close
ეს საინტერესოა

ცოდნის, სიახლეების, შრომის და ღირსების გზა

არსებობენ ადამიანები, რომელთა სახელისგაგონებაზეც თითოეულ უნივერსიტეტელსსიამაყისა და უსაზღვრო პატივისცემისგრძნობა ეუფლება, ადამიანები, რომლებმაცსაკუთარი ნიჭი, ენერგია და შემოქმედებითიცხოვრება მთლიანად მშობლიურ ტაძარს ივანეჯავახიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირეს. სწორედ ასეთი გამორჩეული, სამაგალითომეცნიერი და პიროვნება გახლავთეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისეკონომიკური პოლიტიკის კათედრისხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ გველესიანი,რომელმაც სულ ახლახან, 25 ივნისს, საიუბილეოთარიღი აღნიშნა.

ბატონი რევაზის მრავალმხრივი სამეცნიერო მოღვაწეობა, უბადლო ორგანიზატორული ნიჭი და ქართული საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილი თანამედროვე ქართული ეკონომიკური აზრის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. ამერიკელები ასეთ ადამიანებს „Self-Made Man“-ს უწოდებენ – პიროვნებას, რომელმაც საზოგადოებაში საკუთარი ადგილი მხოლოდ და მხოლოდ პირადი ძალისხმევით, თავდაუზოგავი შრომითა და მიზანსწრაფულობით დაიმკვიდრა.

რევაზ გველესიანის აღიარება დიდი ხანია გასცდა მშობლიური უნივერსიტეტის კედლებს და ქვეყნის საზღვრებს. მრავალწლიანი და უაღრესად ნაყოფიერი მოღვაწეობით პროფესორმა რევაზ გველესიანმა სრულიად ახალი სიცოცხლე შესძინა ეკონომიკურ მეცნიერებას დამოუკიდებელ საქართველოში, განამტკიცა მისი ავტორიტეტი და ასეულობით სამეცნიერო ნაშრომში, მონოგრაფიასა და სახელმძღვანელოში ჩამოაყალიბა ეკონომიკური პოლიტიკის, საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიზაციისა და სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის ღრმა, სისტემური ხედვა. ეს ნაშრომები არ გახლავთ მხოლოდ მშრალი თეორიული კვლევები – ისინი ცოცხალი, პრაქტიკული გზამკვლევებია ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და ინსტიტუციური სრულყოფისათვის. მეცნიერებაში წარმატებას, განსაკუთრებულ ნიჭთან ერთად,  სიახლის გამორჩეული დანახვის უნარიც განსაზღვრავს – თვისება, რომელიც ბატონ რევაზს უხვად აქვს მომადლებული. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, მკაცრი იდეოლოგიური შეზღუდვების პირობებშიც კი, იგი ობიექტურად და გაბედულად აფასებდა საბაზრო ეკონომიკის პერსპექტივებს, დღესაც კი მისი ანალიზი და პროგნოზები ხშირად უსწრებს დროს და ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით წინ დგას მოვლენებზე.

მისი საერთაშორისო სამეცნიერო ავტორიტეტი მართლაც უპრეცედენტოა –  რევაზ გველესიანის შრომები თარგმნილია უცხო ენებზე და ხელმისაწვდომია მსოფლიო აკადემიური საზოგადოებისათვის. იგი დასავლეთ ევროპული სამეცნიერო კონკურსების 20-გზის გამარჯვებულია და წლების განმავლობაში კვლევით საქმიანობას წარმართავდა ბერლინის, ტიუბინგენის, მიუნხენის, ბონის, ფრაიბურგის, ბრანდენბურგის, ზაარლანდისა და პოტსდამის უნივერსიტეტებში, ბერლინის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გერმანულ ინსტიტუტსა (SWP) და ეკონომიკური კვლევების გერმანულ ინსტიტუტში (DIW). ამავდროულად, იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა ისეთ მსოფლიო დონის მეცნიერებთან, როგორებიც არიან პროფესორები ჰერმან ალბეკი, ჰარალდ კუნცი, ჰაიკო შტეფენსი, უვე ჰალბახი, ანგელა მიკლეი, გიუნტერ ფალტინი, ნორბერტ კუნცი, ვოლფგანგ ვენგი, ნეანტრო საავედრა-რივანო, მარიუს გავრილეტეა და სხვები.

პროფესიული მოვალეობა მას მუდმივად აკავშირებს მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ფორუმებთან, სადაც იგი არაერთხელ გვევლინებოდა როგორც ორგანიზატორი და მთავარი მომხსენებელი; მან წარმატებულად უხელმძღვანელა ეკონომიკის სექციას მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის (WASET) მიერ მადრიდის უნივერსიტეტში 2014 წელს გამართულ კონფერენციაზე, ასევე ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემიის (IABE) მიერ სასსარის უნივერსიტეტში 2017 წელს ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმზე, ხოლო 2018 წელს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე სამეცნიერო კომიტეტის წევრის სტატუსით წარსდგა.

მისი აღიარების დასტურია ისიც, რომ 2016 წლიდან იგი არჩეულია ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემიის (IABE, აშშ) ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 2024 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტად. გერმანიის უნივერსიტეტების გარდა, იგი აქტიურად მონაწილეობდა რომის, ფლორენციის, მილანის, პარმას, ტრენტოს, პალერმოსა და ვენის დიპლომატიური აკადემიის სამეცნიერო ცხოვრებაში, ხოლო 2015 წელს რომის ტრეს უნივერსიტეტში თსუ-ის მეცნიერთა, მათ შორის რევაზ გველესიანის, კვლევებმა ექსპერტების ისეთი უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიოს საუკეთესო კვლევით ცენტრებს შორის საპატიო მეორე ადგილი მიენიჭა.

რევზ გველესიანის მოღვაწეობის უმთავრესი ხიბლი და სიდიადე მხოლოდ პირადი სამეცნიერო ტრიუმფით როდი განისაზღვრება. იგი გამორჩეული, ცოცხალი მეთოდოლოგიური სკოლის შემქმნელია, მის მიერ დაარსებული ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა კი ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ  აკადემიურ ცენტრად იქცა. სწორედ მისი უშუალო ძალისხმევით დაფუძნდა ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინსტიტუტი, რომელმაც მყარი საერთაშორისო ხიდები გაავლო ორ ქვეყანას შორის.

განსაკუთრებული მადლიერებით უნდა ითქვას პროფესორ  რევაზ გველესიანის უდიდეს ამაგზე ახალგაზრდა თაობების წინაშე. მისი ხელმძღვანელობით  დაცულია მრავალი სადოქტორო დისერტაცია და  მის მიერ აღზრდილი მოწაფეები დღეს თავადვე ღირსეულად ემსახურებიან ქვეყნის მეცნიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას, რაც მასწავლებლისათვის ყველაზე დიდი ბედნიერება და ჯილდოა.

პროფესორ რევაზ გველესიანის ღვაწლი მრავალგზის დაფასდა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებით. იგი გახლავთ ღირსების ორდენის კავალერი, ივანე ჯავახიშვილის, პაატა გუგუშვილისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედლების მფლობელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლის ლაურეატი.

მაგრამ ყველა ამ ტიტულზე, ოფიციალურ წოდებაზე თუ ოქროს მედალზე ბევრად მაღლა დგას ის ადამიანური თვისებები, რომლებიც ბატონ რევაზს ასეთ საპატივცემულო პიროვნებად აქცევს; მიუხედავად იმ დიდი სიმაღლეებისა, რომლებსაც მან მიაღწია, იგი საოცრად თავმდაბალ, გულისხმიერ  და ყურადღებიან კოლეგად და მეგობრად რჩება, მისთვის სრულიად უცხოა თვითკმაყოფილება და დღემდე ახალგაზრდული ენერგიით, შემოქმედებითი ჟინით, სიახლისადმი დაუცხრომელი ინტერესითა და ოპტიმიზმით აღავსებს გარშემომყოფთ. რამდენადაც პრინციპული, მკაცრი და შეუვალია იგი აკადემიურ მეცნიერებაში, იმდენად კეთილშობილი, საიმედო და ტოლერანტულია ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ურთიერთობებში.

რევაზ გველესიანის კოლეგებსა და  საუნივერსიტეტო საზოგადოებას ეამაყება მისი თითოეული წარმატება და აფასებს მის მიერ ქართულ მეცნიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დატოვებულ გამორჩეულ კვალს.

ვულოცავთ ძვირფას იუბილარს ამ შესანიშნავ დღეს, ვუსურვებთ  ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ამოუწურავ შემოქმედებით შთაგონებას, ახალ სამეცნიერო მიღწევებსა და კიდევ მრავალ ბრწყინვალე გამარჯვებას. დიდხანს ეღვაწოს საყვარელ უნივერსიტეტში  მის მიერ აღზრდილ მოწაფეებთან ერთად!

გაზიარება:
fb-share-icon0