close

განათლება

განათლება

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში ახალ საბაკალავრო პროგრამებს იწყებს

 7 თებერვალს, 11:00 საათზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში ახალი საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაციას გამართავს. საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამშენებლო ინჟინერიისა და სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამებს SDSU საქართველოს დეკანი, დოქტორი კენ უოლში, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებსა და მედიას წარუდგენს. პროგრამები არის საერთაშორისოდ აკრედიტებული და სტუდენტები იღებენ ამერიკულ დიპლომს.
ახალ პროგრამებთან ერთად, 2017 სასწავლო წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი სემეტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში. პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
მისამართი:მერაბ კოსტავას 14, სასტუმრო ,,რუმსი”.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
განათლება

ევროკომისიის წარმომადგენელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება

 
1-ლ თებერვალს, 16:00 საათზე, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი – ქრისტიან დანიელსონი,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და გამოწვევებზე, ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრება.  ქრისტიან დანიელსონის საჯარო ლექციის – ,,საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გლობალურ კონტექსტში” შემდეგ გაიმართება დისკუსია, ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი უპასუხებს სტუდენტების კითხვებს.
 
ღონისძიებას, რომლის მასპინძელი თსუ-ის ევროპული კვლევების ინსტიტუტია, თსუ-ის რექტორი – გიორგი შარვაშიძე, სტუდენტებთნ ერთად ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი – ნინო ლაპიაშვილი და აკადემიკოსი, პროფესორი – ლევან ალექსიძე დაესწრებიან.
ევროკომისიის  სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარკებათა საკითხებში გენერალური დირექტორის (DG NEAR) ქრისტიან დანიელსონის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორის, ტომას მეირ ჰარტინგის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1 , თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ქართული ენის სიწმინდის დასაცავად

„მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის” – ილია ჭავჭავაძის სიტყვებმა თანამედროვე საზოგადოებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან დღეს ქართული ენა, რომელშიც სწრაფად მკვიდრდება უცხოური ლექსიკა, დაკნინების, გაუფერულებისა და, შეიძლება ითქვას, რომ გადაგვარების გზაზეა. „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს” – გვითხრა გრიგოლ ორბელიანმა, თუკი მე-19 საუკუნეში ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილმა ქართველებმა გარუსების ანუ რუსული ენის სახელმწიფო ენად დამკვიდრების წინააღმდეგ გაილაშქრეს, დღეს, 21-ე საუკუნეში, საზოგადოება უკვე თავად უწყობს ხელს ენის დამცრობას, რაც, რა თქმა უნდა, ნიშანია ერის სულიერი, პიროვნული და კულტურული გაღარიბებისა. უცხოური ტერმინების (ბოლო დროს ინგლისური ენიდან) ასე აქტიურად შემოდინება, დამკვიდრება და ქართული შესატყვისების დავიწყება, რასაკვირველია, ეროვნული ცნობიერების დაქვეითების, ერთობის რღვევისა და ერის წახდენის უპირველესი ნიშანია.

სწორედ მშობლიური ენისა და საქმის განუზომელმა სიყვარულმა უბიძგა თინათინ მარგალიტაძეს, დაეცვა და განევითარებინა ერის თვითმყოფადობისა და იდენტობის განმსაზღვრელი მთავარი იარაღი – ენა. იგი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორი (ინგლისური ფილოლოგიის მიმართულება), დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის მთავარი რედაქტორი და უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი. მან ჯერ კიდევ 1983 წელს დაიწყო მუშაობა დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე, ხოლო 1995 წელს ჩამოაყალიბა ,,ლექსიკოგრაფიული ცენტრი” (რომელსაც 2011 წლიდან საუნივერსიტეტო სტატუსი აქვს), ამავე წლის ნოემბერში, კავკასიის სახლში, სარედაქციო ჯგუფთან ერთად, საზოგადოებას წარუდგინეს ლექსიკონის პირველი ტომი, რომელიც მოიცავდა 6000 სიტყვა-სტატიას. დღეისათვის დაბეჭდილია ლექსიკონის 14 ტომი, ელექტრონული ვერსია კი შედგება 110000 სიტყვა-სტატიისგან და განთავსებულია ინტერნეტში (http://dictionary.ge/). ლექსიკონი შეიქმნა არა მარტო უცხოური ენის შემსწავლელთათვის, არამედ მთარგმნელთათვის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტთათვის, შესაბამისად, შევიდა დარგობრივი ტერმინოლოგიაც, გარდა ამისა, ლექსიკოგრაფიულ ცენტრს კონსულტაციას უწევდნენ თავიანთი დარგის პროფესიონალები: სერგო ჯორბენაძე (იურისპრუდენცია), არნოლდ გეგეჭკორი (ენტომოლოგია), ნინო ფორაქიშვილი (ბიოლოგია) და ა.შ.

2009 წლიდან ლექსიკოგრაფიული ცენტრის სარედაქციო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა დარგობრივ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონებზე, პირველი იყო „ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი” (http://mil.dict.ge/), რომელიც შეიქმნა თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით, შემდეგ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა კიდევ ორი -,,ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი” (http://bio.dict.ge/) და „ინგლისურ-ქართული ტექნიკური ლექსიკონი” (http://techdict.ge/) , რომლებმაც, შეიძლება ითქვას, რომ წარმოაჩინა დარგობრივი ტერმინოლოგიის ბევრი პრობლემა, კერძოდ, ის, რომ, ფაქტობრივად, შეჩერებულია ტერმინოლოგიური მუშაობა საქართველოში. თინათინ მარგალიტაძის თქმით: „ყველა დარგში ინდივიდუალური ტენდენციებია, უნდა გადაიხედოს მეთოდოლოგია, რადგან უკვე ტრანსლიტერაციის წესებსაც აღარ იცავენ, არ არის დაცული სტანდარტიზაციის არცერთი პრინციპი, ეს კი, რასაკვირველია, შეაფერხებს დარგების განვითარებას. ქართველმა ლექსიკოგრაფებმა დავაყენეთ საკითხი, რომ ლექსიკოგრაფია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და თუ არ ექნა სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, მალე გამოუსწორებელ შედეგამდე მივალთ, წელს ჩვენმა ცენტრმა უმასპინძლა ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესს, მსოფლიოს 40-მდე ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მეცნიერები, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებამ გაიაზროს დარგის მნიშვნელობა, რათა გავაგრძელოთ სამეცნიერო საქმიანობა და შევქმნათ გამოყენებითი ნაწარმოები – ლექსიკონი, რომელიც მოითხოვს ხანგრძლივ მუშაობას, სიღრმისეულ ანალიზს, შესწავლასა და დიდ ძალისხმევას, მაგალითად, ქართულსა და ინგლისურ ენებს შორის არსებობს სემანტიკური ასიმეტრია, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ენების ეკვივალენტური სიტყვები ყველა კონტექსტში ვერ ანაცვლებენ ერთმანეთს, ზოგიერთი ინგლისური სიტყვა კი საერთოდ არააა ლექსიკალიზებული, შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბარბარიზმების გავრცელებისა, მაგალითად, ხშირად ვიყენებთ სიტყვას „დედლაინი”, რაც ქართულად „ბოლო ვადას” ნიშნავს, საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ურჩევნია, მარტივად, ერთი სიტყვა თქვას, ასეთი სიტყვა ბევრია, შესაბამისად, საბოლოოდ ვიღებთ უცხოური ტერმინებით დანაგვიანებულ ენას”.

„ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა” წამოიწყო მოძრაობა „არა ბარბარიზმებს”, უცნაურია, მაგრამ თუკი რუსულ ბარბარიზმებს მდარე, დაბალი დონის მეტყველებად აღიქვამენ (მაგალითად: შკაფი, პრობკა და ა.შ.), ინგლისურის შემთხვევაში პირიქითაა: რატომღაც ჰგონიათ, რომ ინგლისური ენიდან შემოსული ბარბარიზმების გამოიყენებისას მეტად განათლებულნი გამოჩნდებიან, ეს კი ქართული ენის უპატივცემულობა და შეურაცხყოფაა. არსებითი სხვაობა ნამდვილად არაა რუსიფიკაციასა და ანგლოსაქსიზმს შორის, რადგან ორივე იწვევს ენის სტაგნაციას. მაგალითად, ხშირად იყენებენ სიტყვას „ინსპირაცია” (inspiration), რომლის ქართული შესატყვისია „შთაგონება”, ევალუაცია (evaluation) – შეფასება, კოლაბორაცია (collaboration) – თანამშრომლობა, ფრუსტრირებული (frustrated) – იმედგაცრუებული და ა.შ. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბარბარიზმების ლექსიკონს, რაც ცალსახად მანიშნებელია იმისა, რომ საზოგადოებას უკიდურესად აწუხებს მშობლიური ენის დაკნინების პროცესი. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მასმედიის საშუალებები (ტელევიზია, რადიო, პრესა)  აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს ამ მიმართულებით, რადგან ბარბარიზმების უმეტესობა სწორედ მედიის საშუალებით ვრცელდება.

ქართულ ენაში უამრავი სიტყვაა დამკვიდრებული სპარსული, არაბული, რუსული, ბერძნული ენებიდან, სიტყვათა სესხება ბუნებრივი პროცესია. „ლექსიკოგრაფიული ცენტრი” გეგმავს, რომ მალე საზოგადოებას შესთავაზოს პარალელური სინონიმური რიგები, ერთი მხრივ, ქართულ ენაში დამკვიდრებული უცხოური ძირის სიტყვები და, მეორე მხრივ, ადგილობრივი, მშობლიური ძირის სიტყვები. მაგალითად: სტაბილური-მდგრადი, მოდერატორი-საუბრის წარმმართველი და ა.შ. აღნიშნული რიგები ხელს შეუწყობს ქართული ტერმინების გავრცელებას, გაცნობასა და დამკვიდრებას, მთლიანობაში კი ენის განვითარებასა და გამრავალფეროვნებას.

„ხომ არის გაუგონარი რამ, ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება შესწირა იმას, რომ ინგლისური სიტყვები გაეთანაბრებინა ქართულ სიტყვებთან და მათი ქართული ეკვივალენტები დაედგინა, დღეს ადგენს ბარბარიზმების ლექსიკონს ანუ პირიქით აკეთებს: ეუბნება საზოგადოებას, რომ „კრეატიულის” ქართული შესატყვისია – შემოქმედებითი, რომლის წყაროც არის ინგლისური სიტყვა “creative”, აღარაფერს ვამბობ საშინელ კალკებზე. გამოდის, რომ ენა კარგავს საკომუნიკაციო ფუნქციას, მაშინ რაში გვჭირდება ქართული, ავდგეთ და პირდაპირ ინგლისურად ვისაუბროთ, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ახალგაზრდებმა არც ინგლისური იციან კარგად და არც თავიანთი მშობლიური ენა, ამ მხრივ განათლების სამინისტროს ჩართულობაა საჭირო” – აღნიშნა თინათინ მარგალიტაძემ.

პატრიოტული სულისკვეთებით, ენთუზიაზმით, ერთგულებითა და პროფესიონალიზმით თინათინ მარგალიტაძემ სარედაქციო ჯგუფთან ერთად ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია ლექსიკოგრაფიის განვითარებისათვის და კვლავ აგრძელებს ბრძოლას ქართული ენის სიწმინდის დასაცავად.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის ისტორია

1918 წელს  გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას.

საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლებისთვის ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად  დაიბადა. მე-19 საუკუნის სამოციან წლებში საქართველოში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა ახალი თაობა, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, რომელთანაც დაკავშირებულია სულიერი აღორძინების ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა უნივერსიტეტის დაარსებისათვის ბრძოლა.

უმაღლესი სკოლის შექმნის რეალური შესაძლებლობები კიდევ უფრო გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც თბილისში დაარსდა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი. იგი რუსეთის იმპერიაში არსებულ ბანკებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც თავის შემოსავალს ერის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეურნეო ინტერესებს ახმარდა.

მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორი გახდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღზრდილი და მისი პრივატ-დოცენტი ივანე ჯავახიშვილი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა აქტიურად დაიწყო უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის  მზადება.

12 მაისს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში, უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი შეკრება გაიმართა. კრებას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს დაარსდა ,,ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის” საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.

1917 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის გასახსნელად კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა. გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო მხოლოდ ერთი  –  სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, რომელიც გააერთიანებდა ჰუმანიტარულ დარგებს, აგრეთვე, ბუნე-ბისმეტყველებასა და მათემატიკას. დეკემბრის ბოლოს პრესაში უკვე გაჩნდა განცხადება ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების შესახებ.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი  1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.

ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი,  იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი, გრიგოლ წერეთელი.

1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის  – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს საქართველოს ერთ–ერთი უპირველესი სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებაა, ყოველწლიურად აქ 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში. დღეისთვის თსუ–ს 7 ფაკულტეტზე  22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად  უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო, ასევე მოკლე და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები ხორციელდება. უცხოეთის ქვეყნების  უნივერსიტეტებთან  მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ყველა სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს გაცვლით და ერთობლივ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში და მოიპოვონ ორმაგი აკადემიური ხარისხი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

საქართველოს მატარებლებში ბიბლიოთეკები მოეწყობა

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს რკინიგზის კომპანია იწყებს ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს მატარებლებში ბიბლიოთეკების მოწყობას. აღნიშნული საკითხის შესახებ ,,დოქტრინა” გაესაუბრა  საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დაჩი ცაგურიას.

საიდან გაჩნდა მატარებლებში ბიბლიოთეკების მოწყობის იდეა?

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა მგზავრებისთვის შევქმნათ მეტი კომფორტი, ვფიქრობდით თუ რა სიახლე შეგვეთავაზებინა მათთვის და გაჩნდა ბიბლიოთეკების მოწყობის იდეა. მგზავრობა იქნება არა მოსაბეზრებელი, არამედ, პირიქით, სასიამოვნო და შინაარსიანი. ჩემი აზრით, ეს პროექტი განვითარდება  და ხელს შეუწყობს წიგნის კითხვის კულტურის გავრცელებას საზოგადოებაში.

ბიბლიოთეკების მოწყობის მცდელობა რამდენჯერმე იყო, თუმცა არ გაამართლა, რადგან ხალხს წიგნები მიჰქონდა და აღარ აბრუნებდა. თქვენ როგორ აპირებთ, რომ მსგავსი შემთხვევები აირიდოთ თავიდან?

სწორედ ისე, როგორც ბიბლიოთეკებშია, მგზავრი, რომელიც გაიტანს წიგნს, დატოვებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, შესაბამისად, მოპარვა გამორიცხულია.

რა ტექნიკური პროცედურების მოგვარებაა საჭირო, რომ ეს იდეა განხორციელდეს და რამდენ ხანში გამოჩნდება ბიბლიოთეკები მატარებლებში?

ზაფხულის სეზონისთვის გვინდა, რომ ბიბლიოთეკები გამოჩნდეს მატარებლებში, ამისთვის კი საჭიროა ხალხის აქტიურობა და თანადგომა. ამ პროექტში ჩართვას ვთავაზობთ არა მარტო მოქალაქეებს, არამედ გამომცემლობებსაც, მათთვის, ვფიქრობ, მომგებიანიც იქნება, რომ წიგნები განთავსდეს ჩვენს ბიბლიოთეკებში, შეიძლება ადამიანმა ვერ მოასწროს მატარებელში წაკითხვა, წავიდეს და იყიდოს ან ძალიან მოეწონოს, მეგობარს გაუზიაროს და ა.შ.

პროექტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ლევან მიქელაძემ, რომელიც არის მოხალისე. იგი ურჩევს საზოგადოებას, რომ ჩაერთოს, გასცეს წიგნები და ხელი შეუწყოს ამ პროექტის განხორციელებას. მან აღნიშნა: ,,წიგნები უნდა მიეღო მხოლოდ თბილისის სალაროებს, თუმცა იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ იდეას, მოგვიწია საქართველოს მასშტაბით ყველა სადგურის თანამშრომლების გაფრთხილება, რათა მათაც დაიტოვონ წიგნები შემომწირველებისგან. საზოგადოების აქტიურობა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ზაფხულის სეზონისთვის ყველა მატარებელი ეტაპობრივად აღიჭურვება ბიბლიოთეკებით”.

,,დოქტრინა” უერთდება ამ წამოწყებას და მოგიწოდებთ, რომ მიიტანოთ წიგნები ნებისმიერ ადგილას, სადაც განთავსებულია რკინიგზის სალაროები.

 

  მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

განათლების სისტემაში რადიკალური ცვლილებები იგეგმება

 

გასული წლის  3 ივნისს ხელი მოეწერა მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავას წარდგენის საბუთს, რის შემდეგადაც განათლების სისტემაში მრავალი ცვლილება გატარდა.  ახალი, 2017 წლიდან  კი, კიდევ უფრო მეტი რეფორმა იგეგმება, “Doctrina“ გთავაზობთ  რამდენიმე მათგანს:

 

პროფსასწავლებლების სტუდენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას შეძლებენ და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს პროფესიულ პროგრამებთან ინტეგრირებულად შეისწავლიან.  აღსანიშნავია, რომ დღემდე უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად საშუალო სკოლის ატესტატი იყო აუცილებელი.

ცვლილება შეეხება ასევე ზრდასრულებს, რომლებსაც აქვთ ცხრა კლასის ატესტატი, სამინისტრო მუშაობს მათთვის საღამოს სკოლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობაზე, ისინი დამამთავრებელი კლასების საგნების გავლას საღამოს საათებში შეძლებენ. საღამოს სკოლების მოწყობა კი პროფესიული სასწავლებლების შენობებში იგეგმება.

პროფესიული სერტიფიკატი ამიერიდან პროფესიული დიპლომის ალტერნატივა გახდება. ამასათანავე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრდასრულთა განათლების ფორმალიზების მიზნით კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დაფინანსებას გეგმავს.

დაწესდა საგაზაფხულო არდადეგები, რომელიც 8 მარტიდან 15 მარტამდე გასტანს. „ჩვენ რაღაც მომენტში დაგვავწიყდა, რომ ბავშვები ჯანმრთელები თუ არ იქნებიან ფიზიკა და ქიმია არ უშველით. ანუ საათები არ შემცირდება. ეს ყველა საათი რაც დავაკელით დაკომპენსირდება სასწავლო საათებით. მარტში ჩვენს მოსწავლეებს და მათ მშობლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დაისვენონ ზამთრის  და ნებისმიერ სხვა კურორტზე,“– განაცხადა მინისტრმა.

სკოლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, კვირაში ორი საათი ჯანსაღ გაკვეთილებსა და სპორტულ აქტივობებს დაეთმობა. მინისტრის განცხადებით თითოეული სკოლა ერთ, ან რამდენიმე ფედერაციასთან გააფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც ითანამშრომლებს მასთან. ყველა სკოლას გადაეცემა დამატებითი თანხაც ინვენტარისთვის.

ახალი სასწავლო წლიდან დაემატება საგანი „მე და საზოგადოება“, რომელსაც  დაწყებითი კლასების მასწავლებლები ასწავლიან. საგანი ითვალისწინებს დაწყებითი კლასის მოსწავლეების საზოგადოებასთან ინტერგრირების პროცესის ხელშეწყობას.

იცვლება სტუდენტების დაფინანსების წესი. აბიტურიენტები ამიერიდან ვეღარ მოიპოვებენ ოთხწლიან გრანტს, რისი მიზეზიც, როგორც მინისტრი ამბობს, ის სტუდენტები არიან,  რომლებიც გრანტის ერთხელ მოპოვების შემდეგ სწავლას აღარ აგრძელებენ, ან პირიქით, ისინი, ვინც, ვთქვათ, ვერ აიღეს გრანტი, მაგრამ კარგად სწავლობენ უმაღლეს სასწავლებელში. მინისტრი უკვე 2017 წლის ეროვნული გამოცდებისთვის აპირებს ნაწილობრივ მაინც შეძლოს ამ წამოწყების განხორციელება.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

,,ქართული, როგორც უცხო ენა” – ელექტრონული სწავლების ეფექტიანობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხორციელდება ,,ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლებისპროგრამა, რომლის ფარგლებშიც შექმნილი ელექტრონული სასწავლომეთოდური მასალები შემსწავლელებსა და მასწავლებლებს ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლასწავლების სრულ პაკეტს სთავაზობს. პროგრამა ხორციელდება ევროპის საბჭოს ენობრივი პოლიტიკის სამმართველოსთან თანამშრომლობითა და ზოგადევროპული ენობრივი კომპეტენციების გათვალისწინებით.  სამეცნიერო პორტალი ,,დოქტრინა“ გაესაუბრა პროგრამის ავტორსა და ხელმძღვანელს, ქალბატონ მარიკა ოძელს, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა  ამ წამოწყების შესახებ.

-აღნიშნულ პროგრამას მრავალი ანალოგი ჰყავს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა საქართველოში პირველად ხდება მსგავსი მეთოდიკით სწავლების დანერგვა, საინტერესოა როგორ გაჩნდა მისი იდეა და რამ განაპირობა მსგავსი პლატფორმის განვითარება ჩვენს ქვეყანაში?

წლების წინ ჩვენ შევქმენით ევროპული ენობრივი პორტფოლიო (ELP_European Language Portfolio), რომელიც აერთიანებს ენობრივი კომპეტენციას, როგორც მშობლიურ, ასევე უცხო ენებში, თავდაპირველად ის განკუთვნილი იყო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ქართული ენის შესწავლით. მოგვიანებით ამ პროგრამის მიერ შემოთავაზებულმა ფრაგმენტებმა, მეთოდებმა თუ მიდგომებმა ბიძგი მისცა „ქართული, როგორც უცხო ენის“ პირველადი სტანდარტის შექმნას 2012 წლის მიწურულისაკენ. 2012 წლამდე ქართულ სივრცეში არ არსებობდა დონეების მიხედვით შექმნილი ლექსიკონი, ასევე არ გვქონია სიხშირული ლექსიკონი, შესაბამისად, მსგავს  ნიადაგზე შექმნილი პროგრამა დღესაც განვითარების გზაზეა და კვლავაც ვცდილობთ მის გაუმჯობესებას.

– რაც შეეხება თვითონ მეთოდიკას, როგორ ხორციელდება აღნიშნული სტანდარტით სწავლება?

– ჩვენ აღნიშნული პროგრამის გერმანულ და ფრანგულ ანალოგებზე დაყრდნობით შევქმენით ,,ქართულის, როგორც უცხო ენის“ მეთოდიკის პირველი სახელმძღვანელო. ამის შემდგომ, უკვე გადავწყვიტეთ შეგვექმნა სახელმძღვანელოები დონეების მიხედვით. აღსანიშნავია ისიც, რომ იქამდე უცხოელებისთვის განკუთვნილი ქართული ენის ერთენოვანი სახელმძღვანელო არ არსებობდა, შესაბამისად ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ეს არ არის თვითმასწავლებელი და განკუთვნილია ინდივიდუალური ან ჯგუფური სწავლებისთვის, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი. არსებობს, როგორც სახელმძღვანელო ,,აღმართი“,  ისევე შესაბამისი სამუშაო რვეული, ხოლო მასალა მოიცავს, როგორც წერილობით სამუშაო დავალებებს, ასევე მოსასმენს. აქ განთავსებული ბუნებრივი და ცოცხალი დიალოგები, შესაბამის დავალებებთან ერთად  საშუალებას იძლევა, რომ დაინტერესებულმა პირმა დიდი წვალების გარეშე გაითავისოს ენის ძირეული სპეციფიკა.

          – როგორია ამ პროგრამის მომხმარებელი იმ ქვეყნების ამჟამინდელი სტატისტიკა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ თქვენთან?

          – დღესდღეობით თურქეთის რამდენიმე ქალაქში უკვე არსებობს ქართული ენისა და ლიტერატურის ბაკალავრიატი და უკვე ჰყავთ ამ სპეციალობის კურსდამთავრებულების ორი გამოშვება, მათი რაოდენობა კურსზე დაახლოებით 20 სტუდენტია, თუმცა სამომავლოდ ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვიც გაიზრდება. გასულ წელს განათლების სამინისტროს ინიციატივით თურქი სტუდენტები ერთი კვირით ესტუმრნენ საქართველოს და ჩვენ ვეცადეთ უფრო ახლოს გაგვეცნო მათთვის საქართველოს კულტურა. პროგრამას წარმატებით იყენებენ პეტერბურგშიც, სადაც ასევე არის ქართული ენის სპეციალური კურსები. აღსანიშნავია, რომ  აღნიშნულ ადგილებში ცდილობენ ჩვენი პროგრამა თავისებურად მოირგონ და ჩვენთან შეთანხმებით ახდენენ მცირეოდენ მოდიფიკაციებს, რათა მათი სტუდენტებისთვის უფრო გაადვილდეს ენის შესწავლის პროცესი.  ჩვენი პროგრამის მომხარებელ ქვეყნებს შორის ხშირად ფიქსირდება ბრაზილია, ჩინეთი, ირანი, რუსეთი და ა.შ თუმცა სტატისტიკით, ბუნებრივია, კვლავ  საქართველოში მცხოვრებნი დომინირებენ.

– აქვს თუ არა პროგრამას რაიმე შეზღუდვა და ვისთვისაა ის ხელმისაწვდომი?

-პროგრაა ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის, რომელიც ესტუმრება ჩვენს საიტს  geofl.ge, საიდანაც მათ თავისუფალი წვდომა ექნებათ ონლაინსახელმძღვანელოებსა თუ ენასთან დაკავშირებულ სხვა მასალებთან. მათ ასევე შეუძლიათ გამოგვეხმაურონ და მოგვმართონ თხოვნებითა თუ შენიშვნებით.

– რა გამოხმაურება ჰპოვა ,,ქართული, როგორც უცხო ენის“ პროგრამამ მსოფლიო მასშტაბით?

          – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებიდან გვიკავშირდებიან და მადლობას გვიხდიან გაწეული სამსახურისთვის, რამდენიმე მათგანმა საკუთარი სურვილისამებრ რეცენზიებიც კი გამოაქვეყნა ჩვენ შესახებ. ერთ-ერთი მათგანი არის იასუჰირო კოჯიმა  და გთავაზობთ ციტატას მისი რეცენზიიდან: ,,ინტერნეტსივრცეში განთავსებული წიგნები მთელს მსოფლიოში ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება და ამით ბევრს ქართული ენის სასწავლებლად უნიკალური საშუალება მიეცემა. განსაკუთრებით სასარგებლო იქნება უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის. მეც პირადად აუცილებლად გამოვიყენებდი იაპონიაში ჩემი ვაჟიშვილისთვის.” (აღსანიშნავია რომ ბატონ იასუჰიროს ჰყავს ქართველი მეუღლე).

– უახლოეს მომავალში ხომ არ იგეგმება რაიმე ცვლილება და რა სამუშაოები ტარდება ამჟამად პროგრამის განვითარებისთვის?

– პროგრამის ფარგლებში ამჟამად ვფიქრობთ, რომ შევქმნათ ელექტრონული ორენოვანი ლექსიკონი, პარალელურად ვხვეწთ უკვე არსებულ დონეებს (A1-A2, B1-B2) და ამის შემდგომ უკვე დავიწყებთ მუშაობას C დონის შესაბამისი მასალის განთავსებაზეც.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 26 27 28
Page 28 of 28