close

ეკონომიკა

ანალიტიკაეკონომიკაკვლევებიმსოფლიოსამართალისოციოლოგია

რამდენ მოგებას აკარგვინებს მსოფლიო ეკონომიკას ქალისა და მამაკაცის ანაზღაურებას შორის სხვაობა

მსოფლიო ბანკის მიერ 141 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მამაკაცსა და ქალს შორის სამუშაო ანაზღაურებას შორის განსხვავების გამო, მსოფლიო ეკონომიკა დიდ ზარალს განიცდის. იგივე მკლევარების შეფასებით, გენდერული თანასწორობა შრომის ანაზღაურების სფეროში, დამატებით 160 ტრილიონი დოლარის დოვლათს შექნის  მსოფლიო ეკონომიკისთვის.

,,თანაბარი ანაზღაურება და სამუშაო საათები გაზრდის არა მხოლოდ წლიურ შემოსავალს ინდივიდუალურ დონეზე, არამედ ისეთი პრობლემების აღმოფხვრაშიც დაგვეხმარება, როგორიცაა ბავშვთა სიკვდილიანობა არასაკმარისი საკვების გამო“, – აღნიშნულია კვლევის ანგარიშში.

მკლევართა შეხედულებით, სახელმწიფოები თავიანთი შემოსავლის საშუალოდ 14 %-ს კარგავენ მხოლოდ გენდერული უთანასწორობის გამო. „141  ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველა ქვეყანაში, ქალები უფრო ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე კაცები, ამიტომაც, ჩვენ გამოვითვალეთ თუ რა რაოდენობის თანხა დაემატებოდა მსოფლიო ეკონომიკას ანაზღაურება და სამუშაო საათები ორივე სქესისთვის იდენტური რომ ყოფილიყო“. – აცხადებს მსოფლიო ბანკის ეკონომისტი კუენტინ ვოდონი.

მთავარი დასკვნა აღნიშნული კვლევისა არის ის, რომ თანაბარი შრომის პირობებისა და ანაზღაურების შექმნით, მოგებული დარჩებიან არა მხოლოდ ქალები, არამედ, ზოგადად, საზოგადოება, რადგან მაღალი ცხოვრების სტანდარტი ნიშნავს ნაკლებ სიღარიბეს ოჯახში  რაც ეროვნულ დონეზეც უკეთეს მაჩვენებელს უდრის.

 ჩრდილოეთი ამერიკა და ევროპის ქვეყნები სიის სათავეში არიან გენდერული უთანასწორობით გამოწვეული ფინანსური დანაკარგების კუთხით. ეს თანხა 40 ტრილიონი დოლარიდან 50 ტრილიონ დოლარამდე მერყეობს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეგიონის ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობას მაღალი ან საშუალო შემოსავლის დონე აქვთ, დანაკარგებიც ერთ ერთეულზე უფრო მეტია.

მკლევარების განცხადებით, „აღნიშნული დასკვნა კიდევ უფრო ნათელს ხდის ფაქტს, რომ მსოფლიო ლიდერებმა აქტიურად უნდა დაიწყონ ამ საკითხის განხილვა და ისეთი პოლიტიკის ინიცირება და დაფინანსება, რომელიც ხელს შეუწყობს ქალებს დასაქმებასა თანაბარი ანაზღაურების მიღებაში“.

წყარო: The Guardian

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაპოლიტიკა

ვინ არიან და რას ამბობენ ქენზიანელები?

 

ქენზის მაკროეკონომიკური თეორიის თანახმად, ეკონომიკურ რყევებს ერთობლივი მოთხოვნის მკვეთრი დაცემა იწვევს. მიიჩნევა, რომ ერთობლივი მოთხოვნის ერთ–ერთი კომპონენტი – მოხმარება – შედარებით სტაბილურია და, ამიტომ, ერთობლივი მოთხოვნის დაცემას ინვესტიციების კლება იწვევს. ქენზის თეორიაში ფასები მოუქნელია შემცირების მიმართულებით და თუ ფასების კორექცია მაინც დაუბრუნებს ეკონომიკას წონასწორობის მდგომარეობაში, ამას დიდი დრო დასჭირდება. ამიტომ, რეცესიის დასაძლევად, მთავრობამ უნდა განახორციელოს აქტიური საბიუჯეტო პოლიტიკა გადასახადების შემცირებისა და სახელმწიფოს ხარჯების გაზრდის გზით, იმისთვის, რომ ერთობლივი მოთხოვნა გაზარდოს და ინვესტიციების შემცირება დააბალანსოს. ქენზიანელები, როგორც წესი, სახელმწიფო ხარჯების გაზრდის მომხრეები არიან.

 

წყარო: Harvard business review

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკატექნოლოგიები

როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგია ფულის შესანახად?

ტექნოლოგია დღითი დღე წინ მიიწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უნდა გამოვიყენოთ არა მარტო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ ბიზნესსა და სხვადასხვა საქმეშიც.

დღევანდელ რეალობაში საზოგადოების უმრავლესობა ფულს უაზროდ ფლანგავს, ყიდულობენ სხვადასხვა პროდუქტს, იმის გათვალისწინების გარეშე, სჭირდებათ, თუ არა ისინი, უმჯობესი იქნება, რომ დაფიქრდეთ და საჭიროებისამებრ დახარჯოთ თანხა.

წარმოიდგინეთ, რომ აპლიკაცია, რომელიც თუნდაც თქვენს სმარტფონში ჩაიწერება და აკონტროლებს თქვენს შემოსავალსა და გასავალს, ასევე გირჩევთ, თუ რაში უნდა დააბანდოთ ფული, რომ უფრო მეტი მოიპოვოთ. ეს საკმაოდ კარგი საშუალებაა კაპიტალის გაზრდისათვის.

წყარო:Entrepreneur.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველო

პირველი ქართული კრიპტოვალუტის („ოქროს საწმისი“) შემქმნელი მაინინგის პერსპექტივებზე საუბრობს

ვახტანგ გოგოხია 29 წლის ფინანსისტია, რომელმაც განათლება ტეხასის უნივერსიტეტის ფილიალში მიიღო, თუმცაღა, პარალელურად, IT-სპეციალობასაც ფლობს და დღეს მეგობრებთან ერთად პირველი ქართული კრიპტოვალუტის – „ოქროს საწმისის“ (“Golden Fleece”) შემქმნელადაც გვევლინება, საკუთარი გამოცდილებისა და კრიპტოვალუტის მაინინგის სამომავლო პერსპექტივებზე ვახტანგი თავად გვიამბობს.

ვახტანგ, როდის დაინტერესდი პირველად კრიპტოვალუტის მაინინგით და ვინ არიან შენი გუნდის დანარჩენი წევრები?

-მაინინგი პირველად 2016 წელს, მეგობართან ერთად დავიწყე,  ამ ყველაფერს მაშინ ჰობის სახე ჰქონდა, მაგრამ, მოგვიანებით, გადავწყვიტე ბიზნესად ჩამომეყალიბებინა და გარკვეული კაპიტალი მომეზიდა, რის გამოც წამოვიწყეთ „ICO“ და მეგობრებთან ერთად გამოვუშვით საკუთარი კრიპტოვალუტა. გუნდის დანარჩენი წევრები ჩემი ყოფილი კოლეგები და კურსელები არიან, რომლებთანაც  დიდი ხანის საქმიანი და პირადი მეგობრობა მაკავშირებს, ზოგი მათგანი პროგრამისტია, ზოგი სისტემური ადმინისტრატორი, ზოგი ბიზნესანალიტიკოსი და ზოგიც ფინანსისტი.

-კონკრეტულად, რა მახასიათებლები აქვს ქართულ კრიპტოვალუტას („ოქროს საწმისი“)?

-ჩვენ ვიყენებთ უცხოურ პლატფორმას „ეთერიუმს“, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით, ქსელის სიმძლავრით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეორე ადგილზეა, ბიტკოინის მერე. შესაბამისად, ჩვენს კრიპტოვალუტას ყველა ის თვისება აქვს, რაც წამყვან კრიპტოვალუტებს, მათ შორის – მონაცემთა ბაზა, სადაც ინახება ჩვენი ვალუტის მფლობელების შესახებ ინფორმაცია, რომლის გაყალბება ან მონაცემების დაკარგვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენი ვალუტის გამოყენება შეიძლება როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტის სახით, ისევე, როგორც ფულადი საშუალების, რომლის გადარიცხვაც წამებშია შესაძლებელი ნებისმიერი იურისდიქციიდან.

-რატომ მაინცდამაინც ეს სახელწოდება?

-სახელწოდება მოვიფიქრეთ მე და ჩემმა მეგობარმა, როდესაც ერთ-ერთი სუპერმარკეტის კაფეში ვისხედით და გონებრივი იერიშის (Brain Storming) შედეგად შევჯერდით დასახელებაზე „ოქროს საწმისი“, რადგან ის ოქროს/ფულის მოპოვებასთან იყო დაკავშირებული და კოლხურ მითოლოგიას ეყრდნობოდა. მართალია, ჩვენ დღეს ოქროს არ მოვიპოვებთ, მაგრამ ახალი ტექნოლოგიებით 21-ე საუკუნის ფულის – კრიპტოვალუტის მოპოვებით ვართ დაკავებულები.

-დაინტერესებულ პირებს როგორ შეუძლიათ მაინინგში ჩართვა?

-ჩვენ გვაქვს ჰოსტინგის სერვისი და  დაინტერესებულ პირებს თავიანთი სერვერების ჩვენს დატაცენტში განთავსების შესაძლებლობას ვაძლევთ, ასევე ვეხმარებით შესაბამისი სერვერების შეძენაშიც. ტარიფები რაოდენობის მიხედვით მცირდება 16 ცენტიდან 13 ცენტამდე კილოვატ/საათზე.

-თქვენი აზრით, რამდენად პერსპექტიულია საქართველოში კრიპტოვალუტის მაინინგი?

-ნელ-ნელა მაინინგი დაკარგავს აქტუალობას და ამ ბიზნესის მომგებიანობა გაუტოლდება დანარჩენი სფეროების მაჩვენებლებს, ზოგადად, ელენერგიის შედარებით დაბალი ტარიფი ჯერჯერობით მიმზიდველს ხდის მაინინგს საქართველოში. კანადის მერე მეორე ქვეყანა ვართ, სადაც დენი შედარებით იაფია, ხოლო ბიზნესგარემო ხელსაყრელი და კორუფცია შეიძლება ითქვას, რომ არ არის. მაგრამ, რადგან ეს სექტორი ვითარდება და მეტ მოთამაშეს იზიდავს, შესაბამისად, კონკურენცია ფასებს დააგდებს. ამიტომ, ახალბედებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილებების გამო შეიძლება ბევრი იზარალონ.

-დაბოლოს, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბეთ.

-ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში 20 მეგავატამდე გავზარდოთ ჩვენი სიმძლავრე ანუ დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვიზიდოთ. ასევე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ პროგრამული უზრუნველყოფის პროექტებზე ბლოკჩეინტექნოლოგიის გამოყენებით. კერძოდ, ვქმნით ICOპლატფორმას, მაინინგ პულს, სავაჭრო პლატფორმას (exchange), ავტოამტური ვაჭრობის ალგორითმსა და საინვესტიციო პორტფელს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველო

,,ყოველთვის გულით გამომცხვარი“ – ინტერვიუ ,,იფქლის“ დირექტორთან

სამეცნიერო პორტალი „დოქტრინა“ გთავაზობთ ახალ რუბრიკას, რომელიც ქართველი ბიზნესმენებსა და მათ წარმატებულ ბიზნესს გაგაცნობთ. საქართველოში პურფუნთუშეულის ინდუსტრია საკმაოდ მზარდია და კონკურენციაც დიდია. ამ მიმართულებით კი, ,,იფქლი“ ერთ-ერთი გამორჩეულია. გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის დირექტორთან – არისი ბოჭოიძესთან:

-საიდან წამოვიდა თქვენი ბიზნესიდეა და რატომ მაინცდამაინც პურფუნთუშეული?

-კომპანია 1993 წლის იანვარში შაქრო ბაკურაძემ თავის კოლეგასთან ერთად დაარსა. მოგეხსენებათ მაშინ საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო ქვეყანაში. მიუხედავად ყველაფრისა, პურზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, მიწოდება კი სუსტი. სწორედ ამიტომ შაქრო ბაკურაძემ კოლეგასთან ერთად დააფუძნა კომპანია, რომელიც მოსახლეობას პურფუნთუშეულით მოამარაგებდა. პირველი პროდუქტი რაც გამოცხვა „იფქლში“ მრგვალი ფუნთუშა იყო, რომელიც დღესდღეობით ჩვენი კომპანიის საფირმო პროდუქტია. შემდგომ ეტაპებზე სხვადასხვა სახის ფუნთუშების წარმოების პარალელურად და კომპანიამ პურის ცხობაც დაიწყო, რადგან როგორც აღვნიშნეთ მოთხოვნა მაღალი იყო.

„იფქლი“ პირველი იყო ქართულ ბაზარზე, რომელმაც ბატონის ფორმის პური გამოაცხო და შესთავაზა მომხმარებლებს. დღეს მოგეხსენებათ, ბატონის პურს ყველა აცხობს, თუმცა მაშინ, ჩვენ დაგვჭირდა იტალიიდან ჩამოგვეტანა სპეციალური დანადგარები და საქართველოშიც დაგვენერგა სისტემა, რომელიც ბატონის პურის წარმოებას შესაძლებელს გახდიდა.

მას შემდეგ, ყოველთვის ვცდილობთ ბაზარზე გამორჩეული ადგილი გვეჭიროს და, ტექნიკური თუ პროფესიული თვალსაზრისით, პურის სფეროში განვსაზღვროთ ტენდენციები. ამ ეტაპზე, მაგალითად, „იფქლი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მასიურ წარმოებაში პურს ხაშზე აცხობს.

-რას გვეტყვით ხაშზე დამზადებულ პურზე, რითია იგი გამორჩეული?

-ხაში დამჟავებულ ცომს ჰქვია, რომელიც პურის გასაფუებლად გამოიყენება. ეს პურის ცხობის ძალიან ძველი მეთოდია და პურის ამ მეთოდით ცხობას მრავალი უპირატესობა აქვს. უპირველასად ის, რომ პურის ხაშზე დამზადება 6 -აათიანი ციკლია. თუ მშრალი საფუარის გამოყენების შემთხვევაში პური დაჩქარებული მეთოდით, 2 საათში ცხვება, ხაშზე ცხობის პირობებში, ცომი დიდხანს ყოვნდება, რაც პურს უფრო სასრგებლოს, ჯანსაღს და გემრიელს ხდის.

იმისთვის, რომ პურის ხაშზე ცხობა შეგვძლებოდა, 2015 წელს ევროპიდან ჩამოვიტანეთ დანადგარები და ევროპელი კოლეგების დახმარებით რამდენიმე თვეში გავმართეთ ხაშის ცხობის ხაზები. მოხარულები ვართ რომ მასიურ ინდუსტრიაში დღეს მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია პურის ხაშზე ცხობა.

-რას გვეტყვით თქვენ მიერ 2015 წელს წარმოებულ კამპანიაზე – ,,ამოიცანი შავი პური“ –  რა მახასიათებლებითაა გამორჩეული თქვენი კომპანიის მიერ წარმოებული შავი პური?

-კამპანია 2015 წელს დავიწყეთ, რადგან ბაზარზე ძალიან აქტუალური იყო ჯანსაღი შავი პურის ფერის დადგენა. საზოგადოებაში ბევრი არასწორი შეხედულებაა იმის შესახებ რომ საქართველოში ყველა შავი პური იღებება, რაც არასწორია. ხშირად მომხმარებელი ამბობს რომ შავი ფქვილი არ აქვთ ქართველი პურის მწარმოებლებს. რეალურად, შავი ფქვილი არ არსებობს ბუნებაში, რადგან არ არსებობს შავი ხორბალი. ყველა ფქვილი თეთრი ფერისაა, შავ პურეულს კი შეფერილობას ალაო აძლევს (მოხალული და დაფქვილი ქერის ან ჭვავის მარცვლები), რაც ერთადერთი ბუნებრივი ინგრედიენტია პურისთვის გემონური თვისებების მისანიჭებლად და ფერის შესაცვლელად.

რა თქმა უნდა, არსებობს საჭმელად ვარგისი საღებავებიც, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს მწარმოებელმა პურის ცხობისას. ბუნებრივია, ნატურალური ალაოთი მომზადებული პური ბევრად უფრო ჯანსაღი და სასარგებლოა. კამპანიის ამოცანა იყო, მომხმარებელს სცოდნოდა, რომ შავი ფერის მიღება საღებავების გარეშეც შესაძლებელია და მაქსიმალურად ვეცადეთ ამის შესახებ მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია.

-ბევრმა არ იცის, რომ დღესდღეობით  ბაზარზე რამდენიმე „იფქლი“ აწარმოებს პროდუქციას. რა გახდა თქვენი კომპანიის გაყოფის მიზეზი?

 -საუბრის დაწყებისას აღვნიშნე, რომ კომპანიის დამფუძნებელმა საქმიანობა კომპანიონთან ერთად დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ პარტნიორები გაიყვნენ და ცალ-ცალკე გადაწყვიტეს წარმოების გაფართოება. ამის მიზეზი არ ყოფილა არანაირი დაპირისპირება ან კონფლიქტი, უბრალოდ ბიზნესის განვითარებისთვის პარტნიორებმა ასე ამჯობინეს საქმიანობის გაგრძელება. დღეს ჩვენი კომპანიის პარალელურად ბაზარზე კომპანია „იფქლი დიღომი“, „იფქლი 1“ და „იფქლი პირველი“-ც აწარმოებენ პურფუნთუშეულს. მათ სახელწოდება „იფქლის“ გამოყენების უფლება დაიტოვეს, თუმცა ჩვენთან არც წარმოების და არც მენეჯმენტის თვალსაზრისით, საერთო არაფერი აქვთ.

-როგორ უნდა შეძლოს მომხმარებელმა ერთი და იგივე სახელწოდებით წარმოებული პროდუქტების ერთმანეთისგან გარჩევა?

-განსხვავდება როგორც პროდუქტების წარმოება, ისე მათი ვიზუალი. ჩვენ კომპანიას მწვანე ლოგო აქვს სლოგანით: გულით გამომცხვარი, რომელიც ყველა პროდუქტზე გვაქვს დატანილი. ამას გარდა, ჩვენი თეთრი პურეულის შეფუთვებს აქვს ხაშზე ცხობის ნიშანიც თანდართული, რაც განგვასხვავებს კონკურენტი პროდუქციისაგან.

-2013, 2014, 2015 წლებში თქვენი კომპანია გახდა ,,გოლდენ ბრენდის“ მფლობელი, თქვენი აზრით, რა გახდა ,,იფქლის“ წარმატების მიზეზი?

-„იფქლი“ დაარსების დღიდან ორიენტირებულია განვითარებაზე. 1993 წლიდან დღემდე, მუდმივად ვცდილობთ დავნერგოთ სიახლე ბაზარზე, შევთავაზოთ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და გავითვალისწინოთ მათი სურვილები. ჩვენი აქტიურობა და ზრდისკენ სწრაფვა რამდენჯერმე გახდა მიზეზი მიგვეღო „გოლდენ ბრენდის“ ტიტული, რაც გვაძლევს მოტივაციას მომავალშიც აქტიურად განვავითაროთ ჩვენი საქმიანობა.

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველო

საქართველოში ავოკადოს პირველი საცდელი მეურნეობა გაშენდა

ქართულმა კომპანია „ჯეონათსმა“, გურიაში, ექვს ჰექტარზე, ავოკადოს პირველი კომერციული მეურნეობა გააშენა. პირველი მოსავლის აღება უკვე მომავალ წელს იგეგმება, თუმცა ავოკადოს პირველი მეურნეობა სრულ წარმოებაში მხოლოდ 4-5 წელიწადში ჩაეშვება. ექსპერტების პროგნოზით, ავოკადოს მოყვანას მზარდი პოტენციალი აქვს საქართველოში, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა განაგრძობს სხვადასხვა სახეობის კვლევასა და ექსპერიმენტირებას, რათა მათი ადგილობრივ პირობებთან ადაპტირება მოხდეს.

„ცნობილია, რომ კომპანია ჯეონათსმა ავოკადოს ნათესარები იტალიური Vivai Zanzi-სგან შეისყიდა. ნათესარებისა და ავოკადოს სახეობები საქართველოს კლიმატის გათვალისწინებით შეირჩა. ამ ეტაპზე კომპანია პროექტის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს და ვერც საქართველოში ავოკადოს გაშენების სამომავლო პერსპექტივას აფასებს,“-აღნიშნულია east-fruit.com-ის სტატიაში.

„მსოფლიო ბაზარზე, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტში, ავოკადოს ყველაზე სწრაფად მზარდი პოზიცია უკავია. საექსპორტო ბაზრებზე იგი ბოლო დროის ყველაზე გაყიდვად პროდუქტებსაც კი უსწრებს, როგორიცაა მოცვი, ალუბალი, მანგო ან დურიო. მსოფლიო ბაზარზე ავოკადოს ექსპორტი, ყოველწლიურად, საშუალოდ 780 მილიონი აშშ დოლარით იზრდება, შესაბამისად, ავოკადოს კულტივაციის პიონერები საკმაოდ მზარდ ტენდენციას უერთდებიან, თუმცა, არსებობს რისკი – მანამდე საქართველოში ავოკადოს კომერციული მიზნით მოყვანა არ მომხდარა,“ – ამბობს ანდრეი იარმაკი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიიზაციის (FAO) საინვესტიციო ცენტრის ეკონომისტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ხილის კულტურების კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ბობოყაშვილმა east-fruit-თან საქართველოში ავოკადოს გაშენების პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი თქმით, ავოკადოს კულტივაცია საქართველოში, კერძოდ, აჭარასა და აფხაზეთში 1940-1950 ხდებოდა, თუმცა, წარუმატებლად, რადგან სახეობები ყინვაგამძლე არ გამოდგა, ხოლო მე-20 საუკუნის შუა პერიოდში საქართველოში ზამთარი საკმაოდ მკაცრი იყო.

„დღეს საქართველოში კლიმატი მეტად ლმობიერია, შესაბამისად, შეიძლება ავოკადოს მოყვანის განხილვა, თუმცა საჭიროა შესაბამისი სახეობების შერჩევის კვლევა და მცირე ზომის, სატესტო მონაკვეთებზე კულტივაცია. ავოკადოს ზოგიერთ სახეობას შეუძლია -5-6 გრადუსიან ყინვას გაუძლოს, ასევე არსებობს სახეობები, რომლებიც -10-11 გრადუსსაც უძლებენ, როგორიცაა მექსიკური ავოკადო. ამგვარად, აღნიშნული სახეობების საქართველოში მოყვანა შესაძლებელია. ავოკადო ციტრუსის მსგავსია და აქედან გამომდინარე, მისი გამრავლება საქართველოს იმ რეგიონებშია რეკომენდირებული, სადაც ციტრუსი ხარობს, საუბარია შავი ზღვის სანაპიროზე, თუმცა, წინასწარი კვლევა მაინც აუცილებელია. გლობალურმა დათბობამ ისეთი კულტურების გამრავლების საშუალება მოგვცა, რასაც მანამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წარმოუდგენლად მივიჩნევდით, თუმცა, ზოგადად გლობალური დათბობის შედეგები დადებითი ნამდვილად არ არის, რადგან ტემპერატურის ზრდასთან ერთად იმატებს ექსტრემალური კლიმატური მოვლენები. მაგალითისთვის, იმატა გვალვის ხანგრძლივობამ, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ყველა მცენარეზე, მათ შორის, სუბტროპიკულ სახეობებზე“, -აღნიშნა ბობოყაშვილმა.

