როგორი უხერხული სატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს სპეციალურად ამ კონფერენციისთვის ნაყიდი ახალი ფეხსაცმელი. ცხოვრებისეული მოულოდნელობები შესაძლოა სასიამოვნოც აღმოჩნდეს – მაგალითად, დაგაგვიანდათ მიგესწროთ ტრანსპორტისთვის და ელოდებით შემდგომს, ამის წყალობით კი დიდი ხნის უნახავი მეგობარი უეცრად შეგხვდეთ გაჩერებასთან. ყოველთვის არსებობს ჩვენს წარმოდგენასა და რეალობას შორის მცირედი განსხვავება მაინც, ვინაიდან ფსიქიკა წარსული გამოცდილების მიხედვით ადგენს მომავლის ხატებს. ამიტომ უნდა იყოთ მზად მოულოდნელობისათვის. სამყარო არ შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულება განსაზღვრავს თუ როგორ დავინახავთ მას. თუ საოცრად ნათელ ფერებში წარმოიდგენთ მომავალს, შესაძლოა უმცირესმა, უმნიშვნელო, ცვლილებამაც გაგრძნობინოთ იმედგაცრუბა, ხოლო უარყოფითის მოლოდინი ხელს შეგიშლით შეამჩნიოთ პოზიტიური წვრილმანები. როგორიც არ უნდა იყოს, თქვენი მომავალი მასში მოინახება როგორც კარგი, ასევე ცოტაოდენი უსიამოვნო შემთხვევითობებიც, დაზღვეული ხომ არაფრისაგან ვართ. თქვენ შეგიძლიათ ცოტაოდენი წინასწარი დაგეგმვით შეემზადოთ ამ მომავლისათვის, თუმცა მთავარია არ გაგვექცეს აწმყო, ,,აქ და ამჟამად” პრინციპით მოვახერხოთ ახლანდელ დროში ცხოვრება. გეშტალტმიმდინარეობის მიხედვით, მთავარია, მოვახერხოთ აწმყოს აღქმა და აწმყოში ცხოვრება. ეს კი ნიშნავს თვალი გავუსწოროთ ამჟამინდელ ჩვენს მდგომარეობას, თუ ის უსიამოვნოა ვიპოვოთ მასში სწორედ ადაპტირების გზები, ხოლო თუ სასიამოვნოა დავტკბეთ. წარსული არის განვლილზე მოგონებები, მომავალი ჯერ არ შემდგარი სცენარი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ არ ვიცით თუ ზუსტად როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ჩვენ გვაქვს მხოლოდ დღევანდელი დღე.

 

მასალა მოამზადა:  სალომე ბოსტოღანაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

რამდენიმე რჩევა იმისათვის, რომ ბავშვთან დადებითი ურთიერთობა გქონდეთ

,,დოქტრინა” გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმისათვის, რომ ბავშვთან დადებითი ურთიერთობა გქონდეთ:

* ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ის უყვართ, გამოვხატოთ ბავშვის მიმართ სიყვარული და სითბო. იმ შემთხვევაშიც თუ ბავშვს არ ესმის ჩვენი სიტყვები, ის მშვენივრად იგებს ჩვენს ემოციებს, სიხარულს თუ წუხილს, სიყვარულს თუ უარყოფას;

* ბავშვის წარმატებით განხორციელებული სასურველი აქტივობა წავახალისოთ სიტყვიერად (შევაქოთ) და ფიზიკურად (მოვეფეროთ) შექება შეგვიძლია გამოვხატოთ სიტყვიერად ან ქცევით;

* ნუ დავიზარებთ ბავშვთან საუბარს, მიუხედავდად იმისა, რომ მან შეიძლება სათანადო პასუხი ვერ გაგვცეს;

* მოვუსმინოთ, როდესაც რამეს ამბობს და ვეცადოთ ვუპასუხოთ მის ყველა კითხვას;

* ცუდად მოქცევის შემთხვევაში ნუ ეტყვით რომ ის ცუდი ბავშვია, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ საქციელია მიუღებელი და არა თავად ბავშვი;

* კარგად ავუხსნათ, თუ რატომ არ მოგვწონს ის, რასაც აკეთებენ;

* შევაქოთ ბავშვი, როცა ის კარგად იქცევა, რათა მან მომავალშიც გაიმეოროს ჩვენთვის სასურველი ქცევა, ნუ შეამჩნევთ მხოლოდ უარყოფით ქცევას. მნიშვნელოვანია, რომ შექება იყოს დამსახურებული, რომელიც ეხება ბავშვის საქმეებსა და ყოფქცევას. მაქსიმალურად შეეცადეთ შეასრულოთ მისთვის მიცემული პირობა თუ გაფრთხილება;

* ვეცადოთ მივცეთ კარგი მაგალითი – ბავშვები ზუსტად მიბაძავენ ჩვენს ქცევას.

 

მასალა მოამზადა:  ელენე ჩუგოშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

რატომ ვერ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა და რატომ ვაკეთებთ იმას, რაც არ გვინდა?

განწყობის თეორია, ისევე როგორც სხვა თეორიები, სწავლობს ადამიანის ქცევასა და ფსიქიკას შორის კავშირს. განწყობა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ გუნების განმსაზღვრელი სიტყვა არ არის. განწყობის შექმნისთვის სამი კომპონენტის თანხვედრაა საჭირო, ესენია: მოთხოვნილება, ოპერაციული შესაძლებლობები და სიტუაცია. გარემოში ამ კომპონენტების თანხვედრისას შეიქმნება განწყობა ანუ ორგანიზმს გაუჩნდება მზაობა განახორციელოს შესაბამისი ქცევა.
მაგალითად გვინდა ვარჯიშის დაწყება. მისი შესაბამისი განწყობისათვის გვჭირდება მოთხოვნილება – ვარჯიშის სურვილი, ოპერაციული შესაძლებლობები –  კონკრეტული მოძრაობების შესრულების უნარი, სიტუაცია – სპორტული დარბაზი ან ოთახი, რომელიც აღჭურვილი იქნება შერჩეული ვარჯიშების შესასრულებლად საჭირო ნივთებით.
მავნე ჩვევისთვის თავის დანებება ხშირად უდიდეს გამოცდად იქცევა. სად არის პრობლემა?
მაშინაც კი როდესაც არ არის განწყობის თეორიის სამი კომპონენტის თანხვედრა, ჩნდება ორგანიზმის მზაობა მავნე ჩვევის გასამეორებლად. ჩვევა განმეორებადი ქცევაა, ეს ნიშნავს ხშირი განმეორების შედეგად ჩამოყალიბებულ ისეთ განწყობას, რომელიც აღარ საჭიროებს ზემოთ აღნიშნული სამი კომპონენტის თანხვედრას. ამ დროს განწყობა მხოლოდ ერთი კომპონენტის არსებობის შემთხვევაშიც გამოიწვევს პიროვნების მზაობას ქცევის განსახორციელებლად.
რაშია გამოსავალი? იმის მიუხედავად რომ როგორც განწყობა გულისხმობს ქცევისთვის მზაობას, ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია ნებისყოფის დახმარებით ამ ქცევაზე უარი თქვას. თქვენ უკვე იცით განწყობის შექმნისთვის საჭირო კომპონენტები. შეგიძლიათ მათი გამოყენებით შეიქმნათ სათანადო ქცევის მზაობა, აგრეთვე მზად იყოთ ძველი განწყობების დამარცხებისთვის –  აიცილოთ თავიდან ის მიზეზები, რომლებიც იწვევენ არასასურველი ქცევის განმეორების სურვილს.

მასალა მოამზადა:  სალომე ბოსტაღანიშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

რატომ ვერ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა და რატომ ვაკეთებთ იმას, რაც არ გვინდა?

 განწყობის თეორია, ისევე როგორც სხვა თეორიები, სწავლობს ადამიანის ქცევასა და ფსიქიკას შორის კავშირს. განწყობა, ამ შემთხვევაში მხოლოდ გუნების განმსაზღვრელი სიტყვა არ არის. განწყობის შექმნისთვის სამი კომპონენტის თანხვედრაა საჭირო, ესენია: მოთხოვნილება, ოპერაციული შესაძლებლობები და სიტუაცია. გარემოში ამ კომპონენტების თანხვედრისას შეიქმნება განწყობა ანუ ორგანიზმს გაუჩნდება მზაობა განახორციელოს შესაბამისი ქცევა.
მაგალითად გვინდა ვარჯიშის დაწყება. მისი შესაბამისი განწყობისათვის გვჭირდება მოთხოვნილება – ვარჯიშის სურვილი, ოპერაციული შესაძლებლობები –  კონკრეტული მოძრაობების შესრულების უნარი, სიტუაცია –  სპორტული დარბაზი ან ოთახი, რომელიც აღჭურვილი იქნება შერჩეული ვარჯიშების შესასრულებლად საჭირო ნივთებით.
მავნე ჩვევისთვის თავის დანებება ხშირად უდიდეს გამოცდად იქცევა. სად არის პრობლემა?
მაშინაც კი, როდესაც არ არის განწყობის თეორიის სამი კომპონენტის თანხვედრა, ჩნდება ორგანიზმის მზაობა მავნე ჩვევის გასამეორებლად. ჩვევა განმეორებადი ქცევაა ეს ნიშნავს ხშირი განმეორების შედეგად ჩამოყალიბებულ ისეთ განწყობას, რომელიც აღარ საჭიროებს ზემოთ აღნიშნული სამი კომპონენტის თანხვედრას. ამ დროს განწყობა მხოლოდ ერთი კომპონენტის არსებობის შემთხვევაშიც გამოიწვევს პიროვნების მზაობას ქცევის განსახორციელებლად.
რაშია გამოსავალი? იმის მიუხედავად რომ როგორც განწყობა გულისხმობს ქცევისთვის მზაობას, ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია ნებისყოფის დახმარებით ამ ქცევაზე უარი თქვას. თქვენ უკვე იცით განწყობის შექმნისთვის საჭირო კომპონენტები. შეგიძლიათ მათი გამოყენებით შეიქმნათ სათანადო ქცევის მზაობა, აგრეთვე მზად იყოთ ძველი განწყობების დამარცხებისთვის –  აიცილოთ თავიდან ის მიზეზები, რომლებიც იწვევენ არასასურველი ქცევის განმეორების სურვილს.

 

მასალა მოამზადა:  სალომე ბოსტაღანიშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 13 14 15 16 17 20
Page 15 of 20