close
საქართველოფსიქოლოგია

მრგვალი მაგიდის შეხვედრა – სოციალიზაციის მნიშვნელობა საზოგადოებაში

1-ელ ივლისს ,,დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში” ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა სოციალიზაციის მნიშვნელობაზე საზოგადოებაში, რომელსაც უძღვებოდნენ ,,დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის” ფსიქოკლუბის წევრები: ნანა გველესიანი, თამარ ჯიშკარიანი, მართა ჩაგუნავა და ანა ჭიხვარია.

შეხვედრაზე განხიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა – სოციალიზაციის დეფინიცია, აგენტები, წარმატებული სოციალიზაციის ნიშნები და ამ საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემების პრევენციის გზები.

სოციალიზაცია არის ცხოვრების მანძილზე მიმდინარე პროცესი, რომლითაც ინდივიდის ქცევის პატერნები, ღირებულებები, სტანდარტები, უნარები და განწყობები ისეთ ფორმას იღებს, რომელიც მისაღები იქნება მოცემული საზოგადოებისთვის.

სოციალურ მეცნიერთა უმრავლესობის მიხედვით, სოციალიზაცია, არსებითად, მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე დასწავლის პროცესია და, უპირველეს ყოვლისა, მოზრდილებისა და ბავშვების ქცევაზე, რწმენებსა და მოქმედებებზე ახდენს გავლენას.

სოციალიზაციის პროცესში მრავალი ადამიანი (ნათესავები, მეგობრები, მასწავლებლები) და ინსტიტუციაა (სკოლები, ღვთის მსახურების ადგილები) ჩართული, რომელთა ზეგავლენის შედეგადაც ითვისებს ინდივიდი სოციალურად მისაღებ ღირებულებებსა და ქცევის სტანდარტებს. თუმცა სოციალიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მარეგულირებელი და განმაპირობებელი თავად ოჯახია. ოჯახის ცნება იცვლება, ვინაიდან დღესდღეობით მრავალი ბავშვი იზრდება ვითარებაში, რომელიც განსხვავდება ოჯახის სტანდარტული — დედა, მამა, და-ძმები — სტრუქტურისგან: ზოგიერთი ბავშვი მარტოხელა მშობლის ოჯახში იზრდება, ზოგი კი — მრავალი თაობისაგან შემდგარ ოჯახში. განურჩევლად ოჯახის კონფიგურაციისა, ის ეხმარება ინდივიდს სხვებზე რეაგირების ძირითადი პატერნების ჩამოყალიბებაში, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა ადამიანებთან დამოკიდებულების ცხოვრებისეული სტილის საფუძველი ხდება.

წარმატებული სოციალიზაცია სამი ფაქტორით: მოლოდინებით, ქცევის ცვლილებით და კონფორმიზისაკენ მისწრაფებით არის განპირობებული. წარმატებული სოციალიზაციის მაგალითად გამოგვადგება სკოლის თანატოლთა ჯგუფი. ბავშვები, რომლებიც ავტორიტეტის მოპოვებას ახერხებენ თანატოლთა შორის, ადგნენ ქცევისა და მოქმედების ნიმუშებს; ყველა დანარჩენი ან ასევე იქცევიან ან მისდამი მიბაძვა სურთ.

სოციალიზაციის აგენტების კონტექსტში განხილულ იქნა მშობელი-შვილის ურთიერთობა ერიკ ერიქსონის ფსიქო-სოციალური განვითარების სტადიების მიხედვით: 1. ნდობა – უნდობლობა (ძუძუმწოვართა ასაკი), როდესაც ბავშვის მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, ის ენდობა თავის მზრუნველს და  შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თავის სიცოცხლეში პირველი კრიზისი გადალახა. 2. ავტონომიურობა – სირცხვილი და ეჭვიანობა (1-2 წლები). – სწორედ ამ ეტაპზე მშობლები ცდილობენ ასწავლონ მათ ღამის ქოთანზე ჯდომა. როდესაც ბავშვს ამ ინტიმურ სფეროში ძალიან ბევრ მოთხოვნას უყენებენ, იგი სირცხვილის და საკუთარი არასრულყოფილების ღრმა გრძნობას განიცდის; 3. ინიციატივა – ბრალეულობის განცდა (3-5 წლები). ამ პერიოდში ბავშვებში შეიმჩნევა მოძრაობა, გადაადგილებებისადმი სწრაფვა, ცნობისმოყვარეობა, ფანტაზიის მუშაობა. 4. შრომისმოყვარეობა – არასრულფასოვნება (უმცროსი სასკოლო ასაკი). ბავშვები სწავლობენ ინდივიდუალური ამოცანების შესრულებას, მაგალითად, კითხვას, ერთად შრომას, ჯგუფში კი – მთელი კლასის მიერ შესრულებულ მოქმედებებში მონაწილეობას. ისინი ამყარებენ ურთიერთობებს მასწავლებლებთან და სხვა ზრდასრულ ადამიანებთან. ბავშვები იწყებენ რეალური ცხოვრებისეული როლებისადმი ინტერესების გამოვლენას. 5. ინდივიდუალობის ჩამოყალიბება (იდენტიფიკაცია) – როლური დიფუზია (სიყმაწვილე). ამ პერიოდში ორ ძირითად ხდომილებას აქვს ადგილი. თავისი ფიზიკური განვითარების შედეგად, ახალგაზრდა ადამიანები ხდებიან ზრდასრულნი და აქტიურ სექსუალურ ლტოლვას განიცდიან; ამავე დროს, მათცხოვრებაში თავისი ადგილის არჩევა უხდებათ.

დამსწრეებმა ასევე განიხილეს საზოგადოების დამოკიდებულება განსხვავებული ჯგუფების მიმართ და დაასახელეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა – სოციუმის მიერ განსხვავებულობის გარიყვა, არმიღება, ემპათიისა და განათლების დეფიციტი.

მრგვალი მაგიდის წევრებმა დაასახელეს მშობლებსა და შვილებს შორის არსებული პრობლემების პრევენციის გზები: მშობელსა და შვილს შორის ჯანსაღი მეგობრული დამოკიდებულება – მშობელი აღიარებს შვილის წარმატებას და ხელს უწყობს მის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაში; ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი საკითხების შესახ – განათლების მიღება – ინფორმაციის გავრცელება/მიღება და ამით უმცირესობის ჯგუფებისადმი ტოლერანტობის გაზრდა; სკოლის მნიშვნელოვანი როლი და პედაგოგის პროფესიონალური დამოკიდებულების აუცილებლობა ბავშვის წარმატებული სოციალიზაციისთვის; განსხვავებული აზრის, ადამიანის, ადამიანთა ჯგუფის მიმართ მიმღებლობის, ემპათიის გაზრდა, მათი , როგორც პიროვნებებად აღქმა და არა გაუფასურება.

შეხვედრას ესწრებოდნენ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი – მართა ჩაგუნავა; საქართველოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები – სალომე ბოსტოღანაშვილი, ელენე ჩუგოშვილი; ფსიქოლოგი ნინო თოფურია; ფსიქო კლუბის წევრი – თამარ ჯიშკარიანი; ფსიქოლოგი და ფსიქოკლუბის წევრი – ნანა გველესიანი; კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები – ანა ჭიხვარია; ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ნიკა ებრალიძე; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი მეგი გიორგობიანი; საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი ანი ასათიანი.

 

მასალა მოამზადა: ნინო თოფურიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld

Leave a Response