close
დედამიწაეკოლოგიაკვლევები

ჰაერის დაბინძურების პარალელურად სუიციდის შემთხვევები იმატებს და პირიქით

ჩინეთში ჩატარებული კვლევის თანახმად,როცა ჰაერის ხარისხი უარესდება, სუიციდის შემთხვევები იმატებს. საინტერესოა, რომ სახელმწიფოში ემისიების შესამცირებლად შემოღებული ცვლილებების შედეგად სულ რამდენიმე წელში თვითმკვლელობის მაჩვენებელმაც იკლო.

ჩინეთის ზოგიერთი ქალაქი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ადგილებს შორისაა, სადაც შენობები სქელ სმოგშია მოქცეული. ამავე დროს, სუიციდის გლობალური შემთხვევების დაახლოებით 16% სწორედ ამ ქვეყანაში ფიქსირდება. ეკონომისტთა ჯგუფმა ეს ორი ასპექტი დააკავშირა და მათ შორის გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება გამოავლინა.

2013 წელს ჩინეთში ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმა გააქტიურდა. ის ინდუსტრიული ემისიების შემცირებას, ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლს, გასათბობად ბუნებრივ აირზე გადასვლასა და მზისა და ქარის ენერგიის გამოყენების წახალისებას გულისხმობდა. ამ პერიოდში ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო.

2010-2021 წლებში თვითმკვლელობების ყოველწლიური მაჩვენებელი ყოველ 100 000 ადამიანზე 10.88-დან 5.25-მდე შემცირდა. ამაზე ჰაერის ხარისხის გავლენის გამოსაკვლევად, გუნდმა სხვადასხვა ფაქტორი გააანალიზა.

მათ ყურადღება მეტეოროლოგიურ ფენომენზე გაამახვილეს, რომელსაც თერმული ინვერსია ეწოდება. ამ დროს ჰაერის ზედა შრე მის ქვემოთ მოქცეულ ცივ და დაბინძურებულ აირს ზედაპირთან ახლოს უბიძგებს, რაც რამდენიმე საათს გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ამას ჰაერში მცირე ზომის ნაწილაკების (PM2.5) ყოველკვირეული საშუალო შემცველობის დაახლოებით 1%-მდე გაზრდა შეუძლია.

სხვა კვლევებით დადგინდა, რომ ეს ნაწილაკები შესაძლოა, ტვინში მოხვდეს და სულ რაღაც 24 საათში მისი ქიმია შეცვალოს. შედეგად კი, არაა გამორიცხული, ეს უარეს მენტალურ ჯანმრთელობასა და, პოტენციურად, ემოციების რეგულაციის სირთულეს დაედოს საფუძვლად.

ამ და სხვა მონაცემების საფუძველზე ავტორებმა დაადგინეს, რომ იმ კვირებში, როცა თერმული ემისიები ფიქსირდებოდა, სუიციდის შემთხვევებიც მოულოდნელად იმატებდა. აღნიშნული ეფექტი მხოლოდ 7 დღის განმავლობაში შეინიშნებოდა.

„ეს თვითმკვლელობის ‘დამატებითი’ შემთხვევებია, ანუ ისინი არ დაფიქსირდებოდა, ჰაერის ხარისხი რომ არ გაუარესებულიყო”, – წერია ახალ ნაშრომში.

საბედნიეროდ, ბოლო წლებში ამ მხრივ ჩინეთში სიტუაცია გამოსწორდა. მეცნიერები სუიციდის მაჩვენებლის კლების თითქმის 10%-ს სწორედ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირებენ. ეს 2013-17 წლებში 46 000 “გადარჩენილ” სიცოცხლეს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, ამ ორ ფაქტორს შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულების შესახებ მრავალი კითხვა არსებობს, მაგრამ საკითხის შესასწავლად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0