ბობოყაშვილი მიიჩნევს, რომ ავოკადოს კულტივაციას საქართველოში მზარდი პერსპექტივა აქვს, თუკი ქვეყანა განაგრძობს კვლევას და სხვადასხვა სახეობების ექსპერიმენტირებას, რათა ადგილობრივ გარემო-პირობებთან ადაპტაცია მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ ავოკადოს მოხმარება მსოფლიოს სხვა ქვეყნების გარდა, მზარდია საქართველოს მეზობელ რუსეთსა და უკრაინაშიც. ამ ორ ქვეყანას, ძირითადად, თურქეთი ამარაგებს და საკმაოდ დიდ შემოსავალსაც იღებს ექსპორტიდან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეკონომიკასაქართველო

საქართველო მწვანე წყალბადის პირველი წარმოების შექმნაზე მუშაობს – ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლა იწყება. ამ მიზნით, დღეს ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის განვითარები ბანკს (KfW) შორის განზრახულობათა დეკლარაციას. შედეგად, საქართველოში განხორციელდება პირველი საპილოტე პროექტი, რომელიც უზრუნველჰყოფს ქვეყანაში სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების განვითარებას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობა და კონკრეტულად, გერმანიის განვითარების ბანკი (KFW) არიან ჩვენი მრავალი წლის პარტნიორები სხვადასხვა მიმართულებით – ინფრასტრუქტურის განვითარების, რეფორმების და ა.შ., ამასთანავე განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვით ენერგეტიკული რეფორმის პროცესში ჩვენი მხარდაჭერის კუთხით. დღეს, გერმანიის მთვარობასთან ჩვენი თანამშრომლობის მორიგი ეტაპი იწყება, კერძოდ, საქმე ეხება ინოვაციურ ტექნოლოგიებს მწვანე ენერგეტიკაში. ეს არის მწვანე წყალბადი – უახლესი ტექნოლოგია, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყანა ახლა სწავლობს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სამინისტროც ცნობით, დღეს გაფორმებული დეკლარაციის ძირითადი მიზნებია: საქართველოში მწვანე წყალბადის პონტეციალისა და სარგებლის შეფასება; პირველი საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც უზრუნველჰყოფს ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანას და შესაბამისად ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების გასავითარებლად; იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება და მიწოდების უსაფრთხოების გაზრდა; განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების ტემპის ზრდა, ნახშირბადის ემისიების შერბილება და ქვეყნისთვის ექსპორტის შესაძლებლობების შექმნა.

ნათია თურნავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკვე გაჩნდა მწვანე წყალბადის შესწავლის რუკაზე, კონკრეტულად, ენერგეტიკის განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს საპილოტე პროექტის განვითარებაზე, რომელიც საქართველოში მწვანე წყალბადის პირველ წარმოებას შექმნის. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც არის განახლებადი ენერგიის წყაროები, მათ შორის საქართველოსთვის – გადაიყვანოს ელექტროენერგია მწვანე წყალბადში.

„შედეგად, შესაძლებელი იქნება ენერგიის ტრანსპორტირება განახლებადი ენერგრიის პროექტებით გაჯერებული რეგიონებიდან ენერგეტიკული დეფიციტის მქონე რეგიონებში. ეს არის მომავლის ტექნოლოგია და ძალიან გვეამაყება, რომ საქართველო იქნება რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გერმანელი პარტნიორების მხარდაჭერით ამ ტექნოლოგიას რეალობად აქცევს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკა

უნგრეთი ფინანსურად წაახალისებს ახალშექმნილ ოჯახებს

მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, ერთი მხრივ, “დემოგრაფიულ აფეთქებას”, მეორე მხრივ კი “დემოგრაფიულ კრიზისს” ებრძვის. შესაბამისად, ქვეყნები განსხვავებულ დემოგრაფიულ პოლიტიკას ატარებენ მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის ან შემცირების მიზნით.

უნგრეთში მთავრობამ გადაწყვიტა, 4 ან მეტი შვილის შემთხვევაში ოჯახი გაათავისუფლოს საშემოსავლო გადასახადისგან. ასევე ახალშექმნილ ოჯახებს შესთავაზებენ უპრეცენდენტო სესხებს, 31 000 ევროს ღირებულების, რომელიც ჩამოეწერებათ მესამე შვილის დაბადების შემდეგ. ევროპის მასშტაბით შობადობის მაჩვენებელი უნგრეთში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. უნგრეთი ასევე ემიგრაციის ქვეყანაა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამდენიმე ასეული ათასი უნგრელი გადავიდა დასავლეთ ევროპაში. ქვეყანა კი ამ ხერხით ცდილობს შობადობის გაზრდას.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკა

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამ მეცნიერს გადაეცა

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ეკონომისტებმა დევიდ კარდმა, ჯოშუა ანგრისტმა და გვიდო იმბენსმა მიიღეს. მათ ეკონომიკური პოლიტიკისა და სხვა მოვლენების მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად „ბუნებრივი ექსპერიმენტები“ გამოიყენეს.

ბუნებრივი ექსპერიმენტი მოვლენების აღსაწერად რეალურ სიტუაციებს იყენებს. მიდგომამ, რომელიც მეცნიერების სხვადასხვა სფეროში გავრცელდა, რევოლუცია მოახდინა ემპირიულ კვლევებში.

სწორედ კარდის 1990–იან წლებში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აიძულა მკვლევრები, გადაეხედათ თავიანთი მოსაზრებისთვის, რომ მინიმალური ხელფასის ზრდა დასაქმების დონის შემცირებას ყოველთვის არ იწვევს.

„ბუნებრივი ექსპერიმენტები ყველგანაა“, – აღნიშნა ევა მიორკმა, ალფრედ ნობელის სახელობის მემორიალური პრემიის ეკონომიკური მეცნიერებების საპრიზო კომიტეტის წევრმა პრესკონფერენციაზე იმ გავლენის შესახებ, რაც ამ მეთოდმა ყველა სოციალურ მეცნიერებაზე მოახდინა.

ნობელის ეკონომიკის პრიზები ჩვეულებრივ აშშ–ის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრებს გადაეცემა. არც ეს შემთხვევა აღმოჩნდა გამონაკლისი. კარდი ამჟამად კალიფორნიის უნივერსიტეტში მოღვაწეობს; ანგრისტი – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო ჰოლანდიაში დაბადებული იმბენსი – სტენფორდის უნივერსიტეტში.

პრიზი, ფორმალურად ცნობილი როგორც შვედეთის ცენტრალური ბანკის პრემია (Sveriges Riksbank Prize) ეკონომიკურ მეცნიერებებში, ნობელის პრემიის წლევანდელი ბოლო ნომინაციაა. პრიზის სახით გამარჯვებულებს 10 მილიონი შვედური კრონა გადაეცემათ.

კარდმა პრიზის ნახევარი მიიღო „შრომის ეკონომიკაში მისი ემპირიული წვლილისთვის“. ანგრისტმა და იმბენსმა კი მეორე ნახევარი „მიზეზობრივი ურთიერთობების ანალიზში მეთოდოლოგიური წვლილისთვის“.

პრესტიჟული პრიზები მეცნიერებაში, ლიტერატურასა და მშვიდობაში შეტანილი წვლილისთვის შეიქმნა და დაფინანსდა შვედი გამომგონებლისა და ბიზნესმენის, ალფრედ ნობელის მიერ.

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში შვედეთის ცენტრალური ბანკის შემოწირულობებით 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა. პირველი პრემია ამ დარგში 1969 წელს გასცეს. ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკის დარგში ისეთი გავლენიანი ეკონომისტები იყვნენ, როგორიცაა ავსტრიელ-ბრიტანელი ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი და ამერიკელი მილტონ ფრიდმანი.

წყარო:FORBES.GE

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნეს პერსონაეკონომიკამსოფლიო

Tesla-ს ელექტრომობილების ყიდვა ბიტკოინებით იქნება შესაძლებელი

Tesla-ს ელექტრომობილების ყიდვა ბიტკოინითაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა.

ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა მხოლოდ აშშ-ში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ, თუმცა როგორც მასკი აცხადებს, წლის ბოლომდე ბიტკოინით ელექტრომობილების ყიდვას სხვა ქვეყნებში მყოფი კლიენტებიც შეძლებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 2 3 12
Page 1 of 12