close

კულტურა

კულტურასაქართველო

ვაჟა-ფშაველა: ,,რა არის თავისუფლება?”

ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ამ სიტყვებით გაიჟღენთა არა მარტო ადამიანთა ყურები, არამედ ქვებიც კი; არა დროს ჩვენის ქვეყნის დაარსების შემდეგ, არა გვგონია ასე მძლავრად და საყოველთაოდ როდისმე ჰსმენოდეს საქართველოს ეს სამი სიტყვა, როგორც ესმა მას ამ წარსულ 1904-5 წლებში და დღესაც ესმის და მომავალ წლებშიც გაიგონებს.

მაშასადამე, უნდა ვიცოდეთ, გვესმოდეს თუ რაა ერთი, მეორე ან მესამე. ორს ტერმინს რომ სულაც თავი დავანებოთ და მხოლოდ მესამის ძალა, ე.ი. რას ჰქვიან თავისუფლება, ის შევიგნოთ, ესეც კმარა, რადგან ძმობა, ერთობა მარტოოდენ შტოებია იმ ხისა, რომელსაც თავისუფლება ჰქვიან. საცა არ არის თავისუფლება, იქ ვერ იპოვნით ძმობა-ერთობას, იქ შეჰხვდებით მხოლოდ მტრობას, ქიშპობას, ჭამა-გლეჯას და მგლობას; მგლების ბანაკი ერთის მხრით, ხოლო მეორეს მხრით ცხვრის ფარა, საცა ნავარდობენ მგლები… საცა მგლები ბუდობენ, იქ ცხვრები რას იხეირებენ? ან რა ძმობა შეიძლება მათ შორის?… თუ შეუძლებელია, მოუთავსებელი და მოუხერხებელი მგლებისა და ცხვრების შაერთება, რადღა ვყვირით, რად ვიძახით ამ ძმობა-ერთობას? ვიძახით და უნდა ვიძახოთ, მაგრამ მგლებს ხომ არ ვეძახით, არამედ დაქსაქსულ-დაფანტულს, დაწიოკებულს ცხვრებს, რომ მოუყარონ თავითავს, შაერთდენ, მოიფიქრონ როგორ მოუარონ თავისთავს, რათა მგლების საჭმელ ლუკმად აღარა ხდებოდნენ, უნდა გამოძებნონ საფარი და გზა სავალი… მგლებს ამ დროს იქ რა ესაქმებათ? ამ დაძახილზე ისინი თითქოს ყურსაც იყრუებენ, არც მოვლენ, ხოლო თავისიანებს, გაგიმარჯოსთ, რომ მგლებიც კი ძმობა-ერთობას უქადაგებენ. თუ ასე არ მოიქცნენ, ხომ დაეკარგათ ძალა და ცხვრებმა სათითაოდ, თუმც ამ უკანასკნელთ არა აქვთ გაალმასებული კბილები, გაათავეს რქებით და ჩლიქებით?! ძმობა ხომ იმას მოასწავებს, როცა ერთს მგელს გაუჭირდება, მეორე უნდა მიეშველოს. ეგრეთვე თუ ცხვარი-ცხვარს.

მაგრამ, მაგარი ის არის, რომ მგლებს ისე არ ესაჭიროებათ ერთობა, როგორც ცხვრებს, რადგან თვითეულს მგელს საკმაო ძალა აქვს ცხვრებთან საბრძოლველად, – ძალა, რასაკვირველია, ფიზიკური, რომელსაც ისინი ხმარობენ ცხვრებზე. ცხვრების ძლიერება კი ერთადერთი ზნეობრივი ძალაა…

დღესნამდის ჩვენ ცხვრები ვიყავით და ვართ კიდევაც, ხოლო ვინც მგლები არიან, ეს თქვენც კარგად იცით. ჩვენ ვიტანჯებოდით, ვირბეოდით და ამ რბევა-ცარცვამ გვაფიქრებინა მიგვემართნა ერთობისათვის, ერთი პირი, ერთი ფიქრი მოგვეპოვა და ამით შაგვეძინა ძალა… ჩვენ მოვისურვეთ თავისუფლება: განუკითხავად არ ეჭამა და ეპარსა ჩვენი თანამოძმენი მოსისხლე მხეცებს… ჯერჯერობით ამაში გამოიხატება ჩვენი წადილი თავისუფალი სიცოცხლისა, რომ ძალმომრეობას გზა მოვტაცოთ და თანდათან სრულიადაც მოვსპოთ იგი.

თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.

იქ რა უნდა თავისუფლებას, საცა ჩემი ნაშრომ-ნაღვაწი სხვას მიაქვს? ჩემი ნაშრომის ნაყოფს ჩემდა უნებურად, ჩემ მიერ ნებადაურთველად სხვა ისაკუთრებს? მე ვტირი, ის იცინის და ჩემში მტაცებლის მიმართ მხოლოდ ზიზღი და გრძნობა შურისძიებისა სდუღს და გადმოდის. მინდა ვისწავლო და ნება არ მეძლევა; მინდა ჩემი საკუთარის ხარჯით დავაარსო უნივერსიტეტი და უარს მეუბნებიან; და სხვ. და სხვ…

არ მინდა ვილოცო ის მშვენივრად მორთულ-მოკაზმული კერპი, რომელსაც შენ ჰლოცულობ.

იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ?! – სხვას არაფერს, გარდა ზიზღისა, მძულვარებისა. მოწამლულ-მოშხამულია ჩემი სიცოცხლე, ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას, სიძულვილს და ვწყევლი იმ ძალებს, იმ მგლებს, რომელნიც ყველა ზემორე აღნიშნულ საქმეში ხელს მიშლიან, წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე შემთხვევას შევმუსრო ისინი… როცა ეს დრო დგება და მეც მოქმედებას ვიწყებ ამ ძალთა შესამუსრავად, დასათრგუნად, მაშინვე იწყება ჩემი თავისუფალი ცხოვრება; აქ არის დასაწყისი თავისუფლებისა. და უკეთუ ვითმენ, ხმას არ ვიღებ, არაფერს ვამბობ, მაშინ ვარ მონა, არა მძულს ჩემი მჩაგვრელი ძალა; იქნება მძულს კიდეც, მაგრამ ამ მძულვარებას გულში ვმალავ; მაშინ ვარ ლაჩარი, უფრო საზიზღარი, ვიდრე მონაა. არა, მძულვარება როცა უკიდურესობამდეს მიდის, მაშინ ლაჩრული გრძნობა ისპობა, მაშინ ამბობს ადამიანი: ან მოვკვდები, ან ვძლევ ჩემს მტანჯველთ!..

არ იძლევა, არ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა, არ დაფრთხება მგლის ჯოგი, ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა. იტყვის კი როდისმე ერი გადაჭრით, თავ-გამოდებით „სიკვდილი ან სიცოცხლე“ (ე.ი. თავისუფლება)?! – იტყვის და ამბობს კიდევაც, ამას ჩვენის თვალით ვხედავთ. აშკარად ვგრძნობთ ყველანი… მაშასადამე, სჩანს მისმა მძულვარებამ მგლებისადმი უკიდურესობამდე მიაღწია. თუ ეს ფაქტია, ნამდვილი მოვლენა, მაშინ იცოდეთ, სიკვდილი აღარ შეგვაშინებს, მაშინ ყველა მზად იქნება თავი დასდოს თავისუფლებისათვის და გამარჯვებაც უსათუოა. ამიტომ, ვიმეორებ. ვისაც თავისუფლება უყვარს და უნდა მისი დამყარება ქვეყნად, ჯერ უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიძულოს მთელის თავის არსებით, გულით და გონებით მტარვალნი და მტარვალობა. ეს არის მხოლოდ საშუალება, რომლის წყალობით ადამიანს შეუძლიან მედგრად იბრძოლოს და არ დაზოგოს სიცოცხლე თავისუფლების მოსაპოვებლად.. და რა არის ეს თავისუფლება, რატომ არ იკითხავთ? უკაცრავად ნუ ვიქნები, რომ მე ჩემებურად განვმარტო ეს სიტყვა: თავისუფლება ხალხისთვის მტარვალთაგან წართმეული ბედნიერებაა. ბედნიერებაწართმეულს რა ჰრჩება უბედურების მეტი? – არაფერი. კიდეც იმიტომ არის, რომ უბედურად ჰგრძნობს თავის თავს ყველა დამონებული, თავისუფლებას მოკლებული ერი და პიროვნება. წამრთმეველნი სარგებლობენ ამ ნაყაჩაღარის ბედნიერებით მხოლოდ ცოტახანს, რადგან ცხოვრების ლოღიკის წყალობით ეს ნადავლი, მოპარული ბედნიერება მტაცებელთათვის უბედურებად ხდება. გადაავლეთ თვალი მთელს რუსეთს და ჩვენს ქვეყანას, აშკარად დაინახავთ, რომ ეს ასეა. დღეს ხალხი იბრუნებს იმას, რაც წაართვეს და წართმეული გახლავთ, მოკლედ რომ ვსთქვათ, ბედნიერება – წამრთმეველი დღეს ტირის, ხოლო გაცარცული მღერის, მხიარულობს, რადგან დანაკარგს პოულობს. წართმეულს იბრუნებს. თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან. როდისა დგება ეს ბოლო ჟამი? – სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს, როცა თავის ყოფა-მდგომარეობის აუტანლობასა ჰგრძნობს და ჰხედავს, გაიცნობს იმ შავ ძალებს, რომელთაც წაართვეს ბედნიერება, – სძულს ისინი უსაზღვროდ; სწორედ მაშინ ცდილობს შემუსროს თავის დამმონებელნი…

რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? – თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის. ყველა ჩვენგანი ხალხისათვის. მოტაცებული თავისუფლება მტაცებელთა ხელში როდია თავისუფლება, იგი იქცევა მტარვალობად. ამ თავისუფლებისას მტარვალნი ათასნაირს ჯაჭვ-ბორკილებს სჭედენ, ხაფანგებს, გაზებს, თავში სცემენ კვერებს და საღრჩობელის ბოძებს სდგამენ… ხალხს ამ თავისუფლებისაგან შეზავებულს შხამ-ნაღველს, საწამლავს უმზადებენ და იმას აწვდიან. ბოლოს კი თითონ რჩებიან მოწამლულნი. ისტორია ამის მაგალითებს უხვად იძლევა. ხალხი იტანს ამ საწამლავს, იგი ისევ ხალხად რჩება, იმარჯვებს, ხოლო მტარვალთა გული მიწაზე ერთხობა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების წართმევა უფრო იმათ ჰვნებს, ვინც თავისუფლებას ჰპარავს, ართმევს ხალხს და ჰსურს იმით მარტო თავად ისარგებლოს. თავისუფლების მტაცებლებზეა სწორედ ზედ გამოჭრილი ქართული ანდაზა: „ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არა ჰკრა, რამდენიც თითონ იკრაო“.

ხალხის მმართველნი, რომელნიც ამ უაღრესს უგუნურებას ჰშვებიან და ხალხის მონებად გადაქცევას ცდილობენ, გარდა იმისა, რომ თავიანთ წოდებას ჰხრწნიან ზნეობრივ და ფიზიკურად, ხალხსაც აფუჭებენ. დამონებული ერი მუდამ ბეჩავია შინაურობაში და რა თქმა უნდა ბეჩავი და სუსტი გარეშე მტერთან საბრძოლველად. ამის დამამტკიცებელი მაგალითი დღევანდელი რუსეთია, რომელიც პატარა იაპონიას დაეტაკა და რქები შემოიმტვრია.

მაშასადამე, თავისუფალი უნდა იყოს არა რომელიმე ერთი წოდება, არამედ მთელი ერი. ქვეყანაც მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როცა მოისპობა წოდებრივი უპირატესობანი, ყველა წოდება იქნება თავისუფალი, ე.ი. ბედნიერი… თავისუფლება და ბედნიერება სინონიმებია.

ნუ ეძებთ იქ თავისუფლებას, სადაც ცხოვრებას ისევ საფუძვლად წოდებრივი განსხვავება აქვს დადებული, საცა ყველას განურჩევლად წოდებისა და გვარიშვილობისა, არ ეძლევა საშუალება პატიოსანი შრომით მოიპოვოს პური არსებობისა, საცა შრომა ღირსეულად არ ფასდება, საცა არ არის თანასწორად განაწილებული ცოდნა, ქონება.

მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურამსოფლიო

აღდგომის კუნძულის გიგანტური და საიდუმლოებით მოცული ქანდაკებები

წყნარ ოკეანეში მდებარე აღდგომის კუნძულს გასაოცარი ქვის გიგანტური ქანდაკებები დარაჯობს.

