close
დედამიწა

ყველაზე ძლიერი და გამანადგურებელი მოვლენა დედამიწაზე

 ,,დოქტრინა” გთავაზობთ მოკლე და ინფორმაციულ სტატიას ერთ-ერთ ყველაზე  ძლიერ და გამანადგურებელ მოვლენაზე – მიწისძვრაზე , ასევე მიწისძვრის ზონებზე, წყალქვეშა მიწისძვრებსა და  ზოგადად, მიწისძვრის შედეგებზე.

დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის მიწისძვრა:

მიწისძვრა, ეს არის დედამიწის რყევითი მოძრაობა. მიწისძვრის დროს დედამიწა თითქმის ისევე ირყევა, როგორც გემი ზღვაში. ზოგჯერ მიწის ზედაპირზე წარმოიქმნება მიწისძვრის ანუ სეისმური ტალღები.  მიწისძვრები ხდება დედამიწის ქერქში. დედამიწის გარეთა საფარი შედგება მოძრავი ქანებისაგან. ქანების მოძრაობა არ არის სწორი და თანამიმდევრული. ამ დროს აღინიშნება კუმშვითი და გამჭიმი ძაბვები. წნევა ქანებს აწვება და დედამიწის ზედაპირის რღვევას იწყებს დაგროვილი ენერგია სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრის სახით ვლინდება . მიწისძვრის სიმძლავრე დამოკიდებულია მის ბუნებაზე და დედამიწის ზედაპირის მდგომარეობაზე. მიწა შეიძლება გაიხსნას, ამოიწიოს ან ჩაღრმავდეს. მთიან ადგილებში მიწისძვრამ შეიძლება გამოიწვიოს ზვავი ან მეწყერი, რომელსაც მოჰყვება გამდნარი ლავის მაგვარი თიხოვანი მასა. ხშირ შემთხვევაში, მეწყერის შედეგად, თიხოვანი და ქვიშიანი ნიადაგები ერევა ერთმანეთს და წარმოქმნის არამდგრად, მოძრავ ქანებს ანუ ჭანჭრობს. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 1964 წლის ალასკის მიწისძვრის დროს.

მიწისძვრების უმეტესობა გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში, მაგრამ ის შეიძლება გაგრძელდეს წუთით და ოდნავ მეტიც. მაგალითად, 1906 წლის სან-ფრანცისკოს მიწისძვრა მხოლოდ 40 წამი გაგრძელდა მაშინ, როდესაც 1964 წლის 24 იანვრის ალიასკის მიწისძვრა დედამიწას შვიდი წუთის განმავლობაში არყევდა. აქედან სამი საკმაოდ ძლიერი ინტენსივობის იყო.  ხშირად ძირითად მიწისძვრას თან სდევს შემდგომი ბიძგები. ყოველი მათგანი ნაკლებად ძლიერია წინანდელზე შედარებით. შემდგომ ბიძგებსაც შეუძლია დიდი ზიანის მიყენება. 1985 წელს ქალაქ მეხიკოში მომხდარმა მიწისძვრამ, მერკელის სკალის მიხედვით, 11 ბალი დააფიქსირა და ქალაქის ცენტრს დიდი ზიანი მიაყენა. მომდევნო დღეს შემდგომი ბიძგის ინტენსიობა 10 ბალს შეადგენდა და ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა. ორმა მიწისძვრამ 10 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თუ არ იცით რა არის ,,მერკალის სკალა“  გაიგებთ ამ სტატიიდან:

დღესდღეობით, სეისმოლოგები უპირატესობას ანიჭებენ მერკალის სკალას, რომელიც 1902 წელს იტალიელმა სეისმოლოგმა მერკალმა გამოიგონა. მისი სკალა 12-ბალიანია და დაახლოებით ასეთია:

2 ბალი: ძალიან სუსტი რხევები, ოდნავ შესამჩნევი.

5 ბალი: საკმაოდ ძლიერი რხევა, საგნები ირხევა და ძირს ვარდება, მინები იმსხვრევა.

7 ბალი: ძალიან ძლიერი რხევა. სახურავებიდან ცვივა კრამიტი, ზიგიერთი შენობა იბზარება.

8 ბალი: უძლიერესი ძალიდ რხევა. სუსტი ნაგებობები, ძეგლები და კედლები იშლება.

10 ბალი: დამანგრეველი ძალის რხევა. შენობების უმრავლესობა ინგრევა. მიწა იბზარება. შეიძლება გამოიწვიოს ცუნამიც.

12 ბალი: კატასტროფული ძალის რხევა. დედამიწის რელიეფი იცვლება. წარმოიშვება ზედაპირული სეისმური ტალღები. უდიდეს მსხვერპლს და ზარალს იწვევს.

სანამ მიწისძვრის ბუნებას შეისწავლიდნენ, მეცნიერები ადგენდნენ სპეციალურ რუკებს, რომლებზეც აღნიშნავდნენ მიწისძვრის წარმოშობის ადგილებს მისი სიხშირის მიხედვით, ანუ ადგენდნენ სეისმურ დარაიონებას. მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის წარმოშობისაგან დედამიწის არცერთი უბანი არ არის დაცული, არსებობს ისეთი ზონები, სადაც იგი მეტად მოსალოდნელია. ასეთ ზონებს განეკუთვნება ვულკანური ზონები, ისეთები, როგორიცაა ე. წ. ცეცხლოვანი რკალი  წყნარ ოკეანეში.

მიწისძვრების განსაზღვრისა და პროგნოზების მეთოდების გაუმჯობესების შედეგად, დაიხვეწა სპეციალური სეისმური რუკებიც და შესაძლებელი გახდა მიწისძვრის აქტივობის უფრო დეტალური სურათის დახატვა.

როდესაც მიწისძვრები ზღვაში ხდება, წარმოიქმნება დიდი ტალღა – ე. წ. ცუნამი. ოკეანის სიღრმეში ეს ტალღები ძნელად შესამჩნევია. ისინი ზღვაში 790 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრაობენ, მაგრამ, როდესაც ნაპირს უახლოვდებიან, სიჩქარეს კარგავენ და სიმაღლეში იმატებენ, ზღვა უკან იხევს და უზარმაზარი ტალღების სერიებად იქცევა.

მცირე ზომის ყურეში შეღწევის დროს ცუნამის ტალღა სიგანეში იკუმშება და 20-მდე მეტრ სიმაღლეს აღწევს. ასეთი ცუნამი გზად ყველაფერს ანადგურებს. 1755 წელს, მიწისძვრის შემდეგ წარმოქმნნილმა 17-მეტრიანმა ცუნამიმ პორტუგალიის ქალაქ ლისაბონს გადაუარა. მიწისძვრის შემდგომმა ბიძგებმა გამოიწვიეს ნგრევა და ხანძარი. ლისაბონის შენობების სამი მეოთხედი დაინგრა, ნგრევამ 60 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მასალა მოამზადა: თამარ ლეჟავამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response