close

კვლევები

ბიოლოგიაკვლევები

პირველად ისტორიაში — ორ მამრობითი სქესის თაგვს ნაყოფიერი შვილები ეყოლა

მეცნიერებმა თაგვები შექმნეს, რომლებსაც ორი მამა ჰყავთ. ისტორიაში პირველად, ასეთი თაგვები თავადაც ნაყოფიერნი არიან. ახალი ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა. კვლევას იენჩანგ ვეი (შანხაის ძიაო თუნგის უნივერსიტეტი) უძღვებოდა.

გუნდმა თავიდან ორი სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში შეიყვანა. შემდეგ ეპიგენომური ინჟინერიის გამოყენებით სპერმატოზოიდის დნმ ისე დააპროგრამეს, რომ ემბრიონებს განვითარება შესძლებოდათ. მდედრობითი სქესის თაგვში 250-ზე მეტი ემბრიონი გადაიტანეს. ზრდასრულობას მხოლოდ ორმა მათგანმა მიაღწია. ორივე თაგვი მამრობითი სქესის იყო. ეს შეიძლება წარმატების ძალიან დაბალი ნიშნულია, მაგრამ ორივე თაგვი ნაყოფიერი იყო — შვილები მათაც ეყოლათ.

მეცნიერებს მსგავსი რამ აქამდეც ჰქონდათ მიღწეული, ოღონდ მხოლოდ მდედრი თაგვების შემთხვევაში. ორი მამისგან შექმნილი ემბრიონები საბოლოოდ ზრდას წყვეტდნენ — მათ ხელს გენომური იმპრინტინგი უშლიდა. ეს მაშინ ხდება, როდესაც დედის ან მამის კონკრეტული გენები განვითარების პროცესში ითიშება. ეს ძუძუმწოვრებში ერთსქესიანი გამრავლების მთავარი ბარიერია.

მეორე მხრივ, ამ წლის დასაწყისში მეცნიერებმა რამდენიმე ასეთი დაბრკოლება დაძლიეს. მათ CRISPR/Cas9-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიით იმპრინტინგზე პასუხისმგებელი გენები დაარედაქტირეს. ამ შემთხვევაში ორი მამის შვილმა თაგვებმა ზრდასრულობას მიაღწიეს.

ეს ამ სფეროში მნიშვნელოვანი გარღვევა იყო, მაგრამ სრულყოფილებამდე ბევრი აკლდა. თაგვების ნახევარზე მეტი ვერ გაიზარდა, ხოლო გაზრდილი თაგვების უმეტესობამ ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა. რაც მთავარია — ყველა მათგანი სტერილური იყო.

ახალი ნაშრომის ავტორებმა სრულიად განსხვავებული გზა აირჩიეს. მათ ეპიგენეტიკაზე დაფუძნებული მიდგომა გამოიყენეს — ჯერ კვერცხუჯრედს ბირთვის მასალა მოაშორეს, შემდეგ მასში სპერმის ორი უჯრედი შეიყვანეს, ბოლოს კი სპერმის დნმ-ში იმპრინტინგზე პასუხისმგებელი 7 რეგიონი დაარედაქტირეს.

ეპიგენეტიკის სფერო იმ ცვლილებებს სწავლობს, რომლებიც გენის გამოვლინებაზე დნმ-ის თანმიმდევრობის შეცვლის გარეშე ზემოქმედებს. ამ მოდიფიკაციებს იმაზე აქვს გავლენა, თუ როგორ “კითხულობს” ჩვენი ორგანიზმი დნმ-ის თანმიმდევრობას — ზოგ გენს თიშავს, ზოგს კი რთავს.

მკვლევრებმა CRISPR-ის ცილების გაუმჯობესება სცადეს. ნაცვლად იმისა, რომ გენები დაერედაქტირებინათ, მათ მეთილის ჯგუფები (ეპიგენეტიკური მარკერები) დაამატეს ან წაშალეს. დნმ-ის მოლეკულაში სწორ ადგილას დამატების შემთხვევაში მეთილის ჯგუფები უზრუნველყოფს, რომ ცილებმა დნმ ვერ “წაიკითხოს”. ეპიგენეტიკური რედაქტირების დასრულების შემდეგ ემბრიონები მდედრობითი სქესის თაგვში გადანერგეს.

“ეს მართლაც იმედისმომცემი კვლევაა. ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე ადამიანებში იმავეს გამეორება წარმოუდგენელია. საამისოდ უზომოდ ბევრი კვერცხუჯრედი და სუროგატი ქალი დაგვჭირდებოდა. წარმატების ნიშნულიც ძალიან დაბალი იქნებოდა”, — აღნიშნა მკვლევარმა კრისტოფ გალიშემ New Scientist-თან ინტერვიუში.

ვინ იცის, შორეულ მომავალში იქნებ ზემოაღნიშნული წინააღმდეგობები დაძლიონ და იგივე ადამიანების შემთხვევაშიც გაიმეორონ, თუმცა აქამდე ჯერ ძალიან გრძელი გზაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გარღვევა ძუძუმწოვართა ერთსქესიანი გამრავლების კვლევაში უზარმაზარი ნაბიჯია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევები

ეს 300 000 წლის თავის ქალა ჰომინიდთა არცერთ ცნობილ სახეობას არ მიეკუთვნება — მაბა 1

ადამიანის ევოლუციის ისტორია ბევრად კომპლექსური და არაპირდაპირი პროცესია, ვიდრე ბევრს ჰგონია. მისი მონაწილეები უცნაური, გამორჩეული არსებები იყვნენ — შეიძლება ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც ჩვენს წარმოდგენებს ჩვენი წინაპრების განვითარების თაობაზე. ამ პრეისტორიულ არსებებს შორის არის ერთი ინდივიდი, რომელიც დაახლოებით 300 000 წლის წინ ჩინეთში ცხოვრობდა. ის არცერთ ცნობილ სახეობას არ მიეკუთვნება.

ინდივიდს მაბა 1 ჰქვია. მისი ნამარხი ფერმერებმა 1958 წელს აღმოაჩინეს კუანგტუნგის პროვინციაში. მისგან თავის ქალის ნაწილი და სახის რამდენიმე ძვალი შემორჩა, ამის გამო კი იდენტიფიცირება საკმაოდ გართულდა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ იგი ნეანდერტალელების ნათესავი შეიძლებოდა ყოფილიყო და ზოგჯერ მას “ჩინელ ნეანდერტალელსაც” უწოდებდნენ.

მაბა 1-ის უკეთ შესასწავლად ახალი კვლევის ავტორებმა თავის ქალის შიდა სტრუქტურები დეტალურად გააანალიზეს. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მასში არაერთი არქაული ჰომინიდის მახასიათებელია გაერთიანებული, რის გამოც მაბა 1-ს ვერცერთ მათგანს ვერ მივაკუთვნებთ.

ფოტო: IFLScience

მაგალითად, ავტორები აღნიშნავენ, რომ თავის ქალის საერთო ფორმით იგი უფრო ჰომო ერექტუსს ჰგავს, ვიდრე უფრო გვიან სახეობებს — ნეანდერტალელსა და ჰომო საპიენსს. მეორე მხრივ, შუბლის წილი მეტისმეტად მოკლეა იმისათვის, რომ იგი ჰომო ერექტუსად ჩავთვალოთ.

“მაბა 1 ადრე სახის არეში მსგავსების გამო “ჩინელ ნეანდერტალელად” ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, ამ კვლევამ თავის შიდა სტრუქტურებში ისეთი მახასიათებლები ვერ აღმოაჩინა, რომლებიც მხოლოდ ნეანდერტალელებს ეკუთვნით”, — წერენ ავტორები.

ერთი ფილოგენეზური კვლევა მიუთითებს, რომ მაბა 1 შესაძლოა, დენისოველების შთამომავალი ყოფილიყო. მეორე მხრივ, კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ამ ინდივიდის ტვინი ბევრად პატარა იყო, ვიდრე დენისოველისთვის იქნებოდა მოსალოდნელი.

“ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მაბა 1 ამჟამად ჰომინინთა არცერთ ცნობილ ჯგუფს არ მიეკუთვნება”, — ასკვნიან მკვლევრები.

შესაძლოა, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში სრულიად ბუნებრივია, რომ ამ პერიოდის ჰომინიდები არსებულ კატეგორიებს ვერ ერგებიან. ამ პერიოდს ხშირად “არეულ შუა საუკუნესაც” უწოდებენ. შუა პლეისტოცენის ეპოქაში მრავლად იყვნენ უცნაური არსებები, რომელთა შორისაც ზღვარი არეული იყო.

მსგავსი “შუალედური” არსების ნიმუშები აფრიკასა და ევრაზიაშიც აღმოაჩინეს. მათ შორის, ჰომო საპიენსის მაგვარი ინდივიდი მაროკოდან და ტანზანიიდან, ასევე ნახევრად ჰომო ჰაიდელბერგენზისი ზამბიიდან. ისინი იმავე დროს ცხოვრობდნენ, როდესაც მაბა 1. საინტერესოა ისიც, რომ მაბა 1 ამ აფრიკულ ნიმუშებს უფრო ჰგავს, ვიდრე ნეანდერტალელებს — მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად მათგან საკმაოდ დაშორებულია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მაბა 1 შეგვიძლია, ადამიანის სახეობათა წარმოშობის ქაოსური ბუნების მაგალითად მივიჩნიოთ. საბოლოოდ, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მაბა 1-სთვის საუკეთესო აღწერა შეიძლება უბრალოდ “არა ერექტუსი” იყოს.

კვლევა გამოცემაში American Journal of Biological Anthropology გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერებმა ადამიანის სისხლის ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს, რომელიც ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთ ადამიანს დაუფიქსირდა

მრავალწლიანი კვლევის შემდეგ მეცნიერებმა სისხლის ჯგუფი ახალი აღმოაჩინეს, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ადამიანს დაუფიქსირდა. აღმოჩენის შესახებ სპეციალისტებმა მილანში გამართულ სისხლის გადასხმის საერთაშორისო კონგრესზე განაცხადეს.

68 წლის ქალი გვადელუპადან ამ დროისთვის ერთადერთი ცნობილი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც ეს სისხლის ჯგუფი აქვს. ჯგუფს Gwada negative უწოდეს.

მეცნიერებმა ქალი პირველად 2011 წელს გაიცნეს, როდესაც ის პარიზში ცხოვრობდა და ოპერაციის წინ რუტინულ ანალიზებს იტარებდა. ექიმებმა მისი სისხლის ჯგუფის განსაზღვრა ვერ შეძლეს და შესაბამისი შეწყვილებული სისხლიც ვერ მოიძებნა. იმ დროს არსებული ანალიზის მეთოდები საკმარისად განვითარებული არ იყო იმისთვის, რომ ქალის სისხლის ჯგუფის განსაზღვრა შესაძლებელი ყოფილიყო, და საქმე რვა წლის განმავლობაში ამოუხსნელი დარჩა.

2019 წელს მკვლევრებმა გამოიყენეს გენების მაღალი გამტარობის სეკვენირების ანალიზი, რომელიც DNA-ის სწრაფი და ღრმა ანალიზი ჩატარების საშუალებას იძლევა. მათ თავიდან შეისწავლეს ქალის სისხლი, რასაც ორი წლის განმავლობაში დეტალური კვლევა მოჰყვა – გუნდმა მისი სრული გენომი გააშიფრა.

ადამიანის სისხლის ჯგუფის სისტემები გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე შეიძლება გვეგონოს. ეს კლასიფიკაციები შეეხება ანტიგენებს – ცილებსა და შაქრებს, რომლებიც ერითროციტების ზედაპირზე მდებარეობს და რომლებიც ადამიანის იმუნური სისტემის მიერ აღიქმება. ავსტრიელ-ამერიკელმა ბიოლოგმა, კარლ ლანდშტაინერმა, 1901 წელს პირველმა აღწერა ყველაზე ცნობილი ABO სისტემის ჯგუფები, რაც 1930 წელს ნობელის პრემიის მოპოვებით დაუფასდა.

სისხლის ჯგუფების კლასიფიკაციაში მეორე ყველაზე ცნობილი რეზუსის სისტემაა, რომელიც ეფუძნება იმას, აქვს თუ არა ადამიანის სისხლის უჯრედებს სპეციალური ანტიგენი, რომელიც „რეზუს ფაქტორის“ (Rh factor) სახელით არის ცნობილი. ამ ნიშნით ადამიანი კლასიფიცირდება როგორც Rh-დადებითი ან Rh-უარყოფითი.

ABO და Rh სისტემების კომბინაცია სისხლის რვა ძირითად ჯგუფს ქმნის, რომლებიც ყველაზე ფართოდ არის ცნობილი და გამოიყენება მედიცინაში. თუმცა, სინამდვილეში არსებობს ათობით ნაკლებად ცნობილი სისხლის ჯგუფის სისტემა, რომლებიც უფრო იშვიათია და გაცილებით რთულ სტრუქტურას წარმოადგენენ.

თვის დასაწყისში სისხლის გადასხმის საერთაშორისო საზოგადოებამ Gwada negative საერთაშორისო კლასიფიკაციაში შეიყვანა, როგორც რიგით 48-ე სისხლის ჯგუფი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მორიელის შხამი, შესაძლოა, ძუძუს კიბოს მკურნალობაში დაგვეხმაროს – მეცნიერთა ახალი კვლევა

საფრანგეთში გამართულ ჯანდაცვის კონფერენცია FAPESP Week France-ზე წარმოდგენილი პირველადი შედეგების თანახმად, ამაზონის ტროპიკული ტყეების მორიელის (Brotheas amazonicus) შხამი შეიძლება გამოსადეგი იყოს ძუძუს კიბოს მკურნალობაში.

მსოფლიო მოსახლეობის დაბერება, დამაბინძურებლების ზემოქმედების ზრდა და სტრესის ქვეშ მყოფი ეკოსისტემები განაპირობებს კიბოს, დემენციისა და სხვა დაავადებების მაჩვენებელთა ზრდას. ამიტომ, სამკურნალო საშუალებათა მეტი არჩევანის ძებნაში, ზოგიერთი მკვლევარი ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ადგილებშიც ეძებს — მაგალითად, მორიელის კუდში.

ბრაზილიელ მკვლევართა ჯგუფმა პოტენციურად საინტერესო გენები ჩანერგა „ქარხანა“ ორგანიზმის დნმ-ში, რათა შეექმნა გენის პროდუქტი. ამის შემდეგ, სამედიცინო გამოყენებისთვის შეამოწმეს შედეგად მიღებული ცილები, მაგალითად, მორიელის შხამში არსებული ცილები.

„ამაზონის მორიელის ამ სახეობაში გამოვავლინეთ მოლეკულა, რომელიც სხვა მორიელების შხამში არსებულთა მსგავსია და ძუძუს კიბოს უჯრედების წინააღმდეგ მოქმედებს“, — განმარტავს სან-პაულუს უნივერსიტეტის ფარმაკოლოგი ელიან კანდიანი არანტისი.

მოლეკულა, სახელად BamazScplp1, ქიმიოთერაპიული პრეპარატების მსგავსად იწვევს ძუძუს კიბოს უჯრედების ნეკროზს — უჯრედების სიკვდილის პროცესს, რის შედეგადაც, უჯრედები სკდებიან.

ჯერ ამ სამკურნალო საშუალების კვლევის ძლიერ ადრეული ეტაპია, მაგრამ გენებისგან მოლეკულების წარმოსაქმნელად ამ ჰეტეროლოგიური ექსპრესიის „ქარხნის“ მეთოდის გამოყენებით, მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც ხელს უწყობს გველის შხამისა და პირუტყვის სისხლის კომპონენტისგან დამზადებული სისხლძარღვების ზრდას.

„ზრდის ეს ფაქტორი ხელს უწყობს ახალი სისხლძარღვების ფორმირებას. თანაც, შესაძლებელია მისი ინდუსტრიულ მასშტაბამდე ზრდა, რადგან მისი მიღება შესაძლებელია ჰეტეროლოგიური ექსპრესიის გზით“, — ამბობს არანტისი.

ჰეტეროლოგიური ექსპრესია მკვლევრებს შეიძლება დაეხმაროს ბიოაქტიური მოლეკულებისა და მათი ფუნქციების კვლევაში, ასევე ექსპერიმენტებში სხვადასხვა მუტაციებთან, რადგან შესაძლებელია სხვა ორგანიზმში მათი დიდი ოდენობით წარმოქმნა. ამ შემთხვევაში, არანტისმა და მისმა კოლეგებმა მათი ინტერესის საგანი ცილების ქარხნებად საფუვრის სახეობა (Komagataella pastoris) გამოიყენეს.

ამ სახის მეთოდების გამოყენება ბუნების ფარული სამკურნალო საშუალებების აღმოჩენაში დაგვეხმარება, ყოველ შემთხვევაში იქამდე, თუ მათაც არ გავანადგურებთ.

მომზადებულია agencia.fapesp.br-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიკვლევებიმსოფლიო

გამოვლინდა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავისთვის საკმარ საკვებს აწარმოებს

ოდესმე დაფიქრებულხართ, რომელი ქვეყანა შეძლებს მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფას სრულიად დამოუკიდებლად, თუკი გლობალური ვაჭრობა შეჩერდება?

ახალი კვლევის ფარგლებში გერმანელმა და ბრიტანელმა სპეციალისტებმა 186 სახელმწიფოს საკვების წარმოება შეისწავლეს და დაადგინეს, რომ თვითკმარი რესურსები მათგან მხოლოდ ერთს აქვს. ეს გაიანაა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს.

ამ რესურსებში იგულისხმება საკვების ის 7 უმნიშვნელოვანესი ჯგუფი, რომლებიც ჯანსაღი რაციონისთვისაა აუცილებელი:

  1. პარკოსნები, თხილეული, თესლები;
  2. ნახშირწყლოვანი პროდუქტები;
  3. რძის პროდუქტები;
  4. თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები;
  5. ხილი;
  6. ხორცი და ხორცპროდუქტები;
  7. ბოსტნეული.

გაიანას შემდეგ სიაში ჩინეთი და ვიეტნამია. ამ ქვეყნებში 6 კატეგორიის საკვები საკმარისი რაოდენობით იწარმოება იმისთვის, რომ პოპულაციის საჭიროება დააკმაყოფილოს. 5 ან მეტი კატეგორიის საკვები ყოველი 7 სახელმწიფოდან ერთს აქვს, მესამედს კი — 2 ან ნაკლები. ავღანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ერაყი, მაკაო, კატარი და იემენი არცერთ კატეგორიაში არაა თვითკმარი

ქვეყნების მაჩვენებლები სხვადასხვა კატეგორიის საკვების მიხედვით.

ფოტო: Stehl et al., Nat. Food., 2025

საინტერესოა, რომ ქვეყნების გაერთიანებებმაც ასეთი შედეგები აჩვენა. მაგალითად, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს სახელმწიფოები მხოლოდ ხორცის რესურსითაა თვითკმარი; დასავლეთ აფრიკასა და კარიბის რეგიონში არსებული გაერთიანებები ორ კატეგორიას აკმაყოფილებს და არცერთი ეკონომიკური კავშირის ფარგლებში არ იწარმოება იმდენი ბოსტნეული, რომ მთლიან პოპულაციას ეყოს.

ამ რესურსების მარაგის შესავსებად ქვეყნების უმეტესობა ვაჭრობას ეყრდნობა. მათთვის ხშირად ძირითადი მომწოდებელი ერთი სახელმწიფოა, საიდანაც იმპორტირებული პროდუქტების ნახევარი შესდით. შესაბამისად, საბაზრო საფასურის მნიშვნელოვანი ცვლილებების მიმართ ეს ქვეყნები განსაკუთრებით მოწყვლადია, რაც უფრო ფართორეგიონული ვაჭრობების აუცილებლობას ცხადყოფს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Food გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოაკვლევები

ახალი კვლევის თანახმად, დედამიწაზე იმაზე ბევრად მეტი ადამიანია, ვიდრე აქამდე გვეგონა

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა არასწორად ვიცით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად (გასული ზაფხულის მონაცემებით), ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 8.2 მილიარდი ადამიანია. და, აი, ახლა ახალი შეფასებით, ეს მაჩვენებელი შეიძლება რამდენიმე მილიარდით მეტიც იყოს.

