close

ტექნოლოგიები

რობოტექნიკატექნოლოგიები

რობოტები ნელ–ნელა ადამიანებს ანაცვლებენ

 სპეციალისტები კვალიფიციურ განათლებას, ტექნოლოგიური პროგრესით შექმნილი ხელმისაწვდომობისა და კომუნიკაბელურობის მაქსიმალურ გამოყენებას გვირჩევენ.

ინტერნეტგიგანტი „გუგლი“ ამბობს, რომ ის მთლიანად ავტოპილოტზე მოძრავი მანქანის შექმნის ბოლო ეტაპზეა. მეორე გიგანტი, „აიბიემი“, კი – „ვატსონზე“ – ისეთ კომპიუტერზე მუშაობს, რომელიც არა მარტო ინფორმაციას ინახავს, არამედ მას ითვისებს, სწავლობს კიდეც. საბითუმო ინტერნეტ-კომპანია „ამაზონს“ საწყობები დიდი ხანია ავტომატიზირებული აქვს და ახლა ამანათების მიწოდების საქმეში დრონების ჩართვას გეგმავს.

ტექნოლოგიების განვითარება დღითი დღე ჩქარდება. ისინი უკეთ ფიქრობენ, უფრო სწრაფ და თანდათან უფრო სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ენდრიუ მაკაფი, წიგნის -„ტექნოლოგიების მეორე ერა“ – თანაავტორი, ამბობს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის ახალ ეტაპს ორი მთავარი შედეგი ექნება – პირველი, ეს არის ახალი შესაძლებლობები.

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

,,Microsoft-ის” რობოტი ნაცისტი გახდა

წინა წლის დასაწყისი ხელოვნური ინტელექტის (AI – Artificial Inteligence) მქონე ახალი რობოტული ტექნოლოგიების სიუხვით აღინიშნა. 23 მარტს ,,მაიკროსოფტმაც” წარმოადგინა ტეი, რომლის მთავარი ფუნქცია კლიენტებთან სოციალური ქსელების საშუალებით კონტაქტი იყო. ის ძალიან სწრაფად ითვისებდა ყველა ინფორმაციას, რაც ვირტუალურ სივრცეში ვრცელდებოდა, ამის შემდეგ კი, აქტიურად და ხალისიანად ეკონტაქტებოდა შედარებით ახალგაზრდა აუდიტორიას, რომელთაც მილენიალებს ეძახიან ანუ 21- საუკუნის ახალგაზრდებს.

ტეის პოპულარობამ ყველაზე სწრაფად პიკს “Twitter-ზე” მიაღწია და ამ მიზეზით ის იყო მედიის ყურადღების ცენტრშიც უნდა მოხვედრილიყო, რომ მოულოდნელად ავტორებს მისი პროგრამის წაშლა მოუწიათ. ტეი მაინც მოხვდა ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ გამოშვებულ ახალ ამბებში, ოღონდ სხვა რამის გამო: მისი სახით ,,მაიკროსოფტმა” სწრაფი და მოულოდნელი მარცხი განიცადა და სიახლე 24 საათის განმავლობაში საკუთარი ხელით მოსპო.

,,სი-ბი-ესის”, ,,სი-ენ-ენის”, ,,ტელეგრაფის”, ,,ვაშინგტონ პოსტის”, ,,ინდიფენდანტის”, ,,გარდიანისა” და სხვა ცნობილი გამოცემების გვერდები ახალი ჰედლაინებით აჭრელდა: ,,ტეი, ,,მაიკროსოფტის” ახალი მოლაპარაკე ტინეიჯერი რობოტი რასისტად იქცა”; ,,Microsoft–მა 24 საათში წაშალა ტინეიჯერი გოგონა რობოტი, რადგან ის ჰიტლერის მოყვარული სექსისტი გახდა”; ,,ტროლებმა მაიკროსოფტის მხიარული მილენიალი-რობოტი გენოციდის მომხრე მანიაკად გადააქციეს”; “Microsoft-ის რობოტმა, რომელსაც ინფორმაცია ,,Twitter-დან” უნდა მიეღო, დაასრულა იმით, რომ მხარი ტრამპს დაუჭირა და ჰიტლერი გააღმერთა”; ,,მაიკროსოფტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ტეისგან მიყენებული ზარალის გამო ცუდ დღეშია”; ,,Twitter-მა” ,,მაიკროსოფტის” რობოტი ერთ დღეზე ნაკლებში რასისტად აქცია”; “Microsoft–ის ტეი ახალგაცნობილ ადამიანებს ესხმის თავს”; “Microsoft-მა ტეი დროებით სიცოცხლეს გამოასალმა, ვინაიდან ის ნაცისტი გახდა”; ,,Twitter-მა” მაიკროსოფტის რობოტს რასიზმის სწრაფი კურსი ჩაუტარა”…

