close

დედამიწა

დედამიწა

ტირის თუ არა ნიანგი?

ალბათ ხშირად გსმენიათ გამოთქმა – ,,ნიანგის ცრემლებით ტირილი” და ბევრჯერ გაგჩენიათ შეკითხვა – მართლა ტირის თუ არა ნიანგი. საქმე ისაა, რომ მას მართლაც აქვს ცრემლები. ერთ-ერთი გავრცელებული და არასწორი მოსაზრების თანახმად – ყოველთვის, როცა ნიანგი ადამიანს შეჭამს, სინდისის ქენჯნას განიცდის და ცრემლებად იღვრება. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

სინამდვილეში, ნიანგის ორგანიზმში დიდი რაოდენობით გროვდება მინერალური მარილები და სპეციალური ჯირკვალი. ჯირკვალი ცრემლების სახით მათ გარეთ გამოდევნის. მოცემული ორგანოს ერთადერთი ფუნქცია ორგანიზმიდან მარილის ზედმეტი კონცენტრაციის გამოყვანაა. სწორედ ამას მიეწერება გამოთქმა – ,,ნიანგის ცრემლები”.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

მდედრი კოღო – ყველაზე საშიში არსება დედამიწის ისტორიაში

ერთი შეხედვით პატარა და უწყინარი მდედრი კოღო ყველაზე საშიშ არსებად არის მიჩნეული დედამიწის ისტორიაში. თუკი გაგიჩნდათ კითხვა, რატომ მაინცდამაინც მდედრი კოღო?- გეტყვით, რომ მამრები მხოლოდ მცენარეებს კბენენ, ხოლო მდედრებმა დედამიწაზე დაღუპულ ადამიანთა ნახევარი –  თითქმის 45 მილიარდი მათგანი, შეიწირეს.

სტატისტიკის მიხედვით, კოღოებს ასზე მეტი პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადება გადააქვთ, მათ შორის: მალარია, ყვითელი ციება, დენგეს ცხელება, ენცეფალიტი, ფილარიატოზი და ელეფანტიაზი. საინტერესოა, რომ დღესაც – როდესაც მედიცინა ასე განვითარდა, ისინი ყოველ 12 წამში ერთ ადამიანს კლავენ.

1877 წელს ბრიტანელმა ექიმმა – სერ პატრიკ მენსონმა, დაამტკიცა, რომ ელეფანტიაზს კოღოს ნაკბენი იწვევდა.

17 წლის შემდეგ დაუშვა, მალარიის გამომწვევიც კოღო ხომ არ იყო. თავისი თეორიის შესამოწმებლად მენსონმა ფრინველები გამოიყენა. იმის საჩვენებლად, რომ ეს თეორია ადამიანების შემთხვევაშიც მუშაობდა, მან საკუთარი ვაჟი დააინფიცირა რომიდან დიპლომატური ჩანთით ჩამოტანილი კოღოების მეშვეობით. (საბედნიეროდ, დაუყოვნებლივ ქინაქინის მიღებით, ბიჭუნა გამოჯანმრთელდა).

კოღოს 2500 სახეობაა ცნობილი, მათგან 400 ანოფელესის ოჯახის წარმომადგენელია, რომელთაგან 40 სახეობა მალარიის გადამტანია.

მდედრი კოღოები გამოწოვილ სისხლს კვერცხების მოსამწიფებლად იყენებენ, რომლებსაც წყალზე დებენ. კვერცხებიდან წყლის მატლები იჩეკებიან. მწერების უმრავლესობისგან განსხვავებით, კოღოს ჭუპრები, რომლებსაც „აკრობატებს“ უწოდებენ, აქტიურები არიან და ცურავენ.

მდედრ კოღოებს იზიდავს ტენი, რძე, ნახშირორჟანგი, სხეულის სითბო და მოძრაობა. ოფლიან ადამიანებსა და ორსულ ქალებს კოღოსგან დაკბენის მეტი შანსი აქვთ.

რაც შეეხება საქართველოს – დღეისთვის აქ შესწავლილია კოღოების 32 სახეობა, მათ შორის, ნილოსისა და დენგეს ცხელების გადამტანები. დენგეს ცხელების რისკის ქვეშ ყოველწლიურად 50 მილიონი ადამიანი დგას და თუ ეს დაავადება გაურთულდათ, დაავადებულთა 3% მაშინაც კი იღუპება, როცა მკურნალობა უტარდება.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიადედამიწა

საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ

დინოზავრები არიან მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან.

დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომ თბილსისხლიანი ცხოველები იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. ისინი გადაშენდნენ მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე.

გადაშენების ძირითადი მიზეზი იყო გარემოს გართულება და მკვეთრი შეცვლა. დინოზავრების ნაშთები დღემდე გვხვდება ყველა კონტინენტზე. საქართველოში ცარცული პერიოდის დინოზავრების გაქვავებული ნაკვალევი შემორჩენილია სათაფლიაში.

დინოზავრთა გადაშენების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, თუმცა, ყველაზე გავრცელებულის თანახმად, ისინი გაქრნენ ერთ დღეს, ერთდროულად, კლიმატის გლობალური ცვლილება იყო ძირითადი მიზეზი, რასაც ვულკანების ამოფრქვევა მოჰყვა.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი საინტერესო მოსაზრება –  ცნობილი მკვლევარისა და მეცნიერის- ლუის ალვარეზის, მტკიცებით, დინოზავრების გადაშენების მთავარი მიზეზი მეტეორიტია, რომელიც 65 მილიონი წლის წინ დაეჯახა დედამიწას. ეს მოსაზრება მეცნიერულმა საზოგადოებამ რელევანტრად ცნო, ვინაიდან,  65 მილიონი წლის წინ დედამიწას 10 -კილომეტრიანი დიამტერის მეტეორიტი მართლაც დაეჯახა, ხოლო ცოცხალი არსებების 70 % გაქრა და ტერიტორიაზე შეიქმნა უზარმაზარი ჩისკულუბის კრატერი.

ამან გამოიწვია ის, რომ დედამიწა თვეების განმავობაში სიბნელემ და ყინვამ მოიცვა, ტემპერატურა მაქსიმალურად დავარდა, წყლები გაიყინა, მცენარეების ფოტოსინთეზი შეწყდა და დინოზავრებიც საბოლოოდ გადაშენდნენ.

როგორც ამ დრომდე ცნობილია, პირველი დინოზავრი იყო სახელწოდებით – იგვანოდონი(Iguanodon), ამ გიგანტი არსების ნაშთები 1923 წელს ინგლის ქალაქ სასექსში აღმოჩინეს მკვლევარებმა.

არგენტინაში, მინდორში მუშაობისას, ერთ-ერთმა ფერმერმა შემთხვევით შეამჩნია დინოზავრის ნამარხი, მან მიმართა პალეონტოლოგიის მუზეუმს, მალევე ჩატარდა გათხრები და აღმოაჩინეს 150 ცალი დინოზავრის ძვალი. მეცნიერების მტკიცებით ეს ეკუთვნის დედამიწაზე არსებულ ყველაზე დიდ დინოზავრს, რომელსაც შვიდ დინოზავრს უწოდებენ. ამას წინათ, ამ ადგილზე, ხმელეთზე მოსიარულე ყველაზე დიდი არსების ნარჩენები ფერმერმა აღმოაჩინა (არგენტინოზავრი). დინოზავრი 77 ტონას იწონიდა, სიგრძე, თავიდან კუდის ბოლომდე, 40 მეტრი, ხოლო სიმაღლე 20 მეტრი. ეს შვიდსართულიანი სახლის ეკვივალენტურია 14 სპილოს მასით.

რაც შეეხება პირველ ,,ქართველ” დინოზავრებსა და მათ ისტორიას:

სათაფლიის მღვიმე მდინარე ოღასკურას ბუნებრივ კალაპოტს წარმოადგენს. 30 მილიონი წლის განმავლობაში ეს პატარა მდინარე თანდათანობით იკვლევდა გზას კირქვისგან აგებულ ქანებში და აფართოებდა მღვიმის დერეფნებს. სწორედ ამ მდინარის საშუალებით შემთხვევით აღმოაჩინა და პირველად შეაღწია სათაფლიის მღვიმეში ცნობილმა ნატურალისტმა – პეტრე ჭაბუკიანმა 1925 წელს.

სათაფლიაში აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახისმჭამელი დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი. სათაფლიის დინოზავრების ნაკვალევი ბუნების უნიკალური მოვლენაა. გეოლოგიურ წარსულში, როცა აქ ზღვის სანაპირო იყო (50-60 მლნ წლის წინ), ამ მიდამოებში დინოზავრებმა გაიარეს და დატოვეს ნაკვალევი. ნაკვალევი ორ ფენაზეა წარმოდგენილი, რაც უნიკალური შემთხვევაა მსოფლიოში.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

მეცნიერებმა დედამიწის უძველესი მცენარე აღმოაჩინეს

ინდოეთში აღმოჩენილი 1.6 მილიარდი წლის ნამარხი, რომელიც წითელ წყალმცენარეს ჰგავს, შესაძლოა აქამდე აღმოჩენილ მცენარეებს შორის უძველესი იყოს. აღმოჩენა მეცნიერებს იძულებულს გახდის, ხელახლა შეაფასონ დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის დრო.

მკვლევარებმა პატარა, მრავალუჯრედიან განმარხებულ მცენარეს ორი სახის წითელი წყალმცენარე უწოდეს. ერთი – ძაფისებრი, ხოლო მეორე – ბოლქვიანი, რომელიც წყალმეჩხერ გარემოში ბაქტერიებზე ცხოვრობდა.

აქამდე, უძველეს მცენარედ კანადის არქტიკაში აღმოჩენილი 1,2 მილიარდი წლის წითელი განმარხებული წყალმცენარე მიიჩნეოდა.

მკვლევარების თქმით, ნამარხში შენარჩუნებული ფიჭური სტრუქტურები და მათი საერთო ფორმა წითელ წყალმცენარეს ესადაგება, რომელიც ზღვის გარემოცვაში ხარობს. ნორის სახელით ცნობილი წითელი წყალმცენარის ტიპი სუშის ინგრენდიენტია.

„შესაძლოა სუშის 1.6 მილიარდი წლის წინაც მივირთმევდით,” – იხუმრა შვედეთის ბუნების ისტორიის ნაციონალურმა მუზეუმუს გეოლოგისტმა – ტერეზა სოლშედტმა.

დედამიწა დაახლოებით 4 – 5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიცოცხლე ზღვის ბაქტერიის სახით დაახლოებით 3,7 – 4, 2 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. პრიმორდიალურ ზღვებში მცენარეები და ცხოველები გაცილებით გვიან გაჩნდნენ.

„მცენარეებს დედამიწაზე სიცოცხლის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ, როგორც აღმოჩნდა, ისინი იმაზე გაცილებით ადრე გაჩნდნენ, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით,“ – აცხადებს სოლშედტი.

განმარხებული წყალმცენარე ცენტრალურ ინდოეთში ფოსფატით მდიდარ დანალექ ქანებში აღმოაჩინეს. ჟანგბადი ფოტოსინთეზის დამატებითი პროდუქტია. მცენარეების გამოჩენამ ხელი შეუწყო ატმოსფეროს ჟანგბადით გამდიდრებას.

მეცნიერები აცხადებენ, რომ იმ დროს დედამიწის მიწის ზედაპირზე დიდი წილი უნაყოფო იყო, სიცოცხლე ძირითადად მიკრობული გახლდათ და ატმოსფერული ჟანგბადის დონე დღევანდელის 1 -10 პროცენტს შეადგენდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

.

სრულად ნახვა
დედამიწა

რა არის უცნაური მონსტრი, რომელიც წყალმა ფილიპინების სანაპიროზე გამორიყა?

ფილიპინების სანაპიროზე წყალმა უზარმაზარი, ზღვის თმიანი არსება გამორიყა.

ადგილობრივი მოსახლეობა სანაპიროს მიაწყდა და მონსტრის მსგავს მხეცთან სელფები გადაიღო. უცნაური არსება ნაპირზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გამოჩნდა.

ადამიანები ზღვის არსების შესახებ სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამენ, ზოგიერთი ამბობს, რომ ის აპაა, გამოგონილი პერსონაჟი ანიმაციური სატელევიზიო სერიალიდან ავატარი:ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ამოუცნობი ზღვის არსება ფილმის –   ,,დაუსრულებელ ამბავში” / “The NeverEnding Story”-  პერსონაჟია.

იმასაც ამბობენ, რომ მხეცი შესაძლოა ის ქმნილებაა, რომელიც ნახევრად ვეშაპია და ნახევრად პოლარული დათვი და რომელიც წყალმა სამხრეთ აფრიკაში 1924 წლის 25 ოქტომბერს გამორიყა.

ფილიპინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მხეცი 20 ფუტი სიგრძისაა (1 ფუტი = 30,5 სანტიმეტრს), მისი წონა 2 ტონას აღწევს. ცხოველი, როგორც ჩანს, დაახლოებით ორი კვირის წინ, გემის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა.

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
დედამიწა

„ნასას“ სატელიტური ფოტოები ასახავს, როგორი სისწრაფით იცვლება დედამიწა

ყველამ ვიცით, რომ დედამიწა ყოველდღიურად დრამატულად იცვლება, თუმცა იმისთვის, რომ ჩვენი პლანეტის რეალური მდგომარეობა შევაფასოთ, ზოგჯერ „ფრინველის თვალი“ ან სატელიტური არხია საჭირო.

„ნასამ“ ახალი ფოტოები გაავრცელა, რომელიც ბოლო 40 წლის მანძილზე ტყეების ზომის, წყლების დონისა და ყინულის საფარის მკვეთრ ცვლილებას ასახავს.

ზოგიერთი სურათი ნამდვილად შემაშფოთებელია, მაგალითად, ირანში მდებარე ტბა ურმიას მკვეთრად დაბალი დონე, შემცირებული ზომა და შეცვლილი ფერი.

ურმიას ტბა, ირანი

 

ეს მკაფიო მწვანე / ყავისფერი კონტრასტი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა, ზაფხულის სიცხისა და წყალმცენარეებისა და ბაქტერიების რაოდენობის ზრდითაა გამოწვეული.

„ზოგიერთი ეს მოვლენა კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებული, ზოგიერთი – არა,“ – ნათქვამია „ნასას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეამოწმეთ დიდი მარილის ტბის (Great Salt Lake) ცვლილება 1985–2010 წლებში, რაც შემცირებული წვიმებისა და თოვლის დნობის შედეგადაა გამოწვეული:

დიდი მარილის ტბა, იუტას შტატი

აღნიშნულ პერიოდში შემცირდა კალიფორნიაში მდებარე ოუენსის ტბის დონეც, რაც წყლისა და შხამქიმიკატების მიმართულების შეცვლითაა გამოწვეული:

ოუენსის ტბა, კალიფორნია

„ნასას“ მიერ გავრცელებულ ზოგიერთ ფოტოზე ჩანს, თუ როგორი ზეგავლენა მოახდინა სოფლებისა და ქალაქების გამრავლებამ ბუნებრივ ლანდშაფტზე.

ნიგერიაში მდებარე ბაჰან რაფის ტყის ფოტოები 1976–2007 წლების პერიოდში გამქრალ ტყის მასებს ასახავს:

ბაჰან რაფის ტყე

„ნასას“ ინფორმაციით, ამ ტყების უმრავლესობა გაჩეხეს და სასოფლო სამუეურნებო მიწებას გადააკეთეს– ქვეყნის მოსახლეობა ამ პერიოდში 40 პროცენტით გაიზარდა.

ურბანიზაციის ზეგავლენა ჩანს ინდოეთის ნიუ– დელის 1991–2016 წლების ფოტოებზე:

ნიუ–დელი, ინდოეთი

25 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა 9.4 მილიონიდან 25 მილიონამდე გაიზარდა. გაეროს ექსპერტების შეფასებით, დელის მოსახლეობა 2030 წლისთვის 36 მილიონი გახება.

მოსახლეობის ასეთი სწრაფი ზრდა გარდა სივრცის პრობლემისა, მთელ რიგ პრობლემებს იწვევს.

ნოემბერში ინდოეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან ჰაერის დაბინძურებამ დედაქალაქში საგანგაშო დონეს მიაღწია.

გრენლანდიის ყინულის საფარი გაცილებით ადრე დნება, ვიდრე ოდესმე, რამაც 2014–2016 წლებში მისი მკვეთრი შემცირება გამოიწვია:

გრენლანდიის ყინულის საფარი

დამდნარი წყალი ყინულის ზედაპირის გამუქებას იწვევს და ყინულის საფარს მკვეთრ მზის სხივებზე მეტად ადნობს.

გრელანდიის სხვა ფოტოები ყინულ Helheim Glacier–ის ზომის მკვეთრ შემცირებას ასახავს, რაც ჰაერისა და ოკეანის გაზრდილი ტემპერატურისგანაა გამოწვეული.

Helheim Glacier, გრელანდია

„ნასას“ ცვლილებების ფოტოების (NASA’s Images of Change) კატალოგის ნახვა Google Earth–ის საშუალებითაა შესაძლებელი. 1984 წლიდან დღემდე გადაღებული 5 მილიონამდე ფოტოს ნახვა სასიამოვნო ნამდვილად არაა, მეტიც, ამ ფოტოებმა შესაძლოა, შეგაშინოთ, მაგრამ იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ, საჭიროა ვიცოდეთ, რეალურად რა ხდება ჩვენს პლანეტაზე.

 

 წყარო: http://uk.businessinsider.com/

 მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

გლობალური ტემპერატურა, ზედიზედ მესამე წელია, რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

ზედიზედ მესამე წელია, მსოფლიო ტემპერატურა რეკორდულად მაღალ დონეს აღწევს, ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სამთავრობო უწყებები ავრცელებენ.

2016 წელს გლობალური დათბობის შედეგებს შორის აღსანიშნავია  უპრეცედენტო სითბო ინდოეთში და ყინულის დნობა არქტიკაში.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, რომელსაც მხარს სხვა ორგანიზაციებიც უჭერენ, 2016 წელს ნიადაგისა და  ოკეანეების ზედაპირის საშუალო ტემპერატურა მე-20 საუკუნის საშუალო ტემპერატურაზე (13,9 გრადუსი ცელსიუსი) 0.94 გრადუსი ცელსიუსით მაღალი იყო.

თითქმის ანალოგიურ მონაცემებს ავრცელებს: ამერიკის ეროვნული ოკეანური და ატმოსფერული ადმინისტრაცია, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო –  „ნასა“, ბრიტანეთის MET ოფისი და აღმოსავლეთ ანგლების უნივერსიტეტი.

მეცნიერების ინფორმაციით, ტემპერატურის მატება ნაწილობრივ ადამიანის ზეგავლენის, ნაწილობრივ კი ელ-ნინიოს შედეგად მოხდა.  ატმოსფერული მოვლენა ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში ტემპერატურის მატებას იწვევს.

გლობალური ტემპერატურის მონაცემების დაფიქსირება 1880 წლიდან ხორციელდება. ელ-ნინიოს დასრულების გამო, მეცნიერები ტემპერატურის პიკს 2017 წელს არ ელოდებიან.

 

 წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

მეცნიერებმა დედამიწის დაკარგული ელემენტი აღმოაჩინეს

იაპონელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მათ დედამიწის ბირთვში „დაკარგული ელემენტის“ იდენტიფიცირება მოახდინეს. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული ელემენტი სილიციუმია.

მეცნიერები, რომლებიც ამ ელემენტს ათწლეულების განმავლობაში ეძებდნენ, მიიჩნევენ, რომ  რკინისა და ნიკელის შემდეგ, სილიციუმს ჩვენი პლანეტის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია.

აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ის მეცნიერებს დედამიწის ფორმირების პროცესის უკეთ გაგებაში დაეხმარება.

„გვჯერა, რომ სილიციუმი დედამიწის ბირთვის ძირითადი ელემენტია – დაახლოებით 5%,“ – განაცხადა ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, წამყვანმა მკვლევარმა – ეიჯი ოჰტანიმ.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დედამიწის შიდანაწილი დაახლოებით 1,200კმ რადიუსის მყარი ბურთია. ის ძალიან ღრმაა იმისთვის, რომ პირდაპირ გამოიკვლიონ, ამიტომ მეცნიერები, მისი შემადგენლობის შესწავლის მიზნით, რეგიონის სეისმურ ტალღებს სწავლობენ.

დედამიწის შუაგული ძირითადად რკინისა (85%) და ნიკელისგან (10%) შედგება. დარეჩენილი 5 %-ის გამოსაკვლევად ეიჯი ოჰტანიმ და მისმა გუნდმა რკინისა და ნიკელის შენადნობს სილიკონი შეურიეს და დედამიწის შიდაბირთვში არსებულის მსგავს მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში მოათავსეს.

მათ აღმოაჩინეს, რომ ეს ნარევი შეესაბამებოდა იმას, რაც, სეისმური მონაცემების მიხედვით, დედამიწის ინტერიერში ჩანდა.

მიუხედავად ჩატარებული კვლევისა, წამყვანი ავტორი ოჰტანი აღნიშნავს, რომ სილიციუმის არსებობის დასადასტურებლად ჯერ კიდევ მეტი მუშაობაა საჭირო. მისი ინფორმაციით, დედამიწის ბირთვში სილიციუმის აღმოჩენა  იქ სხვა ელემენტების არსებობას არ გამორიცხავს.

„ეს რთული ექსპერიმენტები ნამდვილად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის შესაძლოა გახდეს ფანჯარა იმის გასარკვევად, თუ როგორი იყო დედამიწის ინტერიერი 4,5 მილიარდი წლის წინ ანუ მაშინ, როცა ჩვენი პლანეტა ფორმირდა და როცა ბირთვმა დედამიწის კლდოვანი ნაწილისგან განცალკავება დაიწყო. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ დედამიწის ბირთვის მნიშვნელოვან ნაწილს ჟანგბადი წარმოადგენს,“ – განაცხადა კვლევაზე კომენტირებისას  კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა – საიმონ რედფერნმა.

მისივე ინფორმაციით, დედამიწის ბირთვის შემადგენლობის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს იმის უკეთ გასაგებად, თუ როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი პლანეტა. „ამ მხრივ, აღნიშნული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა არა საბოლოო სიტყვა გახლავთ,“ – დასძინა მან.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

ყველაზე ძლიერი და გამანადგურებელი მოვლენა დედამიწაზე

 ,,დოქტრინა” გთავაზობთ მოკლე და ინფორმაციულ სტატიას ერთ-ერთ ყველაზე  ძლიერ და გამანადგურებელ მოვლენაზე – მიწისძვრაზე , ასევე მიწისძვრის ზონებზე, წყალქვეშა მიწისძვრებსა და  ზოგადად, მიწისძვრის შედეგებზე.

დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის მიწისძვრა:

მიწისძვრა, ეს არის დედამიწის რყევითი მოძრაობა. მიწისძვრის დროს დედამიწა თითქმის ისევე ირყევა, როგორც გემი ზღვაში. ზოგჯერ მიწის ზედაპირზე წარმოიქმნება მიწისძვრის ანუ სეისმური ტალღები.  მიწისძვრები ხდება დედამიწის ქერქში. დედამიწის გარეთა საფარი შედგება მოძრავი ქანებისაგან. ქანების მოძრაობა არ არის სწორი და თანამიმდევრული. ამ დროს აღინიშნება კუმშვითი და გამჭიმი ძაბვები. წნევა ქანებს აწვება და დედამიწის ზედაპირის რღვევას იწყებს დაგროვილი ენერგია სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრის სახით ვლინდება . მიწისძვრის სიმძლავრე დამოკიდებულია მის ბუნებაზე და დედამიწის ზედაპირის მდგომარეობაზე. მიწა შეიძლება გაიხსნას, ამოიწიოს ან ჩაღრმავდეს. მთიან ადგილებში მიწისძვრამ შეიძლება გამოიწვიოს ზვავი ან მეწყერი, რომელსაც მოჰყვება გამდნარი ლავის მაგვარი თიხოვანი მასა. ხშირ შემთხვევაში, მეწყერის შედეგად, თიხოვანი და ქვიშიანი ნიადაგები ერევა ერთმანეთს და წარმოქმნის არამდგრად, მოძრავ ქანებს ანუ ჭანჭრობს. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 1964 წლის ალასკის მიწისძვრის დროს.

მიწისძვრების უმეტესობა გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში, მაგრამ ის შეიძლება გაგრძელდეს წუთით და ოდნავ მეტიც. მაგალითად, 1906 წლის სან-ფრანცისკოს მიწისძვრა მხოლოდ 40 წამი გაგრძელდა მაშინ, როდესაც 1964 წლის 24 იანვრის ალიასკის მიწისძვრა დედამიწას შვიდი წუთის განმავლობაში არყევდა. აქედან სამი საკმაოდ ძლიერი ინტენსივობის იყო.  ხშირად ძირითად მიწისძვრას თან სდევს შემდგომი ბიძგები. ყოველი მათგანი ნაკლებად ძლიერია წინანდელზე შედარებით. შემდგომ ბიძგებსაც შეუძლია დიდი ზიანის მიყენება. 1985 წელს ქალაქ მეხიკოში მომხდარმა მიწისძვრამ, მერკელის სკალის მიხედვით, 11 ბალი დააფიქსირა და ქალაქის ცენტრს დიდი ზიანი მიაყენა. მომდევნო დღეს შემდგომი ბიძგის ინტენსიობა 10 ბალს შეადგენდა და ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა. ორმა მიწისძვრამ 10 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თუ არ იცით რა არის ,,მერკალის სკალა“  გაიგებთ ამ სტატიიდან:

დღესდღეობით, სეისმოლოგები უპირატესობას ანიჭებენ მერკალის სკალას, რომელიც 1902 წელს იტალიელმა სეისმოლოგმა მერკალმა გამოიგონა. მისი სკალა 12-ბალიანია და დაახლოებით ასეთია:

2 ბალი: ძალიან სუსტი რხევები, ოდნავ შესამჩნევი.

5 ბალი: საკმაოდ ძლიერი რხევა, საგნები ირხევა და ძირს ვარდება, მინები იმსხვრევა.

7 ბალი: ძალიან ძლიერი რხევა. სახურავებიდან ცვივა კრამიტი, ზიგიერთი შენობა იბზარება.

8 ბალი: უძლიერესი ძალიდ რხევა. სუსტი ნაგებობები, ძეგლები და კედლები იშლება.

10 ბალი: დამანგრეველი ძალის რხევა. შენობების უმრავლესობა ინგრევა. მიწა იბზარება. შეიძლება გამოიწვიოს ცუნამიც.

12 ბალი: კატასტროფული ძალის რხევა. დედამიწის რელიეფი იცვლება. წარმოიშვება ზედაპირული სეისმური ტალღები. უდიდეს მსხვერპლს და ზარალს იწვევს.

სანამ მიწისძვრის ბუნებას შეისწავლიდნენ, მეცნიერები ადგენდნენ სპეციალურ რუკებს, რომლებზეც აღნიშნავდნენ მიწისძვრის წარმოშობის ადგილებს მისი სიხშირის მიხედვით, ანუ ადგენდნენ სეისმურ დარაიონებას. მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის წარმოშობისაგან დედამიწის არცერთი უბანი არ არის დაცული, არსებობს ისეთი ზონები, სადაც იგი მეტად მოსალოდნელია. ასეთ ზონებს განეკუთვნება ვულკანური ზონები, ისეთები, როგორიცაა ე. წ. ცეცხლოვანი რკალი  წყნარ ოკეანეში.

მიწისძვრების განსაზღვრისა და პროგნოზების მეთოდების გაუმჯობესების შედეგად, დაიხვეწა სპეციალური სეისმური რუკებიც და შესაძლებელი გახდა მიწისძვრის აქტივობის უფრო დეტალური სურათის დახატვა.

როდესაც მიწისძვრები ზღვაში ხდება, წარმოიქმნება დიდი ტალღა – ე. წ. ცუნამი. ოკეანის სიღრმეში ეს ტალღები ძნელად შესამჩნევია. ისინი ზღვაში 790 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრაობენ, მაგრამ, როდესაც ნაპირს უახლოვდებიან, სიჩქარეს კარგავენ და სიმაღლეში იმატებენ, ზღვა უკან იხევს და უზარმაზარი ტალღების სერიებად იქცევა.

მცირე ზომის ყურეში შეღწევის დროს ცუნამის ტალღა სიგანეში იკუმშება და 20-მდე მეტრ სიმაღლეს აღწევს. ასეთი ცუნამი გზად ყველაფერს ანადგურებს. 1755 წელს, მიწისძვრის შემდეგ წარმოქმნნილმა 17-მეტრიანმა ცუნამიმ პორტუგალიის ქალაქ ლისაბონს გადაუარა. მიწისძვრის შემდგომმა ბიძგებმა გამოიწვიეს ნგრევა და ხანძარი. ლისაბონის შენობების სამი მეოთხედი დაინგრა, ნგრევამ 60 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მასალა მოამზადა: თამარ ლეჟავამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწამსოფლიო

ალასკისა და ციმბირის ქვეშ გამდნარი რკინის მდინარე აღმოაჩინეს

ალასკისა და ციმბირის ქვეშ, ზედაპირიდან 3000 კმ სიღრმეზე, გამდნარი რკინის მდინარე აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, ამ მდინარის მოძრაობის სიჩქარე თანდათან იზრდება.


კოლოსალური ნაკადის სიგანე დაახლოებით 420 კმ-ია და ის ისეთივე ცხელია, როგორც მზის ზედაპირი. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მისი სიჩქარე თითქმის გასამმაგდა და ამჟამად, ნაკადი ევროპისკენ მიემართება.


„მზის შესახებ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე დედამიწის ბირთვის შესახებ. ამ ნაკადის აღმოჩენა ამაღელვებელი ნაბიჯია, რომელიც ჩვენი პლანეტის შიგნეულობის უკეთ შესწავლისკენ გადავდგით“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დანიის ტექნიკური უნივერსიტეტიდან, კრის ფინლაი.


ფინლაიმ და მისმა გუნდმა ეს ნაკადი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) თანამგზავრთა ტრიო Swarm-ის მონაცემთა დამუშავებისას აღმოაჩინა.


ამ თანამგზავრებმა, რომლებიც 2013 წელს, დედამიწის მაგნიტური ველის რყევების გასაზომად გაუშვეს, მეცნიერებს შესაძლებლობა მისცა შეექმნათ პლანეტის შიდა სტრუქტურის რენტგენის გამოსხივების მსგავსი პროექტი, რამაც გამოამჟღავნა მრავალი ისეთი კომპონენტი, რომელთა არსებობის შესახებ მანამდე არაფერი ვიცოდით.


„ევროპის კოსმოსური სააგენტოს Swarm თანამგზავრების წყალობით, შევქმენით დედამიწის ბირთვის უმკვეთრესი რენტგენული სურათი. შედეგად, ჩვენ არა მხოლოდ პირველად, ნათლად ვიხილეთ იქ არსებული ეს ნაკადი, არამედ ისიც გავარკვიეთ თუ რატომ არის ის იქ“, — ამბობს უფროსი მკვლევარი ლაივერმოური.


მიჩნეულია, რომ დედამიწის მაგნიტური ველი პლანეტის ბირთვში მიმდინარე აქტოვებების შედეგადაა წარმოქმნილი.


თავის მხრივ, ეს ბირთი სოლიდური მთლიანობაა, ზომით მთვარის ორი-მესამედი და ძირითადად შედგება რკინისგან. ბირთვში ტემპერატურა 5 400 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც თითქმის მზის ზედაპირის ტემპერატურის ტოლია (5 505 °C).


შიდა ბირთვს გარს აკრავს გარე ბირთვი — 2000 კმ სისქის ფენა, რომელიც ძირითადად თხევადი რკინისა და ნიკელისგან შედგება.


ამ ფენაში არსებული ტემპერატურული, შემადგენლობისა და წნევის სხვაობები, განაპირობებს თხევადი მეტალის მოძრაობასა და მორევებს, რაც დედამიწის ბრუნვასთან ერთად წარმოქმნის ელექტროდენს, რომელიც თავის მხრივ დედამიწის მაგნიტურ ველებს წარმოშობს.


როდესაც მეცნიერები ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გარე ბირთვის თანამგზავრულ მონაცემებს იკვლევდნენ, ალასკისა და ციმბირის ქვეშ მათ მაგნიტური დინების უცნაური „წილები“ შენიშნეს.
მაგრამ ეს წილები მუდამ ერთ პოზიციაში არ აღმოჩნდა — ისინი ევროპის კონტინენტის მიმართულებით მოძრაობს; მეცნიერთა თქმით, მათ ბიძგს აძლევს გამდნარი რკინის ნაკადი.


„იმის გამო, რომ მათი მოძრაობა წარმოებს მხოლოდ გამდნარი რკინის ფიზიკური მოძრაობიდან, ეს წილები ერთგვარი მარკერებია, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ რკინის დინებას“, — წერს  New Scientist-ი.


ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ ნაკადთა სიჩქარე 2000 წლიდან ასწრაფდა და ამჟამად, მაგნიტურ წილებს ალასკისა და ციმბირის ქვეშ სამჯერ სწრაფად უბიძგებს, ვიდრე გარე ბირთვის ჩვეული სიჩქარეა, დედამიწის ტექტონიკური ფილების სიჩქარეს კი ასობით ათასჯერ აღემატება.


„თხევადი რკინის ეს ნაკადი წელიწადში დაახლოებით 50 კილომეტრით გადაადგილდება“, — უთხრა  BBC News-ს ფინლაიმ.


„შესაძლოა ეს მაჩვენებელი დიდად სულაც არ ჟღერდეს, თუკი ეს მოძრაობა დედამიწის ზედაპირზე იქნებოდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გახლავთ ძალიან მკვრივი თხევადი მეტალი, რომლის გადაადგილებაც უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს; სავარაუდოდ, ეს ყველაზე სწრაფი მოძრაობაა მათ შორის, რაც კი დედამიწის ბირთვში ფიქსირდება“.


ამ ეტაპზე უცნობია თუ რატომ სწრაფდება ნაკადი, მაგრამ მეცნიერები ეჭვობენ, რომ ეს დედამიწის შიდა ციკლის ბუნებრივი ნაწილია, რაც მილიარდობით წლის განმავლობაში მიმდინარეობს.


თუკი შევძლებთ განვსაზღვროთ ციკლის კონკრეტულად რომელ ეტაპზე ვიმყოფებით ამჟამად, შეგვეძლება ვიწინასწარმეტყველოთ თუ როგორ შეიცვლება დედამიწის მაგნიტური ველი დროთა განმავლობაში, მათ შორის უახლოეს საუკუნეებში.


ჯგუფის კვლევა Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.


მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

წყარო: http://1tv.ge

სრულად ნახვა
1 28 29 30 31 32
Page 30 of 32