close

ეკოლოგია

ეკოლოგია

ანტარქტიდის ყინულის დნობა და ამაზონის ხანძრები – გლობალური კლიმატის კავშირი

2023 წელს ანტარქტიდის ზღვის ყინულის დნობა და ამაზონის ტყეებში ხანძრების გავრცელება შესაძლოა ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს. კვლევის თანახმად, სამხრეთ ნახევარსფეროში კლიმატური სისტემები ისეა ერთმანეთზე გადაბმული, რომ ერთი რეგიონის ცვლილება მეორეში ექსტრემალურ ეფექტს იწვევს.

ანტარქტიდის ზღვის ყინულმა 2023 წლის ზამთარში რეკორდულად დაბალ დონეს მიაღწია — თითქმის 2 მილიონი კვადრატული კილომეტრით ნაკლები იყო, ვიდრე საშუალო მაჩვენებელი 1981-2010 წლების განმავლობაში. ამავდროულად, ამაზონის სამხრეთ ნაწილში ძლიერი სიცხეები და ხანძრები დაფიქსირდა, რაც ფატალურ შედეგებს აყენებს ბიომრავალფეროვნებას და ნახშირბადის შთანთქმის მხრივ.

კვლევის ავტორების აზრით, ანტარქტიდის ზღვის ყინულის დაკარგვამ შესაძლოა ტროპიკებში ატმოსფერული წნევის სისტემა შეცვალოს. ეს ყოველივე კი  უკიდურეს სიცხეებსა და  ამაზონის რეგიონში ნალექების შემცირებას იწვევს.  კვლევამ აჩვენა, როგორ სწრაფად და ინტენსიურად რეაგირებს პლანეტა ერთი რეგიონის კლიმატურ ცვლილებაზე.

ეს გლობალური კავშირები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კლიმატის ცვლილების სისტემურ ხასიათს — ლოკალური ცვლილება სწრაფად იწვევს ეფექტს დედამიწის სხვა ნაწილებში. მეცნიერები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ თუ სათბური გაზების ემისიები არ შემცირდება, ასეთი მოვლენები  უფრო ხშირი და მასშტაბური გახდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

კლიმატის ცვლილებამ წყალდიდობები გაამწვავა

2025 წლის აპრილში აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში მომხდარმა ძლიერმა შტორმმა, რომელმაც სულ მცირე 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მნიშვნელოვნად გაამწვავა კლიმატის ცვლილებამ — ამის შესახებ ნათქვამია World Weather Attribution (WWA) ჯგუფის უახლეს კვლევაში.

ოთხდღიანმა შტორმმა, რომელიც ცენტრალურ მისისიპის ველზე გავრცელდა, რვა შტატში რეკორდული ნალექი გამოიწვია, რასაც თან ახლდა კატასტროფული წყალდიდობა და ტორნადოები. WWA-ს შეფასებით, ამ შტორმის შედეგად მოსული ნალექი 9%-ით უფრო ინტენსიური და 40%-ით უფრო სავარაუდო იყო ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების გამო. განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა მექსიკის ყურის წყლების დათბობამ, რომელიც კლიმატის ცვლილების შედეგად 2.2°F-ით (დაახლოებით 1.2°C-ით) გაიზარდა.

სტიქიის შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზარალი 80-დან 90 მილიარდ დოლარამდე შეფასდა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (NWS) დროულმა გაფრთხილებებმა მსხვერპლი შეამცირა, ექსპერტები იუწყებიან, რომ NWS-ის ბიუჯეტის შემცირება და პერსონალის დეფიციტი მომავალში მსგავსი მოვლენების წინასწარ პროგნოზირებას გაართულებს.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა არ დაჩქარდება, მსგავსი დამანგრეველი შტორმები 2100 წლისთვის უფრო ხშირი და ძლიერი გახდება. ეს მოვლენა WWA-ს რიგით 101-ე კვლევაა, რომელიც კლიმატის ცვლილების გავლენას ექსტრემალურ ამინდზე აფასებს

აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კლიმატის ცვლილება უკვე ახდენს გავლენას ამინდის ექსტრემალურ მოვლენებზე, რაც საჭიროებს დაუყოვნებელ მოქმედებას როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე გლობალური დათბობის შეჩერების მიმართულებით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევები

ჩერნობილში მიწის დამუშავება და მოსავლის მოყვანა უსაფრთხოა – კვლევა

ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ჩრდილოეთ უკრაინაში, ჩერნობილში, ათასობით ჰექტარი მიწა საფრთხის შემცველი იყო. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში ტერიტორიას არ ამუშავებდნენ. მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს მიწა მოსავლის მოსაყვანად უსაფრთხოა.

კვლევა ინგლისის პორტსმაუთის უნივერსიტეტისა და უკრაინის აგრარული რადიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ ახალი მეთოდები შეიმუშავეს, რათა 1986 წლის ბირთვული კატასტროფის შემდეგ მიტოვებული ტერიტორია ახლიდან შეეფასებინათ.

რადიოაქტიური დაბინძურების გამო ჩერნობილის მიწების გამოყენება ათწლეულების განმავლობაში ოფიციალურად იყო აკრძალული. კატასტროფის შემდეგ ჩრდილოეთ უკრაინის დიდი ტერიტორია სოფლის მეურნეობისთვის არახელსაყრელად გამოაცხადეს. ბირთვული რეაქტორის ირგვლივ 4 200 კმ2 “ჩერნობილის აკრძალული ზონაა” და დღემდე მიტოვებულია. ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი ნაკრძალია.

არსებობს სხვა, 2 200 კმ2-იანი, ტერიტორიაც, რომელსაც “სავალდებულო გადასახლების ზონა” ჰქვია. ეს ადგილი მიტოვებული არაა — ხალხი კვლავაც ცხოვრობს, სკოლები და მაღაზიები ფუნქციონირებს. მიუხედავად ამისა, მიწების გამოყენება ან ინვესტირება ოფიციალურად აკრძალულია.

ტერიტორია ცეზიუმითა და სტრონციუმით არის დაბინძურებული. მიუხედავად ამისა, 1990-იანი წლებიდან უკრაინისა და სხვა ქვეყნების მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ მიწა შეიძლება დასამუშავებლად უსაფრთხო იყოს. ჩერნობილი ოფიციალურად მიტოვებული დარჩა, თუმცა ზოგიერთმა ფერმერმა მოსავლის მოყვანა მაინც გადაწყვიტა. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ქალაქის უდიდესი ნაწილის დამუშავება უსაფრთხოა.

კვლევის ფარგლებში ჟიტომირის ოლქში საცდელად 100 ჰექტარი მიწა შეაფასეს. მეცნიერმა ნიადაგში დაბინძურების დონე მარტივი პროტოკოლით განსაზღვრეს, რომელიც თავადვე შექმნეს. ასევე დაადგინეს, რამდენად შეიწოვს რადიოაქტიურ ნივთიერებებს მცენარეები, მათ შორის: კარტოფილი, მარცვლეული, სიმინდი და მზესუმზირა.

ნიადაგის ნიმუშების ანალიზით გაზომეს გარე გამა გამოსხივებაც. დადასტურდა, რომ სოფლის მეურნეობის მიმდევრები იმაზე გაცილებით დაბალი დოზის დასხივებას იღებენ, ვიდრე უკრაინის უსაფრთხოების ზღვარია. იგი ასევე მცირეა იმ გამოსხივებასთან შედარებით, რომელიც მთელი მსოფლიოს გარშემო ბუნებრივად გვხვდება. კვლევამ აჩვენა, რომ მრავალი ტიპის მოსავლის მოყვანა შეიძლება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ადრე აიკრძალა; თავისთავად, ეს უკრაინის კვების უსაფრთხოების წესების დაცვით.

“ეს კვლევა იმ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომლებიც ჩერნობილის კატასტროფამ დააზარალა. 1986 წლიდან ჩერნობილთან დაკავშირებული გამოსხივების რისკებზე ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა. ეს მიტოვებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხზე უარყოფითად აისახა. ახლა უკვე მეცნიერულად დადასტურდა, რომ მიწების მოხმარება მოსახლეობისთვისა და მიწის დამმუშავებელი მუშებისთვის უსაფრთხოა”, — აცხადებს კვლევის ავტორი, პროფესორი ჯიმ სმიტი.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ნაშრომი რადიოაქტიური დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას სხვა ტერიტორიებზეც გაამარტივებს. მათი აზრით, სწორი მიდგომითა და მოსახლეობის ჩართულობით უკრაინას შეუძლია, დაახლოებით 20 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა დაიბრუნოს.

“ეს მხოლოდ ჩერნობილს არ ეხება”, — დასძინა პროფესორმა სმიტმა — “ეს ნიშნავს მეცნიერებისა და ფაქტების გამოყენებას იმისთვის, რომ ადამიანები დავიცვათ და ის მიწა არ დავკარგოთ, რომლის გამოყენებაც რეალურად უსაფრთხოა”.

კვლევა გამოცემაში Journal of Environmental Radioactivity გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

ლურჯი ვეშაპები სეიშელის კუნძულებზე დაბრუნდნენ, სადაც მათი პოპულაცია გასულ საუკუნეში გაანადგურეს🐋

მსოფლიოს ყველაზე დიდი ცხოველები – ლურჯი ვეშაპები ინდოეთის ოკეანის იმ ნაწილში ბრუნდებიან, სადაც მათი პოპულაცია ნადირობის შედეგად სრულად განადგურდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია სეიშელების კუნძულებზე, სადაც სპეციალისტებმა წყალქვეშა აუდიომონიტორინგის დახმარებით დაადგინეს, რომ ვეშაპები რეგიონში თვეების განმავლობაში რჩებიან. მათი ვარაუდით, ცხოველები ამ ადგილს გასამრავლებლად იყენებენ.

მისიაში ჩართული მეცნიერები ამბობენ, რომ ეს კონსერვაციონისტების გამარჯვებაა, რადგან 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირის ვეშაპებზე მონადირე ფლოტმა სეიშელებზე ამ ცხოველების პოპულაცია სრულად გაანადგურა.

ამის მიუხედავად, ლურჯი ვეშაპები გადაშენების ზღვარზე მყოფ ცხოველებად ითვლებიან. მათი რაოდენობა დედამიწაზე კატასტროფულად მცირეა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

2100 წლისთვის ზაფხულმა შესაძლოა წელიწადის ნახევარი მოიცვას

ახალი კვლევის თანახმად, ამ საუკუნის ბოლოსთვის, კერძოდ, 2100 წლისთვის ზაფხული და ამ სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდი შეიძლება არა 3 თვის, არამედ 6 თვის განმავლობაში შენარჩუნდეს, თუკი კლიმატის ცვლილება იმავე ტემპით გაგრძელდება.

რა თქმა უნდა, უფრო ხანგრძლივი ზაფხული კარგად ჟღერს დასვენებებისთვის, მაგრამ გახანგრძლივებულმა ზაფხულის ცხელმა სეზონმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე, გარემოსა და სოფლის მეურნეობაზე, რადგან შესაძლოა გახშირდეს კოღოებით გამოწვეული დაავადებები, ხანძრები, ალერგიის სეზონი უფრო საშიში გახდეს, ხელი შეეშალოს ეკოსისტემის ფუნქციონირებას და სტრუქტურას, რაც იმოქმედებს ფლორისა და ფაუნის სახეობების ცვლილებაზე.

უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში ზაფხული გახანგრძლივდა 17 დღით. 1952 წლიდან 2011 წლამდე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხული საშუალოდ 78-დან 95 დღემდე გაიზარდა, ზამთარი კი 76-დან 73 დღემდე შემცირდა და გაცილებით უფრო თბილი გახდა, შესაბამისად შემცირდა გაზაფხული და შემოდგომაც, რასაც აღნიშნული კვლევის მთავარი ავტორი, იუპინგ გუანი ამბობს.

წყარო: CNN

 ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

დედამიწაზე მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს, რომელიც მთელ სახეობებს სამუდამოდ სპობს — მეცნიერები გვაფრთხილებენ

ადამიანის მოქმედებას ისეთივე სასიკვდილო ეფექტი აქვს პლანეტაზე არსებული სიცოცხლისთვის, როგორიც მილიონობით წლის წინ იმ ასტეროიდს ჰქონდა, რომელმაც დინოზავრები და სხვა მრავალი სახეობა მოსპო. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

სრულად :

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელების უნარი აქვთ

შვეიცარიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინესმიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელების უნარი აქვთ.

აქამდე აღმოჩენილ მიკროორგანიზმებს ამ ფუნქციის შესრულება 30°C ტემპერატურიდან შეეძლოთ, რაც მეთოდს ძვირადღირებულსა და არაეკოლოგიურს ხდიდა, რადგან გათბობაზე დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯებოდა. ახალი მიგნება პლასტმასის გადამუშავებას 15°C-ზე იწყებს.

მეცნიერებმა ცდები 19 სახეობის ბაქტერიასა და 15-მდე სოკოზე ჩაატარეს. 126-დღიანი კვლევის შემდეგ ვერცერთმა მიკროორგანიზმმა პოლიეთილენის მონელება ვერ შეძლო, თუმცა მათმა 56%-მა წარმატებით გადაამუშავა პოლიურეთანი და ზოგიერთი პლასტმასის ნარევი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეკოლოგია

ბიოლოგებმა გაარკვიეს, რა ეხმარება გადარჩენაში ერთადერთ მწერს ანტარქტიდაში

ენდემური უფრთო კოღო Belgica antarctica ადაპტირდა ანტარქტიდის ცივი სამყაროს ექსტრემალურ პირობებთან და მეცნიერებს კრიოკონსერვაციის (უჯრედებისა და ქსოვილების გაყინვას და შემდეგ შენახვას თხევად აზოტში) მეთოდების უკეთ შესწავლაში დაეხმარა.

იაპონელმა მკვლევრებმა კოღოს ამ სახეობის ადაპტაციის უნიკალურ მექანიზმს მიაგნეს. კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ მთელი მათი ორწლიანი სიცოცხლის ციკლის დროს, ერთ წელს სიმშვიდის რეჟიმში ატარებენ, მეორე კი – დიაპაუზაში (სვენების პერიოდი განვითარებაში, რასაც თან სდევს ნივთიერებათა ცვლის მკვეთრი დაქვეითება).

სიმშვიდის რეჟიმი – დროებითი პაუზაა ორგანიზმის განვითარებაში არასასურველ პირობებში. როდესაც ტემპერატურა მატულობს, ის ზრდას განაგრძობს. დიაპაუზა კი უფრო რთული მექანიზმია და უმოქმედობის აუცილებელ პერიოდად ითვლება, აღნიშნავენ მეცნიერები.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ აუცილებელი დიაპაუზა ზამთარში დაბალი ტემპერატურის დასრულებისთანავე მთავრდება, ასე რომ კოღოს მატლები ერთდროულად იზრდებიან“, – განაცხადა პროფესორმა შინ გოტომ.

ეს კვლევა მეცნიერებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის მათ კრიოკონსერვაციის ახალი მეთოდების დადგენაში და ადაპტაციის მექანიზმების უკეთ გაგებაში დაეხმარება, რაც მნიშვნელოვანია დიდხნიანი კოსმოსური მისიების შესრულებისთვის და ბიოლოგიური ნიმუშების შენახვისთვის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ

დღეს დედამიწა მილიონობით ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლისთვის კომფორტულ გარემოდ რჩება, თუმცა იაპონელი მეცნიერის კაზუმი ოზაკის (ტოჰოს უნივერსიტეტი) და მისი ამერიკელი კოლეგის კრის რაინჰარდის (ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) აზრით, მილიარდი წლის შემდეგ, პლანეტაზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება.

მათ ნაშრომში, რომელიც Nature Geoscience-შია გამოქვეყნებული აღნიშნულია, რომ ჟანგბადის დონე მკვეთრად დაიწევს, ატმოსფერო კი გაივსება მეთანით. ამგვარად, პირობები დედამიწაზე იქნება ისეთივე, როგორც 2,4 მილიარდი წლის წინ იყო, როდესაც ე. წ. ჟანგბადის დიდი კატასტროფა (GOE) მოხდა.

მეცნიერებმა შეიმუშავეს მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მზის სიმკვეთრის ცვლილებას და ნახშირორჟანგის დონის დაწევას. მათი გამოთვლებით, მზის რადიაციის მომატება ნახშირორჟანგის გადაგვარებას, დაშლას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ფოტოსინთეზირებად ორგანიზმებს მასობრივად შეამცირებს – ისინი კი ჟანგბადის მთავარ წყაროდ ითვლებიან.

„ჟანგბადის დონის ვარდნა კოლოსალური იქნება – დაახლოებით მილიონჯერ ნაკლები, ვიდრე ახლანდელი მაჩვენებლებია“, – განაცხადა რაინჰარდმა.

ეს პროცესი ცოცხალ ორგანიზმებს გაანადგურებს. გადარჩენას მხოლოდ ანაერობული ორგანიზმები შეძლებენ, რომლებსაც არსებობისთვის ჟანგბადი არ სჭირდებათ.

კაზუმი ოზაკი თვლის, რომ მომავალში დედამიწაზე იქნება მეთანის მაღალი დონე, ნახშირჟანგის მინიმალური დონით. მისი აზრით, დედამიწას ასევე არ ექნება ოზონის ხვრელი.

კვლევა ასევე მთლიანად ცვლის იმ მიდგომებს, რომლებიც თანამედროვე მეცნიერებს დედამიწის მიღმა არსებულ სიცოცხლესთან დაკავშირებით აქვთ. თუ ჟანგბადი პლანეტების ევოლუციის პროცესში დროებითი ელემენტია და არა მუდმივი ნიშანი, მაშინ მეცნიერებს მოუწევთ ეძებონ ალტერნატიული ბიომარკერები, რათა აღმოაჩინონ პოტენციური, სიცოცხლისთვის გამოსადეგი ადგილები მზის სისტემის მიღმა. ამისთვის კი, მეცნიერების აზრით, კაცობრიობას ერთი მილიარდი წელი აქვს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევები

ატლანტის ოკეანის მთავარი დინება კოლაფსის ზღვარზეა – ახალი კვლევა

შარშან გამოქვეყნებული ერთი შემაშფოთებელი კვლევა მიუთითებდა, რომ დედამიწის მთავარი ოკეანური დინება კოლაფსისკენ მიემართებოდა. სამწუხაროდ, ახალი მონაცემები ამ მოსაზრებას ამყარებს.

„ტემპერატურის, ზღვის დონისა და ნალექების ცვლილება მწვავედ მოქმედებს საზოგადოებაზე და კლიმატური ცვლილებები შეუჩერებელია ადამიანის დროის სკალაზე“, — წერენ ახალი კვლევის ავტორები The Conversation-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ნამდვილად საშინელი პერსპექტივაა. ახალი კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადრეული გაფრთხილების სისტემაა, რაც უტრეხტის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფმა რენე ფონ ვესტენმა და მისმა კოლეგებმა გამოავლინეს.

მომავლის ამ სცენარმა მსოფლიო შეიძლება სულ მცირე გარკვეულწილად მაინც მოამზადოს.

„შევიმუშავეთ ფიზიკაზე დაფუძნებული და დაკვირვებადი ადრეული გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელიც მოიცავს მარილიანობის გადატანას ატლანტის ოკეანის სამხრეთ საზღვართან“, — წერენ მკვლევრები.

ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია (AMOC) ოკეანის დინებათა ვრცელი სისტემაა, რომელსაც თბილი, მლაშე წყალი ჩრდილოეთით გადააქვს. გზადაგზა ეს წყალი ცივდება და მკვრივდება. შემდეგ ცივი წყალი დაბლა მიდის და იქ არსებული წყალი ზედაპირზე ამოდის; ასე იქმნება ცირკულირების სისტემა, რომელიც შემდეგ კვლავ სამხრეთისკენ მიემართება.

შუა 1900-იანი წლებიდან, AMOC-ი მნიშვნელოვნად ნელდება.

მყინვარების დნობისა და წვიმების გახშირების გამო, ოკეანეში უფრო მეტი მტკნარი წყალი ჩაედინება, ზღვის წყალში მარილის კონცენტრაცია ეცემა და მლაშე წყლის სიმკვრივე იკლებს, რაც წყლის ჩაძირვის პროცესს შლის და ასუსტებს მთლიან ფიზიკურ ციკლს.

ამჯერად, ოკეანის სისტემების მოდელირებით, ფონ ვესტენმა და მისმა კოლეგებმა მიაგნეს გზას, რომლითაც დააფიქსირებენ, როდის მიუახლოვდება AMOC-ი გარდამტეხ წერტილს: შემცირდება მარილიანობა ატლანტიკის ყველაზე სამხრეთ საზღვარზე.

„მას შემდეგ, რაც ზღვარს მიაღწევს, გარდამტეხი წერტილი სავარაუდოდ ერთიდან ოთხ ათწლეულამდე პერიოდში დადგება“, — წერენ ავტორები.

AMOC-ს პირდაპირ მხოლოდ 2024 წლიდან მეთვალყურეობენ; შესაბამისად, ეს დრო საკმარისი არ არის დინების შენელების ტენდენციის სრული ტრაექტორიის დასადგენად. შედეგად, ცოდნის შესავსებად, მეცნიერები არაპირდაპირ ინდიკატორებს იყენებენ, მაგალითად, მარილიანობის დონეს.

ფონ ვესტენსა და მის ჯგუფს ჯერ ყველა ფაქტორი არ გაუერთიანებიათ, რათა ზუსტად იწინასწარმეტყველონ, როდის მოხდება AMOC-ის კოლაფსი, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ეს კატასტროფული მომენტი იმაზე გაცილებით ახლოსაა, ვიდრე მრავალი ამჟამინდელი სიმულაცია მიუთითებს.

ახალი მოდელირება თავად მტკნარი წყლით გამოწვეულ გარდამტეხ წერტილს იკვლევს და არ ცდილობს მისი დროის ქრონოლოგიის პროგნოზს. თუმცა, მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ AMOC-ი გაცილებით მეტად მგრძნობიარეა ცვლილებებისადმი, ვიდრე ამას მრავალი კლიმატური მოდელი მიუთითებს.

„ახალი კვლევა ადასტურებს წარსულის შიშებს იმის შესახებ, რომ კლიმატური მოდელები სისტემატურად, სათანადოდ ვერ აფასებს AMOC-ის სტაბილურობას“, — ამბობს პოტსდამის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი სტეფან რაჰმსტორფი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

AMOC-ი დედამიწის კლიმატზე დიდად ზემოქმედებს და შესაბამისად, ის ის ერთ-ერთი გარდამტეხი ელემენტია დედამიწის კლიმატის სისტემაში, რომელიც მეცნიერებს ასე აშფოთებთ. AMOC-ის კოლაფსი ციკლურად ხდება მილიონობით-წლიან მასშტაბებში; წარსულის შემთხვევებზე დაყრდნობით, ვიცით, რომ ამ დროს არქტიკა სამხრეთით ივრცობა და ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ტემპერატურის 15 °C-მდე კლებას იწვევს, აფერხებს ტროპიკულ მუსონებს და სამხრეთ ნახევარსფეროს კიდევ უფრო აცხელებს.

რეაქციათა ჯაჭვი, რომელიც ამას მოჰყვება, მკაცრად იმოქმედებს მთლიან ეკოსისტემაზე და სურსათის გლობალურ უსაფრთხოებაზე.

მომზადებულია The Conversation-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 30
Page 1 of 30