close
ფსიქოლოგია

რა უნდა იცოდეს მშობელმა ტინეიჯერი შვილის შესახებ?

   ადამიანის ბუნების გაგება უზარმაზარი ამოცანაა. მშობლებს ყოველთვის სურთ მყისიერად შეიცნონ, თუ რა განაპირობებს მცირეწლოვანის ქცევის თავისებურებას. ზრდასრულ პიროვნებას უნდა ჰქონდეს მზაობა იმისა, რომ გადალახოს ნებისმიერი სირთულის ბარიერი, რათა შვილთან შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობა. ადამიანი რამდენჯერმე იბადება თავისი ცხოვრების განმავლობაში სამი წლის ასაკში, როდესაც მეობის ფენომენი ყალიბდება და გარდამავალ ასაკში, როდესაც ხდება ხასიათის გარდასახვა. ზოგიერთი  მეტად მტკინვეულად აღიქვამს მოზარდის ამ პერიოდს. ეს სიტყვა თავად გვეუბნება და თითქოს გვამშვიდებს, რომ საგანგაშო არაფერია,  მდგომარეობა დროებითია და თანდათანობით გაივლის.  საყურადღებო ისაა, რომ მშობელმა სწორი მიდგომის პრინციპი უნდა შეიმუშავოს და გაგებით მოეკიდოს იმ დამახასიათებელ ნიშნებს, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს მოზარდის ცხოვრებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხით მხოლოდ ერთი მხარე არ იყოს დაინტერესებული, ვინაიდან მშობლობა იზოლირებულად არ არსებობს. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ორივე მათგანმა, რადგან შეთანხმებულობის პერიოდში გაცილებით იოლი და შედეგიანია ურთიერთობა ტინეიჯერთან.

შვილის გარდამავალი ასაკის დროს, მშობლები გვერდს უვლიან ძირეულ საკითხებს, ჰგონიათ, რომ ბავშვი მათ მიმართ უარყოფითი გრძნობებით არის აღსავსე და ამის გამო თავს უცხოდ გრძნობენ. ეს ჰიპოთეზა პანიკის ფონზე ჩნდება და აცდენილია რეალობას, ვინაიდან  ახალგაზრდების მხრიდან არაგულთბილობა ამ ეტაპისათვის დამახასიათებელი ნიშანია. ამ მცდარი ვერსიის დაჯერების შემდეგ, იწყებენ ბრძოლას შვილთან, რადგან ფიქრობენ, რომ სხვაგვარად მოზარდი არასწორ გზას აირჩევს. რეალურად ნაკლებსავარაუდოა, რომ ამ ასაკში ახალგზარდამ გააზრებულად იმოქმედოს. მოგეხსენებათ, ასეთ პერიოდში ისინი ძალიან იმპულსურები და ცვალებადი ხასიათის მქონენნი არიან. მათ დროებით გატაცებას მტკიცე არჩევანს ვერ ვუწოდებთ, სწორედ ასეთი არამდგრადობაა დამახასიათებელი ტინეიჯერებისათვის.

არსებობს მოზარდთა სამი კატეგორია: 1) როდესაც ახალგაზრდას არ აქვს პრობლემები მოწიფულობის პერიოდში;

2) აქვს, მაგრამ არ გამოხატავს, შინაგანად აპროტესტებს;

3) ღიად გამოხატავს თავის პოზიციას, რაც კომუნიკაციის ფაზად მიიჩნევა. ასეთი ადამიანები ძლიერთა კატეგორიას მიეკუთვნებიან.

თითოეული პიროვნება თავისი უნიკალურობით გამოირჩევა და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველა ერთნაირად არ გადის ამ სტადიას. პიროვნების ფორმირება თითოეულ მოზარდში განსხვავებულად მიმდინარეობს. ჩვენ გვსმენია ან შევსწრებილვართ სიტუაციას, როდესაც მშობელი შვილს ადარებს მეორე თანატოლს და მოსთხოვს ისეთ ქცევას, როგორიც სხვა ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, ამით კი  უარყოფს შვილის პიროვნულ თვისებებს. ეს ძალიან მტკინვეულად აისახება მოზარდზე და მშობლის მიმართ  უარყოფითად განაწყობს მას. ამ ყველაფერს, რომ თავი ავარიდოთ პატივი უნდა ვცეთ მოზარდის თვისებებს, აზრებსა და ხასიათს. მივიღოთ ისეთი, როგორიც არის და ნუ მოვთხოვთ სხვას მიბაძოს და დაივიწყოს საკუთარი ინტერესები.  არამედ ვეცადოთ სწორი არჩევანის გაკეთებაში მოკრძალებით დავეხმაროთ და მის ინდივიდუალიზმს უხეშად არ შევეხოთ. ამ ასაკის დროს ახალგაზრდებში აგრესია მატულობს  და ემოციებს  თავისებურად გამოხატავენ ხოლმე, მაგრამ ეს სულაც არაა საბაბი იმისა, რომ დედ-მამამ ეჭვი შეიტანოს შვილის მათ მიმართ სიყვარულში. ხასიათის ფორმირებისა და ცვალებადობის გამო ეს უნებურად ხდება და თვითკონტროლი ნაკლებად შესაძლებელია. ვინაიდან თვრამეტ წლამდე შუბლის წილში ემოციების შეკავების ზონა არასრულფასოვნადაა განვითარებული და ამიტომაც მათ არ შეუძლიათ ემოციების აბსოლუტური გაკონტროლება. მშობელმა  კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და მოთმინებით აღიჭურვოს. მოზარდებს უმეტესწილად განსხვავებული შეხედულებები აქვთ ამა თუ იმ მოვლენებსა და საკითხებზე. გარდამავალი ასაკის გავლის შემდგომ, შესაძლოა სხვაგვარად დაიწყონ მსჯელობა, მაგრამ ამ დროს კონსენსუსი ძნელად მისაღწევია. ეს შემაშფოთებელი ხდება  ზრდასრულთათთვის და ჰგონიათ, რომ ყველაფერი ცუდ შედეგამდე მიდის. სწორედ ამას მოჰყვება ბრძოლა ახალ თაობასთან. მშობელი, როგორც წესი ცდილობს მოზარდს პოზიცია შეაცვლევინოს და ამას არაჯანსაღი ხერხით აკეთებს, მაგალითად, ტონის აწევით, დასჯით, მუქარით და ა.შ. ეს ყოვლად გაუმართლებელი და არასწორი არჩევანია, რადგან ამგვარ მიდგომას კარჩაკეტილობა და თვითიზოლაცია მოჰყვება, რაც ურთიერთდამოკიდებულებას უფრო მეტად ართულებს. მოზარდი თავის სამყაროში იკეტება და ოჯახის წევრთან კომუნიკაციას გაურბის. მიიჩნევს, რომ საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ამას მოსდევს განრისხება მშობლის მხრიდან და შესაბამისად თავს არიდებს  გულახდილობას. თვითიზოლაციის უკან დგას ეგოს აღმოჩენის სურვილი და ეგოცენტრიზმი. გარდამავალი ასაკის დროს, ახალგაზრდას ჰგონია, რომ ქვეყნიერების ცენტრშია და გატაცებულია ამ განცდით. რაც ეგოიზმისა და ინდივიდუალიზმის გამოვლენის უკიდურესი ფორმაა. საკმარისია მშობელმა ცხოვრებას მოზარდის თვალით შეხედოს და კარგად ეცადოს გარკვევას მათ იმჟამინდელ ცნობიერებაში და უსათუოდ ნათელი გახდება, თუ რაოდენ რთული პროცესები მიმდინარეობს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით.

თვითდამკვიდრების პერიოდში მათ სჭირდებათ დამოუკიდებლობა ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში და თანატოლთა წრეში. ეს მათი ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომლის დაკმაყოფილებაში მშობელი უნდა დაეხმაროს. მიანიჭოს ავტონომიურობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დედ-მამა შვილს ენდობოდეს. მოზარდის ქმედებებს ეჭვის თვალით არ უყურებდნენ და შეცდომების ძიებაში არ იყვნენ.  ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანი ბავშვური ასაკიდან ზრდასრულობის ხანაში გადადის, რაც მე-ს განვითარებას გულისხმობს. ამ დროს მშობელი მოზარდს უნდა მოეპყროს  ისე, როგორც ზრდასრულს და სრულყოფილ პიროვნებად აგრძნობინოს თავი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ  აღმზრდელი თავის შესახებაც ესაუბრებოდეს მას, უყვებოდეს საკუთარ წარსულ ცხოვრებაზე და აჩვენებდეს, რომ მისი აზრი საკმაოდ საინტერესოა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ეს მეთოდი მონოლოგს დიალოგად შეცვლის და მოზარდი ოჯახის სრულფასოვან წევრად მიიჩნევს თავს, რაც მათი განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა, რათა შემგომში ახალგაზრდამ სოციუმთან ურთიერთობაში თავი ზედმეტად არ იგრძნოს. სოციალური გრძნობა, რომ დამახინჯებულად არ ჩამოყალიბდეს ამაში ოჯახური ურთიერთობები უნდა დაეხმაროს მოზარდს. პიროვნული თვითრეალიზაციისათვის ადამიანმა უნდა იცოდეს ვინ არის სინამდვილეში და ამის აღმოჩენა, სწორედ გარდამავალ ასაკში ხდება. ამაში ხელის შეშლა კი დიდი დანაშაულია. აღმზრდელი გაგებით უნდა მოეკიდოს შვილის თავისუფალ ნებას და კორექტირებას უხეშად არ შეეცადოს.   თუ სახლში მას არ უსმენენ, მისი აზრი არაფრად მიაჩნიათ ან გამუდმებით წინააღმდეგობას უწევენ ეს დაღს დაასვავს ინდივიდის შემდგომ განვითარებას. მას გაუჩნდება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოხვედრის შიში და მაქსიმალურად ეცდება თავი აარიდოს ხალხმრავალ სიტუაციებს.   ამრიგად, ნათელია, რომ ლატენტური პერიოდის დროს ძალიან ბევრი პრობლემა მწიფდება. ამისათვის კი ადამიანი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული, რათა შემდგომი სირთულეები ტრაგიკულად არ მოეჩვენოს და ამით მოზარდის ცხოვრება უფრო მეტად არ დაამძიმოს. მკაცრი აღმზრდელობითი მეთოდებით მშობელი მხოლოდ იმას მიაღწევს, რომ შვილი გაუცხოვდება და მას დასცილდება სულიერად. სიფრთხილეა საჭირო პიროვნების შეფასებისას, რადგან არასწორი ფორმით გამოხატული აზრი ხშირად უფრო მეტად უმძიმებს მათ გულს. მოეპყარით, როგორც ზრდასრულს, მიანიჭეთ ავტონომიურება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე ამასთან ერთად  მასაც შეუქმენით ჰარმონიული გარემო და ყველაფერი გაცილებით უკეთ და უმტკინვეულოდ ჩაივლის.

 

მასალა მოამზადა: მედეა გელდიაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld