close

მსოფლიო

მსოფლიოპოლიტიკა

იქნება თუ არა პუერტო-რიკო აშშ-ის 51-ე შტატი?

პუერტო-რიკოში წინა კვირას რეფერენდუმი გაიმართა. მოსახლეობის 67 % მხარს უჭერს, რომ პუერტო-რიკომ მიიღოს აშშ-ის შტატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ იმავე საკითხზე რეფერენდუმი უკვე მე-5-ჯერ ჩატარდა.

„დღეს პუერტო-რიკოს მოსახლეობა მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის აშშ-ის კონგრესს და მთელ მსოფლიოს, რაც გულისხმობს, ჩვენი, როგორც აშშ-ის მოქალაქეების უფლების დაბრუნებას,“- აღინიშნა საჯარო განცხადებებში.  

რა არის ისტორიული წინაპირობა?

პუერტო-რიკოს, რომელიც 400 წლის განმავლობაში ესპანელების კოლონიას წარმოადგენდა, „მდიდარ პორტსაც“ უწოდებენ. ესპანელები ტერიტორიას იყენებდნენ ოქროს მოსაძიებელი სამუშაოებისთვის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის. თუმცა, მალევე გადაიქცა ის სამხედრო ბაზების განსათავსებელ ადგილად.  1898 წელს, ამერიკა-ესპანეთის ომის შემდეგ, პუერტო-რიკო აშშ-ის გავლენის სფეროში მოექცა. პუერტო-რიკო აშშ-ისგან დამოუკიდებელი სუბიექტია და აქვს „არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიის“ სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ მოცემული ტერიტორიაზე აშშ-ის მმართველობა ვრცელდება (ანუ წარმოადგენს აშშ-ის ტერიტორიას), მოქმედებს აშშ-ის კონსტიტუცია, ხელისუფლების როგანოდ გვევლინება აშშ-ის კონგრესი. თუმცა, პუერტო-რიკოს აქვს საკუთარი მმართველობის სისტემა.  1952 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, კუნძული აშშ-ის თანამეგობრობის ნაწილი გახდა.

შტატის სტატუსი, დამოუკიდებლობა თუ სხვა რამ?

რეფერენდუმის კითხვები მოიცავდა შემდეგ ვარიანტებს: შენარჩუნდეს არსებული სტატუსი, გახდეს აშშ-ის ერთ-ერთი შტატი, შეუერთდნენ „თავისუფალ ასოციაციას“, თუ გამოაცხადონ დამოუკიდებლობა? „თავისუფალია ასოციაცია“ აშშ-სთან კავშირს აღნიშნავს და  პუერტო-რიკო, გაწევრიანების შემთხვევაში, მიიღებს მხოლოდ გარკვეული რაოდენობის დაფინანსებასა და სამხედრო დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში. გასულ წლებში ჩატარებული 4 რეფერენდუმიდან- 3ში, პუერტო-რიკოელმა მოსახლეუბამ უარი განაცხადა აშშ-ის შტატის სტატუსის მიღებაზე. (1967, 1993,1998 წლებში)

იორგე ბენიდეზი, პუერტო-რიკოს სახელმწიფო მდივანი, აცხადებს: „ვფიქრობ, რომ ხალხმა რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ აშშ-სთან ახლანდელი ურთიერთობები არ ქმნის იმ საჭირო სამუშაო ადგილებს, ან ფულს, რაც მოსახლეობას სჭირდება.“

გასული კვირის რეფერენდუმი შემდეგ უნდა ჩატარდეს კიდევ ერთი ხმის მიცემის პროცედურა, დადებითი შედეგის შემთხვევაში კი, საკითხი გადაეცემა აშშ-ის კონგრესს, რომელიც დეტალურად გაწერს პუერტო-რიკოს ტრანზიციის პროცესს შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში, რომლის ლოგიკურ დასასრულსაც შტატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენს. თუკი აშშ-ის კონგრესი არ დაამტკიცებს კანონმდებლობას ზემოთ აღწერილი ზომების გასატარებლად, პუერტო-რიკოს რეფერენდუმის შედეგებს რაიმე მნიშვნელოვანი აზრი არ ექნება.

მიგრაციის პრობლემა

თუკი პუერტო-რიკოდან ვინმეს მოესურვება აშშ-ში წასვლა, მას არ დასჭირდება ვიზა ან პასპორტი. 2015 წელს 89 000-მდე ადამიანი გადავიდა აშშ-ში და 2016 წლის ბოლოსთვის, მათგან მხოლოდ 25 000 დაბრუნდა სამშობლოში.

ბევრი მიიჩნევს, რომ პუერტო-რიკოში დღეს არსებულმა პოლიტიკურმა სისტემამ გამოიწვია უკანასკნელი 10 წლის ეკონომიკური რეცესია. სამუშაო ადგილები შემცირდა, ცხოვრების პირობები გაუარესდა. „სწორედ ახლა არის შესაფერისი მომენტი, რომ ეს  გავაკეთოთ. ჩვენ ბევრი წელი გავატარეთ ისეთი სოციო-ეკონომიკური მოდელის შემუშავებაში, რომელიც ეფექტიანი იქნებოდა. თუმცა, ამ მცდელობებმა სიტუაცია არ გამოასწორა“-ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

 

მასალა მოამზადა:  ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

ყატარის ბლოკადა: არის თუ არა აშშ ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის დამცველი?

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, გასულ თვეში ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც პირველ პირთან შეხვედრისას მხარი დაუჭირა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, რომელთა შორის ყატარის შეკავება და რეგიონული გავლენის მოპოვებაც იგულისხმება.

როდესაც 5 ივნისს, საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს ყატართან, გადაკეტეს სახმელეთო და საჰაერო საზღვრები, ყატარელ მოსახლეობას კი ტერიტორიის დასატოვებლად 14 დღე მისცეს, დონალდ ტრამპი, სოციალური ქსელის საშუალებით, დადებითად გამოეხმაურა მომხდარს: „შესაძლოა ეს იყოს ტერორიზმის საშინელების დასასრული“,  რითაც ოფიციალურად „მწვანე შუქი“ აუნთო საუდის არაბეთს.

რატომ არის ყატარი მნიშველოვანი?

ყატარი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თხევადი ბუნებრივი აირის მწარმოებელია. იგი ფლობს ,,ალ-ჯაზირას”- ახლო აღმოსავლეთის, ფაქტობრივად, ერთადერთი ტელეარხს, რომელიც არ კონტროლირდება ხელისუფლების მიერ და არ გადის ცენზურის კონტროლს. ყატარს ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს ირანთანაც, რომელთან ერთადაც ბუნებრივი აირის მოპოვებით მასშტაბურ სამუშაოებს აწარმოებს. მხარს უჭერს „მუსლიმურ საძმოს“- პოლიტიკური ისლამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელს, რაც საუდის არაბეთის გაღიზიანებს იწვევს. წარსულშიც არსებობდა ყატარის დამორჩლებისა და გავლენის სფეროში მოქცევის მცდელობა, თუმცა – წარუმატებელი.

ივნისის დასაწყისში განვითარებული მოვლენების კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ყატარს ბრალს სდებენ ტერორისტული აქტივობებისა და დაჯგუფებების დაფინანსებაში. ,,The Financial Times-მა” ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ყატარმა 1 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა გადაუხადა ირანს, რომელიც ალ-ქაიდასთან დაახლოებულად უფრო ასოცირდება, მიზეზით, რომ ყატარელი ტყვეები გაეთავისუფლებინათ ერაყის ხელისუფლებისგან. გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ 1 მილიარდ დოლარს შეეძლო მნიშნელოვანი სამხედრო დივიდენდები მოეტანა ტერორისტული დაჯგუფებებისთვის. თუმცა, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

რეგიონულ დონეზე გავლენა

ყატარის ბლოკადამ მნიშვნელოვანი დესტაბილიზაცია შეიტანა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოში, რომელიც ახლო აღმოსავლეთის არასტაბილური გარემოს მთავარ დამრეგულირებელ ორგანოდ ითვლება. საბჭოს ორი წევრი, ქუვეითი და ომანი, არ დათანხმდა საუდის არაბეთის მოთხოვნას, რომ გაეწყვიტათ კავშირები ყატართან.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, საუდის არაბეთის ქმედებების მხარდაჭრა მნიშვნელოვან საფრთხხეს უქმნის აშშ-ის, როგორც ანგარიშგასაწევი ძალის რეპუტაციას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მკვლევარების შეფასებით, მსგავსი ქმედება შეიძლება „გადაითარგმნოს“, როგორც აშშ-ის არათანმიმდევრულობა, რომ მას შეუძლია ზურგი აქციოს მოკავშრეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიულ „მტერთან ერთი შეხვედრა გამართა“.  რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპმა, შესაძლოა სიტუაციის გამოსწორების მიზნით, დაპირსპირებულ მხარეებს მედიატორის როლის თამაში  და პრობლემის დიალოგის სახით გადაჭრის ალტერნატივა შესთავაზა.

ზემოთ აღნიშნულს გარკვეულწილად ამტკიცებს ის, რომ  სხვა რეგიონულმა აქტორებმა თავს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს. მაგალითად, ეგვიპტე, რომლის პრეზიდენტმა ლიბერალური იდეოლოგიის ჟურნალ ,,Mada Masr-ის” პორტალზე და სხვა 20-მდე მედია საშუალებაზე წვდომა დაბლოკა, მათ შორის მოხვდა ,,ალ-ჯაზირაც”. ბაჰრეინში კი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 5 ადამიანი მოკლეს, 286  დააპატიმრეს რელიგიური და პოლიტიკური ნიადაგის საფუძველზე, მომდევნო დღეს კი გააქუმეს ყველაზე მთავარი ოპოზიციური ძალის პარტია.

სხვადასხვა შეფასებით, დონალდ ტრამპის ვიზიტმა საუდის არაბეთში, მისდამი მხარდაჭრის გამოხატვამ და ყატარისადმი არატოლერანტული განცხადებების გაკეთებამ, დაარწმუნა საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებულ საემიროები, რომ მათ შეეძლოთ ყატარის პრობლემის მსგავსი სახით გადაწყვეტა, რომ აშშ, დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში, აღარ დაუპირისპირდებოდა და დაგმობდა მათ ქმედებებს, რაც ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციის პირდაპირ „რეცეპტს“ წარმოადგენს.

 

წყარო: The Economist, BBC, The Washington Post

მასალა მოამზადა:  ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწამსოფლიო

2016 წელს დიდი ბარიერული რიფის მესამედი გაქრა

ავსტრალიის დიდმა ბარიერულმა რიფმა შარშან დაახლოებით ერთი მესამედი დაკარგა.

მარჯნის გაუფერულებამ მსოფლიოს უდიდეს მარჯნის რიფის სისტემაზე მარჯნის მასიური შემცირება გამოიწვია.

გამოკვლევები აჩვენა, რომ მარჯნის 29 პროცენტი 2016 წელს დაიღუპა. ყველაზე დიდი დარტყმა  პორტ დუგლასის ახლომახლო ტერიტორიას მიადგა, სადაც მარჯნის 70 პროცენტი დაიღუპა, თუმცა რიფის სამხრეთში გამოჯანსაღების პროცესი დაფიქსირდა.

უკანასკნელი შედეგები Marine Park Authority-ის, Queensland Parks Parks and Wildlife Service -ის,  Australian Institute of Marine Science-ისა და ARC Centre of Excellence for Coral Reef Studies-ის მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით დაიდო.

ტემპერატურის შესამჩნევი ცვლილების გამო მარჯანზე მცხოვრები წყალმცენარეები გამოიდევნება, რაც მარჯნის გათეთრებას იწვევს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს მარჯნის დაღუპვა კვლავ გაგრძელდება, მასზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ტროპიკული ციკლონის დეფიც.

მეცნიერები აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილება მარჯნის დაკარგვის მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია. ექსპერტები ტემპერატურის ზრდის შეჩერებისა რიფის დაზიანებისგან დაცვის მიზნით სათბური გაზების ემისიების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობენ.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიოპოლიტიკა

რუსეთი კოსმოსური ომისთვის ემზადება?

რუსეთი შესაძლოა კოსმოსური ომისთვის ემზადებოდეს. ქვეყანამ იმ თანამგზავრების რეაქტივაცია განახორციელა, რომელსაც დამკვირვებლები უმოქმედოდ მიიჩნევდნენ.

ობიექტებმა თავდაპირველად ყურადღება უჩვეულო მანევრებისთვის მიიპყრეს, რამაც აღძრა ეჭვი იმის შესახებ, რომ ისინი იარაღები იყვნენ.

ახლა კოსმოსური ხომალდი კვლავ ამოქმედდა, რამაც ექსპერტების შეშფოთება გამოიწვია, გააჩინა რა ეჭვი იმის შესახებ, რომ კრემლი კოსმოსურ შესაძლებლობებს აძლიერებს.

კოსმოსი -2491, -2499 და -2504 კოსმოსში მალულად საკომუნიკაციო თანამგზავრების რუტინული გაშვების საფარქვეშ გაუშვეს.

მარტში, კოსმოსი -2504 მოულოდნელად განაახლა თავისი მანევრები. აპრილში ხომალდი ჩინეთის ამინდის თანამგზავრს 1,183 მეტრით მიუახლოვდა, რაც ასტრონომიული თვალსაზრისით ძალიან ახლოა. უცნაური მოძრაობების განხორციელება დაფიქსირდა კოსმოსი-2499-ის მხრიდანაც.

„ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ თანამგზავრი ორი წლის განმავლობაში უმოქმედო იყო, შემდეგ კი მანევრირება დაიწყო,” – განაცხადა მასაჩუსეტის მეცნიერთა კავშირის კოსმოსუს ექსპერტმა – ლაურა გრეგომ.

კოსმოსი -2491, -2499 და -2504 2013-2015 წლებში გაუშვეს. მათ დასავლეთის შეიარაღებული ძალების ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც მათ სწრაფი მანევრირება დაიწყეს. ექსპერტებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ისინი საბრძოლოდ ან ჯაშუშობისთვის ააგეს.

ამ სპეკულაციის გამო რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა ოლეგ ოსტაპენკომ 2014 წლის 15 დეკემბერს გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ ხომალდები „მკვლელი თანამგზავრები“ არ იყვნენ.

ამ სამ უჩვეულოდ სწრაფ თანამგზავრს სხვა თანამგზავრებთან მიახლოების შესაძლებლობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ პოტენციური უნარი, უთვალთვალონ, გაიტაცონ, ან გაანადგურონ სხვა თანამგზავრები, ანუ მათ აქვთ უნარი, რომ ანტი-სატელიტური იარაღი გახდნენ.

რუსეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თანამგზავრების განადგურების ტექნოლოგიებს ცდის.

შეერთებულმა შტატებმა, შვედეთმა, იაპონიამ და ჩინეთმა  უკვე გამოსცადეს ანალოგიური შესაძლებლობების მქონე  მოწყობილობები. ამ ცდების კი ისინი თანამგზავრის სარემონტო სამუშაოების სახელით ახორციელებენ.

 

 

წყარო: www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა  და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა’

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

,,როგორ აძლიერებს მიგრანტების მზარდი ტალღა გერმანული იდენტობის კრიზისს?”

რამდენიმე დღის წინ The Washington Post-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც გერმანიაში მოღვაწე ჟურნალისტი ცდილობს არგუმენტირებულად ახსნას, თუ როგორ უწყობს ხელს მიგრანტების გაზრდილი რაოდენობა გერმანელებში იდენტობის კრიზისის გაძლიერებას.

სტატიაში აღნიშნულია, რომ  გერმანიის იდენტობის პრობლემა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნიდან ხდება ნათელი, როდესაც ნაცისტების ქმედებებისა და მსოფლიო ომების შედეგებმა მნიშვნელოვნად განაპირობა ფაქტი, რომ გერმანელებს უჭირდათ თავიანთი თავი განესაზღვრათ, როგორც ერი.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რამდენიმე ხნის წინ, გამოაქვეყნა მარტინ ლუთერის თეზისების მსგავსი 10 დებულება, იმაზე, თუ რა აქვს, ან უნდა ჰქონდეს საერთო ყველა გერმანელს, რამაც კვლავ წინა პლანზე წამოწია იდენტობის და ე.წ leitkultur-ის (მთავარი კულტურული მახასიათებელი, წარმმართველი კულტურა) საკითხი.

გარდა იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ „თეზისებში“ ნახსენები იყო მეტ-ნაკლებად ნაცნობი გერმანული მახასიათებლები, როგორიცაა, მაგალითად, განათლების დაფასება, მინისტრი ახალჩამოსულ მუსლიმებსაც ახსენებს და მოუწოდებს, რომ ადგილობრივ, გერმანულ ტრადიციებსა და ჩვეულებებთან ადაპტირდნენ: „ჩვენ (გერმანელებს) გახსნილი საზოგადოება, სოციუმი გვაქვს, ვაჩვენებთ ჩვენს სახეს და არ ვატარებთ ჩადრს, თქვენც ასე უნდა მოიქცეთ“.

იპოზიციურმა ძალამ და კრიტიკოსებმა შინაგან საქმეთა მინისტრს ბრალი დასდეს პოპულიზმში. ზოგიერთმა ის ანტიიმიგრაციული იდეების მქონე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიასთან  დაახლოებულ პირად მოიხსენია, რაც ლოგიკური განვითარებაა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სექტემბერში გერმანიის ფედერალური არჩევნები უნდა ჩატარდეს.

მიუხედავად კრიტიკისა, ახლახან გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ გერმანიის მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის გერმანული იდენტობა მართლაც წარმოადგენს განსჯის საგანს და რომ ზემოთ ხსენებული  „leitkultur-ის“ იდეის განვითარების საჭიროებას გრძნობენ. ანგელა მერკელის  „ქრისტიან-დემოკრატების გაერთიანების“ პარტიის იურისტი, ჯენს შპანი აღნიშნავს: „გერმანელი მოქალაქეები გაზრდილი მიგრანტების რაოდენობის გამო, მართლაც ცდილობენ გაარკვიონ და თავიდან განსაზღრონ რა არის გერმანელისთვის განუყოფელი. ჯანმრთელი პატრიოტიზმი არის ის, რის შეთვისებასაც გერმანელების უმეტესიბა ცდილობს, რადგან მე-20 საუკუნის ისტორიიდან გამომდინარე, რთულია გერმანული პატრიოტიზმის იდეის განვითარება“.

ეს ტენდენცია სხვა ევროპულ ქვეყნებშიც შეინიშნება. მაგალითად, დანიამაც სცადა განესაზღვრა ის მახასიათებლები, რაც მას სხვა ნაციებისგან განასხვავებს და უნიკალურს ხდის. დანიის კულტურის მინისტრმა, გასულ წელს, გამოაქვეყნა „დანიის კანონები“, სადაც ნახსენებ იყო ტერმინი-  “hygge, რაც აღნიშნავს გარემოს, სადაც ადამიანები თანაცხოვრობენ კომფორტულ, მშვიდ სოციუმში.

ლიტერატურის პროფესორი – დიტერ ბოხმაიერი, რომელსაც ეკუთვნის 1000-გვერდიანი ნაშრომი „რა არის გერმანია? ერის საკუთარი თავის ძება“, ამბობს, რომ გერმანიის ბრძოლა იდენტობის ძებნასთან დიდი ხსნის წინ დაიწყო, მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ გერმანია, როგორც სახელმწიფო მხოლოდ 1871 წელს ჩამოყალიბდა პატარა და მრავალრიცხოვანი საგრაფოების გაერთიანებით, მანამდე კი, „გერმანელობა განისაზღვრებოდა მხოლოდ კულტურით, განსხვავებით სხვა ევროპული ქვეყნებისაგან, ამიტომაც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები“.

 

 წყარო. The Washington Post

მასალა მოამზადა:  ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი: ,,რუსეთისთვის კარგი იქნება თუ NATO დაიშლება”

 

გასულ პარასკევს, ვლადიმერ პუტინმა, ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმზე, პირდაპირ ეთერში საუბრისას ღიად განაცხადა, რომ რუსეთისთვის კარგი  იქნება, თუკი NATO დაიშლება. თუმცა, იქვე დაამატა, რომ მოვლენების მსგავს განვითარებას ბლოკის შიგნით ჯერ ვერ ამჩნევს.

რუსეთის პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა NATO-ს, როგორც კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის, დანიშნულების საკითხიც და გააკრიტიკა ევროპული სახელმწიფოები შეიარაღებისა და თავდაცვის სფეროში ბიუჯეტის გაზრდის გამო, „თუკი, მათ არ სურთ თავს დაესხან ვინმეს.“ ასევე, აღნიშნა: „ჩვენ ვხედავთ, როგორ ფართოვდება და გვიახლოვდება ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა, რაც რა თქმა უნდა რუსეთისთვის წუხილის საკითხია“

NATO, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, ცივი ომის დასაწყისში შეიქმნა, როგორ საბჭოთა კავშირის დამბალანსებელი.

ეს განწყობა რუსეთში კვლავ არსებობს, ამიტომაც ვლადიმერ პუტინის ზემოთ აღნიშნული განცხადება დონდალ  ტრამპისადმი პასუხს წარმოადგენდა, რომელმაც გასულ კვირას, NATO-ს სამიტზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისადმი უკმაყოფილება გამოთქვა  კოლექტიური თავდაცვის შესახებ მუხლთან დაკავშირებით და მოუწოდა მათ გაეზარდათ სამხედრო ბიუჯეტი GDP-ის 2 %-მდე. (აშშ ყველაზე მეტს იხდის ალიანსის დაფინანსებისთვის ) დონალდ ტრამპი უფრო შორსაც წავიდა და ორგანიზაციის წევრებს მიანიშნა, რომ თუკი მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, NATO-მ შეიძლება დაკარგოს აშშ-ის მხარდაჭერა.

NATO-ს მე-5 მუხლის მიხედვით, კოლექტიური თავდაცვა გულისხმობს, რომ თუკი ალიანსის რომელიმე წევრის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება, დანარჩენი წევრები ვალდებულნი არიან დაეხმარონ მას სამხედრო თუ სხვა საშუალებებით.

დიპლომატებისა და მკველვარების სხვადასხვა შეფასებებით, დონალდ ტრამპის მსგავს რეპლიკებს, შესაძლოა გავლენა ჰქონდეს რუსეთის დამოკიდებულებაზე ალიანსის მიმართ.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, გასულ კვირას საკმაოდ ხისტი განცხადებით გამოვიდა სადაც აღნიშნა: „დრო, როდესაც ჩვენ შეგვეძლო სრული ნდობა გამოგვეცხადებინა ჩვენი მოკავშირეებისთვის (იგულისხმება აშშ), უკვე დასრულდა“.

ვლადიმერ პუტინი, პირდაპირი ტრანსლიაციის დროს სანქციებსაც შეეხო, რომლებიც რუსეთს 2014 წლის შემდეგ დაუწესდა ევროკავშირისა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამასაგან, რაც ერთგვარ დამსჯელობით ღონისძიებას წარმოადგენდა უკრაინისადმი განხორციელებული აგრესიისა და ყირიმის ანექსიის გამო. რუსეთის ეკონომიკა, სანქციებისა და ნავთობის ფასის დავარდნის გამო, 0.6 %-ით შემცირდა წინა წელს, 2015-ში კი თითქმის 4%-ით, მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით.

როგორც ჩანს, ამ შედეგებით გაღიზიანებულია ვლადიმერ პუტინი. მან აშშ რუსეთის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევაში დაადანაშაულა და დაამატა, რომ „დღეს, ძალიან ცოტა სახელმწიფო თუ დარჩა, რომელსაც სრული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრივილეგია აქვს“.  დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის კავშირს აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ჰაკერულ თავდასხმასთან დაკავშირებით, პუტინი „ჰისტერიას“ უწოდებს და ირონიულად კითხულობს, „არსებობს თუ არა რაიმე წამალი, რომ ეს ჰისტერია შეწყდეს?“

რაც შეეხება NATO-ს წევრებს შორის შესაძლო დაძაბულობას, საერთოევროპული განწყობა, რომ თითქმის 70 წლის ალიანსის არსებობა აუცილებელია უსაფრთხოებისთვის, ფართოდ გაზიარებულია. ამასთან, ევროპული სახელმწიფოები კარგად აცნობიერებენ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა მხოლოდ დროებითია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მისი რეიტინგი არც ისე მაღალია აშშ-ში.

 

მასალა მოამზადა:  ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიოპოლიტიკა

აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას ემიჯნება – მსოფლიო ლიდერები აღშფოთებას გამოთქვამენ

აშშ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამერიკა პარიზის 2015 წლის გლობალური შეთანხმების შესრულებაში მონაწილებაზე უარს აცხადებს.

პრეზიდენტი ტრამპის განცხადებით, პარიზის შეთანხმება ზიანს აყენებს აშშ-ის ეკონომიკას,  სამუშაო ადგილებს, ასუსტებს ამერიკის ეროვნულ სუვერენიტეტს.

 „ჩვენ გავდივართ. აღარ გვსურს სხვა ქვეყნებმა და მათმა ლიდერებმა დაგვცინონ და ვეღარც იზამენ ამას,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამართულ ცერემონიალზე.

შეთანხმების მხარდამჭერები, მათ შორის რამდენიმე წამყვანმა ამერიკელი ბიზნეს ფიგურა, აცხადებენ, რომ ტრამპმა ამ ნაბიჯით დიდი დარტყმა მიაყენა  საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც პლანეტას იმ საფრთხეებისგან დაიცავს, რაც მას გლობალური დათბობის შედეგად ემუქრება.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა – ბარაკ ობამამ, რომელიც აღნიშნული შეთანხმების აქტიური მხარდამჭერი იყო, ტრამპის გადაწყვეტილების გამო მწუხარება გამოთქვა.

ტრამპი, რომელიც კლიმატის ცვლილებას თაღლითობას უწოდებს, აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია დაიწყებს მოლაპარაკებებს პარიზის შეთანხმების ცვლილებებზე, ან ახალ ხელშეკრულებაზე. საქმე ეხება იმ „ტერმინებს, რაც სამართლიანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მისი ბიზნესისთვის, მუშაკებითვის, ხალხისთვის და გადასახადის გადამხდელებისთვის”.

საერთაშორისო ლიდერებმა ტრამპის გადაწყვეტილებაზე უარყოფითი რეაქცია გამოხატეს.

,,აშშ-ს პრეზიდენტის, ტრამპის, მიერ მიღებული გადაწყვეტილება კაცობრიობის გონიერების მიმართ ზურგის შექცევის ტოლფასია, ძალიან იმედგაცრუებული ვარ … მე ვარ გაბრაზებული”, – განაცხადა იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრმა, კოჩი იამამოტომ, პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე.

გერმანიის კანცლერმა – ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა პაოლო გრინლიონმა ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ შეთანხმების განახლება შეუძლებელია და მოკავშირეებს მოუწოდეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა გაააქტიურონ.

„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება სამწუხაროა, ჩვენ კვლავ ინსპირირებული ვრჩებით კლიმატის ცვლილების წინააღმეგ ბრძოლის საკითხში,“ – განაცხადა კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდოუმ.

ოფიციალური ჩინეთი ტრამპის გადაწყვეტილებას „გლობალურ რეგრესად“ აფასებს.

პარიზის შეთანხმება მიღებულ იქნა 2015 წლის 12 დეკემბერს, ქ. პარიზში, საფრანგეთში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში.

პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ მიზნად ისახავს:

კლიმატის ცვლილების  საფრთხეზე გლობალური რეაგირების გაძლიერებას მდგრადი განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში, რათა მოხდეს გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის მცდელობა.

ასევე კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდას და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის  და სათბურის გაზების დაბალემისიიანი განვითარების  უზრუნველყოფის ხელშეწყობასა და ამისთვის ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფას.

მხოლოდ ორი ქვეყანა არ იყო პარიზის შეთანხმების მონაწილე: სირია და ნიკარაგუა. სირიის შემთხვევაში ამის მიზეზი სამოქალაქო ომი გახდა, ნიკარაგუას ხელისუფლებამ კი მიიჩნია, რომ შეთანხმება რეალურად ვერ შეეწინააღმდეგებოდა კლიმატის ცვლილებას. ჩრდილოეთ კორეამაც კი მოახდინა პარიზის შეთანხმების რატიფიცირება.

აშშ-მა დადო პირობა, რომ 2025 წლისთვის შეამცირებდა სასათბურე გაზის ნარჩენებს და დაიყვანდა მას 2005 წლის მაჩვენებლამდე. ასევე, ობამას ადმინისტრაციამ გამოყო 3 მილიარდი აშშ დოლარი გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებაში სხვა ქვეყნების დასახმარებლად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა – გიგლა აგულაშვილმა, ხელშეკრულებას ხელი 2016 წლის 22 აპრილს, ქ.ნიუ-იორკში მოაწერა.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიო

ჩინეთი „YouTube–ს“ ბლოკავს

 

სოციალური ქსელი ჩინეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია და ყველა იქ მცხოვრებს აქვს მასზე წვდომა. მაგრამ ასევე ცნობილია, რომ მსოფლიოში ყველაზე მკაცრად კონტროლდება მათი სოციალური ცხოვრება.

სახელმწიფომ აკრძალა უცხოური საიტების მოხმარება. წინა კვირას მათ დაბლოკეს „YouTube“, რადგან იქ გამოქვეყნებული იყო თუ როგორ უსწორდებოდნენ პოლიციელები ტიბეტელ ბერს. სახელმწოფომ ასევე განაცხადა, რომ ისინი იზრუნებენ გამომქვეყნებლის გასამართლებაზე თუ საიტზე არ იქნება მათთვის სასურველი ვიდეორგოლები.

დღემდე ინტერნეტი ჩინეთის ყველაზე საჭირო ინფორმაციის წყაროა, რა თქმა უნდა, ყველა ვებგვერდს ვერ დაბლოკავენ, რადგან რამდენიც არ უნდა დაბლოკონ ორი იმდენი ჩნდება ყოველ დღე.

ზოგ ადამიანს მოსწონს ის, რომ რასაც უნდათ იმას აქვეყნებენ და წერენ, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც არ სიამოვნებთ ისეთი ვიდეოებისა თუ სტატიების ნახვა, რომლებიც მათთვის მიუღებელია.

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკაკვლევებიმსოფლიოსოციოლოგია

კვლევა: როგორ და რაში ხარჯავენ ფულს სხვადასხვა ქვეყანაში?

 Eurostat-ის კვლევით ბაზაში ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიზანიც იყო იმის გარკვევა, თუ როგორ და რაში ხარჯავდნენ ფულს სხვადასხვა ქვეყანაში. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ის, თუ რაში და რამდენს ხარჯავენ კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეები, პირდაპირ ეხმიანება ამ სახელმწიფოს შესახებ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. მაგალითად: კვლევის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის საერთო შემოსავლის 8% იხარჯება ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს მოხმარებაზე, რაც აღემატება მსოფლიოს ყელაზე მდიდარი ქვეყნების იმავე კატეგორიის მაჩვენებელსაც კი. ავსტრალიის მოსახლეობის შემოსავლის 10%-მდე  რეკრეაციასა და გართობაზე იხარჯება,  სამხრეთ კორეის საპირისპიროდ, რომლის მოსახლეობაც შემოსავლის უმეტესობას წიგნებსა და განათლებაზე ანაწილებს.

უფრო მდიდარი ქვეყნები, მაგალითად აშშ და ავსტრალია, სადაც საყოფაცხოვრებო ხარჯები ერთ ადამიანზე 30 000 $-მდეც კი აღწევს წლიურად, უფრო მიდრეკილნი არიან, რომ ნაკლები თანხა დახარჯონ საკვებზე, ვიდრე, მაგალითად, მექსიკასა და რუსეთში, სადაც საშუალო ხარჯი 6 000 $-ია. ამ განსხვავებების მიზეზი პოლიტიკურ  და სახელმწიფო მოწყობის სისტემებში უნდა ვეძიოთ. მაგალითად, ამერიკაში შემოსავლის საერთო რაოდენობის თითქმის მეხუთედს შეადგენს კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები, შესაბამისად, ამერიკელებს უწევთ პრიორიტეტულად გადაანაწილონ დანახარჯები. ევროკავშირში, სადაც საერთო სადაზღვევო სისტემა მოქმედებს, საშემოსავლო ბიუჯეტის მხოლოდ 4% იხარჯება მასზე, რაც უფრო მეტ თანხას უტოვებს ადამიანებს სხვადასხვა სახის აქტივობების განსახორციელებლად. ასევე, ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ზემოთ აღნიშნული მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია: მალტაში, სადაც მოსახლეობა დაახლოებით 450 000 ადამიანია, საყოფაცხოვრებო ხარჯების 20 % -მდე სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის დანახარჯებზე მოდის, მაშინ, როცა ლიტვაში იგივე მაჩვენებელი 2,9 %-ია. ეს ფაქტი შეიძლება აიხსნას იმით, რომ ლიტვა შედარებით ღარიბი ქვეყანაა, სადაც საშუალო დანახარჯი ერთ ადამიანზე ორჯერ ნაკლებია ზოგადად ევროკავშირის მოქალაქის საშუალო წლიურ დანახარჯთან შედარებით. ჰოლანდიაში ყველაზე მეტი იხარჯება დასვენება-გართობაზე, ყველაზე ნაკლები, ამ მხრივ, კი საბერძნეთში (შეიძლება მივიჩნიოთ ფინანსური კრიზისის შედეგად, რადგან, როგორც კვლევის ავტორები ვარაუდობენ, ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს, მაგალითად, ვალების უკან დაბრუნებაში.)

კვლევის სრული შედეგების ნახვა შეგიძლიათ აქ.

 

ავტორი: ცირა შვანგირაძე

წყარო: The Economist

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოსაქართველო

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშავად ვაშინგტონში ქართულ ღვინოს უფასოდ დააგემოვნებთ

 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება და დღესასწაულის ფარგლებში მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც მრავალი კომპანია მონაწილეობს, როგორც საქართველოში, ისევე მის ფარგლებს გარეთაც. გამონაკლისი არ არის ,,ქართული ღვინის სახლი”, რომელიც ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ქართული ღვინის უფასო დაგემოვნების საშუალებას  აშშ-ის მცხოვრებლებსაც მისცემს. კერძოდ, ქართული ღვინის დაგემოვნება შესაძლებელი იქნება  ვაშინგტონში.

ღონისძიება ოთხ სხვადასხვა ადგილას არის დაგეგმილი და 26 მაისს ვაშინგტონში (Batch 13, 1724 14th St NW) 5 საათზე დაიწყება, აქ სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ ისეთი სასმელები როგორიცაა – საფერავი, ცქრიალა ღვინო და ქართული ჭაჭა.

მსურველებს ქართული ღვინის დაგემოვნება 3-დან 6 საათამდე შეეძლებათ  ამერიკის უნივერსიტეტის მახლობლადაც – ,,Whole food market Tenkeytown-ში” რომელიც მასში წარმოდგენილი ჯანსაღი საკვების მიხედვით, აშშ-ის ერთ-ერთი საუკეთესო სავაჭრო ცენტრია.  აღსანიშნავია, რომ ცენტრში მუდმივადაა წარმოდგენილი საფერავი, ქარვის ღვინო და ქინძმარაული. ღვინის დაგემოვნება ასევე შესაძლებელი იქნება არლინგტონის ,,Whole Food Market-შიც, 3 დან 7 საათამდე.

ხუთი ქართული ღვინის სახეობა იქნება წარმოდგენილი ,,Corridor Marketplace-შიც”, რომელიც სტუმრებს 4-დან 7 საათამდე უმასპინძლებს.

 

წყარო:   georgianwinehouse.com

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
1 82 83 84 85 86 89
Page 84 of 89