close
კვლევებიმედიცინა

მამაკაცებში Y ქრომოსომის დაკარგვა, შესაძლოა, ნაადრევი სიკვდილის მიზეზი იყოს

ახალი კვლევის თანახმად, სქესის ქრომოსომის დაკარგვა შეიძლება მრავალი მამაკაცის ადრეული სიკვდილის მიზეზი იყოს.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად Y ქრომოსომის დაკარგვა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა მამაკაცებში.
ვირჯინიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარის, კენეტ უოლშის შეფასებით, 70 წლის მამაკაცის 40 პროცენტი კარგავს Y ქრომოსომას. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს იწვევს გულის კუნთის ნაწიბურის წარმოქმნას, რაც თავის მხრივ,  გულის უკმარისობის მიზეზი ხდება.
სტატისტიკის თანახმად, ამერიკელი ქალები, მამაკაცებზე, საშუალოდ, ხუთი წლით მეტხანს ცოცხლობენ. უოლშის გუნდის მტკიცებით, ის ფაქტი, რომ Y ქრომოსომის დაკარგვა იწვევს გულის უკმარისობას, შეიძლება ამ ხუთი წლიდან თითქმის ოთხის გამომწვევის იყოს.
„ეს ახალი კვლევა იძლევა მინიშნებებს იმის შესახებ, თუ რატომ აქვთ მამაკაცებს უფრო მოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობა, ვიდრე ქალებს“, – აცხადებს კენეტ უოლში.
მისი თქმით, მედიკამენტები, რომლებიც ამსუბუქებს ორგანოების ნაწიბურებს, შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს მამაკაცებისთვის, რომლებიც კარგავენ ამ მნიშვნელოვან ქრომოსომას.
როგორ კარგავენ მამაკაცები Y ქრომოსომას?
მაშინ, როცა ქალები იბადებიან ორი X ქრომოსომით, მამაკაცებს აქვთ ერთი X და ერთი Y. თუმცა, ასაკის მატების პროცესში, მამაკაცების უჯრედების ნაწილში Y-ის დაკარგვა იწყება. სისხლის უჯრედები, რომლებიც განიცდიან სწრაფ ბრუნვას, განსაკუთრებით დაუცველია ამ პროცესის მიმართ. მეორეს მხრივ, რეპროდუქციული უჯრედები არ კარგავენ Y ქრომოსომებს, რის გამოც Y ქრომოსომის დაკარგვა არ არის მემკვიდრეობითი თვისება ოჯახებში.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ Y ქრომოსომის დაკარგვა მწეველთა საერთო პრობლემაა. მათი თქმით, მამაკაცები, რომლებიც კარგავენ ამ სქესის ქრომოსომას, უფრო ახალგაზრდა ასაკში იღუპებიან და ასევე უვითარდებათ ასაკთან დაკავშირებული დაავადებები, მათ შორის ალცჰაიმერი.
ახალ კვლევაში, მეცნიერებმა გამოიყენეს გენის რედაქტირების ტექნოლოგია, რათა შეექმნათ თაგვები, რომლებიც განიცდიან სისხლში Y ქრომოსომის დაკარგვას. შედეგები აჩვენებს, რომ ცხოველებს ასაკთან დაკავშირებული დაავადებები დაჩქარებული ტემპით განუვითარდათ. ისინი ასევე უფრო მიდრეკილები იყვნენ გულის ნაწიბურების განვითარებისკენ და ადრეულ ასაკში დაიღუპნენ.
ჯგუფმა დაადგინა, რომ ადამიანებში Y ქრომოსომის დაკარგვა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გულის უკმარისობის და ნაადრევი სიკვდილის რისკს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response