close

არქეოლოგია

არქეოლოგია

ზიმბაბვეში აფრიკის უხუცესი დინოზავრის ნეშტი აღმოაჩინეს🦕

მეცნიერებმა ზიმბაბვეში აფრიკის უხუცესი დინოზავრის ნეშტი აღმოაჩინეს, რომელიც 230 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Mbiresaurus raathi-ის სიმაღლე 1 მეტრი იყო, ის ორ ფეხზე დადიოდა და გრძელი კისერი ჰქონდა. მისი ჩონჩხი ორი ექსპედიციის დროს (2017-სა და 2019 წლებში) ზამბეზის ხეობაში იპოვეს. დინოზავრი ტრიასულ პერიოდში ცხოვრობდა. მეცნიერების თქმით, ახალი აღმოჩენა დინოზავრების ევოლუციისა და მიგრაციის შესწავლაში დაეხმარება.

მათივე ცნობით, ეს აფრიკაში აღმოჩენილი უხუცესი დინოზავრია.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

ესპანეთში 1,4 მილიონი წლის ძვლები იპოვეს, რამაც, შესაძლოა, ევროპაში ადამიანთა ევოლუციის შესახებ არსებული ცოდნა თავდაყირა დააყენოს

ჩრდილოეთ ევროპაში 1,4 მილიონი წლით დათარიღებული სახის ძვლები იპოვეს. ესაა უძველესი სამარხი, რომელიც ოდესმე კონტინენტზე აღმოუჩენიათ, – წერს სააგენტო Anadolu.

„ესაა გარღვევა, რომელიც ადამიანის ევოლუციის ისტორიის გადაწერაშიდაგვეხმარება. 1994 წლამდე ცნობილი იყო, რომ ევროპაში, 500 000 წლის წინანდელ პერიოდზე ადრე, ადამიანის სახეობა არ არსებობდა. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ 1,4 მილიონ წელს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ 1 მილიონი წლით უკან გადავწიეთ ადამიანთა ევოლუცია ევროპაში. ჩვენ ჯერ არ ვიცით, პირველი ადამიანის რომელ პოპულაციასა და სახეობას მიეკუთვნება აღმოჩენილი ფრაგმენტები“, – აცხადებს არქეოლოგი ავრორა მარტინი.

ევროპის კონტინენტზე, ადამიანის უძველესი ნამარხი 2007 წელს აღმოაჩინეს, ის 1,2 მილიონი წლისაა.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

სერაფიტას საფლავის ქვა და ,,არმაზული დამწერლობა”

ძვ.წ. I  ათასწლეულის დამდეგს, საწარმოო ძალების განვითარების შედეგად, ქართველი ტომების მიერ რკინის ათვისების ეპოქაში, შეიქმნა გვაროვნული თემის დაშლისა და მონათმფლობელური საზოგადოების ჩასახვის წინამძღვრები. ენობრივი და კულტურული მსგავსების საფუძველზე ქართველი ტომების ჯერ კონსოლიდაციისა და შემდეგ გაერთიანების შედეგად  ძვ.წ. VI- IV საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება ორი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, აღმოსვლეთისა – იბერია და დასავლეთისა – კოლხეთი. ძვ. წ VI საუკუნეში მიდიელებმა დაამხეს ურარტუს სამეფო, განადგურდა ქართველ ტომთა გაერთიანებები (დიაუხი), რის შედეგად დაიწყო მცირე აზიიდან ჩრდილო – აღმოსავლეთით ამ ტომების მოძრაობა. ასე, მცირე აზიურ-ხეთური ტრადიციების მატარებელი მესხური ტომების ნაკადმა გადმოინაცვლა ჩრდილოეთით. მათი სახელი შემოინახა ათვისებულმა ტერიტორიებმა – მესხეთი, სამცხე და თვით იბერიის სახელმწიფოს ცენტრმა – არმაზი

1940 წელს მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არმაზისხევში გათხრების შედეგად აღმოაჩინა ე.წ. არმაზის ბილინგვა ანუ ქვის ბრტყელი ფილა ზედ ამოკვეთილი ორენოვანი (არამეული და ბერძნული) წარწერით (ბი – ორი, ლინგვა – ენა). ქვის ფილა, წარწერის მიხედვით, ყოფილა ახალგაზრდა ქალის სერაფიტას საფლავის ქვა.

არმაზისხევში, საერთოდ, გათხრების შედეგად გამოვლენილია ქართლის სამეფოს პიტიახშების ნეკროპოლი (სამაროვანი), ქვაყუთების სამარხებით. აქვე ყოფილა პიტიახშების რეზიდენცია. გამოვლენილია სამეურნეო ნაგებობები, კეთილმოწყობილი აბანო, მოზაიკური იატაკით, ცხელი და ცივი წყლის მილებით და სხვ.

წარწერის არამეული ტექსტი წაიკითხა და გაანალიზა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა – აკად. გიორგი წერეთელმა, ხოლო ბერძნული – აკად. ს. ყაუხჩიშვილმა. ორივე ტექსტი თითქმის ანალოგიურია. გ. წერეთელმა ამ არამეულ დამწერლობას უწოდა ,,არმაზული დამწერლობა”.

წარწერა მრავალმხრივ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა:

  1. მისი პალეოგრაფიული ანალიზის საფუძველზე გ. წერეთელმა წამოაყემა ახლებური ჰოპოთეზა, რომ ქართული დამწერლობა წარმოიქმნა არამეული დამწერლობიდან.
  2.  წარწერის შინაარში უაღრესად მნიშვნელოვანია ქართლის სამეფოს სახელმწიფო წყობილების შესასწავლად.

წარწერაში აღნიშნულია, რომ:

სერაფიტა გარდაიცვალა 21 წლისა. ის ყოფილა ქართლის მეფის – ფარსმანის, პიტიახშის ზევახის ასული. მისი მეუღლე ყოფილა ქართლის მეფის ხსეფარნუგის მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელი ეზოსმოძღვარი იოდმანგანი. იოდმანგანის მამა კი (ე.ი სერაფიტას მამათილი), ყოფილა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვარი აგრიპა.

ბერძნული ტექსტის თარგმანი:

,,სერაფიტი, მცირე პიტიახშის, ზევახის ასული, პიტიახშ პუბლიკიოს აგრიპას ძის, იბერთა მეფის, ქსეფარნუგის მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძრვარი, იოდმანგანის მეუღლე გარდაიცვალა ახალგაზრდა, 21 წლისა, რომელსაც ჰქონდა უბადლო სილამაზე.”

არამეული ტექსტის თარგმანი:

,,მე, სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, ქსეფარნუგ მეფისა ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა, ვაება ვაებისა. ის ვინც იყო… არადასრულებული და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა.”

ამრიგად, წარწერაში დასახელებულია ორი მეფე: ფარსმანი და ხსეფარნუგი. ფარსმანი ეს არის წყაროებში ცნობილი ფარსმან II, რომელსაც ,,ქართლის ცხოვრებაში” ეწოდება ,,ფარსმან ქველი” და რომელიც მეფობდა II ს-ის პირველ ნახევარში. ამის მიხედვით წარწერა თარიღდება მეორე საუკუნით.

წარწერაში იხსენიება აგრეთვე ქართლის მეფის პიტიახში და მეფის ორი ეზოსმოძღვარი – აგრიპა და მისი ვაჟი იოდმანგანი. ამრიგად, უმაღლესი მოხელეობა სამემკვიდრეო ჩანს. შინაარსიდან ჩანს, რომ ეზოსმოძღვარი სარდალია ( შესაძლოა სამხედრო უწყების გამგებელი), რადგანაც მას მოუპოვებია მრავალი გამარჯვება.

,,არმაზის ბილინგვა” მოწმობს აგრეთვე, რომ ქართლის სამეფოში ამ დროს გავრცელებული ყოფილა არამეული და ბერძნული დამწერლობა და, შესაძლოა, ის ასრულებდა სახელმწიფო დამწერლობის როლს. ამას მხარს უჭერს ისიც, რომ მცხეთაშივე აღმოჩენილია მონოლინგვაც (ერთენოვანი არამეულწარწერიანი ქვის ფილა) და სხვა ძეგლები, არამეული და ბერძნული წარწერებით.

 

წყარო: www.ucnauri.com ; საქართველოს და მსოფლიოს ისტორია 11 კლ; საქართველოს ისტორიის წყაროები აბიტურიენტებისთვის; wikipedia.org .

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევები

მეცნიერებმა დაადგინეს, როგორი იყო ადამიანის წინაპრის კვების რაციონი

უძველესი ადამიანის კბილის ნადების გამოკვლევის შედეგად მეცნიერებმა ნეანდერტალელების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოიპოვეს. მათ შორის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იყო ადამიანის წინაპრის კვების რაციონი.

როგორც აღმოჩნდა, ნეანდერლანტელები მარტორქებსა და ველურ სოკოს მიირთმევდნენ, ხოლო სხვადასხვა დაავადებასა და ტკივილთან გამკლავების მიზნით მცენარეულ მედიცინას მიმართავდნენ.

მეცნიერთა ინფორმაციით, მათ გამოიკვლიეს ესპანეთში აღმოჩენილი 48,000 წლისა და ბელგიაში აღმოჩენილი 36,000 წლის ნეანდერტალელების ნაშთები. კბილის ნადები შეიცავდა საკვების ნაწილაკებს, პირის ღრუს ბაქტერიებს, სასუნთქ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტებს.

ბელგიაში აღმოჩენილმა ნაშთებმა ცხადყო, რომ ნეანდერლანტელების კვების რაციონი გრძელბეწვიანი მარტორქისა და ველური ცხვრის ხორცზე, ასევე ველურ სოკოზე იყო დაფუძნებული. 12 ათასი წლით უფრო ადრე ესპანეთში მცხოვრები ნეანდერლანტელები კი, როგორც ჩანს, მხოლოდ ველურ სოკოს, ფიჭვის კაკალს, ხავსსა და ხის ქერქს მიირთმევდნენ, მეცნიერებმა მათი კბილის ნადების დნმ-ში ხორცის კვალი ვერ აღმოაჩინეს.

როგორც ჩანს, ამ ორ სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ მოსახლეობას ცხოვრების განსხვავებუილი სტილი ჰქონდა, რომელიც იმ გარემო პირობებმა განაპირობა, რომელშიც მათ უწევდათ ცხოვრება.

მკვლევარებმა უძველესი ესპანელი მამაკაცის დნმ-ის გამოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ მას მძიმე დიარეის გამომწვევი დენტალური აბსცესი და ნაწლავის პარაზიტი ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცს მიღებული ჰქონდა ალვის ხის ქერქი, რომელიც ტკივილდამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ასპირინსა და ბუნებრი ანტიბიოტიკს – ობს შეიცავს.

აღნიშნული კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია, ვინადიან ზრდის ცოდნას თანამედროვე ადამიანის (ჰომო საპიენსის) უახლოესი გადაშენებული ნათესავის – ნეანდერტალელების შესახებ.

მეცნიერთა განცხადებით, აღნიშნული კვლევა ამტკიცებს, რომ  ნეანდერლანტელები მაღალგანვითარებული, ინტელექტუალური, მეგობრული არსებები იყვნენ. „ჩვენ ნამდვილად მოგვიწევს, გადავწეროთ ისტორიული წიგნები „გამოქვაბულის ადამიანების მსგავსი ქცევის მქონე არსებების“ შესახებ. მათი მოქმედება და საქციელი ძალიან ჰგავს თანამედროვე ადამიანის წინაპრის საქციელს,“ – აცხადებს ავსტრალიის ადელაიდას უნივერსიტეტის პალეომიკრობიოლოგი-  ლაურა ვეირიხი.

მკვლევარები აცხადებენ, რომ ნეანდერტალელები ჭკვიანი არსებები იყვნენ, ისინი ნადირობის რთულ მეთოდებს ფლობდნენ, სავარაუდოდ, ჰქონდათ თავიანთი სასაუბრო ენა და სიმბოლური ობიექტები, მათ ცეცხლის გამოყენებაც იცოდნენ.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

5 უძველესი აღმოჩენა საქართველოში, რომელმაც მსოფლიო ისტორია შეცვალა!!!

აღარავისთვის არის ახალი ის ფაქტი, რომ საქართველო უძველესი ცივილიზაციის და კულტურის კერაა. ამას უკანასკნელ წლებში გაკეთებული მრავალი აღმოჩენა მოწმობს და მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებიც დაბეჯითებით აღიარებენ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიოს ისტორიაში. მრავალი უნიკალური აღმოჩენის პარალელურად, ბოლო წლებში გაკეთდა ის ხუთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა, რამაც მსოფლიოს ისტორია რადიკალურად შეცვალა და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი წინა პლანზე წამოწია. ამ სტატიაში გთავაზობთ ყველა ამ მნიშვნელოვან აღმოჩენას და არტეფაქტებს:

1. 1,8 მილიონი წლის წინანდელი უძველესი ადამიანის ნარჩენები

საქართველო პირველი ევროპელის სამშობლოა! დიახ, ეს ასეა! ყველა ევროპელის აკვანი საქართველოში იყო ოდესღაც და პირველი ევროპელი სწორედ ჩვენი ტერიტორიიდან წავიდა დასავლეთისკენ. გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა სენსაციური აღმოჩენა – ქალის და მამაკაცის ძვლები, რომელთა ასაკი 1.8 მილიონი წელია! მეცნიერებმა ჰომო გეორგიკუსს ზეზვა და მზია უწოდეს და დაამტკიცეს, რომ აფრიკის გარეთ ნაპოვნი ნარჩენების ყველაზე ძველ წარმომადგენლებთან გვაქვს საქმე.

სწორედ ამ აღმოჩენიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვამტკიცოთ და ვიამაყოთ – ევროპული ცივილიზაცია სწორედ საქართველოში იღებს სათავეს! 

2. მსოფლიოში უძველესი ძაფი  34 000 წლის არის და ის საქართველოშია ნაპოვნი!

ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში, დღევანდელ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ადამიანმა პირველი ძაფი გააკეთა! 

დღევანდელი გადასახედიდან ეს ძალიან ჩვეულებრივი და თითქოს მარტივი გამოგონებაა, მაგრამ იმ პერიოდში ძაფს უძველესი ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ძაფის გამოყენებით ადამიანმა გააუმჯობესა ტანისამოსი და ფეხსაცმელი, რამაც ველურ ბუნებაში მისი გადარჩენის შანსები გააორმაგა. ამ პერიოდამდე ძაფის ყველაზე ძველ ნიმუშად ჩეხეთში ნაპოვნი ჭინჭრის ნაკეთობა ითვლებოდა, მაგრამ 2007 წელს ნაპოვნმა ქართულმა ძაფმა ისტორია შეცვალა – ის ჩეხურზე 5 000 წლით ძველია!

3. მსოფლიოში უძველესი ღვინო  8 000 წლის არის!

საქართველო ღვინის სამშობლოა! 2017 წელს არქეოლოგებმა მსოფლიოს უძველესი ღვინის ნარჩენები აღმოაჩინეს. როგორც Science Alert გვატყობინებს, აღმოჩენა 8000 წლით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაპოვნი ღვინო თითქმის ორჯერ უფრო ძველია ვიდრე აქამდე “ყველაზე ძველის” სტატუსით ცნობილი ირანული აღმოჩენა, რომელიც 5000 წლით თარიღდება. ეს დაუჯერებელი აღმოჩენა ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარებს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ღვინო აღმოჩენილია უძველესი თიხის ჭურჭლის ნამსხვრევებში. ნამსხვრევები, რომლებშიც ღვინის წვეთებია შემორჩენილი, თბილისთან ახლოს შულავერის გორასთან იქნა აღმოჩენილი. ლაბორატორიული ანალიზის შემდეგ დადასტურდა, რომ ნარჩენები ნამდვილად ღვინის არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სენსაციურ აღმოჩენასთან გვაქვს საქმე – მსოფლიოში ნაპოვნი უძველესი ღვინო, რა თქმა უნდა ღვინის სამშობლოში, საქართველოშია აღმოჩენილი! ქართული ღვინის კულტურა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით არის დაცული!

4. მსოფლიოს უძველესი ოქროს საბადო – 6 000 წლის!

ეს ფაქტი ალბათ არავის აკვირვებს, საქართველო ხომ ოქროს საწმისის ქვეყანაა?! მითიური კოლხეთი ისტორიული რეალობაა და ის ნამდვილად არსებობდა დასავლეთ საქართველოში. ამას უკანასკნელი წლების აღმოჩენებიც მოწმობს. ჩვენს ტერიტორიაზე უნიკალური ოქროს ნაკეთობებია აღმოჩენილი, რაც ქართული ოქრომჭედლობის უძველეს ფესვებზე მეტყველებს!

ვანში აღმოჩენილი უნიკალური ოქროს ნაკეთობები და საყდრისის საბადო პირდაპირ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ უძველეს ცივილიზაციებში, ქართულ ოქრომჭედლობას მოწინავე როლი ეკავა. აღმოჩენილია ასევე ქართული კულტურის პირდაპირი კავშირები ეგვიპტურთან.

5. ქართული მეტალურგია და მჭედლობა 5 000 წლის წინ უკვე არსებობდა!

როდესაც უძველეს მეტალურგიასა და მჭედლობაზე მიდგება საქმე, არქეოლოგები ამ დარგების კერად, წინა აზიასა და ინდოეთს მოიხსენიებენ, სადაც ჩვ.წ.აღ.-დე II-I ათასწლეულებში მეტალის ნაკეთობები უკვე არსებობდა. თუმცა, ბიბლიაში ნახსენებია უძველესი ქართველური ტომები, თუბალები. სწორედ მათ მიერ მოხდა მოგვიანებით მეტალურგიის ხელოვნების ასირიაში, მესოპოტამიასა და საბერძნეთში გატანა. ეს ფაქტი ამირანის მითში ცოცხლდება – სწორედ ქალღმერთ დალის შვილმა ასწავლა ადამიანებს რკინის დამუშავების ტექნიკა, ხოლო ხსენებული გადმოცემა, როგორც ვიცით უძველესი ხალხური თქმულებაა.

ასევე უნდა ითქვას, რომ უკანასნკელ პერიოდში ბორჯომთან ახლოს გაკეთებული კიდევ ერთი უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენის თანახმად, საქართველოში უძველესი თაფლის ნარჩენები იქნა აღმოჩენილი. მისი ასაკი 5 500 წელიწადია და ამით თითქმის 20 საუკუნით ძველია, ვიდრე ნარჩენები, რომლებიც ფარაონ ტუტანხამონის საფლავში იქნა ნაპოვნი! 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

ბრიტანეთში უძველესი რომაული ჯვარცმის ფიზიკური მტკიცებულება აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კაცის ჩონჩხი, რომელსაც ქუსლში ლურსმანი ჰქონდა. მათი თქმით, ეს არის ევროპის ტერიტორიაზე რომაელთა ჯვარცმის პირველი მტკიცებულება, რომელიც დაახლოებით 1 900 წლის წინანდელია.
ჩონჩხი აღმოაჩინეს ვია დევანას მახლობლად, რომელიც რომაულ დასახლებად ითვლება კემბრიჯში. ჩონჩხის ირგვლივ კი 12 ლურსმანი იპოვეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის ჯვარცმისას ძალით მიამაგრეს ხის კონსტრუქციას. არქეოლოგების განცხადებით, ეს ჯვარცმის უტყუარი მტკიცებულება არ არის, მაგრამ ეს მისი ერთადერთი სარწმუნო ახსნაა, რაც მას არქეოლოგიურ მტკიცებულებებში ჯვარცმის მეოთხე მაგალითად აქცევს.
აქამდე არქეოლოგებმა 1968 წელს ჩრდილოეთ იერუსალიმში აღმოაჩინეს ჯვარცმის ლურსმანი, ასევე იტალიასა და ეგვიპტეში ორი ჩონჩხი ქუსლებზე საეჭვო ნახვრეტებით, მაგრამ ლურსმნის პირდაპირი მტკიცებულება არ იყო.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოა

ჩინეთში იპოვეს დოქი, რომელშიც „უკვდავების ელექსირი“ იყო

ჩინეთში, პროვინცია ხენიანში „დასავლეთ ხანის“ დინასტიის (ჩვენს ერამდე 202 წელი) სამარხების გათხრების დროს, მეცნიერებმა იპოვეს 2 ათასი წლის  სპილენძის დოქი, რომელშიც 3,5 ლიტრი სითხე იყო  წერს გამოცემა Cgtn

არქეოლოგები ამბობენ რომ ძველ დროში ამ სითხეს „უკვდავების ელექსირს“ უწოდებდნენ. მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ დოქში სპირტიანი სასმელი იყო, რადგან სითხეს ალკოჰოლის არომატი ჰქონდა.

თუმცა ლაბორატორიული კვლევების შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დოქში არის კალიუმის ნიტრატის და ალუტინის ნარევი. ეს არის მთავარი ინგრედიენტები იმ სითხის, რომელსაც ძველ ჩინეთში „უკვდავების ელექსირს“ ანუ სიცოცხლის გამახანგრძლივებელს უწოდებდნენ.

„უკვდავების ელექსირის“ შესახებ ცნობები გვხვდება დაოსის მანუსკრიპტებში : „ეს მითური წამალი პირველად იპოვეს ჩინეთში. აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს ძველი მეთოდების შესასწავლად, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ცდილობდნენ უკვდავების მიღწევას“ – განაცხადა ქალაქ ლოიანის კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტის არქეოლოგმა ში ცზიაჩჟენმა.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიასაქართველო

ვარციხე – სოფელი იმერეთში, რომელიც უძველეს ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება

     ვარციხე – ასეთ  სოფელს შეხვდებით დასავლეთ საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რომელიც სამი მდინარის – რიონის, ყვირილასა და ხანისწყლის შესაყართან არის გაშენებული. სხვათა შორის, საქართველოში მხოლოდ ამ ადგილას ურთდება ერთმანეთს 2-ზე მეტი მდინარე.

ვახუშტი ბაგრატიონი თავის ნაწარმოებში „აღწერა სამეფოსი საქართველოსი“ ამბობს: „ეს ყოფილ არს ციხე დიდი და დიდშენობა და გადმომდინარეობს წყარო შიგ კეთილი“.  ასე ის ვარციხეს მოიხსენიებს. მეფე ალექსანდრე V-ის დავალებით, 1737 წელს შედგენილი რუკის მინაწერი კი გვაუწყებს: „ვარდის ციხე და სასახლე, ახლად აშენებული მეფის ალექსანდრესაგან“. აქამდე კი ქართული წყაროები თითქმის სრულებით არაფერს გვამცნობენ ვარდციხის ძველი ისტორიის შესახებ.

ძველი ვარდციხის-როდოპოლისის  შესახებ შედარებით ვრცელ ცნობებს ვხვდებით ბერძნულ-ბიზანტიურ წყაროებსა და საისტორიო მწერლობაში. იუსტინიანე კეისრის 535 წლის ნოველის მიხედვით, „არქეოპოლისი და როდოპოლისი უდიდესი და ძველი სიმაგრეებია ლაზეთში“.

IV საუკუნის ცნობილი ბიზანტიელი ისტორიკოსის – პროკოპი კესარიელის – ცნობით, როდოპოლისი (ვარდციხე) ყველაზე შესანიშნავი ქალაქია, მოხირისთან ერთად, ლაზიკაში.

„ბაღდათის ქვეყანა“ ისტორიულ-გეოგრაფიულად ვარციხით იწყება. თავდაპირველად მისი სახელი ვარდციხეა – „ვარდის ციხე“, ამიტომაც უწოდეს მას ძველმა ბერძნებმა, ბერძნული თარგმნით,  „როდოპოლისი“ – ვარდის ქალაქი (ბერძ. „როდონ“- ვარდი, „პოლის“- ქალაქი.). უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის გულში, სამი მდინარის შესაყარში, აღმართულ ქალაქს. აქ გაივლიდა ინდოეთიდან მომავალი „დიდი წყლის გზა“ (სამდინარო გზა) და ჩრდილოეთიდან მომავალი სახმელეთო გზაც. ვარციხე ბუნებრივ სიმაგრეებს მოკლებული იყო. ამიტომ შიშველ დაბლობზე მდებარე ქალაქს ადგილობრივი ქართველობა გამუდმებით ამაგრებდა და აშენებდა.

არქეოლოგიური შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ვარდციხე სწორედ ეგრისის ახალი სამეფოს წარმოქმნა-გაძლიერების შედეგად გაჩენილი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის ციხე-ქალაქია. ქრონოლოგიურად, როგორც ჩანს, ამგვარ ასპექტში უნდა განვიხილოთ წყაროს ის ცნობა, რომელიც მას არქეოპოლისთან ერთად ძველ სიმაგრედ მოიხსენიებს. კარგად დათარიღებული მასალების მიხედვით, ციხე-ქალაქის დაარსება. ახ.წ. IV საუკუნის მეორე ნახევრიდან უნდა ვივარაუდოთ.

ვარდციხის ისტორიის ადრეულ ეტაპზე საქმე უნდა გვქონდეს შედარებით სუსტად გამაგრებულ ციხე-ქალაქთან, რომლის დაარსებისა და არსებობის საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური სასოფლო-სამეურნეო რაიონი. ყოველი შემთხვევისათვის VII საუკუნის ისტორიკოსი თითქოს ასახელებს ამგვარ სოფლურ დასახლებას, რაც ნ. ბერძენიშვილის აზრით უაღრესად მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობას წარმოადგენენ.  უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ხანის სამოსახლოები განლაგებული იქნებოდა მდ. ხანისწყლის, ყვირილასა და რიონის სანაპირო ვაკე ზოლშიც. სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ნაყოფიერ მონაკვეთში.

თვით თანამედროვე სოფელი ვარციხე ამ საუკუნის 20-იან წლებამდე განლაგებული იყო მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე, ვაკეზე. აქ იყო სოფელი მთელი თავისი მეურნეობითა და სავარგულებით, აგრეთვე გაზით, რომელიც დასავლეთით ვანის ქვეყნის მიმართულებით მიემართებოდა. მდ. რიონის ადიდებამ და კალაპოტის შეცვლამ სოფელი აყარა და მდინარის პირველ ტერასაზე, ანტიკური ხანის დასახლებათა მონაკვეთზე გადმოასახლა. ხოლო ამ ახალი სოფლის კვალი, მდ. რიონის წამლეკავი ბუნების გამო, თითქმის სრულად არ შემორჩენილა. ეს ფაქტი ართულებს ვარდციხის, როგორც ისტორიული ძეგლის სრულფასოვან აღქმას. მაინც ცხადია, რომ ციხე-ქალაქი, რომელიც პირმშოა დასავლეთ ქართული ახალი „ქვეყნის“- ეგრისის სამეფოსი წარმოიშვა და განვითარდა იმ სასოფლო-სამეურნეო დასახლებათა ბაზაზე, რომელთა ეკონომიკური დაწინაურება განპირობებული იქნებოდა ქვეყნის ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ერთიანობით. ამ გაერთიანების ჰეგემონი კი ეგრისის სამეფო იყო.

ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ გვიანდელ ბიზანტიელ მწერალთან პროკოპი კესარიელთან რამდენჯერმე იხსენიება ლაზეთის ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული და უხვმოსავლიანი ოლქი მოხერისის მხარე.(ტერიტორია ცხენისწყალსა და რიონს შორის), მაშინ ჩვენ გვაქვს ერთი საბუთი იმისა, რომ ლაზეთის შემდეგში დაწინაურებული ქალაქები, უკვე II საუკუნეში აღმოცენებულან და დაუწყიათ განვითარება. ამ მხრივ, საინტერესოა, რომ ლაზეთის მეორე ასევე მნიშვნელოვანი ქალაქი როდოპოლისი (აწინდელი ვარციხე) უკვე III საუკუნეში ყოფილა შემოვლებული ციხე-გალავნით, როგორც ეს სააღმშენებლო ხერხების ანალიზიდან ჩანს.

განსაკუთრებით ცხოველდება ვაჭრობა აღმოსავლეთის ქვეყნებსა და რომს შორის, რაც კარგად შეიმჩნევა ოქტავიანე ავგუსტუსის ხანიდან.

IV-V საუკუნეებში ლაზეთის სამეფოს განსაკუთრებული გაძლიერების ხანაში, ეს პუნქტები მსხვილი საქალაქო ცენტრებია და ეგრისის სამეფო ხელისუფლება საგანგებოდ ზრუნავს მათ გამაგრებაზე.

სამი მდინარის ხერთვისში მდებარე როდოპოლისი თავისებურ საკვანძო პუნქტს წარმოადგენდა ამ მდინარეთა ხეობებით მომავალი გზებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ ხანისწყალს მოჰყვებოდა გზა, რომელიც ზეკარის უღელტეხილით სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გადადიოდა და კასტორიუსის რუკის მიხედვით, დასავლეთ საქართველოს სომხეთთან აკავშირებდა. მაშასადამე, როდოპოლისი მდებარეობდა სწორედ იმ ადგილას, სადაც სამხრეთიდან მომავალი ეს გზა რიონის აუზში შემოდიოდა. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ სწორედ როდოპოლისი იგულისხმება რუკაზე სებასტოპოლის-არტაშატის დამაკავშირებელი გზის ერთ-ერთი სადგურის – Ad fontem telicem-ის- სახელში.

ასეთ ვითარებაში გასაგებია ის დიდი როლი, რომელსაც ამ ქალაქს ანიჭებდნენ VI საუკუნეში ირან-ბიზანტიის ომების დროს მებრძოლი მხარეები.

როდოპოლისს პირველად VI საუკუნის ძეგლები იხსენიებენ. პროკოპი კესარიელის სიტყვით როდოპოლისი და მოხირისი „ყველაზე შესანიშნავი ქალაქები არიან. ის დაბლობში მდებარეობს, კარგად გამაგრებული და მდიდარიც. ამიტომ, როდესაც მისი შენარჩუნების იმედი აღარ აქვთ ლაზებს, ისინი მას მიწასთან ასწორებენ“, რომ ირანელებმა არ ისარგებლონ იმით. მისი დაკარგვის შემდეგ ლაზ-ბიზანტიელები ელოდებიან მოხერხებულ შემთხვევას, რომ კვლავ უკან დაიბრუნონ და აი როდესაც 555 წელს ბიზანტიელებმა ფოთის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ირანელები, რომელტაც ისევ დაიხიეს თავისი ძველი საზღვრებისაკენ მუხირისსა და ქუთაისში, ბიზანტიელმა სარდალმა იუსტინემ 2000 ცხენოსანი გაგზავნა ნესოსიდან და უკან დაიბრუნა როდოპოლისი.³

აგათია სქოლასტიკოსი მოგვითხრობს სწორედ როდოპოლისის აღებას ბიზანტიელთა მიერ: „იუსტინიანემ როდოპოლისში გაგზავნა, თავისი რაზმის უფროსი, წარმოშობით ჰუნი ელმინზური. როდოპოლისი იმ დროს სპარსელების ხელში იყო. კარგა ხნის წინ მერმეროეს აეღო ის სპარსელები ჩაეყენებინა შიგ. იქ მისულ ელმინზურს, ბედმა ძალიან შეუწყო ხელი, მეციხოვნენი რაღაც შემთხვევით, ქალაქის გარეთ დაეხეტებოდნენ, ზოგი სად, ზოგი სად. ამიტომ ელმინზური დაუბრკოლებლად შევიდა ქალაქში, დაიპყრო ის და ვინც კი სპარსული რაზმებიდან შეხვდებოდა ჟლეტდა, ხოლო ადგილობრივებს ნება მისცა კვლავ საკუთარ სამშობლოში ეცხოვრათ, რადგან იცოდა, რომ ისინი სპარსელებს მიემხრნენ არა თავისი მოღალატეობით, არამედ საგარეო საფრთხის გამო. ყველაფერი მოაწესრიგა და ასე დაუბრუნა როდოპოლისი კვლავ თავის წინანდელ მდგომარეობას: დაექვემდებარა მშობლიურ კანონებს და დაემორჩილა რომაელთა მეფეს..

გარდა ამისა, როდოპოლისი იმთავითვე ერთი იმ ოთხი საეპისკოპოსო ცენტრთაგანია, რომელიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებულ ეპარქიათა შორის. ეკთეზისებში იხსენიება ლაზეთის ეპარქია, რომლის მიტროპოლიტს ლაზეთში ჰქონია ეპარქია.

სად უნდა ვეძებოთ როდოპოლისი? –    ცხადია, სოფლის სახელი ვარციხე ციხეს უკავშირდება, მაგრამ მისი პირველი ნაწილი არა ზმნა „ვარ“, როგორც დღეს გვეჩვენება (მე ვარ ციხე) არამედ იგი მიღებულია „ვარდ“ სიტყვისაგან, ე.ი. ვარციხე შემოკლებული ფორმაა „ვარდ-ციხისა“.რომელიც სოფელს მისი სილამაზის გამო უწოდეს .

სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ ქალაქის ბერძნული სახელწოდება მივიჩნიოთ ერთ-ერთი ადგილობრივი სახელწოდების თარგმნად: ბერძენ-სპარსელთა პრაქტიკაში ადგილობრივ გეოგრაფიულ სახელწოდებათა თარგმნა იშვიათი მოვლენა არაა. როდოპოლისი კი ქართულად ნიშნავს „ვარდის ქალაქს“ ან „ვარდის ციხეს“ და ალბათ ამ ქართული სახელწოდების შესატყვისი ერთ-ერთი ლაზური სიტყვით იყო აღნიშნული ამ ქალაქის ადგილობრივი სახელი. აკადემიკოსი ბროსე შესაძლებლად თვლის როდოპოლისს უდრიდეს იმერეთის ერთ-ერთი შემდეგი ადგილი: ვარდციხე (ვარციხე, ვარდისციხე) ხანისწყლის შესართავთან. ამ საკითხის კვლევისას ყურადღება მახვილდება ორ პუნქტზე: ვარდციხეზე და ვარდი გორაზე, უშუალოდ „ვარდზე“ მითითების გამო, მაგრამ ვარდიგორა მდებარეობს სკანდეს აღმოსავლეთით.

ხოლო როდესაც ბიზანტიელი ისტორიკოსი ლაპარაკობს, რომ „როდოპოლისი ყველაზე უწინარეს ხვდებოდა გზაზე იბერიიდან კოლხიდაში შემოსულთ“. ის გულისხმობდა იმ ვითარებას, როდესაც იბერიიდან კოლხეთში შემოსულებს აუღია სკანდე და შორაპანი. ასე, რომ როდოპოლისი ამ ხაზის დასავლეთით არის საძებარი, ამიტომ მთავარი ყურადღება ექცევა ვარდციხეს.საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როდოპოლისი იგივე ვარდციხეა.

ვარციხის ტერიტორიაზე 1968 წლიდან იწყება დაზვერვითი სამუშაოები. 1972 წლიდან კი მიმდინარეობს ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები. გამოვლინდა IV-V სს კოშკებიანი გალავნით გარშემორტყმული ციხე-ქალაქის კომპლექსის დიდი ნაწილი. თვით კომპლექსი, მისი მშენებლობა ხელოსნობის შესაბამისი დარგების განვითარებას გულისხმობს: ქვისმთლელები, კალატოზები, დამხმარე სპეციალისტები. სამშენე ბლო ხერხების ცოდნით იმდროინდელ სამყაროს ცოდნას არ ჩამორჩებიან.

ქვეყნის ახალი აღმავლობა ხელოსნობის სხვა დარგების, კერძოდ, მეთუნეობის სწრაფ განვითარებაშიც გამოიხატა. კერამიკული წარმოების ახალი აღმავლობა ეგრისში ახ.წ. IV-V საუკუნეებიდან შეინიშნება. ადგილობრივ წარმოებას უკავშირდება ის მრავალრიცხოვანი სასუფრე, სამეურნეო თუ სამზარეულო დანიშნულების ჭურჭელი, რომელიც ვარდციხეში ძირითადად  IV-VI საუკუნით დათარიღებული კულტურული ფენის შესწავლისას გამოვლინდა. ეგრისში სამეთუნეო დარგის დიდ დაწინაურებაზე, ადგილობრივი ტარის წარმოება მიუთითებს. საყოველტაოდ გავრცელებული წელშეზნექილი ამფორები, ადგილობრივ ნაწარმს წარმოადგენს.უნდა აღინიშნოს, რომ IV-VI სს. ეგრისში საქმე გვაქვს კერამიკული ნაწარმის ფორმების აშკარა სტანდარტიზაციასთან.

ხელოსნობის სხვა დარგებზე მსჯელობისთვის არ არსებობს პირდაპირი მასალები. მინის წარმოების შესაძლებლობაზე მიუთითებს მინის ზოდების პოვნის ფაქტი.

რკინის დამმუშავებელი ხელოსნების სასარგებლოდ აქ ნაპოვნი ზოდები ლაპარაკობს, მაგრამ მთელი მონაპოვარი სრულიად უეჭვოდ, ჯერჯერობით მხოლოდ  IX ს. მომდევნო ხანის მასალების შემცველ დონეზე იყო ნაპოვნი.

ვარდციხის განათხარი მასალა გარკვეულ ინფორმაციას იძლევა მეურნეობის რიგი დარგის შესახებ. პირველ რიგში ეს მევენახეობას შეეხება. ქვეყნის საერთო ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი საფუძველი, როგორც ჩანს მევენახეობის განვითარება იყო, რამაც თავის მხრივ დააჩქარა მეთუნეობის განვითარება.

მესაქონლეობის განვითარებაზე, სადღვებლისა და კვირისტავების გარდა, მიუთითებს მრავალრიცხოვანი ოსტეოლოგიური მასალა.

არქეოლოგიური მასალები (ბადის საწიფები, თევზის ძვლები) მიუთითებენ ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაში მეთევზეობის გარკვეულ ხვედრით წონაზე. ეს ტრადიცია, როგორც შემდგომი მასალებით ირკვევა, დიდხანს არ მოშლილა და დღემდე გრძელდება.

ახალი სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობა გულისხმობდა ძირითადად ძველი სავარჭო გზების გამოცოცხლებას. პირველ რიგში ასეთად ცნობილი ფაზის-რიონის მსოფლიო მნიშვნელობის მაგისტრალიწარმოგვიდგება. ფაზის-რიონის არტერია წარმოადგენს ძირითად გამტარებს იმ არქეოლოგიურ იმპორტულ მასალისა, რომელიც ციხე-ქალაქის არქეოლოგიური შესწავლის გზით იყო მოპოვებული. ამ გზით ხვდება იმპორტული წითელლაკიანი კერამიკა ქუთაისის „ქვეყნის“ მონაკვეთშიც.

მეორე მნიშვნელოვან მაგისტრალს წარმოადგენდა გზა არტაშიდან სებასტოპოლისამდე. ამ გზის შესახებ ინფორმაციას ვიღებთ რავენელი ანონიმის მიხედვით.

ქართული წყაროების მიხედვით ზეკარის უღელტეხილზე გარდამავალი გზა მნიშვნელობას არ კარგავს მომდევნო ხანაშიც. ეს არის აღნიშნული წყაროებით ასე ცნობილი გზა „რკინის ჯვრისა“.  ამ გზის მეშვეობით მყარდებოდა კავშირი არა მარტო სამხრეთ საქართველოს პროვინციებთან (ოძრხე და ა.შ.), არამედ თვით აღმოსავლეთ საქართველოსთანაც, ქართლთანაც. ეს გზა, რომელიც ხანისწყალს მიუყვებოდა ფონად, ალბათ, ვარდციხესთან არსებულ მონაკვეთს გულისხმობდა.

ამდენად, ვარდციხე მთელი ქვეყნის ანუ სამეფო ციხეა. იგი, საფიქრებელია კონტროლს უწევდა და აძლიერებდა ეგრისის სამეფოსადმი ხანისწყლის ხეობის და საერთოდ, სამხრეთ მთიანეთის დამოკიდებულება, პოლიტიკურსა თუ ეკონომიკურს.

ადრეული შუასაუკუნეების ვარდციხე, როგორც უკვე აღვნიშნეთ საეკლესიო ცენტრიც იყო. ქრონოლოგიურად ეს პერიოდი VII-X საუკუნეებით განისაზღვრება, მაგრამ შესაბამისი ხანის ქრისტიანული ტაძარი, საეპისკოპოსო ცენტრი, ვარდციხეში ჯერ არ გამოვლენილა. იგი, უფრო სწორად მისი საძირკვლები, ალბათ რიყის ქვისა, თანამედროვე სასაფლაომ გააანადგურა. სამწუხაროდ ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე შესაბამისი ხანის სხვა მასალები სუსტადაა გამოვლენილი. რაც გვაფიქრებინებს, რომ ახის ციხე-ქალაქში,  რომლის ზღუდისა და კოშკების დიდი ნაწილი ალბათ დანგრეულია, ცხოვრების მაჯისცემა შენელებულია.

ახალი დროის(X-XI სს) ვარდციხე, ისევ ინტენსიური ცხოვრებით ცხოვრობს. არქეოლოგიური მონაპოვარი ახალი სავაჭრო-ეკონომიკური ურტიერთობების მაჩვენებელია, რაც მის ეკონომიკურ აღმავლობასაც მიუთითებს.ამ დროს შესაძლოა უპირატესი მნიშვნელობა მოეპოვებინა ე.წ. რკინის ჯვრის გზას, რომელიც სამცხეში, ხოლო აქედან აღმოსავლეთ საქართველოში და ალბათ სომხეთშიც გადადიოდა.

ვარდციხის ახალი აღმავლობა ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის თანადროულია და გამომხატველი. ცნობიალია, რომ დასავლეთ საქართველოს სოციალ-ეკონომიკური ამ აღმავლობის გამოხატულება იყო ახალი სამეფოს-ეგრისის-აფხაზეთის- წარმოშობა და განვითარება. განვითარებული ფეოდალური ხანის იმ მონაკვეთზე, როცა ასპარეზზე გამოდის გეგუთის ცნობილი ციხე-დარბაზი, ვარდციხე კვლავ შემცირებულია. ძეგლზე არ გამოიყოფა ამ ხანის კულტურული ფენები.

ერთგვარი გამოცოცხლება ვარდციხეში იგრძნობა ახ.წ. XIV-XV საუკუნეებში, თითქოს ამ ხანით თარიღდება ძირითადად ციტადელის მონაკვეთში ნაპოვნი ორიოდე ფრაგმენტი მოჭიქული ჭურჭლებისა, წერილობითი წყაროებისა და სხვა მასალების მიხედვით, ვარდციხე, უკვე მხოლოდ აღუდგენიათ იმერეთის უკანასკნელ მეფეებს. ჯერ ალექსანდრე V-ს აუგია იგი და ხელახლა სასახლეც გაუმართავს, ხოლო შემდეგ ყველაფერი ეს განადგურებულა ზოგი შინაური, ზოგი გარეშე მტრის მიერ, ვიდრე სოლომონ II-მ  კვლავ არ მოაწყო აქ თავისი სამოსახლო, რომლის ნაშთებიღა, ბუხრების სახით, შემორჩენილა დღემდე.

ვარციხე მრავალი მტრის შემოსევას მოსწრებია, მრავალს გმირულად დახვედრია , მრავალჯერ კიდეც იავარქმნილა, მრავალჯერ ისევ აღდგენილა და აღზევებულა, უნახავს სპარსნი, თურქნი, ბიზანტიელნი. საკუთარ კედელთა შორის მოუხილავს ყველაზე საზარელი კაცთაკვლა: ფეოდალური დროის სისხლისღვრა ძმათაშორისი.

აქ ვარციხეში ანადიმა მეფე სოლომონ პირველმა რაჭის ურჩი ერისთავი, როსტომი, აქედან გეგუთში გაიყვანა და სასტიკად დასაჯა.

1804 წლის გაზაფხულზე კავკასიის მთავარმართებლის, ციციანოვისაგან წარგზავნილმა ჯარებმა, იმერეთის საზღვრები გადმოლახეს და მალე ქუთაისშიც შემოვიდნენ.

სოლომონ II-მ ქუთაისი მიატოვა და ვარციხეში  გადავიდა. მეფე იძულებული გახდა, დრომდე მაინც ხელი მოეწერა რუს-ხელმწიფის (ალექსანდრე I-ის) ერთგულებაზე. მაგრამ ამის შემდგომ ვარციხეში მყოფი მეფე კიდევ ექვსი წელი თავგამოდებით იბრძოდა ქართული ტახტ-გვირგვინის გადასარჩენად. 1809 წელს ტორმასოვმა ქართველ მეფეს პეტერბურგში ელჩების გაგზავნა და თავად კი ქუთაისში დაბრრუნება მოსთხოვა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. 1810 წლის 10 თებერვალს ქუთაიშში მდგარმა რუსულმა მმართველობამ სოლომონ მეორე ტახტიდან გადაგდებულად გამოაცხადა და ვარციხისაკენ ჯარებიც დასძრა. ვარციხის კედლებმა და ქონგურებმა კიდევ ერთხელ იხილეს დიდი სისხლისღვრა. სოლომონმა მცირე ძალებით ვეღარ გაუძლო რუსთა და თანამოძმეთა ძლიერ იერიშს, სოლომონი დამარცხდა და თურქეთში გადაიხვეწა. მაგრამ ვარციხე დარჩა ისტორიაში. ქართული სამეფო ტახტის უკანასკნელი ალაგი.

საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. სამეურნეო განვითარება მე-19 საუკუნეში კაპიტალისტური გზით წარიმართა. ახალი ურთიერთობების წარმატება იგრძნობოდა ყველა სფეროში- მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობასა და საქალაქო ცხოვრებაში. 60-იანი წლების შემდეგ საქართველოში უკვე ჩნდება წვრილი კაპიტალისტური მანუფაქტურული და ფაბრიკა-ქარხნული დამამუშავებელი საწარმო.

ივ. ანანოვმა სწორედ ამ დროისთვის შეისყიდა მამული, რომელიც 5000 დესეტინა მუხის და 3000 დესეტინა სახნავ მიწას შეადგენდა, აჯამეთის ტყე თავისი სახნავი მიწებით, ადრე კი ეს მიწები საუფლისწულო მამულებად ითვლებოდა.

მიხრან ივანეს ძე ანანოვი ღვინის წარმოებას მისდევდა და მიღებული შემოსავლით ზვრებს აფართოებდა. XIX საუკუნის ბოლო ათწლეულში ანანოვმა საფრანგეთიდან კონიაკის სახდელი შარანტის აპარატი ჩამოიტანა და ვარციხის ახლოს აფხანაურში დაამონტაჟა.

1907 წლიდან ანანოვმა ღვინის ქარხანა აამოქმედა. საქართველოში პირველად ვარციხის ქარხანაში დამზადდა სამარკო ღვინო „ცოლიკაური“, იქაური ღვინის მასალისაგან გამოხდილი სპირტების ბაზაზე კონიაკის ცნობილმა სპეციალისტმა ვახტანგ ციციშვილმა საუცხოო კონიაკი „ვარციხე“  შექმნა.

1921 წლის მარტში სოფელ ვარციხეში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ. შეიქმნა სასოფლო საბჭო. ამუშავდა კოლმეურნეობა და სოფლის მოსახლეობა ნებით თუ ძალით ეგუებოდნენ ახალ ცხოვრებას.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ანანოვები ავსტრიაში გადასახლდნენ. მათი დიდებული სასახლე ჯერ საბავშვო ბაღად , შემდეგ კი სასტუმროდ გადაკეთდა. მეურნეობა და ღვინის ქარხანა, რომელსაც არასოდეს შეუწყვეტია ფუნქციონირება „სამტრესტში“ გაერთიანდა. საბჭოთა პერიოდშივე აშენდა ვარციხეჰესის კაშხალი და შეიქმნა ვარციხის წყალსაცავი. მაგრამ მას შემდეგ, რაც კომუნიზმის აშენების ილუზია დაინგრა, საბჭოთა კავშირთან ერთად სოფლის ბაზაზე არსებული მიწა-წყალი და შენობა-ნაგებობები კერძო საკუთრებაში გადაეცათ მის მცხოვრებთ.

ძველად ვარდციხე დღეს ვარციხედ მოხსენიებული იმერეთის პატარა სოფელი აქტიურად აგრძელებს ცხოვრებას. ის ოთხი დასახლებული პუნქტისაგან შედგება. ძირითადად მჭიდროდ დასახლებული ნაწილი სოფლის შუაგულს წარმოადგენს.სოფელს ესაზღვრება ღვინის ქარხნისა და აფხანაურის დასახლება, ხოლო სოფლის ბოლოში მცხოვრებ 110-კომლიან დასახლებას მახათაძეების უბანს ეძახიან.

ვარციხელთა მეტყველებაში ხშირად გამოიყენებოდა დიალექტი „აფხანიკი“(ამხანაგი)- ამ სიტყვიდან შეიქმნა ტოპონიმი „აფხანაური“- დასახლება, რომელიც ამხანაგობას ნიშნავს და სოფლის ერთ-ერთი ნაწილია.

სოფელში რამდენიმე ოჯახის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროს ტრადიციულად მეთუნეობა წარმოადგენს, ისინი ამზადებენ კეცებს, რომლის რეალიზაციასაც ადგილზევე ახდენენ. ვანი-ქუთაისის საავტომობილო გზის პირას გამოიტანენ და გამვლელებზე ყიდიან. დღემდე არ დაუკარგავს აქტუალურობა სოფელში მეთევზეობას, რომელიც ალბათ სოფლის გეოგრაფიული მდებარეობითაა განპირობებული. ვენახების დიდი ნაწილი გაიჩეხა, მოსახლეობა ძირითადად მესიმინდეობა, მევენახეობას ეწევა. ბოლო დროს იმძლავრა სასათბურე მეურნეობამ. მესაქონლეობაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა.

ღვინის ქარხანა აღარ ფუნქციონირებს, არც არც ანანოვების სასახლე და ეზო კი ახალგაზრდულ ბანაკს მასპინძლობს ზაფხულობით.

სოფელ ვარციხეში ფუნქციონირებდა ეკლესია ჯერ კიდევ ძველ დროში, რომელიც ციხის გალავნის შიგნით იყო აგებული. ციხესთან ერთად ისიც დანგრეულა. მაგრამ  XVIII საუკუნეში კვლავ განახლებულა, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ყოფილა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესიას დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. 1923 წელს კი დახურეს და 1996 წლამდე ეკლესია ინგრეოდა და ნადგურდებოდა. მხოლოდ ნანგრევებიღა მეტყველებდა მის არსებობას. დანგრეული და მიწასთან იყო გასწორებული

ეკლესიის აღმოსავლეთ მხარესთან ასი მეტრით დაცილებული წმ. ბარბარეს სახელობის ოთხკუთხა ტაძარი.

გასული საუკუნის 90-იან წლებში სოფლის მოსახლეობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „ტაძარი ღვთისა“ უნდა აღდგენილიყო. სოფელში გამოჩნდა ქალბატონი  – ნათელა ბაქრაძე, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამ საქმეს და 1997 წლის 14 იანვარს ზარი დაირეკა ვარციხის „ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში“, რომელიც სოფლის მკვიდრთ ახალი ცხოვრების დაწყებას აუწყებდა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნ.ბერძენიშვილი — საქართველოს ისტორიული საკითხი VIII
  2. ნ. ლომოური — ეგრისის სამეფოს ისტორია.
  3. გეორგიკა –II ტ.
  4. გეორგიკა– III ტ. ს. ყაუხჩიშვილი
  5. ვ. ჯაფარიძე — ვარდციხე- ეგრისის სამეფო ქალაქი. გვ. 131
  6. ი. ჯავახიშვილი–ქართველი ერის ისტორია IIტ.
  7. ი.გოგიბერძე — ვარციხე.

სტატიის ავტორი : ნათია მსხილაძე – ისტორიის მასწავლებელი 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
არქეოლოგია

უნიკალური აღმოჩენა საქართველოში – დმანისში არქეოლოგებმა 1.8 მლნ წლით დათარიღებულ ფენებში ადამიანის კბილი აღმოაჩინეს

დმანისში არქეოლოგებმა 1.8 მლნ წლით დათარიღებული ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების მიერ დამზადებული ქვის იარაღები აღმოაჩინეს. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, არქეოლოგიურ სამუშაოები მერიის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

ოროზმანის აღმოჩენის პრეზენტაცია დღეს სოფელ ქვემო ოროზმანში გაიმართა. მოხდა ძეგლის დათვალიერება და აღმოჩენილი კბილის წარდგენა პრესისა და ფართო საზოგადოებისთვის.

ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები. ადგილზე ჰომო ერექტუსების მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებული ცხოველთა ნაშთები იქნა აღმოჩენილი.

2022 წლის არქეოლოგიური კამპანიის დროს ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მეოთხე პრემოლარი აღმოაჩინა. ოროზმანის აღმოჩენა მსოფიო მნიშვნელობისაა და აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული (Homo)-ს უძველესი გავრცელების კერას წარმოადგენს.

ღონისძიებას, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი მოადგილესთან კახა პეტრიაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ესწრებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

კანადაში 30 000 წლის წინ „მუმიფიცირებული“ მამონტი აღმოაჩინეს -BBC

ჩრდილო-დასავლეთ კანადის მუდმივ ყინულოვან ნაწილში “მუმიფიცირებული” მამონტი იპოვეს – ამის შესახევსაერთაშორისო მედია BBC წერს და აღნიშნავს, რომ ეს პირველი მსგავსი აღმოჩენაა ჩრდილოეთ ამერიკაში.

ყინულის ხანის მუმიფიცირებული მამონტი 30 000 წელზე მეტი ხნისაა. ის ოქროს მაღაროელებმა იუკონის კლონდაიკის რეგიონში სამშაბათს იპოვეს.  გეოლოგები ამბობენ, რომ ნუნ გო ჩა დიდი გამყინვარების ეპოქაში გაიყინა

იუკონის მთავრობამ ის შეადარა რუსეთის მიერ 2007 წელს მიკვლეულ ციმბირის მუდმივყინვაგამძლე მამონტს. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის “ყველაზე სრულყოფილი მუმიფიცირებული მამონტი, რომელიც ნაპოვნია ჩრდილოეთ ამერიკაში” და მსოფლიოში მხოლოდ ორი ასეთი აღმოჩენაა.

მამონტს, რომელიც მდედრობითი სქესისაა, დაარქვეს Nun cho ga, რაც ნიშნავს “დიდი ბავშვი ცხოველი” იმ  ენაზე, რომელზეც ლაპარაკობდნენ ადგილობრივი ამერიკელები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 17
Page 4 of 17