close

კულტურა

ისტორიაკულტურამსოფლიოსაქართველო

თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ

მუსლიმანურ სამყაროში გურჯი ხათუნის სახელით ცნობილი ქართველი ქალის ცხოვრება დღემდე ლეგენდებისა და მითების საბურველშია გახვეული. სილამაზითა და გონიერებით გამორჩეულ ახალგაზრდა ქალს, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სელჯუკთა იმპერიის მმართველი გახდა, სახელოვან ბებიას – თამარ მეფეს ადარებდნენ და ეთაყვანებოდნენ,  დიდ თამარზე საქართველოში დადის ლეგენდები, მის შვილიშვილზე კი – აღმოსავლეთში. მას უმღეროდა აღმოსავლეთის პოეზია.

13 წლის იყო, როცა სელჯუკთა სულთანს, ყაისედინ (ყიას ედ-დინ) ქეი ხუსვე მეორეს მიათხოვეს. ახალგაზრდა მბრძანებელს თავდავიწყებით შეუყვარდა ლამაზი და სათნო მეუღლე, რომელსაც სიყვარულით “გურჯი-ხათუნი” შეარქვა.
დანარჩენ ორ ცოლთან შედარებით სულთანი თამარს აშკარა უპირატესობას ანიჭებდა. ეჭვით შეპყრობილმა პირველმა ცოლმა “გურჯი-ხათუნის” მოწამვლა გადაწყვიტა. თამარი კი გადარჩა, მაგრამ სულთანმა ეჭვიანი ცოლი არ დაინდო და სიკვდილით დასაჯა.
თავისი სიყვარულის უკვდავსაყოფად შეყვარებულმა ყაისედინმა 1236 წელს გამოცემულ ახალ სახელმწიფო მონეტაზე ფაფარაყრილ ლომთან ერთად სხივოსანი მზე ამოატვიფრინა, რომლის დისკოში თამარის სახე იკვეთებოდა. ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა “მზე და ლომი” (“შირ-უ-ხურში”).

imageგონიერებით, მტკიცე ხასიათით, დიდსულოვნებით, უბიწოებითა და ქველმოქმედებით გამორჩეულმა ქრისტიანმა ქართველმა ქალმა ისლამურ სამყაროში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. გურჯი ხათუნი უამრავი პოეტისა და მხატვრის მუზა იყო. ამბობენ, რომ ცნობილი მოხეტიალე და მოარაკე – მოლა ნასრედინიც უზომოდ იყო გურჯ ხათუნზე შეყვარებული, რის გამოც იგი სულთანმა სამაგალითოდ გააწკეპლინა.

გასაკვირია, რომ ასეთი ღირსებებით შემკული ადამიანი იყო მზაკვარი რუსუდანის ქალიშვილი…
რუსუდან თავისი ვაჟის – დავით ნარინის გამეფება იმდენად უნდოდა, რომ ძმიშვილის, დავით-ულუს (ლაშა-გიორგის შვილის) მოკვლა განიზრახა და ამაში ქალიშვილსა და სიძეს სთხოვა დახმარება, რომლებიც იმ დროს დავით ულუს მასპინძლობდნენ. აღშფოთებულმა თამარმა და სულთანმა ყაისედინმა რუსუდანს მტკიცე უარი შეუთვალეს. უარმა ისე გაამწარა რუსუდანი, რომ საკუტარ ქალიშვილს ცილი დასწამა და სიძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც თამარსა და დავით ულუს შორის ვითომდა არსებულ სასიყვარულო ურტერთობაზე ლაპარაკობდა. ამ ამბავმა სულთანი იმდენად გააშმაგა, რომ საყვარელი ცოლი ცემით დაასისხლიანა, ხატები დაულეწა და სიკვდილით დაემუქრა, თუ ისლამს არ მიიღებდა.
ამგვარად, თამარი იძულებული გახდა გაშმაგებული, თუმცა მაინც საყვარელი მეუღლის მოთხოვნა შეესრულებინა და ქრისტიანობაზე უარი ეთქვა. როგორც ამბობენ, მან ორთოდოქსული ისლამის მაგივრად იწამა ქრისტიანობასთან შედარებით ახლოს მდგომი ისლამური მიმდინარეობა, – სუფიზმი, რომელსაც აზიარა აღმოსავლეთის უდიდესმა პოეტმა, ჯალალედ-დინ რუმიმ.

image

სუფიზმის მთავარი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანი არის სწორედ სამყაროს ის ეტაპი, სადაც მთავრდება ხილვადი სამყარო და იწყება ღვთიური სულის ამაღლება. აქედან გამომდინარე, უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე ადამიანს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯალალედ-დინ რუმიმ პირველმა აღიარა ქალისა და მამაკაცის თანასწორობა.

 

მალე თამარს კიდევ ერთი დიდი დარტყმის გადატანა მოუხდა: სულთანი ყაისედინი მოკლეს. ზოგიერთი ცნობის თანახმად, სულთანი თამარზე შეყვარებულმა ვეზირმა, სულეიმან ფერვანამ მოკლა. ასეა თუ ისე, ტრადიციის თანახმად, ქვეყნის განმგებელი სწორედ ფერვანა გახდა და დედოფალი თამარიც ცოლად შეირთო.
პირველის მსგავსად მეორე ქმარსაც თავდავიწყებით უყვარდა თამარ დედოფალი და მის ყველა სურვილს ასრულებდა. ასევე დიდ პატივს სცემდა დედოფლის სულიერ მამას – ჯალალედ-დინ რუმსაც, რომელსაც გურჯი ხათუნი დიდ პატივს სცემდა და მფარველობდა. სწორედ თამარის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა ჯალალედ-დინ რუმის სურათი და გრანდიოზული აკლდამა, რომელიც დღესაც კი ქალაქ კონიის არქიტექტურული მშვენებაა.

როცა რუმის სელჩუკთა სასულთნოს მონღოლები შემოესივნენ, თამარი იძულებული გახდა თავის ვაჟთან ერთად კონია დაეტოვებინა, თუმცა ლტოლვილობაში ბედი თამარს ყველაზე დიდ უბედურებას უმზადებდა…

მისი და ყაისედინის შვილი 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ჭაბუკის სიკვდილი ნახევარძმების შეკვეთილი იყო, რადგან სიკვდილამდე ყაისედინმა თავის მემკვიდრედ სწორედ თამართან შეძენილი შვილი აღიარა.

ამის შემდეგ გურჯი ხათუნის კვალი ისტორიაში იკარგება და ბებიის მსგავსად მისი საფლავიც კი უცნობი რჩება…

ბევრი ლეგენდა დადის აღმოსავლეთში თამარ დედოფლის შესახებ. ერთერთი მათგანის მიხედვით, სახელოვანი, მაგრამ უბედური გურჯი ხათუნი ზღვის ტალღებს სამშობლოსკენ გაჰყოლია…

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურა

ცხოვრება სტატუსით – ლევან აბაშიძის მარადიული სიყვარული

წელიწადში 2-ჯერ, 22 მაისსა და 7 სექტემბერს, თბილისის ქუჩებში, დიდუბის პანთეონსა თუ თეატრალურ უნივერსტეტთან მომხიბვლელ, შავგვრემან ქალს შეხვდებით, რომელიც აუცილებლად ქართულად მოგესალმებათ და გაგიღიმებთ…

 


მიკაელა სტრიმბეანუ

ძნელად თუ იცნობთ მას იმ 1980-იანების ბოლოსა და 1990-იანების დასაწყისში გადაღებული ფოტოებიდან, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ერთი შეხედვით ალბათ ვერც იმ ისტორიებს გაიხსენებთ, როგორ ეზიზღებოდათ თბილისელ გოგონებს ის, მხოლოდ იმის გამო რომ ყველაზე სიმპათიურ ბიჭს უყვარდა. დიახ, ის მიკაელა სტრიმბეანუა, მეგობრებისთვის უბრალოდ მიკა. სამშობლოში ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია, საინტერესო კინო და სცენიური როლებით და პრესტიჟული პრემიებით განებივრებული, მაგრამ აქ, მას სულ სხვა ისტორიით იცნობენ. ის ლევან აბაშიძის მთავარი სიყვარულია. ჩამოსვლის ორი თარიღი კი ლევანის დაბადებისა და გარდაცვალების დღეა.

მოლდოვადან თბილისში თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტის ამპლუაში ჩამოვიდა, 1988 წლის ერთ მზიან-ღრუბლიან დღეს კი როცა კინოსტუდია „ქართული ფილმიდან“ გამოვიდა, სადაც ფილმში იღებდნენ და საერთო საცხოვრებლის გზას დაადგა მანქანა  მისმა ქართველმა კურსელმა გაუჩერა და საცხოვრებლამდე მიყვანა შესთავაზა, მიკამაც უარი არ თქვა, მანქანაში ჩაჯდა, კურსელმა კი უკანა სავარძელში მჯდომი, გადაღებაზე ღამენათევი, დაღლილი ბიჭო გააცნო, სახელმა და გვარმა – ლევან აბაშიძემ, მიკას არაფერი უთხრა. კურსელმა მცირე ინფორმაციას ისიც დაამატა –  ეს ჩვენი კინოვარსკვლავიაო. მიკამ გაიღიმა და როგორც შემდეგ იხსენებდა, ვერ დაიჯერა, რომ ეს თმააჩეჩილი ბიჭი ქართული კინოს ვარსკვლავი იქნებოდა და მით უფრო რომ ის მთელს თბილისს ეყვარებოდა.

უკვე მეორე შეხვედრაზე, რომელიც ლევანის ინიციატივით მოხდა, მიკა პირდაპირი მნიშვნელობით პირღია დარჩა, მის წინ ნამდვილი პრინცი იდგა, რომელიც სანდომიანად უღიმოდა.

დღეს, როცა ამდენი წელი გავიდა და ამბები ლევან აბაშიძის შესახებ კალეიდოსკოპში მყოფ მინის ფერად-ფერად ნამსხვრევებს დაემსგავსა, მას ყველაფერი აბსოლუტური სიზუსტით ახსოვს, რა ეცვა ლევანს პირველ შეხვედრაზე, რაზე საუბრობდნენ და ისიც რომ მაშინ მიხვდა რომ რაღაც ძალიან დიდი დაიწყო მის ცხოვრებაში.

სულ მალე ლევანის თხოვნით მიკა მასთან გადადის საცხოვრებლად და ყველგან ერთად ჩნდებიან, როგორც ლევან აბაშიძის ახლო მეგობარი, კინორეჟისორი გიო მგელაძე იხსენებს, ლევანზე, რომელზეც მთელი თბილისის გოგონები იყვნენ შეყვარებული გაწბილებულები დარჩნენ, რადგან ჩამოვიდა გოგონა სხვა ქვეყნიდან, რომელმაც ლევანის გული დაისაკუთრა.

თავად მიკა კი თავიდან ვერ ხვდებოდა რატომ მისდევდა უკან ლექციის შემდეგ თეატრალური ინსტიტუტიდან სახლში მიმავალს გოგონების ჯგუფი, რატომ ათვალიერებდნენ მას განსაკუთრებით, პასუხი მარტივი იყო, მათ აინტერესებდათ ქალი, რომელიც ლევანს შეუყვარდა.

იყო ზარები სახლის ტელეფონზე, რომელზე პასუხის გაცემაც ლევანს არ უნდოდა მას მის ფანებს მიკა პასუხობდა. როგორც თავად წლების შემდეგ იხსენებს, ყველაზე საინტერესო ერთი ისტორია იყო, როცა მის ოთახში შესული ინტუიტურად მიხვდა, ლევანი ქალს ესაუბრებოდა, სასწრაფოდ გაიპარა სახლის მეორე ბოლოში არსებულ ოთახში მდგარ მეორე ტელეფონზე ყურმილი აიღო, წინათგრძნობა გამართლდა, ქალი ლევანს დაბრუნებას სთხოვდა, ლევანი კი უხსნიდა, ხომ უკვე ბევრჯერ გითხარი, მე შეყვარებული ვარ, არ ვარ თავისუფალი, ტყუილად მირეკავო. ერთგულების ამ გამოხატულების შემდეგ მიკამ ლევანის გასახარებლად ტრადიციული მოლდოვური ბირშჩი მოამზადა და შეყვარებულს გაუმასპინძლდა, როგორც თავად ყვება, მაშინ ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ.

სამწელიწადნახევრის შემდეგ მიკას კიდევ ერთხელ მოუწია სამშობლოში დაბრუნება, რადგან როგორც ყოველი სასწავლო წლის ბოლოს თბილისში მომზადებული ნამუშევრები მოლდოვაში უნდა წარმოედგინა, რათა იქ ეღიარებინათ მისი თბილისში გავლილი კურსი, აეროპორტში როგორც წესი ამჯერადაც ლევანმა გააცილა ყვავილებით, დამშვიდობებისას მიკამ რატომღაც ტირილი დაიწყო, რაც მანამდე არასდროს მომხდარა, ლევანი ვერ მიხვდა მიზეზს, უთხრა, მალე ისევ ერთად იქნებოდნენ და როცა მიკა დაბრუნდებოდა, ლევანი კვლავ აეროპორტში დახვდებოდა ყვავილების თაიგულით, მაგრამ მიკას ცუდი წინათგრძნობა გამართლდა, ლევანი ფილმის გადაღებიდან აფხაზეთის ომში გაიპარა და ტრაგიკულად დაიღუპა. თბილისში მიკა უკვე თავად დაბრუნდა ყვავილების თაიგულით, რომელიც ლევანის სამძიმარზე ჩამოიტანა.

ლევანი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა, მიკაელა სტრიმბეანუ კი მისი გარდაცვალებიდან მოყოლებული 29 წლის განმავლობაში ყოველ წელს ჩამოდის ქალაქში, რომელშიც მთავარი ადამიანი აღარ ელოდება. კარგად იცის, რომ ლევანი არამხოლოდ ქართული კინოს რომანტიკული პრინცია, არამედ მთელი თაობის და როდესაც საქართველოში დაუვიწყარ სიყვარულის ისტორიებს იხსენებენ, ერთ-ერთი პირველი მისი და ლევანის ამბავი ახსენდებათ.

ავტორი: ზაკ მირიანაშვილი

წყარო : nargismagazine.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურარელიგია და მეცნიერება

სად ინახება თამარ მეფის სასწაულმოქმედი ჯვარი, რომლითაც ის ომში მიმავალ ჯარს ლოცავდა

ისტორიული წყაროები ამბობენ, რომ საქართველოში, ძელი ცხოვლისა ჩაბრძანებული იყო თამარ დედოფლის კუთვნილ სამ ჯვარში. ერთი მათგანი, რომელიც თამარის გულსაკიდი ჯვარი გახლდათ, ექვთიმე თაყაიშვილის მიერაა ქვეყანაში დაბრუნებული და არის მუზეუმში, ერთი დაკარგულია, მესამე კი გურიის ეპარქიაშია დაბრძანებული.

თამარის ჯვარი გურიის ყოფილი გუბერნატორის, გია სალუქვაძის ოჯახის კუთვნილება გახლდათ, რომელიც წინაპრებისგან მემკვიდრეობით გადაეცათ.

გია სალუქვაძე:

– ეს არის თამარ მეფის ჯვარი, რომელიც ჩემმა დიდმა ბაბუამ, არსენ სალუქვაძემ შემოინახა. ის მსახურობდა აჭის წმინდა გიორგის ეკლესიაში, დიაკვნად. 900-იანი წლების დასაწყისში, ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე, როცა გურიას რამდენჯერმე შემოესია თურქეთი, ბაბუამ გაიხადა მღვდლის სამოსელი, სოფელ აჭიდან ჩამოვიდა ბარში და წამოიღო ჯვარიც. მან შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმადაც, ეს ჯვარი უნდა გადასცემოდა მის შთამომავალს. ანდერძში ასევე ეწერა, რომ განსაკუთრებულად უნდა მოვფრთხილებოდით ჯვარს, – უცხოს არ შეახედოთო, გვაფრთხილებდა და ასევე, აუცილებლად უნდა დაბრუნებული ეკლესიის წიაღში.

2007 წელს, როდესაც აჭის წმინდა გიორგის ეკლესიასთან ფუნქცონირება დაიწყო დედათა მონასტერმა და ალექსანდრა დედათა მონასტრის წინამძღოლი გახდა, ვაჩვენეთ ჯვარი და მან აღმოაჩინა მასზე წარწერა, რომელიც ჩვენ არ შეგვინიშნავს. ეს გახლავთ ძველქართული წარწერა: „ეს ჯვარი ბეთანიასა შინა შეიქმნა თამარისათვის, ლაშქრის სალოცად“. დედა ალექსანდრა დაინტერესდა და მოიპოვა ინფორმაცია, რომ  დიმიტრი ბაქრაძესა და ექვთიმე თაყაიშვილს ამ ჯვართან დაკავშირებით ჰქონიათ ჩანაწერები. ისინი წერდნენ, რომ რომ ეს ჯვარი, უდიდესი სიწმინდე დაკარგული იყო ეკლესიის წიაღიდან.

ფოტოგრაფ როინიშვილს 1898 წელს აღუბეჭდავს ჯვარი ფოტოზე, აჭის ეკლესიაში და ზუსტად ასეთი ფორმითაა იქაც, როგორც ახლა. შემდგომში ჯვრის ლუსკუმში ჩაბრძანება გადაწყდა. ის 100 წელი ინახებოდა ჩვენს ოჯახში. გურიაში პატრიარქი იყო ჩამობრძანებული ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის გახსნაზე. მას მიუბრძანეს ჯვარი და უფრო მეტი სიწმინდე შეიგრძნო. აღმოჩნდა, რომ ჯვარზე მიმსჭვალული იესოს ფეხებთან  ჩატანებულია ძელიცხოვლის ნაწილი, რომელიც თამარ მეფეს ჩამოუტანია იერუსალიმიდან და ჩაუტანებია ჯვარში. ის დღემდე მასში დევს.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ ჯვრის აღდგენა და ძვირფასი ქვებით შემკობა არ მომხდარა და ის ისეთივე ფორმითაა დარჩენილი, როგორიც გადმოეცა ჩემს ოჯახს.

სადაც ახლა წმინდა გიორგის ეკლესიაა, თურმე თამარ მეფე სწორედ ამ გზით აცილებდა ჯვაროსნებს იერუსალიმში. მას ტრაპზონში ქართველი ჯვაროსანი მეომრები შეხვედრიან, უცნობებიათ, რომ იერუსალიმი ქრისტიანების მიერ იყო აღებული და არსებობს ვერსია, რომ გახარებულმა თამარმა ეს ჯვარი მაშინ გადასცა გურიელებს. სწორედ იქიდან მოხვდა ის აჭის ეკლესიის წიაღში.

სიწმინდე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქრისტიანოს კუთვნილებაა, ამჟამად დაბრძანებულია გურიის ეპარქიაში. ასე რომ, იმ სამი ჯვრიდან, ეკლესიის წიაღში მხოლოდ ეს ჯვარი დაბრუნდა. აჭიდან 100 მეტრში არის უმოკლესი გზა აჭარის საზღვრამდე, შემდეგ ტრაპზონამდე, იერუსალიმის მიმართულებით. ამ გზაზე დადიოდა თამარ მეფე, გადმოცემის მიხედვით. იმ პერიოდში, როდესაც ეს ჯვარი სახლში იყო დაცული და არავის ვაჩვენებდით, ბავშვები ავად რომ გახდებოდნენ, ჩემი მეუღლე გამოაბრძანებდა ხოლმე ჯვარს, მიუტანდა ბავშვს ახლოს და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ბავშვი უმალ გამოკეთდებოდა ხოლმე, რადგან ჯვრისა და ძელიცხოვლის მადლი გადმოდიოდა.აჭის ეკლესია მე-8 საუკუნისაა, მის უკანა კედელში ჩაშენებულია ქვა, რომელიც ჩუქურთმითაა გამორჩეული და გადმოცემის თანახმად, თუ ამ ქვას ხელს დაადებ და სურვილს ჩაუთქვამ, აუცილებლად აგისრულდება.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

წყარო : www.primetime.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

ხელოვნებათმცოდნე – გვანცა ბერძენიშვილი უნიკალური თბილისური სადარბაზოებისა და ნაგებობის შესახებ

გვანცა ბერძენიშვილი ახალგაზრდა ხელოვნებათმცოდნეა, რომლის ნაშრომმაც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობების არქიტექტურის შესახებ გამოცდილი მეცნიერების ყურადღება მიიპყო და ცოტა ხნის წინ,  დაინტერესებულ პირებს საჯარო ლექციის ფარგლებში ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ მის მიერ ერთიან კომპლექტად შეკრულ ნაშრომს, ამას გარდა, ახალგაზრდა ხელოვანი დიანტერესებულია ზოგადად, თბილისური არქტიტექტურითა და სადარბაზოების მოხატულობებით, რომელთა იდუმალებით მოცულ ისტორიებსა და ახლანდელ მდგომარეობაზე  თავად გვიამბობს.

-გვანცა, გარდა იმისა, რომ ეროვნულ მუზეუმში მუშაობ, აქტიურად სწავლობ ქართული სადარბაზოებსაც, გვესაუბრე ძველი ქართული სადარბაზოების მრავალფეროვნებაზე.

შეიძლება ითქვას, რომ ქართული სადარბაზოების განსაკუთრებული ისტორია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, პოლიტიკური გარდატეხების ფონზე იწყება, როცა საქართველოში განსაკუთრებით შემოდის ევროპული სტილები, რომლებც იქამდე ჩვენ, ასე ვთვათ, გამოვტოვეთ, იქნება ეს რენესანსი, ბაროკო, კლასიციზმი თუ სხვა. ამ ფაქტმა გამოიწვია ის, რომ თბილისურ შენობებს, რომ დავაკვირდეთ ერთმანეთის გვერდით შევხვდებით სხვადასხვა სტილში შექმნილ ფასადებს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ თბილისმა ეს ეკლექტურობა ძალიან მარტივად, ჰარმონიულად მიიღო და მოიხდინა კიდევაც.

ამ პერიოდის მდიდარი მეცენატებისა და ვაჭრების ფენის გააქტიურებამ  თბილისში პარადული სადარბაზოების გავრცელებას შეუწყო ხელი, ვინაიდან მათთვის ნიშვნელოვანი იყო, რომ საცხოვრებელი სახლი მაქსიმალურად ყოფილიყო გაფორმებული, შესაბამისად, იმ დროინდელი სუფთად თბილისური სახლის სტრუქტურა აერთიანებდა ოთხივე მხრიდან კედლებით შემოსაზღვრულ შიდა ეზოს, ხის მოჩუქურთმებულ აივნებს, მოხატულ სადაბაზოსა და ევროპულ სტილში გადაწყვეტილ წინა ფასადს. თუ კი შეუძლებელი იყო მთლიანად აღნიშნული კომპლექტის ქონა, გარკვეული ელემენტი მაინც გააჩნდა ძველ სადარბაზოს, თუნდაც  ეს მხოლოდ მოზაიკური იატაკი ყოფილიყო.

-შენ, პირადად, როგორც ხელოვნებათმცოდნე, რომელ თბილისურ სადარბაზოებს გამოარჩევდი?

-როგორც ვიცით, XX საუკუნის დასაწყისიდან ჩვეულებრივ იმკობოდა მთელი სადარბაზო – კედლები, ჭერი, კიბის ნაწილები.  შესაძლებელია გამოიკვეთოს ერთი სტილი, რომელშიც ოსტატები მუშაობდენ, მაგრამ მდიდარი ოჯახებისთვის, რომლებიც სადარბაზოს მხატვრობას უკვეთავდნენ, სირცხვილი იყო გაემეორებინათ უკვე შესრულებული მოხატულობა, ამიტომ, შესაძლებელია, თემატიკა ზუსტად ერთნაირი იყოს, მაგრამ აუცილებლად იქნება განსხვავებული ერთმანეთისგან, თუნდაც დეტალებში. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადარბაზოში ერთი და იგივე მხატვარი მუშაობდა, მოხატულობები მაინც განსხვავებულია და ამიტომ, ჩემი აზრით, თითოეულ მათგანი საკმაოდ საინტერესოა, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა გროტესკის სტილში შესრულებული მოხატულობა. ეს სტილი ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან მომდინარეობს და უწყვეტად არსებობდა ევროპაში. როგორც ჩანს, ამ პერიოდის თბილისში ის განსაკუთრებით პოპულარული იყო. განსაკუთრებით საინტერესოა მცენარეული, ცხოველური და ადმიანის ფორმების ერთმანეთთან შერწყმა, როგორც ეს გრიბოედოვის 15 ნომერში არსებულ მოხატულობაშია.

(გრიბოედოვის ქ. N:15)

 ხშირად ვხვდებით პუტების გამოსახვაც. ეს გახლავთ პატარა, შიშველი ბავშვები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში ფრთებით არიან შემკული. ისინი უმეტესად  ჭერზე გამოსახულ ილუზორულ ცაში არიან ჩახატულები, თუმცა იშვიათად კედლებზეც გვხვდება.

ახოსპირელის  ქ. 3/7

მოხატულობა სხვადასხვა მასალაში სრულდებოდა. უმეტესად ეს იყო ზეთის საღებავები და ქაღალდი. ისინი როგორც წესი კომბინირებულად გვხვდებიან. ხოლო თვითონ ნაგებობებს რაც შეეხება,  პირდაპირ არის ხოლმე ნახსენები რომ იგებოდა პარიზიდან ჩამოტანილი ქვებით და ირთვებოდა ვენეციური მოსაპირკეთებელი მასალებით, იმ დროს გარკვეულ ფენას ნამდვილად ჰქონდა ამის ფუფუნება.

-ხშირად შემოქმედებაზე არა ნაკლებ საინტერესო თვითონ ხელოვანის ცხოვრების დეტალებია, ხომ არ არის შემორჩენილი იმ პერიოდის მხატვრებისა და არქიტექტორების შესახებ რაიმე ცნობები?

-თბილისში ალბათ ყველას გაუგია რუსთაველის მეტროს მიმდებარედ არსებული ვაჭრის – მელიკ აზარიანცის – სახლი, რომელშიც დღეს პანტომიმის თეატრიც არის განლაგებული, შენობა დაახლოებით 1914 წლისთვის არის აგებული და მას უკავშირდება ლეგენდა, რომ როდესაც მშენებლობის პროცესში მას ქალიშვილი გარდაეცვალა, გადაწყვიტა, რომ შენობა საპანაშვიდე წრიული თაიგულებით მოერთო,  იმავე შენობას უკავშირდება მეორე ისტორიაც, როგორც ამბობენ, მშენებლობისას ვაჭარს იმდენად გაუძვირეს წყლის საფასური, გამომდინარე მისი ფინანსური შესაძლებლობებიდან, რომ მან უარი თქვა საერთოდ წყალზე და ნახევარი შენობა პრინციპულად ღვინით ააშენა.

აზარიანცის სახლი რუსთაველზე

იდუმალებით მოცულია თვითონ აზარიანცის სიკვდილიც, ერთი მოსაზრებით, რეპრესიების დაწყებისთანავე ყველაფერი ჩამოართვეს და სარდაფში დახვრიტეს, მეორე მოსაზრებით კი – მან სეიფს შეაფარა თავი და კარი შიგნიდან ჩაეკეტა, უცნობია მისი საფლავის ადგილმდებარეობაც.

მასკარონებით შემკული შენობა, ტაბიძის ქ.

საინტერესო ისტორია აქვს ტაბიძის ქუჩის ბოლოში, ერთმანეთის პირისპირ მდებარე ორ სახლსაც, ეს სახლები სომეხ ვაჭრებს ეკუთვნოდათ და ერთ-ერთი მათგანი შემკულია ულამაზესი ქალის ფიგურებითა და ულამაზესი აივნით, ხოლო მოპირდაპირე სახლის მფლობელს, არ ჰქონდა იმდენი შესაძლებლობა, რომ ასე მოერთო შენობა და საკუთარი სახლი ენაგამოყოფილი მასკარონებით შეამკო, ეს არის ერთგვარად დამახინჯებული კაცის ფორმა,რომელსაც ენა აქვს გადმოყოფილი და ამის შემდეგ, მეზობელ  ვაჭარს შეუთვალა – კი შენი სახლი უფრო მდიდრულია, მაგრამ აივანზე, როცა გადმოდგები, პირველი, რასაც დაინახავ, ჩემი ენაგადმოგდებული მასკარონებიაო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურასაქართველო

აფხაზური ტრადიციები და მსგავსება ქართულ კულტურასთან

აფხაზური კულტურა და ტრადიციები საკმაოდ საინტერესო და თვითმყოფადია –  ბევრი რამით კი, ქართულსაც ჰგავს. გადავწყვიტე, რამდენიმე მათგანის შესახებ მომეთხრო:

ზოგადად, აფხაზური ტრადიციები საკმაოდ მკაცრია, ერთგვარი დაუწერელი კანონები – ქცევის წესებიც კი არსებობს, ეს ქცევები კი – ზუსტადაც რომ – ტრადიციებს ეყრდნობა.  ისინი მკვეთრად გამოხატული პატრიარქალურობით გამოიჩნევა, ძირძველი წესები კი – ქალის უფლებებს თვალშისაცემად ავიწროვებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ელემენტი სტუმრის დაფასება და მისდამი პატივისცემაა. სტუმარი ხელშეუხებელია, თუმცა – განსაკუთრებული პატივისცემის ღირსი ასაკოვანი სტუმარია. გარდა ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ დღემდეა შემორჩენილი უფროს-უმცროსობის კულტი. ოჯახში უფროსის სიტყვა გადამწყვეტია. თუკი სახლში ვინმე უცხო შემოდის – ოჯახში მყოფები ფეხზე დგებიან – ბავშვიც, მოხუციც, კაციცა თუ ქალიც.

საინტერესო და უცნაური ტრადიცია, რომელიც ძველ მეგრულ ოჯახებშიც გვხვდებოდა, რძალ-მამამთილის ურთიერთობას უკავშირდება. წესის თანახმად, ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ბუნებრივია, თანამედროვე აფხაზების ნაწილში ეს ტრადიცია ნაკლებად გვხვდება, თუმცა – ოჯახების გარკვეული ნაწილი კვლავ იცავს ამ ადათს.

ზოგადად, საინტერესო ფენომენია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, რომელიც, ტრადიციის თანახმად, საზოგადოებისათვის ტაბუირებული უნდა იყოს – რაც გამოიხატება იმაში, რომ ცოლს უფლება არ აქვს ქმარს სხვისი თანდასწრებით სახელით მიმართოს (შესაძლოა, ამ ტრადიციას მივაწეროთ ის, რო ხშირად, აფხაზებსა და მეგრელებს ერთი სახელი ჰქვიათ, თუმცა – მეორე სახელით მიმართავენ), ქორწილში კი – სტუმრებს სხვადასხვა შენობაში იღებენ. მოკლედ რომ  ვთქვათ – ამ ტრადიციების ძირითადი დედააზრი ისაა, რომ მათი თანაცხოვრება საზოგადოებისთვის თვალსაჩინო არ უნდა იყოს.

ზემოთ ნახსენები ტრადიციების დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდა, თუმცა – ,,კონსტიტუციური” სახე მაინც შეინარჩუნა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დღემდე მკაცრადაა შემონახული უხუცესთა საბჭოები, ხოლო ყველა გვარს  საკუთარი უხუცესი ჰყავს. ისევე, როგორც მთიულ ქართველებში არსებობდა ტრადიცია – ეს უხუცესებიც ძალიან გავლენიანები არიან, ისინი წყვეტენ ბევრ სადავო საკითხს.

ბარონ დე ბაიმ, რომელმაც XIX-XX  საუკუნეში საქართველოში იმოგზაურა, მთლიანად აღწერა კუთხეები და მათი ტრადიციები, ის თავისი წიგნის ერთ-ერთ მონაკვეთში – ,,აფხაზეთში. ერთი მივლინების მოგონებანი” აღწერს, თუ როგორ გამოჰყავთ აფხაზებს მდინარიდან წყალში დამხჩვალის სული. მთელი სოფელი იკრიბება შემთხვევის ადგილას. ერთი ნაპირიდან მეორეზე თოკია გაბმული და ზედ უხმარი ტიკი კიდია. შეკრებილები მიცვალებულის სულს ევედრებიან ტიკში შევიდეს. როდესაც ტიკი გაიბერება, მას თავს მოუკრავენ და მიცვალებულის საფლავზე ზეიმით მიაქვთ.
სოფლებში არ არის სასაფლაოები, აფხაზები მიცვალებულებს ბაღში, ხის მესერით შემოვლებულ, გადახურულ ადგილას მარხავენ, ამ მესერზე ხშირად ნახავთ გარდაცვლილის ნაქონ ტანსაცმელს, რომელიც აფხაზებს ვინმე გაჭირვებულისთვის აქვთ დატოვებული.

ბარონი ხშირად ავლებს პარალელებს ჩერქეზებსა და აფხაზებს შორის, მაგალითად: ,,ისევე როგორც ჩერქეზებს, აფხაზებსაც უყვარდათ ხმლის გაშიშვლება; ცხენების მოპარვას ისინიც ისე უყურებენ, როგორც სანაქებო საქციელს, ხოლო შურისძიებას კი – როგორც აუცილებელ კანონს.” ავტორი ამ ერების ენების მსგავსებასაც უსვამს ხაზს.
შეიძლება ითქვას, რომ აფხაზური ტრადიციების დიდი ნაწილი ძალიან ჰგავს კავკასიელი მთის ხალხების ტრადიციებს – თუნდაც, სვანების, მოხევეების, ჩერქეზების…
აფხაზებში არსებობდა სისხლის აღების წესიც.
დატირების ტრადიციაც ძალიან ჰგავს დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ რიტუალს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციების  დიდი ნაწილი დღეს კანტიკუნტადაა შემორჩენილი, სტუმრისა და უფროსის დაფასების კულტი დღემდე ძლიერადაა ფესვგადგმული.

 

ბიბლიოგრაფია:

  1. “In Abkhasia, memories of a mission” by Le Baron de Baye//Khornabuji I, Tbilisi 2011. “აფხაზეთში. ერთი მივლინების მოგონებანი”//ხორნაბუჯი I, თბილისი 2011
  2. აფხაზური ტრადიციები დღეს და გუშინ – რადიო თავისუფლება. 19.08.2016 (2./07.2018)

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურასაქართველო

ამბავი კოკო შანელის ორი დიდებული ქართველი მოდელისა — დედისა და ქალიშვილისა

მწერალი იგორ ობოლენსკი პროექტის „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ ფარგლებში კოკო შანელის ცნობილ მოდელებზე — მელიტა ჩოლოყაშვილსა და მის ქალიშვილზე ლილია ზელენსკაიაზე მოგითხრობთ.

მელიტა ჩოლოყაშვილი — დიდებული ქალბატონი, რომელსაც პოეტი ტიციან ტაბიძე ქალღმერთს უწოდებდა და მადონას ადარებდა.

მელიტას ტფილისურ სახლში ქართული ინტელიგენციის ნაღები საზოგადოება იკრიბებოდა. სწორედ იქ კითხულობდნენ საკუთარ ლექსებს პაოლო იაშვილი და გრიგოლ რობაქიძე, ხოლო ზიგმუნდ ვიშნევსკი და სერგეი სუდეიკინი მის პორტრეტებს ხატავდნენ. თუმცა მელიტას ყველაზე ცნობილი პორტრეტი საველი სორინს ეკუთვნის.

ჩოლოყაშვილების ასულმა სორინთან სულ 30 სეანსს გაუძლო, მერე კი უარი თქვა სახელოსნოში სიარულზე. „მომბეზრდა თქვენი მითითებების შესრულება, სორინ!“ — გამოუცხადა მხატვარს. ამის პასუხად სორინმა პირდაპირ მიახალა, ძალიანაც ნუ გაკადნიერდებით და თავს მერი შერვაშიძისავით უნაკლო და სრულყოფილ მშვენიერებად ნუ მიიჩნევთო.

მელიტას ასეთი შედარების ატანა არ შეეძლო. ეშმაკებშიც წასულხართო, მიძახა მხატვარს და აჩქარებული ნაბიჯით დატოვა სახელოსნო.

სორინს სხვა გზა აღარ დარჩენოდა. დახმარებისთვის მეგობარს, მელიტას პირველ ქმარს, კონსტანტინ ზელენსკის მიმართა. დაარწმუნე, რომ სეანსების დასრულება აუცილებელია, ასე მხოლოდ უკულტურო ქალები იქცევიანო, სთხოვა მან მეგობარს.

საბოლოოდ მელიტა გულმოწყალედ დათანხმდა სორინს და პორტრეტიც დასრულდა.

მხატვარი იმდენად კმაყოფილი დარჩა ნამუშევრით, რომ ნახატი თავისთვის დაიტოვა და პარიზში თან წაიღო. მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტი საქართველოში მხოლოდ 1974 წელსღა დაბრუნდა — მხატვრის ქვრივმა ის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა საჩუქრად.

1922 წელს მელიტა ქალიშვილთან და დასთან — დარუსიასთან ერთად პარიზში გაემგზავრა. თან მხოლოდ საკუთარი სიმდიდრის უმცირესი ნაწილის წაღება მოახერხა.

მისი ბრწყინვალე სახლის მდიდრული ავეჯი თუ ნახატები საქართველოში დარჩა. მელიტას მეუღლემ XVI საუკუნის უნიკალური შედევრები დიმიტრი შევარდნაძის მიერ შექმნილ ეროვნულ გალერეას გადასცა.

ძველებური როიალი, რომელზეც მელიტას სახელოვანი მეგობრები უკრავდნენ, დღეს მისი დისშვილის სახლში დგას — თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე; სხვათა შორის, სწორედ იმ სახლში, სადაც მხატვარი კირილ ზდანევიჩი მომავალ მეუღლეს, ვალერია ვალიშევსკაიას შეხვდა.

როდესაც მელიტა ტფილისიდან  წავიდა, მისი მეუღლე კონსტანტინ ზელენსკი ტფილისში დარჩა. მას ბოლომდე არ ტოვებდა იმედი, რომ ცოლი და ქალიშვილი საქართველოში დაბრუნდებოდნენ. ფულიც კი გაუგზავნა ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში მყოფ მეუღლეს უკან დასაბრუნებელი ბილეთის საყიდლად, მაგრამ… საბოლოოდ, როცა მიხვდა, რომ ორი მისთვის უძვირფასესი ქალი ტფილისში ჩამომსვლელი აღარ იყო, თავადაც ემიგრაციაში წავიდა.

და მიუხედავად იმისა, რომ მელიტასა და კონსტანტინის ქორწინება მალე დასრულდა, ქვეყნიდან წასვლას ზელენსკისთვის მაინც ჰქონდა მნიშვნელობა — ამით მან თავი გადაირჩინა. მეუღლეები თურქეთიდან საფრანგეთში გადაბარგდნენ და იქ უკვე მათი ცალ–ცალკე ბიოგრაფია დაიწყო.

პარიზში მელიტამ მოდელობას მიჰყო ხელი. ეს მისი შემოსავლის ერთ–ერთ წყაროდ იქცა. ერთი პერიოდი კოკო შანელის ჩვენებებზეც კი გამოდიოდა პოდიუმზე.

მელიტა ჩოლოყაშვილი არ იყო ფოტოგენური და ამადაც ფოტოებით მის სილამაზეზე მსჯელობა რთულია. როგორც საველი სორინი ამბობდა, ჩოლოყაშვილის მშვენიერება მხოლოდ მოძრაობისას იჩენდა თავს. სხვათა შორის, ამაზე თავად მელიტაც წერდა საკუთარ წერილებში. 

ქართველმა თავადის ასულმა ემიგრაციაში მთლიანად დაივიწყა ძველი კაპრიზები და ახლა სიამოვნებით იხსენებდა, როგორ ხატავდა მის პორტრეტს სახელოვანი სორინი, როგორ სთხოვდა ის პოზირებას, ხოლო თავად უარზე იყო.

