close
ისტორიასაქართველო

ორსული გოგონა და 16 წლის მოზარდები – 9 აპრილის პატარა გმირები

9 აპრილის ტრაგედია ერთ-ერთი ისეთი თარიღია საქართველოს ისტორიიდან, რომელიც არასდროს არ უნდა დაავიწყდეს ქართველ ხალხს, არც ერთ თაობას. იმ დღემ ბევრი ტკივილი, ბევრი საფიქრალი და დიდი გმირობის მაგალითი დაუტოვა შთამომავლობას. 
ამ გმირების სახელები და გვარები ბევრს დღემდე ახსოვს: აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულიშვილი, ვენერა მეტრეველი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, შალვა ქვასროლიაშვილი, მარინა ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მზია ჯინჭარაძე, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე…

დაღუპულთა შორის იყო სამი პატარა გოგონა და ერთი ფეხმძიმე. ამ ერთი შეხედვით სუსტმა და დაუცველმა ადამიანებმა არაჩვეულებრივი თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი მისცეს თანამედროვეებს…

ეკა ბეჟანიშვილი
16 წლისა, კომაროვის სკოლის X კლასის მოსწავლე.
– წინა დღეებში მითხრა: – ბებო, ფოთოლცვენა მესიზმრა, და მე ამ ფოთლების წვიმაში დავდიოდი, ეს რაღას ნიშნავსო?
– არ ვიცი-მეთქი, – ვეუბნებოდი… ვაითუ, ესეც სიკვდილს ნიშნავდა…
ბებია – ქ. ბეჟანიშვილი.

ნათია ბაშალეიშვილი
16 წლისა. 51-ე საშუალო სკოლის მოსწავლე.
სკოლაში მასწავლებელს თემა მიუცია დასაწერად სათაურით: „ვის მივულოცავდი სახელსა და დიდებას?“ – მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასო, – დაუწერია.
დედა – მ. ბაშალეიშვილი.

თამუნა ჭოველიძე
16 წლისა, 51-ე საშუალო სკოლის მოსწავლე.
აპრილში, ისევე როგორც ნოემბერში,

თამუნას არ გაუცდენია მიტინგის არც ერთი დღე. სულ მოშიმშილეებთან იყო – მიჰქონდა წყალი და თბილი ტანსაცმელი…
დედა – ლია ჭოველიძე.

ელისო ჭიპაშვილი
25 წლისა, თბილისიდან. რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარი, 6 თვის ორსული
საოცრად მორწმუნე გოგონა იყო ელისო, ვაჟკაცური ბუნების.
ერთმა კაცმა ჩამომიტანა ამბავი ფასანაურში: იმ ღამით ვიღაც ბავშვისთვის დაურტყამთ სალდათებს და იმ ბავშვს გადაფარებია ელისო. ახლა ელისოს რომ მოუტრიალდა სალდათი, შეუძახნია: – რას შვრები, მე ფეხმძიმედ ვარო! იმას კიდევ უფრო გამეტებით დაურტყამს: – „ეშჩო ლუჩშეო!“
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება:
fb-share-icon0