ეს შეიძლება შემაშფოთებლად ჟღერდეს, მაგრამ როგორც ლონდონის ქვინ მერის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონათან კენედი ამტკიცებს, ეს გასაოცარი არ არის.

გაეროს მონაცემები აღწერასა და მოსახლეობის სიმჭიდროვეს ეფუძნება. მეორე მხრივ, განსხვავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, როგორც აალტოს უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტმა მკვლევარმა იოსიას ლანგ-რიტერმა და მისმა კოლეგებმა აღწერეს, დედამიწაზე მოსახლეობის რეალური რაოდენობა, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს.

ეს იმიტომ, რომ სოფლებში მონაცემები ხშირად არასრულია და შეიძლება არასანდო იყოს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი შეუსაბამობები შესწავლილ მონაცემებს შორის. ეს მიუთითებს, რომ სოფლის მოსახლეობა — თუნდაც ყველაზე ზუსტი მონაცემების მიხედვით — ბევრად ნაკლებად არის შეფასებული, ვიდრე უნდა იყოს.

კენედის თქმით, ჭარბმოსახლეობასთან დაკავშირებული შიშები ზედმეტად იყო შეფასებული. წინასწარი პროგნოზებით, მსოფლიო მოსახლეობა პიკს 2080-იანებში მიაღწევს და ითვლება, რომ მას შემდეგ კლებას დაიწყებს.

“ამდენი ადამიანი ზეწოლას მოახდენს დედამიწის რესურსებზე, მაგრამ თუ მდგრადი ტექნოლოგიების განვითარდება გაგრძელდება, მსოფლიო თავიდან აიცილებს აპოკალიფსურ სცენარს”, — ამბობს კენედი.

სრულად ნახვა
კვლევები

ცივი წყლის აბაზანამ ვარჯიშის შემდეგ კუნთის ზრდა შესაძლოა შეაფერხოს

უახლესმა კვლევამ დაადგინა, რომ ცივ წყალში ჩაძირვა ვარჯიშის შემდეგ — ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა კუნთის აღსადგენად — შესაძლოა ამცირებდეს კუნთების ზრდისა და გაძლიერების პოტენციალს.

მეცნიერებმა 25 ახალგაზრდა მამაკაცი ორ ჯგუფად დაყვეს. ორივე ჯგუფმა 7 კვირის განმავლობაში შეასრულა ფეხის ვარჯიშები, თუმცა ერთმა ჯგუფმა ვარჯიშის შემდეგ ცივი წყლის აბაზანა გამოსცადა, ეორე ჯგუფი კი, კუნთების აღდგენას ნორმალურ პირობებში ცდილობდა.

შედეგებმა აჩვენა, რომ ცივი წყლის აბაზანის მონაწილეებს კუნთის მასა და ძალა ნაკლებად გაეზარდათ. ბიოფსიური ანალიზი მიუთითებდა, რომ მათ ორგანიზმში კუნთების ზრდის მაჩვენებელი დაბალი იყო.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ცივი წყალი ანელებს სისხლის მიმოქცევას და, შესაბამისად, კუნთის უჯრედებში საკვები ნივთიერებებისა და ზრდის სიგნალების მიწოდებას, რაც განვითარების პროცესს აფერხებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ცივი წყლის აბაზანები შეიძლება დაეხმაროს ანთების შემცირებას და დროებით ტკივილის შემსუბუქებას, ამ კვლევის მიხედვით, ის შეიძლება პრობლემური იყოს მათთვის, ვინც კუნთის მაქსიმალურ განვითარებას ისახავს მიზნად.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მსოფლიოს მასშტაბით აუტიზმის შემთხვევები გაიზარდა

ბოლო წლების განმავლობაში აუტიზმის დიაგნოზების რაოდენობის მკვეთრმა მატებამ ფართო საზოგადოებაში შფოთვა და არასწორი წარმოდგენები გამოიწვია. თუმცა, როგორც Scientific American-ის ახალი სტატია განმარტავს, აუტიზმის გავრცელების ზრდა არ ნიშნავს, რომ მეტი ადამიანია აუტისტური სპექტის მქონე. სინამდვილეში, ეს ზრდა ასახავს ჩვენი ცოდნის, დიაგნოსტიკური კრიტერიუმების და საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებას.

 აუტიზმის სტატისტიკური მატება დიდწილად დაკავშირებულია სამ ძირითად ფაქტორთან:

  1. დიაგნოსტირების გამარტივება

 წარსულში აუტიზმის სპექტრის ბევრ ადამიანს  სრულიად არასწორი დიაგნოზით ამოიცნობდნენ. დიაგნოზის კრიტერიუმების გაფართოებამ, რაც მოიცავს აუტიზმის სპექტრის უფრო მსუბუქ ფორმებსაც, ბევრ ადამიანს მისცა საშუალება, რომ სწორად მომხდარიყო მოვლენების შეფასება.

  1. საზოგადოებრივი ცნობიერების ზრდა

 საზოგადოებაში გაიზარდა აუტიზმის ცნობადობა, რის გამოც მეტი მშობელი, მასწავლებელი და ექიმი ადრეულ ეტაპზე ამჩნევს შესაძლო სიმპტომებს. ეს იწვევს დიაგნოზების ზრდას, განსაკუთრებით ბავშვებში.

  1. სტატისტიკური მეთოდების ცვლილება და გაუმჯობესება

 დღეს მონაცემები უფრო სრულად და ზუსტად გროვდება, ვიდრე წარსულში, რაც ზრდის აუტიზმის შემთხვევათა რეგისტრაციას.

  მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აუტიზმი არ წარმოადგენს დაავადებას, რომელიც უნდა “გაირიყოს” საზოგადოებიდან. იგი არის ტვინის განვითარების განსხვავებული გზა და ადამიანების ნეიროდივერსულ სპექტრს ეკუთვნის.  სტატიის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭირო არაა პანიკა — საჭიროა მხარდაჭერა, ადაპტაცია და ინკლუზიური გარემოს შექმნა.

აუტიზმის დიაგნოზის ზრდა არ არის ახალი კრიზისი, არამედ იგი ერთგვარი პროგრესია ჩვენი ცოდნისა და საზოგადოების მზაობაში, მიიღოს და დააფასოს განსხვავებული ინდივიდები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერები ჯანმრთელობის “რეცეპტს” გვთავაზობენ

მეცნიერები ჯანმრთელობის “რეცეპტს” გვთავაზობენ და ის ძილის, ჭამის, ფიზიკური ვარჯიშის, სოციალიზაციის და სტრესთან ბრძოლის გრძელვადიან პრაქტიკას ეხება.

საკმარისი ძილი

არასაკმარისი ძილი არა მხოლოდ არღვევს თქვენს კონცენტრაციას დღის განმავლობაში, არამედ შეიძლება გამოიწვიოს განწყობის პრობლემები, ასთმა, ინსულტი და შეამციროს სიცოცხლის ხანგრძლივობა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი იძლევა რეკომენდაციას, რომ ზრდასრულმა ადამიანებმა ღამით მინიმუმ შვიდი საათის განმავლობაში იძინონ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ძილის ხარისხიც.

მიირთვით კარგი საკვები

მრავალი სამეცნიერო კვლევისა და US News & World Report-ის ყოველწლიური რეიტინგების მიხედვით, კვების საუკეთესო გზა არის არის ხმელთაშუა ზღვის კვების რეჟიმი.

ხმელთაშუა ზღვის კვების რეჟიმი არის კვების გზა, რომელიც შეიცავს მარტივ, მცენარეეებზე დაფუძნებულ სამზარეულოს.  საკვების უმეტესი ნაწილი ფოკუსირებულია ხილსა და ბოსტნეულზე, მთლიან მარცვლეულზე, ლობიოსა და სხვადასხვა თესლზე და განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ცივი დაწურვის წესით მიღებულ ზეითუნის ზეთზე (extra-virgin). ზეითუნის ზეთის გარდა სხვა ცხიმები, როგორიცაა კარაქი, საერთოდ არა, ან იშვიათად მოიხმარება, შაქარი და რაფინირებული საკვები კი – მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხმელთაშუა ზღვის კვების რეჟიმს შეუძლია შეამციროს დიაბეტის, მაღალი ქოლესტერინის, დემენციის, მეხსიერების დაქვეითების, დეპრესიისა და ძუძუს კიბოს რისკი.

ივარჯიშეთ

მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ ვარჯიში კარგია ჯანსაღი სხეულისთვის, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ ის ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი გონებისთვის.

აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტი იძლევა რეკომენდაციას, რომ 18-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანები კვირაში 150 წუთის განმავლობაში ზომიერ ფიზიკურ აქტივობაში ჩაერთონ, ან კვირაში 75 წუთის განმავლობაში ენერგიული ფიზიკური დატვირთვა ჰქონდეთ. რეკომენდირებულია კუნთების გამაძლიერებელი აქტივობები კვირაში ორჯერ მაინც.

მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში 11 წუთიანი ვარჯიშიც კი ამცირებს კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან ნაადრევი სიკვდილის რისკს.

დაუთმეთ დრო სოციალიზაციას

სოციალური და ემოციური ფაქტორები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ კარგი მეგობრობა არის გასაღები არა მხოლოდ ჩვენი სტრესის შესამსუბუქებლად და ემოციური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, არამედ ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობის მარკერების გასაძლიერებლად.

ექსპერტები აცხადებენ, რომ მეგობრობა თქვენი განრიგის პრიორიტეტად უნდა აქციოთ : მისწერეთ მეგობარს, რომელთანაც დიდი ხანია არ გისაუბრიათ, აიღეთ ვალდებულება, შეხვდეთ მეგობრებს გარკვეული პერიოდულობით, მოაწყვეთ სადილი და ა.შ.

შეამცირეთ სტრესი

სტრესმა, შეიძლება, ორგანიზმში კორტიზოლის დონის გაზრდა გამოიწვიოს.  კორტიზოლის მაღალმა დონემ შეიძლება გააუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პრობლემები.

სტრესმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს შფოთვას, გაღიზიანებას, ცუდ ძილს, ქრონიკულ უნდობლობას ან წუხილს და სხვა.

სტრესის შემცირებაში დაბალანსებული კვება, კარგი ძილი, ვარჯიში და სოციალური მხარდაჭერა დაგეხმარებათ.

წყარო :  edition.cnn.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერება ტალახში თამაშით – ბუნებრივი გზა ჯანმრთელობისთვის

ბავშვის იმუნური სისტემის განვითარება რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია მის გარემოსთან ურთიერთობაზე. თანამედროვე ქალაქური ცხოვრების სტილი, რომელიც ხშირად სტერილურ გარემოსა და ჰიგიენურ ნორმებს ეფუძნება, შეიძლება ზღუდავდეს ბავშვის იმუნური სისტემის ბუნებრივ განვითარებას.

ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვების ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთობა, განსაკუთრებით კი ტალახში და მიწაში თამაში, ხელს უწყობს მათი იმუნური სისტემის გაძლიერებას. ეს პროცესი ე.წ. “ბიომრავალფეროვნების ჰიპოთეზას” ეფუძნება, რომელიც ამტკიცებს, რომ გარემოს მიკრობული მრავალფეროვნება აუცილებელია იმუნური სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის.

ფინეთში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, სადაც საბავშვო ბაღების ეზოები ტყის ნიადაგით შეცვალეს, აჩვენა, რომ ბავშვების კანის მიკრობიომის მრავალფეროვნება გაიზარდა და მათი იმუნური რეაქციები გაუმჯობესდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთობა შეიძლება იყოს ეფექტური გზა ბავშვების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

ამგვარი აღმოჩენები ხაზს უსვამს ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას ბავშვების განვითარებისთვის. მშობლებსა და აღმზრდელებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ბავშვების ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთობას, რაც მათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაეხმარება.

ბუნებრივი გარემოსთან ურთიერთობა, როგორიცაა ტალახში თამაში, შეიძლება იყოს მარტივი და ეფექტური გზა ბავშვების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ეს მიდგომა არა მხოლოდ იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს, არამედ ბავშვების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განვითარებასაც.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 110
Page 1 of 110