თსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტის შესახებ ფილმი გადაიღეს. მასში მოთხრობილია ფართო საზოგადოებისთვის უცნობი რამდენიმე ფაქტის შესახებ. „უცნობი ისტორიების“ დამდგმელი რეჟისორი და პროექტის ხელმძღვანელი თამარ ბელქანიაა.
1. როდესაც დღევანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება გადაწყდა, თავდაპირველად ვერ შეთანხმდნენ, უნივერსიტეტი ჰუმანიტარული განხრის ყოფილიყო თუ ტექნიკურის. საბოლოოდ ჰუმანიტარული პროფილი აირჩიეს, რადგან ტექნიკური რომ აერჩიათ, ის ამიერკავკასიის მასშტაბის სასწავლებელი იქნებოდა და მოუწევდათ სწავლების ენად რუსული დაემტკიცებინათ.
2. უნივერსიტეტის შენობის ასაგებად შესაწირი არა მხოლოდ ქართველებმა, სომხებმა და აზერბაიჯანელებმაც გაიღეს. ფული გამოგზავნეს საინგილოდან და ლაზიკიდანაც… ზურმუხტის თვლები და 4 ათასი მანეთი შემოსწირა მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა, ხოლო კოტე აბხაზმა – 500 მანეთი.
3. შენობის აგება პირველ ქართველ არქიტექტორს, სიმონ კლდიაშვილს, შეუკვეთეს. ამას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მანამდე მხოლოდ ეთნიკურად არაქართველი არქიტექტორები იყვნენ საქართველოში და ამის გამო ზოგი იმასაც კი ფიქრობდა, რომ ქართველები ამ პროექტს თავს ვერ გაართმევდნენ.
4. მშენებლობისას საძირკველში ერთი ბოთლი კახური ღვინო და იმდროინდელი პრესა ჩაატანეს.
5. წიგნები უნივერსიტეტში დროგებით მოჰქონდათ და გადმოტვირთვისას ერთმანეთს ხელიდან ხელში გადასცემდნენ.
6.უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი ქალი იყო, მედეა ღამბაშიძე.
7. უნივერსიტეტი თავიდან კერძო სასწავლებლად დაარსდა.
8. უნივერსიტეტის სტუდენტები ხშირად მიდიოდნენ ომში მოხალისეებად. 1921 წელს ივანე ჯავახიშვილმა თავადაც მოუწოდა სტუდენტებს ქვეყანა დაეცვათ.
9. ბოლშევიკური არმია თბილისში რომ შემოვიდა, ივანე ჯავახიშვილი სახლში იმყოფებოდა. უთხრეს, უნივერსიტეტის გასაღებს ითხოვენო. თავად მივუტანო, თქვა ჯავახიშვილმა და უნივერსიტეტში წავიდა. იქ მისულმა კარი გააღო, გასაღებით შიგნიდან ჩაკეტა და განაცხადა, ახლა ვისაც უნდა და როგორც უნდა, ისე შემოვიდესო.
10. ლავრენტი ბერიამ ივანე ჯავახიშვილი დაიბარა და სთხოვა, მისი ცოლი, რომელსაც სკოლის ატესტატი არ ჰქონდა, უნივერსიტეტში მიეღო. ატესტატის გარეშე ვერ გამოვაო, უთხრა მეცნიერმა. „ბრძანება რომ იყოსო?“, – ჰკითხა ლავრენტი ბერიამ. „უნივერსიტეტში ბრძანებებს მე ვწერო“, – უპასუხა ჯავახიშვილმა.
ფოტოების ნაწილი ამოღებულია ფილმიდან „უცნობი ისტორიები“.
წყარო : radiotavisupleba.ge
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”


















გრიგოლი (გიგო) დაიბადა 1883 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, გლეხ დავით კობახიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის მღვდელთან მიიღო. 10 წლისა შინიდან გაიპარა, ბორჯომში ჩავიდა, სადაც მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი (ლეონტი) მუშაობდა. იქ 4 წელი დაყო. გარჯითა და შრომისმოყვარეობით მალე მოიპოვა ავტორიტეტი. დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო. გამომგონებლობის ნიჭიც აღმოაჩნდა – შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. ქებითა და ფულადი ჯილდოთი წახალისებული გიგო ჯერ თბილისის, 1902 წელს ოდესის, 1903 წელს – კრასნოდარის გუბერნიაში, დომბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში ჩავიდა. იქ გაიცნო და დაქორწინდა დაშა ნოდვიკოვაზე.
გრიგოლ კობახიძე საქართველოს დამოუკიდებლობას აღტაცებით შეეგება. სამშობლოში დაბრუნება და ქვეყნის სამსახურში ჩადგომა სურდა, მაგრამ 1919-21 წლებში მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. ოკუპაციის შემდეგაც ცდილობდა სამშობლოს დახმარებას. “ნეპი” (“ახალი ეკონომიკური პოლიტიკა”, რომელიც სსრკ-ში გამოცხადდა 20-იან წლებში) ხელს უწყობდა უცხოურ კონცესიებს, ამიტომ ხელისუფლებას მინის დიდი ქარხნის მშენებლობა შესთავაზა. მოსთხოვეს კაპიტალის ჩადება, მაგრამ გრიგოლი არ დათანხმდა, – მას თვითონვე სურდა მშენებლობისათვის ეხელმძღვანელა, რადგან ფულს ვერ ანდობდა ბოლშევიკებს.
1929 წელს დაიწყო თავისი მასშტაბებითა და ხანგრძლივობით არნახული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა. დიდი დეპრესიის პერიოდში ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა, რის გამოც 1930 წელს თავი მოიკლა მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა. კობი ფარ–ხმალს არ ყრიდა და თავდაუზოგავი შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ–კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა. ჯორჯ კობი ამზადებდა სუნამოს ფლაკონებს გიორგი მაცაბლის ფირმისთვის Prince Matchabeli.
1941 წ. 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობიმ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და $2 მილიონი.
გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრამნტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. მას და დაშა ნოდვიკოვას შვილი არ ჰყავდათ და სურდათ კომპანიონად მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნათ. როგორც ჩანს ქართველთაგან ვერავინ დააინტერესეს წარმოებით. გრიგოლ კობახიძის წერილებიდან ირკვევა, რომ თავის დროზე ძმისშვილების, ან ახლო ნათესავების წაყვანა უნდოდა ამერიკაში, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო იძულებული იყო საერთოდ შეეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს.










