close

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები

,,Facebook-ის” მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე იმატებს

 

„Facebook-ის“ მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდება ყოველდღიურად 1,65 მილიარდი ადამიანია ოფიციალურად მისი მომხმარებელი, რაც 15%-ით მეტია გასულ წელთან  შედარებით. კომპანიის მონაცემებით, 2016 წელს მომხმარებელთა რაოდენობა 1,44 მილიარდს შეადგენდა.

„Facebook-ის“ მომხმარებელთა რაოდენობა 3 მილიონით გაიზარდა აშშ-სა  და კანადაში, 60 მილიონით კი მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებში. მომხმარებლთა უმეტესობა ,,Facebook–ს” მობილური ტელეფონის საშუალებით იყენებს.

მარკ ცუკერბერგის ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, „Facebook-ზე“, ,,Instagram -სა” და ,,Messenger -ში” მომხმარებელი დღეში საშუალოდ 50 წუთს ატარებს.

მისივე თქმით, გასულ წლებთან შედარებით ეს მონაცემიც გაიზარდა, რადგან 2015 წელს საშუალოდ 40 წუთი იყო მაჩვენებელი.

 

 

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართველების გამოგონება, რომელიც ჟესტების ენას ტექსტურ ფორმატში გარდაქმნის

  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ მაისის თვეში აბიტურიენტებისთვის ჩაატარა ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსი –  ,,Abitour-ი“, რომელშიც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული ჯგუფები ერთმანეთს შეეჯიბრნენ საკუთარი ინოვაციური ბიზნესიდეების წარმოჩენაში. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მოწყობილობა, რომელიც სმენადაქვეითებულ ადამიანებს დაეხმარება კომუნიკაციაში, ჩვენ იდეის ერთ-ერთ ავტორს  – მარიამ ჭარხალაშვილს გავესაუბრეთ.

      ,,MCE box-ი” (“Make communication easy”) არის ახალგაზრდა ქართველი გოგონების სტარტაპიდეა, რომლის მიზანია სმენადაქვეითებულ ადამიანებს დაეხმაროს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიღწევაში. პროექტის ავტორები არიან მარიამ ჭარხალაშვილი, სოფო პეტრიაშვილი და  ნინი შავდია, სამივე მათგანმა წელს დაამთავრა სკოლა და გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს იდეების სასტიპენდიო კონკურსში, უშუალოდ მათი ერთ გუნდში გაერთიანება კი, თვითონ პროექტის ფარგლებში მოხდა.

ინოვაციური მოწყობილობა  იმუშავებს შემდეგი პრინციპით: ჟესტური ენით მოსაუბრე ადამიანი დადგება ეკრანის წინ და იმეტყველებს ჟესტების ენით, მისი მოძრაობა კი ეკრანის მეორე მხარეს აისახება ტექსტური სახით, მეორე მხრივ კი, მოწყობილობას ექნება ,,Google Voice Search-იც“, და შესაძლებელი იქნება ეკრანზე ჟესტების ენით გამოისახოს ვერბალურად ნათქვამი ტექსტი, რაც სმენადაქვეითებული ადამიანისთვის გასაგებს გახდის სხვა პირისნ საუბარს.

მოწყობილობა, მარიამის თქმით, ძირითადად, საზოგადოებრივი დაწესებულებებისთვისაა განკუთვნილი, ,,ჩვენი მოწყობილობა, რომელიც შეიძლება დაიდგას სხვადასხვა დაწესებულებაში, კომპანიაში, ბანკსა თუ კვების ობიექტში და გაამარტივებს კომუნიკაციას სმენადაქვეითებულ ადამიანებსა და ამ დაწესებულების თანამშრომლებს შორის“აღნიშნავს ის.

გოგონებს სმენადაქვეითებულთა პრობლემებზე ადრეც უფიქრიათ, ,,Abitour-მა“ კი შესაძლებლობა მისცათ ფართო საზოგადოებისთვის წარედგინათ საკუთარი ნაფიქრი და დადებითი გამოხმაურებაც მოეპოვებინათ, მით უმეტეს რომ მათ მოწყობილობას არ აქვს უცხორი ანალოგი. რაც შეეხება პროტოტიპს, მისი შექმნა გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ამ ეტაპზეც გოგონებს დატვირთული სასწავლო პროცესიდან გამომდინარე ნაკლები დრო რჩებათ მისთვის, მაგრამ სამომავლოდ აუცილებელად გეგმავენ განავითარონ იდეა და მოიძიონ საჭირო რესურსები.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებასაქართველო

,,ინგლისური ყველასათვის” – სტუდენტი გოგონას პროექტი ინგლისურის შემსწავლელთათვის

 სულ რამდენიმე თვეა, რაც შეიქმნა  ვიდეოგაკვეთილების სერია ,,ინგლისური ყველასათვის“, რომლის ავტორიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტი თაკო ბაქრაძეა. თაკომ წამოწყება უკვე ონლაინპლატფორმადაც აქცია და სულ მცირე პერიოდში შეძლო ხალხის ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო. პროექტის შესახებ თაკოს გავესაუბრეთ.

ობიექტური მიზეზების გამო, საქართველოში მასწავლებლის პროფესია ჯერაც არ მიიჩნევა პრესტიჟულად და ახალგაზრდა თაობა, როგორც წესი, განსხვავებულ პროფესიულ ხაზს არჩევს ხოლმე. თუმცა, არსებობენ ისეთი გამონაკლისები, როგორიცაა თაკო ბაქრაძე, რომელმაც გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრება სწორედ პედაგოგიური საქმიანობისთვის დაეკავშირებინა და რამდენიმე თვის წინ შექმნა ონლაინპლატფორმა ,,ინგლისური ყველასათვის“, სადაც სრულიად უსასყიდლოდ შეგიძლიათ გაეცნოთ ინგლისური ენის სასწავლო ვიდეოგაკვეთილებს.

სტუდენტობა ის პერიოდია, როცა საკმაოდ რთულია ფიქრი სამომავლო გეგმებზე, ხშირად ჩნდება უკმაყოფილების გრძნობაც გარესამყაროსადმი, რომელიც ერთი შეხედვით, თითქოს არ იძლევა პიროვნული თუ პროფესიული ზრდის საშუალებას, რაზედაც თაკო გულღიად გვესაუბრა – ,,ადამიანებს ზოგადად გვახასიათებს წუწუნი, ამ მხრივ არც ჩვენი თაობაა გამონაკლისი, ხშირად მსმენია, რომ უნივერსიტეტი ან სახელმწიფო არ გვიქმნის სათანადო გარემოს განვითარებისთვის. სინამდვილეში კი, როცა სტუდენტი ხარ, უკვე გაქვს ყველა პირობა ამისთვის, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ უამრავ რესურსზე მიგიწვდება ხელი, ვგულისხმობ, წიგნებს, ლექტორების ცოდნასა და გამოცდილებას. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს განვითარება სურს, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და ყველაფერი გამოუვა. უნივერსიტეტის დადანაშაულება ადვილია, თვითდისციპლინა და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა კი რთული“.

,,ინგლისური ყველასათვის” აერთიანებს სხვადასხვა გრამატიკულ ვიდეოგაკვეთილს, რომელიც გათვლილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც ამ საკითხების გამეორება ან სწავლა სურს. ამასთანავე, აქვე შესაძლებელია გაეცნოთ სახალისო ვიდეოებს ზოგადი სასაუბრო ინგლისურისთვის საჭირო ინფორმაციით, იქნება ეს  იდიომები თუ ფრაზული ზმნები. იმისთვის, რომ მაყურებელს სწავლის პროცესს გაუადვილდეს ვიდეოებს დართული აქვს ტექსტებიც.

პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თაკო, რომელიც ჯერჯერობით მარტო ართმევს თავს ამ ამოცანას, ითვალისწინებს მსმენელების თხოვნებსაც და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შესთავაზოს მას თავისთვის სასურველი გაკვეთილის თემა, ,,ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ადამიანს რამეს უხსნი და იგებს, როცა რამეში ეხმარები, როცა შენს გამოცდილებას უზიარებ და იცი, რომ ეს მის ცხოვრებაზე დადებითად აისახება. ჩემთვის ასწავლო სხვას, ნიშნავს გახადო მისი და საკუთარი ცხოვრება უკეთესი,“ – აღნიშნავს თაკო.

რაც შეეხება პროექტის შექმნის იდეას, თაკოს ოჯახთან ერთად  გაუჩნდა სურვილი, მსგავსი რამ განეხორციელებინა, თუმცა ეს ყველაფერი გარკვეულ ფინანსებთანაც არის დაკავშირებული და როგორც თაკო აღნიშნავს, რომ არა ოჯახის, კერძოდ კი ძმის – გიორგი ბაქრაძის დახმარება პლატფორმა დღეს ვერ იარსებებდა, რადგან მან სწორედ მისი დახმარებით შეძლო გადაღებებისთვის საჭირო აპარატურის შეძენა, მოგვიანებით კი ვებგვერდის შექმნაც.

სამომავლოდ თაკო გეგმავს კიდევ ერთ საინტერესო პროექტს, რომელიც ძირითადად აბიტურიენტებზე იქნება გათვლილი, ამასთანავე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა გრამატიკული საკითხები ამოიწურება, პლატფორმა თემატურად უფრო მრავალფეროვანი გახდება და საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებსაც შეეხება.

დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობთ სასწავლო გვერდის მისამართს:

Facebook: https://www.facebook.com/inglisuri.yvelasatvis/

Page:  http://abz.ge/eng/

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიო

ჩინეთი „YouTube–ს“ ბლოკავს

 

სოციალური ქსელი ჩინეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია და ყველა იქ მცხოვრებს აქვს მასზე წვდომა. მაგრამ ასევე ცნობილია, რომ მსოფლიოში ყველაზე მკაცრად კონტროლდება მათი სოციალური ცხოვრება.

სახელმწიფომ აკრძალა უცხოური საიტების მოხმარება. წინა კვირას მათ დაბლოკეს „YouTube“, რადგან იქ გამოქვეყნებული იყო თუ როგორ უსწორდებოდნენ პოლიციელები ტიბეტელ ბერს. სახელმწოფომ ასევე განაცხადა, რომ ისინი იზრუნებენ გამომქვეყნებლის გასამართლებაზე თუ საიტზე არ იქნება მათთვის სასურველი ვიდეორგოლები.

დღემდე ინტერნეტი ჩინეთის ყველაზე საჭირო ინფორმაციის წყაროა, რა თქმა უნდა, ყველა ვებგვერდს ვერ დაბლოკავენ, რადგან რამდენიც არ უნდა დაბლოკონ ორი იმდენი ჩნდება ყოველ დღე.

ზოგ ადამიანს მოსწონს ის, რომ რასაც უნდათ იმას აქვეყნებენ და წერენ, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც არ სიამოვნებთ ისეთი ვიდეოებისა თუ სტატიების ნახვა, რომლებიც მათთვის მიუღებელია.

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართული პლატფორმა, სადაც სასურველი ნივთების გაჩუქებასა და უსასყიდლოდ მიღებას შეძლებთ

15 მაისს დაიწყო ფუნქციონირება ინოვაციურმა ქართულმა ვებგევრდმა –,,Fulwish.com-ი“, ის საშუალებას გვაძლევს გავაჩუქოთ ნივთები, რომლებიც აღარ გვესაჭიროება და მსგავსადვე, თავადაც შევძლოთ სხვა მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული ნივთებიდან სასურველის შერჩევა. პლატფორმა საკმაოდ ორიგინალურია და მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება, მის შესახებ იდეის ერთ-ერთ ავტორს -გიორგი გოგუაძეს გავესაუბრეთ.

ალბათ ყველას გვაქვს ნივთები, რომლებსაც აღარ ვიყენებთ, მაგრამ გადასაყრელად გვენანება და გულმოდგინედ ვინახავთ თვალისგან დამალულ ადგილას, მაშინ როცა შესაძლოა ისინი სხვისთვის ძალიან სასურველიც კი აღმოჩნდეს.„Fulwish.com-ი” ინგლისურენოვანია და მომავალში გაცილებით უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ვებგვერდის გამოყენება ძალიან მარტივია – თქვენ უღებთ ფოტოს ნივთს, რომლის გაცემაც გსურთ და ტვირთავთ ვებგვერდზე, მსურველები კი მარტივად გიკავშირდებიან და თანხმდებით შეხვედრის დროსა და ადგილზე. ასევე, სურვილის შემთხვევაში თავადაც შეგიძლიათ სხვა მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული ნივთებიდან შეარჩიოთ სასურველი, მისწეროთ მფლობელს და დაელოდოთ გამოხმაურებას.

იდეის ავტორები გიორგი გოგუაძე და გიგა მეხრიშვილი არიან, როგორც გიორგი აღნიშნავს, კარგი იდეები ყველას მოგვდის, მთავარია გაგვაჩნდეს საიმისო გამბედაობა, რომ იდეა რეალობად ვაქციოთ – ,,ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს პროექტი გაამართლებდა, რამდენიმე საგრანტო პროგრამაშიც მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა უშედეგოდ, მაგრამ ჩვენ იმდენად ბევრ დადებით რაღაცას ვხედავდით ამ საქმეში, რომ ვარჩიეთ მაინც გაგვერისკა და ჩვენი დრო, ენერგია და ფული ამ საქმისთვის მოგვეხმარა“.

საიტი, უპირველეს ყოვლისა, საშუალებას მოგცემთ გამოემშვიდობოთ წარსულსა და ისეთ ნივთებს, რომლებიც აღარ გჭირდებათ და  ტყუილად იკავებს ადგილს არა მარტო თქვენს საცხოვრებელში, არამედ თქვენს გონებაშიც კი.  ამავე დროს, სასიამოვნოა, როცა შესაძლებელია ამ მარტივი ქცევით სხვას ბედნიერება მიანიჭო, მაგრამ მხოლოდ ეს როდია, მეგობრების იდეას გაცილებით უფრო დიდი პრობლემაც დაედო საფუძვლად.

გლობალურად, რომ შევხედოთ მსოფლიოში, 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ეს რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. შესაბამისად, ამდენი წარმოება და ჭარბი მოხმარება, ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენს პლანეტას. ,,ვცდებით თუ გვგონია, რომ თუ, მაგალითად, ამაზონის ტყე იჩეხება, ეს ჩვენთვის ზიანის მომტანი არ არის, ვცდებით, რადგან დედამიწაზე ყველაფერი ურთიეთდაკავშირებულია და ჟანგბადის 20% სწორედ ტროპიკული ტყეებიდან მოდის. ჩვენ მიერ გადაგდებული ნაგვით კი ოკეანეები იწამლება. პროდუქციის ჭარბად მოხმარების შედეგად ათასობით ტონა ქიმიკატი ჩაედინება მდინარეებში. ვფიქრობ, რომ ჩვენი, როგორც კაცობრიობის, ვალია უფრო გააზრებულად ვიცხოვროთ. უფრო გააზრებულად ცხოვრება კი,  ნიშნავს რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და უაზრო მომხმარებლობის სინდრომისგან თავის დაღწევას. ამასთან ერთად, ეს მოტივაციას გვაძლევს დავფიქრდეთ, როცა რამეს ვყიდულობთ, მართლა გვჭირდება ეს ნივთი თუ ლამაზი რეკლამით ვართ გაბრუებული ან უბრალოდ მოგვწონს,“ -აღნიშნავს გიორგი.

აღსანიშნავია, რომ საიტს უცხოერი ანალოგი არ აქვს, მეგობრებმა მოიძიეს ინფორმაცია მსგავსი პლატფორმების შესახებ, რომლებიც რამდენამდე მიახლოებული არიან ,,Fulwish.com-თან“, თუმცა საბოლოო ჯამში ვერცერთმა მათგანმა ვერ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები, მათ სურდათ, რომ ვებგვერდი მაქსიმალურად მარტივი და გასაგები ყოფილიყო, ზედმეტი ინფორმაციისა და ვიზუალური დატვირთვის გარეშე, რასაც მიაღწიეს კიდევაც. სამომავლოდ პლატფორმა კიდევ უფრო დაიხვეწება და მეგობრებს იმედი აქვთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოუერთდება მათ სახალისო და ძალიან პრაქტიკულ ინიციატივას.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკა

დუბაიში მუშაობას რობოტი პოლიციელები იწყებენ

 

დუბაის ღირშესანიშნაობებს მალე რობოტი პოლიციელები შეემატება. პირველი რობოკოპი მუშაობას მაისში დაიწყებს, 2030 წლამდე კი საემიროს საპოლიციო ძალების 25 პროცენტი რობოტიზებული იქნება.

დუბაის პოლიციის პირველი რობოტი წევრი, ესპანურ კომპანია „PAL რობოტიქსის“ მიერ შექმნილი რობოტი ჰუმანოიდი – REEM-ი – გახდება. ის 2011 წელს შეიქმნა, როგორც მომსახურების რობოტი, რომელიც სხვადასხვა სამუშაოსთვის გამოდგება. ის ბორბლებიანი პლატფორმით გადაადგილდება და წარმოადგენს საინფორმაციო მაღალტექნოლოგიურ მანქანას, რომელიც აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებში, მუზეუმებსა და ჰოსპიტალებში, მომხმარებლებს საჭირო ინფორმაციას აწვდის.

რობოტისთვის საპოლიციო ფუნქციების მისანიჭებლად, „PAL რობოტიქსს“ კონსულტაციებს დუბაის პოლიცია უწევდა. ადაპტირებული ვერსია გასული წლის ბოლოსთვის მზად იყო. ,,CNN-თან” საუბრისას საპოლიციო რობოტების პროექტის შეფმა, ხალიდ ნასერ ალრაზუქიმ განაცხადა, რომ რობოკოპი თავიდან მუშაობას სავაჭრო ცენტრებში და ტურისტულ ატრაქციონებზე დაიწყებს. შემდგომ ეტაპზე კი მას საპოლიციო უბნებშიც „დაასაქმებენ“, სადაც მიმღების ფუნქცია დაეკისრება.

მოქალაქეებს რობოტ პოლიციელთან ჯარიმების გადახდის საშუალება ექნებათ. გარდა ამისა, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება ძარცვაზე და სხვა არასამრთლებრივ ქმედებაზე პოლიციაში განაცხადების შეტანა. რა თქმა უნდა, რობოტი ფორმალობებსაც თავად შეასრულებს და საჭირო საბუთებსაც შეავსებს, რის შემდეგაც მათ უბანს დისტანციურად გადაუგზავნის.

2020 წელს დუბაის პოლიციაში მუშაობას მობილური რობოტები დაიწყებენ. სავარაუდოდ, ეს „ექსპო 2020 დუბაის“ გახსნამდე მოხდება. უფრო მოგვიანებით, ქალაქში პირველი, სრულად რობოტიზებული საპოლიციო უბანი დაიწყებს მუშაობას. მას მთლიანად რობოტები გააკონტროლებენ. ოღონდ, რობოტ პოლიციელებს ჯერჯერობით არ დაეკისრებათ ეჭვმიტანილების დაკავება. ამ საქმისთვის, უფრო განვითარებული რობოტების შექმნა იქნება საჭირო, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სისტემებით და კარგად განვითარებული კიდურებით აღიჭურვებიან.

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

,,Ford-ი” პირველ უკაბელო პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას 2016 წლის ავტომობილებში იყენებს

Ford Motor Co- მა პარასკევს განაცხადა, რომ უკაბელო პროგრამული უზრუნველყოფის განახლება 2016 წლის ავტომობილებში გამოიყენა.

კომპანიის ინფორმაციით, Sync 3-ით აღჭურვილ 2016 წლის ავტომობილებს Android Auto-სა და Apple CarPlay- ს უკაბელო პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით დაამატებს.

Sync 3-ის უახლესი განახლება, Ford- ის ინტერაქტიული სენსორული სისტემა, Wi-Fi-ს გამოყენებით  უკაბელო განახლებით განხორციელდება.

უკაბელო სისტემა პირველად 2015 წელს Tesla Inc- მა გამოიყენა. ამის შემდეგ კი ტრადიციულმა ავტომწარმოებლებმა ნელ-ნელა დაიწყეს ახალი ტექნოლოგიის დანერგვას.

დღემდე ავტომწარმოებლებს უკაბელო სისტემა უსაფრთხოების სისტემებისთვის არ გამოუყენებიათ.

კლიენტებს ასევე შეუძლიათ მიიღონ განახლება თავიანთი დილერებისა და USB დრაივის ტრადიციული საშუალებების გამოყენებით, განაცხადა Ford-მა.

Android Auto და Apple CarPlay Alphabet’s Google-ის და Apple Inc-ის ოპერაციული სისტემებია, რომლებიც მძღოლებს საშუალებას აძლევს თავიანთი სმარტფონები   მანქანების ტორპედოს შეუერთონ.

გარდა იმისა, რომ მომხმარებლებისთვის უფრო მოსახერხებელია, OTA ხელს უწყობს დანახარჯების შემცირებას, ვინაიდან საგარანტიო სარემონტო საკითხებისა და მისი გაუქმების ძირითადი პროცენტის  შესწორება OTA-ს საშულებითაა შესაძლებელი.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოტექნოლოგიები

,,VRZ Torment-ი” – ქართული თამაში საერთაშორისო სადისტრიბუციო პლატფორმაზეა

 

“VRZ:Torment-ი“ ქართული თამაშია ვირტუალურ რეალობაში, რომელიც ცოტა ხნის წინ თამაშების საერთაშორისო სადისტრიბუციო პლატფორმაზე –,,Steam-ზეც“ გახდა ხელმისაწვდომი  და დღეს უკვე საკმაოდ ბევრი ერთგული მოთამაშე ჰყავს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ჩვენ აღნიშნული VRთამაშის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელსა და დირექტორს – ირაკლი ქოქრაშვილს გავესაუბრეთ.

კომპანიამ ,,VRZ Torment-ზე“ მუშაობა გასულ წელს დაიწყო და თავდაპირველად მხოლოდ სამუშაოთი გადაღლილი გუნდის წევრების განტვირთვის საშუალებას წარმოადგენდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თამაში საკმაოდ სახალისო გამოდგა, გადაწყვიტეს თამაშების მსოფლიოში ყველაზე დიდი სადისტრიბუციო პლატფორმისთვის შეეთავაზებინათ, დადებითმა პასუხმაც არ დააყოვნა და მალე მისი შეძენა ,,Steam-ზეც“ გახდა ხელმისაწვდომი.

თამაში არის ე.წ. Sandbox-ის ტიპის და მასში მთავარია არა მიზანი, არამედ თუ რა გზით მიაღწევს მოთამაშე მიზნამდე, როგორც ირაკლი აღნიშნავს, ინტერნეტში უკვე მრავალი ვიდეოა გავრცელებული იმის შესახებ, თუ როგორ გადიან VRZ-ს მოთამაშეები და მათ მიერ შერჩეული პრობლემის გადაწყვეტის ხერხი  მაინც ყოველთვის საინტერესოა.

ტრადიციულად, თამაშის მიმდინარე ვერსიაშიც წარმოდგენლია ე.წ. გეიმერებისთვის საყვარელი 20-მდე სახეობის კლასიკური თუ სხვა ტიპის საბრძოლო იარაღი. მოთამაშეს შეუძლია მოწინააღმდეგე გაყინოს ან სახიფათო ზონაში მიიტყუოს სპეციალური ბიოლოგიური ყუმბარის გამოყენებით. აგრეთვე, ჩვეულებრივი “Story“ რეჟიმის გარდა VRZ-ში არის ე.წ. არკადა რეჟიმიც, სადაც მოთამაშემ მაქსიმალურად დიდხანს უნდა გაუძლოს მოწინააღმდეგეების შემოტევებს. ასევე, მასში განთავსებულია იარაღების პოლიგონიც, სადაც შესაძლებელია იარაღების დატესტვა და ისეთი მინითამაშების თამაში, როგორიცაა, მაგალითად, იხვებზე ნადირობა.

ვირტუალური რეალობის თამაშებში დღემდე პრობლემად რჩება ე.წ. ლოკომოუშენი, რაც გულისხმობს ვირტუალურ სამყაროში დიდ მანძილზე გადაადგილებას, იმ ვითარებაში, როცა რეალურად ადგილზე ვდგავართ ან შეზღუდულ არეალში გვიწევს მოძრაობა, გუნდმა ამ შემთხვევაშიც საკუთარი გზა აირჩია აღნიშნავს ირაკლი – ,,ჩვენი თამაში მხარს უჭერს ლოკომოუშენის 6 სხვადასხვა მეთოდს, ყველაზე გავრცელებული „ტელეპორტის“ მეთოდიდან დაწყებული, ჩვენ მიერ გამოგონილი ,,Click-n-point-ის“ მეთოდით დასრულებული, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ მეთოდის საშუალებით მოთამაშეს შეუძლია მიუთითოს მიმართულება და ვირტუალური პერსონაჟიც მოთამაშის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ნელი და თანაბარი ტემპით გადაადგილდება მიზნისაკენ, რაც განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ მიუჩვეველია ვირტუალურ რეალობაში თამაშს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მომხმარებელი ამ მეთოდის VR-ის ლოკომოუშენის სტანდარტად დანერგვასაც კი ითხოვდა“.

,,VRZ:Torment-მდე“ კომპანიამ შექმნა რამდენიმე არაკომერციული, თუმცა საკმაოდ წარმატებული VRპროექტი, მაგალითად, წლინახევრის წინ გუნდმა მონაწილეობა მიიღო ,,Leap Motion-ის“ 3D Jam-ში, სადაც მსოფლიოს 1900-ზე მეტი დეველოპერი და სტუდია მონაწილეობდა, მათ აქ მეორე ადგილი მოიპოვეს თამაშით – ,,Warlock VR-ი”, მოგვიანებით კი, ამ თამაშის ქსელური ვერსიაც გაავრცელეს სახელწოდებით – “Warlock Battle“.

გუნდი ასევე ქმნის მობილურ თამაშებსაც და მათ უკვე აქვთ  30-ზე მეტი მსგავსი ფორმატის თამაშის ვერსიაც, მაგალითად, მათი ერთ-ერთი უახლესი მობილური და PCთამაშია –  “Pixel Fury 3D“, რომელსაც უკვე ჰყავს მილიონობით მომხმარებელი.  მაგრამ მათი პროდუქტი, ობიექტური მიზეზების გამო, საქართველოს ფარგლებს გარეთ უფროა ცნობილი, ვიდრე საქართველოში და კომერციული თვალსაზრისითაც უცხოური ბაზარი უფროა აქტიური ვიდრე ჩვენი, ირაკლი არსებული მდგომარეობის შესახებაც გვესაუბრა –,,ჯერჯერობით მსოფლიოშიც სულ 10 მილიონამდე მომხმარებელია, რომელსაც პირადად გააჩნია VRმოწყობილობები, რაც გაცილებით უმნიშვნელო რაოდენობაა PC და Console-ის მომხმარებლებთან შედარებით. ამიტომ, ძირითადი კომერციული შემოსავალი VRთამაშების მწარმოებლებისთვის არის ,,VR Arcade-ის“ ცენტრები, რომლებიც სოკოებივით მრავლდება აზიაში, ევროპასა და ამერიკაში. ჩვენდა სასიხარულოდ, საქართველოშიც ბოლო წლებში უკვე გაიხსნა რამდენიმე მსგავსი ტიპის დაწესებულება, მათ შორისაა  – ,,VR House-იც“.

საქართველოში VRთამაშის სფეროში კონკურენცია ნაკლებადაა, რადგან თამაშების 99% საერთაშორისო ბაზრისთვის იქმნება, თუმცა ქართული თამაშების ინდუსტრიის ყველაზე დიდი პრობლემად ირაკლი კვალიფიციური კადრების დეფიციტს ასახელებს და იმედოვნებს, რომ მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ შეიცვლება.

დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ თამაშის ოფიციალურ ტრეილერს:

 

 

 

თამაშის საიტი:

http://www.vrzgame.com

თამაშის ბმული Steam-ზე:

http://store.steampowered.com/app/484350/VRZ_Torment

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

მფრინავი ავტომობილი ავტოშოუზე გამოჩნდა

საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიები საერთო პროექტებზე იშვიათად მუშაობენ და როცა მათ საერთო ინტერესები უჩნდებათ, მათი ერთობლივი ქმნილება გაოცებას იწვევს. სწორედ ამის თქმა შეიძლება იტალიურ კომპანიაიტალდიზაინისადა ევროპულ აეროკოსმოსურ კონსორციუმეარბასისერთობლივ კონცეპტუალურ პროექტზე, სახელადპოპ.აპ“ (Pop.Up), რომელიც მათ ჟენევის მოტორშოუზე წარადგინეს.

აპარატი იმითაა საინტერესო, რომ გადაადგილებას შეუძლია როგორც ჰაერში, ასევე გზაზე. ამისთვის მას აქვს ორი ელექტრული ამძრავი მოდული და ერთიც სამგზავრო კაფსულა. აპარატის მთავარი ნაწილი არის სამგზავრო კაფსულა, რომელიც ორ ადამიანზეა გათვლილი. ის კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. კაფსულის სიგრძე 2.6 მეტრია, სიგანე 1.4 მეტრი, სიმაღლე კი – 1.5 მეტრი.

ფრენის მოდული დრონის ტიპის კვადროკოპტერია, რომელსაც ოთხი წყვილი პროპელერი აქვს. თითო წყვილში ხრახნები საპირისპირო მიმართულებით ბრუნავენ. საჰაერო მოდული კაბინას სახურავით იმაგრებს და ვერტიკალურად აფრენის უნარი გააჩნია. საგზაო მოდული წარმოადგენს ელექტრულ პლატფორმას, რომელზეც კაბინა ძირით მაგრდება. საფრენი და საგზაო მოდულები ელემენტების საკუთარი ბლოკებითაა აღჭურვილი.

კაბინა აღჭურვილია მგზავრებთან კავშირის ციფრული სისტემით, რომელიც აპარატის განსხვავებულ რეჟიმებს თავად ირჩევს. მთავარია მის პროგრამაში დანიშნულების ადგილის შეყვანა. ის თავად განსაზღვრავს ოპტიმალურ მარშრუტს, გადაწყვეტს ჰაერით მგზავრობა სჯობს, თუ გზით და შესაბამის მოდულს „გამოიძახებს“. მასთან მიმაგრებაც ავტომატურად ხდება. ის მოდული კი, რომელიც საჭირო არაა, თავად დაუბრუნდება სადგომს, სადაც თავისი ელემენტების დამუხტვას გააგრძელებს.„პოპ.აპ-ის“ აგებულება იმის საშუალებას იძლევა, რომ საგზაო და საფრენი მოდულები, სხვადასხვა კაბინებმა გამოიყენონ. ისინი ქარშეარინგის პრინციპით იმუშავებენ.

მარშრუტის შედგენისას კი ითვალისწინებენ გზებზე არსებულ სიტუაციას, ამინდს და სხვა ინფორმაციას, რომლებსაც სხვა მსგავსი აპარატებისგან ღებულობენ.საგზაო მოდული ორი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 80 ცხენის ძალაა. 15-წუთიანი დამუხტვა საკმარისია იმისათვის, რომ მისი მეშვეობით, 130 კილომეტრი გაიაროთ. მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-ია. საჰაერო მოდულის ძრავების ჯამური სიმძლავრე 182 ცხენის ძალას აღწევს. მისი ელემენტების ბლოკიც 15 წუთში იმუხტება, რაც 100 კილომეტრის სიშორეზე საფრენად არის საკმარისი.გამოფენაზე პროექტის ავტორებს არაფერი უთქვამთ იმაზე, აპირებენ თუ არა „პოპ.აპ-ის“ წარმოებას. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს და საშუალოვადიან პერსპექტივაში, მსგავსი მფრინავი მანქანის ბაზარზე გამოჩენა მოსალოდნელი არ არის.

 

წყარო: Bpn.ge

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიასაქართველო

სტარტაპი „თრიფექსი“ და ,,ბია” ბორჯომის ტყის აღსადგენად

დროთა განმავლობაში ადამიანის ბუნებრივი გარემო გარდაიქმნა, ეს შეუქცევად პროცესად იქცა და კვლავაც გრძელდება. მწვავე პრობლემად რჩება ტყეების გაკაფვა, რომლის შედეგადაც ირღვევა ეკოსისტემები, ნადგურდება ქარსაცავი ზონები და, ზოგადად, ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი. ეს, ჩვეულებრივ, წინაპირობაა როგორც სტიქიური უბედურებებისა, აგრეთვე, სხვადასხვა უარყოფითი ფაქტორის გამოწვევისა. ატმოსფერული დაბინძურების მთავარი „შემოქმედნი“, როგორც წესი,  ადამიანები არიან. ჯანსაღი ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად მათი გაერთიანება და ტყის ხელოვნურად აღდგენა გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესია. სწორედ ამისთვის შეიქმნა სტარტაპი „თრიფექსი“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის გაერთიანებას უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. კომპანიის დამფუძნებლები არიან ბაჩო ხაჩიძე და ლაშა კვანტალიანი.

„თრიფექსი“ მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპია. როგორც ფიზიკურ პირებს, აგრეთვე, ბიზნესკომპანიებს შეუძლიათ შეიძინონ ხე სპეციალური აპლიკაციით. ფიზიკურ პირებს ეძლევათ საშუალება, რომ გაახარონ საყვარელი ადამიანები, დაარქვან ხეს სახელი, ხოლო კომპანიებისთვის არაჩვეულებრივი გზაა სოციალური პასუხისმგებლობის დასაფიქსირებლად. ხის ფასია 10 ლარი. შეკვეთის შემდეგ რეინჯერები დარგავენ ხეებს. აპლიკაციით შეგიძლიათ ნახოთ ხის გეოგრაფიული მდებარეობა, ფოტო და კოორდინატები, დააკვირდეთ როგორ იზრდება ხე, რამდენი ჟაგბადი გამოიმუშავა და რამდენი ნახშირორჟანგი შთანთქა.

„აღნიშნულ სტარტაპზე მუშაობა დავიწყეთ წელიწად-ნახევრის წინ. ამ პერიოდში კონცეფცია რამდენჯერმე შეიცვალა, დაიხვეწა და დღეს გვაქვს „თრიფექსი“ამ სახით. ეს არის გლობალური პროექტი და სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე ხეების დარგვას. ამჟამად დაწყებულია ბორჯომის ტერიტორიის სრული აღდგენა, ჩვენი პარტნიორები არიან ბიზნეს საინფორმაციიო სააგენტო (ბია) და ეროვნული სატყეო სააგენტო. უკვე დაირგო 25000-მდე ხე და ეს რიცხვი მზარდია. ჩართულია 150-მდე კომპანია. გვსურს, რომ მცირე დროში დავრგოთ 750000 ხე“ – აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი – ბაჩო ხაჩიძე.

ამ ეტაპზე კომპანიამ გადაწყვიტა, გააერთიანოს საზოგადოება ბორჯომის ტყის გადასარჩენად.  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა მაღალი ეკოლოგიური ღირებულების წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარული 950 ჰექტარი ტყის მასივი. კამპანიის მთავარი მიზანია, რომ სრულიად აღადგინოს ბორჯომის ტყე, ამისთვის კი თითოეული ადამიანის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. საზოგადოებას ხის დარგვა შეუძლია  ვებგვერდ aghadgine.ge-ის საშუალებით.

„როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის გლობალური პროექტი, შესაბამისად, გვინდა, რომ გავცდეთ საზღვრებს. სამომავლოდ გადავალთ ნიუ-იორკში, რათა განვავითაროთ კომპანია და ჩავრთოთ მეტი ადამიანი“ – აღნიშნავს ბაჩო ხაჩიძე.

რაც შეეხება ხის სახეობებს, ამ მიმართულებით ჩართულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. ამჟამად ბორჯომის ტერიტორიაზე ირგვება შემდეგი სახეობის ხეები: მაღალმთის მუხა, კავკასიური ფიჭვი, მაღალმთისა და მინდვრის ნეკერჩხლები. „დოქტრინა“ მოგიწოდებთ, რომ შეუერთდეთ აღნიშნულ პროექტს ბორჯომის ტყის გადასარჩენად.

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 72 73 74 75 76 90
Page 74 of 90