close

საქართველოში პარკინგის პრობლემა კვლავაც მოუგვარებელი რჩება, მანქანების რიცხვი მუდმივად იზრდება, ავტოპარკი ქალაქში ვეღარ ეტევა, შესაბამისად, საჭიროა ისეთი ღონისძიების გატარება, რომელიც აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს. სტარტაპი  – „ავტომობილების პარკირება ვერტიკალურ სივრცეში“ –  სულ მალე ამოქმედდება. „დოქტრინა“ ესაუბრა სტარტაპის ერთ-ერთ ინიციატორს, შპს „რევერსის“ დირექტორს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ მალხაზ ცისკარიშვილს.

-საიდან გაჩნდა სტარტაპის იდეა?

-ეს პრობლემა დღეს მეტად აქტუალური გახდა, თუმცა მე ჯერ კიდევ  30 წლის წინ მინდოდა, შემექმნა პარკირების სისტემა. მე და სერგო ჯორბენაძემ ერთობლივად დავიწყეთ მუშაობა, რათა განხორციელებულიყო აღნიშნული იდეა. მას შემდეგ, რაც პატენტი მივიღეთ, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ნახაზები და მივსულიყავით ვაგონმშენებელ ქარხანაში, სადაც დაგვეხმარნენ კონსტრუქტორები. ნახევარწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ მივიღეთ საცდელი ნიმუში, ახლა უკვე ვმუშაობთ დეტალებზე, რათა გავაუმჯობესოთ, დავხვეწოთ სხვადასხვა დეტალი.

სმარტპარკინგის სისტემებს ვაკეთებთ ელექტროვაგონმშენებელ კომპანიაში, ჰოლდინგის მეპატრონის – ბადრი წილოსანისა და გენერალური დირექტორის – გურამ რატიანის თანადგომითა და ქარხნის ადმინისტრაციის ხელშეწყობით.

-როგორ ზემოქმედებას ახდენს გაჩერებული ავტომობილები  ქუჩების გამტარუნარიანობაზე?

-ქუჩაში გაჩერებული ავტომობილები ამცირებენ ისედაც ვიწრო ქუჩის გამტარუნარიანობას, ქმნიან ხელოვნურ საცობებს, რის გამოც ავტომობილები მთელი დროის განმავლობაში მუშაობენ დაუმყარებულ რეჟიმზე, რაც:

ა) ორჯერ ზრდის საწვავის ხარჯს.

ბ) ოთხჯერ ზრდის გამობოლქვილ აირებში ტოქსიკურ (მომწამლავ) ნივთიერებებს.

გ) ავტომობილების თავშეყრის ადგილებში, პიკის საათებში, შვიდჯერ იზრდება ჰაერის დანაგვიანება. აქ იგულისხმება მძიმე მეტალების (ტყვია, ქრომი, ფოსფორი, ბრომი) მტვრიანობა, ჭვარტლი და სხვა მექანიკური მინარევები.

დ) ხშირია ავტომობილების გარე ნაწილების მცირე დაზიანებები. მაგალითად, მანევრირებისას ვერ ჩაეტია რადიუსში და გაუსვა; წამოედო და სარკე მოტეხა.

ე) გახშირებულია ამ ფონზე კონფლიქტები, უსიამოვნებები, გაუთვალისწინებელი ხარჯები და სხვა.

ავტომობილის დაუმყარებელ რეჟიმზე მუშაობისას გამონაბოლქვი აირები შეიცავს 200-ზე მეტ სხვადასხვა მომწამლავი ნივთიერების მინარევებს, რის გამოც დიდ ქალაქებში გაზრდილია სასუნთქი გზებისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები. საქართველოს არცერთი ქალაქის ქუჩა არ არის გათვლილი დღეისთვის არსებული რაოდენობის ავტომობილების გასატარებლად. განსაკუთრებით დიდია პრობლემაა თბილისში. ქუჩების უმრავლესობა გასული საუკუნის შუა პერიოდშია ფორმირებული, როცა პერსპექტიული გეგმარებითაც კი შეუძლებელი იყო ავტომობილების ამ რაოდენობის წარმოდგენა. ცნობისათვის, 1980–იანი წლებისთვის საქარველოში აღირიცხებოდა სულ 320000 ავტომობილი, დღეს მარტო თბილისში მოძრაობს 540.000-მდე ავტომობილი, ხოლო საქართველოში საერთო რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. ავტომობილების ეს რაოდენობა ერთ საათში მოიხმარს იმდენივე ჟანგბადს, რასაც მოიხმარდა 100 მილიონი ადამიანი ერთ წელიწადში. პრობლემა მეტად სერიოზულია და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას.

-რა გამოსავალს ხედავთ აღნიშნული რთული მდგომარეობიდან?

-ერთადერთი გამოსავალი ავტომობილების მოქნილი პარკირების ანუ სმარტპარკინგის სისტემის დანერგვაშია. სმარტპარკინგი ავტომობილების ისეთ პარკირებას გულისხმობს, რომელიც:

  • არ არის სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილიდან შორს.
  • პარკირებისთვის არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას.
  • არ იკავებს დიდ ფართობს.
  • არის ადვილად ასაწყობი და დასაშლელი.
  • ზრდის ფართობის დატვირთვის კოეფიციენტს.

-რამხელა ადგილს იკავებს კონსტრუქცია?

-ასეთი ტიპის ავტოფარეხები მიწის ზედაპირზე იკავებებს მცირე ადგილს, დაახლოებით 20–30 კვ.მეტრს. ამ ფართობის მოძებნა ქალაქის ნებისმიერ გადატვირთულ უბანში შეიძლება. ფართობის დატვირთვის კოეფიციენტი 5–ზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ იმავე ფართზე 5–ჯერ მეტი ავტომობილის განთავსება შეგვიძლია. რაც იმის გარანტია იქნება, რომ 5–ჯერ გათავისუფლდება ქუჩები და ეზოები. ვფიქრობთ, რომ სმარტპარკინგები აუცილებელი  ატრიბუტია ჰიპერმარკეტებისათვის, ბაზრებისათვის, რესტორნებისათვის (განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრში), საავადმყოფოებთან, უნივერსიტეტებთან და მერიასთან. მისი ყველაზე დიდი უპირატესობა შემდეგია:

  1. ადვილად იშლება და იწყობა.
  2.  იკავებს მცირე ადგილს.
  3.  მოსახერხებელია სამუშაო ადგილთან მიმართებაში.
  4.  ავტომობილის პარკირება მთლიანად ავტომატიზებულია.
  5.  მაღალია ტექნიკური საიმედობა.
  6.  აქვს მსუბუქი კონსტრუქცია და სასიამოვნო დიზაინი.
  7.  საჭიროებს სულ 30 კვ.მეტრს.
  8.  იაფი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ავტომფლობელისთვის.

ავტომობილების პარკირების არსებული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით ჩვენი სამეცნიერო ჯგუფის მიერ შემუშავებული და დაპატენტებულია სმარტპარკინგის რამდენიმე ვარიანტი, ფაქტობრივად, სრულყოფილად მოვიცავთ თბილისის რელიეფს.

სმარტპარკინგის სისტემა არის ვერტიკალურ ავტოფარეხების სასიცოცხლო გარემო. ჩვენ ამ ტიპის ავტოფარეხები წარმოვადგინეთ სამ ვარიანტში:

  • ვერტიკალური-მიწისზედა.
  • ვერტიკალური-მიწისქვეშა.
  • ვერტიკალურ-ჰორიზონტალური.

-როდის გამოჩნდება ვერტიკალური საპარკინგზე კონსტრუქციები ქალაქში?

-უკვე 20-მდე შეკვეთა გვაქვს, ამჟამად პასუხს ველით მერიისგან. როგორც კი აღნიშნული დეტალები დასრულდება, დავიწყებთ კონსტრუქციების დამონტაჟებას. ჩემი ოცნებაა სამეცნიერო-საკონსტრუქტორო ბიუროს გაკეთება და ქვეყნის სამანქანათმშენებლო მრეწველობის აღორძინება, გვაქვს ბევრი გამოგონება და, ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია, ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა, თუკი, რასაკვირველია, მოგვცემენ ამის შესაძლებლობას.

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld