close

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია

რატომ ვსვამთ სტრესის დროს ალკოჰოლს?

დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ბევრი ადამიანი განსატვირთად ჭიქა ღვინოს მიირთმევს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს მოქმედება სტრესის მიმართ ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა.

სტრესის მიერ ტვინში გავრცელებული სიგნალები – რომლის მიზანი ჩვენი სხეულის დაცვა და დაწყნარებაა,  ალკოჰოლის, კოფეინისა და ნარკოტიკების მსგავსია.

ამის გამო ტვინი ტყუვდება, შეცდომაში შედის და მიიჩნევს, რომ ალკოჰოლი გვეხმარება, ეს კი მსმელს მეტის დალევისკენ უბიძგებს. მეცნიერები აცხადებენ, რომ გადაჭარბებული სმის მიზეზი შესაძლოა სწორედ ტვინის დაჯილდოების ცენტრში მომხდარი ეს ცვლილება იყოს.

კვლევა პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ის ვირთხები, რომლებიც სტრესის ქვეშ იყვნენ გაცილებით მეტ ალკოჰოლს სვამდნენ, ვიდრე ისინი, ვინც სტრესის ქვეშ არ იმყოფებოდნენ.

სტრესის ქვეშ მყოფი ვირთხები მეტს სვამდნენ და ეს რამდენიმე კვირას გრძელდებოდა. ვირთხები სტრესის ქვეშ 1 საათით იმყოფებოდნენ, 15 საათის შემდეგ მეცნიერებმა იმ ალკოჰოლიანი შაქრიანი წყლის რაოდენობა გაზომეს, რომელიც ვირთხებმა დალიეს.

მეცნიერთა აღნიშნული გუნდი მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მკვლევარებთან, რათა გამოძებნონ გზა, რომ ტვინის დაჯილდოების ცენტრში ნეირონების კონტროლი და, ამ გზით, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების კონტროლი შეძლონ.

კვლევის შედეგები ჟურნალ Neuron-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

არჩევნები და ფსიქოლოგია

“რეალურ ცხოვრებაში უკეთესად გამოიყურებით!“ – ინგლისის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ ნიკ კლეგთან შეხვედრისას ერთ-ერთი ამომრჩეველი ქალბატონის ეს სპონტანური რეპლიკა ფსიქოლოგებისთვის იმ მოვლენის ახსნის საშუალებად იქცა, თუ როგორ უყალიბდებათ ადამიანებს პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულება.
წესით, გადაწყვეტილებას პარტიის მანიფესტის წაკითხვითა და პოლიტიკის შეფასებით უნდა ხდებოდეს.
მაგრამ, როგორც ფსიქოლოგები გვეუბნებიან, ჩვენ არ ვართ რაციონალური არსებები. ადამიანთა უმრავლესობა არც მანიფესტაციას კითხულობს და არც პოლიტიკოსების ინტერვიუებს, თუმცა თვალყურს ადევნებს ახალ ამბებს – მაგრამ რამდენ ჩვენგანს შეუძლია ამა თუ იმ საკითხზე პარტიის პოზიციაზე ისაუბროს?
სოციოლოგები ათეულობით წლებია იკვლევენ, რატომ ვაძლევთ ხმას ამა თუ იმ პარტიას თუ პიროვნებას.
არსებობს თეორიები, რომ ჩვენ ხმას ვაძლევთ სოციალური კლასის, პარტიის მიმართ გვაროვნული ლოიალობის, ან ძლიერი იდეოლოგიური რწმენის გამო.

