close

სამართალი

ისტორიასამართალისაქართველო

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა საქართველოში – ცოცხალია თუ არა თამაზ ნამგალაური?

დღემდე არ წყდება საუბარები  საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი წევრის, ევროპის ოთხგზის ჩემპიონის, დღემდე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტის – თამაზ ნამგალაურის  საიდუმლოებებით მოცული დანაშაულებრივი ქმედებისა და მისი სიკვდილით დასჯის შესახებ. ტიტულოვანი სპორტსმენი, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობდნენ და ძიუდოს ვირტუოზად იყო აღიარებული, 1988 წლის 12 ივნისს დააკავეს, ბრალდება იმდენად მძიმე იყო, რომ დაზარალებულთა ახლობლები მის ჩაქოლვასაც კი  მოითხოვდნენ.  თამაზ ნამგალაურს 1988 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.

თამაზ ნამგალაურს საკუთარო ბიძაშვილის, მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება და სასტიკი მკვლელობა დაბრალდა. ბავშვს  სწორედ იმ დღეს, თორმეტ ივნისს შეუსრულდა ცხრა წელი.

არადა, მეორე დღეს, 13 ივნისს, ძიუდოისტის სპორტიდან გრანდიოზული გაცილება იგეგმებოდა. გაცილება არ შედგა.

არადა, სპორტსმენს არაფერი არ აკლდა – ჰქონდა დიდება, პატივი, წარმატება, საკუთარი ხალხის სიყვარული. სწორედ ამიტომ, ბევრი სპეციალისტის თქმით, საქმე კიდევ უფრო სხვა რაკურსით იყო წასაყვანი და ნამგალაურის პიროვნება ფსიქიკურ შესწავლასაც საჭიროებდა, თუმცა, არსებული ცნობებით, მოთხოვნის მიუხედავად, მას არანაირი ფსიქიატრიული შემოწმება არ  გაუვლია.

გამოძიებამ ეტაპობრივად თამაზ ნამგალაურთან დაკავშირებული სხვა დანაშაულებრივი ქმედებებიც გამოააშკარავა – როგორც საგამოძიებო  მასალებიდან ირკვევა, ნამგალაურმა ჯერ კიდევ 1980 წლის 29 დეკემბერს სცადა დუშეთში საკუთარი 10 წლის ბიძაშვილის გაუპატიურება, თუმცა ოთახში ფანჯრიდან შესული უკანვე გამობრუნდა, რადგან ოჯახის წევრებმა ხმაური გაიგეს და ძალადობის მცდელობა მცდელობად დარჩა,

გამოძიება ასევე ამტკიცებდა, რომ ნამგალაურმა ამ გოგონას მეორედ გაუპატიურებაც სცადა ზუსტად იმავე ხერხებით, 1982 წლის 22 მაისს ისევ ფანჯრიდან გადაძვრა, მაგრამ ოჯახის წევრების გამოღვიძებამ დააფრთხო და ძალადობა არასრულწლოვანზე კვლავ ვერ მოახერხა.

გამოძიებამ ასევე 1981 წლის თებერვალში სპორტსმენის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედებაც გამოააშკარავა – სასტუმრო ,,უშბას“ ფოიეში 52 წლის ქალის, სასტუმროს მოსამსახურის გაუპატიურებაშიც დაედო ბრალი. გარდა ამისა, ძიუდოიტს სხვა ბრალდებებიც წაუყენეს, მაგ: ავტოინსპექტორთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. თუმცა ეს  სხვა ბრალდებების ფონზე მართლაც მიზერულად მცირე დანაშაულს წარმოადგენდა.

გამოძიების მიმდინარეობისას რამდენიმე საინტერესო დამთხვევა გამოიკვეთა, როგორც მტკიცდებოდა, ნამგალაურმა ოთხივე დანაშაული ერთსა და იმავე დროს, ღამის სამ საათზე ჩაიდინა, ყველა აღნიშნული შემთხვევოს დროს ნასვამი იყო და ეს ყველაფერი აუცილებლად მისი სპორტული შეჯიბრების წინა ღამეს ხდებოდა. სწორედ ამიტომ, სპეციალისტების გაურკვეული ნაწილი ვარაუდობდა, რომ საქმე სპორტსმენის ფსიქიკურ აშლილობასთან გვქონდა და მისი დანაშაულებრივი ქმედებების მთავარი მიზეზი გამოძიებას უფრო ღრმად უნდა გამოეკვლია. არაერთი მოხოვნა გაიგზვანა შესაბამის უწყებებში მისთვის სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. ნამგალაურს ისე მიუსაჯეს დახვრეტა, რომ საქმეში არ იყო საექიმო კომისიის მიერ ბრალდებულის შემოწმობის დასკვნა. ნამგალაური ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ცნეს  ჯანმრთელად და სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს. არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ,  შესაძლოა, იგი შეურაცხადი ყოფილიყო.

საქმე ფაქტობრივად ,,ჩუმად“ ჩატარდა. მკვლელობაში ბრალდებულს კი სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა, დახვრეტა მიესაჯა. ბევრი ამბობდა, რომ ზვიად გამსახურდიაც და ედუარდ შევარდნაძეც მისი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგნი იყვნენ.

