close

განათლება

ბიზნესიგანათლებაკულტურასაქართველო

ახალგაზრდა ასაკში მორგებული ლექტორის პროფესია და წარმატებული ბიზნესტრენერის პოეზიით გაჯერებული ცხოვრება

ლიკა ოხანაშვილი წარმატებული ქართველი ახალგაზრდაა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების კურსდამთავრებულია, ხოლო დოქტორანტურაში სწავლა საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა. აქტიური სტუდენტობის შემეგ, ლიკამ  მალევე ლექტორის პროფესიაც მოირგო და ამასთან ერთად მრავალი ტრენინგისა თუ აქტივობის უცვლელი ლიდერიცაა, პარალელურად კი, საკუთარი პოეზიითაც გვანებივრებს.

-ლიკა, დავიწყებ შენი სტუდენტობიდან, როგორც ვიცი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „მომავალ ბანკირთა“ და „ახალგაზრდა შემოქმედთა“ კლუბის დამაარსებელი ხარ, რატომ გადაწყვიტე რომ ამ მიმართულებებით გემუშავა?

ორივე კლუბი სტუდენტობის პერიოდში გავხსენი. შემოქმედთა კლუბის მიზანი იყო შემოქმედი ადამიანების ხელშეწყობა და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა. ხოლო მომავალ ბანკირთა კლუბის მიმართულება, ძირითადად, საბანკო კვლევები, საბანკო სფეროს შესწავლა და სტუდენტების ბანკში მუშაობის დაწყების მხარდაჭერა იყო. ასევე, მომავალ ბანკირთა კლუბი ახორციელებდა ფინანსური განათლების ხელშეწყობას საზოგადოებაში და განსაკუთრებით, ახალგაზრდებში.

-23 წლის ასაკში უკვე დაიწყე ლექციების წაკითხვა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და მას შემდეგაც, ერთდროულად საკმაოდ ბევრი საქმით ხარ დაკავებული, რამდენად რთულია შენთვის ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება?

-მე მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ და შესაბამისად, ეს სიამოვნებას მანიჭებს. ამჟამად, რამდენიმე პარალელური სამსახური მაქვს და ხშირად არის დღეები, როდესაც 12 საათის განმავლობაში გადაბმულად ვმუშაობ, ამ ხანგრძლივობით მუშაობა და მითუმეტეს, ლექციებისა და ტრენინგების ჩატარება არ არის ადვილი. ვფიქრობ, ძალიან რომ არ მიყვარდეს ჩემი საქმე, რომელსაც ვაკეთებ, ალბათ, გამიჭირდებოდა ამ გრაფიკთან შეგუება.

-საინტერესოა, რომ ლექსებსაც წერ, გვიამბე – როდის დაინტერესდით პოეზიით და რა თემატიკით გამოირჩევა შენი ნამუშევრები?

პოეზია ძალიან მიყვარს და ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვწერ. ჩემი შემოქმედება კონკრეტულ თემატიკაზე არ არის შექმნილი. ვწერ იმ თემაზე, რა თემაზე წერის სურვილიც და მუზაც გაჩნდება. ხშირად უკვირთ და ვერ იჯერებენ, რომ ჩემს სასიყვარულო ლექსებს არ ჰყავთ ადრესატი. სიყვარულზეც ისევე წარმოსახვით ვწერ, როგორც სხვა ნებისმიერ თემატიკაზე. წერის დროს, რა თქმა უნდა, მთლიანად ვგრძნობ იმ კონკრეტულ თემას, თუმცა არ არის აუცილებელი რეალურად იყო ის, ვისი გადმოსახედიდანაც ლექსს წერ.

-დაბოლოს, წარმატებული ქალის საკმაოდ კარგი მაგალითი ხარ, როგორ ფიქრობ, დღეს, როდესაც ასეთი აქტუალურია ფემინისტური გამოსვლები, რამდენად საფუძვლიანი და საჭიროა ის მოთხოვნები, რომელსაც ისინი საზოგადოებას უყენებენ?

– მე, როგორც ქალი, საზოგადოებისგან თავს დაჩაგრულად არ მივიჩნევ. დაჩაგვრა არც ქალის შეიძლება და არც მამაკაცის. თუმცა, ფუნქციების გადანაწილება არსებობს და ეს აუცილებელიცაა. ცოტა იუმორით რომ შევხედოთ ამ საკითხს, ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება 3 და 8 მარტი, მაგრამ მაინც, გადაცემების უმეტესობა იმას ეძღვნება, თუ როგორი დაჩაგრულია ქალი. ჩემი აზრით, ეს თემა არ არის იმდენად პრობლემატური, როგორადაც წარმოაჩენენ. იქ, სადაც ქალის პატივისცემაა, როგორ შეიძლება ჩაგვრა დავინახოთ? მე მომწონს, როდესაც მითმობენ ადგილს, გზას და ა.შ. და არ მაქვს პრეტენზია, რომ მეც ისევე უნდა მომექცნენ, როგორც მამაკაცს.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოსოციოლოგია

მეცნიერებმა გამდიდრების საიდუმლო გამოიკვლიეს – აღმოჩნდა, რომ ნიჭი აქ არაფერ შუაშია

მეცნიერებმა კომპიუტერული ანალიზის საფუძველზე აღმოაჩინეს, რომ  გამორჩეულად მდიდრები სულაც არ არიან გამორჩეულად ნიჭიერები და მთელი საიდუმლო მათ იღბლიანობაშია.

იტალიის კატანიის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, მათი მიზანი ადამიანების სასოწარკვეთილებაში ჩაგდება ნამდვილად არ ყოფილა. ,,ჩვენ შევეცადეთ, საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რა როლს ასრულებს შანსი ცხოვრებაში.”

ამოცანა, რომლის გადაჭრაც მათ დაისახეს, შემდეგია : თუკი ნიჭი, ინტელექტი, სამუშაოს სურვილი და სხვა ფაქტორები, რომელიც ცხოვრებაში გვეხმარება, საკმაოდ სწორადაა მოსახლეობას შორის განაწილებული, რატომ არაა სიმდირე?

კიდევ უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, კაცობრიობის 10 პროცენტის ხელში სიმდიდრის 85 პროცენტია, თუმცა ეს ,,რჩეულები” ნიჭითა და ჭკუით გამორჩეულები სულაც არ არიან. მაშ რა არის დაფარული ინგრედიენტი?

,,ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი ფაქტორი არის იღბალი,” – წერენ კვლევის ავტორები.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1,000 კომპიუტერული მოდელი – აგენტი შექმნეს. თითოეულს გარკვეული ნიჭი ჰქონდა, მაგრამ არა გამორჩეულად დიდი ან მცირე. მათი სიმდიდრის დონე თავდაპირველად თანაბარი იყო.

აგენტებმა იღბლიანი (მწვანე წრე) და უიღბლო (წითელი წრე) მოვლენები განიცადეს.

ეს შემთხვევითი მოვლენები სიმულაციაში გადაიტანეს. აგენტების სიმდიდრე იღბლიანი მომენტების პროპორციულად იზრდებოდა და მცირდებოდა.

როდესაც მკვლევარებმა საბოლოო შედეგები გააანალიზეს, აღმოჩნდა, რომ სიმდიდრის გადანაწილება რეალურ ცხოვრებაში არსებულ სინამდვილესთან ძალიან ახლოს იყო. ადამიანების დაახლოებით 20 პროცენტის ხელში სიმდიდრის 80 პროცენტი აღმოჩნდა.

თუმცა ყველაზე მდიდარი 20 პროცენტი და ყველაზე ნიჭიერი (ან უნიჭო) 20 პროცენტი ერთმანეთს ნამდვილად არ ემთხვეოდა.

ისინი, რომლებიც ყველაზე მეტ ფულს შოულობდნენ, საშუალო ნიჭის მქონე ადამიანები იყვნენ. თუმცა სიმდიდრის პირამიდის თავში მოქცეული ადამიანები ყველაზე იღბლიანები იყვნენ.

,,ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად გარკვეული მოცულობის ნიჭი ნამდვილად საჭიროა, თუმცა, ფაქტია, რომ როგორც წესი, ძალიან ნიჭიერი ადამიანები ძალიან წარმატებულები ვერ ხდებიან. საშუალო ნიჭისა და კარგი იღბლის მქონეები კი ცხოვრებაში წარმატებას აღწევენ და მდიდრდებიან”, –  აცხადებენ მეცნიერები.

 

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებამათემატიკასაქართველო

14 მარტს „ექსპო ჯორჯია“ მათემატიკის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

მათემატიკური ოლიმპიადა – ევერესტისადა თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მესამედ აღინიშნება. პის საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც 2018 წლის 14 მარტს, ,,ექსპო ჯორჯიასმე-3 პავილიონი უმასპინძლებს, 12:00 საათზე დაიწყება და მის შესახებ დეტალურად ირმა ჭარაქაშვილიმათემატიკური ოლიმპიადაევერესტისსაზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გვიამბობს.

-ირმა, უპირველეს ყოვლისა, გვიამბეთ, რას ნიშნავს პის საერთაშორისო დღესასწაული?

აღნიშნული ღონისძიება მთელ მსოფლიოში აღიარებულ მათემატიკურ დღესასწაულს, π-ის დღეს (π=3.14) ემთხვევა. პირველად ეს დღე 1987 წელს სან-ფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა. 2009 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა  პალატამ მხარი დაუჭირა π-ის დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას. რის შემდეგაც, ამ დღის აღნიშვნა მრავალ ქვეყანაში ტრადიციად იქცა. 2016 წელს კი, ტრადიციას საქართვლო, ოლიმპიადა ,,ევერესტის“ მიერ ორგანიზებული ფესტივალის მეშვეობით შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ  NASA-ს  ვებგვერდზე ყოველწლიურად იდება ინფორმაცია საქართველოში ჩატარებული მათემატიკის ფესტივალის შესახებ.

საერთო ჯამში, მათემატიკის ფესტივალის მიზნებია – მათემატიკის პოპულარიზაცია, სკოლების წარდგენა საზოგადოებისთვის, სასკოლო ცხოვრების გახალისება და გამრავალფეროვნება, მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება და კრეატიული იდეების წახალისება.

-ძირითადად, რა ასაკის მოსწავლეებისთვის არის ფესტივალი გათვლილი და როგორია დაინტერესება სკოლების მხრიდან?

-ღონისძება გათვლილია პირველი კლასიდან დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც მათემატიკა და კრეატიული პროექტები აინტერესებს.

მათემატიკის ფესტივალზე სკოლების რეგისტრაცია 28 თებერვალს დასრულდა. თითოეულ სკოლაში შეიქმნა 6-8 კაციანი ჯგუფები, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ იმ პროექტზე, რომელსაც შემდეგ ფესტივალზე წარადგენენ. მონაწილეთა რაოდენობა ამ ეტაპზე შეზღუდულია და მხოლოდ 50 სკოლა მონაწილეობს. რეგისტაცია და მონაწილეობა სრულიად უფასოა, გუნდებს საშუალება ეძლევათ საკუთარი სკოლა მაქსიმალურად წარმოადგინონ. იმ სკოლებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს დარეგისტრირება, ან  ნებისმიერ მსურველს, რომელსაც სურვილი აქვს ფესტივალს დაესწროს, მთელი დღის განმავლობაში საშუალება ექნება უფასოდ მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში.

-კონკრეტულად, რა აქტივობები ელოდება 14 მარტს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში მოსულ დამთვალიერებელს?

-ფესტივალის ფარგლებში, სკოლის გუნდები მათემატიკის თემაზე შექმნილ სხვადასხვა  პროექტს  წარადგენენ. დამთვალიერებელს საშუალება ექნება  მთელი დღის განმავლობაში დაათვალიეროს მათემატიკური თეორემების ვიზუალური მაკეტები, დაესწრონ მათემატიკურ თემატიკაზე შექმნილ მინისპექტაკლს, ფლეშმობებს, მოისმინონ π-ის მელოდია. ფესტივალის მონაწილეებს და დამსწრეებს  ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ლოგიკურ შეჯიბრებაში.

მათემატიკის ფესტივალზე ტარდება π-რიცხვის კონკურსი  სახელწოდებით – „ვინ  დაიმახსოვრებს π რიცხვის ყველაზე მეტ ციფრს“ (გამარჯვებულს გადაეცემა π რიცხვის გრანმპრი  π გამოსახულებით). ყოველ წელს მოსწავლეები სულ უფრო მეტ რიცხვს იმახსოვრებენ. 2016 წელს გამარჯვებულმა 156 ციფრი დაიმახსოვრა, ხოლო 2017 წელს რეკორდი 201 რიცხვი იყო.

-დაბოლოს, საინტერესოა, რა აქტივობებით გამოირჩევა ზოგადად ოლიმპიადა „ევერესტი“ და რა სამომავლო გეგმები გაქვთ მათემატიკის საერთაშორისო ფესტივალთან მიმართებით?

ოლიმპიადა ევერესტი 11 წლის წინ მათემატიკოსმა – დაჩი ნანობაშვილმა დაარსა და მასში მონაწილეობას  მე-2 მე-6 კლასის მოსწავლეები იღებენ წელიწადში ორჯერ – გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის სეზონზე,  საკმაოდ განსხვავებულია ჩვენი ოლიმპიადის ამოცანები, რადგან პრიორიტეტულია  ბავშვებისთვის აზროვნების უნარის განვითარება და არა მექანიკურად დამახსოვრება გარკვეული ინფორმაციისა. ,,ევერესტი“ ერთადერთია, რომელიც არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ მათ პედაგოგებსაც აჯილდოვებს. გამარჯვებული მასწავლებლები მათი მოსწავლეების შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან.

ხოლო, რაც შეეხება მათემატიკის ფესტივალს, რა თქმა უნდა, მომავალშიც ყოველწლიურად ჩატარდება და  ვგეგმავთ ფესტივალის საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც ჩატარებასაც.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებასაქართველოტექნოლოგიები

რისკების საზომი – ქართველი სტუდენტის ინოვაციური გამოგონება

ალბათ, უმეტეს ჩვენგანს დაუსვამს საკუთარი თავისთვის კითხვა, არის კი ის პროფესია სწორი, რაც ავირჩიეთ? ან ვიღებთ კი სწორ და საჭირო განათლებას უნივერსიტეტში, რომელშიც ვეუფლებით მომავალ საქმიანობას?

არც ის იყო გამონაკლისი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარების დღიდან ფიქრობდა, როგორ გაეხადა მისი სტუდენტობა საინტერესო, ხოლო მაღლივში ჩაბარება – გამართლებული.

21 წლის ირაკლი გაზდელიანი დღეს საინტერესო გამოგონების ავტორია, მომავალში უფრო მეტი და საინტერესო მიღწევების პერსპექტივით. ყველაფერი კი ეკონომიკის პოლიტიკის კათედრაზე ერთ-ერთი საგნის არჩევითa და მიღებული ცოდნის რეალიზებით დაიწყო.

მან კრიპტოვალუტებზე მორგებული კომპიუტერული პროგრამა დაწერა, რომელმაც დაინტერესება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც გამოიწვია.

ირაკლიმ მესამე კურსზე სავალდებულო საგანი ეკონომიკის პოლიტიკა აირჩია, რასაც ასევე მოჰყვა კურსი ობიექტებზე ორიენტირებული დაპროგრამების ენა VB.NET-ში და შუალედური გამოცდა, რომელმაც საბოლოოდ გააღვიძა ქართველ სტუდენტში გამომგონებლის ნიჭი და უნარები.

ირაკლის მიერ შექმნილი პროგრამა – ,,dicelator-ი“ რისკების პროცენტულად დამთვლელი კალკულატორია, რომელიც ავტორმა ერთერთი საიტისთვის შექმნა. აქ კამათლის გაგორების პრინციპით ხდება მოგების მიღება და არსებული რისკების დათვლა. პროგრამა ალგორითმის პრინციპზეა დამყარებული. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ალგორითმის პრინციპი არ მუშაობს, სწორედ ამიტომაც უფრო საიმედო მექანიზმის არსებობაა აუცილებელი. სწორედ ამაზე მუშაობს ახლა ავტორი და აქვს იმედი, რომ სამომავლოდ საკუთარი გამოგონების გაუმჯობესებული ვერსიის გამოშვებას შეძლებს, რომელსაც გაყიდვაშიც ჩაუშვებს.

ორიოდ სიტყვა თავად კრიპტოვალუტაზე, რომელიც თანამედროვეობაში საკმაოდ აქტუალური თემაა.  კრიპტოვალუტა არის ელექტორნული ფული, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაგზავნოს ფული ინტერნეტით მსოფლიოს გარშემო, უმოკლეს დროში, შუამავლის გარეშე დ, რაც მთავრია, ეს ხდება ანონიმურად, იდენტიფიცირების გარეშე.

კრიპტოვალუტა ფიზიკურად არ არსებობს, ის არც იბეჭდება, არ აქვს ფიზიკური ფორმა, მას ვერ შევეხებით, ის მათემატიკურ გამოთვლებზეა დამყარებული და დაშიფრულია კრიპტოგრაფიულად. მაგრამ, რაც არ უნდა უჩვეულო იყოს, მას აქვს საკმაოდ დიდი ღირებულება და თანდათან იჭრება ჩვენს ცხოვრებაში. მისი ასეთი პროგრესირება იმ დადებითი მხარეებიითა განპირობებული, რასაც ის გვთავაზობს, უპირველეს ყოვლისა, მოხმარება არის ძალიან მარტივი, არ კონტროლდება ვინმეს ან რაიმესგან, საკმაოდ დაბალია საკომისიო გადარიცხვებზე.

სწორედ ამ სფეროში ჩართული ადამიანებისთვის და საქმიანი ბიზნესმენებისთვის დიდი დაინტერესების საგანი გახდა ქართველი სტუდენტის გამოგონება, რომლის შექმნის სამუშაო პროცესებზე და სამომავლო გეგმებზე თავად ავტორი გვესაუბრება:

-როდის დაინტერესდი გამომგონებლობით და რა უძღვოდა ამ დაინტერესებას წინ?

-გამომგონებლობით ბავშვობიდანვე ვიყავი დაინტერესებული, შემეძლო რაიმე დამეშალა და ახალი რამ ამეწყო. ეს ალბათ უფრო იმან განაპირობა, რომ ხელოვნება მიყვარს ზედმეტად და ყველაფერში მას ვხედავ. ასევე იმანაც, რომ თავდაუზოგავად შრომა მიყვარს ჩემი მიზნების მისაღწევად და თავს იქამდე არ ვანებებ,  სანამ შედეგს არ ვიღებ. ეკონომიკის ფაკულტეტზეც იგივე მოხდა, არ შევეშვი მიუხედავად იმისა, რომ თავი ვერ ვიპოვე მასში.

-როგორ გაჩნდა გამოგონების იდეა?

-ჩემი პროგრამის იდეა სულ უცაბედად გაჩნდა. კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული, შესაბამისად, „დამხმარე ინსტრუმენტის“ ქონა არ იქნებოდა ცუდი და ასე შეიქმნა ,,Dicelator-ი“.

-რა სირთულეებს წააწყდი სამუშაო პროცესში?

-სირთულე მხოლოდ ის იყო, რომ პირველად ვმუშაობდი,  როგორც პროგრამისტი და სრულყოფილად არ ვფლობდი ენას, ასევე – visual studio-სთანაც პირველად მქონდა შეხება. მუშაობის პროცესში მიწევდა საჭირო ლიტერატურის პოვნა და ათვისება ამის გამო.

-რაში მდგომარეობს შენი გამოგონების უნიკალურობა და სარგებლიანობა ?

-უნიკალურობა უფრო მის მეორე ვერსიას ექნება, ვიდრე პირველს ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ  ერთ-ერთ საიტს წავაწყდი,  სადაც „კამათლის გაგორების“ პრინციპით აორმაგებდი ვალუტებს. თუმცა იმის გამო, რომ აქ ყველაფერი ალგორითმზეა დამოკიდებული, ხშირად ალბათობის პრინციპი არ მუშაობს და რაიმე უფრო სანდო გამოთვლის პრინციპი სჭირდებოდა. შესაბამისად, მეც ვცადე რამე რისკის დამთვლელი კალკულატორი ამეწყო. პირველი ვერსია,  ფაქტობრივად, გამოგონება არც ყოფილა, ძირითადად არსებული მათემატიკა გამოვიყენე და უბრალოდ მაინტერესებდა შედეგს თუ გამოიღებდა. დაინტერესებების გაჩენის შემდეგ კი, ახალ ვერსიაზე დავიწყე მუშაობა სადაც „ახალი მათემატიკისა“ და „კანონზომიერების“ შექმნა მიწევს.

გვიამბე შენს სამომავლო გეგმებზე.

 -,,Dicelator V2”-ზე ვმუშაობ, უნივერსიტეტის გამო ხშირად ვერ ვიცლი, ამიტომ ნელ-ნელა მიიწევს მისი დამუშავების საქმე. ამავდროულად,  კიდევ ერთ პროექტზე ვმუშაობ,  რომელზეც უფრო მეტ იმედებს ვამყარებ და, შესაბამისად, არც ვისაუბრებ მასზე, მოკლედ რომ ვთქვათ – საიდუმლოდ დავიტოვებ.

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებაეს საინტერესოასაქართველოტექნოლოგიები

თბილისში სტარტაპერებისთვის უფასო სამუშაო სივრცეებს მერია შექმნის

თბილისში სტარტაპერებისთვის უფასო სამუშაო სივრცეებს მერია შექმნის – სავარაუდო თარიღად მიმდინარე წლის სექტემბერი მოისაზრება.  გადაწყდა, რომ სამუშაო სივრცეებად თბილისში უკვე არსებული მედიათეკები – (ვაკეში, ნაძალადევსა და ვარკეთილში) გამოიყენონ.  სტარტაპერები უფასო სამუშაო სივრცეებით 2-დან მაქსიმუმ 6 თვემდე ისარგებლებენ. 

წინასწარი გათვლებით, პროექტით, ჯამში, 120 სტარტაპერი ისარგებლებს. მერიაში ამბობენ, რომ პროექტი ითვალისწინებს სტარტაპერებისათვის დახმარებას როგორც ბიზნესგეგმის დაწერაში, ასევე – ადვოკატირებასა და პარტნიორების მოზიდვაში. შეიქმნება ვებგვერდი, სადაც სტარტაპერებს შეეძლებათ თავიანთი ბიზნესგეგმის ატვირთვა, რომელიც მათ ავტომატურ რეჟიმში გასცემს დადებით ან უარყოფით პასუხს, თუმცა – გეგმა დასახვეწია და, ამ ეტაპზე, მუშაობა მიმდინარეობს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებამსოფლიოტექნოლოგიები

10 საუკეთესო კომპიუტერულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი მსოფლიოში

კომპიუტერული მეცნიერებები ზოგადად დღევანდელობას აღწერს, ახლანდელი ცხოვრება კი ტექნოლოგიის განვითარებასა  და დამკვიდრებას ეხება.

ძალიან ბევრი ადამიანია მსოფლიოს ყველა კუთხეში, ვინც დაინტერესებულია ტექნოლოგიების განვითრების, კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლით, მათთვის მიღწევა იქნება მსოფლიოს ერთ–ერთ მოწინავე უნივერსიტეტში განათლების მიღება.

,,ბიზნეს ინსაიდერმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ჩამოთვლილია 10 საუკეთესო უნივერსიტეტი მოცემულ დარგში, დაინტერესებულ პირებს უფრო გაუადვილდებათ გადაწყვეტილების მიღება, დაისახავენ მიზანს და ეცდებიან მოხვდნენ ერთ–ერთ საუკეთესოში:

  1. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი
  2. სტენფორდის უნივერსიტეტი
  3. კალიფორნიის უნივერსიტეტი
  4. კემბრიჯის უნივერსიტეტი
  5. ჰარვარდი
  6. ოქსფორდი
  7. სინგაპურის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8. მელბურნის სასწავლებელი
  9. კორნელის უნივერსიტეტი
  10. ტოკიოს უნივერსიტეტი

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ბაკალავრიატზე სწავლების ხანგრძლივობა 3 წლამდე, მაგისტრატურაზე კი – 1 წლამდე მცირდება

ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე მცირდება. გარდა ამისა, დაგეგმილია მაგისტრატურაში სწავლების ხანგრძლივობის 1 წლამდე ან წელიწადნახევრამდე შემცირებაც.
შესაბამისი ცვლილებები საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. უახლოეს პერიოდში განისაზღვრება იმ მიმართულებების და სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია 3 წელიწადში მიიღწეს ბაკალავრიატისთვის საჭირო სწავლის შედეგი და გაიცეს შესაბამისი კვალიფიკაციის დიპლომი.
სტუდენტებმა 3-წლიანი ბაკალავრიატის პროგრამებზე სწავლა შესაძლებელია სექტემბრიდან დაიწყონ.
აგრეთვე – დღეს მაგისტრატურის ყველა პროგრამა არის მინიმუმ 120-კრედიტიანი. შესაძლოა, რომ პროგრამების ნაწილი ჩამოვიდეს 90 კრედიტზე, შესაბამისად, 1 წელიწადში, ან წელიწადნახევარში სამაგისტრო პროგრამების ნაწილის დაძლევა სავსებით შესაძლებელია.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაკვლევებიმსოფლიოსაქართველო

ქართველი ენათმეცნიერის ბრიტანული წარმატება

ქართული ენათმეცნიერება მეცნიერების ერთერთი საინტერესო და მრავალფეროვანი დარგია, რომელიც სათავეს შორეულ წარსულში იღებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს დარგი შეისწავლის კონკრეტული ენის აგებულებასა და მის ფუნქციონირებას, მაშინ შეიძლება დავასკვნათ,  რამდენად მრავალფეროვანი და განვითარებულია ქართული ენათმეცნიერება. ჩვენი მშობლიური ენა ხომ ერთერთი უძველესია მსოფლიოში.

ენათმეცნიერება ვითარდება და ნელნელა წინ მიიწევს. ქართული ენით დაინტერესება გასცდა საქართველოს საზღვრებს და ახლა ბევრ ქვეყანაში მუშაობენ კვლევით ლაბორატორიებში ჩვენი მშობლიური ენის სიღრმეების შესწავლაზე.

ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა ქართველ ენათმეცნიერს – სოფია დარასელიას, რომელიც  უკვე წლებია დიდ ბრიტანეთში, ლიდსის უნივერსიტეტში მოღვაწეობს და მნიშვნელოვან კვლევებს ატარებს წამყვან მეცნიერებთან ერთად.

ყველაფერი 2012 წელს დაიწყო , როდესაც სოფიამ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო თემა დაიცვა თემაზე „ქართულ-ევროპული ტიპის სასწავლო ლექსიკოგრაფია“ და დაამუშავა ქართულ ენათმეცნიერებაში მიმდინარე სიახლეები და უახლესი გამოცემები .

ბრიტანელი ლინგვისტების მიწვევით სოფიამ თავდაპირველად მუშაობა დაიწყო ლიდსის უნივერსიტეტში მოწვეულ მეცნიერად, თუმცა შემდეგ – დაუღალავი შრომითა და თავისი ნიჭით დიდ წარმატებას მიაღწია.

დღეს სოფია ლიდსის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობს და თავისი საქმიანობით აცნობს უცხოელ კოლეგებს ქართული ენის უნიკალურობას და მრავალფეროვნებას.

გარდა ამისა, იგი ხელმძღვანელობს ლიდსის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალს დოქტორ დიანე ნელსონთან ერთად (Leeds Working Papers in Linguistics and Phonetics). მიმდინარე წელს იგეგმება ქართველოლოგიური ნაშრომების მიღება ამ ჟურნალში დასაბეჭდად.

წარმატებული ახალგაზრდა ენათმეცნიერი განვლილ გზასა და უცხოურ ინტერგაციაზე გვიამბობს:

-ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც სადოქტორო თემა აირჩიეთ. როგორ შეარჩიეთ ეს თემა, რამ განაპირობა თქვენი  დაინტერესება ამ თემით ?

-ასე კონკრეტული მომენტი არ ყოფილა, რომელმაც გადამაწყვეტინა საკვლევი თემის არჩევა. სადოქტორო კვლევამდე სხვადასხვა ეტაპი უნდა გაირო და ამ პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივად  გამოიკვეთა ინტერესის სფერო.

ვეცდები ძალიან მარტივი ენით ავხსნა თუ რას მოიცავდა აღნიშნული კვლევა. „ქართულ-ევროპული სასწავლო ლექსიკონის შედგენა კორპუსული მეთოდების გამოყენებით“ გულისხმობდა ყველაზე ხშირად გამოყენებული თანამედროვე  ქართული ენის ლექსიკის განსაზღვრას. ამ მიზნით შეიქმნა თანამედროვე ქართული ენის ვრცელი ვებკორპუსი – KaWaC (Ka=Kartvelia და WaC=Web as a Corpus), რომელიც მოიცავს 280 მილიონზე მეტ სიტყვას და განთავსათებულია ლიდსის უნივერსიტეტის ვებსაიტზე.

-ენათმეცნიერება, როდიდან დაინტერესდით მეცნიერების ამ სახეობით და რამ განსაზღვრა ეს დაინტერესება?

-სადოქტორო კორპუსულმა კვლევამ განაპირობა ჩემი გადასვლა ლექსიკოგრაფიიდან კორპუსის ლინგვისტიკასა და კომპიუტერულ ლინგვისტიკაში.

ლიდსის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური მიმართულებით მნიშვნელოვან კვლევებს ახორციელებთ. გზა, რომელიც გაიარეთ თსუ-დან ამ უნივერსიტეტამდე და რომ აგვიღწეროთ თქვენი საქმიანობა, კონკრეტულად რას საქმიანობთ ამჟამად?

-ლიდსის უნივერსიტეტში პირველი ჩემი საქმიანობა დაიწყო მოწვეული მეცნიერის სტატუსით და თანამედროვე ქართული ენის კორპუსის პროექტით, რომელიც სწორედ ამ სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში შეიქმნა. შემდეგ კი მივიღე შემოთავაზება სადოქტორო პროექტზე.

ამჟამად არაერთ პროექტზე ვმუშაობ ლიდსის უნივერსიტეტში. ვეცდები მოკლედ აღვწერო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. ჩემი სადოქტორო კვლევაა „ქართული ენის მორფოსინტაქსური კატეგორიების კომპიუტერულ ანალიზი“. კერძოდ, კომპიუტერული ანალიზი მოიცავს ორ კონკრეტულ საკითხს: 1) ტეგსეტების სისტემის შექმნას და 2) ტეგირების პროგრამის შექმნას.

გარდა ამისა, ვხელმძღვანელობ ქართველური და კავკასიური ენების კვლევის ცენტრს, რომელიც როგორც ეს ცენტრის ვებგვერდზეა მითითებული, ამ ეტაპზე მხოლოდ ქართველოლოგიური კვლევებით შემოიფარგლება. აღნიშნული ცენტრი ატარებს ყოველკვირეულ ქართველოლოგიურ ლექცია-სემინარებს, რომელსაც ლიდსის უნივერსიტეტის ენათმეცნიერებთან ერთად მოწვეული ქართველი ენათმეცნიერები კითხულობენ. ქართველოლოგიური ცენტრის ორგანიზებით იმართება ყოველწლიური საერთაშორისო ვორკშოპი „კომპიუტერული მიდგომები მორფოლოგიურად მდიდარი ენებისათვის“ (CAMRL2017, რომლის ინტერესების სფეროს წარმოადგენს ქართველური ენები. ვორკშოპის ვებსაიტი ხელმისაწვდომია ამ მისამართზე: https://camrl.leeds.ac.uk/ . წელს ეს ვორკშოპი (CAMRL2018) ჩატარდება 2018 წლის 3 ივლისს.

 სამეცნიერო საქმიანობების გარდა აქტიურად ვარ ჩართული ლიდსის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში. კერძოდ, ბაკალავრის საფეხურზე ვასწავლი ლინგვისტიკის ორ მოდულს.

-უცხოეთში ძალიან წარმატებული ხართ. რამდენად რთული იყო ქართველი გოგონასთვის უცხოური მწვერვალების დაპყრობა და სამშობლოდან  ასე შორს სამეცნიერო კუთხით თავის დამკვიდრება ?

-ბრიტანულ ლინგვისტურ სივრცეში ინტეგრაცია ადვილი ნამდვილად არ არის. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია არამარტო დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, არამედ მზაობა ახალი ცოდნის მისაღებად. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს აქაური უშუალო და მეგობრული დამოკიდებულება.

-თქვენი აზრით, რამდენად არის ენათმეცნიერების  სფერო განვითარებული საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს ამის ხელშესაწყობად?

-ბევრი კვლევა ტარდება, კორპუსული ლინგვისტიკის კუთხითაც კი, თუმცა არსებული კველვების მასშტაბი საკმარისი არ არის. საჭიროა, მეტი კვლევები კორპუსული და კომპიუტერული ლინგვისტიკის მიმართულებით და განსაკუთრებით ახალგაზრდა ენათმეცნიერების ჩართვა ამგვარ პროექტებში.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები. აპირებთ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას ?

 რასაკვირველია. ძალიან აქტიური თანამშრომლობა მაქვს ქართველ კოლეგებთან. ჩართული ვარ სასწავლო პროცესშიც კი. კერძოდ, თსუ-ში დისტანციურად ვასწავლი ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო პროგრამაზე საგანს „შესავალი კორპუსის ლინგვისტიკასა და კორპუსზე დაფუძნებულ ლექსიკოგრაფიაში“ (Introduction to Corpus Linguistics and Corpus-based Lexicography). 2018 წლის შემოდგომის სემესტრიდან კი იგეგმება დამატებით ახალი საგნის  „ზოგადი ენათმეცნიერების“ (General Linguistics – Understanding Language) შემოღება აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე.

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებასაქართველო

ბულგარეთის საელჩო ქართველი ახალგაზრდებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს

ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობასთან მიმართებით, ქართველი ახალგაზრდებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ესეების კონკურსი ეძღვნება თემას – ,,ვროკავშრი 2030 წელს“ (The EU in 2030). მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ევროკავშირის თემატიკით და ორგანიზაციის სამომავლო პოლიტიკით.

ნაშრომი 3-5 გვერდს არ უნდა აღემატებოდეს და შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილი კომისია. გამარჯვებული გამოცხადდება 2018 წლის აპრილში და იგი დაჯილდოვდება 4-დღიანი ტურით ბულგარეთში.

ტურის ფარგლებში მას საშუალება ექნება შეხვდეს შესაბამის პარტნიორებს, უკეთ გაეცნოს ბულგარეთის კულტურას, ისტორიას და მიიღოს ინფორმაცია ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოში პირველი თავმჯდომარეობის ფარგლებში ბულგარეთის პრიორიტეტებისა და აქტივობების შესახებ.

კონკურსის ოფიციალურად გახსნის ცერემონია 23 თებერვალს 15:00 საათზე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართება.

ღონისძებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  – ვახტანგ მახარობლიშვილი და ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მისი დესისლავა ივანოვა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ნაშრომების გაგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: embassy.tbilisi@mfa.bg ასლი კი: christiana.christova@mfa.bg-ზე.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 30 მარტი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოტექნოლოგიები

18 წლის ნიკი ბრეგვაძე გლობალური ინოვაციების კონკურსის ნახევარფინალშია

18 წლის ნიკი ბრეგვაძე გლობალური ინოვაციების კონკურსის GIST-Net-ის ნახევარფინალისტია და ამჟამად გამარჯვებისთვის იბრძვის, რადგან კონკურსში 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, 10 ფინალისტი კი ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება. ნიკი თავად გვიამბობს კონკურსისა და საკუთარი სტარტაპისა შესახებ, რომელშიც მისი წარმატება თითოეული ჩვენგანის აქტიურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
-ნიკი,  კონკრეტულად რაში მდგომარეობს შენი სტარტაპიდეა, რომელმაც ეს წარმატება მოგიტანა?

-ჩემი სტარტაპი ქმნის ინოვაციურ ვებპლატფორმას, რომელიც მაისის თვიდან ამუშავდება და დაბალკლასელ სკოლის მოსწავლეებს ელექტრონული განათლების ძალიან კარგ და სასარგებლო სერვისებს შესთავაზებს. აღნიშნული პროექტის შესახებ „მისო კრისტალისგან“ შევიტყვე,  ცოტა სასაცილოა, მაგრამ GIST-ის ვებგვერდზე დარეგისტრირებისას   ჯერ კიდევ 17 წლის ვიყავი და რადგანაც რეგისტრაციისთვის სრულწლოვანება იყო საჭირო, საიტის სარეგისტრაციო ფორმაში მომიწია დაბადების წლის HTML list-ის კოდის ხელით შესწორება,  ვიდეოში კი, მოკლედ აღვწერე ჩემი სტარტაპი, რომელმაც ეს ეტაპი წარმატებით გადალახა.

-რამდენადაც ვიცი, აქამდეც აქტურად მუშაობდი გარკვეულ პროექტებზე, გვიამბე საკუთარი გამოცდილების შესახებ.

-მიუხედავად იმისა, რომ მე-12 კლასში ვარ, ჩემი საქმიანობა მოიცავს ტექნოლოგიურ და საფინანსო საკითხებს, რომელშიც უკვე საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება მაქვს დაგროვებული.  თვითნასწავლი ვარ პროგრამირებაში, ბიზნესსა (ბუღალტერიაში, რისკების მართვაში და ა.შ) თუ ისეთ მეცნიერებებში, როგორიცაა, მაგალითად – ფსიქოლოგია და  კომპიუტერული მეცნიერება.

2016 წლის გაზაფხულიდან 4-6 თვე ვმუშაობდი პროექტზე, რომლითაც „FinTech-სტარტაპის“ შექმნის მცდელობა მქონდა, თუმცა ეს პროექტი მზად არ აღმოჩნდა დაფინანსების ეტაპების წარმატებით გასავლელად, მსგავსი, ოღონდ უფრო პატარა წამოწყებები 2015 და 2014 წლებშიც მქონდა, თუმცა ბოლო პროექტი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.

-კონკურსი ჯერჯერობით აქტიურ რეჟიმშია,  გვიამბე სამომავლო პერსპექტივებისა და შენი პირადი გეგმების შესახებ.

-პირადად ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, სექტემბრიდან სწავლის გაგრძელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით ვაპირებ, აპლიკაციები ნიუ-იორკისა და პენსილვანიის 10 უნივერსიტეტში მაქვს გაგზავნილი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი სტარტაპი იდეის ეტაპში აღარ იმყოფება და უკვე სერიოზულ განვითარების ნაბიჯებს დგამს. კონკურსის გამარჯვებით საშუალება მომეცემა დამატებითი ფინანსური სახსრები მოვიპოვო სტამბულში, ფართო აუდიტორიის წინაშე ჩემი სტარტაპის წარსადგენად, ამისათვის კი საჭიროა რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი, რომელიც კონკურსის ოფიციალურ საიტზე 24-საათში ერთხელ მომცემს ხმას,  ხმის მიცემა 22 თებერვლამდე გაგრძელდება.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
1 15 16 17 18 19 28
Page 17 of 28