ამის მიზეზი შესაძლოა უბრალოდ პირადი ინტერესი იყოს – ამ პარტიის პოლიტიკის შედეგად „უკეთ ვიქნებით“ ვიდრე სხვა პარტიისა.
თუმცა არ არსებობს თეორია, რომელსაც ხმის მიცემის ფენომენს ხსნიდეს. ფსიქოლოგები განსხვავებულ შეფასებებს გვთავაზობენ.
იორკის უნივერსიტეტის წარმომადგენელი პიეტრ ბული აცხადებს, რომ უამრავი თეორია კარგავს შესაბამისობას.
„დღეს უმთავრესია პოლიტიკოსის კომპეტენციისა და რეაქტიურობის აღქმა,“ – აცხადებს ბული. „არ შეიძლება სათანადოდ არ შევაფასოთ გარეგნობა. იგულისხმება არა ფიზიკური მხარე, არამედ უფრო ის, თუ როგორ გამოიყურება ესა თუ ის პოლიტიკოსი ზეწოლის ქვეშ.
რატომ ვამბობთ, რომ ესა თუ ის პოლიტიკოსი მოგვწონს, ან არ მოგვწონს, როცა მას არც კი შევხვედრილვართ? არის თუ არა ამის მიზეზი ის, რომ პოლიტიკოსს აქვს რაღაც უცნაური მანერა, ან ხმის ტემბრი, რითაც გვხიბლავს, ან – პირიქით? ეს უკვე პოლიტიკური ფსიქოლოგიის საგანია,“ – დასძენს პიტერ ბული.
პოლიტიკური მეცნიერი ჯონ კროსნიკის მტკიცებით, ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილება გაუცნობიერებელი ემოციებისგან, პროცესებისა და წინასწარ შექმნილი ცუდი განწყობისგანაა განპირობებული. „ადამიანი გადაწყვეტილებას ქვეცნობიერად იღებს,“ – აცხადებს იგი.
კროსნიკი მიიჩნევს, რომ სატელევიზიო დებატების დროს მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლები კანდიდატებს უსმენენ, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენას სხვა ფაქტორები ახდენენ. მაგალითად, კროსნიკის მტკიცებით, 2008 წლის აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში ბევრ ამომრჩეველზე კანდიდატების ეთნიკურობამ იმოქმედა. ის ადამიანები, რომლებიც ფარული რასიზმით იყვნენ შეპყრობილნი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხმას ობამას მისცემდნენ.
შიშის ფაქტორი
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა – “შიში შეგრძნების“ გავლენა პოლიტიკურ იდეოლოგიაზე, რომლის ფარგლებში ორმოცდაათამდე ადამიანი გამოიკვლიეს. მათ სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე, მათ შორის ერაყის ომსა და სიკვდილის დასჯის შესახებ, აზრს ეკითხებოდნენ. მათ, ვისაც ძლიერი მოსაზრებები ჰქონდათ, გამოკითხვის მეორე ნაწილში იწვევდნენ მონაწილეობის მისაღებად.
ამის შემდეგ მათ აჩვენებდნენ საშიშ გამოსახულებებს, როგორიცაა მაგალითად შეშინებული კაცი ობობით სახეზე და შეფასების გაკეთებისას ხმამაღალი ხმით აშინებდნენ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ადვილად შინდებოდნენ, უფრო მემარჯვენე ფრთის შეხედულებები ჰქონდათ.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ რიტორიკას, რომელიც ტერორიზმის, ეკონომიკური არასტაბილურობის და ა.შ. ხაზგასმით შიშ იწვევს, შესაძლოა ძლიერი ეფექტი ჰქონდეს გარკვეული ჯგუფის ადამიანებზე, როდესაც ის გამოყენებულია პოლიტიკური ქულების დაწერისა და არჩევნებში ხმების მოხვეჭის მიზნით.

ნეგატივზე ორიენტირება
კარგად დოკუმენტირებული ტენდენციაა ის, რომ ადამიანებს ნეგატიურ ინფორმაციას უფრო კარგად იმახსოვრებენ და გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც სწორედ უარყოფითი ემოცია დომინირებს.
კროსნიკის კვლევა ამტკიცებს, რომ როდესაც პოლიტიკოსები ხაზს უსვამენ თავიანთი ოპონენტების უარყოფით თვისებებს, ამით ისინი თავიანთი მხარდამჭერების რიცხვს ზრდიან.
1990-იან წლებში მან შეისწავლა, თუ როგორ მოქმედებს პოლიტიკოსების მიმართ ადამიანის გრძნობები ამომრჩეველთა აქტივობაზე აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანს ორი პოლიტიკოსი თანაბრად მოსწონს, მას ნაკლები მოტივაცია აქვს არჩევნებზე მისასვლელად. თუ მოწონების ხარისხს შორის განსხვავება უმნიშვნელოა, არჩევნების მიმართ ინტერესიც, შესაბამისად, უმნიშვნელოა. მეორე მხრივ აღმოჩნდა, რომ „არ მოწონება“ არჩევნებში მონაწილეობის უფრო მყარი მოტივია. „თუ შენ ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი არ მოგწონს, ესეიგი თქვენ გაქვთ მოტივაცია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „არ მოწონება“ არის ის, რაც ნამდვილად ამაღლებს აქტივობას“ – აცხადებს კროსნიკი.

წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

შვებულება იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ შვებულება აუმჯობესებს ადამიანის იმუნურ ფუნქციას, ხელს უწყობს სტრესის დარეგულირებას და სხვა უჯრედულ მარკერებს სისხლში.
მეცნიერებმა გაზომეს გენის აქტივობა და სისხლის მარკერები შვებულების დროსა და რამდენიმე თვის შემდეგ და ყველა მონაწილეში „შვებულების ეფექტი“ აღმოაჩინეს.

„საკურორტო გარემოში შვებულების გატარება იმ ყოველდღიურ ერთფეროვნებას გაცილებთ, რომელიც თქვენი ორგანიზმისთვის დიდი სტრესია, რაც გამოწვეულია იმ გამუდმებული „ბრძოლით“ რაც მას, მაგალითად, სხვადასხვა დავალების გარკვეულ ვადებებში შესასრულებლად, ან გაღიზიანებული მომხმარებლის მომსახურებისას უწევს, შვებულების პერიოდში დასვენებით თქვენ სხეულს საშუალებას აძლევთ განიტვირთოს, სტრესის დონე მცირდება , რაც თავის მხრივ იმუნურ სისტემაში ჩართული უჯრედების მდგომარეობაზე ახდენს გავლენას“ – აცხადებს კვლევის წამყვანმა ავტორმა ნიუ იორკის Icahn Institute for Genomics and Multiscale Biology-ის  დირექტორმა ერიკ შადტმა.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 30-60 წლის ასაკის 102 ქალბატონი გამოიკვლიეს. მათ კალიფორნიის ერთ-ერთ კურორტზე ჩასულ ქალბატონებს დასვენებამდე და დასვენების დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ სისხლის ანალიზი ჩაუტარეს. ზოგიერთი მათგანი მედიტაციითა და იოგითაც იყო დაკავებული.
კვლევაში ჩართული ქალბატონების დაახლოებით ერთი მესამედი მედიტაციას რეგულარულად მისდევდა, ხოლო დანარენი 70 პროცენტს მანამდე არასდროს მიუმართავს. არა-მედიატორების ნახევარი იოგა/მედიტაციის პროგრამაში ჩართეს, ხოლო მეორე ნახევარი – უბრალოდ ისვენებდა.
ქალბატონები დასვენების დაწყებიდან ხუთ დღეში, ერთ თვესა და ათ თვეში საუბრობდნენ თავიანთი დეპრესიის სიმპტომებზე, სტრესზე, სიცოცხლისუნარიანობასა და ყურადღებიანობაზე.
ფსიოგლოგიური კეთილდღეობის თვალსაზრისით ქალბატონების ორივე ჯგუფს ხუთი დღისა და ერთი თვის შემდეგ ერთნაირი შედეგი ჰქონდათ, რაც შეეხება 10 თვის შემდგომ პერიოდს, იმ ქალბატონებს, რომლებიც მედიტაციითაც იყვნენ დაკავებული დეპრესიული სიმპტომებისა და სტრესის დონე გაცილებიც დაბალი ჰქონდათ.
სისხლის ნიმუშებში გენების გამოხატვის ცვლილებებისა და ბიომარკერების თვალსაზრირით ქალბატონების ორივე ჯგუფში გაუმჯობესება დაფიქსირდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იმ ქალბატონებს, რომლებიც მედიტაციით რეგულარულად იყვნენ დაკავებული, ფერმენტ ტელომერაზას უფრო მაღალი აქტივობა აღენიშნებოდათ, ეს გახლავთ ფერმენტი, რომელიც ამაგრებს და აღდგენს ქრომოსომებს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული კვლევა მცირე მასშტაბისაა და ვერ პასუხობს, მოქმედებს თუ არა ცვლილებები დაავადებებსა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

თსუ გამოყენებითი ფსიქოლინგვისტიკის მსოფლიო კონგრესს მასპინძლობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლინგვისტიკის მე-11 მსოფლიო კონგრესს მასპინლობს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, საერთაშორისო კონგრესი, რომელიც 27 ივნისს გაიხსნა და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, უნივერსიტეტის ორგანიზებითა და გამოყენებითი ფსიქოლინგვისტიკის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ტარდება. იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1981 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.
კონგრესში მონაწილეობას ღებულობენ ფსიქოლინგვისტიკის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ლეონორ სკილარ კაბალი ბრაზილიიდან და ფსიქოლინგვისტიკის საერთაშორისო საზოგადოების გენერალური მდივანი პროფესორი მარია და გრაცა პინტო პორტუგალიიდან, ამერიკული საბჭოების პრეზიდენტი დენ დევიდსონი (აშშ), თანამედროვე ენების ასოციაცათა ფედერაციის პრეზიდენტი ტერი ლემბი (დიდი ბრიტანეთი) და გენერალური მდივანი დენის კენინგემი (ავსტრალია). კონგრესის გახსნას თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დაესწრნენ.
დარეჯან თვალთვაძის თქმით, კონგრესის პრეზიდენტი უნივერსიტეტის პროფესორი დავით გოცირიძეა. პროფესორებსა და სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან ჩვენთან ჩაუტარდებათ სემინარები თანამედროვე მსოფლიოში ენის ცვალებადობასა და განვითარებაზე,“ – განაცხადა თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის გიორგი შარვაშიძის თქმით კი, კონგრესის ფორმატში შეხვედრები, ვორქშოფები, სემინარები, მასტერკლასები, ღია ლექციები გაიმართება. ახალგაზრდა მეცნიერებს, მკვლევრებსა თუ სტუდენტებს საშულება ექნებათ, სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილ ფსიქოლინგვისტიკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თავის მხრივ ამერიკული საბჭოების პრეზიდენტმა დენ დევიდსონმა განცხადა, რომ კონფერენცია გლობალიზაციის ხანაში ენის ცვალებად როლს ეძღვნება.
„ენის ცოდნა და ფუნქცია გლობალურ გარემოში ძალიან სწრაფად იცვლება და სპეციალისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ენის კომუნიკაციის გადაკვეთის უმაღლეს დონეებს და ენის სოციოლოგიას უკეთ გაეცნონ’’,- განაცხადა დევიდსონმა.
კონგრესის ფარგლებში გაიმართება გენერალური ასამბლეა და მომავალი 4 წლით პრეზიდენტსა და ახალ პრეზიდიუმს აირჩევენ.
წყარო: www.tsu.ge

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

რატომ საბავშვო ბაღი? – რეკომენდაციები მშობელებს, ფსიქოლოგებისგან

საზოგადოებაში განსხვავებული აზრი ფიქსირდება იმის თაობაზე თუ, რომელ ასაკში უნდა მივიყვანოთ ბავშვი საბავშვო ბაღში, ან საერთოდ უნდა მივიყვანოთ თუ არა. როგორ შევარჩიოთ ბაღი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, ბავშვების ჯანსაღი სოციალიზაციისთვის. ამ თემაზეც აქვთ ფსიქოლოგებს ნათელი პასუხი, როგორც ყველა პრობლემატურ საკითხზე.

ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე:

“ადამიანი დაბადებიდან გარდაცვალებამდე მუდმივად განვითარების პროცესშია. მისი განვითარება 3 სფეროს ეხება: ფიზიკურს, კოგნიტურს (შემეცნებითს) და ფსიქო-სოციალურს.

ფსიქო-სოციალური განვითარების პროცესში, ადამიანი გადის რამოდენიმე სტადიას. ფსიქოსოციალური განვითარების სტადია ეს ცხოვრების ეტაპია, რომლის დროსაც ადამიანი იძენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ამ გამოცდილებით გამდიდრებული ეგუება ან ერგება სოციალურ გარემოს. ეს შეძენილი გამოცდილება, კი განსაზღვრავს მის პიროვნულ ცვლილებას ანუ განვითარებას.

2-6 წელი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის ცხოვრებაში. ამ პერიოდში ბევრი სოციალური, კოგნიტური და ემოციური ამოცანის გადაჭრის წინაშე დგება, რომელთაც ის თავისი შესაძლებლობებით, მიღწევებით, შეძენილი ცოდნითა და უნარებით უნდა დახვდეს და დაძლიოს კიდეც.

იმისათვის, რომ ბავშვს მიეცეს დამოუკიდებლობის განცდა, აუცილებელია იგი მივიყვანოთ საბავშვო ბაღში, რადგან ეს მისთვის ის პირველი მნიშვნელოვანი დაწესებულებაა, რომელშიც ოჯახის შემდეგ უხდება შეგუება, დღის ხანგრძლივი პერიოდის გატარება მშობლების გარეშე თანატოლებთან და სხვა უფროსებთან ერთად. ამ დაწესებულებაში, აგრძელებენ ბავშვები იმ ჩვევებისა და ქცევის ათვისებას, იმ ღირებულებების, შეხედულებებისა და ნორმების გამოკვეთას და ჩამოყალიბებას, რომლებიც გაზიარებულია და სასურველია იმ გარემოსთვის, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს და ვითარდება. ეს სწორედ იმ პროცესის სათავეა, რომელსაც სოციალიზაციას ვეძახით და იგი მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. სოციალიზაციის განმსაზღვრელი ფაქტორების როლში გამოდიან ამ პროცესში ჩართული ადამიანები და სოციალური ინსტიტუტები – ოჯახი, მშობლები, და-ძმები, თანატოლები, საბავშვო ბაღი, პედაგოგები, სკოლა, აღმზრდელები, ეკლესია, ტელევიზია და ა.შ.

საბავშვო ბაღში, მის ირვლივ თავმოყრილ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში ბავშვი აცნობიერებს და აღმოაჩენს, რომ ის ძველებურად აღარ არის მიჯაჭვული მშობელზე, აღმზრდელზე და დამოუკიდებელი აზრები გააჩნია. მას უკვე შეუძლია თავად იმოქმედოს, დაგეგმოს თავისი ნაბიჯები და ქცევა. ბავშვი თვითონ წყვეტს როდის ითამაშოს და როდის არა, როდის ჭამოს, რა ჭამოს, რა ჩაიცვას და ა.შ. ეს ბავშვის ის ეტაპია, როდესაც ის საკუთარ ნებას ავლენს და დამოუკიდებლობისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს.

ამიტომ, ნუ შეშინდებით მშობლებო, თამამად შეიყვანეთ ბავშვები საბავშვო დაწესებულებებში, ვინაიდან თქვენ შეუწყობთ ხელს მის გონებრივ თუ ფიზიკურ განვითარებას და უფრო მეტად განუვითარებთ მას, იმ ჩვევებს,რაც საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის დასჭირდება სამომავლო. სწორედ, ამიტომ „დავითიანნის“ მშობელთა სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მშობლის კომუნიკაციას და დამოკიდებულებას შვილთან. ასევე ვმუშაობთ ისეთ საკითხებზე როგორიც კრიზისებია და მათი მოგვარება. ზოგადად მნიშვნელოვნად ვთვლი მშობლებს გააზრებული ქონდეთ, რომ ბავშვის აღზრდა მარტო ჩაცმა და გამოკვება არაა, რომ ბავშვს სჭირდება სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულება მშობლისგან, რაც ხშირ შემთხვევაში მშობლბმა არც იციან და არც ინვესტიციას დებენ საკუთარ განვითარებაში. ბავშვისთვის, კი მნიშვნელოვანია ყავდეს მშობელი, რომლმაც იცის ბავშვთან მოქცევის შესახებ, მინიმუმ ერკვევა ისეთ საკითხებში როგორიცაა, დასჯის ალტერნატივა, მიჯაჭულობა ან თუნდაც როგორ მოიქცეს, როდესაც ბავშვს საბავშო ბაღში წასვლა არ სურს. ამ საკითხების სწავლება ხდება სწორედ „დავითიანნის“ მშობელთა სკოლაში, ძალიან მიხარია, რომ უკვე არაერთმა მშობელმა გამოთქვა მონდომება გამხდარიყო უკეთესი, მეტი ესწავლა და ეშრომა ისევ თავისი შვილებისთვის.“

ნინო ახალაიაბავშვთა ფსიქოლოგი ნინო ახალაია:

”პატარასთვის საბავშვო ბაღის სწორად შერჩევა, სადაც დაცული იქნება მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური უსართხოება, ძალიან საპასუხიმგებლო და მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მშბელმა მაქსიმალური სიფრთხილით უნდა გადაჭრას. საჭიროა ბევრი საკითხის გათვალისწინება. სახლიდან რა მანძილზეა საბავშვო ბაღი, პატარას დაღლა არ ღირს გზაში, არც საკუთარი სახლის ეზოს გადაღმა მდებარე ბაღია რეკომენდებული –პატარებს ძნელად ესმით თუ კი სახლი აქვეა, რატომ უნდა იყოს ბაღში და არა სახლში. მნიშვნელოვანია, როგორი ეზო აქვს საბავშო დაწესებულებას და დღეში რამდენჯერ იგეგმება ბავშვების სუფთა ჰაერზე გაყვანა.

საყურადღებოა ჯგუფში ბავშვების რაოდენობა, არც ძალიან ცოტა და არც ძალიან ბევრი. ნათელი ოთახი, რომელიც ხშირად ნიავდება და არის საკმარისი ადგილი მოძრავი თამაშებისთვისაც. ცხადია, მენიუსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ყველაზე მთავარი კი არის ის, თუ რა დრო ეთმობა თამაშს, ჯგუფურ აქტივობებს, ვარჯიშს. ჯგუფის წამყვანი არის აღმზრდელი, რომლის პიროვნულ თვისებებზე და პროფესიულ კვალიფიკაციაზე არის დამოკიდებული ბავშვის ჰარმონიული განვითარება, პიროვნული ზრდა. პატარები აღმზრდელს ხშირად დედისეულ გრძობებს მიაწერენ და მათი განცდები მეტისმეტად ფაქიზია, ამიტომ ტრავმირება ადვილად ხდება.“
წყარო: http://www.ttimes.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 18 19 20
Page 20 of 20