close

კულტურა

განათლებაკულტურა

ქრისტე აღსდგა თუ აღდგა – რომელია სწორი ფორმა?

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მორწმუნენი ერთმანეთს ესალმებიან შემდეგნაირად: ქრისტე აღსდგა/აღდგა! ჭეშმარიტად აღსდგა/აღდგა!. ამ ფორმებზე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ რომელი არის სწორი ფორმა, ქრისტე აღსდგა! თუ ქრისტე აღდგა!?. თუ ამ საკითხს გრამატიკულად შევხედავთ, აშკარაა, რომ სწორი ფორმა არის აღდგა, რადგან ეს ზმნა არის ერთპირიანი, ეწყობა მხოლოდ მესამე სუბიექტური პირი, მხოლოობით რიცხვში და შესაბამისი სუბიექტური პირის ნიშანი -ა ზმნაში უკვე ასახულია.

უნდა აღინიშნოს, რომ აღსდგა – ფორმაში ნიშანი -ს- რეალურად არის მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანი (პირის ნიშანი -ს მესამე ირიბი ობიექტის ნიშნად გვხვდება ცხრა თანხმოვნის წინ: დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ) რომელიც ერთპირიან ზმნას არ ეწყობა.

აღსანიშნავია, რომ აღდგა ფორმას ვხვდებით მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებაშიც. “სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ” (მათეს სახარება -ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, თავი-28, 7).

“მან უთხრა მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა ადგილი, სადაც ის დაასვენეს” (მარკოზის სახარება, იესოს მკვდრეთით აღდგომა, თავი-16, 6 ).
“არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო” (ლუკას სახარება, აღდგომა. თავი-24. 6-7).

ამ ორი ფორმის –აღდგა/აღსდგას შესახებ უნდა ითქვას, რომ აღდგა არის გრამატიკულად სწორი ფორმა, ხოლო აღსდგა კი – ტრადიციული ფორმა. სწორედ ასეა ეს ფორმები განმარტებული სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონში, “აღდგება; აღდგა [დ ა ა რ ა აღსდგება, აღსდგა],
მ ა გ რ ა მ: ქრისტე აღსდგა (ტ რ ა დ ი ც.) “.

როგორც “ამბიონთან” საუბარში აღნიშნა პროფესორმა შუქია აფრიდონიძემ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), “ზმნის ფორმა აღდგა არ საჭიროებს –– პირის ნიშანს. სხვა (არა მაინცდამაინც რელიგიურ) კონტექსტში რომ გვეხმარა ეს სიტყვა (მაგ., ისევ აღდგა ძველი ტრადიცია), ცხადია, -ს- ნიშნის უხმარებლობა არც იქნებოდა საკამათო.

რაც შეეხება ფორმულას „ქრისტე აღსდგა“, არავითარი სხვა გამართლება, თუ არა მისი ხმარების ხანგრძლივი საეკლესიო ტრადიცია და მისი თანმხლები კოლორიტი, არა აქვს. ამდენად, რჩება მხოლოდ მორწმუნის სუბიექტური არჩევანის საკითხი”.

წყარო : ambioni.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოავიდეოკატეგორიის გარეშეკულტურასოფლის მეურნეობა

ლი ზიქი – გოგონა ზღაპრიდან, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს

ოდესმე გიფიქრიათ, რომ ზღაპრები შეიძლება რეალობა იყოს? გიფიქრიათ, რომ წარმოსახულის სინამდვილედ ქცევაა შესაძლებელი, რომ თუ მოინდომებ, დროსა და სივრცეშიც კი იმოგზაურებ.

მოიმზადეთ ფინჯანი ყავა, მოკალათდით კომფორტულად და მოემზადეთ განტვირთვისთვის, რომელსაც ქვემოთ მოთხრობილი, ერთი შეხედვით, არამიწიერი გოგონას ამბავი გპირდებათ.

ერთ ჩინელ გოგოზე უნდა გიამბოთ, რომლის ცხოვრებაც ბევრი წლის განმავლობაში საკუთარი თავის ძიება იყო. ახლა მან იცის, რა აბედნიერებს და სხვებსაც გადასდებს პოზიტიურ ვიბრაციებს.

ეს 28 წლის ჩინელი ვლოგერი, ლი ზიქია. ინტერნეტ სივრცეში, სოციალურ ქსელებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. პოპულარულია „ინსტაგრამზე“, „ფეისბუქზე“, თუმცა განსაკუთრებით „იუთუბზე“. სოციალურ ქსელებში მის გვერდებს „შვიდი ქლიავი“ ჰქვია.

ლი ჩინეთში, სიჩუანში დაიბადა. ამ რეგიონს დედამიწის სამოთხესაც უწოდებენ. ფანების თვალში ლი ზიქი არის მისაბაძი ქალი, ინსპირაციის წყარო. თავისი ვიდეოებით ის გვაჩვენებს, როგორ აკეთებს სრულიად მარტო ისეთ საქმეებს, რომელთა გაკეთებაც ჩვეულებრივი გოგონებისთვის თითქოს შეუძლებელი ჩანს და ყველაფერს ისე წარმოგვიდგენს, რომ ჩვენც მის ადგილას ყოფნა გვინდება.

ლის არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა. როცა პატარა იყო, მშობლები განქორწინდნენ. მამა ადრე გარდაეცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ, გოგონა ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა. ისინი ღარიბულად ცხოვრობდნენ. ბაბუა მზარეული იყო და ადგილობრივი ქორწილების, ან დაკრძალვებისთვის ამზადებდა საჭმელებს.

ლი თავისი ვიდეოების დიდ ნაწილში უძველესი ჩინური კერძების მომზადებას გვასწავლის, თანაც უჩვეულო მეთოდებით და ეს მეთოდები ბაბუისგან ისწავლა. გოგონამ, ასევე იცის თევზაობა, ქაღალდის დამზადება ბამბუკის ხეებისგან, მოჰყავს სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ბოსტნეული და ამ ყველაფერს საკუთარი ხელებით აკეთებს. ვიდეოების საშუალებით კი, მუშაობის პროცესს აღწერს და გვიზიარებს.

როცა 14 წლის იყო, მატერიალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, რომ სკოლისთვის თავი დაენებებინა. მან დატოვა სოფელი, ეცადა სხვადასხვა პროფესიაში მოესინჯა ბედი და ოჯახს ასე დახმარებოდა. უმუშავია გამყიდველად, მიმტანად, მეეზოვედ, ბოლოს კი ერთ-ერთ კლუბში დიჯეიდ დაიწყო მუშაობა, სადაც შვიდი წლის განმავლობაში უკრავდა. თუმცა გრძნობდა, რომ ეს არ იყო ის საქმე, რომლის გაკეთებაც ყოველთვის სურდა.

2012 წელს ლის ბებია ავად გახდა. გოგონამ გადაწყვიტა, რომ ყველაფრისთვის თავი დაენებებინა, სოფელში დაბრუნებულიყო და ბებიასთვის მოევლო. სოფელში ცხოვრება მისთვის განტვირთვის საშუალება იყო. ის თავდაპირველად ფერმაში მუშაობდა და ცხოვრებდა ისე, როგორც სოფლის ცხოვრების წესი მოითხოვდა.

ლიმ, შემოსავლის გაზრდის მიზნით, ონლაინ მაღაზია დაარეგისტრირა და ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე, „ტაობაოზეც“ კი ყიდდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. გოგონას უფროსი ძმა მუსიკოსია და თავის რეგიონში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლიმ აღმოაჩინა, რომ მისი ძმა დარეგისტრირებული იყო ერთ-ერთ საიტზე, სადაც პატარა ვიდეოებს ტვირთავდა, რომელიც შემდეგ დიდი მოწონებით სარგებლობდა.

გოგონამ თავადაც გადაწყვიტა ვიდეოების გადაღება და ატვირთვა, თუმცა მასგამოხმაურება არ მოჰყვა და პოპულარული ვერ გახდა. ძმის მსგავსად მას არ შეუძლია სიმღერა, ამიტომაც საჭირო იყო განსხვავებული საქმისმოფიქრება. ისეთის, რომელიც მას კარგად გამოსდიოდა და რომელიც ბედნიერებას მიანიჭებდა.

„ვიფიქრე – რა იქნება ადამიანებს ვასწავლო საჭმლის მომზადება ბაბუას განსხვავებული მეთოდებით, ან იქნებ საინტერესო იყოს, როგორ მომყავს ბოსტნეული და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები, როგორ შეიძლება გარდაიქმნას ესა თუ ის პროდუქტი, გემრიელ საჭმელად?!“ – იხსენებს გოგონა.

თავისი პირველი ვიდეოების სერიას ლიმ ასე დაარქვა – „საჭმელი ანტიკური სურნელით“, ხოლო ახალ სერიას ჰქვია – „ცხოვრება მომენტია“.

მალე ლის ვიდეოებს საკვების დარგის ექსპერტებმა მიაქციეს ყურადღება. გამომწერებისა და ფანების რაოდენობა კი დღითი დღე იზრდებოდა. ლის ვიდეოებმა თანდათან ყველა სოციალური ქსელი მოიცვა. ერთ-ერთი ჩინური ტელეარხის პროდიუსერი ამბობს, რომ ლის ვიდეოებში ჩანს ის, რაც ადამიანების ოცნებაა, ამ ვიდეოებით თითქოს ჩვენს ფრთაშესხმულ ოცნებებს ვპოულობთ.

2017 წელს ლი უკვე ჩინეთის ონლაინ ვარსკვლავი იყო და მას უწოდებდნენ საკვების საკითხების ექსპერტს. თუმცა მისი ვიდეოები გაცილებით მეტია ვიდრე ტრადიციული ჩინური საჭმელების რეცეპტები.

ის გვიჩვენებს გარემოს, რომელიც ჩვენთვის თითქოს უტოპიაა. მისი ვიდეოები რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. მისი ვიდეოებით გვიჩნდება განცდა, რომ თითქოს პირველყოფილ, ადამიანის ხელით დაუმახინჯებელ ბუნების წიაღში ცხოვრობს ერთი გოგონა, რომელიც ყველაფერს აკეთებს საკუთარი ხელით და ეს ყოველივე შთამბეჭდავი სანახავია. მაყურებელზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და სწორედ ამიტომ იპყრობს მილიონობით ადამიანის ყურადღებას.

ამ ვიდეოების ყურების დროს თითქოს წარსულში დროის მანქანის საშუალებით ვმოგზაურობთ. საოცარია, მაგრამ მათ გადაღებაში მხოლოდ სამი ადამიანია ჩართული, თავად ლი ზიქი, ასევე ფოტოგრაფი, რომელიც გოგონას სოციალური ქსელებისთვის ფოტოებს უღებს და ერთიც ლის ასისტენტი.

ლი ამბობს, რომ ვიდეოებს ერთი ტელეფონით, Iphone 6-თ იღებდა და ამავე ტელეფონში ამუშავებდა, ამის გამო თავდაპირველად დიდი ხარისხით ვერ გამოირჩეოდა, თუმცა მოგვიანებით ციფრული კამერა single lens reflex იყიდა და ახლა ამ კამერით მუშაობს.

ლის ვიდეოებში ყურადღებას იპყრობს მისი განსაკუთრებული კაბები და სამოსი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამსგავსებს ვიდეოების გმირს ზღაპრიდან გადმოსულს. საოცარი ის არის, რომ ამ სამოსს ლი ზიქი საკუთარი ხელით ქმნის. დიზაინის ავტორი თავად არის და თავადვე კერავს. ერთ-ერთ ვიდეოში ნემსით კერვის ტექნოლოგიასაც კი გვასწავლის.

თვალშისაცემია ლის სადა და ძალიან ლამაზი მაკიაჟი, რომელსაც გოგონა ასევე საკუთარი ხელით, სხვების დახმარების გარეშე იკეთებს. ლი ზიქის ვიდეოები მის ფანებს ბევრი ნიუანსის გამო უყვართ, მაგრამ ერთ ერთი მიზეზი ის ხმებია, რომლებიც ვიდეოში გვესმის. ეს არის სამყაროს შეულამაზებელი ხმები – მაგალითად, ნაბიჯების ხმა, ცეცხლის ხმა, ფოთლების შრიალის ხმა, შეშის ჩეხვის ხმა, სოკოს შეგროვების ხმა, წაბლის გარჩევის ხმა ამ ვიდეოებით სამყაროს ნამდვილ, ბუნებრივ მუსიკას შეიგრძნობთ.

რაც შეეხება მელოდიებს, რომელიც ზოგჯერ გაჰყვება ძალიან დაბალ ხმაზე ვიდეოებს, მისი ავტორი ლი თავად არის. როგორც უკვე ვთქვით, ის ყოფილი დიჯეია და შეუძლია ელექტრონული მუსიკის შექმნა. ის მინიმალისტურ სტილში ქმნის მუსიკას და ვიდეოებში ძალიან დაბალი ხმით იყენებს და ჩნდება განცდა, რომ ეს მუსიკა აბსოლუტურად ბუნებრივად ერწყმის სამყაროს ჟღერადობას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურასაქართველო

ბევრისთვის უცნობი მეოთხე ქართული ანბანი – „დედაბრული ხელი“

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში გავრცელებული “ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელი” ქართული მხედრული დამწერლობის მოდიფიცირებული ვერსიაა. ამ ანბანით წერდნენ საიდუმლო წერილებს, ავგაროზებსა და კარაბადინებს. სპეციალისტების აზრით, დედაბრული ხელი შექმნეს ქალებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული ანბანი, ვინაიდან დედაბრული ხელი სამივე მათგან აერთიანებს. ვარაუდობენ, რომ დედაბრული ხელი საიდუმლო მიმოწერისთვის შეიქმნა და ოსმალთა ბატონობის დროს ქართული ენის დასაცავად გამოიყენებოდა.
ჯერ ბოლომდე შეუსწავლელი დედაბრული ხელის შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია. ზოგიერთ ასოთა მოხაზულობა ემსგავსება XI საუკუნის ადრეულ მხედრულ მოხაზულობებს, თუმცა დედაბრული ხელით შესრულებული ძეგლები XIX საუკუნით თარიღდება. ანბანში 32 ასოა, მოხაზულობა კუთხოვანია და ასოების მნიშვნელობაც ზოგ შემთხვევაში განსხვავებულია. სიტყვები არ არის ერთმანეთისგან დაშორებული და თანხმოვნებს შორის ხმოვნებს ვხვდებით. თავად ტერმინი „დედაბრული ხელი“ პირველად 1946 წელს გამოიყენა სიმონ ჯანაშიამ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი შექმნა უნდა უკავშირდებოდეს ოსმალთა ბატონობას, ვინაიდან საგანმანათლებლო კერა აჭარაში აღარ არსებობდა, ქალებმა სპეციალური ასოები შექმნეს კულტურის გადასარჩენად და პოლიტიკური მიმოწერის გასაიდუმლოების მიზნით. თუმცა, შემდეგ დედაბრული ხელით დაწერილი წერილებით აგრძელებდნენ ოჯახები ერთმანეთთან ურთიერთობას. როდესაც აჭარიდან მუჰაჯირად წასულებს აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ ქობულეთელ მუჰაჯირებთან, ისინი პირად წერილებში სწორედ დედაბრულ ხელს იყენებდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო მას უწოდეს ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელი. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ყველა ასეთი წერილი წინაპრებს საგულდაგულოდ ჰქონდათ დამალული და ძალიან იშვიათად ანდობდნენ სხვას.
ქობულეთის მუზეუმში კინტრიშული კარაბადინის სახელით ცნობილი 7 მეტრის სიგრძის გრაგნილია დაცული. კარაბადინზე დატანილია წარმართული ლოცვები და სხვადასხვა სამკურნალო რეცეპტები დედაბრული ხელით. ასევე სოფელ ქობულეთში აღმოაჩინეს ქვა, რომელზეც დედაბრული ხელით შესრულებული წარწერაა დატანილი. მფლობელები ამბობენ, რომ იგი თავის დროზე სახლის ფასადს ამშვენებდა, რომელიც დროთა განმავლობაში დაზიანდა და ახლა თითქმის აღარ ჩანს მასზე წარწერა.
დღეს დედაბრული ხელით საქართველოში აღარავინ წერს, დედაბრულის მცოდნეები ისევე უცნაურად გაუჩინარდნენ, როგორც თავის დროზე გამოჩნდნენ. თუმცა მათ მიერ დატოვებული გზავნილების წაკითხვა და გაშიფვრა რამდენიმე ადამიანმა მაინც შეძლო.

 

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურასაქართველო

აფხაზური ლიტერატურის ისტორია და ნართების მდიდარი ეპოსი

როგორც წყაროებიდან ირკვევა, წერილობითი აფხაზური ლიტერატურა გამოჩნდა XX საუკუნის დასაწყისში, თუმცა აფხაზური ზეპირსიტყვიერების ტრადიცია საკმაოდ მდიდარია. აფხაზები სხვა კავკასიელ ხალხებთან (მაგალითად, ოსებთან) ერთად ინაწილებენ ნართულ ეპოსს – ზღაპართა სერიებს მითიურ გმირებზე. ეს ნაწარმოები ასევე მოიცავს ყაჩაღთა და მონადირეთა სიმღერებს, სატირულ სიმღერებს, სიმღერებს კავკასიურ ომებზე და სხვადასხვა რიტუალურ სიმღერას.

მკვლევართა ერთი ნაწილი აფხაზური მხატვრული ლიტერატურის ისტორიის დასაწყისად 1912 წელს მიიჩნევს, როცა თბილისში აფხაზურ ენაზე გამოიცა დიმიტრი გულიასპირველი 38-გვერდიანი პოეტური კრებული ,,ლექსები და შაირები”. თუმცა, ამ კრებულში შესული ლექსებიდან ერთ ნაწილს დაწერის თარიღად 1906, 1907, 1909, 1910 და 1911 წლები აქვს მითითებული, რაც საფუძველს იძლევა, რომ აფხაზური მხატვრული ლიტერატურის შექმნის თარიღად 1906 წელი დადგინდეს, ხოლო აფხაზური ლიტერატურის საძირკვლის ჩამყრელად დიმიტრი გულია იქნეს მიჩნეული.

პირველი ეროვნებით აფხაზი მწერალი იყო აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი, პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, ქართველ თერგდალეულთა თანამოაზრე გიორგი შარვაშიძე, რომელიც უპირატესად წერდა ქართულად.

პირველი გაზეთი აფხაზეთში, სახელად ,,აფხაზეთი”, რედაქტირებული დიმიტრი გულიას მიერ, გამოჩნდა 1917 წელს, როცა აფხაზეთი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ნაწილი იყო. ის ჩანაცვლდა ,,აფსნი ყაფშის” (ნიშნავს ,,წითელ აფხაზეთს”) მიერ მას შემდეგ, რაც საბჭოთა მმართველობა გამოცხადდა ქვეყანაში. შემდეგ ათწლეულებში გამოჩნდა რამდენიმე ახალი ნამუშევარი, მათ შორის დიმიტრი გულიას ნოველა ,,უცხო ცების ქვეშ” (1919). სხვა მწერლები იყვნენ სამსონ ჭანბა (,,მუჰაჯირები და რამდენიმე სხვა თამაშობა”), ივა კოღონია (აფხაზური პოემები, 1924) და მუშნი აჰაშბა.

ტრადიციულმა აფხაზურმა ზეპირსიტყვიერ-პოეტურმა მოთხრობამ უზარმაზარი როლი ითამაში აფხაზური ლიტერატურული ენის ფორმირებასა და ევოლუციაში. ამაში წვლილი შეიტანეს აფხაზმა მწერლებმა, პოეტებმა და დრამატურგებმა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნართების ეპოსი – აფხაზეთში დღესაც ცხოვრობენ მთქმელები, რომლებიც მღერიან სიმღერას ნართებზე.  მათი თქმულებები ნართებზე მხოლოდ 1930-იან წლებში გახდა ცნობილი. პირველად საბჭოთა პერიოდში გამოიცა სხვადასხვა ერის ნართების შეკრებილი ტექსტები ორიგინალურ ენაზე და რუსული თარგმანი. ნართული ეპოსი თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე.

გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:

შორეულ წარსულში ცხოვრობდნენ ვაჟკაცობით გამორჩეული ნართები – ერთი დედის – სათანეი-გვაშას ნაშობი 99 ძმა!
ნართების საქმე თარეში და ნადირობა იყო. მათი ძლევა არავის შეეძლო, რამაც დროთა განმავლობაში ისინი გაათავხედა. ძმებს აღარ ეგონათ, სადმე მათი მჯობნი ვინმე თუ იქნებოდა. ნართებს არც ღმერთის სწამდათ, არც მეფე ჰყავდათ და არც ბატონი. ისინი ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. უსახელოდ ცხოვრებას სიკვდილი ერჩიათ, სიკვდილისა კი არ ეშინოდათ. ნართების სახელს უკავშირდება უამრავი ტკბილსასმენი სიმღერა. მათვე გამოიგონეს სალამურის მსგავსი მუსიკალური საკრავი აჭარპინი.
ნართების საომარი იარაღი მშვილდ-ისარი და ხმალი იყო. უებრო მსროლელნი ისარს გაფრენილ ჩიტს შიგ თვალში არტყამდნენ, ხმალდახმალ ბრძოლაში კი ბადალი არ ჰყავდათ.
ნართები თავს დაჰფოფინებდნენ ერთადერთ დას, მზეთუნახავ გუნდას, რომელსაც ბროლის კოშკში აცხოვრობდნენ. ძმები გუნდას ნანადირევის ძვლის ტვინით კვებავდნენ.

სასრიყვას დაბადება
99 ნართ ძმას შეემატა ნაბოლარა სასრიყვა. იგი სასწაულებრივად მოევლინა ამ ქვეყანას:
ნართების ულამაზეს დედას, უბერებელ სათანეი-გვაშას მშვენიერება და სინორჩე არც მრავალი შვილის გაჩენის შემდგომ დაუკარგავს. ერთხელაც მდინარე ყუბანთან მივიდა. მდინარის გაღმა ახოვანი მწყემსი ზართიჟვი აძოვებდა ცხვარ-ძროხას. სათანეიმ გაიხადა ტანთ, ზართიჟვმა ვერ მოსწყვიტა თვალი მის შიშველ, მომხიბვლელ სხეულს და ვნება აღეძრა. სათანეის დაუფლება განიზრახა და მდინარის გადმოლახვა სცადა, მაგრამ იგი ისე ადიდებულიყო, ვერაფერს გახდა. მაშინ ზართიჟვმა სათანეი-გვაშას გამოსძახა, თესლს ვერ ვიმაგრებ და დაუხვდიო. შიშველი სათანეი-გვაშაც განემზადა, ზართიჟვმაც აღარ დააყოვნა და თავისი «ისარი» ქალისკენ გამოსტყორცნა, მაგრამ ააცდინა და დიდ ლოდს მოახვედრა. ლოდი დაორსულდა. სათანეი-გვაშამ ეს ლოდი წელზე მიიმაგრა, ჩაიცვა და შინისკენ გამოსწია. ცხრა თვის თავზე ქალი მჭედელ აინართან მივიდა და სთხოვა, დახმარებოდა ლოდიდან ბავშვის გაჩენაში. როცა ქვიდან ბიჭუნა იბადებოდა, ძირს დავარდნამდე აინარმა შემოავლო მუხლებზე მარწუხები და მდუღარე ფოლადით სავსე ქვაბში ჩააყურყუმელავა. ასე გამოიწრთო ჩვილი, რომელსაც ,,დედამ” სასრიყვა დაარქვა. ამგვარად ნაწრთობი სასრიყვა ფოლადივით მტკიცე გამოდგა, ვერანაირი იარაღი ვერ ჯაბნიდა. მხოლოდ მარჯვენა მუხლი ჰქონდა სუსტი. მჭედელ აინარს ხომ წრთობისას იგი ამ მუხლზე შემოჭერილი მარწუხით ეჭირა და გამოუწრთობი დარჩა.
სასრიყვა ტანბრგე, მოხდენილი და მძლავრი ვაჟკაცი დადგა. მან ძმათაგან პირველმა გახედნა რაში, სახელად ბზოუ, რომელსაც ადამიანის ენა ესმოდა.

როგორ გადაარჩინა სასრიყვამ ნართები
ნართები არ სცნობდნენ სასრიყვას თავიანთ ძმად და დაცინვით მწყემსის ბიჭსა და უჯიშოს ეძახდნენ. როცა სადმე მიდიოდნენ, სასრიყვა თან არ მიჰყავდათ. სასრიყვას სწყინდა ნართების ქცევა, მაგრამ მაინც უყვარდა ისინი, ხშირად ფარულად გაედევნებოდა და როცა ძმებს რამე ხიფათი შეემთხვეოდათ, ასევე ფარულად დაიხსნიდა ხოლმე განსაცდელისგან.
ერთხელ ნართები სათარეშოდ წავიდნენ და სასრიყვა არ წაიყოლეს. სათანეი-გვაშა მათმა საქციელმა გააბრაზა და შვილები ასე დაწყევლა:
– რაკი უმცროსი ძმა არ გაიყოლეთ, დაე, ისეთ დღეში ჩაცვენილიყოთ, თავს ვერ შველოდეთ და სასრიყვას გარდა მხსნელი არ გამოგჩენოდეთ.
წყევლა ახდა: არნახული თქეში დაიწყო, მერე საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ბოლოს კი მუშტისტოლა სეტყვა და თოვა წამოვიდა. ისე ყინავდა, ქვებს ჭახჭახი გაუდიოდა. ნართებს ავდარმა ტრამალზე მოუსწრო, ახლოს თავშესაფარი არსად ჩანდა. თოშმა ძმები ისე მიაკრა ერთიმეორეს, ერთი დიდი ქუდი დაეხურებოდათ. გადარჩენის იმედი გადაეწურათ და… სასრიყვაც გამოჩნდა. მას ძმები შეებრალა. გამართა მშვილდ-ისარი, მოზიდა და დიდხანს, დიდხანს უმიზნებდა. ბოლოს ისარი ელვისებრ გაიჭრა, უდიდეს ვარსკვლავს შიგ გულში მოხვდა და ძირს ჩამოაგდო. გათოშილი ნართები უმალვე მიეფიცხნენ ცხელ ვარსკვლავს და ძვლები გაითბეს. სასრიყვამ ნართებს უთხრა, ეს ვარსკვლავი ცოტას გიშველით, მე კი წავალ და ცეცხლს ვიშოვიო. შეჯდა ბზოუზე და გააქროლა.
სასრიყვამ ერთ მინდორზე კვამლი შენიშნა და იქით გაემართა. ახლოს მისულმა ნახა, რომ დევს ცეცხლი დაენთო, ირგვლივ ვეება ტორები შემოეხვია და გულიანად ეძინა. სასრიყვა და ბზოუ აფრინდნენ, დევს ცალ ყურში შეუძვრნენ, მეორე ყურიდან გამოძვრნენ და ცეცხლთან გაჩნდნენ. ჭაბუკმა ერთი ვეება მუგუზალი აიტაცა და უკან იმავე გზით გამოეშურნენ. დევს ისე ღრმად ეძინა, არაფერი გაუგია. ერთი კი შეიშმუშნა, ყურისკენ ტორი წაიღო, მაგრამ ამასობაში სასრიყვასა და ბზოუს უკვე სამშვიდობოს გაეღწიათ. ნართებს მაშინ მიუსწრეს, როცა ციდან ჩამოგდებული ვარსკვლავი უკვე ინავლებოდა და ძმებს კვლავ გაყინვა ემუქრებოდათ. სასრიყვამ ძმებს მუგუზალი დაანახვა. ისინიც მაშინვე დაფაცურდნენ. ასწლოვან ხეებს უზარმაზარი ტოტები ჩამოჰგლიჯეს და ისეთი ცეცხლი ააგუზგუზეს, მისი ალისფერი ენები ცას სწვდებოდა. ასე გადაარჩინა სასრიყვამ დაღუპვას უმადური ნართები.

მჯობნის მჯობნი არ დაილევაო
ამპარტავნობის სენი სასრიყვასაც შეეყარა. ერთხელაც დედას შეუჩნდა, მითხარი, ჩემზე უკეთესი ვაჟკაცი თუ არსებობსო. სათანეი-გვაშამ უთხრა:
– არათუ შენი მომრევი, იმისთანა ვაჟკაცებიც არსებობენ, კაცადაც არ ჩაგაგდებენ. მჯობნის მჯობნი არ დაილევაო.
სასრიყვამ დედას გამოუცხადა, მივდივარ და სანამ ჩემს მომრევ ვაჟკაცს არ ვიპოვი, არ დავბრუნდებიო. სათანეი-გვაშამ ბევრი უშალა, მაგრამ ჭაბუკი მაინც გაემგზავრა. კარგა ხანს იარა და ერთი ცალხელა კაცი შენიშნა, რომელსაც სხეულის ნახევარი გახმობოდა. მიწას ცალი ხელით ხნავდა. სასრიყვა თავს წაადგა და მიესალმა. მხვნელმა არ უპასუხა. სასრიყვამ ითაკილა, ხმალი იშიშვლა და შეუტია. კაცმა საღი ხელი სტაცა სასრიყვას და რაშიანად ვეება ბელტის ქვეშ შეჩურთა. ბევრი იწვალა სასრიყვამ თავის გასათავისუფლებლად, მაგრამ ბელტს ძვრაც ვერ უყო.
შუადღისას მხვნელს ცოლმა სადილი მოუტანა დიდი გობით. კაცმა ისადილა, სასრიყვა და მისი რაში ბელტის ქვემოდან გამოათრია, ცოლს გობზე დაუგდო და უთხრა, _ შინ ბავშვებს მიუყვანე, ცოტას მაინც გაერთობიანო. ქალმა გობი თავზე შემოიდგა და წავიდა.
გზად ქალი დასასვენებლად შეჩერდა, გობი ძირს დადო, თვითონ კი დაიძინა. სასრიყვამ ძლივს გადმოახტუნა რაში გობიდან და მოკურცხლა. დარწმუნდა, რომ დედამ მართალი უთხრა: ამქვეყნად მჯობნის მჯობნი არ დაილევა.

როგორ მოიტაცეს გუნდა
ნართების მზეთუნახავი დის ხელის სათხოვნელად მრავალი ვაჟკაცი მოდიოდა. გუნდა მათ საჭიდაოდ იწვევდა იმ პირობით, რომ თუ სასიძო მოერეოდა, ცოლად მისთხოვდებოდა. გუნდას ჭიდაობაში ვერავინ სჯობნიდა. დამარცხებულ ვაჟებს ქალი ყურის ბიბილოს აჭრიდა და ღობის სარზე აცვამდა. ასე დაამარცხა გუნდამ 99 სასიძო. მეასედ ჭაბუკი ხვაჟვარფისი (შქერჭაბუკი) მოვიდა და გუნდამაც თავისი პირობა წაუყენა.
შეიბნენ ვაჟი და ქალი. მიწამ ზანზარი დაიწყო. ბოლოს ხვაჟვარფისმა მზეთუნახავს აჯობა, დანიშნა და შინ დაბრუნდა.
გუნდას მშვენიერების ამბავი დევგმირმა ნარჯხიოუმაც გაიგო. მანაც გადაწყვიტა გუნდას ცოლად შერთვა. ერთ დღეს ნართები შინ იყვნენ და ბურთაობდნენ, სასრიყვა კი სანადიროდ წასულიყო. ნარჯხიოუმ რაში ეზოში შეაგელვა.
სტუმარმა ნართებს გამოუცხადა, გუნდა ცოლად უნდა გამატანოთო. ნართებმა აუწყეს, გუნდა ხვაჟვარფისის დაწინდულია და პირს ვერ გავუტეხთო. ნარჯხიოუ გაბრაზდა, _ ეს რა მათხოვრებთან მქონია საქმე, დამაცადეთ, რა დღეში ჩაგყაროთო. ნართებს ეწყინათ სტუმრის ნათქვამი და ჩუმად მოილაპარაკეს, მზაკვრულად გასწორებოდნენ მომხდურს.
არნახული სუფრა გაუშალეს ვითომ სასიძოს. დაუპატიჟებელი სტუმრის თავიდან მოსაშორებლად ღვინოსა და ხორცის ნახარშში შხამი შეურიეს. და როცა შხამიანი ღვინით სავსე თასი მიართვეს, ნარჯხიოუ მიხვდა, სასმელი სანდო რომ არ იყო. ნართებს შესთავაზა, – მამათქვენის ასაკს პატივი ვცეთ, ჯერ მან დალიოსო. რაღას იზამდნენ მასპინძლები, მიართვეს უსინათლო მამას საბედისწერო თასი. მანაც ადღეგრძელა სტუმარი, ღვინო მოსვა და… მაშინვე სული განუტევა. ნართებმა ისევ შესთავაზეს ღვინო სტუმარს. მან კი, ახლა თქვენმა უფროსმა ძმამ, სითმა დალიოს, ჩემზე უფროსიაო. სითმა უარი ვერ შეჰკადრა და გველისშხამგარეული ღვინო დალია. ისიც მამის კვალს გაჰყვა…
ამის შემდეგ ნარჯხიოუმ აიღო თასი, ნართებმა ღვინო დაუსხეს. სტუმარმა ეშმაკობა იხმარა. ჯერ ხშირი წვერი ჩაიჩურთა პირში და შემდეგ ღვინის სმას შეუდგა. როცა თასი დაცალა, ნარჯხიოუმ წვერი ჩამოიბერტყა, რომელსაც უხვად გამოჰყვა საწამლავი და ნარჯხიოუსაც არაფერი დამართნია, შემდეგ კი მასპინძლებს ისევ მოსთხოვა, _ თქვენი ულამაზესი და გამატანეთო.
– შენთან დამოყვრება ჩვენთვის დიდი პატივია, მაგრამ გუნდა უკვე დანიშნულია ხვაჟვარფისზე. უარს ვეღარ შევკადრებთ ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, სიტყვის გატეხა საკადრისი არ არის და, მეორე, ხვაჟვარფისი რომ გაიგებს, გუნდა შენ მოგათხოვეთ, შავ დღეს დაგვაყრის ჩვენცა და შენცო, _ მიუგეს ნართებმა.
– ხვაჟვარფისისა არ მეშინია. ვაჟკაცი კია, მაგრამ არც მე გახლავართ ნაკლები, თქვენი და მიმყავს და თუ ვაჟკაცები ხართ, წინ დამიდექითო!
სტუმარმა ნართებს გონს მოსვლა არ აცადა, გუნდას კოშკში შეიჭრა, ქალი ძალით გამოიყვანა, რაშზე შეაგდო და გაქუსლა. ნართებმა ვერაფრით შეაკავეს, თუმცა კი უკან დაედევნენ.
სამ დღე-ღამეს მისდევდნენ ნარჯხიოუს, მაგრამ ვერ დაეწივნენ. ძმებმა ნაბოლარა ძმას მუსას, რომელსაც უძლიერესი ხმა ჰქონდა, დაავალეს, ყვირილით ემცნო ხვაჟვარფისისთვის, რომ ნარჯხიოუმ საცოლე მოსტაცა. მუსამაც პირი ხვაჟვარფისის საცხოვრისისკენ იბრუნა და მთელი ხმით გასძახა:
–  ხვაჟვარფის, გუნდა ნარჯხიოუმ გაიტაცა და უნდა უშველო!
სასიძომ გაიგონა და გაქანდა იქით, საიდანაც ხმა მოესმა. ხვაჟვარფისი ნარჯხიოუსა და გუნდას წამოეწია და მოძალადეს შორიდან შესძახა:
– გუნდას საქმრო ხვაჟვარფისი ვარ. შენ შემარცხვინე. იცოდე, ცოცხალი ვერ გადამირჩები. თუ ვაჟკაცი ხარ, დამიდექიო!
–  მობრძანდი, მეც აქ გელოდებიო! _ გასძახა ნარჯხიოუმ.
მეტოქეები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ, მაგრამ არც ერთი არ ისროდა. ნარჯხიოუმ ხვაჟვარფისს უთხრა:
–  შენ მდევარი ხარ, პირველი სროლის უფლება შენია!
-არა, შენ ქალი გახლავს! მესროლე, ნუ აყოვნებ! _ მიუგო ხვაჟვარფისმა.
ასე იწვევდნენ ერთიმეორეს. ბოლოს პირველმა ხვაჟვარფისმა ისროლა. ერთმანეთის ნატყორცნ ისრებს ვაჟკაცები მარჯვენა ხელის ნეკით იჭერდნენ. ბოლოს ნარჯხიოუს ნასროლი ისარი ხვაჟვარფისს თავში მოხვდა და ქალა შუაზე გადაუპო. მან გადახსნილი ნაწილები ხელით შეაერთა და ნარჯხიოუს სთხოვა, _ წავალ მჭედელ აინართან, თავს გავამთელებინებ და მოვბრუნდებიო. მეტოქე დაეთანხმა, _ მეც ბარძაყში ვარ დაჭრილი და მანამდე ზედ რამეს შემოვიჭერო.
ხვაჟვარფისი რაშით აინართან გაქანდა. მჭედელმა თავზე სპილენძის სალტე შემოარტყა. ჭაბუკი ბრძოლის ველს დაუბრუნდა, სადაც ნარჯხიოუ ელოდა. განაგრძეს ორთაბრძოლა. ისრები რომ შემოელიათ, ახლა შუბები სტყორცნეს ერთმანეთს. ბოლოს ნარჯხიოუმ ხვაჟვარფისს შუბი თავში მოარტყა და სასიკვდილოდ დაჭრა. ნარჯხიოუმ მომაკვდავი მეტოქე მიატოვა და გუნდა წაიყვანა. უღელტეხილს რომ მიადგნენ, ნარჯხიოუს სათანეი-გვაშას წყევლამ უწია. მან თავისი ასულის გამტაცებელი დაწყევლა:
– ნარჯხიოუ, ქვად ქცეულიყო და ჰაერში გამოკიდებულიყო შენს რაშთან ერთად. დროთა განმავლობაში მიწისკენ დაშვებულიყოთ და როცა შენი რაშის მუცელი მიწამდე ჩამოეშვება, მეორედ მოსვლა მომხდარიყოს!
გუნდას კი უსურვა:
– ფუტკრების მფარველ ღვთაებად ქცეულიყო და სარგებელი მოგეტანოს ხალხისთვის!
დედის ნათქვამი ახდა: რაშზე ამხედრებული გაქვავებული ნარჯხიოუ ახლაც ჰაერში ჰკიდია, ხოლო გუნდას ანანა-გუნდა ეწოდა, მაღალ მთებში ბინადრობს და ფუტკრებს მფარველობს.

სასრიყვას სიკვდილი
ნართებს ერთი სასწაულებრივი ქვევრი ჰქონდათ, რომელსაც ვეძამაკეტს ეძახდნენ. ამ ქვევრიდან რამდენი ღვინოც უნდა ამოგეკლო, მაინც სავსე რჩებოდა. ქვევრი ნართებს შველოდა იმის გარკვევაშიც, ვინ უფრო დიდი ვაჟკაცობა ჩაიდინა. საამისოდ გმირობის ჩამდენნი დგებოდნენ ქვევრის თავზე და ჰყვებოდნენ თავიანთი გმირობის ამბებს. ვისაც ყველაზე დიდი ვაჟკაცობა გამოეჩინა, იმის მონათხრობზე ღვინო ქვევრში დუღილს იწყებდა და ამით ირკვეოდა, ვინ ვის სჯობდა.
სასრიყვას დავაჟკაცების შემდეგ ვეძამაკეტის ღვინო მხოლოდ მის მონაყოლზე დუღდებოდა, რაც ნართებს ძალიან სწყინდათ, რადგან შურდათ სასრიყვასი. ბოლოს ძმებმა იმდენად შეიძულეს სასრიყვა, რომ მისი დაღუპვა განიზრახეს, მაგრამ რაკი იცოდნენ, რომ მასთან პირისპირ შებმით ვერაფერს გახდებოდნენ, ვერაგობის გზა აირჩიეს. ერთი ბოროტი დედაბრისაგან შეიტყვეს, რომ როცა მჭედელმა აინარმა ახალდაბადებული სასრიყვა მდუღარე ფოლადში ჩასვა, მარჯვენა მუხლი გამოუწრთობი დარჩა, რადგან აინარს ბავშვი ამ მუხლზე შემოჭერილი მარწუხით ეჭირა.
დედაბრის რჩევით, ნართებმა უთხრეს სასრიყვას, – რაკი თავი ყველაზე მძლავრ ვაჟკაცად მოგაქვს, მოდი, გამოვცადოთ, მართალია ეს თუ არაო. მათ სასრიყვა ერთი მაღალი მთის ძირას დააყენეს, თვითონ მწვერვალზე ავიდნენ და იქიდან უზარმაზარი ლოდი დააგორეს. სასრიყვას ის ლოდი ფეხით უნდა გაეჩერებინა. ჭაბუკმა მგორავ ლოდს მარცხენა ფეხი დაუხვედრა და დაამსხვრია. ნართებმა ახლა მეორე ვეებერთელა ლოდი დააგორეს და სასრიყვას დაუძახეს, –  თუ ვაჟკაცი ხარ, მარჯვენა ფეხით გააჩერეო. სასრიყვამ მართლაც დაუხვედრა ლოდს მარჯვენა ფეხი. ლოდმა მას გამოუწრთობი ფეხი მოსწყვიტა. სასრიყვას ბარძაყიდან სისხლი წასკდა და უმწეოდ დავარდა ძირს. გმირი სისხლისგან იცლებოდა, მშველელი კი არსად ჩანდა.
ეს ამბავი ელვის უსწრაფესად გავრცელდა. ამის გამგონე ტყიურნი სასრიყვასკენ დაიძრნენ. ზოგი მათგანი გულით თანაუგრძნობდა ვაჟკაცს, რომელიც მათ ლოცავდა. ზოგი კი გახარებული იყო მისი მარცხით და მათ სასიკვდილოდ განწირული სასრიყვა წყევლიდა. ამიტომაა, რომ ძერა და ყორანი დაწყევლილნი არიან, ხოლო მგელი და მტრედი – დალოცვილნიო, ფიქრობდნენ აფხაზთა წინაპრები…

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურასაქართველო

“თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედი შეიმოსა” – დავით სარაჯიშვილის ანდერძი

“თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედი შეიმოსა” (ი. გოგებაშვილი)

დავით სარაჯიშვილმა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, 1910 წლის 3 ივნისს, დონის როსტოვში ნოტარიუსთან შეადგინა ანდერძი.

ანდერძის თანახმად ქონება (სამი მილიონი მანეთი) შემედეგნაირად ნაწილდებოდა:

1. 500 ათასი მანეთი – წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

2. 150 ათასი მანეთი – ქუთაისის თეატრის ასაშენებლად.

3. 200 ათასი მანეთი – ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას.

4. 25 ათასი მანეთი – ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას.

5. 50 ათასი მანეთი – თბილისში პოლიტექნიკურ ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად.

6. 30 ათასი მანეთი – ვლადიკავკავის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა);

7. 25 ათასი მანეთი – საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადებას წიგნების გამოსაცემად.

8. 100 ათასი მანეთი – თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას.

9. 10 ათასი მანეთი – სამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას.

10. 171 ათასი მანეთი – სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის;

11. 5 ათასი მანეთი – ქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის;

12. 20 ათასი მანეთი – ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას – ქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნად.

13. 50 ათასი მანეთი – ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად.

14. 10 ათასი მანეთი – მოსკოვის ქართულ საზოგადოებას.

15. 10 ათასი მანეთი – დიდუბის ტაძარს.

16. 5 ათასი მანეთი – რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში.

17. 200 ათასი მანეთი – ქირურგიულ საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.

დავითი 1911 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება. ანდერძის თანახმად, მრავალმილიონიანი ქონების უდიდესი ნაწილი ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. .

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკულტურამსოფლიოსაქართველო

ნიკოლოზ ბაგრატიონი – „ვეფხისტყაოსნის“ სულისკვეთებით სავსე ქართველი რაინდი აფრიკაში

კაცობრიობის ისტორიის მსვლელობისას დროდადრო გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთი უანგარო და მაღალზნეობრივი ცხოვრებით გმირობის საოცარ მაგალითს გვიჩვენებენ. ერთ-ერთი მათგანი იყო ნიკოლოზ ბაგრატიონი – ნიკო ბური, რომლის რაინდული ცხოვრება იყო ცოცხალი მაგალითი „ვეფხისტყაოსნის“ გმირების სულიერების რეალურ ცხოვრებაში განხორციელებისა. ნიკოლოზ ბაგრატიონი შუა საუკუნეების სარაინდო რომანების გმირს უფრო გავდა, ვიდრე XIX-XX  საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრებ ადამიანს. მან გადაწყვიტა სრულიად უანგაროდ დახმარებოდა მისი სამშობლოს მსგავსად გაჭირვებაში მყოფ, ბურების აფრიკულ სახელმწიფოს და უშუალო მონაწილეობა მიეღო საბრძოლო ოპერაციებში.

     ნიკოლოზი ბაგრატიონ-მუხრანბატონთა შტოს განეკუთვნებოდა, მათ მამულები ჰქონდათ მუხრანის ველის ტერიტორიაზე, რომლის ცენტრიც სოფელი მუხრანი გახლდათ. ნიკოლოზი პირდაპირი შთამომავალი იყო არჩილ მეფისა. ნიკო1868 წელს დაიბადა, მის ოჯახთან დაახლოებულ ილია ჭავჭავაძეს მგზნებარე სიტყვა წარმოუთქვამს და გიორგი ბაგრატიონისთვის ურჩევია, შვილები ქართულ წესზე აღეზარდა და სამშობლოს სიყვარული ჩაენერგა მათთვის.  ნიკოს მამა, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი სამხედრო პირი  გახლდათ, რომელსაც დიდ პატივს სცემდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთ-თურქეთის ომის დროს ალექსანდროპოლში თურქთა არმია, რომელსაც ზიულ ფაშა მეთაურობდა რუსეთის არმიამ ალყაში მოაქცია. ზიულ ფაშამ რუსეთის არმიის მეთაურ ოგლობოჟიოს მოღალატე უწოდა და იარაღი არა მას, არამედ  მის ადიუტანტ გიორგი ბაგრატიონ-მუხრან ბატონს ჩააბარა, რომელიც შემდგომ ნიკო ბაგრატიონმა საქართველოს მუზეუმს ჩააბარა.   გიორგი ბაგრატიონს და მის მეუღლეს ეკატერინე მესიშვილს 15 ვაჟიშვილი და ერთადერთი ქალიშვილი თამარი ჰყავდათ.

პატარა ნიკოლოზი მუხრანში, ბაგრატიონ მუხრანელთა რეზიდენციაში იზრდებოდა. როგორც თავის წიგნში აღნიშნავს, მისი ბავშვობის ოცნება ყოფილა ფეხით მოევლო და საკუთარი თვალით ენახა მთელი ქვეყნიერება. ნიკოს ბავშვური და კეთილი სულის სწორად განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გამზრდელ თინათინს. იგი უამბობდა მას მშვენიერ ზღაპრებს, თქმულებებს, „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტებს. პატარა ნიკოს სულში ღრმად გაიდგა ფესვი სიკეთისკენ სწრაფვამ და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილმა.

“გული იმ უცნობი მხარეებისკენ მიილტვოდა, რომლებსაც გამდელი ამიწერდა. ყოველი ზღაპრის მოსმენის შემდგომ, სიტყვას ვაძლევდი ჩემს თავს, რომ ოდესმე უთუოდ წავიდოდი იმ საარაკო ქვეყნებში, თან საყვარელ ტარიელად გახდომას ვნატრობდი.” 

   ბავშვობის ტკბილი ოცნებები მკაცრმა მამაკაცურმა აღზრდამ შეცვალა. ნიკოლოზ ბაგრატიონი პატარა ასაკიდანვე შეაჩვიეს ცხენზე ჯდომას,  იარაღის ხმარებას, სიძნელეების გადატანას.

   ნიკოლოზ ბაგრატიონის ოჯახს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს, როდესაც ფინანსური მაქინაციების წყალობით ებრაელმა ხასკინმა 600 000-იანი ვალი აჰკიდა ნიკოს ოჯახს. ეს ვალი მძიმე ტვირთად იქცა ოჯახისთვის. ნიკოს მამა იძულებული გახდა, წასულიყო და რუსეთის იმპერატორისთვის ვალის პატიება ეთხოვა. საბედნიეროდ იმპერატორმა ნიკოს ოჯახს ვალი აპატია.

   გიორგი ბაგრატიონმა გადაწყვიტა კარგი განათლება მიეცა შვილებისთვის. ნიკო და ლევანი თბილისში გაგზავნეს. მოხუცი ფრანგი ქალი ბერლემონი 3 წელიწადი ასწავლიდა ძმებს ფრანგულ ენას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნიკოს განათლებაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ ქართველ ისტორიკოსს პლატონ იოსელიანს, იგი ნიკოს მამიდის ქმარი გახლდათ. პლატონმა ღრმად შეასწავლა ნიკოლოზ ბაგრატიონს საქართველოს ისტორია,  კულტურა, არქეოლოგია.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფრანგულის გარდა ნიკომ ბრწყინვალედ შეისწავლა რუსული და ინგლისური ენა.

  გარკვეული პერიოდის შემდგომ ნიკო და მისი ძმა რუსულ გიმნაზიაში იწყებენ სწავლას. გიმნაზიაში სწავლის პერიოდშიც ნიკოს სული პატრიოტულ ნიადაგზე განაგრძობდა ზრდას, იგი ოცნებობდა საქართველოს უკეთეს მომავალზე და თავისუფლებაზე.

   1884 წელს გარდაიცვალა ნიკოს მამა, გიორგი ბაგრატიონი-მუხრანელი. ნიკოს უფროსი ძმა, ლევანი თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად, ოჯახის ტვირთი კი ნიკოს დააწვა. ნიკომ პატარა არყის სახდელი გახსნა და ამით ეხმარებოდა ოჯახს. ბავშვობაში სუსტი ნიკო ახლა ნამდვილი გოლიათი იყო, 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი სიმაღლის. ბრწყინვალე მსროლელი, მოჯირითე, საარაკო ძალის პატრონი, ბრძენი ხასიათის მქონე. გიმნაზიის დამთავრების შემდგომ ლევანი დაბრუნდა მუხრანში და გადაწყვიტა, როგორც უფროსმა ძმამ, თავის თავზე აეღო მეურნეობის გაძღოლა. თუმცა ლევანი კარგი მეურნე არ აღმოჩნდა, გულნატკენმა ნიკომ გადაწყვიტა დაეტოვებინა სახლი და სხვაგან ეძებნა ბედი. თავდაპირველად ნიკომ კავშირი გააბა მატყლის შემსყიდველი ინგლისური კომპანიის წარმომადგენელთან. თუმცა ეს სავაჭრო წარმომადგენელი საზღვაო კატასტროფაში დაიღუპა და ნიკომ იძულებული გახდა სხვა სამუშაო ეძებნა. ამის შემდგომ ნიკო ყარსის რკინიგზის სამუშაოებზე მუშაობდა 2 წელი.

   1896 წელს ნიკო შეიყვანეს ქართველ დეპუტატთა რიცხვში, რომლებიც ნიკოლოზ II-ის მეფედ კურთხევას უნდა დასწრებოდნენ. ნიკო მეფედ კურთხევის შემდგომაც დარჩა მოსკოვში, სადაც მან გაიცნო ნადირობის დიდი ტრფიალი ნიკოლოზ ორბელიანი. მან შესთავაზა ნიკოს წასულიყვნენ აფრიკაში ლომებზე სანადიროდ.

“აი აქ ხელახლა წარმომიდგა თვალწინ ტარიელი, მთელი თავისი ვაჟკაცობით და გამბედაობით. სუსტსა და უძლურს ბავშვობაში, ახლა ისეთი ძალა მქონდა, რომ ვერცხლის აბაზიანს სულ იოლად გავტეხდი შუაზე.”

ნიკოლოზ ბაგრატიონმა სიხარულით მიიღო ეს წინადადება.

    ნიკოლოზი სამშობლოში დაბრუნდა და ოჯახის საქმეებს მიჰყო ხელი და თან სულმოუთქმელად ელოდა ორბელიანის წერილს.  თითქმის 2 წლის შემდგომ ნიკოლოზ ორბელიანის წერილიც მოვიდა. 1899 წელს ნიკოლოზ ბაგრატიონი პეტერბურგში გაემგზავრა მეგობართან შესახვედრად.

“ლომებზე ნადირობა ჩემთვის იყო მხოლოდ საბაბი -გავმგზავრებულიყავი შორ ქვეყნებში, მენახა უცხო ხალხები, გავცნობოდი მათ ზნე ჩვეულებას, კულტურას, დავმტკბარიყავი უცხო ბუნების სილამაზით. თუმცა მჯეროდა, რომ  საქართველოს მსგავსი ქვეყანა არსად იყო.”

   მეგობრები პარიზში გაემგზავრნენ, აქ მათ უნდა შეერთებოდათ ლომებზე ნადირობის სხვა მსურველნი. თუმცა ნიკოლოზ ორბელიანი დიდად მოიხიბლა პარიზით და აღარ ჰქონდა სურვილი აფრიკაში ლომებზე სანადიროდ წასვლისა. ნიკომ გადაწყვიტა მარტო გამგზავრებულიყო აფრიკაში. სექტემბრის ბოლოს რიცხვებში მარსელის ნავსადგურიდან გავიდა გემი, რომელზეც ნიკო ბაგრატიონი იმყოფებოდა. გემზე ყოფნისას მას ე.წ „ზღვის ავადმყოფობა“ დაემართა და მძიმედ გადაიტანა მგზავრობა. როგორც იქნა ჩააღწიეს ალექსანდრიაში, სადაც ნიკო მეტად დაინტერესდა ანტიკური კულტურით. ალექსანდრიაში ნიკომ შეიტყო ბურების რესპუბლიკის შესახებ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მდებარეობდა და რომლის დაპყრობასაც ინგლისის იმპერია აპირებდა.

“მთელი ჩემი არსება მოიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ღრმად ამოვიჭერი დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა.”

 “ბურების მდგომარეობა როგორღაც მაგონებდა  ჩემს  სამშობლოს  და მწამდა თუ შევებრძოლებოდი ბურების მტერს, ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მე ამით სამაგიეროს გადავუხდიდი ჩემი ქვეყნის მტრებსაც.”

   ბურების  რესპუბლიკის პრეზიდენტი გახლდათ 75 წლის მხნე მოხუცი პაულუს კრიეგერი. ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა სასწრაფოდ დაეტოვებინა სასტუმრო და ბურებს დამხარებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

   ნიკილოზ ბაგრატიონმა გემით ჩააღწია დელაგოას  ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ აფრიკის ნაპირზე მდებარეობს, აქედან კი გაემგზავრა ტრანსვაალიის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში, პრეზიდენტ კრიუგერის სანახავად, თუმცა პრეზიდენტი იქ არ დახვდა. ბაგრატიონი იმედოვნებდა, რომ პრეზიდენტს იოჰანესბურგში ნახავდა, თუმცა აქაც გაუცრუვდა იმედი. ნიკოლოზ ბაგრატიონი  თავის წიგნში „ბურებთან“ საუბრობს ბურების რესპუბლიკის ისტორიაზეც. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე კოლონია დაარსეს ჰოლანდიელებმა, თუმცა მათ მალე შეუერთდნენ ფრანგები, რომელთა დიდი ნაწილი ხელისუფლებისგან დევნილი ჰუგენოტები იყვნენ. მათ დაიწყეს მიწის დამუშავება, მესაქონლეობა, სირაქლემების მოშენება, ასევე აღმოჩნდა არაერთი ოქროს თუ ალმასის საბადო.

  “ბურები ზოგჯერ უცნაურებიც არიან, ისინი ომობენ თავიანთი განწყობილებისა და შეხედულებებისამებრ, რასაც ხშირად მოჰყოლია კატასტროფა. მათი დისციპლინა, უმთავრესად რელიგიაა, რამაც აგრეთვე რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას, უდავოდ თავისი დაღი დაასვა.”

    ინგლისელებმა დააარსეს კოლონია ნატალიში, ბურები იძულებულნი გახდნენ მიეყიდათ ეს ნაწილი ინგლისელებისთვის. ამის მიუხედავად ინგლისელები კვლავ ავიწროებდნენ ბურებს, ამიტომ ბურების ერთი ნაწილი მდინარე ვაალის გაღმა გადავიდა და ტრანსვაალის ბურების რესპუბლიკა დააარსა. ასევე ბურების მეორე ნაწილმა დაარსა რესპუბლიკა ორანჟი.

    ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა დაეთვალიერებინა მიდამოები, გზად შავკანიანი გამყოლი იახლა. გზად მათ გადაეყარათ უზარმაზარი, მძინარე მახრჩობელა გველი,  რამაც  გვარიანად შეაშინათ და იძულებულები გახდნენ ფერმისთვის შეეფარებინათ თავი. როგორც გაირკვა, ფერმას ერთი საშიში მძვინვარე ვეფხვი შესჩვეოდა, რომელიც ანადგურებდა  ჯოგს. ნიკოლოზმა სიმამაცე გამოიჩინა და მრისხანე ცხოველი ორი გასროლით განგმირა. ნიკოლოზმა გადაწყვიტა შეხვედროდა პრეზიდენტ კრიუგერს. პრეზიდენტის მეუღლემ სამამ,  შეხვედრა ორშაბათს 11 საათზე დაუნიშნა.  დათქმულ დროს ნიკოლოზ ბაგრატიონი ეწვია პრეზიდენტის რეზიდენციას,  რომელიც წარმოადგენდა სადა სააგარაკო სახლს, რომელსაც ორი მწოლიარე ლომის ქანდაკება ამშვენებდა.  ბაგრატიონს სალუტით შეეგებნენ. პრეზიდენტ კრიუგერის და ნიკოს შეხვედრა მეტად გულთბილი აღმოჩნდა. ბაგრატიონს პრეზიდენტმა გააცნო სამი სამხედრო პირი:  ფრანგი გენერალი-ჟუბერი, გენერალი კრონიე, რომელიც არტილერიას ხელმძღვანელობდა და გენერალი დელარეი, რომელიც ნიკო ბაგრატიონივით გოლიათური აღნაგობისა გახლდათ. გადაწყდა, რომ ნიკო დელარეის დივიზიაში იმსახურებდა. მეორე დღეს ბაგრატიონი კვლავ ეწვია პრეზიდენტს და მასთან და მის მეუღლესთან ერთად სურათი გადაიღო. გენერალმა დელარეიმ ნიკო შტაბში დიაბარა დილის ხუთ საათზე,  ნიკოს შტაბში მისვლის შემდგომ ისინი გაემართნენ საბრძოლო ბანაკისკენ.

   “ყველაფერი მოეცვა კუპრივით ბნელ ღამეს. ჩქამიც არ ისმოდა, არც გუშაგები ჩანდნენ. ეს როგორი სამხედრო ბანაკია? უცებ სასწაული მოხდა – გაისმა სტვენისმაგვარი რაღაც და ყოველი ხე ბურად იქცა. როგორც კი პირველმა გუშაგმა შეიცნო დელარეი, მყისვე მისი მოსვლა გაიგო მთელმა ბანაკმაც. აქა-იქ  ციცინათელების მსგავსად აციალდნენ პატარა ფანრები.”

   ბურებმა თავაზიანად მიიღეს ნიკო, მტრის ჭარბი ძალების გამო ისინი ერიდებოდნენ გადამწყვეტ ბრძოლას და პარტიზანულ თავდასხმებს ანხორციელებდნენ მტერზე. ბურების ჯარის უდიდესი ნაკლი გახლდათ უდისციპლინობა. ზოგი მათგანი ტოვებდა ბანაკს რამდენიმე დღით და შემდეგ კვლავ ბრუდნებოდა. ნიკოლოზ ბაგრატიონი აღნიშნავს ბურების გენერლების მაღალ პროფესიონალიზმს, განსაკუთრებით გენერალ ლუი ბოტას და გენერალ დე-ვეტას.

   “დე-ვეტას ტაქტიკა იყო შესანიშნავი. იგი მოძრაობდა ინგლისის ჯარის პარალელურად, რის დროსაც მოულოდნელად ესხმოდა მათ თავს. იტყუებდა ისეთ ადგილებში, საიდანაც გამოსვლა მტერს  ძვირად უჯდებოდა.”

    ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა მოხალისეთა პოლკს შეერთებოდა, რომელსაც ვილბუა-დე-მორეია მეთაურობდა და რომელმაც მარი ბროსეს  ნაშრომებით ბევრი რამ იცოდა საქართველოზე. სხვათა შორის ნიკოს აღნიშნული აქვს, რომ სამხედრო ბანაკში ყოფნისას იგი გადააწყდა „მორნინგ პოსტის“ ახალგაზრდა კორესპოდენტ უინსტონ ჩერჩილს, რომელიც ტყვედ ჩავარდნოდა ბურებს და რომელმაც ადვილად მოახერხა ტყვეობიდან გაქცევა ბურების არამკაცრი მეთვალყურეობის გამო.

პოლკოვნიკმა ვილბუამ შეიტყო, რომ მტერი აპირებდა დელარეის დივიზიისთვის ალყის შემორტყმას და განადგურებას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა თავად ვილბუას პოლკი და ნიკო ბაგრატიონი. დაზვერვამ, რომელშიც ნიკო ბაგრატიონიც მონაწილეობდა, ეს ინფორმაცია დაადასტურა. ბურებმა დაასწრეს მტრებს და დილაადრიან მიიტანეს იერიში ინგლისელებზე, ინგლისელები დააბნია მოულოდნელმა იერიშმა, მაგრამ მალე მოეგნენ გონს და პირველი დღის ბრძოლა ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. მეორე დილას ინგლისელების არმიამ, რომელსაც კიტჩენერი მეთაურობდა არტილერიით მიიტანა იერიში ბურებზე. არც ერთი მხარე არ აპირებდა ჯერ გადამწყვეტ იერიშს. კიტჩენერეი დამხმარე ძალებს ელოდა რკინიგზით, ხოლო გენერალი კრონიე კი ელოდა, რომ მტერი გადმოვიდოდა შეტევაზე და ადვილად გაანადგურებდა მათ. მოხალისეთა პოლკს, რომელშიც ნიკო ბაგრატიონიც იყო, ნაბრძანები ჰქონდათ არ გასცილებოდნენ სანგრებს  და განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავდნენ მათ.

  ინგლისელების არმიას ალყაში მოქცევის საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ რამდენიმე დღის შემდგომ მათ იერიში მიიტანეს ბურებზე, მათ მოიგერიეს ეს იერიში, რომელშიც ნიკო ბაგრატიონის პოლკიც იღებდა მონაწილეობას. საღამოს ინგლისელების დამხმარე არტილერია გამოჩნდა, მაგრამ ბრწყინვალე არტილერისტმა კრონიემ ისეთი ცეცხლი გაუხსნა, რომ მათ

არტილერიის განლაგებაც კი ვერ შეძლეს და უკან დაიხიეს.

  ნიკოლოზ ბაგრატიონის პოლკი ბრძოლებს ქალაქ ლედისმიტის მიდამოებში განაგრძობდა, რომელსაც ინგლისელი გენერალი უაიტი იცავდა. ამ ბრძოლებიდან მალევე გარდაიცვალა გენერალი ჟუბერი, რაც დიდი დანაკლისი იყო ბურებისთვის. ომი გრძელდებოდა. ინგლისის არმიამ ვერ მოახერხა სწრაფი განადგურება ბურებისა, საკუთარი სამშობლოსთვის ბურები თავდადებით იბრძოდნენ. პარტიზანული თავდასხმებით ბურები მტერს დიდ ზიანს აყენებდნენ. გენერალ კრონიეს 7-8 ათასიანი ჯარი კიმბერლეის გარშემო იყო განლაგებული. გენერალმა დელარეიმ კი ბრწყინვალედ დაამარცხა ლორდი მეტუენის არმია, ხოლო ტყვედ ჩავარდნილი მეტუენი კი გაანთავისუფლა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბურები კაცთმოყვარეობის გამო ათავისუფლებდნენ ტყვედ ჩავარდნილ მტრის ჯარისკაცებს. ომის გაწელვის გამო ინგლისელებმა დაიწყეს ფიქრი ზავზე, მაგრამ ინგლისმა ბურების მიერ წაყენებული არც-ერთი პუნქტი არ დააკმაყოფილა და ბურებს თავისუფლება არ მიანიჭა, ბურებმა დაიწყეს ფიქრი ფართოუფლებიან ავტონომიაზე ინგლისის მფარველობის ქვეშ. მოლაპარაკება გაჭიანურდა და გენერალმა კიტჩენერმა გააძლიერა იერიშები ბურების წინააღმდეგ. ქალაქ ბოსჰოფთან დაიღუპა პოლკოვნიკი ვილბუა და იმ პოლკის თითქმის ნახევარი, რომელშიც ნიკო ბაგრატიონი იყო გაწევრიანებული. ბურების არმია და გენერალი კრონიე მიმწყვდეულები აღმოჩნდნენ ბოსჰოფთან, კრონიე იძულებული გახდა მტერს დანებებოდა. ტყვედ ჩავარდა ნიკოლოზ ბაგრატიონიც. მას ინგლისელებმა დახვრეტა მიუსაჯეს. ნიკო ფაქტიურად შეგუებული იყო იმ აზრს, რომ მალე გამოასალმებდნენ სიცოცხლეს, იხსენებდა სამშობლოს, ნათესავებს, მეგობრებს.

  „დედის მოგონებამ რაღაცნაირად გული შემიქანა. გულის ჯიბიდან ამოვიღე მშობლის სურათი, რომელსაც მუდამ თან ვატარებდი და მთვარის შუქზე დავცქეროდი, მისი სახით კვლავ თვალწინ წარმომიდგა შორს დარჩენილი ჩემი საყვარელი სამშობლო“

   ნიკო დასახვრეტად გამზადებულთა რიგში აღმოჩნდა.

„ვიდექი უძრავად, ხელში კვლავ დედის სურათი მეჭირა – სიკვდილის წინ მინდოდა კიდევ ერთხელ დამეხედა მისთვის.”

  ოფიცერმა შეამჩნია ნიკოს დედის უცნაური ჩაცმულობა და შეეკითხა ნიკოს თუ ვინ იყო იგი, როდესაც ნიკოს წარმომავლობა გაიგო, ნიკო გამოაყვანინა სიკვდილმისჯილთა რიგიდან და ჩააგდებინა სატუსაღო ხაროში. ნიკოლოზ ბაგრატიონი დაბარებული აღმოჩნდა გენერალ კიტჩენერის მიერ. შეხვედრისას კიტჩენერი თავაზიანად მიესალმა და ჰკითხა, თუ რატომ იბრძოდა ინგლისის წინააღმდეგ. ნიკოლოზ ბაგრატიონის პასუხი ასეთი გახლდათ:

“ყველა ხალხს უნდა შეეძლოს თავისუფლად იცხოვროს ამ ქვეყანაზე, ამისთვის ხალხი არ უნდა ისჯებოდეს“

კიტჩენერმა ნიკოს წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლება მიუსაჯა.

  წმინდა ელენეს კუნძულზე ნიკო კიდევ უფრო  მეტად დაუახლოვდა ფრანგ გრაფ ბრედს, რომელიც აფრიკაში გაიცნო. ნიკოს მეტად მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება. მას დამხარება გაუწია  ბრედმა, ამ თანხით მან სუფთა ტანისამოსი შეიძინა. ნიკო სხვადასხვა გზებს ეძებდა სახსრების მოსაძიებლად. მან გადაწყვიტა  დოღის მოწყობა  და არებული სახსრებით ტყვეების დახმარება.

   დოღი დილის 12 საათზე იყო დანიშნული, უამრავი ადამიანი დაეინტერესებინა დოღს და გულისფანცქალით ელოდნენ სანახაობას. სხვადასხვა მუსიკალური ნომრების შემდგომ დაიწყო დოღი, რომელშიც მონაწილეობდნენ ინგლისელთა ცხენოსანი ჯარის ნაწილების, თუმცა გამარჯვება ტყვე ბურებს დარჩათ. ნიკოს გამოსვლის დროც დადგა, ოთხმა ზანგმა ორი მეტად ღონიერი ცხენი გამოიყვანა, მეჯინიბეებმა ცხენების გრძელი თასმების ყულფები ჩამოაცვეს ნიკოს მკლავებზე, ნიკომ მყისვე კისერზე მოგდებულ მთავარ ღვედს ჩაავლო ხელი.

„გაუშვით ხელი – ვიყვირე მე  და მეჯინიბეები რომელთაც ცხენები აქეთ-იქით აღვირით ეჭირათ განზე გახტნენ. ცხენებმა წამსვე გაიწიეს, მაგრამ ადგილზევე გაქვავდნენ. მაშინ მეჯინიბეებმა ცხენებს შოლტები გადაჰკრეს. ახლა ცხენებმა მოინდომეს ერთბაშად თავის დაღწევა, მაგრამ როცა ადგილიდან ოდნავაც ვერ დამძრეს, ყალზე აიმართნენ. ვატყობდი ძარღვები დაწყდომაზე მქონდა, მაგრამ მაინც ვიდექი, როგორც მიწაში ღრმად ფესვებგამდგარი მუხა, ცხენები თითქოს ჩემს ორ ტოტზე გამობმული იყვნენ.“

 ნიკოს ამ ნომერმა დამსწრე საზოგადოების უდიდესი აღტაცება დაიმსახურა.

   ბურების რესპუბლიკას აღსასრულის დღე ედგა, მარცხს განიცდიდნენ ბურების არმიები. რასაც ნიკო მეტად განიცდიდა. სრულიად მოულოდნელად ნიკოს მიეცა წინადადება, რომ იგი მოიპოვებდა თავისუფლებას თუ იგი აღარ დაბრუნდებოდა აფრიკაში. ნიკო დათანხმდა. მეგობარ ბრედასთან ერთად 1901 წლის 10 ნოემბერს  დატოვა წმინდა ელენეს კუნძული და ინგლისისკენ გაემართა. ლონდონიდან მეგობრები პარიზში გაემგზავრნენ. ბრედას მშობლები ძალიან გაახარა შვილის დაბრუნებამ, მათ ნიკოც გულთბილად მიიღეს. პარიზიდან ნიკო მიემგზავრება პეტერბურგში, საიდანაც იგი საქართველოსკენ წამოვიდა.

   სამშობლოში დაბრუნებულმა  ნიკომ თავადის ასულ ანა ბუჭყიაშვილზე იქორწინა,რომელთანაც 6 შვილი შეეძინა. საქართველოს თავზე ჩამოწოლილმა შავმა ბოლშევიკურმა ღრუბელმა ნიკოს ოჯახსაც გადაუარა  და მისი არაერთი ნათესავი იმსხვერპლა, თვითონ ნიკო აქტიურად გამოდიოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ და რაღაც სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. ნიკოს ბოლშევიკებმა სახლ-კარი და ადგილ-მამულები ჩამოართვეს.ზოგიერთი ცნობით, გაღარიბებული ნიკო ბაგრატიონი თბილისის ბაზარში სიგარეტების გაყიდვით ირჩენდა თავს.

ასეთი  გახლდათ თავგადასავალი კიდევ ერთი  ქართველი რაინდისა,რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გადასდო იმისათვის, რათა დახმარებოდა გაჭირვებაში მყოფ ბურების პატარა რესპუბლიკას და რომლის გმირობა სამაგალითოა თითოეული  ქართველისათვის და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრთათვის.

სრულად ნახვა
ანალიტიკაეს საინტერესოაკულტურა

საინტერესო ფაქტები ,,მონა ლიზას” შესახებ

ლეონარდო და ვინჩის შედევრი -,,მონა ლიზა”, იგივე ,,ჯოკონდა” დღემდე განხილვის თემაა. ცოტა რამ ამ ნახატის შესახებ, რომელსაც საინტერესო და უცნაური ისტორიები არ აკლია:

ლეონარდო და ვინჩიმ ნახატი ზეთის სახებავებით დახატა და საიდუმლებით მოცული ქალი ასახა, რომელიც ირონიული ღიმილით უმზერს მნახველს.

როგორც ცნობილია, პორტრეტი ეკუთვნის ფლორენციელი მდიდარი ვაჭრის ცოლს, ლიზა გერარდინის. ,,მონა” კი თანამედროვე იტალიურში ქალბატონს ნიშნავს. მონა ლიზა მეთექვსმეტე საუკუნეში სულაც არ ყოფილა განსჯის საგანი და არც განსაკუთრებული ინტერესი არ დაუმსახურებია. უცნაურია, მაგრამ 1503 წელს საფრანგეთის მეფემ პორტრეტი შეიძინა და აბაზანაში დაკიდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პორტრეტს ყურადღება არ მიუპყრია. დღესდღეობით კი, მილიონობით მნახველი სტუმრობს ლუვრს მხოლოდ იმიტომ, რომ და ვინჩის ,,მონა ლიზათი” დატკბნენ. მეცნიერები და ხელოვნებათმცოდნეები ცდილობენ ორი უდიდესი საიდუმლოება გაშიფრონ  ,,მონა ლიზას” შესახებ. ვინ არის პორტრეტზე ასახული არსება? და რა არის მისი დამცინავი ღიმილის მიზეზი ან მიზანი.

იტალიელები  ამბობენ, რომ მონა ლიზა იტალიელი ვაჭრის ცოლია და ეს ინფორმაცია მისი ვინაობის შესახებ ყველაზე გავრცელებულია, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებები, რომლებიც დასაბუთებულია.

არის მოსაზრება, რომ მონა ლიზა ლეონარდოს ავტოპორტრეტია, რადგან ლეონარდოს სახის ნაკვთები ანალოგიურია პორტრეტზე გამოსახული ქალის სახისა.

ბრიტანულმა გამოცემამ  ,,The Telegraph-მა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეცნიერებმა ახალი აღმოჩენები გააკეთეს. მათ ‘,,მონა ლიზას” დაკვირვება დაიწყეს ჰორიზონტალურ პოზიციაში და აღმოაჩინეს, რომ ნახატზე გამოსახულია ლომის თავი, ნიანგი და გველი, რომელიც ქალის მარცხენა ხელიდან გამოდის. ახალი აღმოჩენები ნახატს შინაარსობრივად ცვლის. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ გველი, რომელიც ქალს ხელში უკავია, ასოცირებულია შურთან, და შეგვიძლია, ჯოკონდას ღიმილიც შურს მივაწეროთ, თუმცა ამ მოსაზრებას უამრავი კრიტიკოსი ჰყავს. მეცნიერები იშველიებენ ლეონარდო დავინჩის სიტყვებს, რომელიც მან  ,,მონა ლიზას” შესახებ დაწერა : ‘,, მე მას მივეცი ავაზას ტყავი და ის ქმნილება კლავს ლომს შურით”, ამიტომაც, გამორიცხული არაა მონა ლიზას საიდუმლო რამდენადმე დაკავშირებული იყოს ცხოველებთან.

რაც შეეხება ჯოკონდას იდუმალ ღიმილს – ის ბევრისთვის ქცეულა შთაგონების წყაროდ და ბევრიც სასოწარკვეთილებაში ჩაუგდია. 1852 წელს ფრანგი ხელოვანი, ლუკ მასპერო, სასტუმროს ოთახის აივნიდან გადახტა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეძლო მონა ლიზას ღიმილის მიზეზი გაეგო.

ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნე მიიჩნევს, რომ და ვინჩიმ მისივე გამოგონება,  ,,სფუმატოს” ტექნიკა გამოიყენა, რაც ნახატს რამდენადმე აბუნდოვანებს და მნახველს აძლევს საშუალებას თავისივე ფანტაზიით განავრცოს იგი.

ასევე, აღსანიშნავია ის, რომ როდესაც მთლიონაბაში უყურებ ნახატს შენ ამჩნევ ღიმილს, თუმცა თუკი მხოლოდ ტუჩებს შეხედავ ღიმილი ქრება. ,,მონა ლიზას” ღიმილი მაყურებლის პერსპექტივაზე და აღქმაზეცაა დამოკიდებული. როგორც ცნობილია, და ვინჩი ჯოკონდას ღიმილს 12 წელი ხატავდა.

არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ როდესაც და ვინჩი პორტრეტს ხატავდა, ქალმა მოიწყინა და და ვინჩიმ მას გამრთობები მოუყვანა. ამით შეიძლება ჯოკონდას უცნაური ღიმილი აიხსნას, რადგან წარჩინებული ქალბატონები ხშირად ინებივრებდნენ თავებს გამრთობებით.

ისიც აღსანიშნავია, რომ ჯოკონდას წარბები არ აქვს. ამის მიზეზი კი დადგენილია და სადავო აღარაა. რენესანსის ეპოქაში გაპარსული წარბები მოდურად  მიიჩნეოდა  ქალებში.

ფერწერული ნამუშევრის განხილვა დღემდე არ წყდება, იქნებ, მომავალში კიდევ უამრავ საიდუმლოს აეხადოს ფარდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაისტორიაკულტურასაქართველო

„ვეფხისტყაოსნელი“ – გიორგი გიქორაშვილი პოემის 120 ცალ განსხვავებულ ეგზემპლარს ფლობს

გიორგი გიქორაშვილი 18 წლისაა. ეს მისი ასაკია, მაგრამ არ ახსოვს ის რიცხვი, რამდენი წელიც მას შემდეგ გავიდა, რაც „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციონერობა დაიწყო. აღარც კი ახსოვს, როდის დაიწყო მისი ცხოვრების ეს პერიოდი. „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე იშვიათი გამოცემა დედამისსა და დედამისის დეიდას ჰქონდათ. „12-13 წლის რომ ვიყავი, როდესაც სკოლაში პირველად წავიკითხე „ვეფხისტყაოსნის“ პირველი თავი, იმდენად დამაინტერესა ამ ნაწარმოებმა, რომ, სახლში მისულმა, შინ არსებული ყველა ეგზემპლარი უცერემონიოდ გადავიბარე“. გიორგი ექსკლუზიურად ჰყვება კოლექციის შესახებ, რომლის რაოდენობა დღეს 120 ცალს აღწევს. 

რატომ გადაწყვიტე მისი შეგროვება?

„მახსოვს, პირველად როგორი რუდუნებით მეჭირა 1955 წლის ქართულ ენაზე არსებული გამოცემა თოიძის ილუსტრაციებით. თითქოს, ხელში წიგნი კი არა, გრაალის თასი მეჭირა. წიგნის ერთი გადაშლაც კი საკმარისი იყო, რომ ჩამითრია არაბეთისა და ინდოეთის რუსთველიანურმა მორევმა – იმ პიროვნული ქცევის კოდექსმა, რასაც ავტორი გვთავაზობს. შინაარსის გარდა, მონუსხული ვიყავი რუსთაველის პოეტური ხელოვნებით. ქართული გამოცემების გარდა, სახლში გვქონდა გამოცემა გერმანულ ენაზე. წიგნის წინ-უკუღმა თვალიერების შემდეგ, უცბად, მადლიერების გრძნობამ შემიპყრო – ვიღაც გერმანელი ჩამოვიდა საქართველოში, ისწავლა ქართული, ქართულიდან ასეთი სირთულის ნაწარმოები გადათარგმნა გერმანულად, იქ გამოსცა და ჩვენ არც კი ვიცით მისი სახელი. გადავწყვიტე, როგორც ჩიტი ტყის ხანძრის დროს, მეც, ჩემი შესაძლებლობებით, გამომესწორებინა ეს “გაუგებრობა” და თითო ენაზე თითო წიგნი შემეგროვებინა”.

დღეისთვის, გიორგი „ვეფხისტყაოსნის“, დაახლოებით, 120 ცალი განსხვავებული ეგზემპლარის მფლობელია. ზოგადად, ეს ნაწარმოები, დაახლოებით, 56 ენაზეა ნათარგმნი. გიორგიმ კი, ჯერჯერობით, 28 ენაზე გამოცემული ვერსია შეაგროვა, მათ შორისაა – ტაჯიკური, იაკუტიური, ყაბარდოული, მოლდოვური, ბასკური, ქურთული, იაპონური, უზბეკური, ყაზახური, პოლონური და მეგრული ვარიანტები შესაბამისი ნაწარმოებისა.

ყველაზე მეტად, შენს კოლექციაზე რომელი ვერსიები გამოირჩევა?

„ჩემი კოლექციიდან ყველაზე მეტად გამოვარჩევდი 1917 წლის უნგრულ ენაზე არსებულ გამოცემას. წარმოიდგინეთ, წიგნი იბეჭდება ბუდაპეშტში გაგანია პირველი მსოფლიო ომის დროს. მიუხედავად ამისა, აქვს ზიჩის საოცარი ხარისხის ილუსტაციები. წიგნი დამატებით ჩასმულია ტყავის ყდაში, რომელსაც ყუაზე სათაური მოოქროვილი ასოებით აქვს ამოკვეთილი და, რაც მთავარია, იგი არის უნგრელი ქართველოლოგის, მორის იშტვანოვიჩის საჩუქარი ქართველი ენათმეცნიერის, შოთა ძიძიგურისადმი, რასაც მოწმობს წარწერა წიგნის პირველ გვერდზე“.

გიორგის „ ვეფხისტყაოსნურ“ კოლექციაში ყველაზე ძველი მისი 1905 წლის ვერსიაა. მისი თქმით, ეს არ არის კლასიკური გაგების „ვეფხისტყაოსანი“. „ეს არის, ვციტირებ: “სოსიკო მერკვილაძის მიერ გამოკრებილი ხალხური ვეფხისტყაოსანი”. სოსიკო მერკვილაძემ, მკვლევარმა და წიგნის ავტორმა, იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და იქ “გამოიკითხა” ზეპირსიტყვიერად შემორჩენილი ვეფხისტყაოსანი. დამიჯერეთ, რომ წაიკითხოთ, შინაარსი იმდენად განსხვავებულია, რომ უბრალოდ სახტად დარჩებით.

როგორც წესი, გიორგი „ვეფხისტყაოსნის“ ვერსიებს თბილისელი ბუკინისტებისგან ყიდულობს. გარდა ამისა, როდესაც მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, ცდილობს, რომ იქედან იქაურ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსნის“ გარეშე სამშობლოში არ დაბრუნდეს.

დღემდე აგრძელებ შეგროვების პროცესს?
იყო დრო, როდესაც თბილისის ყველა ბუკინისტი აღრიცხული მყავდა – ვინ, სად, რა წიგნს ყიდდა. მაგრამ რაც უფრო იზრდება შენი კოლექცია, მით უფრო რთული ხდება, რაიმე ახალი გამოცემა შემატო მას. კოლექციონერობა არ არის დასრულებადი პროცესი, იგი უსასრულოა. არ არსებობს ისეთი კოლექცია, რასაც სრულად შეაგროვებ და თამამად იტყვი – მორჩა, დავამთავრე მისი შეგროვება. მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი“ ავიღოთ. ვთქვათ, შეაგროვე ყველა უკვე გამოცემული ეგზემპლარი. დავუშვათ, სადმე იპოვნე 1721 წლის ვახტანგისეული პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ (რომელიც მხოლოდ 21 ცალია შემორჩენილი) და იპოვნე 1941 ჰიტლერის მიერ ქართველი სამხედროებისთვის დაბეჭდილი ეგზემპლარიც (რომლის სულ 5 ცალია შემორჩენილი). კი, რამდენიმე თვით გექნება სრული კოლექცია, მაგრამ მალე გამოვა ახალ ენაზე, ხელმეორედ დაიბეჭდება და ასე გაგრძელდება სამუდამოდ. მე ვცდილობ, რომ, ძველთან ერთად, ყველა ახლადდაბეჭდილი გამოცემაც შევმატო ჩემს კოლექციას. მაგრამ ეს კოლოსალურ შრომას, ენერგიასა და დროს მოითხოვს, რაც აბიტურიენტისთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა.

ჯერჯერობით, გიორგის კოლექციას მონაწილეობა არცერთ აქტივობაში მიუღია. „მე ძალიან მომთხოვნო პიროვნება ვარ და თუ პირადად არ დავრწმუნდი, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია, ჩემი „ვეფხისტყაოსნები“ ჩემი სახლის ზღურბლს არც კი გადაკვეთს. დიახ, მქონია შემოთავაზება, რომ  ჩემი კოლექცია გამომეფინა კონკრეტულ დაწესებულებასა, თუ ინსტიტუტში, მაგრამ უარი მითქვამს, რადგან იქ არ არსებობდა არანაირი ინვენტარი წიგნის დაზიანებისგან დასაცავად“.

 

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურა

მსოფლიო ცივილიზაციის აკვანი – ეგვიპტე. 15 გასაოცარი ფაქტი იდუმალ ქვეყანაზე

ეგვიპტე არის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ქვეყანა აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს მდინარე ნილოსის მახლობლად, საჰარას უდაბნოს ტერიტორია ფაქტობრივად დაუსახლებელია. ეგვიპტის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს დიდ ქალაქებში ნილოსის დელტაში. აღასანიშნია რომ ეგვიპტე ერთადერთი მუსლიმური ქვეყანაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ტურისტულ სფეროში. ეს დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შემოსავლების მეტი წილი სწორედ ამ სფეროზე მოდის.

1) ძველი ეგვიპტელები თაყვანს სცემდნენ 1, 400-ზე მეტ სხვადასხვა ღმერთსა და ქალღმერთს.

2) უძველეს ეგვიპტურ აკლდამებში აღმოჩენილი იყო არც მეტი არც ნაკლები საპირფარეშოები.

3) მსოფლიოში უძველესი კაბა იპოვეს ეგვიპტეში და ის არის დაახლოებით 5000 წლის.

4) რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ეგვიპტეში პირამიდის მშენებელ მუშებს უხდიდნენ ლუდით: 1 ბიდონი (4 ლიტრი) დღეში.

5) გიზის ცნობილი პირამიდა აშენდა როგორც ფარაონ ხეოფსის სამარხი, მის აშენებას დასჭირდა 20 წელი. ის აშენდა ორ მილიონზე მეტი ქვის ბლოკისგან, რომელთაგან თითოეული იწონის ორნახევარ სპილოს. პირამიდის სიმაღლე შეადგენს 460 ფუტს – მეტს ვიდრე თავისუფლების ქანდაკებაა. პირამიდის ფუნდამენტი უდრის ხუთ საფეხბურთო მოედანს.

6) სუდანში უფრო მეტი პირამიდაა, ვიდრე ეგვიპტის ტერიტორიაზე.

7) თავისუფლების ქანდაკება თავდაპირველად განკუთვნილი გახლდათ ეგვიპტისათვის.

8) კლეოპატრა, რომელიც იყო ეგვიპტის ბოლო ფარაონი, ფაქტობრივად იყო ბერძენი და არა ეგვიპტელი.

9) ერთ დროს უდაბნო საჰარა იყო ნაყოფის მომცემი მიწა და სავანა. კლიმატურმა ცვლილებებმა, რომლებიც მოხდა ძვ.წ. 8000 წელს გადააქციოეს ეს ადგილი უდაბნოთ. ამჟამად ეს ადგილი არის მსოფლიოში ყველაზე ცხელი უდაბნოთ, მისი ფართობი შეადგენს 9 400 000 კვადრატულ მილს, რაც უდრის დაახლოებით აშშ-ს ფართობს. ყველანაირი ტიპის უდაბნოებს შორის ფართობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი არის ანტარქტიდა.

10) თქვენ წარმოიდგინეთ ძველ ეგვიპტელებს ეძინათ ბალიშებზე, რომლებიც დამზადებული იყო ქვებისაგან.

11) მსოფლიოში ყველაზე დიდი პირამიდა არ არის ეგვიპტეში, იგი მექსიკაშია.

12) პირველი მცურავი კატარღა გამოიგონეს ეგვიპტეში.

13) საქორწილო ბეჭდების გაცვლის ტრადიცია მოდის ძველი ეგვიპტური კულტურიდან.

14) ეგვიპტე არის ყველაზე დასახლებული ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში.

15) ლეგენდის თანახმად ფარაონი პიოპი II შიშველ მონებს უსვამდა თაფლს, რადგან თავიდან მოეცილებინა ბუზები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაკულტურასაქართველო

ოთარ იოსელიანი – ქართული კინოს გენია

 რეჟისორი, რომელიც ადამიანების ფსიქოლოგიური პორტრეტების წარმოჩენას საუკეთესოდ ახერხებს – ეს ოთარ იოსელიანია. მისი შემოქმედება შეიძლება ,,ქართულ“ და ,,ფრანგულ“ ეტაპებად დაიყოს, რომელიც როგორც მხატვრულ, ასევე დოკუმენტურ ფილმებს მოიცავს.
,,ფრანგული პერიოდი“ 1980-იანი წლებიდან იწყება, როდესაც ოთარ იოსელიანი საფრანგეთში გადადის საცხოვრებლად. კინორეჟისორი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და თავი საფრანგეთისათვის შეეფარებინა.  იქ არაერთ დოკუმენტურ თუ მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებს, მათ შორის – ,,მთვარის ფავორიტებს“ (1984 წელი), რომელიც ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზით  ჯილდოვდება. იოსელიანის სხვა ფილმებსაც არაერთი წარმატება ხვდა წილად, მათ შორის ,,და იყო სინათლე“ და ,,ყაჩაღები, თავი VII“ იმავე პრიზით დაჯილოდოვდა.  საინტერესო არის ის, რომ ოთარ იოსელიანი მსახიობის ამპლუასაც  წარმატებით ირგებს, 1999 წელს გამოდის მისი ახალი ფილმი „ In vino veritas!“,   რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს თავად ასრულებს. რეჟისორი აგრეთვე დაჯილდოებულია ჟან ვიგოს სპეციალური პრიზით – კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (კანი. 2010).

ოთარ იოსელიანი – რა შეიძლება ითქვას ამ რეჟისორზე?  შეუძლებელია, არ ითქვას ის, რომ მას  თავისი სამყარო აქვს, რომელშიც   კარგად ჩანს საზოგადოების სახე, საზოგადოების, რომელიც ნელ-ნელა იცვლება და კონორეჟისორის შემოქმედებაშიც აისახება ეს ცვლილებების  პროცესი. რეჟისორი მუდმივად განიცდიდა ზეწოლას საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან, რომლისთვისაც მისი კინოშემოქმედება იდეოლოგიურად მიუღებელი იყო:  „თავიდანვე  პარადოქსულ ფილმებს ვიღებდი, რაც მოსკოვს ძალიან აღიზიანებდა. რასაკვირველია, საქართველოს  ხელმძღვანელობა ემორჩილებოდა ცენტრალურ მთავრობას და, გაირკვა, რომ „პასტორალის” შემდეგ, კინემატოგრაფში ჩემი ადგილი აღარ იყო. ეს არ იყო ანტისაბჭოთა ფილმები, მაგრამ, ისეთ განწყობას ქმნიდნენ, თითქოს საბჭოთა ხელისუფლება საერთოდ არ არსებობდა. „გიორგობისთვე”, „იყო შაშვი მგალობელი”, „პასტორალი” აბსოლუტურად სისტემის გარეთ იდგა. გამომდინარე იქიდან, რომ უპირატესობას მსუბუქ ქართულ კომედიებს ანიჭებდა, ამ ფილმებმა მოსკოვი ძალიან გააღიზიანა და მითხრეს, თქვენ კინოს აღარ გადაიღებთო. მაშინ ედუარდ შევარდნაძეს ვთხოვე, რომ უცხოეთში მუშაობის უფლება მაინც მოეცათ. წავედი და გადავიღე „მთვარის ფავორიტები”…“

საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად იყო განწყობილი მის მიმართ, რადგანაც იოსელიანის ფილმებში საკუთარ სახეს ხედავდა – ადამიანურობისგან დაცლილ სახეს. იყო შემთხვევები, როდესაც მის ფილმებზე კინოში მისულ მაყურებელს, საზოგადოების დიდი ნაწილი ლანძღვით ხვდებოდა და ა.შ. თუმცა წლებმა აჩვენა, თუ რა არის ღირებული და რა –  არა. ოთარ იოსელიანის შემოქმედება ადამიანის რეალური განცდების გადმოცემაა, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.

გადავწყვიტე, მისი შემოქმედებიდან 4 ფილმი ამეღო და ჩემი შთაბეჭდილებები თქვენთვის გამეზიარებინა.  ,,იყო შაშვი მგალობელი“, ,,გიორგობისთვე“, ,,აპრილი“, და  „პასტორალი“ , რეჟისორის შემოქმედების მწვერვალია, არა მარტო ,,ქართულ პერიოდში“, არამედ, ზოგადად, მის ფილოგრაფიაში.

ფილმი, ფაქტობრივად, მუნჯურია – თითქმის არანაირი დიალოგი, მხოლოდ მუსიკა, სპეციფიკური ხმები და ა.შ. ამ მოკლემეტრაჟიან ფილმში აღწერილია ახალგაზრდა წყვილის სასიყვარულო ისტორია, რომელიც თავდაპირველად ძალიან წრფელი და წმინდაა, ისინი ეძებენ თავშესაფარს, სადაც შეძლებენ ერთმანეთის ალერსს, შემდეგ კი ყველაფერი ერთბაშად იცვლება – უცებ მათ ცხოვრებაშ ჩნდება სახლი, ავეჯი, ძვირფასი ნივთები და სადღაც ქრება ის, რაც მათ ურთიერთობას განსაკუთრებულობას სძენდა. ის ურთიერთიბა, რომელიც თავისუფალი იყო ყოველგვარი მატერიალურობისაგან, ხდება უკიდურესად მატირიალისტური, მომხვეჭელობით აღსავსე, ,,მეშჩანური“. ახალდაქორწინებული ვაჟა და მზია ხვდებიან გარემოში, რომელიც სწორედ ასეთია და ისინიც ამ გარემოს ნაწილნი ხდებიან. თუკი თავდაპირველად მათი სიყვარული ბინაში ყველაფერს ცოცხალს ხდიდა, მათ შორის ნათურას, რომელიც თავისით ინთება, წყალს, რომელიც თავისით მოდის ონკანიდან, ფანჯარას, რომელიც თავისით იღება – შემდეგ ეს ყველაფერი ქრება. ყველაფერი თითქოს ერთი სკამის ჩუქებით იწყება, რომელსაც მეზობელი მამაკაცი ჩუქნის წყვილს, სწორედ აქ იწყება მათი მატერიალისტური სწრაფვა, ამას ერთვება კონფლიქტი მათ შორის, გარემოსაგან იზოლირების სურვილი. კარს დღითიდღე ემატება საკეტები, ბოქლომები, თითქოს ადამიანები ერთმანეთისაგან თავდაცვის სურვილით არიან შეპყრობილი, რომელიც სწორედ ამ მატერიალიზმიდან ამომდინარეობს. წყვილს ამ რადიკალურ შემობრუნებამდე ჰქონდა ,,მყუდრო ნავსაყუდელი“ ტრიალ მინდორში, სადაც იდგა დიდი ხე, მაგრამ ფუფუნებისადმი სწრაფვა, ქონებისადმი სიყვარული მათ უბიძგებს, რომ ეს ხე მოჭრან და ამით ავეჯი შემატონ სახლს, რომელიც უკვე გატენილია უამრავი ძვირფასი ნივთით.

ფილმი რეალობის კონტექსტს აბსოლუტურად არის მორგებული – მსოფლიო, რომელიც არა სულიერების, არამედ მატერიალურობისკენ არის მიმართული; მსოფლიო, რომელიც წვრილმანებით ცხოვრობს და ვერ ამჩნევს მთავარ ფასეულობებს; ესაა მსოფლიო, რომელიც ცდილობს გაემიჯნოს დანარჩენ სამყაროს. როდის და სად ჩნდება ადამიანში მატერიალიზმისაკენ სწრაფვა და როგორ შეიძლება მან თავიდან აიცილოს ეს? ალბათ მთავარი მოტივი სიყვარულში დევს, სიყვარულში, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ადამიანის ცხოველურ მოთხოვნილებებს აცამტვერებს. ასე ხდება მზიასა და ვაჟას შემთხვევაში, რომლებიც დროზე მოდიან გონს, ფანჯრიდან ყრიან ყველა ნივთს და მოუხედავად დაცარიელებული ბინისა, ბედნიერად განაგრძობენ ცხოვრებას. ამ ყველაფერს ფონად სხვა ფანჯრებში არსებული რეალობა გასდევს, რომლებშიც ჩანს მუსიკოსები, ( მესაყვირე, მევიოლინე .. ) , ბალერინა, სპორტსმენი, თითქოს, ცოლ-ქმრის შერიგება ამ ადამიანებსაც უღვიძებს უნარს, აკეთონ თავიანთი საქმე და ორკესტრი იწყებს დაკვრას, ბალერინა ცეკვას, სპორტსემნი ვარჯიშს … ბოლო კადრები კი სიმბოლურია – ისევ ის ტრიალი მინდორი,  მოჭრილი ხე და ვაჟა და მზია, რომლებიც ისევ ბედნიერები არიან – მათ თავი დააღწიეს მატერიალიზმს და ბედნიერება სულ სხვა რამეში იპოვნეს.

შემდგომი ფილმი არის ,,გიორგობისთვე“, რომელიც 1966 წელს გადაიღო რეჟისორმა, ეს ფილმი ნამდვილ სკანდალად იქცა და საზოგადოებში ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ამის მიზეზად  მის ანტისაბჭოურობას ასახელებდნენ, ზოგჯერ კი – ანტიქართულობას, თუმცა მეორე ვარიანტი გაუგებარია. კინოთეატრების დირექციას ფილმის ჩვენება აუკრძალეს.  რატომ? – იქნებ იმიტომ, რომ ფილმი ქართველი საზოგადოების, ქართული ყოფიერების ზუსტი ასახვა იყო ?!   ასეა თუ ისე, საქართველომ თუ არა, საფრანგეთმა მაინც დააფასა რეჟისორის ნამუშევარი და ჟან ვიგოს პრემიით დააჯილდოვეს იგი.მოხდა საოცრება –   ფილმი ნახა იმდოინდელმა საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანმა – დევი სტურუამ. მოეწონა  და კინოგაქირავებასაც გადასცა.

ფილმი ერთი ჩვეულებრივი, თითქოსდა არაფრით გამორჩეული ბიჭის – ნიკო კეჟერაძის რამდენიმე დღის აღწერაა, რომელიც მუშაობას ღვინის ქარხანაში იწყებს, ქარხანაში კი მოულოდნელად უამრავ დარღვევას, უპასუხისმგებლობას აწყდება, რასაც ვერ ეგუება. ერთი შეხედვით, მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ნიკო წარმოუდგენელია, იყოს პრინციპული, რომ ის კონფორმისტია.  მაგრამ იგი იმაზე ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ვიდრე ამას პირველი შთაბეჭდილება ტოვებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ნიკო თავიდან უსუსურია, არ აქვს უნარი იმის, რომ მიუხედავად თანამდებობისა, იუფროსოს, რაღაც მართოს. არის უბრალო, თავისი მეგობრისგან განსხვავებით, რომელიც მას ურჩევს, რომ ქარხნის უბრალოდ მუშებს თავი არ გაუყადროს. ნიკო მზადაა დაეხმაროს ყველას – კასრების გადაგორებაში, ღვინის ჩამოსხმაში, ითამაშოს ფეხბურთი შესვენებებს შორის და ა.შ. მაგრამ ერთ დღესაც, იგი დილემის წინაშე დგება – ღვინის ქარხნის ხელმძღვანელობა გეგმის დროზე შესასრულებლად უხარისხო ღვინის ჩამოსხმას აპირებს, რომელიც ყოვლად დაუშვებელია, ნიკო თავიდანვე აპროტესტებს ამ ფაქტს, თუმცა თანამშრომლების ნაწილი მკაცრ უარზეა, ნაწილს კი, მართალია, იგივე აზრი აქვს, მაგრამ ერიდება ამ აზრების ,,გამომზეურებას“. ნიკო მიდის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ და ღვინოში ასხამს ჟელატინს, რომელიც ნიშნავს, რომ გეგმა დროზე ვერ მოესწრება, თუმცა ღვინო ნამდვილად იქნება ხარისხიანი.  ეს ფილმი სრული შედევრია – ისტორია, რომელიც ეხება უცხო გარემოში მოხვედრილ ადამიანს, მის დაკვირვებას, ცვლილებას, განსხვავებულ ღირებულებებს, დამახინჯებულ ურთიერთობებს… ნიკო ამ სამყაროში თითქოს ერთადერთი ნათელი წერტილია, დანარჩენი სამყარო კი ბრბო, ხროვა, რომელსაც ან საკუთარი აზრი არ გააჩნია, ან თუ გააჩნია, მზად არის, ამ აზრისთვის ყველა და ყველაფერი გასწიროს. ფილმში კარგად ჩანს ნიკოს შეგუების მცდელობები, დათმოს თავსი პრინციპები, მაგრამ სინდისი და მორალი არ აძლევს უფლებას მოიქცეს ასე. ნიკო ხდება მკაცრი, პრინციპული, სამართლიანობის მოყვარე, უფრო სწორედ- ამჟღავნებს ამ თვისებებს. რატომ შეიძლება აღქმულიყო ფილმი ანტისაბჭოურად ან ანტიქართულად? სრულიად ვიზიარებ იმ აზრს, რომ ფილმში ნამდვილად არის გადმოცემული ანტისაბჭოური ელემენტებო, მათ შორის გეგმის შესრულების პრინციპი, რომლისთვისაც მუშები მზად იყვნენ უხარისხო პროდუქციით ,,გაენებივრებინათ“ მომხარებელი. ოთარ იოსელიანმა აჩვენა, თუ რა ხდებოდა იმდროინდელ ყოფაში, რაზე იყვნენ ადამიანები ორიენტირებული, როგორი იყო რეალური საზოგადოება, სისტემა… თუმცა, ნიკოს უფასდება პრინციპულობა და სამართლიანობა – ყოველ შემთხვევაში, ყველასგან ,,დატუქსული“, ქარხნის დირექტორისგან შექებას იმსახურებს. იქნებ, ამით რეჟისორს იმის თქმა სურდა, რომ საკუთარი აზრის ქონა სულაც არ არის ისეთი საშინელი, როგორიც გვგონია? ყოველთვის არის შანსი, რომ ჩვენს მსხვერპლს, არაორდინალურ ქცევას ვიღაც მაინც დააფასებს და ოდესმე გამოიღებს ჩვენი მცდელობები შედეგს. თუმცა, ეს არცთუ ისე ხანგრძლივი პროცესი იქნება, საზოგადოება მაინც მდორე მდგომარეობაში ყოფნას ამჯობინებს და ასეთი ,,ნათელი წერტილები“ მაინც დიდს ვერაფერს შეცვლიან, სამწუხაროდ.

“იყო შაშვი მგალობელი“  ოთარ იოსელიანმა 1970 წელს გადაიღო, ფილმის სახელი თავიდანვე იპყრობს ყურადღებას, რაც შეიძლება შეხებოდა რეჟისორი და რა შეიძლება ეთქვა მას მისი საშუალებით?  რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო ამ ფილმს, მუდმივად მიჩნდება განცდა, რომ პირველად ვუყურებ და თავიდან ვიაზრებ ყველაფერს. არ ვიცი, ამას რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს, მაგრამ რეჟისორი, რომელიც ამას ახერხებს – გენიოსია. ოთარ იოსელიანმა  საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის პრიზიც კი მიიღო იტალიაში. მსახიობები გენიალურად ირგებენ საკუთარ როლებს, განსაკუთრებით კი – მთავარი როლის შემსრულებელი – გელა კანდელაკი.  ფილმში ნაჩვენებია ერთი ახალგაზრდა ბიჭის – გიას ისტორია, რომელიც თითქოსდა უამრავი საქმით არის დაკავებული. მისი ცხოვრება მუდმივად მჩქეფარეა, ყველას უყვარს გარშემო, არის ორკესტრში დასარტყამი ინსტრუმენტის დამკვრელი. გიას ცხოვრება ყველა კატეგორიის ადამიანთან ურთიერთობით შემოიფრგლება – ბავშვებთან, მოხუცებთან, თანატოლებთან, მაგრამ ამ ყველა ურთერთობას აკლია რაღაც. თითქოსდა, ეს ადამიანი ურთიერთობებში, საქმეში არის ზერელე, არაფერს ეკიდება სერიოზულად და დროს უქმად ფლანგავს, დროს,რომელიც მუდმივად ახსენებს, რომ არ არის მარადიული. გია არაერთხელ იღებს ,,გაფრთხილებას“, ერთხელ, ქუჩაში მიმავალს კინაღამ გადმოვარდნილი ქოთანი ეცემა თავში, ხან ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის დროს არცთუ ისე უსაფრთხო მდგომარეობაში აღმოჩნდება, ან მანქანა ეჯახება და ეს მანქანა დროზე ამუხრუჭებს. რეალურად, გია  ვერავის ვერ ეხმარება, ფუჭია მისი ყოველი საქმე. ხელს უშლის ფილმის გადამღებებს ზედმეტი ცნობისმოყვარეობით, ხან აბანოში ,,უვარდება“ ადამიანებს და უხერხულ მდგომარეობაში ესაუბრება.  ორსკესტრში მისი საქმიანობა კი მუსიკალური ნაწარმოების კულმინაციაში დასარტყამი ინსტრუმენტის ერთი დარტყმით შემოიფარგლება. გია ცდილობს ,,არ დაკარგოს დრო”, იქამდე სხვა საქმეები მოასწროს და თავისი ნომრის დროს შემოვარდეს სცენაზე, რაც ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს თანამშრომლებში. თუმცა ამას მათი ნაწილი იმით ამართლებს, რომ გიას საათნახვერიანი პაუზა აქვს და ამ დროს რეალურად არაფერს აკეთებს. ამის პარალელურად, რეჟისორი არასდროს ივიწყებს ჩვენს ყოფიერებაში არსებულ პრობლემებს, თუნდაც ტრანსპორტს, სადაც ადამაინები  უკიდურესად ხისტად და უხეშად ეპყრობიან ერთმანეთს, ეს განსაკუთრებით ამ ფილმსა და ,,გიორგობისთვეში“ შევნიშნე. რეჟისორი აბსოლუტურად არ სწყდება რეალობას და მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ფილმი კომედიურად გვეჩვენება თავიდან, ეპილოგი ამბოლუტურ ტრაგიზმს ქმნის.

რა უნდა დავარქვათ სხვა, თუ არა ირონია იმას, როდესაც ვხედავთ, რომ გიას არსებობა მხოლოდ ქუდის საკიდად ღირდა, ამით შემოფარგლა იგი, მხოლოდ ეს შექმნა ღირებული, გია კვდება, მანქანა ეჯახება და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის  ,,წინათრგნობა“ გაქვს, მაინც წარმიუდგენელია. პროტესტის  გრნობა გიჩნდება, რატომ შეიძლება მომკვდარიყო ის?  ხომ არაფერს აშავებდა თავისი უსუსური არსებობით?  ასეა თუ ისე, რეჟისორი იმის თქმას ცდილობს, რომ ადამიანებმა ფუჭად არასდროს უნდა დავკარგოთ დრო, უნდა ვიცოდეთ მისი ფასი, იმიტომ რომ არასდროს ვიცით, როდის ,,წავალთ” და თუ ჩვენი არსებობს მხოლოდ საკიდით შემოიფარგლება, მაშინ უნდა მივიჩნიოთ, რომ ჩვენი არსებობს  არარსებობას უფრო ჰგავდა. მაინც მგონია, რომ გია ბოლომდე უკვალოდ არ წასულა ამქვეყნიდან, მისი საკიდიც ხომ საჭირო აღმოჩნდა, თუნდაც ერთი უბრალო მესაათისთვის, რომელმაც მასზე ქუდი ჩამოკიდა? ალბათ, ნებისმიერი ადამიანის არსებობას აქვს აზრი – ჩვენ ხომ ასეთებად არ ვიბადებით ? ჩვენ ვყალიბდებით და ამ ჩამოყალიბებაში არა მარტო გარემო, არამედ საკუთარი აზროვნება და დამოკიდებულება დროისადმი,  ასრულებს დიდ როლს.

ფილმი ძალიან ემოციურია და მოდუნების საშუალებას არ იძლევა, განსაკუთრებული დინამიკურობა მას თავის ,,პეწს“ სძენს. ალბათ, ყველა ადამიანის აღქმა განსხვავებული იქნება, თუმცა მესიჯი ნამდვილად ერთია – დრო ძვირფასია და იგი ამაოდ არ უნდა იხარჯებოდეს.

იყო შაშვი მგალობელი, რომელიც იყო, გალობდა, არაფერს აშავებდა, მაგრამ, ამასთან ერთად, დიდს ვერაფერს აკეთებდა…

ფილმში მონაწილეობენ: ნესტორ ფიფია, რეზო ჭარხალაშვილ, ნანა იოსელიანი და ა.შ. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი იოსელიანის შესახებ, რაც თვალში მოსახვედრად მეჩვენება.  ფილმის ნახევარზე მეტი  მეგრულ ენაზეა.  თბილისელი მუსიკოსები დასასვენებლად სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ჩადიან, პირველ დღეებში თითქოს ყველაფერი კარგადაა, სოფელში და ოჯახში, სადაც ისინი ისვენებენ სრული იდილიაა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც სტუმრები ცოტა ,,მოშინაურდებიან“,  იწყება ჩხუბი, კინკლაობა, წყევლა-კრულვა. სოფლის ცხოვრება მდორედ მიედინება – ყოველდღიური რუტინა, მუდმივი საყოფახოვრებო პრობლემები  და ამათზე ფიქრი, კორუფცია, განუკითხაობა…რეჟისორი კარგად ასახავს დამახასიათებელ მანკიერებებს – სტუმრისათვის სასმლის დაძალებასა და ამით ,,ვაჟკაცობის” განსაზღვრას, მატერიალისტურ სწრაფვებს და უაზრო კინკლაობას, მაგალითად, იმაზე, თუ სახლს რომელ მხარეს უნდა ჰქონდეს ფანჯარა. ამ ყოფაში ადამიანები თავს ჩვეულებრივად გრძნობენ და არ აწუხებთ ის, რომ თუნდაც სტუმრებს უქმნიან დისკომფორტს.  საინტერესო დეტალად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ იოსელიანი ზედაპირულად, მაგრამ მაინც ეხება კოლმეურნეობას და საკმაოდ ირონიულ დამოკიდებულებასაც ავლენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კოლმეურნეობის მუშაკი ცელს ართმევს ერთ-ერთ გლეხს და გლეხი მას ეუბნება : ,,არც თქვენ თიბავთ და არც სხვებს აძლევთ ცელს“, რასაც მუქარა ეძლევა საპასუხოდ.  გარდა ამისა, ფილმში გლეხებს აიძულებენ ყანაში მუშაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კოლმეურნეობიდან გარიცხვით ემუქრებიან.

ქართული სუფრის ტრადიციები, ღრეობამდე მისული ქეიფი და  სიმთვრალეში ,,გამსკდარი სიყვარულის ბუშტიც“ გამოამზეურა რეჟისორმა და იქნებ, ამიტომაც მოხვდა განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში?!

და რა ხდება ამდროს ? ნუთუ, ამ სოფელში სრული განუკითხაობაა და ,,საშველი არსაიდანაა?“ ფილმში ჩნდება ერთი ნათელი წერტილი ედუკის სახით, რომელიც იმ ოჯახის წევრია, სადაც ისვენებენ თბილისელი სტუმრები. ედუკი მოზარდია, რომელიც ხვდება, რომ სოფლის სამუშაოს გარდა სხვა რაღაცებიც არსებობს და ცდილობს სტუმრების საშუალებით მაინც გაექცეს ყოველდღიურ რუტინას.  ამ ერთფეროვნებაში ჩნდება განსხვავებული ინდივიდი, რომლის ინდივიდობაც სწორედ სტუმრების დამსახურებით იკვეთება. თუმცა, სტუმრები მიდიან სოფლიდან და ედუკი რჩება მარტო ისევ ამ ერთფეროვნებაში, თუმცა ამ ყოფნას მარტო ყოფნაც არ ჰქვია – მას რჩება მუსიკალური ფირფიტა. იქნებ, ეს სულაც მისთვის ერთადერთი საშუალება იყოს, რომელიც მოსწყვეტს ამ ჩამყაყებულ სამყაროს და ცოტა ხნით მაინც მისცემს გაქცევის საშუალებას?!

ედუკისნაირი ადამიანი ყველა საზოაგდოებაში არსებობს, თუმცა ჩაკარგულია და არ ეძლევა საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება. ვერ ვიტყვით, რომ აქ ამ გმირმა შესძლო საკუთარი თავის გამოვლენა, მაგრამ მან შესძლო მთავარი – საკუთარი თავის პოვნა და იმის აღმოჩენა, რომ არსებული სამყაროს მიღმა არსებობდა რაღაც უფრო ღრმა და მისეული.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა რეჟისორის ფილმოგრაფიაში.

შეიცვლებოდა თუ არა ედუკის ცხოვრება?! იქნებ ის  ჩაკარგულიყო  კიდეც მომავალში საზოგადოებაში, რომელიც ყველაზე კარგად ირგებდა ბრბოს სახელს?! ამაზე პასუხი არ არსებობს, ალბათ ყველა ადამიანს განსხვავებული აზრი ექნება. მთავარი აქ არის ის, რომ ასეთი ადამიანების არსებობა, დიდად არაფერს ცვლის, ისინი არიან თავისთვის, აქვთ თავიანთი სამყარო, ისევე როგორც სხვებს და ცხოვრება მიდის – მიდის რუტინულად, მოსაწყენად, ჩვენივე დამსახურებით. ცხოვრების გამრავალფეროვნება ჩვენს ხელშია, უბრალოდ ჩვენ ბევრი ფიქრი და ცვლილებები გვეზარება.

კიდევ ბევრის წერა შეიძლება ოთარ იოსელიანის გენიაზე, თუმცა ვერცერთი სიტყვა ვერ იტყვის იმ სათქმელს, რაც ნამდვილად შეეფერება მის ფილმოგრაფიას. ფილმები, რომლებიც საოცრად უბრალოა, მაგრამ ამ უბრალოებაში დევს მთელი გენიალურობა. ტრაგიზმი, რეალობის განცდა, მეტაფორა,  ირონია და კიდევ უამრავი დამახასიათებელი შტრიხი – ეს ოთარ იოსელიანის სტილია.

შეუძლებელია, არაფერი ითქვას რეჟისორის გადაღების სტილზე, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დეტალებს – განსაკუთრებით საათი მახსენდება,როდესაც კადრები ციფერბლატზე არის შეჩერებული – ამ დროს იწყებ ფიქრს – რისი თქმა სურდა ამით რეჟისორს?! აუცილებლად უნდა აღინიშნოს ფილმების მუსიკა, რომელიც კიდევ უფრო ესთეტიზმს სძენს მათ. ეს ყველაფერი ალბათ ოთარ იოსელიანის მუსიკალური განათლებით აიხსნება.

ოთარ იოსელიანი ის კინორეჟისორია, რომელიც თამამად დაუპირისპირდა საბჭოთა ხელისუფლებას, ამხილა ქართული საზოგადოების მანკიერებები და სწორედ ამიტომ მოიძულა საკუთარმა სამშობლომ და სხვა მიწაზე მოუხდა გადასახლება. მთავარი ეს არ არის – მთავარი არის ის, რომ მან არ შეწყვიტა მუშაობა და მსოფლიოს არაერთი შედევრი შესძინა, რომლებიც კოსმოპოლიტურია და არა რომელიმე კონკრეტული ერის კუთვნილება. თუმცა, ჩვენ მაინც გვაქვს სრული უფლება, რომ ვიამაყოთ მისით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 24
Page 3 of 24