არსებობს  ცნობები იმის შესახებ, რომ როცა ზვიად გამსახურდიას ნამგალაურისა და სხვა სიკვდილიმისჯილების სია შეუტანეს ხელმოსაწერად, მან ქაღალდები დახია და თქვა, რომ მასთან შემდეგზე დახვრეტაზე საუბარი აღარ გაებედათ. მიუხედავად იმისა, რომ ძიუდოისტის დახვრეტის თარიღად 1991 წელი არის მითითებული, სხვა ვერსიით იგი 1994 წელს დასაჯეს სიკვდილით. ამ ვერსიის თანახმად, მის სიკვდილით დასჯას ედუარდ შევარდნაძემ მოაწერა ხელი. თუმცა ამას იმ დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები სასტიკად უარყოფდნენ.

საინტერესოა, რომ დღემდე არავინ იცის ზუსტად, ნამდვილად დახვრიტეს თუ არა 1991 წლის ნოემბერში თამაზ ნამგალაური? საინტერესოა, რომ მისი დედა, თამარ იანტბელიძე ამტკიცებდა, ჩემი შვილი ცოცხალიაო და იმასაც ამბობდა, რომ იგი ციხიდან გამოაპარეს.

ასევე, თამარ იანტბელიძის მტკიცებით, ბავშვის მკვლელობა და სხვა დანაშაულებიც საბჭოთა სპორტის მაფიის მიერ იყო ჩაწყობილი.

რაც შეეხება მოკლული გოგონას ოჯახის წევრებს, ისინი თამაზ ნამგალაურს დამნაშავედ ნამდვილად მიიჩნევდნენ. საინტერესოა, რომ თავად ნამგალაურიც არ უარყოფდა საკუთარ დანაშაულს, აღიარებდა და უმკაცრესს დასჯას მოითხოვდა. როგორც სასამართლო პროცესზე მყოფი ადამიანები ყვებიან, მას მთელი სხდომის განმავლობაში თავი ჰქონდა ჩაღუნული და  ყურები თითებით ჰქონდა დახშული.

მიუხედავად იმისა, რომ თამარ იანტბელიძემ თამაზ ნამგალაურის 1991 წლის 1-ელ ნოემბერს დახვრეტის ცნობა მიიღო, დღეს სასამართლოს არქივში არანაირი ცნობა არ არსებობს ამ განაჩენის აღსრულების შესახებ. შსს-ს უწყება კი ამბობს, რომ ამ საქმეს გრიფი ,,საიდუმლო“ ადევს. ამიტომ ჯერ კიდევ ბევრი ვერსია და ვარაუდი ჩნდება მისი ციხიდან გაპარვისა და იმის შესახებ, რომ იგი ამ დრომდე ცოცხალია.

როგორც ცნობილია, ნამგალაურის განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისის #1 საგამოძიებო იზოლატორში (ამჟამად, მე-5 საპყრობილე) პატიმართა ორი ამბოხება  მოხდა. ერთი ამბოხი 1991 წლის 5 ოქტომბერს დილით განხორციელდა. ოფიციალური ინფორმაციით, მეხუთე სართულზე მდებარე 101-ე საკნის პატიმრებმა (სამართალდამცველი ორგანოების ყოფილმა თანამშრომლებმა) საკნიდან გამოაღწიეს და სხვა საკნების კარებიც გააღეს. ბუნტში მონაწილე 1 500 პატიმრიდან 18 სიკვდილმისჯილი იყო. სამართალდამცველებმა პატიმრების დაშოშმინება მოახერხეს. 25 ოქტომბერს კი მეორე ბუნტი განხორციელდა, რომელშიც თავად ნამგალაურიც იღებდა მონაწილეობას. თუმცა პატიმართა დიდი გაქცევა ვერ შედგა.

არსებობს ვარაუდი,  რომ ნამგალაურის დახვრეტა სწორედ ციხის ბუნტმა დააჩქარა.

თუმცა, უცნაურია, როგორ უნდა მოეხერხებნა ბუნტის მოთავეობა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პატიმარს?

საზოგადოების დიდი ნაწილი დღემდე ფიქრობს, რომ ძიუდოისტი სიკვდილით არ დაუსჯიათ და დღემდე ცოცხალია. ,,ფეისბუკზე“ თამაზ ნამგალაურის სახელით დარეგისტრირებული არაერთი მომხარებელია, სხვათა შორის, რამდენიმე მათგანის წლოვანება ზუსტად ემთხვევა სპორტსმენის ასაკს, გარდა ამისა, რამდენიმე პროფაილში მისი სპორტული მიღწევებიც არის შეტანილი. თუმცა, ეს ფაქტები ნამდვილად არ გამოდგება იმის დასტურად, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის ჩამდენი ცოცხალია.

ყველაზე გავრცელებული ვერსიით კი, ნამგალაური 1991 წელს ციხიდან  იაპონიაში  გააპარეს და ამჟამადაც იქ ცხოვრობს.

თამაზ ნამგალაურისა და მისი საიდუმლოებებით მოცული საქმის შესახებ ამ დრომდე არ წყდება საუბარი. საინტერესოა, რეალურად რა მოხდა? ნამდვილად იყო თუ არა ეს ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული? იყო თუ არა ჩარეული ე.წ. სპორტული მაფია? ნამდვილად დასაჯეს თუ არა სპორტსმენი სიკვდილით? ფაქტია, რომ ამ დრომდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიოსამართალი

ყოფილი პრეზიდენტის ყალბი წამალი, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა 

ადამიანის უფლებების დარღვევის უდიდესი სკანდალი – ასე აფასებს ორგანიზაცია ,,Aids-Free World-ი” დანაშაულს, რომელშიც ბრალს გამბიის ყოფილ პრეზიდენტს, იაჰია ჯამეჰს დებენ.

ჯამეჰი, რომელმაც ქვეყანა ოცწლიანი მმართველობის შემდეგ ორი წლის წინ დატოვა, უამრავ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ერთ-ერთი უცნაური ბრალდება ისაა, რომ ჯამეჰი აივ-ინფეცირებულ ათასობით ადამიანს აიძულებდა, თავის მიერ შექმნილი მცენარეული ნაყენით ემკურნალათ.

„მკურნალობის“  შედეგად გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი უცნობია.

2007 წელს ჯამეჰმა განაცხადა, რომ მან მცენარეული მედიცინისა და სულიერი სამკურნალო საშუალებების ტექნოლოგიის გამოყენებით შიდსის სამკურნალო მიქსტურა შექმნა, რომელსაც შედეგი მხოლოდ ორშაბათობით და ხუთშაბათობით ჰქონდა.

გასაკვირი არაა, რომ „გამოგონება“ მსოფლიო ჯანდაცვის ლიდერებმა სახიფათოდ აღიარეს, თუმცა გამბიაში იმის გაბედვა, რომ პრეზიდენტის სამკურნალო მიქსტურა სისულელე იყო, საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავდა.

სამკურნალო ცდებს პრეზიდენტის კლინიკაში ატარებდნენ, ყოველ დილით პრეზიდენტი პაციენტებს სხეულზე მწვანე პასტას უსვამდა, პარალელურად ყურანიდან ლოცვებს კითხულობდა. პაციენტებს დღეში ორჯერ ბოთლიდან მწვანე ფერის გაურკვეველი სითხე უნდა დაელიათ.  ჯამეჰი არავის ეუბნებოდა, რა სითხე იყო ეს. მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომ თუკი შიდსის განკურნებას რეალურად შეძლებდა, გამბიას მდიდარ ქვეყნად აქცევდა.

პრეზიდენტის ერთ-ერთი ყოფილი „პაციენტი“ – ლამის სიზი იხსენებს, რომ მას კლინიკაში დიარეა დაემართა, გარდა ამისა, სხვა პაციენტისგან ტუბერკულოზი შეეყარა და ისე დასუსტდა, რომ მისი შესაბამის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ტესტებმა აჩვენა, რომ შიდსის ვირუსული დატვირთვა მომატებული იყო და ის კვლავ პრეზიდენტის კლინიკაში „სამკურნალოდ“ დააბრუნეს.

სიზი იმ იღბლიანთა შორის იყო, რომლებიც გადარჩნენ. მისი მეუღლე, რომელიც ასევე აივ-დადებითი იყო და რომელიც გაურკვეველი მცენარეული პროგრამის მონაწილე იყო, გარდაიცვალა. ლამის სიზი აცხადებს, რომ პაციენტთა უმრავლესობა პროგრამის მიმდინარეობისას გარდაიცვალა.

პაციენტებს აიძულებდნენ, სახელმწფო ტელევიზიით პროგრამის წარმატებულობაზე ესაუბრათ. მათ შორის იყო ოსმან სოუ. მას სამედიცინო განათლება ბრიტანეთში ჰქონდა მიღებული. იმისათვის რომ პროგრამისთვის მეტი სერიოზულობა მიენიჭებინა, ჯამეჰმა სოუ პრეს სპიკერად დანიშნა. ის უცხოურ პრესასთან პროგრამის ეფექტურობაზე საუბრობდა.

„როგორც სამედიცინო განათლების მქონე პირმა, კარგად ვიცოდი, რა ნაგავიც იყო, თუმცა საწინააღმდეგოს თქმის უფლება არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები იღუპებოდნენ,“ – აცხადებს სოუ BBC-თან საუბარში.

როგორც ცნობილია, პროგრამაში სულ 9,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან კლინიკის ყველა ჩანაწერი და ანკეტა გასაიდუმლოებული იყო.   

სოუ და სხვა გადარჩენილი პაციენტები Aids-Free World-ში მუშაობენ, ეს გახლავთ აშშ-ის კამპანიის ჯგუფი, რომელსაც სურს ჯამეჰისთვის ბრალის წაყენება. Aids-Free World-ი აცხადებს, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი ადამიანის უფლებების დარღვევის სკანდალი, რომელიც გამბიის ყოფილი ლიდერთანაა დაკავშირებული.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასამართალიტექნოლოგიები

სისხლის წვეთის გამოყენებით დიაგნოზის დასმის მეთოდის გამომგონებელს 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, Theranos-ის დამფუძნებელ ელიზაბეტ ჰოლმსს 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გარდა ამისა, ჰოლმსმა ინვესტორებს 121 მილიონი დოლარის ოდენობის ზიანი უნდა აუნაზღაუროს. ჰოლმსი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2023 წლის 27 აპრილს უნდა გამოცხადდეს, მისი ადვოკატები კი აცხადებენ, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ.

მიმდინარე წლის იანვარში ნაფიცმა მსაჯულებმა ჰოლმსი ბრალდების 11 პუნქტიდან 4-ში დამნაშავედ ცნეს. პროკურატურა 15-წლიან პატიმრობას და 800-მილიონიანი ზარალის ანაზღაურებას, დაცვის მხარე კი სასჯელის სახით 18-თვიან შინაპატიმრობას და საზოგადოებრივ სამუშაოებს ითხოვდა.

ჰოლმსმა Theranos-ი 2003 წელს, 19 წლისამ დააარსა. მან პირობა დადო, რომ შექმნის მოწყობილობას, რომელიც ადამიანის სისხლის წვეთის გამოყენებით პაციენტს დიაგნოზს დაუსვამდა. ქალი ამტკიცებდა, რომ ტექნოლოგია თავად მოიგონა. მას უამრავი ინვესტორი ჰყავდა , რომელთა დახმარებით ჰოლმსი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქალი-მილიარდერი გახდა.

2015 წელს The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლითაც გაირკვა, რომ Theranos-ის მოწყობილობა ფიქციაა, კომპანია კი სისხლის ანალიზებს სხვა კომპანიების აპარატურაზე ატარებს. 2018 წელს Theranos-ი დაიხურა, 2021 წელს კი ჰოლმსს სასამართლოში უჩივლეს.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოსამართალიფსიქოლოგია

რატომ არიან მასობრივი მკვლელების 98% კაცები?

როდესაც მასობრივი მკვლელობები ხდება, 98 %-ია იმის შანსი, რომ დამნაშავე მამრობითი სქესის წარმომადგენელი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ რთულია მასობრივი მკვლელის კატეგორიაზაცია, რადგან კონკრეტული ინდივიდის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა, რასა და ასაკი დიდ როლს ასრულებს, მკვლევარებს დარწმუნებით შეუძლიათ განაცხადონ, რომ მასობრივი მკლელი თითქმის ყოველთვის იქნება კაცი.  ,,THE TIMES-მა“ გამოაქვეყნა კვლევა, სადავ აღნიშნულია, რომ მასობრივი მკლელობები, სხვა ძალადობრივი ქმედებებისგან განსხვავებით, მამრობითი სქესით დომინირებული ფენომენია, შემთხვევათა 98 %-ში დამნაშავე მამაკაცია.

ქალები აშშ-ში მომხდარ მკვლელობათა მხოლოდ 10-13 %-ში არიან ეჭვმიტანილნი. ამასთან, ამ შემთხვევებში, იშვიათადაა გამოყენებული ცივი იარაღი. უპირატესობა ენიჭება საწამლავის ან ცეცხლის გამოყენებას.

„ქალების მასმკლელობებში მონაწილეობა იმდენად იშვიათია, რომ ეს ფენომენი საკმარისად შესწავლილი არ არის“- აცხადებს ჯეიმს გარბარინო, ადამიანის განვითარებისა და ძალადობის მკვლევარი.

ამ განსხვავების მიზეზი მრავალგვარია და შეიძლება ვეძიოთ ევოლუციაში, ბიოლოგიასა და კულტურულ პროცესებში.

ევოლუციური ახსნა მოიაზრებს, რომ კაცობრიობის განვითარების მანძილზე, ტიპურად, მამრობითი სქესი აგრესიასა და ძალას იყენებდა საკუთარი სოციალური სტატუსის გასამყარებლად. (საპირისპირო სქესის მოხიბვლა, კონკურენტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ა.შ.) ეს შეხედულება დროთა განმავლობაში კულტურაშიც ჩაინერგა. ზემოთ აღნიშნული განსაკუთრებით რელევანტურია სკოლაში განხორციელებულ მასობრივი სროლებისთვის: ახალგაზრდა მამაკაცები და მოზარდი ბიჭები უფრო მეტად განიცდიან იმედგაცრუებას, სოციალური ჯგუფებიდან გარიყულობასა და ზოგჯერ დამცირებასაც. საპასუხო რეაქცია ძალადობრივი ქმედებებია, რომელიც, დამნაშავის აღქმით, მასკულინობასა და სიმამაცესთანაა დაკავშირებული – ამტკიცებს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სოციოლოგი.

ბიოლოგიურ ფაქტორებში მოიაზრება ადამიანში ე.წ MAOA-ს გენის ვარიაცია, რომელიც მყარი საფუძველი ხდება მამაკაცის კრიმინალად ჩამოყალიბებისთვის, თუკი მას თან ახლავს ნარკოტიკდამოკიდებულება ან დაჩაგვრის, დამცირების ეპიზოდები ბავშვობაში.

კულტურული ფაქტორები, როგორიცაა – ძალადობრივი სპორტი, ვიდეოთამაშები და სხვა, გავლენას ახდენს მამაკაცებში აგრესიის დონეზე. კვლევებით დასტურდება, ასევე, სექსუალური ფაქტორების ზეგავლენა.

წყარო: thescienceexplorer

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ანალიტიკაეკონომიკაკვლევებიმსოფლიოსამართალისოციოლოგია

რამდენ მოგებას აკარგვინებს მსოფლიო ეკონომიკას ქალისა და მამაკაცის ანაზღაურებას შორის სხვაობა

მსოფლიო ბანკის მიერ 141 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მამაკაცსა და ქალს შორის სამუშაო ანაზღაურებას შორის განსხვავების გამო, მსოფლიო ეკონომიკა დიდ ზარალს განიცდის. იგივე მკლევარების შეფასებით, გენდერული თანასწორობა შრომის ანაზღაურების სფეროში, დამატებით 160 ტრილიონი დოლარის დოვლათს შექნის  მსოფლიო ეკონომიკისთვის.

,,თანაბარი ანაზღაურება და სამუშაო საათები გაზრდის არა მხოლოდ წლიურ შემოსავალს ინდივიდუალურ დონეზე, არამედ ისეთი პრობლემების აღმოფხვრაშიც დაგვეხმარება, როგორიცაა ბავშვთა სიკვდილიანობა არასაკმარისი საკვების გამო“, – აღნიშნულია კვლევის ანგარიშში.

მკლევართა შეხედულებით, სახელმწიფოები თავიანთი შემოსავლის საშუალოდ 14 %-ს კარგავენ მხოლოდ გენდერული უთანასწორობის გამო. „141  ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველა ქვეყანაში, ქალები უფრო ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე კაცები, ამიტომაც, ჩვენ გამოვითვალეთ თუ რა რაოდენობის თანხა დაემატებოდა მსოფლიო ეკონომიკას ანაზღაურება და სამუშაო საათები ორივე სქესისთვის იდენტური რომ ყოფილიყო“. – აცხადებს მსოფლიო ბანკის ეკონომისტი კუენტინ ვოდონი.

მთავარი დასკვნა აღნიშნული კვლევისა არის ის, რომ თანაბარი შრომის პირობებისა და ანაზღაურების შექმნით, მოგებული დარჩებიან არა მხოლოდ ქალები, არამედ, ზოგადად, საზოგადოება, რადგან მაღალი ცხოვრების სტანდარტი ნიშნავს ნაკლებ სიღარიბეს ოჯახში  რაც ეროვნულ დონეზეც უკეთეს მაჩვენებელს უდრის.

 ჩრდილოეთი ამერიკა და ევროპის ქვეყნები სიის სათავეში არიან გენდერული უთანასწორობით გამოწვეული ფინანსური დანაკარგების კუთხით. ეს თანხა 40 ტრილიონი დოლარიდან 50 ტრილიონ დოლარამდე მერყეობს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეგიონის ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობას მაღალი ან საშუალო შემოსავლის დონე აქვთ, დანაკარგებიც ერთ ერთეულზე უფრო მეტია.

მკლევარების განცხადებით, „აღნიშნული დასკვნა კიდევ უფრო ნათელს ხდის ფაქტს, რომ მსოფლიო ლიდერებმა აქტიურად უნდა დაიწყონ ამ საკითხის განხილვა და ისეთი პოლიტიკის ინიცირება და დაფინანსება, რომელიც ხელს შეუწყობს ქალებს დასაქმებასა თანაბარი ანაზღაურების მიღებაში“.

წყარო: The Guardian

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასამართალი

როგორ დავიცვათ საკუთარი გამოგონება

ჩვენ გარშემო ბევრი შემოქმედებითი ნიჭით დაჭიდლოვებული ადამიანი ცხოვრობს . ისინი ქმნიან მნიშვნელოვან გამოგონებებს, გვიზიარებენ მათ და ჩვენ ცხოვრებას ამარტივებენ. თუმცა ბევრმა შეიძლება არც კი იცოდეს იმ რისკებისა და გამოწვევების შესახებ, რომელიც საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით არსებობს.

ინტელექტუალური საკუთრება არის ყველაფერი რაც ადამიანის გონებრივ შრომასთან არის დაკავშირებული და მოიცავს ლიტერატურას, ხელოვნების დარგებსა და მეცნიერებას. მისი დაცვა მნიშვნელოვან საქმეს წარმოადგენს, იმისთვის რომ მეტად ვფლობდეთ ინფორმაციას და მეტად შეგვეძლოს საკუთარი ქმნილების დაცვა, გარკვეული წესებისა და პროცედურების დაცვაა აუცილებელი. სწორედ ამის შესახებ ესაუბრა doctrina-ს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ანა დალაქიშვილი .

„-რომ განვმარტოთ დამწყები შემოქმედებისთვის რას ნიშნავს დაპატენტება და რა ძირითად პროცედურებს მოიცავს ეს პროცესი ?

ზოგადად ყველა ადამიანი თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში შრომობს ინტელექტუალურად და შესაბამისად ქმნის ინტელექტუალური შრომის შედეგებს, რომელიც გარდაიქმნება მის საკუთრებად, ვინაიდან ის ხარჯავს გარკვეულ გონებრივ თუ ფინანსურ რესურსს ამა თუ იმ ნაწარმოების, გამოგონების, სასქონლო ნიშნის თუ დიზაინის შექმნისთვის. ამიტომ, იმისთვის რომ მას ჰქონდეს სტიმული შექმნას რაღაც ახალი, უნდა იცოდეს რომ მისი შრომის შედეგი იქნება დაცული და მესამე პირი, სხვა ადამიანი, მისგან ნებართვის აღების გარეშე ვერ შეძლებს მის მიერ შექმნილი პროდუქტის გამოყენებას.

ინტელექტუალური საკუთრება იყოფა რამდენიმე ობიექტად: სასაქონლო ნიშანი, პატენტი, საავტორო უფლება, ცხოველის და მცენარის ახალი ჯიში, გეოგრაფიული აღნიშვნა, დიზაინი. ტერმინი – პატენტი გამოიყენება გამოგონებებთან მიმართებით. როდესაც ადამიანი  შექმნის გამოგონებას, ეს გამოგონება შესაძლებელია დააპატენტოს. პატენტი ეს არის დოკუმენტი, რომელიც გაიცემა გამოგონებაზე, და გამოგონების მფლობელს აძლევს ექსკლუზიურ უფლებას რომ აკრძალოს მესამე პირების მიერ მის მიერ შექმნილი გამოგონების გამოყენება მისი ნებართვის გარეშე. ტერმინი „დაპატენტება“ გამოიყენება მხოლოდ გამოგონებაზე. დანარჩენ ობიექტებზე გამოვიყენებთ ტერმინებს – რეგისტრაცია ან დაცვა.

რაც შეეხება დაპატენტების პროცედურებს. გამომგონებელმა განაცხადი უნდა წარადგინოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“, სადაც ტარდება ექსპერტიზა გამოგონებაზე, თუ რამდენად შეიძლება გამოგონებაზე გაიცეს პატენტი, ვინაიდან პატენტის მოპოვებასაც თავისი პირობები აქვს. მაგალითად, გამოგონებას უნდა ჰქონდეს სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა. ექსპერტიზის შემდეგ, ექსპერტი მიიღებს გადაწყვეტილებას უნდა მოხდეს თუ არა გამოგონების დაპატენტება და პატენტის გაცემა. თუ პატენტი გაიცემა, ეს დოკუმენტი მისცემს გამოგონების მფლობელს საშუალებას, რომ მესამე პირს აეკრძალოს მისი გამოგონების უნებართვოდ გამოყენება.

-რატომ არის მნიშვნელოვანი ნამუშევრის დაცვა ?

როგორც უკვე აღვნიშნე, ნამუშევრის დაცვა მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც არ მოხდეს მისი გამოყენება მესამე პირის მიერ არამართლზომიერად. როდესაც შექმნით ნაწარმოებს, დახატავთ ნახატს, გადაიღებთ ფოტოს, ან შექმნით მუსიკალურ კომპოზიციას, თქვენ ამ ნაწამოებებზე საავტორო უფლება წარმოგეშვებათ მისი შექმნის მომენტიდან და ეს ფაქტი არ საჭიროებს რაიმე სახის რეგისტრაციას. საავტორო უფლების მფლობელს შეუძლია მესამე პირს აუკრძალოს თავისი ნამუშევრის გამოყენება მისი ნებართვის გარეშე, შესაბამისად კი, ნებართვის გაცემაში მიიღოს გარკვეული სახის შემოსავალი.

-რა სირთულეები არსებობს და გამოწვევები ჩვენს ქვეყანაში საავტორო     უფლებების დაცვის კუთხით?

ზოგადად საავტორო უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევები მსოფლიოში ძალიან აქტუალურია, ვინაიდან ციფრულმა ტექნოლოგიებმა და ინტერნეტის გამოყენებამ კიდევ უფრო მარტივი გახადა უნებართვოდ სხვისი ნაწარმოების – მუსიკალური ნაწარმოების, ფოტო სურათების და ა.შ. გამოყენება. მთავარი გამოწვევა არის ის რომ ხშირად, ადამიანები გაუთვითცნობიერებლად არღვევენ სხვის საავტორო უფლებებს, არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, რომ აუცილებელია მიუთითონ ავტორის სახელი ან ნებართვა აიღონ ავტორისგან ნაწარმოების გამოყენების დროს. თვითონ ავტორებსაც ხშირად არ აქვთ ინფორმაცია, რომ შეუძლიათ თავიანთი შემოქმედება დაიცვან, რომ ეს მათი საკუთრებაა და რომ შეუძლიათ გარკვეული სახის შემოსავლის მიღება მათი უფლებების კომერციალიზაციიდან. შესაბამისად, ძირითადი გამოწვევა მაინც საავტორო უფლებების დარღვევაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის უქონლობით არის გამოწვეული.

 

-თქვენი აზრით, რამდენად მაღალია ინფორმირებულობის დონე ამ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში და რა უნდა გაკეთდეს მის გასაუმჯობესებლად ?

მნიშნველოვანია დარგში ცოდნის გადაცემა და ინფორმაციის გავრცელება. საქპატენტის სასწავლო ცენტრი ამ მიმართულების აქტიურად თანამშრომლობს არაერთ ორგანიზაციასთან და საჭიროებებზე მორგებულ სემინარებსა თუ ტრენინგებს შეიმუშავებს. მნიშვნელოვანია რომ ის წრე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მაგალითად, ფოტოგრაფები, მწერლები, დიზაინერები, მასწავლებლები, სასაქონლო ნიშნის მფლობელები, კომპნიის იურისტები, სტუდენტები, სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებლები ინფორმირებულები იყვნენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებზე.

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებასთან გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტი „კრექტიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“. „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“ EUGIPP-ის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს სასკოლო გაკვეთილებში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული კონცეფციისა და მთავარი მიმართულებების დანერგვას მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი მასალებისა და აქტივობების გამოყენებით, ასევე, მასწავლებლებისთვის ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის გაცნობას და ინტელექტუალურ საკუთრებაზე გაკვეთილის გეგმის შედგენას.

გვაქვს ასევე პროექტი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიასთან (WIPO) – „IP4Youth&teachers“ – პროექტის მიზანია, ინტელექტუალური საკუთრების დარგის სწავლებით დაინტერესებული პირების, მათ შორის, მასწავლებლების, სტუდენტების, დარგის პროფესიონალების გადამზადება.

 

-თქვენი აზრით, რამდენად უნდა ისწავლებოდეს სკოლაში ინტელექტუალური საკუთრების საკითხები და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ თემების ცოდნა მომავალი თაობებისთვის ?

ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლება და დარგის ძირითადი მიმართულებების ინტეგრირება საბაზისო განათლების სისტემაში, სფეროს განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. როდესაც ადამიანი, სკოლის ასაკიდან აანალიზებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მნიშვნელობას და მათი დაცვის შედეგებს, რა თქმა უნდა ის მომართულია კიდევ უფრო კრეატიული აზროვნებისკენ, ვინაიდან იცის, რომ მისი ინტელექტუალური შრომის შედეგი დაცული იქნება და ამით ის შეძლებს მომავალში შემოსავლის მიღებას, რაც განავითარებს მოსწავლეებში კრეატიული აზროვნების სტიმულის ზრდას და კიდევ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტის შექმნას. „

როგორც პაბლო პიკასო წერდა „ ყველა ბავშვი მხატვარია. ძნელი ისაა, დიდობაშიც მხატვრად დარჩე „ – ასე რომ  განავითარეთ თქვენში არსებული გამომგონებლები, მეცნიერები, ხელოვანები და ნურც ის დაგავიწყდებათ რომ გონებრივი შრომით შექმნილს გაფრთხილება სჭირდება .

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
სამართალისაქართველო

NETFLIX-ის სცენარისტმა აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, აშშ-ში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა შედგა.

მწარიაშვილი ამბობს, რომ პროცესზე, რომელსაც ქართული მხარე დისტანციურად დაესწრო, სერიალ ლაზიერის გამბიტის სცენარისტი და პროდიუსერი, ფრენკ სკოტი გამოიკითხა.

ნეტფლიქსმა დაცვის მხარეს უარი უთხრა რუსი მოჭადრაკის, გარი კასპაროვის გამოკითხვაზე და მხოლოდ სცენარისტის მიერ ჩვენების მიცემას დათანხმდა.

ადვოკატის თქმით, “სკოტი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ იცოდა სიმართლე ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ, რაც ადასტურებს ნეტფლიქსის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას“.

ნეტფლიქსის შუამდგომლობაში არის ის ხაზიც, რომ ლაზიერის გამბიტი არის გამოგონილი და შეუძლიათ, ამით იხელმძღვანელონ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ამის საწინააღმდეგო არგუმენტები. 

გამოკითხვაზე ძალიან აირია ფრენკ სკოტი, უმრავლესი კითხვის პასუხად ამბობდა, რომ არ ახსოვს. გამოკითხვის პროცესში აქტიურად ერეოდნენ მისი ადვოკატები, ხან კონსულტაცია უნდოდათ, ხან კითხვის აცილება. 

მან თქვა, რომ იცოდა, რომ ნონა გაფრინდაშვილი იყო რეალური ადამიანი. ჯერ თქვა, არ ვიცი, როდის გავიგეო. მერე თქვა, ვიღაცამ მითხრა, რომ რეალური ადამიანი იყოო. აირია ამ საკითხში. ჩვენ მის ამ გამოკითხვას საჩვენოდ ვიყენებთ”. – ამბობს მაია მწარიაშვილი.

მისივე თქმით, სასამართლოს ნეტფლიქსმა საკუთარი საპასუხო შუამდგომლობა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კომპანია არ მიიჩნევს, რომ ნონა გაფრინდაშვილის პროფესიული მიღწევები და საქმიანი რეპუტაცია დააზიანა.

ხოლო არგუმენტები, მწარიაშვილის განცხადებით, დროში უზუსტობამდე, დროში აცდენამდე არის დაყვანილი.

“თუ მაინცდამაინც რამე შეგვეშალა, არის ის, რომ დროში რამდენიმე წლით ავცდითო. – ამბობს ადვოკატი.

მწარიაშვილმა თქვა ისიც, რომ NETFLIX-მა დავის შეწყვეტაზე იშუამდგომლა.

საქმეზე – ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსის წინააღმდეგ – მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი ზეპირ მოსმენას 24 იანვარს გამართავს, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება კი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ნონა გაფრინდაშვილმა ამერიკულ კომპანია NETFLIX-ს სექტემბერში უჩივლა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ ლაზიერის გამბიტის (The Queen’s Gambit) ფილანურ ეპიზოდში ნათქვამ წინადადებას ეხება.

სერიალში ვისმენთ:

ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ფილმის მთავარი გმირის] შემთხვევაში მისი სქესია. თუმცა, ის რუსეთშიერთადერთი არ არის. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია კაც მოჭადრაკეებს“.

ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მიხედვით, “ნეტფლიქსმა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზეზით, რათა გაეზარდა დრამა და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არცერთ ქალს, მათ შორის, ნონა გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია”.

სარჩელში წერია, რომ 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია ლაზიერის გამბიტის ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები, სულ მცირე, 59 კაც მოჭადრაკესთან, მათ შორის 10 დიდოსტატთან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიასამართალი

ავსტრალიაში დააკავეს მოზარდები, რომელთაც 14 კენგურუ ცემით მოკლეს

ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსში, 14 მოკლული კენგურუ იპოვეს. საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს, – ამის შესახებ BBC წერს.

მოკლულთა შორის ორი პატარა კენგურუც იყო. ერთი ნაცემი ახალშობილი ცხოველი, მეორე დღეს, ადგილობრივმა იპოვა.

დაკავებულებს ბრალი ცხოველთა სასტიკად ცემისა და დახოცვისთვის წაუყენეს. საქმეს სასამართლო ნოემბერში განიხილავს.

ახალი სამხრეთ უელსის კანონმდებლობით, ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობა 5 წლამდე პატიმრობასა და 22 ათასი ავსტრალიური დოლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
სამართალისაქართველო

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სასამართლოში უჩივის

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს უჩივის. ინფორმაციას Sportline.ge ავრცელებს. 80 წლის დიდოსტატმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

საქმე ეხება მინისერიალ „დედოფლის გამბიტს“, სადაც ნახსენებია, რომ ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც ქალი მოჭადრაკეა მამაკაცებს არ დაპირსპირებია.

სინამდვილეში კი რა პერიოდსაც ეს ფილმი მოგვითხობს, ამ დროისთვის ლეგენდარულ დიდოსტატს 25 მამაკაცი ჰყავდა დამარცხებული, ამასთან, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ტურნირში, სადაც 7 მამაკაცი მოჭადრაკე დაამარცხა და ჩემპიონიც გახდა. გამოდის, რომ ჯამში გაფრინდაშვილს ამ პერიოდში 32 მამაკაცი მოჭადრაკე ჰყავს დამარცხებული.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 80 წლის დიდოსტატმა მცირე კომენტარიც გააკეთა.

„ისინი ცდილობდნენ შეექმნათ ეს გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც სხვა ქალებს მაგალითს აძლევდა, რეალურად კი მე უკვე გავხდი სხვა ქალებისთვის სამაგალითო პიროვნება, ეს არის ირონია, ეს არის მთელი ჩემი ცხოვრება, რომელიც თითქოს გადაწერილია.

სარჩელის მიღებას 1 წელი დასჭირდა, ისინი მე ისე მიყურებდნენ როგორც პატარა, მოკლე, ახალგაზრდა გოგოს, მე კი ყოველთვის ვამბობ ჩემს სათქმელს. ეს უკვე ჩემი მემკვიდრეობის ნაწილია, რომ მოჭადრაკე ქალები მიიღებიან როგორც დიდოსტატები და ისინი გახდებიან კიდევაც. ეს არის იმ ბრძოლის უდიდესი ნაწილი, რომელიც მე დავიწყე და რომელსაც ახლაც ვაგრძელებ.

ბევრ რამეს არ შეუძლია, რომ ემოციური ზიანი მომაყენოს, მაგრამ ჩემთვის ეს გასაკვირი და დამამცირებელი იყო, – განმარტავს ნონა გაფრინდაშვილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
სამართალისაქართველო

ბრალეულობის დადგენის გარეშე თანამშრომელს დანაკლისის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვენ – ცვლილება

შრომის ინსპექციამ სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება აკრძალა .

დირექტივის მიხედვით, თუკი დასაქმებული კვლავ გამოიყენებს ზიანის ანაზღაურების ძველებურ მიდგომას, ამაზე შრომის ინსპექცია რეაგირებას მოახდენს.

ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს.

„ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ შემთხვევებში, სხვადასხვა ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესში არსებული ჩანაწერების მიხედვით, ყველა დასაქმებული დამსაქმებლისათვის მიყენებულ ზიანზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას იღებდა. დასაქმებული ვალდებული იყო აენაზღაურებინა დანაკლისი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ვერ დგინდებოდა პროდუქციის თუ თანხის დანაკლისის მიზეზი.

ასევე, დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო ერთ-ერთი დასაქმებულის მხრიდან არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო პასუხისმგებლობა გაევრცელებინა სხვა დასაქმებულებზეც. სხვადასხვა შემთხვევაში, დასაქმებულს კაბალური პირობების დაკმაყოფილება და პასუხისმგებლობის კერძო საკუთრებით – უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფაც უხდებოდა.

ზემოთ ჩამოთვლილთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურმა დაასკვნა, რომ იმ შემთხვევაში, როცა კომპანიის მიერ არ არის ცნობილი ზიანის მიმყენებელი კონკრეტული დასაქმებულის ვინაობა, მატერიალური პასუხისმგებლობის კოლექტიურად გადანაწილება სცდება კანონით დადგენილ დასაქმებულთა პასუხისმგებლობის შრომის კოდექსით დადგენილ ფარგლებს.

კომპანიაში მოქმედი „კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ“ ხელშეკრულებები მკვეთრად აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას და ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კანონმდებლობას. შესაბამისად, კომპანია ვალდებულია თანამშრომელთა პასუხისმგებლობის სახეები განსაზღვროს ინდივიდუალურად“, – განმარტავენ შრომის ინსპექციის სამსახურში.

წყარო : bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 7
Page 1 of 7