close
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

რამდენი დაუჯდება დიდ ბრიტანეთს ეროკავშირის დატოვება?

თუკი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიგებს დატოვებს, ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ევროკავშირს, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამიტომ, ვევროკავშირს სურს მიაღწიოს მომგებიან შეთანხმებას ბრიტანეთთან, რათა დარწმუნდეს, რომ იგი შეასრულებს ყველა იმ ფინანსურ ვალდებულებას, რაც წევრობის განმავლობაში ჰქონდა აღებული.

რამდენი სურს ევროკავშირს?

ზუსტი პასუხის გაცემა ამ ეტაპზე შეუძლებელია. საბოლოოდ საკითხი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გადაწყდება. რამდენიმე დღის წინ პროფესორმა ლეინ ბეგმა, „გაერთიანებული სამეფო შეცვლილ ევროპაში“ ინიციატივის ფარგლებში, გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც, წინასწარი შეფასებით, სავარაუდო თანხა, რაც ბრიტანეთმა უნდა გადაიხადოს ევროკავშირის დატოვებისთვის, არის 100 მილიარდი ევრო, რომელიც მოიცავს:

  • 86, 4 მილიარდი ევრო იმისთვის, რომ წევრობის განმავლობაში აღებული ვალდებულებები შესრულდეს. მათ შორის, 20 მილიარდი ევრო, რომ დაიფაროს ევროკავშირის 2019-2020 წლის ბიუჯეტი, რომელზეც ბრიტანეთი, თავის დროზე, დათანხმდა;
  • 11,5 მილიარდი ევრო იმ შემთხვევისთვის, თუკი ორგანიზაციები ან სახელმწიფოები (მაგალითად, ირლანდია ან უკრაინა) ვერ შეძლებენ ევროკავშირისგან აღებული ვალის გადახდას;
  • 1,7 მილიარდი ევრო განვითარების პროგრამისთვის აფრიკაში, კარიბისა და წყნარი ოკეანის რეგიონში;

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი არ მოითხოვს მთლიან თანხას ერთდროულად და მზადაა, რომ ბრიტანეთთან ერთად გადახდის ალტერნატიული გეგმები შეიმუშავოს. სწორედ ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამჟამად.

ბრიტანეთის რეაქცია

პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, ის იზიარებს და ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბრიტანეთს ევროკავშირის წინაშე ვალდებულებები აქვს აღებული. თუმცა, არსებობს გარკვეული ფინანსური საკითხები, რომლებიც მოლაპარაკებებს საჭიროებს.  ზოგიერთი პოლიტიკოსი არ ერიდება უფრო მწვავე რეაქციების გამოხატვას. ერთ-ერთ შეხვედრაზე  ბრიტანეთის წარმომადგენელმა, დეივის დეივისმა, ევროკომისიის პრეზიდენტსა და მთავარ მომლაპარაკებელ, მაიკლ ბარნერთან, პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირ-ბრიტანეთს შორის დადებულ ხელშეკრულებაში არაფერი იყო ისეთი, რომელიც ბრიტანეთს 1 პენის გადახდასაც კი ავალდებულებდა კავშირიდან გასვლის შემთხვევაში. ეს პოზიცია გაიზიარა ლორდთა პალატის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც. თუმცა, თუკი ბრიტანეთს სურს, რომ წვდომა ჰქონდეს ევროკავშირის ბაზარსა და სხვა წევრი ქვეყნების ეკონომიკებთან, ფინანსების საკითხზე შეთანხმების მიღწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

რა არის ბრექსიტის ლეგალური საფუძველი?

50-ე მუხლი წარმოადგენს გეგმას და მოქმედების ლეგალურ საფუძველს იმ შემთხვევისთვის, თუკი ევროკავშირის რომელიმე წევრ ქეყანას მისი დატოვება მოუნდება. იგი შეიქმნა, როგორც ლისაბონის ხელშეკრულების ნაწილი – ხელშეკრულება, რომელსაც ხელი ყველა წევრმა ქვეყანამ მოაწერა და ძალაში 2009 წელს შევიდა. ლისაბონის ხელშეკრულებამდე არ არსებობდა რეალური მექანიზმი კავშირის დატოვების რეგულირებასთან მიმართებით.

50-ე მუხლის მიხედვით, ევროკავშირის ნებისმიერმა ქვეყანამ, თუკი ის აპირებს დატოვოს ერვროკავშირი, უნდა გააფრთხილოს ევროპული საბჭო და დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან, შეთანხმების მისაღწევად მხარეებს 2 წელი ეძლევათ. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ამ გეგმის მიხედვით, იგი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. ვადა შესაძლოა გადაიწიოს, თუკი ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდება განახლებულ თარიღზე.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყაროები: BBC, The Guardian

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld