close

კვლევები

კვლევები

გადადის თუ არა COVID-19 დაბინძურებულ ზედაპირთან შეხების შედეგად – მეცნიერების ახალი დასკვნა

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს QMRA-ს შედეგები, რომელშიც დაბინძურებული ზედაპირებიდან SARS-CoV-2-ის გადაცემის მიკრობული რისკის რაოდენობრივი შეფასებაა მოცემული. აღმოჩნდა, რომ ასეთი რისკი არსებობს, თუმცა რეალურ და არა ლაბორატორიულ პირობებში, ის ძალიან დაბალია.

ეპიდემიის დასაწყისში ჯანმო მოსახლეობას ურჩევდა, ზედაპირები რაც შეიძლება ხშირად გაწმენდილიყო. ამის მიზეზად ინფექციის რისკის შემცირება სახელდებოდა

ეპიდემიის პირველ კვირებსა და თვეებში, მეცნიერებმა და ექიმებმა ივარაუდეს, რომ SARS-CoV-2, ისევე როგორც სხვა რესპირატორული ინფექციები, ძირითადად ორი გზით ვრცელდებოდა:

1.    ადამიანებს შორის კონტაქტის დროს ჰაერ-წვეთოვანი გზით. როდესაც ინფიცირებული პაციენტი აცემინებს ან ახველებს, დავირუსებული მცირე წვეთები ჰაერში ხვდება. სხვა ადამიანი ინფიცირდება, როდესაც ამ ნაწილაკებს შეისუნთქავს.

2.    პირდაპირი კონტაქტი. ადამიანი ინფიცირდება, როდესაც ის დაავადებულ პირს ან ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირს  ეხება. ნებისმიერ ზედაპირს, რომელზეც ინფექციური აგენტის შემცველი ნაწილაკები ხვდება, „ფომიტი“ ეწოდება. ეს შეიძლება იყოს ტუალეტის კარის სახელური, მეტროს მოაჯირი ან საოფისე მაგიდის ზედაპირი.

2020 წლის მარტის დასაწყისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეადგინა ტექნიკური შენიშვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საყოფაცხოვრებო ნივთებზე მოხვედრილი ახალი კორონავირუსი ორი საათიდან ცხრა დღემდე ცოცხლობს. ამ ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზაციის წარმომადგენლები ურჩევდნენ საოფისე სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, რომ ხელები რეგულარულად დაებანათ და  სამუშაო ზედაპირები ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებებით რეგულარულად გაეწმინდათ.

უკვე აპრილში, The New England Journal of Medicine- ში გამოქვეყნდა სენსაციური სტატია, რომლის ავტორებმა გამოიანგარიშეს, რამდენ ხანს შეიძლება SARS-CoV-2 ნაწილაკებმა სხვადასხვა საგნის ზედაპირზე „იცოცხლონ“. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სპილენძის საგნებზე (მაგალითად, კალმებსა და მონეტებზე) ინფიცირების უნარს ვირუსი ოთხი საათის განმავლობაში ინარჩუნებს, ხოლო უჟანგავი ფოლადის ზედაპირებზე (მაგალითად, მეტროს მოაჯირები) – დაახლოებით 48 საათი.

 

CDC-მ რეალურ ცხოვრებაში ზედაპირიდან ინფიცირების რისკი შეაფასა. აღმოჩნდა, რომ ამას ხელს უშლის რამდენიმე ფაქტორი

 

2020 წელს მკვლევრებმა „ფომიტების“ საშუალებით (1 , 2 , 3) SARS-CoV-2-ის გადაცემის რამდენიმე შემთხვევის დარეგისტრირება შეძლეს და დაადასტურეს, რომ ხელების დაბანა ინფიცირების ალბათობას, ფაქტობრივად, ამცირებდა. თუმცა აქ არ იყო ნათლად მითითებული, ეპიდემიის საერთო სტურქტურის ჩამოყალიბებაში საგნების ზედაპირებიდან ვირუსის გადაცემა რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. სწორედ ამის გასარკვევად, CDC-ს თანამშრომლებმა „ფომიტების“ მეშვეობით SARS-CoV-2-ის გავრცელების მიკრობული რისკის რაოდენობრივი კვლევა (QMRA) ჩაატარეს.

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ნამდვილად შესაძლებელია დაინფიცირება იმ ზედაპირთან შეხებით, რომელზეც ვირუსული ნაწილაკები დაეცა. თუმცა ავადობაზე გავლენას ახდენს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში გათვალისწინებული არ ყოფილა:

ფაქტორი # 1: ზედაპირის სტრუქტურა, რომელზეც ვირუსული ნაწილაკები ხვდება. ფოროვან ზედაპირებზე SARS-CoV-2-ის სიცოცხლისუნარიანი ნაწილაკების დაფიქსირება რამდენიმე წუთის, მაქსიმუმ რამდენიმე საათის შემდეგ შეუძლებელია. სავარაუდოდ, ვირუსი ასე სწრაფად ორი მიზეზის გამო ინაქტივირდება. პირველ რიგში, კაპილარული წნევის ზემოქმედებით, ფოროვანი ზედაპირი აეროზოლის წვეთებს სწრაფად შთანთქავს. მეორე მხრივ, ეს წვეთები ფოროვანი ზედაპირებიდან უფრო სწრაფად ორთქლდება, ვიდრე – გლუვიდან. ამ უკანასკნელზე (მაგალითად, ლითონი, პლასტიკი ან მინა), სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფმა სიცოცხლისუნარიანი ვირუსი სხვადასხვა დროს გამოავლინა. ზოგიერთ ექსპერიმენტში ეს ნაწილაკები რამდენიმე დღის განმავლობაში იყო სიცოცხლისუნარიანი, ზოგან კი – რამდენიმე კვირა. როდესაც მკვლევრებმა შეისწავლეს ბინის ან სახლის ტიპურ პირობებში არსებული გლუვი ზედაპირები, აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსის ნაწილაკები სამ დღეში (72 საათში) ინაქტივირდნენ.

ფაქტორი #2: გარემო პირობები. ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ამ 72 საათის განმავლობაში გლუვ „ფომიტებთან“ კონტაქტის შემდეგ ჯანმრთელი ადამიანისთვის დაინფიცირება ძალიან ადვილია. ექსპერიმენტისგან განსხვავებით, სინამდვილეში, ვირუსის “სიცოცხლისუნარიანობაზე” რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ზემოქმედებს. ეს არის: ვენტილაცია (ჰაერის ნაკადს ზედაპირიდან ამ ნაწილაკების მოშორება შეუძლია) და ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელსაც ვირუსული ნაწილაკების განადგურების უნარი აქვს.

 

ამის მიუხედავად, მაინც ფრთხილად უნდა იყოთ. თუმცა სამუშაო მაგიდის დღეში რამდენჯერმე დეზინფექცია საჭირო ნამდვილად არ არის

 

აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი, რეალურ და არა ლაბორატორიულ პირობებში, ზედაპირთან კონტაქტის შედეგად იშვიათად გადადის. ეს არაერთი კვლევით დადასტურდა. თუ ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ, დაბინძურებული ზედაპირიდან ინფიცირების მაჩვენებელი 10 ათას შემთხვევაზე ერთია.
მიუხედავად ზემოთ ხსენებული დასკვნებისა, იმაზე არავინ დავობს, რომ პირბადის ტარება, ხელების ხშირი და სწორი დაბანა და დისტანციის დაცვა  აუცილებელია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

რამდენად აუცილებელი და საჭიროა დახურულ სივრცეში შესვლისას ბახილები?

ახალი კორონავირუსის პანდემიამ, პირბადესა და ხელთათმანთან ერთად, ბახილები უფრო აქტუალური გახადა. თუმცა ამ უკანასკნელისადმი მიდგომა არაერთგვაროვანია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ბახილები ქუჩაში არსებული ჭუჭყისა და ინფექციისგან თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა მეორე კატეგორია ამ გამოგონებას ადამიანებისა და გარემოსთვის სახიფათოდ მიიჩნევს. არის თუ არა ნამდვილად საჭირო ბახილები?

არის თუ არა ბახილებისგან რამე სარგებელი?

ინფექციური თვალსაზრისით, პაციენტის ან სამედიცინო ორგანიზაციის ვიზიტორის ფეხსაცმელზე ამოცმული ბახილების სარგებელი საკმაოდ საეჭვოა. ეს ბევრ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალსაც ეხება. მთელ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექცია რომ არ გავრცელდეს, რეკომენდებულია ხელების ხშირი დაბანა. სწორედ მათ გადააქვთ ბაქტერიები და ვირუსები ზედაპირიდან ზედაპირსა და ლორწოვან გარსზე, რომელთა საშუალებითაც პათოგენები სხეულში ადვილად აღწევენ.

როდესაც ბახილები რეკომენდებულია ინფექციისგან დაცვის მიზნით (ეს ყოველთვის არ ხდება), როგორც წესი, ის ინდივიდუალურად დამცავი უფრო სერიოზული  აღჭურვილობის შემადგენელი ნაწილია.  ამავე დროს, საჭიროა ბახილების სწორად ჩაცმა და გახდა, რომ არ დაინფიცირდეთ.

მაგრამ ბახილებში ხომ ცუდი არაფერია?

აი, ეს დამტკიცებული ნამდვილად არ არის. მაგალითად, ეკოლოგიური თვალსაზრისით: ხელახლა გადასამუშავებლად მათი ჩაბარება რთულია, რადგან ასეთ შემთხვევაში საჭიროა, რომ ბახილებს რეზინი მოაშოროთ. გარემოს დამცველთა შეფასებით, უმრავლეს შემთხვევაში კლინიკები ასე არც იქცევიან.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არ ჩატარებულა კვლევები, თუ რამდენად მოსახერხებელია ბახილები გადაადგილების პრობლემების მქონე პირებისა და ორსულობის ბოლო თვეებში მყოფი ქალებისთვის. თუმცა აშკარაა, რომ მათთვის ეს კომფორტული ნამდვილად არ იქნება და ტრავმირების გარკვეული საფრთხეც არსებობს.

სანიტარული წესებით არ არის დადგენილი სამედიცინო დაწესებულების მისაღებსა თუ სხვა განყოფილებაში, ჰაერში მიკროორგანიზმების შემადგენლობის ზღვრული ოდენობა. ასე რომ, ჰიგიენური ნორმების დაცვის მოტივით ბახილების ტარების მოთხოვნასაც ბევრი სპეციალისტი სკეპტიკურად უყურებს.

თქვენ გინდათ, რომ ქუჩის მთელი ჭუჭყი კლინიკაში მოხვდეს?

ქუჩაში არსებული სიბინძურე რეალური პრობლემაა. თუმცა არსებობს სხვადასხვა რეკომენდაცია, რაც ტროტუარზე მტვრის რაოდენობის შემცირების საშუალებას იძლევა.
სპეციალისტების განმარტებით, ქუჩის მთელი მტვერი სამედიცინო დაწესებულებაში რომ არ მოხვდეს, ამისთვის კლინიკას სხვა ჰიგიენური ზომების მიღებაც შეუძლია. სწორედ ამიტომ ბახილებზე ბევრმა სამედიცინო დაწესებულებამ თქვა უარი.

და რა არის ბახილების ალტერნატივა?

არსებობს სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც ფეხსაცმელს ლანჩზე არსებული ჭუჭყისგან მექანიკურად ასუფთავებს. ამავე დანიშნულებით გამოიყენება შემწოვი ხალიჩები, რომ აღარაფერი ვთქვათ დამლაგებლებზე, რომლებიც კლინიკის იატაკს სველი წესით ხშირად წმენდენ. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, სინამდვილეში ბახილები ხშირად იხევა, ფეხსაცმელს ბოლომდე ვერ ფარავს და შესაბამისად, ვერც ქუჩიდან შემოტანილი მტვრისგან იცავს სამედიცინო დაწესებულებას. ასე რომ, განსაკუთრებით ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ექიმები პირბადის ტარების აუცილებლობასა და ხელების ხშირ და სწორ დაბანაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ასთმის სამკურნალო პრეპარატი შესაძლოა კოვიდის მკურნალობაში გარღვევა აღმოჩნდეს – ბრიტანელი მეცნიერების დასკვნა

ტეროიდი, სახელწოდებით ბუდესონიდი, რომელიც გამოიყენება ინჰალატორებში ბრონქული ასთმით დაავადებულებისათვის, ეფექტიანია COVID-19-ის სიმპტომების მოსახსნელად დაავადების ადრეულ სტადიაზე. ამის შესახებ საუბარია ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში. 

მეცნიერების მონაცემების თანახმად, კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტები, რომლებიც ბუდესონიდს დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე იღებენ, უფრო იშვიათად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას და მათი გამოჯანმრთელებაც უფრო სწრაფად ხდება. ამასთან, COVID-19-ის სიმპტომები, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა უფრო მალე იხსნება, ვიდრე იმ ავადმყოფების შემთხვევაში, რომლებსაც ტრადიციული მეთოდებით მკურნალობენ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში მონაწილეობდა 146 ზრდასრული პაციენტი COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომებით, რომლებიც მათ კვლევის დაწყებიდან არაუადრეს ერთი კვირის წინ გამოუვლინდათ. კვლევის მონაწილეთა უმეტესობა ბუდესონიდს დღეში ორჯერ იღებდა მანამ, სანამ დაავადების სიმპტომები მთლიანად არ გაქრა. კვლევის მონაწილეთა მეორე ნაწილი ტრადიციულად მკურნალობდა მათი ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით. შედეგად, პირველ ჯგუფში მხოლოდ ერთ პაციენტს დასჭირდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მაშინ როდესაც მეორე ჯგუფის 73 მონაწილეს შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 10-ის შემთხვევაში გახდა აუცილებელი.

სტეროიდები COVID-19-ის დროს ანთების რისკს ამცირებენ

DW-სთან ინტერვიუში დოქტორი ქლოე ბუმი, რომელიც გულის და ფილტვის დაავადებების ლონდონის საიმპერიო კოლეჯის ნაციონალური ინსტიტუტის მედიცინის ფაკულტეტზე  კვლევებით არის დაკავებული, ამბობს, რომ კორტიკოსტეროიდები ეფექტიანია  COVID-19-ის მკურნალობისას და ეს შეიძლება ბიოლოგიური მიზეზებით აიხსნას. უნდა ითქვას, რომ ქალბატონი ბლუმი ოქსფორდის უნივერსიტეტის ზემოხსენებულ კვლევაში არ მონაწილეობდა.

ექსპერტის თქმით, ისეთი კორტიკოსტეროიდები, როგორიც, მაგ., დექსამეტაზონია, უკვე ეფექტიანად გამოიყენება სამკურნალოდ COVID-19-ის გართულებების დროს. იგი ვარაუდობს, რომ ეს პრეპარატები ანთების რისკს ამცირებენ, რომელიც კოვიდის მძიმე მიმდინარეობისას ვითარდება. სავარაუდოა, რომ ბუდესონიდიც ანალოგიურ ზემოქმედებას ახდენს, ოღონდ უფრო ლოკალურად.

ინჰალატორებში გამოყენებული სტეროიდების მეორე პოზიტიური ეფექტი, მეცნიერთა მონაცემებით, არის ის, რომ მცირდება  კორონავირუს SARS-CoV-2 -ის ფილტვებში მოხვედრის რისკი ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში. ამასთან, ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ასეთი პრეპარატები ორგანიზმში კორონავირუსის  გამრავლებას უშლიან ხელს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევების ერთ-ერთი ავტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილტვის მედიცინის განყოფილების დოცენტი დონა ბაფადჰელი ხაზს უსვამს, რომ ეს სტეროიდი ძვირი არ არის და ფართოდ ხელმისაწვდომია, აგრეთვე, შედარებით უსაფრთხო პრეპარატია. ექსპერტის თქმით, კოვიდ-19-ის ადრეულ სტადიაზე მისი გამოყენება საავადმყოფოებს განტვირთავს, სადაც პაციენტები კორონავირუსით გამოწვეული დაავადების გართულების გამო ხვდებიან.

გერმანიაში ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევას მაღალი შეფასება მისცა რამდენიმე ექსპერტმა. დეპუტატმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, ყოფილმა ეპიდემიოლოგმა კარლ ლაუტერბახმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ მას შეუძლია „კარდინალურად შეცვალოს სიტუაცია“, მათ შორის, იმიტომაც, რომ კოვიდ-19-ის ადრეულ სტადიაზე მკურნალობის შესაძლებლობას განსაზღვრავს.

თავის მხრივ, ჯანმოს პროგრამების გენერალურმა დირექტორმა სუმია სვამინათანმა კვლევის შედეგებს „იმედისმომცემი“ უწოდა. მისი თქმით, კოვიდ-19-ის მქონე პაციენტების  ამბოლატორიული მკურნალობის შესაძლებლობების შესწავლა უნდა გაგრძელდეს.

 

ავტორი : ნინო ხოშტარია

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

თრომბის განვითარების რისკი კოვიდ 19-ით ინფიცირებულებში 8-10-ჯერ მაღალია, ვიდრე ვაქცინირებულებში – ბრიტანელი მეცნიერები

ბრიტანელი მეცნიერების განცხადებით, ტვინში თრომბის განვითარების რისკი კოვიდ 19-ით ინფიცირებულებში 8-10-ჯერ მაღალია, ვიდრე ვაქცინირებულებში.

ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ თავის ტვინში თრომბის განვითარების რისკი კოვიდ 19-ის ინფექციისგან გაცილებით მაღალია, ვიდრე დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინების მიღებისგან.

ცნობილია, რომ AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებით აცრის შემდეგ ცერებრალური ვენურისინუსის თრომბოზის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ აფრიკამ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს, ევროკავშირმა კი, რომელსაც ვაქცინის გამოყენება უნდა დაეწყო, პროცესი გადადო. ამასთან, დანიამ სამუდამოდ შეაჩერა AstraZeneca-სვაქცინის გამოყენება.

მეცნიერების თქმით, პაციენტებზე ჩატარებულიგამოკვლევამ აჩვენა, რომ ყოველ მილიონ კოვიდინფიცირებულზე ცერებრალური ვენურისინუსის თრომბოზი 39 შემთხვევა ფიქსირდება, ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მონაცემებით კი AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების შემდეგ ყოველი მილიონი ვაქცინირებულიდან ცერებრალური ვენურისინუსის თრომბოზი შესახებ 5 ადამიანმა განაცხადა.

რაც შეეხება Johnson & Johnson-ს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ მისი გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია მას შემდეგ გასცეს, რაც Johnson & Johnson– ით ვაქცინირებულ ადამიანებს შორის, 18 და 48 წლამდე ასაკის ქალებში, თრომბის წარმოქმნის 6 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შემთხვევები აშშ-ში გამოვლინდა სადაც ვაქცინის 7 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ მილიონ ვაქცინირებულზე ერთზე ნაკლები საეჭვო შემთხვევა მოდის.

მეცნიერები კვლევაში აღნიშნავენ, რომ თრომბის წარმოქმნის რისკი კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევაში 8-10-ჯერ მაღალია, ვიდრე დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინების მიღების შემდეგ.

ამასთან, როგორც ინფიცირების ასევე ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული ცერებრალური ვენური სინუსისთრომბოზი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 20 % იყო, რაც მიუთითებს, რომ თრომბები მთავარ რისკფაქტორს წარმოადგენს.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კვლევა: კოვიდპაციენტების მესამედს, 6 თვის განმავლობაში, ფსიქიკური პრობლემები გამოუვლინდა

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის აშლილობა გამოიწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას Euro News-ი ავრცელებს.

კვლევის თანახმად, 236,000 ამერიკელი პაციენტის გამოკითხვის შემდეგ, 34%-ს ვირუსით ინფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში, ნევროლოგიური, ან ფსიქიკური პრობლემები დაუფიქსირდა. კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდგადატანილ პაციენტებში ყველაზე გავრცელებული იყო დეპრესია და შფოთვა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულ პაციენტთა 14%-ს, ხასიათის ცვალებადობა აღენიშნებოდა, ხოლო 17%-ს კი შფოთვა. ჯამში კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულთა 7%-ს, 6 თვის განმავლობაში ინსულტი განუვითარდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, პოლ ჰარისონის თქმით, ინდივიდუალური ნევროლოგიური და ფსიქიკური რისკები დაბალია, თუმცა გლობალური რისკები მაინც აშკარაა

როგორც კვლევაშია ნათქვამი, ჯანდაცვის უწყებები კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის დიაგნოზის დასასმელად და სამკურნალოდ მზად უნდა იყვნენ, ხოლო მეცნიერებისთვის მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რომ საჭირო კვლევებზე მუშაობა გაგრძელდეს..

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

კიბოს ვაქცინა ეფექტური და იმედისმომცემია – პირველი კვლევები

კიბოს ახალი პერსონალიზებული ვაქცინა უსაფრთხოა და ფილტვის, შარდის ბუშტისა და სხვა ხშირად განმეორებადი სიმსივნის მქონე პაციენტებში დამაიმედებელი შედეგი აჩვენა. პირველი ფაზის მეცნიერებმა კლინიკური კვლევის შედეგები „კიბოს კვლევის ამერიკის ასოციაციის“ ვირტუალურ შეხვედრაზე წარმოადგინეს.

მართალია, იმუნოთერაპია კიბოს მკურნალობის რევოლუციური გზაა, თუმცა, პაციენტების უმეტესი ნაწილი ამ თერაპიით შესამჩნევ კლინიკურ პასუხს ვერ იღებს. რაც შეეხება კიბოს ვაქცინებს, ისინი ძირითადად სიმსივნის სპეციფიკურ იმ სამიზნეებს აერთიანებს, რომელთა ამოცნობისა და თავდასხმის დასწავლა იმუნურ სისტემას შეუძლია. ამის შემდეგ კი კიბო აღარ დაგემართებათ. ვაქცინა ასევე ადიუვანტს (დამხმარე) შეიცავს, რომელიც იმუნურ სისტემას მაქსიმალურ ეფექტურობამდე „წვრთნის“.

ამ კვლევაში 13-მა პაციენტმა პერსონალიზებული ვაქცინა მიიღო. 10 პაციენტს მყარი სიმსივნე ჰქონდა, ხოლო სამს – მრავლობითი მიელომა.

ვაქცინა პაციენტის სპეციფიკური სიმსივნის გენეტიკისა და ჩანასახოვანი ხაზის დნმ-ის სეკვენირებით შეიქმნა. შემდეგ, მკვლევარებმა სიმსივნეზე სპეციფიკური სამიზნეები გაშიფრეს, რითიც იწინასწარმეტყველეს, ამოიცნობდა თუ არა პაციენტის იმუნური სისტემა ვაქცინის სამიზნეებს. შემდეგი ნაბიჯი იყო OpenVax-ის კომპიუტერული სისტემის გამოყენება, რათა უფრო დაევიწროვებინათ ეს სამიზნეები და შემდეგ ყველაზე სიცოცხლისუნარიანები პერსონალიზებულ ვაქცინაში მოეთავსებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ფაზის კვლევა ვაქცინის უსაფრთხოების ტესტი უფრო იყო, რომელმაც მკვლევარების იმედი გაამართლა, მან გრძელვადიან პერსპექტივაში ზოგიერთ პაციენტში საკმაოდ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მკაცრი დასკვნებისგან ჯერჯერობით თავი უნდა შევიკავოთ, რადგან პირველი ფაზის კვლევა ძალიან ცოტა ადამიანს მოიცავდა და, აქედან გამომდინარე, მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ზოგად პოპულაციაზე დადასტურებული არ არის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

შიდსის ვაქცინის შექმნასთან ახლოს ვართ – პირველი კლინიკური ცდები საიმედოა

ცოტა ხნის წინ, “საერთაშორისო შიდსის ვაქცინის ინიციატივამ” (IAVI) და Scripps Research-მა პირველი მნიშვნელოვანი კლინიკური ცდების შედეგები გამოაცხადეს. მკვლევარების მიერ განსხვავებული გზით შექმნილმა ვაქცინამ აივ-ინფექცია იშვიათი იმუნური უჯრედების წარმოქმნით უნდა დაბლოკოს. აივ-ინფექციასთან საბრძოლველად შესაბამისი ანტისხეულების წარმოსაქმნელად სწორედ ეს უჯრედებია საჭირო.

კლინიკური ცდა 48 მონაწილეს მოიცავდა და დაყოფილი იყო ორ ჯგუფად: დაბალი დოზისა და მაღალი დოზის ჯგუფები. ექსპერიმენტში მონაწილეებს ორი თვის ინტერვალით ან ვაქცინა ან პლაცებო გაუკეთეს. შედეგი კი საოცარი იყო: ვაქცინირებულების 97%-მა აივ ინფექციის საწინააღმდეგო იმუნური უჯრედები გამოიმუშავა.

მკვლევართა გუნდის ამოცანა იყო, რომ სხეულს ისეთი ფართოდ მანეიტრალიზირებელი ანტისხეულები (bnABs) შეექმნა, რომლებიც შიდსის ვირუსის სპაიკებზე მიემაგრება. ეს კი არის ის იმუნური პასუხი, რომელსაც ვირუსის უამრავი შტამის განეიტრალება შეუძლია.

მკვლევართა გუნდს სჯერა, რომ ამ მიდგომის გამოყენებით, ვაქცინების დამზადების ახალ საწყის წერტილს შექმნიან, რომლებიც გრიპის, დენგეს ცხელების, ზიკას, ჰეპატიტი C-სა და მალარიის წინააღმდეგაც კი ეფექტური იქნება.

პირველი კლინიკური ფაზის შედეგი ფანტასტიკურია. ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერები პარტნიორობას ბიოტექნოლოგიურ კომპანია მოდერნასთან (COVID-19-ის ერთ-ერთი ვაქცინის შემქმნელი) აპირებენ. სწორედ ეს კომპანია შექმნის და გატესტავს მესენჯერულ რნმ-ზე მომუშავე ვაქცინას, რომელსაც ასეთი მძლავრი იმუნური პასუხის წარმოქმნა შეუძლია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა ადამიანის ტვინზე კომპიუტერის უსადენოდ დაკავშირება შეძლეს!

კვლევის ფარგლებში პარალიზებულმა მონაწილეებმა კომპიუტერი ტვინიდან წამოსული სიგნალებით გააკონტროლეს.

კომპიუტერისთვის ბრძანებების უკაბელოდ გადაცემის მცდელობამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა. როგორც აშშ-ს ბრაუნის უნივერსიტეტის მკვლევრები ამბობენ, სისტემას ტვინის სიგნალების გადაცემა სრული წარმატებით შეუძლია.

BrainGate ტექნოლოგიის კლინიკურ კვლევაში მცირე ზომის გადამცემია გამოყენებული, რომელიც ადამიანის ტვინის მამოძრავებელ ქერქს უკავშირდება. კვლევის პარალიზებულმა მონაწილეებმა სისტემა კომპიუტერის გასაკონტროლებლად გამოიყენეს და შედეგად, სადენიანი სისტემის ანალოგიური მოქმედებების შესრულება შეძლეს. ერთადერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს აღჭურვილობასთან ფიზიკური კავშირი აღარ სჭირდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

“ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს უკაბელო სისტემა ფუნქციურად სადენიანი სისტემების ეკვივალენტურია. სიგნალები ჩაიწერება და სათანადოდ მსგავსი სიზუსტით გადაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია, დეკოდირების იგივე ალგორითმები გამოვიყენოთ, რომლებსაც სადენიანის შემთხვევაში ვიყენებთ” – ამბობს ჯონ სიმერალი, ინჟინრის ასისტენტ პროფესორი ბრაუნის უნივერსიტეტში.

ეს ნერვული ინტერფეისის ტექნოლოგიების სწრაფად მზარდ სფეროში უახლეს მიღწევას წარმოადგენს. უკანასკნელი კვლევის ორი მონაწილე 35 და 63 წლისები იყვნენ, რომლებიც ზურგის ტვინის ტრავმის გამო პარალიზებულები იყვნენ. მათ უკაბელო სისტემის უწყვეტი გამოყენება 24 საათის განმავლობაში შეძლეს. თანაც ეს ყველაფერი სახლის პირობებში მოხდა და არა, ლაბორატორიაში.

ლეუნ ჰოჩბერგი, ბრაუნის უნივერსიტეტის ინჟინერიის პროფესორი და BrainGate კლინიკური გამოკვლევის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამ სისტემის მეშვეობით, შეგვიძლია, დიდი ხნის განმავლობაში ვადევნოთ თვალის ტვინის აქტივობას, სახლის პირობებში. “ეს დეკოდირების ალგორითმების შემუშავებაში დაგვეხმარება, რომლებიც პარალიზებული ადამიანების კომუნიკაციისა და მობილობის, უწყვეტ, ინტუიციურ და საიმედო აღდგენას უზრუნველყოფს”.

ტექნოლოგიის ასეთმა განვითარებამ ილონ მასკისა და Facebook-ის ყურადღებაც მიიპყრო. შეგახსენებთ, რომ Neuralink-ის სტარტაპმა მაიმუნის ტვინზე უკვე გამოსცადა უსადენო ჩიპი, რომლის დახმარებითაც ის ვიდეო თამაშებს გაუმკლავდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკვლევებიკულტურა

უძველესი ევროპელები ნეანდერტალელებთან იმაზე ხშირად ჯვარდებოდნენ, ვიდრე გვეგონა

ევროპაში მიგრირებული ადრეული ადამიანები როდესაც იქ მცხოვრებ ნეანდერტალელებს გადაეყარნენ 45 000 წლის წინ, მათ შორის დიდი ფლირტი გაჩაღდა.

იმ დროინდელი ადამიანების ნამარხებში (ყველაზე ძველი ევროპაში) ნაპოვნი დნმ-ის ანალიზი იმაზე მიუთითებს, რომ ჰომო საპიენსებსა (ადამიანები) და ნეანდერტალელებს (რომლებიც გადაშენების პირას იყვნენ) შორის სახეობათშორისი შეჯვარება იმაზე უფრო ხშირი იყო, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. კვლევები 7 აპრილს ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.

ახალი გენეტიკური მტკიცებულებების თანახმად, ადამიანებმა ევროპას 50 000 წლის წინ მიაღწიეს, რა დროსაც ნეანდერტალელები მათთან შეჯვარდნენ. დღეს კი ნეანდერტალელების გენები ჩვენს დნმ-შია. სწორედ ეს მიზანი ჰქონდათ მაშინდელ ნეანდერტალელებსაც, რომ როგორმე თავიანთი გენი გადაერჩინათ.

ბულგარეთში მდებარე ბაჩო კიროს გამოქვაბულში ნაპოვნი სამი ჰომო საპიენსის დნმ-ში აღმოჩენილია ნეანდერტალალების 3-4%-მდე კონტრიბუცია. უძველესი დნმ კბილიდან და ძვლის ორი ფრაგმენტიდან ამოიღეს, რომელიც რადიონახშირბადული დათარიღებით 43 000 ან 46 000 წლის უნდა იყოს.

ნეანდერტალელები დაახლოებით 40 000 წლის წინ გადაშენდნენ, თუმცა, მათი გენეტიკური კვალი მაინც რჩება – დღეს, არაფრიკელი ადამიანების დნმ-ის დაახლოებით 2% ნეანდერტალელთა გენებია. რაც შეეხება აფრიკელ ადამიანებს, ისინი ნეანდერტალელების გენების შედარებით მცირე რაოდენობას ატარებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

მზის სინათლე კორონავირუსს 10 წუთში ანადგურებს – კვლევა

სანტა-ბარბარას კალიფორნიული უნივერსიტეტის სპეციალისტების მტკიცებით, მზის სინათლეს კორონავირუსის გასანადგურებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. შესაბამისი კვლევის შედეგები ჟურნალში The Journal of Infectious Diseases გამოქვეყნდა.

იმაზე, რომ ულტრაიისფერ სხივებს კორონავირუსის განადგურება შეუძლია, სპეციალისტები 2020 წლის ზაფხულში საუბრობდნენ, თუმცა მაშინ მიიჩნეოდა, რომ ამისთვის რამდენიმე საათია საჭირო.

თუმცა ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება შეიძლება კიდევ უფრო მძლავრი იყოს, რაც ვირუსს კიდევ უფრო სწრაფად, 10-20 წუთში ამარცხებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 49 50 51 52 53 99
Page 51 of 99