წარსულის გახსენება მისთვის საყვარელ საქმედ იქცა. მელიტა სიამოვნებით იხსენებდა, როგორ ესწრებოდა პოეტ პაოლო იაშვილის ქორწილს, როგორ ხვდებოდა მომღერალ ვანო სარაჯიშვილს, როგორ გაიცნო კომპოზიტორი სერგეი რახმანინოვი ლიზა ორბელიანის სახლში…

სამშობლოს მონატრება იმდენად ძლიერი იყო, რომ პარიზში ქართული ენის შესწავლაც კი დაიწყო. მანამდე ის მხოლოდ რუსულად და ფრანგულად საუბრობდა.

პარიზში მელიტა ჩოლოყაშვილი მერი შერვაშიძეს დაუმეგობრდა. მშვენიერი ქართველი ქალბატონები ერთად თამაშობდნენ პოკერს და ერთად იხსენებდნენ სამშობლოს.

უნდა ითქვას, რომ მშობლიურ ენაზე არცერთი მათგანი არ ლაპარაკობდა გამართულად. მაგრამ 60-იან წლებში საქართველოდან ჩასულ ტურისტებთან ქართულად საუბარს ცდილობდნენ — თუნდაც ორიოდე სიტყვა, მაგრამ ქართულად!

მელიტა ჩოლოყაშვილის მეორე ქმარი პოეტი სერგეი რაფალოვიჩი გახდა. ქალი მთრთოლვარე ზრუნვით ეკიდებოდა მეუღლის შემოქმედებას და გულმოდგინედ ადევნებდა თვალს, რომ  სერგეის სახელი საჯაროდ ხშირად ეხსენებინათ.

ტფილისში გამოგზავნილ ერთ–ერთ წერილში მელიტა წყენით შენიშნავს, რომ ქართულ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა თარგმანი, რომელიც ნაწილობრივ რაფალოვიჩის გაკეთებული იყო, მაგრამ ავტორებში მისი სახელი არ მოუხსენებიათ. მეგობრებმა დაამშვიდეს და აუხსნეს, რომ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ემიგრაციაში წასული კაცის ავტორად მოხსენიება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.

როდესაც მელიტას სამოდელო კარიერა დასრულდა, პოდიუმზე ის საკუთარმა ქალიშვილმა ლილიამ ჩაანაცვლა.

ლილია ზელენსკაიამ 91 წელი იცოცხლა. მან ღრმა სიბერეშიც შეინარჩუნა წერწეტი ტანი და სილამაზე, რასაც მაღალი მოდის სამყაროსგან ძალიან შორს მყოფი ადამიანებიც კი აქცევდნენ ყურადღებას.

2001 წელს ლილია ზელენსკაია თბილისში ჩამოვიდა დეიდაშვილთან ნინო ჩოლოყაშვილთან სტუმრად (რომელმაც მიამბო კიდეც ეს ისტორია) და, თურმე, რუსთაველის პროსპექტზე ამაყად მიმავალი, უკვე ძლიერ ასაკოვანი, ჭაღარა ქალბატონის დანახვაზე მთელი თბილისი ჩერდებოდა და თვალს აყოლებდა მის დიდებულ სილამაზეს.

ერთ დღესაც ლილიას გადაუწყვეტია, ქართველი ნათესავებისთვის საჩუქრები შეეძინა და პარფიუმერიის მაღაზიაში შესულა. ლაპარაკით გართულ გამყიდველ გოგონებს, როგორც კი ზღურბლს გადმოცილებული ხნოვანი ქალბატონი დაულანდავთ, მყის შეუწყვეტიათ ჭორაობა და უსიტყვოდ დამორჩილებიან მის ყველა მოთხოვნას.

როდესაც ლილიას შენაძენები აუღია და კარისკენ დაძრულა, კონსულტანტ გოგონებს მისი თანმხლები, ზელენსკაიას დისშვილიშვილი შეუყოვნებიათ და უკითხავთ, ვინ არის ეს ქალბატონიო. კოკო შანელის, ლელონგისა და სკიაპარელის ყოფილი მოდელის მშვენება და მანერები არავის ტოვებდა გულგრილს.

უფრო მეტიც, თავად უახლოესი ნათესავებიც კი აღიარებდნენ ლილიას გასაოცარ ქარიზმას — ვერავინ ბედავდა მასთან კამათს.

უკვე სრულიად ჭაღარა, პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი, ხელში სიგარეტმომარჯვებული ლილია ზელენსკაია–როტვანდი უკანასკნელი სხივი გახლდათ შანელისდროინდელი პარიზის იმ დიდებულებისა, რომლის ანარეკლი ახლაც, ახალ 21–ე ასწლეულშიც კი იგრძნობა.

მელიტა ჩოლოყაშვილის ქალიშვილი ლილია ზელენსკაია ძილში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ორიოდე საათით ადრე ის ნათესავ ქალბატონ ესაუბრა ტელეფონით, მისი ბოლო სიტყვები იყო: „ღამე მშვიდობისა. ახლა ჩემ საყვარელ სერიალს უნდა ვუყურო“.

წყარო :  sputnik-georgia.com

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურა

ეს ფიროსმანია – უნიკალური კადრები, სადაც ნიკალა ჩანს

ალექსანდრე დიღმელაშვილს სხვა რომ არაფერი გადაეღო, მარტო ამ კადრებით დარჩებოდა ისტორიაში. 1911 წელს მან დავით სარაჯიშვილის დაკრძალვა აღბეჭდა ფირზე. ეკრანიდან ცოცხალი ფიროსმანი, რომელიც მის გარდაცვალებამდე 7 წლით ადრე არის გადაღებული.

„პრაიმტაიმის“ მკითხველმა პირველად იხილა ფოტოები უნიკალური ვიდეო-კადრებიდან.

გოგი სარაჯიშვილი, მკვლევარი: „ეს კადრები 1911 წლის 26 ივნისს, პაპანაქება სიცხეშია გადაღებული. სარაჯიშვილის დაკრძალვა დიღმელაშვილმა, დავითის მეუღლის, ეკატერინეს თხოვნით გადაიღო. დაკრძალვას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, ფირზე კარგად ჩანან მაშინდელი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის, აკაკი და ფიროსმანი. დიდუბის ტაძრის გალავანი ხალხით იყო სავსე, იქვე იმყოფებოდნენ სარაჯიშვილების ახლო ნათესავი ტარსაიძეები ბავშვებით. სწორედ ტარსაიძეების გადმოცემით, გალავანში დამსწრეთა შორის იყო ფიროსმანიც, თუმცა ამ კადრების აღმოჩენა უფრო მოგვიანებით მოხდა. 1917 წლის 3 მარტს, დავითის ცოლისძმამ, ადამ ფორაქიშვილმა ეს ფირი საგანგებოდ დამზადებული ყუთით საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას გადასცა. ამის შემდეგ ფირი მეტეხის მუზეუმში მოხვდა, მისი გაუქმების შემდეგ კი, 1950 წლიდან, ხელოვნების მუზეუმში ინახება. ეს ფირი 1916 წლამდე კინოთეატრ „აპოლოში“ და ბათუმშიც იყო ნაჩვენები. იმის დასადგენად, იყო თუ არა ფირზე აღბეჭდილი მამაკაცი ნამდვილად ნიკო ფიროსმანი, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის თაოსნობით, სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც კოორდინირებას გურამ აბრამიშვილი უწევდა. კომისიაში იყვნენ სარგის კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი. „გასვენებაზე მოსულა ჩვენი ფიროსმანი, ხალხში გარეულა და თავისთვის ტრიალებს. „საწყალი ნიკალა“, „უბედური მხატვარი“ – თითქოს გაიძახიან აქეთ-იქიდან. ფიროსმანი კი თბილისის ქუჩებში, როგორც მუშამბაში, ისეა გახვეული და ამ მითქმა-მოთქმის არა ესმის რა“, – წერდა შალვა ლომსაძე.

კომისიის აზრი თითქმის ორად გაიყო, საბოლოო სიტყვა ლადო გუდიაშვილზე მიდგა, რომელიც სანამ რამეს იტყოდა, თვალზე ცრემლმომდგარი დუმდა. ბოლოს თქვა: „ის არის, ის… მხოლოდ აქ უფრო მხნე და ვაჟკაცურია, ჯერ კიდევ გაუტეხელი. ფიროსმანი მაშინ სადგურის მახლობლად, ღვინის სარდაფში მუშაობდა. ახლა მე მას მესამედ შევხვდი“. როგორც ჩანს, დიღმელაშვილი კარგად წვდებოდა ფიროსმანის პიროვნების სიდიადეს, ერთხელ გაასწორა მასზე ფოკუსი და ამის შემდეგ კამერა აღარ მოუშორებია.

ფიროსმანი, სავარაუდოდ, 1865 ან 1867 წლებშია დაბადებული, ამ კადრებზე დაახლოებით 44-46 წლისაა. 1918 წელს კი, ნიკო ფიროსმანი გარდაიცვალა.

წყარო : „პრაიმტაიმი”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ენერგეტიკაისტორიაკულტურასაქართველოტექნოლოგიები

სვანი ინჟინერი, რომელმაც მესტია გაანათა

ნათქვამია, ქვეყნის ისტორიას ადამიანები და მათი საგმირო საქციელი ქმნისო. ხოდა ერთ კარგ ქართველზე უნდა გიამბოთ.

აი იმ კაცზე, სვანეთის ისედაც დიდი და საინტერესო ისტორია, რომ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა.

მშენებელ – ინჟინერმა ილია ფალიანმა გასული საუკუნის 40-იან წლებში, მესტია და მეზობელი სოფლები პირველად გაანათა.

მშენებელ – ინჟინერის ლოტბარის სტატუსსაც ატარებდა. მადლიერმა შთამომავლობამ ის მესტიის ცენტრში, სეტის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესასვლელ კართან სვანური ტრადიციით დაკრძალა.

ილია სეტიანი1888 წელს, სვანეთის ქორეპისკოპოსებისსეტილიებისშტოს უკანასკნელ მოძღვრის გიო სეტიელისოჯახში დაიბადა.

ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში გაუგრძელებია, სადაც იგი სამთო ინჟინრის სპეციალობას დაეუფლა.

სოციალისტური წყობილების დამყარებისთანავე მეფის რუსეთის ოფიცერი გამხდარა. წლების მანძილზე საქართველოს სამხედრო გზის დაცვის უფროსად უმუშავია.

მისი პროექტებით მესტიაში არაერთი შენობა აშენდა, მათ შორის 1934-35 წლებში მესტიის ელექტროსადგური, შემდგომ კი, ქვემო სვანეთის მცირე ელექტროსადგური.

მესტიაში ილიას აშენებული ჰესი დღესაც დგას. მართალია, შენობა ამჟამად კერძო მფლობელობაშია. იმის გამო, რომ სვან ინჟინერს შვილი არ ჰყავდა, მას პირდაპირი შთამომავალი არ დარჩენია.

ილია ფალიანი 1966 წლის 12 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.

„ილიას ჰესი“

ილია ფალიანის მიერ აშენებულ ნაგებობას შორის ყველაზე მასშტაბური მესტიის ჰესია, რომლითაც არამხოლოდ მესტია, არამედ ახლო მდებარე სოფლებიც მარაგდებოდა.

შემდეგ ენგურ – ჰესი ააშენეს და ილიას მიერ აგებულმა ჰესმაფუნქცია დაკარგა. ადგილობრივები დღესაც იხსენიებენ, როგორც „ილიას ჰესს“…

ამბობენ, რომ განათლება საფრანგეთსა და პეტერბურგში მიუღია, თუმცა როგორ მოხვდა ევროპაში უცნობია.

ლოტბარი

ქართული სიმღერის თვალსაჩინო ლოტბარი, ხალხურ სიმღერას ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში დაეუფლა და სასწავლებლის საუკეთესო მომღერლად ითვლებოდა.

ილია ქართული ხალხური საგუნდო მოძრაობის პიონერიასაქართველოში.

ათეული წლების მანძილზე იგი აგროვებდა სვანურ თქმულებებს, ლექსებს, აფორიზმებს, სიმღერებს. მის მიერ დამუშავებული სიმღერები შევიდა ქართული მუსიკალური ფოლკლორის საგანძურში.

ორმოც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იგი მოღვაწეობდა სვანური სიმღერებისა და საკრავების ინსტრუქტორ – მასწავლებლად, ჯერ კიდევ საქართველოს რადიოს, შემდეგ კი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლებში.

ასრულებდა სხვადასხვა საგალობლებს, სახლში კი ხშირად ფოლკლორულ ნაწარმოებებს მღეროდა. სვანური სიმღერა „ბილება“-ს ავტორი სწორედ ილიაა.

ქვემო სვანებს ასწავლიდა ფოლკლორს და ცდილობდა ამგვარად გაევრცელებინა… მისი ერთ-ერთი მოსწავლე პლატონ ბაბლუანი იყო, რომელიც გამოირჩეოდა სვანური სიმღერების უბადლო შესრულებით.

ის დედისერთა იყო. მისი მეუღლე აზა ქებაძე გახლდათ, მათ შვილი არ გაუჩნდათ. კომუნისტურმა რეჟიმმა შეიწირა მისი საცხოვრებელი სახლი, რომელიც საუბედუროდ, დაწვეს და შემდეგ, მიწით დაფარეს.

ფილმი „სვანი“

ილია ორ გვარს, ფალიანი (სეტიელი) ატარებდა. ფილმი „სვანი“-ს სცენარი, სწორედ სეტიელი-ფალიანის გვარის რეალურ ამბავზე დაყრდნობით შეიქმნა.

კინოში განვითარებული მოვლენების ნაწილი შეცვლილია, თუმცა „სვანი“ სწორედ ამ გვარის ტრაგიკულ ისტორიას ყვება.

მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელი როლანდ თოფჩიშვილი იკვლევდა ილიას გვარის ისტორიას. მისი მეცნიერული ნამუშევრის მიხედვით, სეტიანები სვანეთში გაბატონებულან.

შემდეგ სისხლის აღების წესით, ყველა მათი წინაპარი ამოუხოცავთ, გარდა ერთისა…სხვადასხვა ისტორიული ცნობები არსებობს ამ გვარის ამოწყვეტასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი ვერსია დემნა ბატონიშვილის პირად მტრობას უკავშირდება, მეორე – დიდგორის ბრძოლის ეპოქას სამეფო კარის ძარცვისთვის.

ილიას ერთ-ერთი წინაპარი იყო გაბრიელი, იმ დროს ჩვილი ყოფილა და აღსაზრდელად ჰყავდათ მიბარებული სვილჩილდ ფალიანსა და მის მეუღლეს დარჯილ სამსიანს, სოფელ ერიშში.

მათაც გაბრიელის ტოლი შვილი ჰყოლიათ. სეტიანებიდან ცოცხალი მხოლოდ გაბრიელი გადარჩა.

„მოწინააღმდეგე გვარს“ გაუგია, რომ ფალიანებში გაძიძებული გაბრიელ სეტიანიიზრდებოდა. ამიტომ რაზმთან ერთად შეიჭრა ფალიანების ოჯახში და მოითხოვა გაბრიელის გადაცემა მოსაკლავად.

ძიძის ოჯახმა, ცოლ-ქმარმა მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, თავიანთი შვილი გაეწირათ სხვისი გვარის უკანასკნელი ვაჟის გადასარჩენად, ამით სეტიანების გვარი გაგრძელდებოდა.

მოტივი რა თქმა უნდა, გვარის გადარჩენა იყო და არა პიროვნული დამოკიდებულება. გაბრიელის მამა გიორგი სეტიანიიყო, ხოლო დედა – ლეჩხუმელი გელოვანი.

გადარჩენილი გაბრიელი ფალიანებმა სწორედ დედულეთში, გელოვანებს მიუყვანეს და იქ იზრდებოდა. რომ წამოიზარდა, გაბრიელმა ბაბუასგან შეიტყო მისი ოჯახისა და მოგვარეების ტრაგიკული ისტორია.

ბაბუა მშვიდ და უზრუნველ ცხოვრებას სთავაზობდა ლეჩხუმში, მაგრამ წინაპართა ხსოვნის უკვდავსაყოფად და საკუთარი ღირსების დასაცავად გადაწყვიტა სვანეთში დაბრუნება და სისხლის აღება.

გადმოცემის თანახმად, მას დიდი ჯარი ჰყოლია. უშგულიდან წამოსულ გაბრიელს გზაში შემოაღამდა და შეყოვნდა ზულმუდთან (სვანურად – სახალხო კრება და ასევე, დაზავება).

სამსიანებისა და ფალიანების სოფელ ერიშში არ შესულა საბრძოლველად აღმზრდელი ძიძის საპატივსაცემოდ. ხოლო დანარჩენ სოფლებში ოჯახიდან თითო მამაკაცი მოუკლავს.

რა თქმა უნდა, მესტიაში ხმა მალევე გავრცელდა გაბრიელის დაბრუნების შესახებ. ხალხმა დასახმარებლად ძიძის ოჯახს მიმართა.

ისინი გაბრიელთან დაზავებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფალიანების ოჯახს ამოწყვეტით ემუქრებოდნენ. ამიტომ, ზულმუდში მისი ძიძა ქალბატონი დარჯილი გაემართა.

მათი შეხვედრა ძალიან თბილი და ამაღელვებელი ყოფილა. მადლიერმა გაბრიელმა აღმზრდელს პირობა მისცა, რომ მას დედად მიიღებდა, იცხოვრებდა ფალიანების ოჯახში, როგორც მათი შვილი და მათ გვარს ატარებდა სიცოცხლის ბოლომდე.

ასე გახდა სეტიანების გადარჩენილი ერთადერთი ვაჟი გაბრიელ ფალიანი. სვანებთან დაზავდნენ. მესტიაში ჩამოსული გაბრიელი სეტიანების საგვარეულო სახლში დასახლდა.

ერთადერთი სეტიანის გარაჩენისთვის დღემდე დიდ პატივს ვცემთ ფალიანები სამსიანების გვარს.

წყარო : primetime.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურარელიგია და მეცნიერება

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი არმია რომის პაპის სამსახურშია

,,ვატიკანის შვეიცარიული გვარდიის” შექმნა უკავშირდება რომის პაპის იულიუს II-ის სახელს. 1506 წელს იულიუს II-მ პირველი ფიცი ჩაიბარა 150 შვეიცარიელი გვარდიელისგან და სწორედ ეს თარიღი ითვლება გვარდიის დაარსების თარიღად.

შვეიცარიულ გვარდიას ევალება ვატიკანისა და პაპის დაცვა. რომის პაპის სიცოცხლე ყოვველთვის საფრთხეში იყო, სწორედ ამან გამოიწვია შვეიცარიული გვარდიის დაარსება. ვატიკანის შვეიცრიელმა გვარდელებმა იხსნეს რომის პაპი კლიმენტი VII სიკვდილს, როდესაც 1527 წლის 6 მაისს რომის იმპერატორმა კარლ V-მ აიღო და გაძარცვა რომი. დღეს კი შვეიცარიელი გვრდიელები ფიცს 6 მაისს დებენ და ეს დღე ვატიანში ,,შვეიცარელ გვარდიელთა დღედ” არის მოხსენიებული.

არსებობს მოთხოვნები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდებას ოფიციალური კვალიფიკაციის მისაღებად. დაცვის წევრები სპეციალურ წვრთნას გადიან. გვარდიელი უნდა იყოს აუცილებლად კათოლიკე, შვეიცარიის მოქალაქე, უნდა ჰქონდეთ გავლილი სპეციალური სამხედრო მომზადება შვეიცარიაში. უნდა ფლობდნენ პროფესიულ ან საშუალო სკოლის დიპლომს. მამაკაცი არ უნდა იყოს დაოჯახებული, 19-დან 30 წლამდე ასაკის, მინიმუმ 174 სანტიმეტრი სიმაღლეში. ჰალბერდიერის კონტრაქტის დაწყებისთანავე ისინი ვალდებულნი არიან დაესწრონ იტალიური ენის გაკვეთილებს.

გვარდიელის ოფიციალური სამოსი ლურჯი, წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ფერისაა და როგორც ჩანს, რენესანსის ხანისაა. ერთი გვარდიელის ფორმის შეკერვას 32 საათი სჭირდება და იწონის 3.6 კილოგრამს და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული ფორმაა, რომელსაც მუდმივი ჯარი იყენებს დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ფორმის დამზადებას ამდენი დრო სჭირდება, სამახურის დასრულების შემდეგ პირადი ფორმები ნადგურდება.

წყრო: VATICAN.COM

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურასაქართველო

ალექსანდრა დადიანი – მოდილიანის ქართველი ნატურა

ამადეო მოდილიანის შემოქმედებაში ქართველი ქალიც არსებობდა, სწორედ ამ ქალბატონის ნიუ გაიყიდა ,,სოთბის” აუქციონზე 26 მილიონ ფუნტ სტერლინგად.

ამადეო იმდენად მოიხიბლა ქართველი თავადის ქალის – ალექსანდრა დადიანის არისტოკრატიული შარმითა და გარეგნობით, რომ ეჭვიანობით ცნობილი ახმატოვაც არაფრად ჩააგდო და განაცხადა, ალექსანდრა უნდა დავხატოო.

თუმცა, როგორ დაითანხმა გათხოვილი, თანაც თავისი სიამაყით ცნობილი თავადის ქალი შიშველ ნატურად დადგომოდა, ამაზე არაფერია ცნობილი…

ალექსანდრა დადიანი მოდილიანმა 1911 წელს დახატა. ალექსანდრა გერმანელ ბოტანიკოსზე, კონრად როსტზე იყო დაქორწინებული, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მათ სიყვარულზე წიგნიც არის  დაწერილი. ალექსანდრა დადიანი ცნობილმა რუსმა პოეტმა ქალმა – ანა ახმატოვამ პეტერბურგში გაიცნო. ახმატოვას უკვე ჰქონდა რომანი გაბმული მოდილიანისთან, რომელიც დიდ ხანს არ გაგრძელებულა.

მოდილიანიმ ალექსანდრა პარიზში ნახა.  ღარიბმა მაესტრომ ანა ახმატოვა და ალექსანდრა დადიანი თავის სახელოსნოში დაპატიჟა. სწორედ იქ დახატა მოდილიანმა ალექსანდრა დადიანი. მოგვიანებით, თავადის ქალი ალექსანდრა, რევოლუციის შემდეგ, გადაასახლეს… უკვე მოხუცებული დაბრუნდა საქართველოში. ალექსანდრა საქართველოში გარდაიცვალა და საგურამოში, ჭავჭავაძეების მამულშია დასაფლავებული.

ეტყობა, ქართველ ქალს არ სიამოვნებდა იმის აღიარება, რომ მხატვარს, თუნდაც დიდ შემოქმედად აღიარებულს, გაუშიშვლდა.

როგორც ცნობილია, ლადო გუდიაშვილი მოდიალიანის იცნობდა, სწორედ მის მოგონებებში ვკითხულობთ: ,,მივუჯექი თავისუფალ მაგიდას… მოვიპატიჟე ამედეო მოდილიანი, მინდოდა მისი გამასპინძლება, მაგრამ გვერდით მანდილოსანი ეჯდა, რომელსაც ხატავდა. მოათავა თუ – არა, პოლონელ ქალბატონს ორი ნახატი შესთავაზა. რაოდენ დიდი იყო მოდილიანის გაკვირვება, როცა მანდილოსანმა არ ისურვა ეს ნახატები არც საჩუქრად, არც სასყიდლად… ქალბატონი გაჯავრებით ამბობდა: – თქვენი ნახატები არაფრით მგვანანო!… აღელვებულმა, შეურაცხყოფილმა ამედეომ მომაშურა, გამომიწოდა ეს ორი შედევრი და ცრემლმორეულმა აკანკალებული ხმით მითხრა: – ,,ჩემო მეგობარო ლადო, შენ გქონდეს ჩემგან ეს პატარა სახსოვარი…”

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 24
Page 4 of 24