close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

ჩერნობილთან ტყის ხანძრის გამო კიევი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად იქცა

უკრაინის დედაქალაქი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქი გახდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია საერთაშორისო პორტალ iqair-ზე დაყრდნობით წერს, რომელიც ჰაერის დაბინძრებას რეალურ დროში აფიქსირებს.

არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძრის შედეგად წამოსული კვამლი გახდა, რომელმაც კიევი სმოგით დაფარა. კიევში ჰაერის დაბინძურების ინდექსი 246 პუნქტს შეადგენს, მაშინ როცა ნორმა 50 პუნქტია. ამასთან, ქალაქის ჩრდილოეთით ეს მაჩვენებელი 318-მდე გაიზარდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

აღმოჩენილია დედამიწის ზომის პლანეტა, რომელიც სავარაუდოდ, ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას

ნასას პლანეტებზე მონადირე ტელესკოპი კეპლერი უკვე მკვდარია, მაგრამ მისი აღმოჩენები ჯერ არ დასრულებულა.

კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მისია ნასამ 2018 წლის ნოემბერში დაასრულა, მაგრამ მის მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზი დღემდე გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი ანალიზის დროს, მეცნიერებმა მონაცემებში ნამდვილი განძი იპოვეს — დედამიწის ზომის პლანეტა, რომელიც შესაძლოა, სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვისაც ხელსაყრელი იყოს.

ეგზოპლანეტას კეპლერ-1649c უწოდეს და ის გარს უვლის ჩვენგან 300 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წითელ ჯუჯა ვარსკვლავს. ერთ გარშემოვლას პლანეტა 19,5 დღეს ანდომებს, მაგრამ მდებარეობს დედავარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში, ანუ მისგან ისეთ მანძილზე, რომ ტემპერატურა ხელსაყრელია პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის შესანარჩუნებლად. იმის გამო, რომ წითელი ჯუჯები მკრთალი ვარსკვლავებია, სასიცოცხლო ზონაც მათთან საკმაოდ ახლოს არის.

„ეს დამაინტრიგებელი, შორეული პლანეტა კიდევ უფრო დიდ იმედს გვაძლევს, რომ სადღაც, ვარსკვლავებს შორის ნამდვილად არსებობს მეორე დედამიწა, რომელიც აღმოჩენას ელოდება“, — ამბობს განცხადებაში ნასას სამეცნიერო მისიათა დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი თომას ზურბუკენი.

კეპლერი პლანეტებს ე. წ. ტრანზიტის მეთოდით ეძებდა, ანუ ვარსკვლავთა სინათლეში აკვირდებოდა ოდნავ ჩაბნელებებს, რაც გამოწვეულია ვარსკვლავსა და ტელესკოპს შორის პლანეტის ჩავლით. კეპლერი ამ ყველაფერს ორ ფაზაში აკეთებდა — პირველი, ძირითადი მისია 2013 წელს დასრულდა, შემდეგ კი დაიწყო მეორე, დამატებითი მისია, სახელად K2, რომელიც 2018 წლის ბოლოს საწვავის მარაგის ამოწურვის გამო შეწყდა.

ორივე კამპანია ძლიერ წარმატებული იყო. ამ დროისათვის დადასტურებული 4100 ეგზოპლანეტიდან ორი-მესამედი სწორედ კეპლერის აღმოჩენილია. როგორც ხომალდის მიერ ჩატარებული დაკვირვებები მიუთითებს, ირმის ნახტომის 200 მილიარდზე მეტი ვარსკვლავის 20-25 პროცენტს სასიცოცხლო ზონაში აქვს კლდოვანი პლანეტები. ეს კი საკმაოდ ზრდის სადმე სიცოცხლის არსებობის პოტენციალს.

კეპლერის მიერ შეგროვებულ მონაცემთა უზარმაზარი ბაზის დამუშავებას ასტრონომები კიდევ რამდენიმე წელს მოანდომებენ. ზოგიერთი ანალიზის ჩატარება ორჯერ არის საჭირო, რადგან მუდმივად უმჯობესდება პროგრამული უზრუნველყოფა და ახალს შეუძლია შენიშნოს ვარსკვლავთა ისეთი ჩაბნელებები, რაც შეიძლება ძველმა სისტემამ ვერ აღიქვა, ანდაც პირიქით. ასეთი შემთხვევები კი კეპლერის მონაცემებში მრავლადაა, რადგან ვარსკვლავის სიკაშკაშის ჩაბნელება მის გარშემო მოძრავი პლანეტის გარდა ბევრ სხვა რამესაც შეუძლია.

ასეთი შემთხვევების შესასწავლად, ნასამ მკვლევართა სპეციალური ჯგუფიც შექმნა. სწორედ მათ დაადგინეს, რომ წინა კვლევებისას პლანეტა კეპლერ-1649c გამორჩენილი იყო.
კეპლერ-1649c თითქმის დედამიწის ზომისაა, არის ჩვენს პლანეტაზე 1,06-ჯერ დიდი და თავის ვარსკვლავიდან იღებს იმ ენერგიის 75 პროცენტს, რასაც დედამიწა მზისგან. ასეთ მახასიათებელთა კომბინაციის გამო, ეს პლანეტა მართლაც განსაკუთრებულია.

„არის სხვა ეგზოპლანეტებიც, რომელთა ზომაც ახლოს არის დედამიწის ზომასთან, მაგალითად, TRAPPIST-1f და ტიგარდენ c. ზოგიერთი კი ჩვენს პლანეტასთან ახლოს არის ტემპერატურის თვალსაზრისით, მაგალითად, TRAPPIST-1d და TOI 700d. თუმცა, ჯერ არ ვიცით სასიცოცხლო ზონაში მდებარე სხვა პლანეტა, რომელიც დედამიწასთან ერთდროულად ამ ორივე მახასიათებლით იქნება ახლოს“, — წერს ნასა განცხადებაში.

კეპლერ-1649c-ს ჰყავს მეზობელი პლანეტაც, სახელად კეპლერ-1649b, რომელიც წითელ ჯუჯა ვარსკვლავსა და კეპლერ-1649c-ს შორის მოძრაობს და შესაბამისად, ზედმეტად ცხელი უნდა იყოს და შესაბამისად, სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის არახელსაყრელი.

კეპლერ-1649c-ის სიცოცხლისუნარიანობის შანსები შესასწავლია. მაგალითად, ასტრონომებმა ჯერ არაფერი იციან მისი ატმოსფეროს, შემადგენლობისა და ჰაერის სისქის შესახებ; ეს ყველაფერი კი ძლიერ არის დაკავშირებული მის ტემპერატურასთან და ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნების უნართან. გარდა ამისა, წითელი ჯუჯა ვარსკვლავებს ახასიათებთ ხშირი, მძლავრი ამოფრქვევები, განსაკუთრებით ახალგაზრდობისას და შესაბამისად, სასიცოცხლო ზონაში მდებარე პლანეტებმა ასეთი ამოფრქვევების გამო შეიძლება ატმოსფერო ძალიან სწრაფად დაკარგონ.

ამავე დროს, წითელი ჯუჯები ვარსკვლავის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია. ისინი ირმის ნახტომის ვარსკვლავური პოპულაციის დაახლოებით 70 პროცენტს შეადგენს. შესაბამისად, ადვილი და საკმაოდ მაცდუნებელია წარმოვიდგონოთ, რომ სულ მცირე რამდენიმე წითელ ჯუჯასთან მაინც იყოს პლანეტა დედამიწის მსგავსი, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემოთი.

„რაც უფრო მეტ მონაცემს ვიღებთ, მით უფრო მეტად ვხედავთ, რომ სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი და დედამიწის ზომის პლანეტები ამ ტიპის ვარსკვლავთა გარშემო მრავლად არის. ჩვენს გალაქტიკაში წითელი ჯუჯები თითქმის ყველგანაა და მათ გარშემო მოძრავი ასეთი პატარა, პოტენციურად სასიცოცხლო, კლდოვანი პლანეტები კიდევ უფრო ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ რომელიმე მათგანი მაინც იყოს ჩვენი დედამიწის მსგავსი“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტეხასის უნივერსიტეტის ასტრონომი ენდრიუ ვანდერბურგი.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და pace.com-ის მიხედვით.

წყარო : 1tv.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

„შემოქმედის სვეტები“ ინფრაწითელი ეფექტით – 5700 სინათლის წლით დაშორებული ნისლეულის ფოტო

NASA-ს მეცნიერებმა ჰაბლის ტელესკოპიდან გადაღებული ერთ-ერთი ცნობილი ფოტო ახლიდან დაამუშავეს. ეს არის „შემოქმედის სვეტების“ (Pillars of Creation) გამოსახულება. სვეტები არწივის ნისლეულში (Eagle Nebula) მდებარეობს და ის ჩვენგან, დაახლოებით, 5,700 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. ფოტო 1995 წელს გადაიღეს, შემდეგ კი ის ინფრაწითელი გამოსხივების დახმარებით განაახლეს.

გამოსახულება აქამდე ადამიანის თვალისთვის აღქმად ელექტრომაგნიტურ სპექტრს მოიცავდა. ცნობილია, რომ ადამიანის თვალს რადიაციის მხოლოდ მცირე ნაწილის აღქმა შეუძლია. ინფრაწითელი ეფექტის დახმარებით კი, ნისლეულში გაზის და მტვერის დანახვა უფრო თვალსაჩინოდ გახდა შესაძლებელი, ისევე, როგორც გამოიკვეთა და უფრო კაშკაშა გახდა ნისლეულში ახლად დაბადებული ვარსკვლავები.

ახალი გამოსახულება ჰაბლის ტელესკოპის გაშვების 25 წლისთავის აღსანიშნავად შეადგინეს. ეს იყო 2014 წელს, ხოლო 2015 წელს ის ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების შეხვედრაზე წარადგინეს. ფოტო NASA-ს ვებგვერდზე 2020 წლის 6 აპრილს გამოქვეყნდა და საერთაშორისო მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია.

წყარო : marketer.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ, NASA-მ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები გაუშვა.

პანდემიის პირობებში NASA-მ საერთასორისო კოსმოსურ სადგურზე 3 ასტრონავტი გაუშვა. BBC-ის ცნობით, მისია ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ განხორციელდა. მისია წარმატებით შედგა.

ეკიპაჟის წევრები კოსმოსურ სადგურში გაფრენამდე ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ კიდევ ერთი მისიის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ეკიპაჟის სხვა წევრები 17 აპრილს უნდა დაბრუნდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეკოლოგია

არქტიკის თავზე ოზონის შრეში რეკორდული ზომის ხვრელი გაიხსნა

ევროპული კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ არქტიკის თავზე ოზონის შრეში რეკორდული ზომის ხვრელი გაიხსნა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ხვრელი ამ თვის ბოლოს გაქრება, თუმცა მისი ჩამოყალიბება იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტა საგანგაშო მდგომარეობაშია. ამის შესახებ Science Alert-ი წერს.

ოზონის შრის შეთხელება პლანეტის პოლარულ ნაწილებში ყოველ წელს ხდება, თუმცაა მიმდინარე წელს ოზონის ხვრელი ჩვეულებრივზე დიდი აღმოჩნდა. მეცნიერების განმარტებით, ამის მიზეზი სტრატოსფეროში არატიპურად დაბალი ტემპერატურა გახდა.

ოზონის შრე აირის ბუნებრივი დამცავი ფენაა სტრატოსფეროში, რომელიც პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეს მზის მავნე ულტრაიისფერი რადიაციისგან იცავს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეკოლოგიაკვლევები

ოზონის ხვრელის დაპატარავებამ სამხრეთ ნახევარსფეროს ჰაერის ცირკულირებაზე დადებითად იმოქმედა

ანტარქტიდის თავზე ოზონის ფენა უკვე იმდენად აღდგა, რომ შეჩერდა სამხრეთ ნახევარსფეროს ატმოსფეროში მიმდინარე მრავალი შემაშფოთებელი ცვლილება. ამისათვის მადლობა მთელ მსოფლიოს ეკუთვნის, კაცობრიობის ერთობლივ ძალისხმევას.

ახალი კვლევის მიხედვით, ამ პროცესის შეჩერებისა და უკუქცევის მიზეზი უნდა იყოს მონრეალის პროტოკოლი – 1987 წელს მიღებული შეთანხმება ოზონის გამანადგურებელი ნივთიერებების წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ჩვენი პლანეტის პოლუსების თავზე, ძალიან მაღლა, მორევივით ბრუნავს ჰაერის სწრაფი დინებები, რომლებსაც ჭავლურ ნაკადებს უწოდებენ. 21-ე საუკუნის დადგომამდე, სამხრეთ პოლუსის თავზე ოზონი გამოილია და იქაური ჭავლური ნაკადი უჩვეულოდ სამხრეთით გადასწია. შედეგად, შეიცვალა ნალექების მახასიათებლები და ოკეანის დინებები.

თუმცა, მონრეალის პროტოკოლის გაფორმების შემდეგ, ჰაერის ეს მიგრაცია უეცრად შეჩერდა. საინტერესოა, იყო თუ არა უბრალო დამთხვევა?

მოდელებისა და კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით, მეცნიერებმა ახლახან დაადგინეს, რომ მოძრაობის ასეთი შეჩერება მხოლოდ ქარებში მომხდარი ბუნებრივი ძვრების შედეგი არ ყოფილა. ჭავლური ნაკადის შორს გადაადგილების უეცარ შეჩერებას მხოლოდ ოზონის ცვლილება ხსნის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ პროცესზე დიდი გავლენა იქონია მონრეალის პროტოკოლმა, ჭავლური ნაკადის სამხრეთით მიგრაცია შეჩერდა და ოდნავ უკუიქცა კიდეც, რაც მეტად სასიხარულო ამბავია.

ჭავლური ნაკადის ცვლილების გავლენა ძალიან დიდი იყო სამხრეთ ნახევარსფეროზე. მაგალითად, ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროებთან შემცირდა ნალექების რაოდენობა და გაიზარდა გვალვების რისკი.

თუმცა, ზეიმი შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ოზონის გამანადგურებელი ნივთიერებების წარმოების შეწყვეტამ ოზონს ასე თუ ისე აღდგენის საშუალება მისცა, საგრძნობლად იზრდება ნახშირორჟანგის დონე და მთელ ამ პროგრესს რისკის ქვეშ აყენებს.

გასულ წელს, ანტარქტიდის ოზონის ხვრელი 1982 წლის შემდეგ ყველაზე მეტად დაპატარავდა, მაგრამ პრობლემა ჯერ გადაჭრილი არ არის და ამ მაჩვენებლის მიზეზი გარკვეულწილად იყოს უჩვეულოდ ზომიერი ტემპერატურა ატმოსფეროს ამ ზედა ფენაში.

გარდა ამისა, ბოლო წლებში, მონრეალის შეთანხმების დარღვევით სამხრეთ ჩინეთის ინდუსტრიული რეგიონებიდან კვლავ გამოჩნდა ოზონის გამანადგურებელი ქიმიური ნივთიერებების ტალღა.

„ამ პროცესს ჩვენ პაუზას ვუწოდებთ, რადგან პოლუსებისკენ მიმართული ცირკულაციის ტენდენცია შეიძლება დასრულდეს, გაბრტყელდეს ან უკუიქცეს. ეს გახლლავთ ომი ოზონის აღდგენისა და მომატებული სათბურის აირების ეფექტებს შორის, რამაც უნდა განსაზღვროს სამომავლო ტენდენცია“, — ამბობს კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის ატმოსფეროს ქიმიკოსი ანტარა ბანერხეე.

მონრეალის პროტოკოლი ნათელი დასტურია იმისა, რომ თუ ჩვენ ვიმოქმედებთ გლობალურად და დაუყოვნებლივ, შეგვიძლია შევაჩეროთ და უკუვაქციოთ კიდეც ის საფრთხეები, რომლებიც ჩვენვე გამოვიწვიეთ.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია colorado.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო : 1tv.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ტელესკოპის საშუალებით მზის უპრეცედენტოდ დეტალური ფოტოები გადაიღეს

ახალი ძლიერი ტელესკოპის საშუალებით, რომელიც  მაუიში, ჰავაიზე ვულკან ჰალეაკალას თავზე მდებარეობს, მზის უპრეცედენტოდ დეტალური გამოსახულება გადაიღეს.

აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დენიელ კეი ინოუეს მზის ტელესკოპი, რომლის საშუალებითაც გამოსახულებები მიიღეს, მზის დონიდან 3,000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ძირითადი სარკის დიამეტრი ოთხი მეტრია.

საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტის „მზის ეროვნული ობსერვატორიის“ განცხადებით, ტელესკოპი მეცნიერებს მზისა და მის დედამიწაზე ზემოქმედების შესწავლაში დიდ დახმარებას გაუწევს.

გამოსახულებაში ჩანს , რომ მზე, რომელიც დედამიწისგან 93 მილიონი მილით არის დაშორებული, ტურბულენტური, „მდუღარე“ გაზითაა დაფარული.

უჯრედების მსგავს სტრუქტურებში ჩანს ცხელი პლაზმა, რომელიც მაღლა იწევს, შემდეგ კი ცივდება და უჯრედების გამყოფ ბნელ ხაზებში იძირება. გამოსახულებაზე მაგნიტური ველების მარკერებიც ჩანს.

მეცნიერების განმარტებით, მზეზე მიმდინარე მაგნიტურ ამოფრქვევებს თანამგზავრების განადგურება, GPS-ის მწყობრიდან გამოყვანა, საჰაერო მიმოსვლის შეფერხება და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება შეუძლია. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მზის მოქმედების, ანუ „კოსმოსური ამინდის“ შესწავლა მათ დედამიწაზე მოსალოდნელი პრობლემების წინასწარ პროგნოზირებაში დაეხმარება.

„ტელესკოპი დაგვეხმარება იმის ახსნაში, თუ რა ახდენს ზეგავლენას კოსმოსურ ამინდზე, ამინდის სპეციალისტებს კი მზის ქარიშხლების პროგნოზირებაში დაეხმარება,“ – აცხადებს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ფრანს კორდოვა.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

„ნასას“ რობოტმა დაადგინა, რომ მარსზე მიწისძვრები ხშირად ხდება

„ნასას“ რობოტმა „ინსაითმა“ დაადგინა, რომ მარსი სეისმურად აქტიური პლანეტაა და მასზე მიწისძვრები ხშირად ხდება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც „ინსაითი“ 2018 წლის ნოემბერში წითელი პლანეტის გამოსაკვლევად მის ზედაპირზე დაეშვა,  კოსმოსურმა ხომალდმა მარსის ზედაპირზე 450 მიწისძვრა დააფიქსირა, რომელთა უმეტესობა სუსტი იყო.

მარსის სეისმური აქტივობის დაფიქსირება ხომალდის სეისმომეტრის საშუალებით განხორციელდა.

მკვლევარებმა მარსზე დაფიქსირებული მიწისძვრების სიმძლავრე გაზომეს და ყველაზე ძლიერი 4 მაგნიტუდის სიმძლავრის აღმოჩნდა.

„ინსაითის“ საშუალებით ასევე დადგინდა ისიც, რომ მარსის გეოლოგიური დინამიკა დედამიწისგან განსხავებულია. ჩვენი პლანეტის ქერქი დაყოფილია ფირფიტებად, მარსს კი მსგავსი ფირფიტების ტექტონიკური გეოლოგია არ გააჩნია.

კიდევ ერთი სიახლე, რაც „ნასას“ რობოტმა „წითელი პლანეტის“ შესახებ გაარკვია ისაა, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც რობოტი მდებარეობს, მარსს, დედამიწისგან განსხვავებით, არა გლობალური, არამედ ლოკალური მაგნიტური ველი აქვს.

„ნასას“ რობოტი მარსზე რჩება და პლანეტის ატმოსფეროს კვლევას განაგრძობს.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მარსის ყველაზე დეტალური პანორამა ისტორიაში

NASA-მ მარსის ყველაზე დეტალური პანორამა გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Space ავრცელებს.

პანორამა 1200-ზე მეტი ფოტოსგან შედგება, მისი გაფართოება კი 1,8 მილიარდი პიქსელია. მარსმავალ Curiosity-ის მიერ გადაღებულ პანორამაზე შარპის მთის ფერდობი ჩანს.

პანორამის შესაქმნელად Curiosity-ის მიერ 2019 წლის 24 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გადაღებული ფოტოებია გამოყენებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

შორეული გალაქტიკიდან მომავალ რადიოსიგნალებში მეცნიერებმა კანონზომიერება შენიშნეს

კორნელის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კანადაში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა შორეული გალაქტიკიდან დედამიწისკენ მომავალ სწრაფ რადიოსიგნალებში, ისტორიაში პირველად, კანონზომიერება გამოავლინა. მათი განცხადებით, სიგნალები 16.35-დღიანი შუალედით მეორდება.

სწრაფი რადიოსიგნალი, რომელსაც სახელად FRB 180916.J0158+65 უწოდეს, სპირალური გალაქტიკიდან მოდის. ის ჩვენი პლანეტიდან 500 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული.

2018 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 30 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, კანადური რადიოტელესკოპის CHIME საშუალებით, მეცნიერებმა სწრაფი რადიოსიგნალების 28 ციკლი აღრიცხეს. სიგნალი 4 დღის განმავლობაში, დაახლოებით საათში ერთხელ ფიქსირდებოდა. 12-დღიანი პაუზის შემდეგ კი, ციკლი თავიდან იწყებოდა.

“იმის ცოდნა, რომ ჩვენ მიერ მიღებული სწრაფი რადიოსიგნალები 16,35-დღიანი პერიოდულობით მეორდება, შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მათი წარმოშობის წყაროს დასადგენად” – აღნიშნავენ მეცნიერები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 26 27 28 29 30 54
Page 28 of 54