close
ვიფიშერი

  თანამედროვე სამყაროში Wifi- წარმოადგენს რეკლამირებისთვის უნიკალურ საშუალებას და ქართული კომპანია „Wifisher-ი“  სწორედ ამ გზით ცდილობს სხვადასხვა კომპანიას დაეხმაროს საკუთარი ნაწარმის პოპულარიზებაში. კომპანიის იდეა, ორი წლის წინ, ორ ახალგაზრდას – ნოდარ ივანიძესა და დავით ხოსროშვილს გაუჩნდა, რომლებმაც ქართველი ინვესტორის დახმარებით შეძლეს მისი განხორციელება. წარმატებული წამოწყების შესახებ ნოდარ ივანიძეს გავესაუბრეთ.

„Wifisher-ი” არის რეკლამების ონლაინპლატფორმა, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას კომპანიის საიტზე  აირჩიოს რეკლამის განთავსებისთვის სასურველი  ობიექტი და მარტივი საბანკო ტრანზაქციით გააქტიუროს საკუთარი რეკლამა აღნიშნულ წერტილში. პლატფორმა, როგორც ნოდარმა აღნიშნა, საკმაოდ პოპულარული და ეფექტურია, ,,სერვისი გვაძლევს საშუალებას პირდაპირ შევიდეთ მომხმარებელთან ინტერაქციაში. თანამედროვე ადამიანს უკვე განუვითარდა ინსტინქტი, რომ  ვეღარ შეამჩნიოს ბანერებსა თუ  სოციალურ ქსელებში არსებული რეკლამები და ამ პირობებში, სწორედ „Wifisher-ი“ ქმნის მათ ერთგვარ ალტერნატივას,“ – აღნიშნავს ის.

„Wifisher-ს” დამატებითი ფუნქციაც აქვს – მისი მეშვეობით კაფეებს, რესტორნებს, საავადმყოფოებსა თუ სასტუმროებს შეუძლია აღნიშნული სისტემა მომხმარებელთან შიდაკომუნიკაციისთვის გამოიყენოს, მაგალითად, პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია გაირკვეს  თუ რამდენჯერ სტუმრობდა მომხმარებელი აღნიშნულ ობიექტს და, ამის მიხედვით, ერთგული სტუმრები წახალისდებიან.

ამჟამად  კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით 150 ობიექტს მოიცავს, რომელთა შორის არის ქვეყნის ყველა აეროპორტი, სავაჭრო ცენტრი, კინოთეატრი და რამდენიმე კვების ობიექტი. სტატისტიკურად კომპანიის კლიენტების 30% პლატფორმას სწორედ საკუთარი პროდუქციის რეკლამისთვის იყენებს, ასეთებია, მაგალითად, ,,Dunkin’ Donuts-ი“, „Wendy’s-ი“ და სხვები.

„Wifisher-ი“  თითქმის ყველა უმსხვილესი ქართული კომპანიის პარტნიორია, მათ შორის არის „ვითიბი ბანკი“, „თიბისი ბანკი“, ასევე –  თამბაქოსა და სადაზღვეო კომპანიები, როგორებიცაა, მაგალითად, „ირაო“ და „ალდაგი“. საერთაშორისო კომპანიებიდან აღსანიშნავია „Samsung-ი“, სამომავლოდ იგეგმება თანამშრომლობა „Philip Morris-თანაც“.

სერვისის კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ კომპანია აძლიერებს ინტერნეტის სიჩქარეს ყველა ობიექტზე სადაც მათი სისტემა მოქმედებს, ამისთვის სპეციალური თანხებია გამოყოფილი და  მომხმარებელიც რეკლამის ნახვის შემდეგ გაცილებით უფრო  სწრაფ ინტერნეტს ღებულობს.

პლატფორმა საქართველოში ინოვაციურია, თუმცა მსგავსი ტიპის პროგრამები არსებობს უცხოეთშიც, მაგრამ როგორც ნოდარმა აღნიშნა, ისინი ვერ უწევენ კონკურენციას მათ  პლატფორმას, შესაბამისად, ახალგაზდები ცდილობენ საზღვრებს გარეთაც გაიტანონ საკუთარი სერვისი, მათ ამჟამად უკვე ჰყავთ პარტნიორი დაწესებულებები აზერბაიჯანსა და სომხეთში, სამომავლოდ კი იგეგმება ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაც.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2