close
სიქოლოგია

აღზრდის მნიშვნელობა ბავშვთა ფსიქოლოგიის მიხედვით

Print

    ბავშვთა ფსიქოლოგია ყოველთვის ინტერესის საგანი გახლდათ. თანამედროვე საზოგადოებაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. შვილის აღზრდის მექანიზმით მშობელი აუცილებლად უნდა იყოს დაინტერესებული. ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა მოზრდილი ადამიანის უვიცობაა. ისინი არ ფლობენ ინფორმაციას საკუთარი ფსიქოლოგიის შესახებ. ემოციებისა და გრძნობების ღრმად შეცნობა რთულ ამოცანად ეჩვენებათ.  სულის არ ცნობის შემთხვევაში ორმაგად რთულია ბავშვის ცნობიერის და არაცნობიერის შესწავლა. შესაბამისად ასეთ ვითარებაში აღზრდის პერიოდს თან ახლავს მთელი რიგი სირთულეები, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლების რიცხვი, რომლებთაც  სურთ ფლობდნენ სათანადო ცოდნას, რათა შვილები აღზარდონ სწორი მიდგომით, დღითიდღე იზრდება. ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მიხედვით, ესაა პიროვნებისთვის მიმართულებების მიცემის მცდელობა. სწორედ ამიტომ, განვითარების ზოგადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ის ეთანხმებოდეს ადამიანის შემდგომი ცხოვრების წესს, იმ რეალობას, რომელსაც ადრე თუ გვიან ინდივიდი შეეჯახება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღსაზრდელისთვის საზოგადოებაში ცხოვრება რთული გამოწვევა იქნება.

ჩვილური ასაკიდანვე ბავშვი განვითარებისთვის იბრძვის. ალფრედ ადლერის თანახმად, გაუცნობიერებლად ეს ბრძოლა დაკავშირებულია მუდმივად არსებულ ღრმა მიზანთან- სრულყოფილების, ძლიერების და გამორჩეულობის ფენომენთან. რომელიც არა მარტო ბავშვობაში არამედ ზრდასრულ ასაკშიც ადამიანის მამოძრავებელი ძალაა. თუმცა ეს სულაც არ გამორიცხავს მარცხის განცდას, რამეთუ ამგვარი ცხოვრებისეული გამოცდილებით ვითარდება პიროვნება. პატარა ფეხის ადგმისთვის დაუღალავად ირჯება, მიუხედავად ბევრი დაცემისა არ ნებდება, რადგან მისი მიზანია გადაადგილდებოდეს ისე, როგორც ეს სხვებს შეუძლიათ. კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ბავშვის სურვილი, რომელსაც სწადია იყოს ზრდასრული, ისევე შეეძლოს ამა თუ იმ საქმის კეთება, როგორც მის რომელიმე ოჯახის წევრს. პატარებისათვის დამახასიათებელია პროტოტიპის ყოლა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შეგვიძლია ასე განვმარტოთ- კონკრეტული ადამიანის ამოჩემება ან, თუნდაც, გამორჩევა და მისნაირად ყოფნის სურვილი. ამ დროს ხდება მიზნების დასახვა რომელიმე პროტოტიპის გათვალისწინებთ. ბავშვი ამ ყველაფერს მეტწილად თამაშის პროცესში ავლენს. ეს ხომ მათი სურვილების და მოთხოვნილებების მთავარი ინდიკატორია. გართობის პროცესში ისინი მთელ თავიანთ იმჟამინდელ სურვილებს გვაცნობენ. ასე და ამგვარად თამაშის პრინციპი იმაზე უფრო ღრმაა ვიდრე წარმოგვიდგენია. ის ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში დიდ როლს ასრულებს. მოზრდილების ქცევა მათთვის ნიმუში ხდება, რის შემდეგაც თავიანთ რეალობას ქმნიან. ამ დროს ვითარდება ბავშვის ფანტაზიის უნარი, რომლის საშუალებითაც ამა თუ იმ იდეას ანხორციელებს.  თვალსაჩინოა, თუ როგორი დაკვივრვება მართებს აღმზრდელს პატარასთან მიმართებაში. ზრდასრული ადამიანის ქმედებები მათ თანდასწრებით, როგორც წესი მომავალში დიდ მნიშვნელობას იძენს.  შეცდომაა, როდესაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ ბავშვები რომელიმე მათ ქმედებას არ დააკვირდებიან და არ აითვისებენ, უყურადღებოდ დატოვებენ და უმნიშვნელოდ ჩაივლის. არაფერია ისეთი, რაც აღსაზრდელთან მიმართებით უკვალოდ გაქრება და წლების შემდეგ არ გამომჟღავნდება. გაუცნობიერებელი საქციელები დიდების მხრიდან  პიროვნების მთავარი პრობლემა აღმოჩნდება ხოლმე. რომელიც ვლინდება რაიმე წარუმატებლობის შემთხვევაში ან არასრულფასოვნების კომპქლექსის სახით. ეს ყველაფერი კი ადრეული წლებიდან იღებს სათავეს.

ფსიქოლოგიურად განვითარების დროს, ბავშვი უამრავ დაბრკოლებას ეჯახება. ამ დროს სავსებით შესაძლებელია მისი სოცილაური გრძნობა დამახინჯდეს. არსებობენ ბავშვები, რომლებიც ზედმეტად მკაცრად აღიზარდნენ და მეორე კატეგორია, რომლებიც მეტისმეტად განებივრებულნი იყვნენ. ორივე სიტუაცია არასრულფასოვნების კომპლექსის გამომწვევია.

მკაცრი აღმზრდელობის მეთოდი ბავშვს იზოლირებულს ხდის თანატოლებისგან. მათ მუდმივად ცუდის მოლოდინი აქვთ და, შესაბამისად, უჭირთ ცვალებად გარემოში ადაპტირება. ვინაიდან ისინი ხშირად იმსახურებდნენ დასჯას სხვადასხვა ქმედების გამო, მშობლებისგან ჰქონდათ აკრძალვების მთელი დასტა. დასჯა, როგორც წესი ორიენტირებულია არასასურველი ქცევის არა ძირეულად აღმოფხვრისაკენ, არამედ დროებით შეჩერებისაკენ. უკეთესი იქნება თუ პატარას ავუხსნით რაიმე კონკრეტული ქმედების მნიშვნელობას და ჰუმანურობას გამოვიჩენთ. მაგალითად, თუ ბავშვი უცენზურო სიტყვის გამო ისჯება, არაა გამორიცხული, რომ ისევ იგივე ლექსიკონს გამოიყენებს ემოციების გამოსახატავათ. ეს მეთოდი ხელს უშლის მას, რომ დაფიქრდეს სიტუაციაზე, რის გამოც უარყოფითი მოპყრობა დაიმსახურა. შეიძლება იგივე არ გაიმეოროს სასჯელის შიშის გამო, სიფრთხილე გამოიჩინოს, მაგრამ ვერ გაანალიზებს საკუთარ ქმედებას. მკაცრ რეჟიმში აღზრდილებს  აკლიათ სითამამე, რადგან ფიქრობენ, რომ, რაც არ უნდა გააკეთონ გაკიცხვას დაიმსახურებენ.  მიაჩნიათ, რომ ყველაფერი ხმის ამოუღებლად უნდა გადალახონ. ძნელი მისახვედრი როდია, რომ მორჩილებისკენ მიდრეკილი ადამიანები საკუთარი თავის რეალიზებას ძნელად ახერხებენ. ახალ გარემოში შიში იპყრობთ, ნაკლებად ან საერთოდ ვერ ადაპტირდებიან ამიტომ საბოლოოდ იზოლირებულად ყოფნას ამჯობინებენ.  ცდილობენ ყველანაირ პრობლემას თავი აარიდონ და ამით წინასწარ დაიზღვიონ თავი, მოსალოდნელი იმედგაცრუებისაგან. მათ თავიანთი შექმნილი სამყარო აქვთ, სადაც არავის შეჭრას არ ისურვებდნენ და  საკუთარ თავთან ჩაკეტილნი არიან. უმჯობესია მშობელმა ზომიერება გამოიჩინოს და არ შეზღუდოს შვილის უნარები, არ ჩაუნერგოს მუდმივი შიში და იმედგაცრუების განცდა. არ გვაქვს უფლება პატარა ადამიანებს საკუთარი თავის რწმენა წავართვათ. ასეთი წინდაუხედავობით მათ მომავალს საფრთხეს ვუქმნით.

განებივრებული ბავშვები უფროსებისაგან უარს იშვიათად იღებენ. მათთვის დაბრკოლებები ნაკლებად არსებობს, რადგან ყველაფერი უსრულდებათ სხვისი ძალებით. მშობლები მათ ზედმეტს არაფერს სთხოვენ და ამით პასიურობას აჩვევენ. ამგვარი მიდგომით აღსაზრდელებს ართმევენ იმის შესაძლებლობას, რომ ადრეული წლებიდანვე შეეგუონ ზრდასრულ ასაკში მოსალოდნელ დაბრკოლებებს. ასეთი კატეგორიის ბავშვები არ არიან მომზადებულნი ცხოვრებისათვის. როგორც კი უცხო გარემოში აღმოჩნდებიან თავს დაუცველად გრძნობენ. ეს უკუდურესობა ასევე იწვევს იზოლაციას. რადგან არც ზედმეტად გათამამებულნი არიან მზად სიახლეებისთვის, რაც ხელს უშლის სოციალური მიმართულებების განვითარებას.

განსაკუთრებით საყურადღებოა სკოლამდელი პერიოდი. ამ დროს ბავშვი ფსიქოლოგიურად უნდა მოამზადონ. რადგან მას მოუწევს ახალ სოციალურ გარემოში ყოფნა, რაც  სიმარტივეს სულაც არ წარმოადგენს, რადგან ეს ახალი ცხოვრებისეული გამოცდაა. ამისთვის კი მზადყოფნაა საჭირო.

აღსაზრდელები, რომლებიც თანატოლებთან ურთიერთობას მიჩვეულნი არ არიან, რა თქმა უნდა, რთული იქნება სკოლის პრინციპებთან შეგუება. ეს მათ ფსიქოლოგიაზე იმოქმედებს, რადგან ბავშვები სხვადასხვა პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. თამამ და უპირატესობისაკენ მიდრეკილ მოსწავლეებს მუდმივად სხვების დაჩრდილვა და მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩინება სწადიათ. ეგოცენტრიზმით შეპყრობილნი  შეჯიბრების სურვილით არიან გატაცებულნი. ეს კი ცუდად მოქმედებს სხვა, ნაკლებად თამამ და დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებზე. განსაკუთრებით, ამ კატეგორიის აღსაზრდელები განიცდიან დისფორიას და უჭირთ ყოველდღიურ რეალობასთან შეგუება. ისინი თითქმის ვერ ახერხებენ საკუთარი თავის დამკვიდრებას სკოლაში. ეს პრობლემა კი ისევ და ისევ არასწორი აღზრდის შედეგია. ბავშვს, რომელსაც არასოდეს მიუღია შექება და თუ მისი ქმედება სერიოზულად აღქმული არ ყოფილა, როგორ შეეგუება სოციუმს, ან თუ მუდმივად ქება დიდების ცენტრში იყო და მის ყოველ უმნიშვნელო ქმედებას ტაშის კვრით ხვდებოდნენ, როგორ გაუძლებს მარცხს და როგორ გაუმკლავდება პრობლემას? ზომიერება ოქროს შუალედია, რომელსაც მწვავე გართულებები არ მოჰყვება.

მივყვეთ პიროვნების ფსიქოლოგიის მთავარ პრინციპს და მოვამზადოთ ბავშვი მომავლისათვის, რათა ღირსეულად შეძლოს დამოუკიდებელი ცხოვრება, სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია და იცოდეს, რომ დამარცხება გადამწყვეტი არაა, არამედ ახლის დასაწყისია და, რომ ეს ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მოვლენაა.

 

მასალა მოამზადა: მედეა გელდიაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი