close

არქეოლოგია

არქეოლოგია

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დედოფალ ნეფერტიტის სამარხი აღმოაჩინეს

ეგვიპტის სიძველეთა ყოფილი მინისტრის, მამდუჰ ელ-დამატის ხელმძღვანელობით მომუშავე არქეოლოგთა ჯგუფმა იპოვა ახალი მტკიცებულებები იმისა, რომ ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის კედლების მიღმა ფარული ოთახები არსებობს. სამეცნიერო ჟურნალში Nature გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, იქ შესაძლოა დედოფალ ნეფერტიტის სამარხი იმყოფებოდეს.

3400 წლის წინანდელი აკლდამის გარშემო ტერიტორიის გასაანალიზებლად პირველად გამოიყენეს გრავიმეტრული გადაღება, რომელიც გრუნტის სიმკვრივეში არსებულ განსხვავებებს ავლენს.„მონაცემები ერთობლივად დამაჯერებლად მიუთითებს სულ მცირე ერთი დამატებითი საცავი-ოთახის არსებობაზე“, – აღნიშნულია მკვლევართა ანგარიშში.

ჯგუფმა კვლევის შედეგები ეგვიპტის სიძველეთა უმაღლეს საბჭოს გადასცა. თუ უწყება ნებართვას გასცემს, მეცნიერები ტერიტორიას კამერებით აღჭურვილი აპარატების მეშვეობით დამატებით შეისწავლიან.

არქეოლოგების თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფარული ოთახი ნეფერტიტის აკლდამა არ აღმოჩნდება, მისი აღმოჩენა მეცნიერებისთვის მაინც უდიდესი მნიშვნელობის იქნება. ეს ასევე დაეხმარება სპეციალისტებს ამარნას პერიოდის სამეფო ოჯახისა და ფარაონ ეხნატონის უახლოესი გარემოცვის შესწავლაში.

ნეფერტიტი ეხნატონის „მთავარი მეუღლე“ იყო. დედოფალი ფართოდ არის ცნობილი 1912 წელს ნაპოვნი ბიუსტით, რომლის ავტორიც მოქანდაკე თუთმოსი ითვლება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

​ტროაში 2800 წლის აგორა აღმოაჩინეს, რაც იმის ნიშანია, რომ ომის შემდეგ ქალაქში არ დაცარიელებულა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ხისარლიქის ბორცვზე მდებარე ანტიკური ქალაქი ტროა მეცნიერების გაოცებას განაგრძობს. ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და ჩანაქალეს უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ქალაქის ყველაზე ადრეული აგორას ნაშთები გამოავლინა, რომლის ასაკიც დაახლოებით 2 800 წელია.

აქამდე მიჩნეული იყო, რომ ტროას დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 1184 წ.) ქალაქი საუკუნეების განმავლობაში სრულიად მიტოვებული იყო, სანამ ძვ. წ. VIII საუკუნეში იქ ეოლიელი ბერძნები არ დასახლდნენ და მას „ილიონი“ არ უწოდეს. თუმცა, ახალმა აღმოჩენამ – აგორამ, სამხრეთ ჭიშკრისკენ მიმავალმა მოკირწყლულმა გზამ და რკინის ხანის კერამიკამ ეს ჰიპოთეზა უარყო. გათხრების ხელმძღვანელის მოადგილის, რეიჰან ქორფეს განმარტებით, ახალი მოსახლეები ტროას დაცემიდან სულ რაღაც 80-90 წელიწადში გამოჩნდნენ და სახლების ასაშენებლად ქალაქის ძველი გალავანი გამოიყენეს.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შემავალი ქალაქის ხელახალი აღმოჩენის ისტორია XIX საუკუნეში იწყება. 1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა, ჰომეროსის „ილიადასა“ და „ოდისეაზე“ დაყრდნობით, პირველი გათხრები დაიწყო და ტროას ქრონოლოგია 9 ძირითად ფაზად დაყო (ტროა I-დან ტროა IX-მდე).

ახლად შესწავლილი ტერიტორია მიეკუთვნება ტროა VI-ის პერიოდს (ძვ. წ. 1700–1300 წწ.), რომელიც ლეგენდარულ ომამდე ქალაქის უმაღლესი აღმავლობისა და ყვავილობის ხანად ითვლება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკულტურა

სიცილიასთან ასობით ამფორით დატვირთული რომაული გემი აღმოაჩინეს

იტალიელმა კარაბინერებმა და სიცილიის საზღვაო კულტურული მემკვიდრეობის სამმართველომ რომის პერიოდის ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რომელზეც ასობით ამფორაა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კარაბინერთა ქვედანაყოფის პრესრელიზის თანახმად, ხომალდი ​ მაძარა-დელ-ვალოს სანაპიროდან დაახლოებით სამ საზღვაო მილში, 46 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. მკვლევრებმა მიგნებული ობიექტი წინასწარ ჩვენი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებს მიაკუთვნეს.

აღმოჩენის გაკეთება ადგილობრივი მცხოვრებლების შეტყობინებების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამის შემდეგ სპეციალისტებმა წყალქვეშა კვლევები ჩაატარეს და ჩაძირული გემისა და მისი ტვირთის არსებობა დაადასტურეს.

სიცილიის საზღვაო კულტურული მემკვიდრეობის სამმართველო ხომალდის ნაშთების დოკუმენტირებასა და შესწავლას განაგრძობს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აღმოჩენის არქეოლოგიურ კონტექსტს დააზუსტებენ ​და მისი შენარჩუნების ზომებს განსაზღვრავენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული

ესპანელმა და ეგვიპტელმა არქეოლოგებმა საკარაში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული

ესპანურ-ეგვიპტურმა არქეოლოგიურმა მისიამ, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტისა და ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს ეგიდით, კაიროს სამხრეთ-დასავლეთით, საკარას ნეკროპოლისში, ძველი სამეფოს მეხუთე დინასტიის პერიოდის (ძვ. წ. 2494–2345 წწ.) უნიკალური სამარხი აღმოაჩინა.

სამარხი მაღალჩინოსან იუნმენს ეკუთვნოდა, რომელიც ფარაონ ჯედკარა ისესის მმართველობის ხანაში მოღვაწეობდა. იმავე სამარხში დაკრძალულიყო მამამისი იტიც – შედარებით დაბალი რანგის მოხელე. არქეოლოგების ვარაუდით, ორმაგი სამარხი ასახავს იუნმენის სოციალურ დაწინაურებას ცენტრალურ ადმინისტრაციაში და მის სურვილს, პატივი მიეგო მამის ხსოვნისთვის.

ძეგლი გამოირჩევა თავისი არქიტექტურული სილამაზითა და მაღალი ოსტატობით შესრულებული რელიეფებით, რომლებიც სოფლის მეურნეობის სცენებსა და შესაწირის პროცესიებს ასახავს. ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს ცნობით, ნამუშევრები საოცრად კარგადაა შემონახული და მათზე თავდაპირველი საღებავების ფერები დღემდე მკაფიოდ ჩანს.

ტერიტორია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან იყო ცნობილი, თუმცა სიღრმისეულად არასდროს შესწავლილა. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს ძველი ეგვიპტის არქიტექტურასა და ადმინისტრაციულ ცხოვრებაზე ახალი მონაცემები მიაწოდა. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ იქვე ახლოს კიდევ ორი მსგავსი სამარხი მდებარეობს, რომელთა გათხრასაც მომავალში გეგმავენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ესპანელმა მეცნიერებმა ევროპაში დიპლოდოკის არსებობის პირველი მტკიცებულება აღმოაჩინეს

ევროპაში დიპლოდოკის არსებობის მტკიცებულება პირველად იპოვეს. ესპანელმა მეცნიერებმა Dinopolis Foundation-იდან ქვეყნის აღმოსავლეთით, ტერუელის პროვინციაში აღმოაჩინეს ნამარხები, რომლებიც დიპლოდოკის კუდის 14 მალასა და რამდენიმე შევრონულ ძვალს მოიცავს. მკვლევართა მონაცემებით, ეს ნაშთები დაახლოებით 150 მილიონი წლისაა, დინოზავრის სიგრძე კი დაახლოებით 25 მეტრს აღწევდა.

„ეს არის ევროპაში დღემდე აღმოჩენილი დიპლოდოციდების ერთ-ერთი ყველაზე სრული ნიმუში და ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ ამ გვარის არსებობის პირველი მტკიცებულება“, – აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, სერხიო სანჩეს ფენოლიოსამ.

დიპლოდოკი მცენარეჭამია დინოზავრია, რომელიც ცნობილია გრძელი კისრითა და ოთხი მძლავრი ფეხით. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი დინოზავრია, თუმცა მანამდე მისი ნაშთები მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე იყო მიკვლეული. დიპლოდოკის ყველა ნაპოვნი ნაშთი 157-145 მილიონი წლით თარიღდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, დინოზავრების გადაშენებაზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის, პარიზის, ბრიუსელისა და ვენის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დინოზავრების გამანადგურებელი მეტეორიტი, ე.წ. ჩიქსულუბის ობიექტი, დიდი ალბათობით, იშვიათი, CO ტიპის ნახშირბადოვანი ქონდრიტი იყო. ეს დასკვნა მათ ცარცულ-პალეოგენური შეჯახების შედეგად დარჩენილ მასალაში შენახული ნიკელის იზოტოპების ანალიზით გააკეთეს. მიგნებები ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

იშვიათი მეტეორიტი დინოზავრების გადაშენების უკან

“ორნანსის კლასის ნახშირბადოვანი ქონდრიტები ნამდვილად არ ჰგავს იმ ტიპურ მეტეორიტებს, რომლებსაც მუზეუმების კოლექციებში ნახავთ”, — ამბობს დოქტორი ფილიპ კლაისი, რომელიც კვლევაზე UBC-ში მოწვეულ პროფესორად მუშაობდა.

“CO ტიპის მეტეორიტი შეიცავს გაცილებით ნაკლებ აქროლად ელემენტს — როგორიცაა ნახშირბადი, თუთია, წყალი და, განსაკუთრებით, გოგირდი — ვიდრე დედამიწაზე აქამდე აღმოჩენილი მეტეორიტების სხვა კლასები. ეს არ ცვლის ჩვენს თეორიას იმის შესახებ, რამ გამოიწვია გადაშენება, თუმცა ამცირებს იმის ალბათობას, რომ კატასტროფის მთავარი მიზეზი შემჯახებელი სხეულის შემადგენლობაში არსებული გოგირდი იყო. მთავარი ფაქტორი ატმოსფეროში გაფრქვეული მტვერი და ნამსხვრევები უნდა ყოფილიყო”.

შემადგენლობაში ეს სხვაობა მეცნიერებს დაეხმარება უკეთ გაიგონ, როგორ გამოიწვია შეჯახებამ ასეთი მასშტაბური განადგურება. რადგან CO ქონდრიტები შედარებით მცირე რაოდენობით გოგირდს შეიცავს, ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ თავად მეტეორიტიდან გამოყოფილი გოგირდი, შესაძლოა, კატასტროფის მთავარი გამომწვევი მიზეზი არ ყოფილიყო. ამის ნაცვლად, მთავარი როლი შესაძლოა ატმოსფეროში ატყორცნილმა უზარმაზარი რაოდენობის წვრილმა ნამსხვრევმა შეასრულა.

ნიკელის იზოტოპები მეტეორიტის იდენტობას ავლენს

დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტისა და პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წლების განმავლობაში შეგროვებულ შერჩევებზე ნიკელის იზოტოპის უზუსტესი გაზომვები ჩაატარეს. მასალა შეჯახების შემდეგ მთელ მსოფლიოში დალექილი თიხის თხელი ფენიდან იყო აღებული.

“ეს საკმაოდ რთული სამუშაოა”, — ამატებს დოქტორი კლაისი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ამჟამად UBC-ის დედამიწის, ოკეანისა და ატმოსფერული მეცნიერებების დეპარტამენტის იზოტოპური და გეოქიმიური კვლევების წყნარი ოკეანის ცენტრშია მიწვეული — “პლანეტის ცარცულ-პალეოგენური თიხის ფენაში შემჯახებელი სხეულის მხოლოდ უმცირესი ნაწილია შემორჩენილი, რადგან შეჯახებისას მთლიანი მეტეორიტი აორთქლდა”.

გლობალური თიხის ფენა თავდაპირველი ობიექტის მხოლოდ მცირე კვალს შეიცავს, რაც ართულებს ზუსტად იმის დადგენას, რა დაეჯახა დედამიწას. მიუხედავად ამისა, ნიკელის იზოტოპის მახასიათებლებმა მკვლევრებს საშუალება მისცა, რომ ობიექტი ნახშირბადოვანი მეტეორიტების იშვიათ კლასამდე დაევიწროებინათ.

საიდან მოვიდა დინოზავრების გამანადგურებელი მეტეორიტი?

მეტეორიტის თავდაპირველი წყარო გაურკვეველი რჩება. ის, შესაძლოა, მზის სისტემის გარე, კლდოვანი ნამსხვრევებით სავსე შორეული რეგიონიდან, ან იუპიტერთან ახლოს მდებარე ასტეროიდების სარტყლის გარე ნაწილიდან იყოს მოსული.

ნახშირბადოვანი ქონდრიტები დედამიწაზე მოპოვებული მეტეორიტების შერჩევების მხოლოდ დაახლოებით ხუთ პროცენტს შეადგენს. CO ქონდრიტები, რომლებსაც ასევე ორნანსის კლასის ნახშირბადოვან ქონდრიტებს უწოდებენ, ამ ჯგუფის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს. ისინი მზის სისტემის ფორმირების დროინდელ, ერთ-ერთ ყველაზე პრიმიტიულ და ნაკლებად სახეცვლილ მასალად ითვლება.

“ასეთი იშვიათი, შორეული ობიექტის შეჯახება ნამდვილად ხაზს უსვამს, რაოდენ უიღბლოები აღმოჩნდნენ დინოზავრები”, — ამბობს დოქტორი კლაისი.

ჩიქსულუბის შეჯახება

ცარცულ-პალეოგენური პერიოდის მეტეორიტის დიამეტრი, სავარაუდოდ, 10-დან 15 კილომეტრამდე იყო. ის დედამიწას დაახლოებით 64 000 კმ/სთ სიჩქარით (ბგერის სიჩქარეზე დაახლოებით 50-ჯერ სწრაფად) შეეჯახა და უზარმაზარი ჩიქსულუბის კრატერი შექმნა. შეჯახების ადგილი ახლა მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულის ქვეშ არის მოქცეული.

წყარო: on.ge

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ოკეანის ფსკერზე ოქროს რეკორდული კონცენტრაცია აღმოაჩინეს

იაპონიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ჩაძირულ ვულკანურ კრატერში მეცნიერებმა ჰიდროთერმული წყაროები იპოვეს, რომლებშიც დიდი რაოდენობის ოქრო გვხვდება. გარდა იმისა, რომ ამ წყაროებიდან ოქროს პატარა ნატეხები ცვივა, ისინი “უხილავ ოქროსაც” წარმოქმნის, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.

ოქრო ზღვის ფსკერზე არსებულ სხვა ნივთიერებებთანაა შერეული. საინტერესოა, რომ ამ კონკრეტულ წყალქვეშა კრატერში ოქრო იმაზე დიდი კონცენტრაციითაა, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ადგილას (რაც აქამდე აღმოგვიჩენია).

ამ ყველაფრის დასადგენად იაპონელმა მკვლევრებმა ჰიდროთერმული ველებიდან მოპოვებული ქანების ნიმუშები გააანალიზეს. აღნიშნული ველები ტოკიოდან დაახლოებით 350 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

მეცნიერებმა მეორადი იონური მას-სპექტრომეტრიის (SIMS) მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ოქროს მცირე რაოდენობასაც კი გრძნობს. მკვლევრების მიერ ნაპოვნი ნანონაწილაკები პირიტშია “დამალული”. ეს სულფიდური მინერალია, რომელიც ოკეანის ფსკერიდან ამონთხეული ცხელი, მეტალებით გამდიდრებული სითხეებისგანაც შეიძლება წარმოიშვას.

სხვათა შორის, პირიტი რკინისა და გოგირდის პრიალა ნაზავია. ასეთი ვიზუალის გამო, მას ხშირად “სულელების ოქროდ” მოიხსენიებენ. შეიძლება უცნაურია, მაგრამ ამ შემთხვევაში “სულელების ოქროში” ნამდვილი ოქრო აღმოჩნდა.

ოქრო პირიტში შეიძლება ნანონაწილაკების სახით გვხვდებოდეს ან ამ მინერალში ცალკეული ატომების სახით იყოს ჩაშენებული. ახალ საბადოში ოქრო ორივე ფორმით გვხვდება. გარდა ამისა, ეს ლოკაცია ძალიან მარტივადაა მისაწვდომი.

საინტერესოა, რომ დღესდღეობით ოკეანის ფსკერზე ოქროს არცერთ საბადოს კომერციული მიზნებით არ იყენებენ. მეცნიერები დღემდე ცდილობენ ამოხსნან, თუ როგორ შეიძლება ეს მაქსიმალურად იაფად და ეფექტიანად მოხერხდეს.

მსგავსი მცდელობა პაპუა-ახალი გვინეაში იყო, თუმცა კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა. თანაც, საბადოს გახსნას ბევრი პროტესტი მოჰყვა.

ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.

წყარო: on.ge

სრულად ნახვა
არქეოლოგია

თურქეთში ათენას მარმარილოს ქანდაკება იპოვეს

თურქეთის ანტიკურ ქალაქ ლაოდიკეაში ძველბერძნული ქალღმერთის ათენას ქანდაკება აღმოაჩინეს. ის დასავლეთ თეატრში მიმდინარე გათხრებისა და სარესტავრაციო სამუშაოების დროს იპოვეს.

დასავლეთ თეატრი, სადაც ათენას ქანდაკება იპოვეს, ძვ. წ. II საუკუნით თარიღდება. სკულპტურა ნაგებობის კედელში, ნანგრევების ქვეშ იყო მოქცეული. სავარაუდოდ, ის ნიშაში ან სვეტებს შორის იდგა.

ქანდაკება თეთრი მარმარილოსგან არის შესრულებული და სიმაღლეში დაახლოებით 2 მეტრს აღწევს. ათენა მრგვალ საფუძველზე დგას, თუმცა მას თავი არ აქვს. სკულპტურაზე დეტალურადაა გამოსახული ტრადიციული ბერძნული სამოსი – პეპლოსი, რომელსაც მოსასხამი ასრულებს.

ათენას მკერდზე განთავსებულია ეგიდი გველებით გარშემორტყმული მედუზას თავით. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სამოსის ნაოჭების რთული კვეთა და ქსოვილის ნატურალისტური გადმოცემა მოქანდაკის მაღალ ოსტატობაზე მეტყველებს.

ამ ქანდაკებას უნიკალურს ხდის ის, რომ მსგავს სკულპტურებში მოსასხამი იშვიათად გვხვდება. ათენას უკანა ნაწილი უხეშად დამუშავებული ჩანს. არქეოლოგების აზრით, ეს ნამუშევარი ავგუსტუსის ეპოქის (ძვ. წ. 27 – ახ. წ. 14 წწ.) ხელოვნებას განეკუთვნება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დ’არტანიანის საფლავი აღმოაჩინეს

ნიდერლანდებში, ქალაქ მაასტრიხტის ეკლესიაში, აღმოაჩინეს ჩონჩხი, რომელიც შესაძლოა ფრანგ მუშკეტერ დ’არტანიანს ეკუთვნოდეს. ალექსანდრ დიუმას ცნობილი რომანის გმირის პროტოტიპი რამდენიმე საუკუნის წინ სწორედ ამ ქალაქში დაიღუპა. ნეშტი თანამედროვე ეკლესიაში იპოვეს, რომლის ისტორიაც სულ მცირე XIII საუკუნით თარიღდება. აღმოჩენა თებერვალში, იატაკის ნაწილობრივი ჩამონგრევის შემდეგ დაწყებული სარემონტო სამუშაოების დროს გაკეთდა.

დიაკვან იოს ვალკეს თქმით, რომელიც პირველ გათხრებს ესწრებოდა, მაასტრიხტში ჩონჩხის გვერდით ფრანგული მონეტა იპოვეს. „გარდა ამისა, საფლავის მდებარეობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს მნიშვნელოვანი პიროვნება იყო: ჩონჩხი იქ იპოვეს, სადაც ადრე საკურთხეველი იდგა, იმ დროს კი საკურთხევლის ქვეშ მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებს ან სხვა გავლენიან პირებს მარხავდნენ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ჩონჩხი ეკლესიიდან უკვე გადაასვენეს და ახლა ნიდერლანდების აღმოსავლეთით, დევენტერის არქეოლოგიურ ინსტიტუტში იმყოფება. 13 მარტს ნეშტიდან აიღეს დნმ-ის ნიმუში, რომელიც ამჟამად მიუნხენის ლაბორატორიაში მოწმდება.

შარლ ოჟე დე ბატს დე კასტელმორმა, რომელიც ცნობილია როგორც დ’არტანიანი – ლუი XIII-ისა და ლუი XIV-ის ლეგენდარული მუშკეტერი, მთელი ცხოვრება საფრანგეთის გვირგვინის სამსახურს მიუძღვნა. სწორედ ეს გასკონელი აზნაური გახდა ალექსანდრ დიუმას XIX საუკუნის მსოფლიო ბესტსელერის, „სამი მუშკეტერის“ მთავარი გმირის პროტოტიპი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაჰუმანიტარული მეცნიერებები

იტალიელი მეცნიერების ვარაუდით, გიზის პლატოს ქვეშ მეორე სფინქსი იმალება

იტალიელმა მეცნიერებმა სენსაციური განცხადება გააკეთეს – თანამგზავრული რადარებისა და მოწინავე სკანირების ტექნოლოგიის (SAR) გამოყენებით, მკვლევრებმა ქვიშის ქვეშ გეომეტრიული ანომალიები აღმოაჩინეს, რომლებიც, მათი ვარაუდით, შესაძლოა ლეგენდარული დიდი სფინქსის „ტყუპი“ ძეგლი აღმოჩნდეს.

ჯგუფის ხელმძღვანელის, ფილიპო ბიონდის განმარტებით, როდესაც მათ პირამიდებიდან არსებულ სფინქსამდე ხაზები გაავლეს და ეს გეომეტრია სარკისებურად აირეკლეს, ზუსტად იმ წერტილზე გავიდნენ, სადაც მიწისქვეშ მასშტაბური სტრუქტურა ფიქსირდება. ბიონდი 80%-ით დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ მეორე სფინქსია. მისივე თქმით, ეს თეორია სიმართლესთან ახლოსაა, რადგან ცნობილ „სიზმრის სტელაზე“ (რომელიც სფინქსის თათებს შორის მდებარეობს) გამოსახულია ორი სფინქსი, რაც დიდი ხანია აჩენდა ეჭვს, რომ მონუმენტს მეწყვილე ჰყავდა.

გარდა სავარაუდო სფინქსისა, რადარებმა გიზას პლატოს ქვეშ ვერტიკალური შახტების, ჰორიზონტალური გვირაბებისა და დიდი დარბაზების მთელი ქსელი დააფიქსირეს. დოქტორ ბიონდის განცხადებით, მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მიწისქვეშ ნამდვილი მეგასტრუქტურა იმალება, რომელიც საინჟინრო თვალსაზრისით იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე აქამდე წარმოედგინათ.

თუმცა, აღმოჩენამ სამეცნიერო წრეებში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ცნობილი ეგვიპტოლოგი ზაჰი ჰავასი და სხვა ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი და აცხადებენ, რომ გიზას ტერიტორია ათწლეულების განმავლობაში დეტალურად არის შესწავლილი და მსგავსი მასშტაბის ობიექტის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა. იტალიელი მკვლევრების ჯგუფი მიღებული მონაცემების სრულად გასაჯაროებას და პრეზენტაციას 2026 წლის ივნისში, ბოლონიის კონფერენციაზე გეგმავს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 … 21
Page 1 of 21