close
ოლიტიკა

გაძლიერდება თუ არა ევროკავშირში პოპულისტური ტალღა?

ევროკავშირი

ევროკავშირში გაძლიერებულმა პოპულისტურმა მოძრაობებმა და ულტრამემარჯვენე პარტიებმა უკვე დატოვა თავისი კვალი ევროპულ პოლიტიკურ გარემოზე, განსაკუთრებით, „ბრექსიტის“ შემდეგ.  2017 წელი, არჩევნებით გერმანიასა და საფრანგეთში, შესაძლოა გარდამტეხ მომენტად იქცეს ევროკავშირის მომავლისათვის. ერთ თვეში საფრანგეთს ახალი პრეზიდენტი ეყოლება, გერმანიას კი – ახალი პარლამენტი. ნიდერლანდების სამეფოს 15 მარტის არჩევნების შედეგებმა კი, სადაც ანტიმუსლიმური, ევროსკეპტიკი და მემარჯვენე პარტიის კანდიდატი – გირტ ვაილდერი – „ნიდერლანდელი დონალდ ტრამპი“, რომელიც მოითხოვდა, რომ ნიდერლანდებს დაეტოვებინა ევროკავშირი, დაეხურათ მეჩეთები და აეკრძალათ ყურანი ქვეყნის მასშტაბით – დამარცხდა, შესაძლოა გარკვეული გავლენა იქონიოს ზემოთხსენებულ ორ ქვეყანაში დაგეგმილ მომავალ არჩევნებზე.

სამგზის გამარჯვებულმა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა თავადვე დააკავშირა ერთმანეთს ეს მოვლენები და აღნიშნა: „ნიდერლანდების არჩევნები მეოთხედ-ფინალი იყო, სადაც პოპულიზმი დამარცხდა“. საფრანგეთის ნახევარფინალია, გერმანიისა კი ფინალი. თუმცა, ნაციონალისტური და ევროსკეპტიკური პარტიები ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

საფრანგეთი

არჩევნების პირველი რაუნდი 23 აპრილს გაიმართება. ტერორისტული თავდასხმებისა და  ახლო აღმოსავლეთიდან დევნილების მიგრაციის პარალელურად, მარი ლე პენი – საფრანგეთოს ეროვნული ფრონტის ლიდერი, აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებს და საპრეზიდენტო კანდიდატი ხდება, რომელიც ნაციონალისტური საჯარო განცხადებებით გამოირჩევა: „ ეს მსოფლიო მოძრაობაა. მოძრაობა, რომელიც უარს ამბობს გლობალიზაციაზე, დესტრუქციულ ულტრალიბერალიზმზე, ნაციონალური სახელმწიფოების განადგურებასა და საზღვრების გაქრობაზე“ და ფიქრობს რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ – ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობების დამყარება მსოფლიო მშვიდობის საწინდარი იქნება.

გერმანია

გერმანიის ანტიიმიგრაციული პარტია-ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) 2013 წელს შეიქმნა, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია გასულ წელს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში. მთავარი გამყოფი ხაზი დაპირისპირებულ მხარეებს შორის გერმანიის საიმიგრაციო პოლიტიკაა და ანგელა მერკერის გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც, 2015-2016 წლებში გერმანიაში 1,5 მილიონზე მეტი მიგრანტი მიიღეს.

წინასწარი მონაცემების მიხედვით, პარტია – „ალტერნატივა გერმანიისთვის“  -მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია 15 %-დან 10%-მდე წინა თვეებთან შედარებით. წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო კვირების განმავლობაში, მათ მხარდაჭრთა თითქმის მესამედი დაკარგეს.

მსგავსი სიტუაციაა საფრანგეთშიც: გამოკითხვების მიხედვით, არჩევნების პირველი ტურის ფავორიტად დიდი ხნის განმავლობაში მარინ ლე პენი მიიჩნეოდა. თუმცა, ბოლო მონაცემებმა ცხადყო, რომ ნაციონალისტი – ლე პენი –  ვეღარ ინარჩუნებს პირველობას.

თუმცა, განსხვავებული მოსაზრებით, ნიდერლანდების არჩევნებში პოპულიზმის დამარცხება მხოლოდ ილუზიაა, იმის გათვალისწინებით, რომ ვაილდერსის პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში 20 ადგილი მიიღო 150-დან, რითაც მისი წარმომადგენლობითობა სამჯერ გაზარდა წინა წლებთან შედარებით.

საზოგადოების ნაწილი უფრო რეალისტურად უყურებს ამ საკითხს და მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დასრულდება მომავალი არჩევნები საფრანგეთსა და გერმანიაში, ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნებისთვის საფრთხე მაინც იარსებებს, რადგან უკვე ფართოდ მოედო ევროპის კონტინენტს მემარჯვენე-პოპულისტური შეხედულებები, რომელიც, ამავე დროს, ნორმალიზებული ხდება თავად პოლიტიკური სისტემის მიერ.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid