close
ს საინტერესოაულტურააქართველო

აფხაზური ტრადიციები და მსგავსება ქართულ კულტურასთან

A5197250-9694-4933-9EC6-B0355F32A93B

აფხაზური კულტურა და ტრადიციები საკმაოდ საინტერესო და თვითმყოფადია –  ბევრი რამით კი, ქართულსაც ჰგავს. გადავწყვიტე, რამდენიმე მათგანის შესახებ მომეთხრო:

ზოგადად, აფხაზური ტრადიციები საკმაოდ მკაცრია, ერთგვარი დაუწერელი კანონები – ქცევის წესებიც კი არსებობს, ეს ქცევები კი – ზუსტადაც რომ – ტრადიციებს ეყრდნობა.  ისინი მკვეთრად გამოხატული პატრიარქალურობით გამოიჩნევა, ძირძველი წესები კი – ქალის უფლებებს თვალშისაცემად ავიწროვებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ელემენტი სტუმრის დაფასება და მისდამი პატივისცემაა. სტუმარი ხელშეუხებელია, თუმცა – განსაკუთრებული პატივისცემის ღირსი ასაკოვანი სტუმარია. გარდა ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ დღემდეა შემორჩენილი უფროს-უმცროსობის კულტი. ოჯახში უფროსის სიტყვა გადამწყვეტია. თუკი სახლში ვინმე უცხო შემოდის – ოჯახში მყოფები ფეხზე დგებიან – ბავშვიც, მოხუციც, კაციცა თუ ქალიც.

საინტერესო და უცნაური ტრადიცია, რომელიც ძველ მეგრულ ოჯახებშიც გვხვდებოდა, რძალ-მამამთილის ურთიერთობას უკავშირდება. წესის თანახმად, ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ბუნებრივია, თანამედროვე აფხაზების ნაწილში ეს ტრადიცია ნაკლებად გვხვდება, თუმცა – ოჯახების გარკვეული ნაწილი კვლავ იცავს ამ ადათს.

ზოგადად, საინტერესო ფენომენია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, რომელიც, ტრადიციის თანახმად, საზოგადოებისათვის ტაბუირებული უნდა იყოს – რაც გამოიხატება იმაში, რომ ცოლს უფლება არ აქვს ქმარს სხვისი თანდასწრებით სახელით მიმართოს (შესაძლოა, ამ ტრადიციას მივაწეროთ ის, რო ხშირად, აფხაზებსა და მეგრელებს ერთი სახელი ჰქვიათ, თუმცა – მეორე სახელით მიმართავენ), ქორწილში კი – სტუმრებს სხვადასხვა შენობაში იღებენ. მოკლედ რომ  ვთქვათ – ამ ტრადიციების ძირითადი დედააზრი ისაა, რომ მათი თანაცხოვრება საზოგადოებისთვის თვალსაჩინო არ უნდა იყოს.

ზემოთ ნახსენები ტრადიციების დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდა, თუმცა – ,,კონსტიტუციური” სახე მაინც შეინარჩუნა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დღემდე მკაცრადაა შემონახული უხუცესთა საბჭოები, ხოლო ყველა გვარს  საკუთარი უხუცესი ჰყავს. ისევე, როგორც მთიულ ქართველებში არსებობდა ტრადიცია – ეს უხუცესებიც ძალიან გავლენიანები არიან, ისინი წყვეტენ ბევრ სადავო საკითხს.

ბარონ დე ბაიმ, რომელმაც XIX-XX  საუკუნეში საქართველოში იმოგზაურა, მთლიანად აღწერა კუთხეები და მათი ტრადიციები, ის თავისი წიგნის ერთ-ერთ მონაკვეთში – ,,აფხაზეთში. ერთი მივლინების მოგონებანი” აღწერს, თუ როგორ გამოჰყავთ აფხაზებს მდინარიდან წყალში დამხჩვალის სული. მთელი სოფელი იკრიბება შემთხვევის ადგილას. ერთი ნაპირიდან მეორეზე თოკია გაბმული და ზედ უხმარი ტიკი კიდია. შეკრებილები მიცვალებულის სულს ევედრებიან ტიკში შევიდეს. როდესაც ტიკი გაიბერება, მას თავს მოუკრავენ და მიცვალებულის საფლავზე ზეიმით მიაქვთ.
სოფლებში არ არის სასაფლაოები, აფხაზები მიცვალებულებს ბაღში, ხის მესერით შემოვლებულ, გადახურულ ადგილას მარხავენ, ამ მესერზე ხშირად ნახავთ გარდაცვლილის ნაქონ ტანსაცმელს, რომელიც აფხაზებს ვინმე გაჭირვებულისთვის აქვთ დატოვებული.

ბარონი ხშირად ავლებს პარალელებს ჩერქეზებსა და აფხაზებს შორის, მაგალითად: ,,ისევე როგორც ჩერქეზებს, აფხაზებსაც უყვარდათ ხმლის გაშიშვლება; ცხენების მოპარვას ისინიც ისე უყურებენ, როგორც სანაქებო საქციელს, ხოლო შურისძიებას კი – როგორც აუცილებელ კანონს.” ავტორი ამ ერების ენების მსგავსებასაც უსვამს ხაზს.
შეიძლება ითქვას, რომ აფხაზური ტრადიციების დიდი ნაწილი ძალიან ჰგავს კავკასიელი მთის ხალხების ტრადიციებს – თუნდაც, სვანების, მოხევეების, ჩერქეზების…
აფხაზებში არსებობდა სისხლის აღების წესიც.
დატირების ტრადიციაც ძალიან ჰგავს დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ რიტუალს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციების  დიდი ნაწილი დღეს კანტიკუნტადაა შემორჩენილი, სტუმრისა და უფროსის დაფასების კულტი დღემდე ძლიერადაა ფესვგადგმული.

 

ბიბლიოგრაფია:

  1. “In Abkhasia, memories of a mission” by Le Baron de Baye//Khornabuji I, Tbilisi 2011. “აფხაზეთში. ერთი მივლინების მოგონებანი”//ხორნაბუჯი I, თბილისი 2011
  2. აფხაზური ტრადიციები დღეს და გუშინ – რადიო თავისუფლება. 19.08.2016 (2./07.2018)

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid