close

პოლიტიკა

ოლიტიკა

სომხეთის არჩევანი: ძალაუფლებას მოწყურებული პრეზიდენტი და პოპულისტი მილიარდერი?

image-20170329-8553-2fpnyh

2 აპრილს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რითაც ქვეყანა ოფიციალურად გადაერთვება ნახევრადსაპრეზიდენტოდან, საპარლამენტო პოლიტიკურ სისტემაზე.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტიურობამ 60%-ს მიაღწია. ხმათა უმრავლესობა, დაახლოებით 49,15 %  და 55 ადგილი 105-დან პარლამენტში, მიიღო მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელსაც სათავეში პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი უდგას. მეორე ადგილზე გავიდა მემარჯვენე-ცენტრისტული და პრორუსული პარტია, რომლის ლიდერი ოლიგარქი – გაგიკ ცარუკიანია.

პოლიტიკური სისტემის ცვლილებისათვის კონსტიტუციური რეფერენდუმი სომხეთში 2015 წლის დეკემბერში ჩატარდა. პროცესი დასრულდება 2018 წლის აპრილში, როდესაც ამჟამინდელ პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს, მოუწევს პოსტის დატოვება. აღმასრულებელი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს გადაეცემა, რომელსაც თავად პარლამენტი დანიშნავს. მსგავსი ცვლილებებით სომხეთი ძირეულად განსხვავდება პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნებისაგან, რომელთა უმეტესობასაც ძლიერი  საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა აქვს.

თუმცა, კრიტიკოსების აზრით, სომხეთის სადავო ტრანზიცია პარლამენტარიზმისაკენ, უფრო მეტად უკავშირდება პოლიტიკური ელიტების სურვილს, შეინარჩუნონ ძალაუფლება, ვიდრე დემოკრატიზაციის პროცესებს, იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციური რეფორმა თავად პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ინიცირებული იყო, რათა თავი აერიდებინა კონსტიტუციით გათვალისწინებული მანამდე არსებული  შეზღუდვისთვის, რომლის მიხედვითაც, მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი დაკარგავდა ძალაუფლებას.

ახალი კონსტიტუცია კი მას ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს:  გახდეს პრემიერ-მინისტრი, დანიშნოს „მემკვიდრე“, თავად კი გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა, როგორც მმართველი პარტიისა და ქვეყნის ლიდერმა. მსგავსი მექანიზმები არ არის უჩვეულო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში. მაგალითად, აზერბაიჯანისთვის, რომლის პრეზიდენტმა კონტიტუციური რეფორმა გაატარა საპრეზიდენტო ვადის გასახანგრძლივებლად.

რაც შეეხება მეორე პარტიას, ხმათა 28%-ით, მისი ლიდერია მილიარდერი გაგიკ ცარუკიანი, რომელსაც სომხეთში რესპუბლიკური პარტიისა და სერჟ სარქისიანის ალტერნატივად მოიაზრებენ. ბიზნესმენმა გავლენა და მოსახლეობის დიდი ნაწილის კეთილგანწყობის მოპოვება საქველმოქმედო აქტივობებით შეძლო, რასაც აქტიურად აშუქებდა და პროპაგანდირებდა სომხური მედიაც.

ცარუკიანს ხშირად ადარებენ უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს – დონალდ ტრამპსაც. სხვა ბევრ მიზეზს შორის, ერთ-ერთია მათი მდიდურული ცხოვრების სტილი და პოპულისტური რიტორიკა, დაპირებები „ყველაფერი ყველასთვის” სტილში. ცარუკიანიც, სხვადასხვა შეფასებით, თავის თავს საზოგადოების, სომხეთის მოქალაქეების ადამიანად აღიქვამს და როგორც თავად უწოდებს თავს, ის უბრალო ადამიანია „მუშათა ოჯახიდან“, რომელსაც არ აქვს ჰარვარდის დიპლომი.

წინასწარი მონაცემებით, ცარუკიანი ლიდერობდა კიდეც, რადგან გაუარესებული და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, მას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა სომხეთის მოსახლეობის მხრიდან. ამიტომაც, კრიტიკოსები სერჟ სარქისიანს ადანაშაულებენ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში, რათა მოესყიდათ პოტენციური ამომრჩევლები, ძირითადად, საჯარო სექტორიდან, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი უფრო მოწყვლადნი იყვნენ შანტაჟის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო შეფასებით არჩევნები, ზოგადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, ხაზი ესმება მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტებს, რამაც მნიშვნელოვნად შეუქმნა საფრთხე არჩევნების სანდოობასა და სამართლიანობას.

მხოლოდ დსთ-ის სადამკვირვებლო კომისია აფასებს სომხეთის არჩევნებს დადებით კონტექსტში: „გარემოებებმა, რომელშიც არჩევნები მიმდინარეობდა, გადაარჭაბა დასავლური ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც თავად ცდილობენ გვასწავლონ როგორ უნდა მოხდეს არჩევნების ორგანიზება,“- აღნიშნავს სერგეი ლებედევი, კომისიის ხელმძღვანელი.

,,დოქტრინა“ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის” გამგეობის წევრს, ტატო ირემაძეს დაუკავშირდა, რომელიც თავად იმყოფებოდა სომხეთში არჩევნების დროს და საშუალება ჰქონდა პირდაპირ შეეფასებინა არსებული მდგომარეობა.

„უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია არჩევნების მიმდინარეობა სხვადასხვა უბანზე. იმის გათვალისწინებით, რომ მე, პირადად, ერევნის 2 ოლქში (#10,#7) ვაკვირდებოდი არჩევნების მიმდინარეობას, შეიძლება ითქვას, რომ, დიდწილად, პროცესი მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა. თუმცა, იკვეთებოდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა -საუბნო საარჩევნო კომისიის მხრიდან დარღვევებზე რეაგირების უგულებელყოფა და იგნორირება (რამდენიმე ამომრჩევლის ერთად კაბინაში ყოფნა, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა, რიგების არასწორი გადანაწილება და ა.შ). რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ეუთოს შეფასებაზე, რომელმაც გააკრიტიკა პროცესის სანდოობა. მათი აზრით, გამოვლინდა ამომრჩევლებზე ზეწოლისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეგზიტპოლის პირველადი შედეგები თითქმის უცვლელად დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რაც გარკვეულ კითხვებს ბადებს. რესპუბლიკური პარტიის გამარჯვება და მმართველ ძალად თითქმის იგივე შემადგენლობის უცვლელად დატოვება, ასევე, არ უნდა იყოს პოზიტიური პროცესი პროგრესისთვის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნებით. ამას ემატება ხმათა 27,39%-ით მეორე ადგილზე „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი კოალიციური პარტნიორის, მემარჯვენე-ცენტრისტული ალიანსის გასვლა, რომელსაც ოლიგარქი – გაგიკ ცარუკიანი – ხელმძღვანელობს. მართალია, მანდატები მოიპოვეს და 5%-იანი ბარიერი გადალახეს ნახევრად პროდასავლურმა პარტიებმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, („ელკი“ და “დაშნაკ ცუტუნი“), თუმცა, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც ზემოაღნიშნული 2 პარტიის პირველ და მეორე ადგილებზე გასვლას გულისხმობს, მათ რამდენად ექნებათ „პოლიტიკური ტრიბუნა“ სომხეთის პოლიტიკურ და სოციალურ რეალობაში, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება“.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

ავტორი: ცირა შვანგირაძე

სრულად ნახვა
ოლიტიკა

რა შედეგი აქვს პროტესტს პუტინის რუსეთში?

17619085_1627468037293926_1722299340_n

25 მარტს, კვირას, რუსეთის 80 ქალაქში ათასობით ადამიანი შეიკრიბა რუსეთის ხელისუფლებაში კორუფციის მაღალი დონის გასაპროტესტებლად, მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა დემონსტრაციაში მონაწილეობა სამართალდარღვევად გამოაცხადა. მიიჩნევა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი დემონსტრაცია 2012 წლის შემდეგ, მიმართული ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ.

მასობრივი პროტესტის მთავარი მიზეზი გახლდათ ოპოზიციური ლიდერისა და ხელისუფლების ყველაზე მწვავე კრიტიკოსის – ალექსანდრე ნავალნის 50-წუთიანი ფილმი, სადაც, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, გამოაშკარავებულია რუსეთის პრემიერ-მინისტრის – დიმიტრი მედვედევის კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობა.  ვიდეო 2 მარტს გამოჩნდა სოციალურ ქსელებში და  13 მილიონამდე ნახვა ჰქონდა სულ რამდენიმე დღეში. ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთის მდიდარ პოლიტიკურ ელიტას ხედავენ, როგორც კორუფციულ კლასს, მაშინ, როცა, მოქალაქეთა უმეტესობას უწევს რთულ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2016 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, რუსეთი 174-დან 131-ე ადგილზეა, 100 ქულიდან კი 29 აქვს, სადაც 0 ქულა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს საჯარო სექტორი მოსახლეობის მიერ აღქმულია, როგორც „ძალიან კორუმპირებული“.

რა მოიმოქმედა კრემლმა?

დემონსტრაციის საწყის ეტაპზე, კრემლმა დუმილი არჩია. სახელმწიფო ტელევიზიას არ გაუშუქებია კვირის გამოსვლები. კრემლის პასუხი ამ ფაქტზე გახლდათ: „ჩვენ არ ვქმნით სამაუწყებლო პოლიტიკას, ტელეარხები თავად წყვეტენ, რა აჩვენონ მაყურებელს და რა არის  მნიშვნელოვანი. ინფორმაციის მიღების მრავალი საშუალება არსებობს. ამიტომ, არ არის სწორი, როდესაც ამბობენ, რომ  არსებობს რაიმე სახის ცენზურა ინფორმაციაზე“.

რუსული პოლიციის ცნობით, მხოლოდ მოსკოვში, შეიკრიბა 7000-მდე ადამიანი. ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა არ აღემატებოდა 500-ს, თუმცა ოპოზიცის წევრები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ მოსკოვში, პოლიციამ აიყვანა 700-დან 1000 კაცამდე. 17 წლის დენის კორნეევი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს: „გამოვედი, რათა გავაპროტესტო კორუფცია და მსურს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხონ ნავალნის ფილმში წარმოდგენილ ბრალდებებს.“

ხელისუფლების წარმომადგენლებს – პუტინს, მედვედევსა და სხვებს, არ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება მომავალში, ამიტომ, კრემლის სტრატეგია, თუ როგორ აპირებს აჯანყებულ მოსახლეობასთან გამკლავებას, უცნობია.  წინა წლების გამოცდილების მიხედვით კი, დემონსტრაციებში მონაწილე მოქალაქეების წინააღმდეგ დამსჯელობითი ზომები მიიღება. 2014 წელს ამოქმედებული კანონის მიხედვით კი, არასანქცირებული საპროტესტო გამოსვლები ისჯება 15 დღით ციხეში მოთავსებით, უკიდურეს შემთხვევაში კი, 5 წლით თავისუფლების აღკვეთით.

რა როლი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებს?

ოპოზიციონერმა ალექსანდრე ნავალნმა, დემონსტრაციების დაწყებამდე განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. არჩევნებში, რომელშიც ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ  შეეცდება ახალი ვადით პრეზიდენტობის მოპოვებას.  თუმცა, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, კრიმინალურ საქმიანობაში ეჭვმიტანილ პირებს არ აქვთ უფლება, საჯარო სამსახურისთვის იყარონ კენჭი.  ნავალნი 15 დღით ჩასვეს ციხეში მასობრივი პროტესტის ორგანიზაებაში გაწეული როლისთვის, შესაბამისად, ის დისკვალიფიცირდა.

რუსეთის ოპოზიციური ძალები წლების განმავლობაში ებრძვიან რუსეთის ხელისუფლებას, თუმცა შეზღუდული საშუალებებით. თავისუფალი მედიის უმეტესობა ან დაიხურა, ან მათი ნაციონალიზაცია მოხდა. შესაბამისად, მათ, ვისაც სურთ კრემლის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯები გადადგან, არ აქვთ შესაბამისი პლატფორმა მხარდამჭერებამდე ინფორმაციის მისატანად. ამას გარდა, კრემლის კრიტიკოსები განიცდიან ზეწოლას. მათ ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა ან სიკვდილიც კი. მაგალითად, ბორის ნემცოვი, რომელიც 2015 წელს მოსკოვში მოკლეს, ან დეპუტატი დენის ვორონენკოვი, რომელსაც კიევში, უკრაინაში სასტუმროს წინ ესროლეს.

რუსეთის ოპოზიცია ხშირად განიხილება, როგორც დასვლური ღირებულებების  მქონე ელიტარული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ფენომენი. თუმცა, უკანასკნელ საპროტესტო გამოსვლებს განსხვავებული ხასიათი ჰქონდა – ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ  არა ელიტის წარმომადგენლები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები რუსეთის შორეული ნაწილებიდანაც კი, მაგალითად, ციმბირიდან.

„ალექსანდრე ნავალმა გააერთიანა მსგავსი შეხედულების ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან რუსეთის ხელისუფლებას, მე ცოტა შეშინებული ვარ, თუმცა ყველას რომ სახელმწიფოს შიში ჰქონდეს, არავინ გამოვიდოდა ქუჩაში,“– ამბობს დემონსტრაციის 19 წლის მონაწილე.

საპროტესტო აქციების მასშტაბებისა და გამოწვეული რეაქციების მიუხედავად, ექპერტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს მოვლენები ვერ მოახდენენ ფუნდამენტურ გავლენას ხელისუფლების ქმედებებსა და საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის უპირობო ლიდერი, ოფიციალური მონაცემებით, ვლადიმერ პუტინია, 80%-იანი რეიტინგით.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ოლიტიკა

პრინცი დავითის საჩუქარი ბრიტანეთის დედოფალს და ,,მასხრად“ წოდებული დიდგვაროვანი

17619072_1418792078187772_2047323245_n

 პრინც დავით ბაგრატიონის სტუმრობამ ბრიტანეთში და მის მიერ დედოფლისთვის მიძღვნილმა საცერემონიო მოსართავმა ორაზროვნება გამოიწვია სამეფოში. მის ამ საქციელს  ინგლისური ,,DailyMail-ი“ გამოეხმაურა, რომელმაც პრინცს ,,მასხარაც“ კი უწოდა, ,,დოქტრინა“ გაგაცნობთ თუ რა შეფასებები მოჰყვა ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენლის ზემოთაღნიშნულ საქციელს.

პრინცმა დავითმა ბრიტანეთის დედოფალს ოქროს საცერემონიო მოსართავი მიართვა, ერთი შეხედვით ეს არის გულუხვი საჩუქარი ერთი სამეფო ოჯახის მხრიდან მეორესადმი, მაგრამ დედოფლის საზეიმო ცერემონიალის ეს ნაწილი პროტოკოლის საუკუნეების მანძილზე უპრეცედენტო დარღვევად მიიჩნიეს, რამაც შეშფოთება გამოიწვია ბრიტანეთის სამეფოში. საჩუქარი წარმოადგინა არა უცხო სახელმწიფოს მეთაურმა, როგორც ამას ტრადიცია კარნახობს, არამედ  პრინცმა დავითმა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს  საქართველოს ტახტზე, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ერს 1810 წლიდან უკვე აღარ ჰყოლია მეფე.

პრინცი დავითი საჩუქრის გადასაცემად მარტის დასაწყისში ესტუმრა კენსინგტონის სასახლეს, სადაც გლოსესტერის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ  დედოფლის სახელით მიიღეს ის. ბუკინგემის სასახლესა და საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტს მწვავე გამოხმაურება არ მოჰყოლია და ის ბუნებრივ ქმედებადაც მიიჩნიეს, მაგრამ სოციალურ მედიაში აღნიშნული ტრადიციის დარღვევამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ამის შესახებ გამოჩენილმა ისტორიკოსმა – ჰიუგო უიკერსმაც – ისაუბრა.

გამოცემა დაინტერესდა თვითონ პრინცი დავითის ისტორიითაც და აღნიშნა, რომ ის საკუთარ თავს საქართველოს ტახტის კანონიერ მემკვიდრედ  და ევროპაში ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტიის წევრად მიიჩნევს, რომელსაც დასაბამი ბიბლიური მეფის, დავითის, დროიდან დაედო. გამოცემას არ გამორჩენია მისი პირადი ცხოვრებაც, ,,პრინცი დავითი, რომლის სახელიც დაკავშირებულია ,,Playboy-ს” ერთ-ერთ მოდელ და ეროტიკულ ტელეწამყვნათან  – შორენა ბეგაშვილთან, დიდი პატივით მოიხსენიება ევროპის მასშტაბით, რამდენადაც  არისტოკრატიის წევრად და რელიგიურ ფიგურად მიიჩნევენ,” – აღნიშნულია გამოცემაში.

ბატონმა უიკერსმა აღნიშნა, რომ დედოფალი, როგორც წესი, მხოლოდ  სახელმწიფოს მეთაურების თხოვნებსა და სამშვენისებს იღებს, იქნება ეს მეფე თუ პრეზიდენტი და ეს ყოველივე ყოველთვის დაკავშირებულია მათ საზეიმო სტუმრობასთან. მისი აზრით, ამ საქციელმა შესაძლოა ბიძგი მისცეს სხვადასხვა ტახტის დიდი რაოდენობით პრეტენდენტს, რომელსაც სურს დედოფალს პატივი სცეს. ,,დედოფლისთვის საჩუქრის გადასაცემად უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ ადამიანები ამას, როგორც წესი, საკუთარი მიზნებისთვის აკეთებენ და არა მისთვის.  დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერს მოჰყვება გარკვეული შედეგები და მოსაზრებები. არ მიმაჩნია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა გააჩნია, მაგრამ თუ კი არ არსებობს რაიმე კარგი მიზეზი, რომ დედოფალი საჩუქარს დასთანხმებოდა, ეს ფაქტი სასირცხვილოა,”- აღნიშნა უიკერსმა.

ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლების განცხადებით კი, საჩუქარი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ გადაიცა, რასაც დაუმატეს ისიც, რომ  – ,, ეს ფაქტი შეესაბამებოდა ნორმალურ პროცესებს და საქართველოს მთავრობაც მხარს უჭერდა მას. მეორე მხარემ კი საჩუქარი მიიღო ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობის გასამყარებლად”.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ოლიტიკა

გაძლიერდება თუ არა ევროკავშირში პოპულისტური ტალღა?

ევროკავშირი

ევროკავშირში გაძლიერებულმა პოპულისტურმა მოძრაობებმა და ულტრამემარჯვენე პარტიებმა უკვე დატოვა თავისი კვალი ევროპულ პოლიტიკურ გარემოზე, განსაკუთრებით, „ბრექსიტის“ შემდეგ.  2017 წელი, არჩევნებით გერმანიასა და საფრანგეთში, შესაძლოა გარდამტეხ მომენტად იქცეს ევროკავშირის მომავლისათვის. ერთ თვეში საფრანგეთს ახალი პრეზიდენტი ეყოლება, გერმანიას კი – ახალი პარლამენტი. ნიდერლანდების სამეფოს 15 მარტის არჩევნების შედეგებმა კი, სადაც ანტიმუსლიმური, ევროსკეპტიკი და მემარჯვენე პარტიის კანდიდატი – გირტ ვაილდერი – „ნიდერლანდელი დონალდ ტრამპი“, რომელიც მოითხოვდა, რომ ნიდერლანდებს დაეტოვებინა ევროკავშირი, დაეხურათ მეჩეთები და აეკრძალათ ყურანი ქვეყნის მასშტაბით – დამარცხდა, შესაძლოა გარკვეული გავლენა იქონიოს ზემოთხსენებულ ორ ქვეყანაში დაგეგმილ მომავალ არჩევნებზე.

სამგზის გამარჯვებულმა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა თავადვე დააკავშირა ერთმანეთს ეს მოვლენები და აღნიშნა: „ნიდერლანდების არჩევნები მეოთხედ-ფინალი იყო, სადაც პოპულიზმი დამარცხდა“. საფრანგეთის ნახევარფინალია, გერმანიისა კი ფინალი. თუმცა, ნაციონალისტური და ევროსკეპტიკური პარტიები ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

საფრანგეთი

არჩევნების პირველი რაუნდი 23 აპრილს გაიმართება. ტერორისტული თავდასხმებისა და  ახლო აღმოსავლეთიდან დევნილების მიგრაციის პარალელურად, მარი ლე პენი – საფრანგეთოს ეროვნული ფრონტის ლიდერი, აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებს და საპრეზიდენტო კანდიდატი ხდება, რომელიც ნაციონალისტური საჯარო განცხადებებით გამოირჩევა: „ ეს მსოფლიო მოძრაობაა. მოძრაობა, რომელიც უარს ამბობს გლობალიზაციაზე, დესტრუქციულ ულტრალიბერალიზმზე, ნაციონალური სახელმწიფოების განადგურებასა და საზღვრების გაქრობაზე“ და ფიქრობს რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ – ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობების დამყარება მსოფლიო მშვიდობის საწინდარი იქნება.

გერმანია

გერმანიის ანტიიმიგრაციული პარტია-ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) 2013 წელს შეიქმნა, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია გასულ წელს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში. მთავარი გამყოფი ხაზი დაპირისპირებულ მხარეებს შორის გერმანიის საიმიგრაციო პოლიტიკაა და ანგელა მერკერის გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც, 2015-2016 წლებში გერმანიაში 1,5 მილიონზე მეტი მიგრანტი მიიღეს.

წინასწარი მონაცემების მიხედვით, პარტია – „ალტერნატივა გერმანიისთვის“  -მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია 15 %-დან 10%-მდე წინა თვეებთან შედარებით. წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო კვირების განმავლობაში, მათ მხარდაჭრთა თითქმის მესამედი დაკარგეს.

მსგავსი სიტუაციაა საფრანგეთშიც: გამოკითხვების მიხედვით, არჩევნების პირველი ტურის ფავორიტად დიდი ხნის განმავლობაში მარინ ლე პენი მიიჩნეოდა. თუმცა, ბოლო მონაცემებმა ცხადყო, რომ ნაციონალისტი – ლე პენი –  ვეღარ ინარჩუნებს პირველობას.

თუმცა, განსხვავებული მოსაზრებით, ნიდერლანდების არჩევნებში პოპულიზმის დამარცხება მხოლოდ ილუზიაა, იმის გათვალისწინებით, რომ ვაილდერსის პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში 20 ადგილი მიიღო 150-დან, რითაც მისი წარმომადგენლობითობა სამჯერ გაზარდა წინა წლებთან შედარებით.

საზოგადოების ნაწილი უფრო რეალისტურად უყურებს ამ საკითხს და მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დასრულდება მომავალი არჩევნები საფრანგეთსა და გერმანიაში, ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნებისთვის საფრთხე მაინც იარსებებს, რადგან უკვე ფართოდ მოედო ევროპის კონტინენტს მემარჯვენე-პოპულისტური შეხედულებები, რომელიც, ამავე დროს, ნორმალიზებული ხდება თავად პოლიტიკური სისტემის მიერ.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
სოფლიოოლიტიკა

ადამიანის უფლებების დარღვევევის პრაქტიკა ჩრდილოეთ კორეაში და ბრძოლა ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ

north korea

2014 წელს გამართულ „One Young World”-ის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეული გოგონა-იეონმი პარკი, რომელმაც ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრების ისტორია საზოგადოებას გაუზიარა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოების უმეტესობამ ის მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაიცნო, ბოლო წლებია, გოგონა აქტიურად იბრძვის ჩრდილოეთ კორეის შესახებ საზოგადოებაში თვითშეგნების ამაღლებისთვის: „აი, ამიტომ ვარ აქ და ამიტომ ვყვები ჩემი ცხოვრების ისტორიას, რადგან ხალხი ვერ აანალიზებს რა ხდება ადამიანების თავს ჩრდილოეთ კორეაში“- განაცხადა მან. თუმცა, ის პირველი არ არის, ვინც ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევას და შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ  ბრძოლას იწყებს. ჰიენსეო ლიც 17 წლის ასაკში გაიქცა და თავი ჩინეთს შეაფარა, სადაც 7-ჯერ შეიცვალა სახელი. ლიმ გამოსცა მემუარები- „გოგონა 7 სახელით“, რომელიც აღწერს ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევასა და შემდეგ ცხოვრების 12-წლიან ისტორიას.  სამხრეთ კორეის ხელისუფლების ცნობებით, 2016 წლის ბოლოს, ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულთა რაოდენობამ 30 000-ს მიაღწია.

ტოტალიტარულ ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეებს არ აქვთ ინტერნეტი, მხატვრული ლიტერატურა, საერთაშორისო ზარების განხორციელების უფლება. ისევე, როგორც მათ არ შეუძლიათ იმღერონ, ჩაიცვან ის, რაც სურთ და უფრო მეტიც, იფიქრონ თავისუფლად. როდესაც გამოქცეულ გოგონას ჰკითხეს, თუ რომელი იყო მისი საყვარელი ფერი, მან  გაუაზრებლად უპასუხა-წითელი,დიქტატორის რეჟიმის ფერი. ჩრდილოეთ კორეელებს უფლება აქვთ მოისმინონ ან უყურონ მხოლოდ იმ მედია საშუალებებს, რომელიც შექმნილია, ან სანქცირებულია თავად ხელისუფლების მიერ. ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია აღქმულია, როგორც სახელმწიფოებრივი საფრთხე. რეჟიმის შენარჩუნების სურვილის გათვალისწინებით, ეს ლოგიკურია, რადგან ნებისმიერი რამ გარე სამყაროდან, იქნება ეს სურათი თუ ხმა და იმის აღქმის შესაძლებლობა, თუ რამდენად განსხვავებულია მათი ცხოვრება გარე სამყაროსგან, უბიძგებს ადამიანებს თავადვე დაამსხვრიონ სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეული მითი და გაუჩნდეთ სურვილი, ან უფრო მეტიც, მოთხოვნა, რომ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. სწორედ ასე მოხდა გოგონას შემთხვევაშიც. მან უყურა კონტრაბანდულად მოპოვებულ ფილმს -„ტიტანიკი“ და მიხვდა, თუ რამდენად განსხვავდებოდა და შეზღუდული იყო მისი ცხოვრება გარე სამყაროსგან. შემდეგ ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევა სცადა.

ჩრდილოეთ კორეაში დღეს 105-ე წელია, ნაცვლად 2017-სა, რადგან კალენდარი ათვლას რევოლუციური ლიდერის დაბადებიდან- 1912 წლიდან იწყებს. არსებობს საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც არაოფიციალური მონაცემებით, 200 000-მდე ადამიანია დაპატიმრებული პოლიტიკური დანაშაულის გამო. მათი 40% შიმშილისა და მძიმე შრომისგან იღუპება. მართალია, არჩევნები ტარდება, თუმცა მხოლოდ ერთი არჩევანია, შესაბამისად, ხმების 100%-ს ისევ ლიდერი იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა, როგორც ბირთვული და ტოტალიტარული სახელმწიფო დღეს მიჩნეულია ერთ-ერთი ყველაზე დიდ საფრთხედ, ყველა თანხმდება, რომ პრობლემა სცდება მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკის საკითხს – „საზოგადოებამ არ იცის, როგორ იტანჯებიან ჩრდილოეთ კორეელები, ფაქტები ჩნდება მედიაში, მაგრამ მალევე მიეცემა დავიწყებას. ჩრდილოეთ კორეაში დღეს ტრაგედია ტრიალებს, გაიზიარე ისტორია.“

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
სოფლიოოლიტიკა

სტივენ ჰოკინგი ერთიანი მსოფლიო მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოდის

სტივენ ჰოკინგი
ბრიტანელმა ფიზიკოსმა და ასტროფიზიკოსი – ტივენ ჰოკინგმა ,,The Times-თან” საუბარში  მსოფლიო მთავრობის შექმნის იდეა წამოაყენა.
 ,,ამ ეტაპზე მსოფლიო ბიოლოგიური და ბირთვული ომების საფრთხის ქვეშაა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ევოლუციური მემკვიდრეობით გადმოსული აგრესიული ინსტინქტის, ლოგიკისა და საღი აზროვნების დახმარებით, კონტროლი”, – აღნიშნა მან.
ბრიტანელი მეცნიერის თქმით, თუკი კაცობრიობას სურს, რომ აგრესია მოსპოს, აუცილებელია ერთიანი მსოფლიო ხელისუფლების შექმნა, მაგრამ, აქვე ამატებს, რომ ამის მოხდენის შემთხვევაში, ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ დიქტატურა არ დამყარდება.

სტივენ ჰოკინგი ცნობილია თავისი სკანდალური განცხადებებით, იგი ხშირად საუბრობს მსოფლიოს აღსასრულსა თუ უცხოპლანეტელებზე. უმეტესად კი, იგი დიდი აფეთქების თეორიაზე მუშაობს და იკვლევს შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვან დეფორმაციას.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
სოფლიოოლიტიკა

ევროპარლამენტი აშშ-ის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დროებით გაუქმებას მოითხოვს

A British Union Jack flag and an European flag fly on the Amiens city hall during a a Franco-Britain summit in Amiens

2 მარტს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა ამერიკის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის დროებით შეჩერებას. კენჭისყრის შედეგებს არ აქვს სავალდებულო ხასიათი – გადამწყვეტი იქნება ევროკომისია-ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, რომელმაც უნდა გამოიტანოს დასკვნა, გახდება თუ არა ეს ინიციატივა სავალდებულო.

გაცხადებული მიზეზი, რამაც საკითხი წინა პლანზე წამოწია, არის ის, რომ ევროკავშირის წევრი უმეტესი ქვეყნის მოაქალეებს შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა აშშ-ში. თუმცა, ეს არ ვრცელდება ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, პოლონეთისა და რუმინეთის მოქალაქეებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი მოითხოვს თანასწორ დამოკიდებულებას მისი ყველა წევრი ქვეყნისა და მოქალაქის მიმართ, ეს გარემოება, ავტომატურად უბიძგებს მას დაიცვას იმ ადამიანთა უფლებები და მოითხოვოს შესაბამისი ზომების გატარება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირმა, ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში, შეატყობინა აშშ-ს, რომ ამ უკანასკნელის რეგულაციები არ მოდიოდა ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში და მისცა 2 წლის ვადა სავიზო პოლიტიკაში ცვლილებების შესატანად, რაც არ დაკმაყოფილდა.

მეორე მხრივ, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს ნაბიჯი, შესაძლოა იყოს აშშ-ის ახალი, 45-ე პრეზიდენტ-დონალდ ტრამპისადმი რეაქცია, რომელიც, მაგალითად, მხარდაჭერას უცხადებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების მომხრეებს. თავის მხრივ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებიც, საერთო პიზიციას იჭერდნენ ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ – აკრძალულიყო აშშ-ში გადაადგილება 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ასე რომ, მხარეთა დამოკიდებულებათა ცვლილება სხვა საკითხებშიც გამოიხატა.

პარლამენტის ამ რეკომენდაციის იმპლემენტაციასა და ამოქმედებას დასჭირდება ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა და სხვა ტექნიკური პროცესების გავლა. რაც, სავარაუდოდ, დიდ დროს მოითხოვს. თუმცა, საერთო ტენდენცია მაინც იკვეთება: ევროკავშირში არსებობს გარკვეული სახის გაღიზიანება აშშ-ის მიმართ, თუნდაც მისი მოქალქეებისადმი უთანასწორო დამოკიდებულების გამო. თავის მხრივ, აშშ-ს შეუძლია არგუმენტირებულად დაიცვას საკუთარი პოზიცია – რომ ევროკავშირი არის სუპრანაციონალური ორგანიზაცია და არა სუვერენული სახელმწიფო და რომ, აშშ-ის აქვს უფლება ნებისმიერ ინდივიდუალურ სახელმწიფოს წაუყენოს ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც კი ქვეყნის ინტერესებში შედის.

ამ საკითხში, მთავარი პრაგმატიზმია. აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკავშირს, საკუთარი ინტერესების გასატარებლად და ურთიერთობების დაძაბვაც გამოიწვიოს – თუკი საქმე აქამდე მივა. ორმხრივი სავაჭრო- პოლიტიკური ურთიერთობების, ტურისტების ნაკადისა და ისტორიული მეგობრული ურთიერთობების გათვაალისწინებით – მოვლენების მსგავსი განვითარებით, ორივე მხარე წააგებს.

წყარო: The Economist

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კოლოგიაოლიტიკა

ამერიკელი მეცნიერები აპრილში საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ

On Monday, January 9th, New York activist groups are joining

ამერიკელი მეცნიერები 22 აპრილს საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ.

მსვლელობის მონაწილეები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ „მეცნიერების უარყოფას“ გააპროტესტებენ.

აღსანიშნავია, რომ პროტესტს მხარს უჭერს ამერიკის მეცნიერების წინსვლის საზოგადოების ასოციაციაც (American Association for the Advancement of Science (AAAS)).

„ჩემი კარიერის განმავლობაში მსგავსი არაფერი მინახავს. მეცნიერების დასაცავად მთელი საზოგადოება გაერთიანდა,“ –  განაცხადა  ორგანიზაციის ხელმძღვანელმა – რაშ ჰოლთმა, ბოსტონში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე.

პრეზიდენტმა ტრამპმა გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოკლაჰომის შტატის მთავარი პროკურორი, სკოტ პრუიტი დანიშნა. პროტესტის ორგანიზატორები პრუიტს ნავთობისა და გაზის მრეწველობასთან ახლო კავშირში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ის კლიმატის ცვლილებებისგან გამოწვეული საფრთხეების მიმართ გულგრილია.

 „პროტესტი ნაწილობრივ განპირობებულია პრეზიდენტისა და მის მიერ დანიშნული პირების დამოკიდებულებისგან ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ბავშვების ვაქცინაცია. მაგრამ ჩვენი შეშფოთება ძირითადად გამოწვია იმან, რომ ახალი ადმინისტრაცია მოსვლის დღიდან მეცნიერების ჩახშობას ახორციელებს: სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნული პირებისგან ძალიან ცოტას თუ ესმის მეცნიერების, მეცნიერების  შესახებ ძალიან ცოტა კომენტარი კეთდება, თეთრ სახლში არ არსებობს მეცნიერების მრჩეველი,“ – განაცხადა რაშ ჰოლთმა.

დონალდ ტრამპმა კლიმატის ცვლილებას ჩინელების ეშმაკობა უწოდა და განაცხადა, რომ ვერანაირ კავშირს ვერ ხედავდა კლიმატის ცვლილებასა და ადამიანების ქმედებას შორის.  მან ასევე განაცხადა, რომ „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველაზე დიდი თაღლითობაა მედიცინის მთელი ისტორიის მანძილზე”, დონალდ ტრამპის თქმით, ვაქცინაცია უზარმაზარი ფულის გაკეთების საშუალებაა, ის ორგანიზმის იმუნიტეტს აქვეითებს და ამის შედეგად, ადამიანები ვირუსების მიმართ კიდევ უფრო დაუცველები ხდებიან.

 

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ოლიტიკააქართველო

,,Human Rights Watch-ი” 2016 წლის საქართველოს აფასებს

16229902_1352492888151025_387043044_o (1)

,,Human Rights Watch-ი”  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს კვლევას სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. გასული წლის ანგარიში საქართველოსაც შეეხო და  ჩვენი ქვეყნის მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა მოიცვა.

ორგანიზაციის განცხადებით, 8 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შეფასდა, როგორც კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული პროცესი, თუმცა საარჩევნო უბნების თითქმის ერთ-მესამედზე ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებსა და ძალადობრივ დაპირისპირებებს.

,,ევროკავშირისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად,  საქართველოში კვლავ გრძელდება ბრძოლა დისკრიმინაციასა და ანგარიშვალდებულებების გარშემო.  მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულებების არასათანადო კვლევამ  დღის წესრიგში დააყენა პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხიც.  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულებები პრობლემად რჩება, რადგან საქართველოს არ გააჩნია ეფექტური მექანიზმი მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების სათანადო კვლევისთვის. ამის ფონზე კი,  პარლამენტმა ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო  კანონი, რომელიც ითვალისწინებს დისკრიმინაციის აღმკვეთ  ღონისძიებებს, სხვადასხვა უმცირესობისა და  ქალთა უფლებების დარღვევის დროს,” – ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე.

ანგარიში შეეხო  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (,,საია”) მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის ნოემბრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის  სულ მცირე 62 შემთხვევა გამოვლინდა და მათგან 45  სამართალდამცავების მიერ ძალადობის ფაქტია. ,,საია”-ს განცხადებით, სახელმწიფომ ვერ შეძლო სათანადოდ გამოეკვლია ეს შემთხვევები. ანგარიშში ხაზგასმულია 22 წლის დემურ სტურუას თვითმკკვლელობის ფაქტიც და მის მიერ დატოვებულ საბრალდებო წერილი, რომელშიც გარდაცვლილი ამ ყველაფრის მიზეზად სამათალდამცავს ასახელებს.

ორგანიზაციის ყურადღება მიიქცია გასულ წელს წამოჭრილმა დავამაც იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა ქორწინება განსაზღვრული როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის და ასევე, გამოქვეყნდა არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” მიერ დაფიქსირებული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2016 წელს ტრანსგენდერებზე თავდასხმის 20-მდე შემთხევვა დაფიქსირდა.

,,Human Rights Watch-ის” ყურადღება მიიქცია სახელმწიფოს არაკონსტიტუციურ კანონმდებლობამ, რომელიც უშიშროების სამსახურს  აძლევს სატელეფონო საუბრებთან შეუზღუდავ წვდომას. ,,რუსთავი 2-ის” დავამ კი, რომელსაც უზენაესი სასამართლო განიხილავს, წარმოშვა კითხვები სახელმწიფოს მიერ მედიის საქმიანობაში  უხეში ჩარევის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ,,Human Rights Watch-ის” საკმაოდ ვრცელი საჯარო მოხსენება, საქართველოს გარდა, კიდევ 90-ზე მეტ ქვეყანას შეეხება და კრიტიკული თვალით დანახულ რეალობას აღწერს.

 

წყარო: http://hrw.org/

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ოლიტიკააქართველო

ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი დაამტკიცა

ვიზა

დღეს, 20 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან 13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.

შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას საქართველოში და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში 90-დღიანი ვადით უვიზო გამგაზვრებას, მათ ვინც  ისარგებლეს ამ შეღავათით კვლავაც ექნებათ იგივე შესაძლებლობა, მხოლოდ 180 დღის ინტერვალით.

,,ქართული მხარის მიერ გაწეული დიდი სამუშაოდან გამომდინარე, საბჭომ თვალსაჩინოდ ასახა უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის. პრეზიდიუმი მიიჩნევს რომ სწორია სანდო რეფორმების გატარება და მათი ხელშეწყობა,” – განაცხადა სლოვაკეთის მხარის წარმომადგენელმა, რობერტ კალინაკმა.

როგორც ცნობილია, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოთხოვნა კომისიაში 2016 წლის 9 მარტში შეიტანეს. კომისიის დადგენილებით ქვეყანას გააჩნია ყველა საჭირო კრიტერიუმი, რათა გათავისუფლდეს სავიზო ვალდებულებებისგან. ახლა კი, როცა შეთანხმება უკვე დადასტურდა  მუდმივი წარმომადგენლობითი კომიტეტის მიერ, რეგულაციები წარდგენილი იქნება ეუროპარლამენტის პირველ მოსმენაზე და მოგვიანებით თვითონ საბჭოს მის კანონში გასატარებლად.

 

წყარო:  http://www.eu2016.sk/en

მასალა მოამზადა: თამარ  დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 13 14 15 16
Page 15 of 16