close

რობოტექნიკა

მედიცინარობოტექნიკატექნოლოგიები

ისტორიაში პირველად, რობოტმა ქირურგების მითითებებით ოპერაცია წარმატებით ჩაატარა

რობოტული ქირურგია ახალ ეტაპზე გადავიდა. ცოტა ხნის წინ რობოტმა ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ოპერაცია წარმატებით ჩაატარა. ის ქირურგების მითითებებს უსმენდა და შესაბამისად მოქმედებდა. რობოტს ოპერაციისას მოულოდნელი სიტუაცია შეექმნა, რომელზეც სწორი რეაგირება მოახდინა.

“ეს წინა მცდელობების შემდეგ დიდი ნაბიჯია. ჩვენ თითქმის ვიცით, როგორ განვათავსოთ ავტონომიური ქირურგიული რობოტები რეალურ გარემოში”, — განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა, ჯი ვუნგ კიმმა.

რობოტისთვის რთული, მრავალსაფეხურიანი ქირურგიული ოპერაციის სწავლება ურთულესი ამოცანაა. ზუსტად უნდა იცოდე, რომელი მოქმედებები შეასრულო და სად არ უნდა მოგიხვდეს სკალპელი. შემდეგ კი ეს რობოტის კოდში უნდა ჩაწერო.

“აი, ამიტომ არის ეს ყველაფერი ასეთი რთული. როგორ უნდა დაწერო ეს კოდად?” — თქვა დოქტორმა მათიას უნბერათმა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა.

ამ მიდგომას იმიტირებული სწავლება ეწოდება და ეს უახლესი კვლევადაფუძნებული მასზე იყო. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორის, აქსელ კრიგერის ხელმძღვანელობით, კიმმა და ამერიკის მასშტაბით სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებმა რობოტს აჩვენეს, როგორ იღებდნენ ნაღვლის ბუშტს ღორის სხეულიდან.

ამ კვლევამდე, გასულ წელს, კრიგერის გუნდმა დაამტკიცა, რომ რობოტს ქირურგიული ნემსის გამოყენება, ქსოვილის აწევა და ნაკერების დადება სწავლისთანავე შეეძლო. მიუხედავად ამისა, ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა გაცილებით რთულია. ეს ოპერაცია 17 სხვადასხვა ეტაპისგან შედგება, მათ შორის, ქსოვილის ამოცნობისა და ზუსტი გაკვეთისგან.

„ეს თითქმის ისეთივე პროცესია, როგორიც მანქანისთვის ნებისმიერ გზასა და პირობებში მოძრაობის სწავლება”, — ახსნა კრიგერმა.

ვიდეო გაკვეთილების ნახვის შემდეგ, რობოტმა ოპერაცია 100%-იანი სიზუსტით ჩაატარა. პროცესი იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე ადამიანებს სჭირდებათ ხოლმე. გარდა ამისა, რობოტი ხმოვან მითითებებზე რეაგირებდა — მაგალითად: “მარცხენა მკლავი ცოტათი მარცხნივ გაწია”.

კვლევისთვის მეცნიერებმა მოულოდნელი სიტუაციები სპეციალურად შექმნეს — შეცვალეს რობოტის მდებარეობა და ქსოვილებში საღებავით ფერები დაამატეს. მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერს დაბნეულობა არ გამოუწვევია და პროცესი წარმატებით დასრულდა.

„ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ რთული ქირურგიული პროცედურების ავტონომიური შესრულება შესაძლებელია. ეს არის იმის მაგალითი, რომ იმიტირებული სწავლით ასეთი კომპლექსური პროცესის საოცარი სიზუსტით ჩატარება რეალურია”, — თქვა კრიგერმა.

“ჩვენი ნამუშევარი აჩვენებს, რომ AI მოდელები შეიძლება, ქირურგიული ოპერაციებისთვის სანდო გახდეს. ის, რაც ერთ დროს წარმოუდგენელი გვეგონა, ახლა რეალურად მიღწევადია”, — განაცხადა კიმმა.

 

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკა

რობოტებისთვის შექმნეს „კანი”, რომელიც შეხებას ადამიანის მსგავსად გრძნობს

მეცნიერებმა ელექტრონული “კანი” შექმნეს, რომლითაც რობოტები შეძლებენ, სხვადასხვა შეხება ადამიანივით იგრძნონ – მაგალითად, დარტყმა, ტემპერატურის ცვლილება და დანით დაჭრაც კი.

კანი ჟელატინისგან დამზადებული ელექტროგამტარი მასალისგან შექმნეს. შესაძლებელია, იგი სხვადასხვა ფორმაში ჩამოისხას. სპეციალური ელექტროდის გამოყენებით მასალა ასიათასობით სიგნალს გრძნობს, რომლებიც განსხვავებულ შეხებასა თუ ზეწოლას ასახავს.

მეცნიერების თქმით, ეს მასალა შეიძლება, ჰუმანოიდ რობოტებში ან პროთეზებში გამოიყენონ, რადგან ამ შემთხვევებში შეხების შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ის შეიძლება, ავტომობილების ინდუსტრიასა და სტიქიური უბედურებების დროს დახმარების გაწევაშიც გამოდგეს.

შეხების შეგრძნების დახვეწა დღეს რობოტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მეცნიერები ისეთი მოწყობილობების შექმნას ცდილობენ, რომლებიც გარემოს აღქმას ადამიანების მსგავსად შეძლებენ.

ელექტრონული კანი ჩვეულებრივ ფიზიკურ ინფორმაციას (წნევას, ტემპერატურას) სიგნალებად გარდაქმნის. ხშირად სხვადასხვა ტიპის შეგრძნებისთვის განსხვავებული სენსორია საჭირო: ერთი წნევისთვის, მეორე ტემპერატურისთვის და ა.შ.

ახალი ელექტრონული კანი ერთ ტიპის “მულტიმოდალურ” სენსორს იყენებს. მას შეუძლია, ერთდროულად სხვადასხვა ტიპის სტიმული (შეხება, ტემპერატურა და დაზიანება) აღიქვას. თითოეული სიგნალის ზუსტად ამოცნობა და გაშიფვრა ჯერ კიდევ რთულია. მიუხედავად ამისა, მულტიმოდალური მასალები ადვილად მზადდება, უფრო გამძლეა და გაცილებით იაფი.

სინთეზური კანის გამოსაცდელად მკვლევრებმა ჟელატინისგან დამზადებული ჰიდროგელი გადაადნეს — რბილი, ელასტიკური ელექტროგამტარი მასალა. შემდეგ იგი ადამიანის ხელის ფორმაში ჩამოასხეს. მას სხვადასხვა ელექტროდი დაამაგრეს, რათა ენახათ, რომელი მათგანი აგროვებდა შეხებისას ყველაზე სასარგებლო მონაცემებს.

ექსპერიმენტების დროს მეცნიერებმა ხელის მოდელი გამათბობელზე გააცხელეს და დანითაც კი დაჭრეს. მთლიანობაში მკვლევრებმა 1.7 მილიონზე მეტი მონაცემი შეაგროვეს კანის 860 ათასზე მეტი გამტარი გზიდან, ეს ინფორმაცია კი მანქანური სწავლის მოდელის დასახვეწად გამოიყენეს.

“ჯერ ისეთ დონეზე არ ვართ, რომ რობოტის კანი ადამიანურ კანს გაუტოლდეს, მაგრამ ვფიქრობთ, ამჟამად საუკეთესო ვარიანტია, რაც კი არსებობს”, განაცხადა კვლევის თანაავტორმა ტომას ჯორჯ თარათელმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინარობოტექნიკატექნოლოგიები

ისტორიაში პირველად – გულის გადანერგვის ოპერაცია სრულად რობოტის დახმარებით ჩატარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისტორიაში პირველად, ქირურგებმა გულის გადანერგვის ოპერაცია სრულად რობოტის გამოყენებით ჩაატარეს. მათ ადამიანის დაზიანებული გული გულმკერდის გაუხსნელად და მკერდის ძვლის დაუზიანებლად შეცვალეს.

ეს ისტორიული პროცედურა ბეილორ სენტ ლუკის სამედიცინო ცენტრში (ჰიუსტონი) მარტის დასაწყისში ჩატარდა. პაციენტი 45 წლის კაცი იყო, რომელსაც გულის მძიმე უკმარისობა აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში 2024 წლის ნოემბერში გადაიყვანეს, გულის ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად კი მრავალი მექანიკური მოწყობილობა ესაჭიროებოდა.

სტანდარტული ოპერაციისგან განსხვავებით, ექიმებმა გულმკერდის გახსნის ნაცვლად ქირურგიული რობოტი გამოიყენეს. მისი დახმარებით უფრო მარტივად შეძლეს გულ-მკერდის არეში ნავიგაცია და მცირე ზომის განაკვეთების გაკეთება. ოპერაციის შედეგად დაზიანებული გული დონორის ორგანოთი შეცვალეს, თანაც ისე, რომ მკერდის ძვლის გაკვეთა საჭირო არ გამხდარა.

ეს მიდგომა ქირურგიაში რევოლუციური ნაბიჯია, რადგან რობოტულ სიზუსტეს მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროცედურასთან აერთიანებს. ტრადიციული მიდგომის თავიდან აცილებით გუნდმა მნიშვნელოვნად შეამცირა ქირურგიული ტრავმა, სისხლის დანაკარგი და ინფექციის განვითარების რისკი.

„გულმკერდის გახსნამ და მკერდის ძვლის გაფართოებამ შეიძლება ჭრილობის შეხორცებაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს, რეაბილიტაცია შეაფერხოს და პაციენტის გამოჯანმრთელება გაახანგრძლივოს. ეს საფრთხე განსაკუთრებით გულის გადანერგვის ოპერაციის დროს ჩნდება ხოლმე”, – განაცხადა დოქტორ კენეტ ლიაომ, რომელიც ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად იმისა, რომ რობოტები ინვაზიურ პროცედურებში უკვე აქტიურად გამოიყენება, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანის გულის გადანერგვის ოპერაცია მთლიანად რობოტის დახმარებით შესრულდა. როგორც წესი, ასეთ მასშტაბურ ოპერაციებში რობოტული ტექნიკის ჩარევას თავს არიდებენ ხოლმე, მაგრამ გუნდის გაბედული ნაბიჯი წარმატებით დაგვირგვინდა.

რობოტის მილიმეტრულმა სიზუსტემ ექიმებს მცირე ქირურგიული პორტების გამოყენების საშუალება მისცა, ანუ ძვლის ხერხების ან ფართო განაკვეთების საჭიროება აღარ იყო. პაციენტი ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ გაწერეს ყოველგვარი გართულებების გარეშე.

რადგან მკერდის ძვალი არ გაუკვეთიათ, პაციენტს სისხლის გადასხმა აღარ დასჭირდა; შედეგად ანტისხეულების განვითარების რისკი შემცირდა, რომლებიც ახალი გულის უარყოფას შეუწყობდა ხელს. ამის გამო ოპერაციის შემდგომ უფრო სწრაფი მობილიზაცია გახდა შესაძლებელი, რაც, თავის მხრივ, ფილტვების ფუნქციონირებას აუმჯობესებს და რეაბილიტაციის პროცესს აჩქარებს.

„გადანერგვის ოპერაციამ გვიჩვენა, თუ რა არის შესაძლებელი, როცა ინოვაცია და ქირურგიული გამოცდილება ერთიანდება. ჩვენი მიზანია, პაციენტებს შევთავაზოთ ყველაზე უსაფრთხო, ეფექტიანი და ნაკლებად ინვაზიური პროცედურები, რობოტული ტექნოლოგია კი საშუალებას გვაძლევს, ეს არაჩვეულებრივი გზებით გავაკეთოთ”, – თქვა ლიაომ.

ამ ოპერაციამ შეიძლება ორგანოების ტრანსპლანტაციისას ქირურგების მიდგომა მთლიანად შეცვალოს. გულის გადანერგვა ერთ-ერთ ყველაზე ინვაზიურ ოპერაციად ითვლება, რადგან ამ დროს გულმკერდის ღრუზე სრული წვდომაა საჭირო. ამის მიუხედავად, რობოტის დახმარებით პროცედურის თანამდევი რისკები შემცირდა.

რობოტიკას უკვე დიდი ხანია, კარდიოქირურგიაში დამხმარის როლს თამაშობს, თუმცა ამ მნიშვნელოვან ოპერაციას სრულად ახალ ეტაპზე გადავყავართ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობარობოტექნიკატექნოლოგიები

BMW-მ წარმოებაში ჰუმანოიდი რობოტები დანერგა

მრეწველობის ავტომატიზაციის ღონისძიებების ფარგლებში, BMW-მ ჰუმანოიდი რობოტების ინტეგრაცია ავტომობილების საწარმოო პროცესში დაიწყო.  რობოტები კალიფორნიაში დაფუძნებული რობოტიკის კომპანიის – Figure-ის მიერ შეიქმნა. ეს თანამშრომლობა ერთ-ერთ პირველ რეალურ მაგალითს წარმოადგენს იმაზე, თუ როგორ იკავებენ ჰუმანოიდი რობოტები ადგილს ავტოინდუსტრიაში, რაც წარმოების ხაზის რადიკალურ გარდაქმნას გულისხმობს.

Figure 01 – სწორედ ასე ჰქვია ამ რობოტს, რომელიც განკუთვნილია ადამიანისთვის მავნე და ფიზიკურად დამღლელი სამუშაოების შესასრულებლად. ადამიანის მსგავსი მოძრაობებისა და მოქნილობის წყალობით, რობოტს სხვადასხვა ლოჯისტიკური დავალების შესრულება შეუძლია, მათ შორისაა, მასალების გადაადგილება, ნაწილების მიწოდება და სხვა. განსხვავებით, ტრადიციული ინდუსტრიული რობოტებისგან, რომლებიც მხოლოდ ერთ ადგილს არიან მორგებულნი, Figure 01 მობილურია და სწრაფად გადაადგილდება, რაც სწრაფად ცვალებადი გარემოსთვის იდეალურ ვარიანტს წარმოადგენს.

BMW-ს გადაწყვეტილება რობოტების დანერგვის შესახებ ინდუსტრიის მზარდი ტენდენციების გამოძახილია, რაც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება.  კომპანიის ინფორმაციით, Figure-ის რობოტები აღჭურვილნი არიან მოწინავე AI ტექნოლოგიებით, რაც მათ საშუალებას აძლევს დააკვირდნენ, ისწავლონ და შეითვისონ დავალებები სწრაფად, რაც საქმეს ბევრად ამარტივებს.

Figure-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრეტ ადკოკის თქმით, BMW-სთან თანამშრომლობა დიდი მიღწევაა: „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზოგადი დანიშნულების ჰუმანოიდი რობოტები რეალურად მუშაობენ ქარხნის გარემოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჰუმანოიდებს შეუძლიათ შრომის დეფიციტის შევსება და უსაფრთხოების გაუმჯობესება.“

ამჟამად რობოტების ჩართულობა ლოჯისტიკურ და დამხმარე ფუნქციებს უკავშირდება, თუმცა ორივე მხარე მომავლისთვის მათ უფრო რთულ პროცესებში ჩართვასაც განიხილავს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსირობოტექნიკატექნოლოგიები

მასკი მარსზე Optimus ჰუმანოიდის რობოტების გაგზავნას გეგმავს – რა ვიცით ამის შესახებ

ილონ მასკს სურს მარსზე Tesla Optimus რობოტების გაგზავნა. ჰუმანოიდი რობოტები წითელ პლანეტაზე SpaceX-ის მისიით 2026 წლის ბოლოს გაემგზავრებიან. ამის შესახებ Newsweek-ი იტყობინება.

„იმედია Starship მარსზე გაემგზავრება მომავალი წლის ბოლოს Optimus რობოტი მკვლევრებთან ერთად!” – თქვა მასკმა.

Optimus თავდაპირველად წარმოდგენილი იყო 2024 წლის ოქტომბერში, როგორც რობოტი ასისტენტი ყოველდღიური ცხოვრებისთვის. მასკი შემდეგ ამბობდა:

„ის გააკეთებს ყველაფერს, რაც გინდა… მას შეუძლია იყოს შენი მეგობარი, მიირთვას სასმელი, გაასეირნოს ძაღლი, გათიბოს შენი გაზონი, იყიდოს სასურსათო ნივთები…“,- აღნიშნავდა მასკი.

ახლა ჩვენ ვსაუბრობთ კოსმოსში რობოტების, როგორც ავტონომიური მკვლევრების გამოყენებაზე. მასკმა არაერთხელ განაცხადა მარსის კოლონიზაციის სურვილი.

სექტემბერში მან დაწერა: „ფრენის ინტენსივობა ექსპონენტურად გაიზრდება, დაახლოებით 20 წელიწადში თვითკმარი ქალაქის აშენების მიზნით“.

თუმცა, ბევრი ექსპერტი ამ იდეის მიმართ ფრთხილია და მასში რისკს ხედავს: „შეიძლება ეს მოხდეს ამ ათწლეულში? შესაძლოა, მაგრამ დიდი რისკით. მაგრამ თუ მივცემთ სამ ათწლეულს, დავინახავთ, როგორ შეიძლება რისკმა დაიწიოს მისაღებ დონემდე.”

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკარობოტექნიკატექნოლოგიები

პოლონურმა კომპანიამ წარადგინა პირველი რობოტი-ჰუმანოიდი სინთეტიკური კუნთებით

პოლონურმა კომპანიამ Clone Robotics წარადგინა პირველი რობოტი Clone Alpha, რომელსაც აქვს სინთეტიკური ორგანოები, ხელოვნური კუნთები და ჩონჩხის სისტემა. შესაბამისად, Clone Alpha დეტალურად იმეორებს ადამიანის აგებულებას.

პოლონურ კომპანიას სურს შექმნას ისეთი რობოტი, რომელიც მაქსიმალურად დაემგვანება თავისი აგებულებით ადამიანს.

Clone Robotics-ში იმედოვნებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ რობოტებს ექნებათ ის მოქნილობა და ფიზიკური ძალა, რაც ახასიათებთ ცოცხალ არსებებს.

რობოტი აღჭურვილია რთული სენსორული სისტემით, 400-მდე ინერციული გადამცემი მოწყობილობებით, რომლებიც კუნთების ძალას აკონტროლებენ.

კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე 279-მა დამკვეთმა გამოთქვა სურვილი, შეიძინოს Clone Alpha.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

შეძლებენ თუ არა რობოტები ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლონ ასტრონავტები კოსმოსში?

ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ მომავალში ასტრონავტი ადამიანები საჭიროებას დაკარგავენ და მათ ჩაანაცვლებენ რობოტები ხელოვნური ინტელექტით, – წერს BBC.

ინგლისელი ასტრონავტის მარტინ რიზის თქმით, რობოტები ძალიან სწრაფად ვითარდებიან. რიზი რობოტების კოსმოსში გაგზავნაში უფრო მეტ სარგებელს ხედავს, ვიდრე ადამიანების. ის თვლის, რომ ეს ბევრად უფრო იაფი დაჯდება და ნაკლებ რისკებთანაც იქნება დაკავშირებული.

„კოსმოსის სერიოზული შესწავლისთვის მე უპირატესობას რობოტექნიკას ვანიჭებ“, – განაცხადა ინგლისელმა მეცნიერმა ენდრიუ ქოუთსმა და აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ვითარდება და ჭკვიანი ხდება.

რობოტებს შეუძლიათ შეიტანონ თავისი წვლილი მეცნიერულ კვლევებში და იმოგზაურონ ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანებს მოხვედრა არ შეუძლიათ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რობოტექნიკა მზის სისტემის თითქმის ყველა პლანეტაზე მოხვდა, თუმცა ადამიანებმა მოხვედრა მხოლოდ მთვარეზე და დედამიწის ორბიტაზე შეძლეს. 1961 წლიდან კოსმოსში 700-მდე ადამიანია მოხვედრილი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინარობოტექნიკატექნოლოგიები

BBC: შეძლებენ თუ არა რობოტები მოახდინონ რევოლუცია ონკოქირურგიაში?

გლაზგოში ქირურგებმა ჩაატარეს ოპერაცია ონკოპაციენტებზე რობოტის მეშვეობით, რომელსაც მოფერებით როქსის ეძახიან, – წერს BBC-ი.

გინეკოლოგ-ონკოლოგები როქსის ოთხი ხელის მეშვეობით, რომლებზეც ქირურგიული ინსტრუმენტებია მიმაგრებული, ურთულეს ოპერაციებს ასრულებენ.

ქირურგები, რომლებიც ოპერაციების დროს რობოტებს იყენებენ აცხადებენ, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცევა ჯანდაცვის სფეროში.

შოტლანდიელმა ექიმებმა რობოტების გამოყენება ქირურგიაში 2015 წელს დაიწყეს და მას შემდეგ ეს მიმართულება გამუდმებით ვითარდება. რობოტექნიკა აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ ონკოლოგიაში, არამედ უროლოგიაში, თორაკალურ ქირურგიაში [გულმკერდის ქირურგია], პანკრეატიტის, ორთოპედიის და სხვა დაავადებების მართვის დროს.

2021 წელს შოტლანდიის მთავრობამ განახორციელა 20 მილიონიანი ინვესტიცია 12 რობოტის შესაძენად, უპირველეს ყოვლისა, ონკოლოგიური ქირურგიის განსავითარებლად. ქირურგების თქმით, ეს მეთოდი აძლევთ მათ საშუალებას უფრო იოლად შეასრულონ რთული ოპერაციები, ხოლო პაციენტებმა უკეთესად და სწრაფად შეძლონ პოსტოპერაციული პერიოდის გავლა.

პაციენტების შეფასებით, ოპერაციამ, რომელიც ქირურგებმა რობოტების საშუალებით ჩაატარეს, მათთვის იმდენად იოლად ჩაიარა, რომ, როდესაც გაიღვიძეს ვერც კი იგრძნეს, რომ მათ ოპერაცია გაუკეთეს. პაციენტების სახლში გაწერა კი მეორე დღესვე მოხერხდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

შექმნეს ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც ადამიანის მსგავსად მოძრაობს

Shenzhen EngineAI Robotics-მა თავისი პირველი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა. SE01 უახლესი ტექნოლოგიითა შექმნილი და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, თუ რამხელა პოტენციალი აქვს რობოტიკას.

SE01-ის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი მისი ნერვული ქსელის სისტემაა. ამით შემქმნელები რობოტიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უპირისპირდებიან, სურთ რობოტმა უფრო ბუნებრივად, ადამიანის მსგავსად იმოძრაოს.

ახალი ჰუმანოიდი რობოტის ნაბიჯები სწრაფი და გლუვია, რაც ადამიანის მოძრაობას გვაგონებს.

ინჟინრების თქმით, ეს რობოტიკის სფეროში სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

რობოტი აღჭურვილია NVIDIA-ისა და Intel-ის ორმაგი პროცესორებით, ასევე მაღალი სიზუსტის სტერეო კამერების სამი კომპლექტით. მთლიანობაში ეს SE01-ის მოწინავე ვიზუალურ ნერვულ ქსელს უზრუნველყოფს. ეს რობოტს საშუალებას აძლევს დაამუშაოს ვიზუალური მონაცემები რეალურ დროში.

EngineAI-მ ალუმინის სპეციალური შენადნობი გამოიყენა, რაც რობოტს მკვრივ და მსუბუქ სხეულს აძლევს.

EngineAI Robotics-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟაო ტონგიანგმა აღნიშნა, რომ მათი მიზანი რობოტიკის ბაზრის გაფართოება და რობოტების უფრო “გაადამიანურებაა”.

კომპანიის მიზანი, 2025 წლისთვის 1000-ზე მეტი ასეთი რობოტის წარმოებაში ჩაშვებაა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან გაზრდილი ტვინით

ჩინეთში, ტიანძინის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან დამზადებული ტვინი აქვს. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.

გამოცემა ამ გამოგონებას ბიოკომპიუტინგში გარღვევას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგია შესაძლოა „ჰიბრიდული ადამიანურ-რობოტიზებული ინტელექტის“ შექმნის საწინდარი გახდეს.

რობოტის შესაქმნელად მეცნიერებმა ლაბორატორიაში ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან ქსოვილი გაზარდეს და ნეირონულ ინტერფეისთან შეაერთეს. მსგავსი ტექნოლოგია ილონ მასკმა პროექტ Neuralink-ში გამოიყენა.

ჩინურმა რობოტმა უკვე ისწავლა სიარული, დაბრკოლებებისთვის თავის არიდება და საგნების აღება. ამასთან, რობოტს არ აქვს „თვალები“ – ის მხოლოდ ელექტრონული სიგნალებისა და სენსორული შეგრძნებების დახმარებით რეაგირებს. სპეციალისტების თქმით, ამ რობოტს სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 5
Page 1 of 5