close
ეკოლოგიაქიმია

რაც აქამდე არ იცოდით – ყველაზე საშინელი ინერტული აირი

უნდა ვიფიქროთ, რომ კაცობრიობა დასაბამიდან შეეგუა ბუნებრივ რადიაციულ ფონს, მაგრამ ჩვენს დროში ეკოლოგიური საშიშროება გაიზარდა რადიაციის ხელოვნური წყაროების (ატომური იარაღის გამოცდის შემდეგ წარმოქმნილი რადიაქტიური ნალექების, სამედიცინო და ტექნიკური მიზნებისათვის გამოყენებული აპარატურის, ამაჩქარებლების, მნათციფერბლატიანი საათებისა და სხვ.) გაჩენასთან ერთად, რამაც ბუნებაში არსებული მაიონიზირებელი გამოსხივების დონე გაზარდა.
სიცოცხლე დედამიწაზე ჩაისახა და ვითარდება რადიაციული ფონის პირობებში, ამიტომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რადიაციის ბუნებრივი დონე არა მარტო სპონტანური მუტაციების გამოვლენის ერთ-ერთი მიზეზია, არამედ ფლორისა და ფაუნის ევოლუციის აუცილებელი ფაქტორიც.
რადიაქტიური ემანაციები განუწყვეტლივ წარმოიქმნება ქანებში დაშლის შედეგად. ისინი ან გადადიან ჰაერში, ან რჩებიან ფორებში. ამიტომ ქანებიდან ემანაციის გამოყოფა შეიძლება დავახასიათოთ სიდიდით, რომელსაც ემანირების კოეფიციენტი ეწოდება. ემანაციის კოეფიციენტი ეწოდება ქანის მიერ 1 წმ-ში გამოყოფილი ემანაციების რაოდენობის შეფარდებას ემანაციის იმ სრულ რაოდენობასთან, რომელიც ამ დროის განმავლობაში ქანში წარმოიქმნა. ემანაციების კოეფიციენტი გამოისახება პროცენტებში.

რადონი 222  ყველაზე სტაბილური ელემენტია, მისი ნახევარდაშლის პერიოდი 3,8 დღე-ღამეა, ის მძიმე აირია, რომელსაც მუდმივად ასხივებს დედამიწის ქერქი და, ძირითადად, სარდაფებსა და დახევარსარდაფებში გროვდება. ამიტომ არის, რომ კოტეჯებსა და საწოლ ოთახებს ყოველთვის მეორე ან მესამე სართულებზე განათავსებენ; რადონს ყველაზე დიდი რაოდენობით გამოყოფს გრანიტი და დაბინძურებული აგური. იგი ჰაერზე 7,5 ჯერ მძიმეა, ამიტომ მისი კონცენტაცია ქვედა სართულებზე გაცილებით მაღალია, ვიდრე მრავალსართულიანი სახლების ზედა სართულებზე.
სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ეკოლოგიური სიჯანსაღით, ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ვსუნთქავთ ჰაერს, რომელშიც მენდელეევის ცხრილის ელემენტთა მთელი სისტემაა თავმოყრილი, მივირთმევთ გენმოდიფიცირებული პროდუქტების გარკვეულ რაოდენობას და გვგონია, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც თავი დაცულად შეიძლება ვიგრძნოთ, სახლია. თუმცა, როგორც ირკვევა, არც ის ყოფილა სავსებით უვნებელი.
ავეჯი, რომლითაც თავს ვიწონებთ, შესაძლოა მავნე ნივთიერებებით იყოს დაბინძურებული; შპალერები, ლამინატი და სხვა საშენი მასალა, რომლითაც სახლია ნაგები, გარდა მავნე ქიმიური მინარევებისა, შესაძლოა, რადიაციული გამოსხივების წყაროც აღმოჩნდეს. საშენი მასალებიდან მიღებული დასხივების დოზა იმ საერთო დოზის 60%-ს აღწევს, რომელსაც ადამიანი ჩვეულებრივ პირობებში იღებს გარემოდან.
დედამიწაზე არსებობს რადიაციის ბუნებრივი წყაროები, რომლებიც რადიოიზოტოპებს შეიცავს. მათი უდიდესი ნაწილი თავმოყრილია გრანიტსა და თიხამიწაში, სხვადასხვა შემადგენლობის ქვებში, საფრთხისშემცველია თაბაშირი, ჩვეულებრივი და სილიკატური აგური, მინაბოჭკო.

ამერიკაში ერთი წლის განმავლობაში რადონთან დაკავშირებულ გამოკვლევებზე დაიხარჯა 500 მილიონი დოლარი, შენობების გამოკვლევაზეც–ამდენივე. რადონისაგან დაცვის ყველაზე მარტივი და აუცილებელი პირობაა ბინის ხშირად განიავება, განსაკუთრებით სამზარეულოსა და აბაზანის, რადგან რადონი წყალსაც მოყვება და ზოგან განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაც. ამრიგად, სასურველია მოსახლეობას რადიაციის შესახებ ჰქონდეს უფრო მეტი რეალური ინფორმაცია, რათა იყოს ბევრად აქტიური და კატეგორიული მთავრობის მიმართ, რომ პარტიებს, რომელთაც აქვთ მთავრობაში მოსვლის სურვილი, თავის პროგრამებში უეჭველად ჰქონდეთ რადიაციისაგან მოსახლეობის დაცვის რეალური საშუალებები და განხორციელების გზები, რადგან რადიაციული ფონი იმდენად გაზრდილია, რომ ის უკვე საშიში გახდა ცოცხალი უჯრედებისათვის, განსაკუთრებით კი გენებისათვის, რომლის გარეშე არ არსებობს მომავალი და არ არსებობს სიცოცხლე.
განურჩევლად იმისა, რომელი დაბინძურებული საშენი მასალითაა ნაგები საცხოვრებელი სახლი, ყველა რადიაქტიური ნივთიერება მაინც იმით არის საშიში, რომ დაშლის შედეგად გამოყოფს რადონ 222-ს – საცხოვრებელ სახლებში გავრცელებულ ყველაზე საშიშ რადიაქტიურ აირს.
რადონით ადამიანი უმთავრესად დახურულ, გაუნიავებელ შენობებში სხივდება. რადონი შენობაში იჭრება ფუნდამენტში, იატაკსა და კედლებზე გაჩენილი ბზარებიდან და ნაპრალებიდან. მისი ქიმიური შებოჭვა და უტილიზაცია ვერ ხერხდება, რადგან იგი ინერტული აირია. რადონს, გარდა აქტიური გამოყოფისა, დაგროვების უნარიც შესწევს. ქვისა და აგურის სახლებში მისი კონცენტრაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ხისაში – მომწამვლელი აირი მათში ნაკლებად გროვდება. რადონი ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდება ფილტვებში, იშლება და გამოყოფს ალფა-ნაწილაკებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილებზე, განსაკუთრებით კი ფილტვებზე, რადგან იწვევენ მის მიკროდამწვრობებს. რადონით ხანგრძლივად დასხივების შემთხვევაში რამდენადმეი ზრდება ფილტვის სიმსივნის განვითარების ალბათობა. რადონის მიერ გამოსხივება მეექვსე ადგილს იკავებს მსოფლიოში ფილტვის კიბოს მიზეზებს შორის, ხოლო მწეველ ადამიანებში იგი მეორე ფაქტორია, რომელიც ფილტვის ავთვისებიან გადაგვარებას იწვევს.
როგორ დავიცვათ თავი?
საფრთხესთან ბრძოლის ორი მიმართულება არსებობს:
არ დავუშვათ რადონის მოხვედრა საცხოვრებელ გარემოში;
რაც შეიძლებას წრაფად განვდევნოთ იგი სახლიდან.
დედამიწიდან გამოყოფილი რადონი საცხოვრებელ გარემოში რომ არმოხვდეს, აუცილებელია, საგულდაგულოდ დაცემენტდეს ფუნდამენტი, იატაკქვეშეთი, ადგილები, რომლებიც უშუალოდ ეხება მიწას. აგურიდან ოთახებში 10-ჯერ ნაკლები რადონი მოხვდება, თუ კედლებს დაფარავთ მკვრივი და ხარისხიანი შპალერით, რომელიც ირეცხება. სამზარეულოში აუცილებელია ნამწვი აირების გამწოვის დამონტაჟება. შენობა ხშირად უნდა განიავდეს – რადონს ისე არაფრის ,,ეშინია”, როგორც ორპირი ქარისა. გრანდიოზული მშენებლობის დაწყების წინ კი უნდა გაისინჯოს შენობის საძირკვლის ჩასახმელი ორმო და ის საშენი მასალა რომელთა შეძენასაც აპირებთ. საქართველოში სჯობს, ყოველივე ეს თავად გააკეთოთ, რადგან თანამედროვე ბაზარზე მოხვედრილი საშენი მასალების ნაწილს წარმოშობისა და რადიაციული უვნებლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი არ გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე არსებობდა რადიაციული უსაფრთხოების განყოფილება, რომელიც ჩერნობილის ავარიის შემდეგ აკონტროლებდა თბილისის (გარკვეულ შემთხვევებში, საქართველოს) ბაზრებზე შემოსულ საკვებ პროდუქტებს და საშენ მასალებს. იმ პერიოდში, ეს ლაბორატორია, საკმაოდ მკაცრი კონტროლის გამო, აღიარებული ორგანიზაცია იყო მოსახლეობის რადიაციული დაცვის თვალსაზრისით, თუმცა 2006 წლის შემდეგ ის თსუ-ში აღარ ფუნქციონირებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში არსებობს სპეციალური ხელსაწყოები, რომლითაც წინასწარ მოწმდება სახლის ასაშენებელი ადგილი და მასალა, არამედ ის ხელსაწყოებიც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რადონის ძირითადი რაოდენობა გამოიდევნოს სახლებიდან. სასურველია, საქართველოშიც დამკვიდრდეს რადონის კონტროლის ტრადიცია.
ხაზგასასმელია, რომ დასავლეთ საქართველოში, მაღალი ნესტის გამო, ტრადიციულად მიღებული იყო სახლები, რომლის პირველი სართული მიწას არ ეხებოდა და გარკვეულისიმაღლიდან იწყებოდა მშენებლობა, თანაც ისე, რომ სახლის ქვეშ სიცარიელეები იყო დატოვებული და მუდმივად ნიავდებოდა ეს ადგილი. ამგვარად, გარდა იმისა, რომ ნესტი შრებოდა, რადონის დაგროვების და სახლში შეღწევის შესაძლებლობებიც მინიმუმამდე იყო დაყვანილი.
ახლა, როდესაც კერძო სახლები შენდება მაღალი მარკის ცემენტებით და მთლიანად იფარება პირველი სართულის მიწისპირა ფენა ბეტონით, რასაკვირველია, გაზრდილია ასეთი სახლების რადონით დაბინძურების შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, რომ ბეტონი გარკვეულწილად თამაშობს რადონის შემაკავებელ როლს.
აღსანიშნავია, რომ დღეს რადონით დაბინძურებასთან ბრძოლა საქართველოში მინიმუმამდეა დაყვანილი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid