close
AMGიზნესიკონომიკააქართველო

პირველი ქართული კრიპტოვალუტის („ოქროს საწმისი“) შემქმნელი მაინინგის პერსპექტივებზე საუბრობს

გოგოხია კრიპტო

ვახტანგ გოგოხია 29 წლის ფინანსისტია, რომელმაც განათლება ტეხასის უნივერსიტეტის ფილიალში მიიღო, თუმცაღა, პარალელურად, IT-სპეციალობასაც ფლობს და დღეს მეგობრებთან ერთად პირველი ქართული კრიპტოვალუტის – „ოქროს საწმისის“ (“Golden Fleece”) შემქმნელადაც გვევლინება, საკუთარი გამოცდილებისა და კრიპტოვალუტის მაინინგის სამომავლო პერსპექტივებზე ვახტანგი თავად გვიამბობს.

ვახტანგ, როდის დაინტერესდი პირველად კრიპტოვალუტის მაინინგით და ვინ არიან შენი გუნდის დანარჩენი წევრები?

-მაინინგი პირველად 2016 წელს, მეგობართან ერთად დავიწყე,  ამ ყველაფერს მაშინ ჰობის სახე ჰქონდა, მაგრამ, მოგვიანებით, გადავწყვიტე ბიზნესად ჩამომეყალიბებინა და გარკვეული კაპიტალი მომეზიდა, რის გამოც წამოვიწყეთ „ICO“ და მეგობრებთან ერთად გამოვუშვით საკუთარი კრიპტოვალუტა. გუნდის დანარჩენი წევრები ჩემი ყოფილი კოლეგები და კურსელები არიან, რომლებთანაც  დიდი ხანის საქმიანი და პირადი მეგობრობა მაკავშირებს, ზოგი მათგანი პროგრამისტია, ზოგი სისტემური ადმინისტრატორი, ზოგი ბიზნესანალიტიკოსი და ზოგიც ფინანსისტი.

-კონკრეტულად, რა მახასიათებლები აქვს ქართულ კრიპტოვალუტას („ოქროს საწმისი“)?

-ჩვენ ვიყენებთ უცხოურ პლატფორმას „ეთერიუმს“, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით, ქსელის სიმძლავრით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეორე ადგილზეა, ბიტკოინის მერე. შესაბამისად, ჩვენს კრიპტოვალუტას ყველა ის თვისება აქვს, რაც წამყვან კრიპტოვალუტებს, მათ შორის – მონაცემთა ბაზა, სადაც ინახება ჩვენი ვალუტის მფლობელების შესახებ ინფორმაცია, რომლის გაყალბება ან მონაცემების დაკარგვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენი ვალუტის გამოყენება შეიძლება როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტის სახით, ისევე, როგორც ფულადი საშუალების, რომლის გადარიცხვაც წამებშია შესაძლებელი ნებისმიერი იურისდიქციიდან.

-რატომ მაინცდამაინც ეს სახელწოდება?

-სახელწოდება მოვიფიქრეთ მე და ჩემმა მეგობარმა, როდესაც ერთ-ერთი სუპერმარკეტის კაფეში ვისხედით და გონებრივი იერიშის (Brain Storming) შედეგად შევჯერდით დასახელებაზე „ოქროს საწმისი“, რადგან ის ოქროს/ფულის მოპოვებასთან იყო დაკავშირებული და კოლხურ მითოლოგიას ეყრდნობოდა. მართალია, ჩვენ დღეს ოქროს არ მოვიპოვებთ, მაგრამ ახალი ტექნოლოგიებით 21-ე საუკუნის ფულის – კრიპტოვალუტის მოპოვებით ვართ დაკავებულები.

-დაინტერესებულ პირებს როგორ შეუძლიათ მაინინგში ჩართვა?

-ჩვენ გვაქვს ჰოსტინგის სერვისი და  დაინტერესებულ პირებს თავიანთი სერვერების ჩვენს დატაცენტში განთავსების შესაძლებლობას ვაძლევთ, ასევე ვეხმარებით შესაბამისი სერვერების შეძენაშიც. ტარიფები რაოდენობის მიხედვით მცირდება 16 ცენტიდან 13 ცენტამდე კილოვატ/საათზე.

-თქვენი აზრით, რამდენად პერსპექტიულია საქართველოში კრიპტოვალუტის მაინინგი?

-ნელ-ნელა მაინინგი დაკარგავს აქტუალობას და ამ ბიზნესის მომგებიანობა გაუტოლდება დანარჩენი სფეროების მაჩვენებლებს, ზოგადად, ელენერგიის შედარებით დაბალი ტარიფი ჯერჯერობით მიმზიდველს ხდის მაინინგს საქართველოში. კანადის მერე მეორე ქვეყანა ვართ, სადაც დენი შედარებით იაფია, ხოლო ბიზნესგარემო ხელსაყრელი და კორუფცია შეიძლება ითქვას, რომ არ არის. მაგრამ, რადგან ეს სექტორი ვითარდება და მეტ მოთამაშეს იზიდავს, შესაბამისად, კონკურენცია ფასებს დააგდებს. ამიტომ, ახალბედებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილებების გამო შეიძლება ბევრი იზარალონ.

-დაბოლოს, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბეთ.

-ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში 20 მეგავატამდე გავზარდოთ ჩვენი სიმძლავრე ანუ დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვიზიდოთ. ასევე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ პროგრამული უზრუნველყოფის პროექტებზე ბლოკჩეინტექნოლოგიის გამოყენებით. კერძოდ, ვქმნით ICOპლატფორმას, მაინინგ პულს, სავაჭრო პლატფორმას (exchange), ავტოამტური ვაჭრობის ალგორითმსა და საინვესტიციო პორტფელს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2