სტივენ ჰოუკინგი, ფიზიკის ცნობილი ბრიტანელი თეორეტიკოსი, რომელსაც თანამედროვე ასტროფიზიკის მამასაც კი უწოდებენ, ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება ადამიანთა მოდგმას გადაშენებით ემუქრება, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს ან ყველაზე კარგი, ან ყველაზე უარესი რამ, რაც კი კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია. მისი აზრით, თუკი რობოტები საკუთარი ინტელექტით ადამიანს გაუსწრებენ, შესაძლოა ერთგვარი ინტელექტუალური აფეთქება მოხდეს. ამ შემთხვევაში, სხვაობა რობოტებს და ადამიანებს შორის ისეთივე დრამატული გახდება, როგორც ადამიანს და გველს შორის.

 

წყარო: Forbes.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიკომუნიკაცია

„Google-ი“ ონლაინსესხებისა და სხვა პროდუქტების რეკლამას კრძალავს

 

,,Google-მა” საკუთარ საძიებო სისტემაში ონლაინსესხების რეკლამის აკრძალვის შესახებ განაცხადა. შეზღუდვა ძალაში 13 ივლისიდან შევა და საძიებო სისტემაში აღარ განთავსდება ნებისმიერი სახის დღიური სესხის რეკლამა, რომლის დაბრუნების ვადა 60 დღეზე ნაკლებია.

ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბლოკება ყველა ის რეკლამა, სადაც სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 36 %-ზე მაღალია. რეკლამის აკრძალვა არ შეეხება ავტოგანვადებებს, სტუდენტურ ან სხვა მსგავს კრედიტებს. ,,აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენი მომხმარებლებისთვის ზიანის მომტანი ფინანსური პროდუქტისგან თავის არიდებას ემსახურება”  –  ნათქვამია „Google-ის”განცხადებაში.

ინტერნეტგიგანტი ონლაინსესხების გარდა, სხვა პროდუქტების რეკლამირებასაც ზღუდავს. სიაშია სამხედრო თამაშებისთვის საჭირო ატრიბუტები, პიროტექნიკა, სიგარეტი, ნარკოტიკები, სათამაშო ბიზნესი, ჰაკერული სერვისები. „Google-ი” ასევე კრძალავს ყველა სახის პროდუქტის რეკლამას, რომელიც მოგებას ცხოველების საშუალებით იღებს. მათ შორის არის  ვეფხვის ტყავი, სპილოს ძვალი და სხვა. ,,რეკლამების ნაწილი ზიანის მომტან პროდუქტებთან არის დაკავშირებული. ჩვენ სისტემიდან არასასურველი რეკლამების ამოღების სპეციფიკური მიდგომა გვაქვს შემუშავებული. შედეგად, მხოლოდ 2016 წელს 780 მილიონი რეკლამა იქნა დაბლოკილი,,” – ვკითხულობთ „Google-ის” განცხადებაში.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

Hand4help-ი – ინოვაციური ხელის პროთეზი ქართველი ახალგაზრდებისგან

 Hand4Help-ი არის ქართველი ახალგაზრდების კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელმაც შეძლო სტარტაპერი გუნდიდან ორგანიზაცია ჩამოეყალიბებინა. მათ შექმნეს ინოვაციური ხელის პროთეზი, რომელიც საკამოდ განსხვავდება უკვე არსებულისგან და რაც მთავარია, გუნდი უანგაროდ ეხმარება საზოგადოების იმ წევრებს, რომლებიც საჭიროებენ მას. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა გუნდის ერთ-ერთ წევრს  – გიორგი დიღმელაშვილს, რომელმაც მათი გეგმებისა და აღნიშნული პროთეზის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია.

Hand4help-ის გუნდი შედგება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან.  გიორგი დიღმელაშილი და გიორგი გაბრაშვილი აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლის სტუდენტები არიან, ამავე ფაკულტეტზე სწავლობს მათი დიზაინერი, დავით კორძაია, გუნდის დანარჩენი წევრები – ვახტანგ ტაბატაძე (პროგრამისტი), დავით კვიციანი  და კობა ცერცვაძე თავისუფალი უნივერსიტეტის სკოლის სტუდენტები არიან, ლექსო ბიწაძე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს.

იდეა გუნდის წევრებს საზოგადოების იმ წევრების პრობლემიდან გამომდინარე გაუჩნდა,  რომლებიც საჭიროებენ ხელის პროთეზს, გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე პროთეზებს ბევრი ნაკლი გააჩნიათ, ეს პიროვნებები ბევრ დაბრკოლებას აწყდებიან,  რაზეც გიორგიმ თავადვე ისაუბრა – ,,პროთეზების ფასი საშუალოდ 15 000 -100 000 $-მდე მერყეობს. ბავშვებისთვის კი ძირითადად არც მზადდება. არსებული პროთეზები, როგორც წესი, ნაკლებფუნქციური, რთულად გამოსაყენებელი მოწყობილობებია, რომლებიც სრულფასოვნად გამოყენებამდე საჭიროებენ 2-4 თვემდე ტრენინგს და ამასთანავე, საკმაოდ მძიმეა სატარებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი ხანია ამ სფეროში სიახლე არავის შეუტანია მაშინ, როცა პროდუქცია აშკარად საჭიროებს განახლებას“.
გუნდმა გადაწყვიტა პრობლემა 3D პრინტერის ტექნოლოგიის გამოყენებით მოეხსნა და შეექმნა ხელის მრავალფუქნციური და რაც მთავარია, დაბალდანახარჯიანი პროთეზი, რომლებიც ბავშვებისთვისაც იქნებოდა ხელმისაწვდომი. ,,ჩვენ გადავწყვიტეთ, გავცდეთ ბუნებრივი ხელის ფუნქციებს და ხელის პროთეზი გავხადოთ უფრო მაღალტექნოლოგიური, მომხმარებელი თვითონ ირჩევს რა სურს, რომ შეეძლოს მის პროთეზს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს იგი, შემდეგ კი,  ჩვენი ტექნიკური გუნდი უზრუნველყოფს მას. არ აქვს მნიშვნელობა სურვილს, ჩვენ შევძელით პროთეზით პიანინოზე დაკვრა, სმარტფონზე შეტყობინების აკრეფვა, პრეზენტაციის ჩატარება და ა.შ ეს ყველაფერი კი  იმისთვის, რომ როდესაც 2 ადამიანი შეხვდება ერთმანეთს საუბარი არ დაიწყოს ფრაზით თუ როგორ მოხდა ეს, და „რა სამწუხაროა“,  არამედ იმით თუ რამდენად კარგია აღნიშნული პროთეზი“ – აღნიშნა გიორგიმ.

გუნდმა პირველად ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ჰაკათონში მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილის მფლობელიც გახდა, მას მოჰყვა ევროპის ფონდის კონკურსი სოციალური საწარმოს დაარსების შესახებ, სადაც ასევე პირველი ადგილი მოიპოვა. ცოტა ხნის წინ კი, მათ საქართველოს ინოვაციების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ,,სტარტაპ საქართველოში” გაიმარჯვეს და მონაწილეობა მიიღეს კალოფორნიაში,  ,,სილიკონ ველიზე”, სადაც აღნიშნული პროექტით უცხოელი ინვესტორების წინაშეც წარსდგნენ.

Hand4help-ს სოციალური მისია აკისრია, სწორედ ამიტომ, გუნდმა საქართველოში დაარსა,,Hand4help Community“, ეს არის საზოგადოება რომელიც მიზნად ისახავს გააერთიანოს ადამიანები, ვისაც უშუალოდ სჭირდებათ დახმარება და ვისაც სურს, რომ დაეხმაროს სხვას, იქნება ეს უბრალოდ იდეებით, დიზაინით, პროდუქციის შექმნაში მონაწილეობის მიღებითა თუ მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებით.

ორგანიზაცია იურიდიულად უკვე დარეგისტრირდა, თუმცა მათი საქმიანობა მოგებაზე გათვლილი არ არის, რადგან მოგებული დაფინანსებები და ინვესტიციები მთლიანად კოპანიის ამ ფორმით ჩამოყალიბებას მოხმარდა. ამჟამად კომპანია აწარმოების  ორ მოდელს, ერთი მათგანი არის სრულიად მაღალი ფუნქციებით აღჭურვილი პროთეზი,  რომლის გატანაც მსოფლიო ბაზარზე უკვე იგეგმება, მისი ღირებულება კი 1500$-ს შეადგენს, მეორე მოდელით ადამიანს მხოლოდ უბრალოდ ნივთების გადაადგილება შეუძლია, ამ პროთეზს გუნდი უკვე დიდი ხანია უანგაროდ გადასცემს მსურველებს, რომლებსაც მათთან დაკავშირება საიტის – Hand4help.com-ის მეშვეობით შეუძლიათ.

 

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

პარიზში უპილოტო ავტობუსები ივლის

 პარიზის ქუჩებში უკვე გამოჩნდა უპილოტო ავტობუსები, რომლებიც ელექტროძრავის მეშვეობით მუშაობს აღნიშნული პროექტი ჯერჯერობით ექსპერიმენტად მიიჩნევა, თუმცა წარმატების შემთხვევაში ქალაქის მერია  მსგავსი ტრანსპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს. ამჟამად, ავტოპილოტზე ორი ავტობუსი მუშაობს, რომლებიც მცირე ტრაექტორიას ფარავს. ისინი გამოყოფილ ზოლში მოძრაობს, სადაც სხვა ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

საცდელ რეჟიმში მყოფ ავტობუსში 12 მგზავრის მოთავსებაა შესაძლებელი. იგი აღჭურვილია კამერებითა და ლაზერული სისტემით, რათა შესაძლებელი იყოს სხვა ტრანსპორტთან და ადამიანებთან შეჯახების პრევენცია.

პარიზის მერის მოადგილის ჟან-ლუი მისიკას განცხადებით, უპილოტო ტრანსპორტი მსოფლიოში საქალაქო ტრანსპორტის რევოლუციას სულ მალე მოახდენს და დიდ ქალაქებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.

 

წყარო: http://enterpreneur.com/

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ჭკვიანი ფეხსაცმელი გამოიგონეს

ჭკვიანი ფეხსაცმელი ანიმაციური ეკრანითეს ფეხსაცმლის ახალი თაობაა, რომლის ინოვაციური იდეა კომპანია ShiftWear-ს” ეკუთვნის.ფეხსაცმლის უნიკალური დიზაინთან შერწყმული ულტრათხელი და რბილი, ფერადი ეკრანი, რომელიც Full-Hd გაფართოებითაა, ცნობილია, როგორც E-paperეკრანი.

ფეხსაცმელზე ფერების, სურათების და ვიდეოების კონტროლი სმარტფონის სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ფონი, ფერი, საყვარელი ვიდეო და რამდენიმე წამში ის თქვენს ფეხსაცმელზე გამოჩნდება.ასევე შესაძლებელია, თავად შექმნათ უნიკალური დიზაინი მიყიდოთ ის სხვა მომხმარებელს აპლიკაციის მეშვეობით ან თავად შეიძინოთ სხვის მიერ შექმნილი უნიკალური დიზაინი.

ჭკვიანი ფეხსაცმელი სამი განსხვავებული დიზაინით და 5 განსხვავებული ძირითადი ფერითაა ხელმისაწვდომი. ფასიც განსხვავებულია და 200 დოლარიან 500 დოლარამდე მერყეობს.ანიმაციებისა და ეფექტების შეცვლა კედებზე სიარულის დროსაც კი შეიძლება. ამ კედების შეძენა ონლაინში –  www.shiftwear.com –ზე ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამჟამად, საიტზე სამივე ტიპის ფეხსაცმელზე წინასწარი შეკვეთების მიღება შეწყვეტილი.

როგორც საიტზე მითითებული ინფორმაციიდან ირკვევა, ფეხსაცმელი კაბელის მეშვეობით იტენება და სრულად დატენილი 30 დღის განმავლობაში ძლებს.

რაც ყველაზე მთავარია – ჭკვიანი კედები წყალგამძლეა და მისი მანქანის მეშვეობით რეცხვაც ნებადართულია.

ახალი ფეხსაცმლის შექმნის იდეით www.indiegogo.com –ზე ახალგაზრდა მეწარმეთა ჯგუფი 2015 წელს დარეგისტრირდა და საკუთარი იდეის განსახორციელებლად შემოწირულობას ამ დროიდან აგროვებს.მოდის სამყაროში ეს ნოვატორული იდეა ონლაინში უამრავმა ადამიანმა დააფინანსა.ამ ეტაპზე ჯგუფმა $926,877 შეაგროვა, შესაბამისად კედების წარმოება დაწყებულია.

გეგმის მიხედვით, 3 მილიონი დოლარის დაფინანსების შემთხვევაში, ჯგუფი, სენსორული ეკრანით, აუდიოსისტემით და სიარულის დროს დატენვის შესაძლებლობით აღჭურვილ კედებსაც გამოუშვებენ.

წყარო: inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

წყლიანი ბიოდეგრადირებადი ბურთები პლასტმასის ბოთლების ნაცვლად

ბუნებრივი ან არომატიზირებული წყლით სავსე მცირე გამჭვირვალე სფეროებმა შესაძლოა ლონდონში პლასტიკური ნარჩენების პრობლემა გადაჭრას.

ამის შესახებ ბრიტანეთის დედაქალაქში დაფუძნებული ის სტარტაპკომპანია იუწყება, რომელიც აღნიშნულ ბურთებს აწარმოებს.

ბიოდეგრადირებადი “Ooho“ ბურთები, რომელიც მომხმარებელს წყურვილის გრძნობას უკარგავს, სან-ფრანცისკოსა და ლონდონში ორიოდე დღის წინ წარადგინეს.

ბურთებს ჟელესმაგვარი გარსი აქვთ, რომელიც მცენარეული და ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტებისგანაა დამზადებული.

კომპანია ,,Skipping Rocks Lab-ის” ინფორმაციით, გამოუყენებელი გარსები 4-6 კვირაში იშლება და ქრება.

ლონდონის მუნიციპალური მთავრობის ინფორმაციით, მდინარე ტემზადან ერთი თვის განმავლობაში 4,000-მდე პლასტიკური ბოთლი ამოიღეს, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ბრიტანეთის დედაქალაქი, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთი ქალაქი თუ დედაქალაქი, პლასტიკური ბოთლებისგან გამოწვეული ნარჩენების მართვის სერიოზული პრობლემის წინაშე დგას.

„Ooho ყველა იმ თვისებას ვერ ჩაანაცვლებს, რაც პლასტიკურ ბოთლას აქვს, თუმცა მოკლევადიანი მოხმარებისთვის ის ნამდვილად გამოსავალია შექმნილ სიტუაციაში,“ –  განაცხადა კომპანია Skipping Rocks Lab-ის დამფუძნებელმა გარსია გონსალესმა.

ლონდონის საკრებულოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ “Ooho” წინ გადადგმული ნაბიჯია.

,,Skipping Rocks-მა” ,,Ooho-ს” შექმნას სამი წელი მოანდომა. კომპანია დღეში 2,000-მდე ბურთს აწარმოებს და იმედს გამოთქვამს, რომ ამ მონაცემებს უახლოეს მომავალში გაზრდის. იგეგმება პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გაზრდა და მემბრანის  რეზისტენტულობის გაუმჯობესება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
სამხედროსაქართველო

ქართველი სამხედრო ქალი, რომელმაც 2008 წლის ომის დროს რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არაერთი ქალი მსახურობს, ისინი ჩართულნი არიან ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ავღანეთის მისიებში, რამდენიმე, აგრეთვე, იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ერთ-ერთია – ზოია კურტანიძე – ამჟამად საჰაერო თავდაცვის ბრიგადის II საზენიტო-სარაკეტო ბატალიონის S-1-ის უფროსი. დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემია 2008 წლის ივნისში დაამთავრა და ახალბედა ოფიცერი აგვისტოში უკვე ომში აღმოჩნდა, 2008 წელს მუშაობდა IV ცალკეული საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის საბრძოლო მანქანის ინჟინერ-ოპერატორად. მისი თქმით, იმ დროს გაცნობიერებულიც არ ჰქონდა, რომ ომში იყო. დაიბადა გორში, სკოლა ხაშურში დაამთავრა. იმის გამო, რომ დედაქალაქში მუშაობდა, მამის გარდაცვალების შემდეგ, დედასთან ერთად თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. დედმამიშვილი არ ჰყავს. ორჯერ იყო მივლინებული ავღანეთში სამშვიდობო მისიით. ,,დოქტრინა” გთავაზობთ ინტერვიუს ზოია კურტანიძესთან:

-სამხედრო სამსახურში ქალის როლისა და ადგილის შესახებ თანამედროვე მსოფლიო მუდმივად დავობს. თქვენი აზრი ქალის სამხედრო სამსახურის შესახებ.

-ადამიანები მათი შესაძლებლობების მიხედვით ფასდებიან და არა სქესის გამო. მოსწონს თუ არა თანამედროვე მსოფლიოს, ქალის როლი თითქმის ყველა მიმართულებით იზრდება, შესაბამისად,  გარკვეული პროცენტულობა არმიაზეც მოდის. შესაშურად მიზანდასახული და პატრიოტი ქალბატონები მინახავს, დასანანია სტერეოტიპულმა შეხედულებებმა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მათზე, ვინც უკვე მსახურობს ან სურს ემსახუროს სამშობლოს.

-თქვენ შესახებ გვითხარით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას, ოჯახს, როცა გადაწყვიტეთ, რომ ჩამდგარიყავით ქვეყნის სამსახურში.

-სამხედრო აკადემიაში ჩაბარება რომ გადავწყვიტე, ყველაზე დიდი მხარდაჭერა მშობლებისაგან ვიგრძენი. გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაც თვითონვე მასწავლეს. უკვე 10 წელი ხდება, რაც სამხედრო სამსახურში ვარ, ჩემი გადაწყვეტილება კი ჯერ არ მინანია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იდეალურად იყო ან არის ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ჩემი შემართება ყველა სირთულეზე ძლიერი აღმოჩნდა. რაც შეეხება საზოგადოებას, მათი აზრი ორად გაიყო, იყვნენ ისინი, ვისაც ძალიან მოსწონდა ჩემი არჩეული გზა და ისინი, ვინც მიიჩნევდნენ, რომ  ქალის ადგილი ჯარში არ არის. ომის მერეც კი, როდესაც ჩემი საქმით ვთქვი სათქმელი, მაინც მიწევდა მეორე კატეგორიის ადამიანებთან კამათი. მერე გავიზარდე… ახლა აღარც დრო მაქვს და არც სურვილი, იმ ადამიანებთან დებატებში დავკარგო დრო, ვინც ვერ გადალახა სტერეოტიპები.

-ბოლო პერიოდში შეინიშნება ქალთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია სამხედრო სამსახურში, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

-ჩვენს ეპოქაში მამაკაცი და ქალი ყველა მიმართულებით თანაბრდება. გაჩნდა საქმიანობის სფეროები, სადაც ქალს და მამამაკაცს საქმის შესრულება თანაბარი წარმატებით შეუძლია, რიგ შემთხვევებში – ქალს უკეთესად. ეს ძირითადად დამოკიდებულია იმ პიროვნულ და პროფესიულ თვისებებზე, რასაც ესა თუ ის პროფესია მოითხოვს. მენტალიტეტი იცვლება. ქალებს სურთ მოსინჯონ ძალები ,,მამაკაცურ“ საქმეებში, რაც გენდერული თანასწორობის თანმდევი პროცესია.

-თუ იცით, როგორია დღევანდელი მდგომარეობა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ქალების როლთან მიმართებით?

-2014 წელს, ავღანეთში, ამერიკის არმიის ორ ქალ სამხედროს ვესაუბრებოდი, გამოცდილებას ვუზიარებდით ერთმანეთს. საუბარს ჩემი მეგობარი შემოესწრო, ხელი ჩამოართვა გოგოებს და ჩემზე უთხრა, იცით, 2008 წელს რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდოო… არასოდეს დამავიწყდება მათი გაოცებული სახეები, არ იჯერებდნენ, რომ საქართველოში ნებადართული იყო ქალებისთვის საბრძოლო ქვედანაყოფში, საბრძოლო პოზიციაზე მსახური და მით უმეტეს, ომში მონაწილეობა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ოფიცრებმა ჩემს ადგილას ყოფნა ინატრეს და თქვეს, რომ ამერიკამ მხოლოდ ბოლო წლებში დართო ქალებს ნება, ძალები მოსინჯონ საბრძოლო ქვედანაყოფებში. ევროპის ბევრ ქვეყანაშიც არის მსგავსი შეზღუდვები, ზოგან არ არის, მაგრამ ქალებს არ სურთ საბრძოლო თანამდებობების დაკავება. მაგალითად, საფრანგეთში სამხედრო ქალბატონთა მხოლოდ 1,7 პროცენტი მსახურობს ქვეით საბრძოლო თანამდებობებზე.

-როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა აქვთ ქალებს მამაკაცებთან შედარებით? მაგალითად, საუბრობენ მაღალგანვითარებულ ინტუიციასა და დაკვირვებულობაზე. ამბობენ, რომ ქალები არაჩვეულებრივი სნაიპერები არიან. 

-თუ შევადარებთ, მამაკაცს გაცილებით სწრაფი რეაქციის უნარი აქვს, ქალზე ფიზიკურად ძლიერია, ფოკუსირებული, შორი ხედვა აქვს, თუმცა ქალი უფრო უძლებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვებს, მისი ხედვა პერიფერიულია, შეუძლია გარემო 180 გრადუსზე მოიცვას, წვრილმანებისა და დეტალებისადმი ინტერესის წყალობით კი, ქალები მამაკაცებზე დაკვირვებულები არიან. რასაკვირველია, გამონაკლისები არსებობს ყველაფერში. და მაინც, სამხედრო სამსახურში მოტივაცია, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და პატრიოტიზმი ყველაზე დიდ უპირატესობად მიმაჩნია. ამ თვისებებს კი სქესი არ გააჩნია.

-მამაკაცებისა და ქალების ფიზიკური მომზადებისას, როგორც ცნობილია, ქალები 3-ჯერ უფრო ხშირად იღებენ ტრავმებს. ბევრის თქმით, ქალთა ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს მძიმე ფიზიკური დატვირთვა და სამხედრო წესი. თქვენი აზრი აღნიშნულ საკითხზე.

-ამ საკითხზე, ვფიქრობ, სტატისტიკა არ არსებობს. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, იყო ქალი სამხედრო, თუმცა, არცერთი სამხედრო სწავლება ან ფიზიკური დატვირთვა არ არის სულიერ სიმტკიცეზე ძლიერი.

-რამდენად ემხრობით ქალების სავალდებულო გაწვევას ჯარში? მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორია.

-საზოგადოებას მომზადება სჭირდება. ვიდრე ქართველი დედები და მამები მიმართავენ სხვადასხვა ზომას, რათა ბიჭები არ გაუშვან ჯარში, რომ მოიხადონ ქვეყნის წინაშე ვალი, ქალების სავალდებულო გაწვევა ცოტა ნაადრევია ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის.

-რას ურჩევდით მას, ვისაც უნდა ამ მიმართულებით განვითარდეს? – ქართული სტერეოტიპული აზროვნების ფონზე, ამ ნაბიჯს, როგორც წესი, ვერ დგამენ.

-პრინციპულობა და მიზანსწრაფვა ანგრევს სტერეოტიპებს. იბრძოლეთ თქვენი მომავლისთვის!

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

,,ვოლგას” ახალი სიცოცხლე იწყება

ე.წ. კორტეჟის პროექტის მიხედვით, რუსეთის მაღალჩინოსნებისთვის ახალი წარმომადგენლობითი ავტომობილები შეიქმნება. საინტერესო ისაა, რომ მოკრძალებულ სედანებზე ,,გორკის” ქარხანა მუშაობს, რომელიც  იმის წინაპირობა უნდა იყოს, რომ ,,ვოლგას” ახალი სიცოცხლე იწყება.

წარმოდგენილი კონცეპტს  GAZ 5000 GL ეწოდება. პირველადი ესკიზების მიხედვით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ახალი ,,ვოლგა”.  სავარაუდოდ, ის 3,2 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიან ძრავას მიიღებს, რომლის სიმძლავრე 300 ცხენის ძალა იქნება.

არ არის გამორიცხული, რომ ჰიბრიდული ვერსიაც ვიხილოთ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

,,Garage48″ თბილისშია – 48-საათიანი მხიარულება ამბიციური და ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის

Garage48 თბილისშია – 48 საათიანი მხიარულება ამბიციური და ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის 21 აპრილს, 17:30 საათზე, სასტუმრო ,,რუმსში” სტარტს აიღებს და ,,Impact Hub Tbilisi-ში” გაგრძელდება 48-საათიანი ჰაკათონი, სადაც პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტმენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს და შექმნიან სამუშაო პროტოტიპებს.

ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირდა 100-მდე მონაწილე, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებენ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად. პროექტ ,,Garage48-ის” ადგილობრივი პარტნიორები არიან ,,Impact Hub Tbilisi”,,, თიბისი ბანკი” და ,,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო”. სამი გამარჯვებული გუნდი საჩუქრად მიიღებს ,,იმფაქთ ჰაბის” ერთთვიან ულიმიტო წევრობას და პრიზებს თიბისი ბანკისგან.

,,Garage48″ ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპკულტურის ხელშეწყობა, ასევე, ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.

დღის წესრიგი: პარასკევი (@Rooms Hotel) 17:30 – რეგისტრაცია, ნეთვორქინგი, ყავა 18:00 – მისასალმებელი სიტყვა 18:15 – იდეების წარდგენა (90 წამი თითო იდეა) 20:00 – შესვენება 20:15 – იდეების წარდგენა (გაგრძელება) 20:45 – გუნდების შექმნა, ყველა ირჩევს სასურველ იდეას 21:00 – გუნდების მუშაობა იწყება! შაბათი (@Impact Hub Tbilisi) 09:00 – ყავა და მსუბუქი საუზმე 10:00 – ჩექფოინთი #1 11:00 – მენტორების შემოვლა 13:00 – ლანჩი 14:00 – “როგორ ვესაუბროთ ინვესტორებს” – Yrjö Ojasaar, მეწარმე Startup Wise Guys 15:00 – მუშაობა გრძელდება 18:00 – ჩექფოინთი #2 & რეპეტიცია 19:00 – ვახშამი 20:00 – მუშაობა გრძელდება კვირა (@Impact Hub Tbilisi) 09:00 – ყავა და მსუბუქი საუზმე 10:00 – ჩექფოინთი #3 11:00 – Pitch drill სესია #1 13:00 – ლანჩი 14:00 – Pitch drill სესია #2 17:00 – ყავის შესვენება 17:30 – დასკვნითი ღონისძიება & LIVE სტრიმი 20:00 – ჟიურის მსჯელობა 20:30 – გამარჯვებულების გამოვლენა

კონტაქტი: ქეთევან ებანოიძე ტელ: 577425611 ელ.ფოსტა:ketevan.ebanoidze@impacthub.net მისამართი: ნინოშვილის №8, თბილისი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 72 73 74 75 76 85
Page 74 of 85