აქ, პლანეტის ყველაზე განმარტოებულა ადგილას საუკუნეების განმავლობაში იშვა საუცხოო კულტურა, რომლის საუდუმლოთაგან უმრავლესობა ჯერ კიდევ ამოუხსნელია.

აღმოსავლეთით მდებარე  ვულკან რანო-რარაკუს გარშემო ათობით დასრულებული თუ დაუსრულებელი მოაის ქანდაკება დგას. რაპა-ნუის ხალხი უზარმაზარ ქანდაკებებს სწორედ ამ ვულკანური წარმოშობის ქანებით კვეთდა.

აღდგომის კუნძულის გიგანტური მოაის ქანდაკებები აჰუს ანუ რაპა-ნუის საცერემონიო პლატფორმის შემადგენელი ნაწილი იყო.

რაც შეეხება ეტიმოლოგიას – 1722 წლის აღდგომა დღეს, 5 აპრილს, ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა ღუზა სწორედ ამ სამკუთხა კუნძულთან ჩაუუშვეს. სწორედ  ამიტომ, სომბოლურად, მას აღდგომის კუნძული ეწოდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკულტურა

მოზარდის პირველი სელფი მსოფლიოში ბორჯომშია გადაღებული – ანასტასია რომანოვას სელფი

ანასტასია რომანოვამ საკუთარი თავს ფოტო 1913 წელს გადაუღო, რათა შემდეგ სურათი მეგობრისთვის გაეგზავნა.

ანასტასიას ხელში უკავია ფოტოაპარატი Kodak Box Brownie. სწორედ ეს მარკა უწყობდა ხელს ფოტოგრაფიის განვითარებას.

ფოტო ანასტასია რომანოვამ მეგობარს ასეთი წარწერით გაუგზავნა: „საკუთარ თავს სარკეში ეს სურათი გადავუღე. ძალიან რთული იყო, რადგან ხელები მიკანკალებდა“.

ეს სურათი პირველი სელფია რუსეთის იმპერიაში და ასევე მოზარდის მიერ გადაღებული პირველი სელფია მსოფლიოში.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიაკულტურა

ეგვიპტეში აკლდამებში მუმიფიცირებული თაგვები იპოვეს

ეგვიპტეში, კაიროდან 390 კილომეტრში, ნილოსის მახლობლად მდებარე აკლდამაში მუმიფიცირებულ თაგვებს მიაგნეს. ამის შესახებ BBC წერს.

საქმე ეხება 2 ათას წელზე მეტი ხნის სულ მცირე 50 თაგვს. გამოცემის ინფორმაციით, თაგვები და სხვა ცხოველები ორი მუმიფიცირებული სხეულის გარშემო იყო განთავსებული.

ირკვევა, რომ აღმოჩენის შესახებ გასული წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, როდესაც კონტრაბანდისტები შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, რომ განსვენებულების აკლდამები ფარაონის მწერალ ანის და მის მეუღლე ტუტუს ეკუთვნით.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკულტურამსოფლიოსაქართველო

ნიკოლოზ ბაგრატიონი – „ვეფხისტყაოსნის“ სულისკვეთებით სავსე ქართველი რაინდი აფრიკაში

კაცობრიობის ისტორიის მსვლელობისას დროდადრო გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთი უანგარო და მაღალზნეობრივი ცხოვრებით გმირობის საოცარ მაგალითს გვიჩვენებენ. ერთ-ერთი მათგანი იყო ნიკოლოზ ბაგრატიონი – ნიკო ბური, რომლის რაინდული ცხოვრება იყო ცოცხალი მაგალითი „ვეფხისტყაოსნის“ გმირების სულიერების რეალურ ცხოვრებაში განხორციელებისა. ნიკოლოზ ბაგრატიონი შუა საუკუნეების სარაინდო რომანების გმირს უფრო გავდა, ვიდრე XIX-XX  საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრებ ადამიანს. მან გადაწყვიტა სრულიად უანგაროდ დახმარებოდა მისი სამშობლოს მსგავსად გაჭირვებაში მყოფ, ბურების აფრიკულ სახელმწიფოს და უშუალო მონაწილეობა მიეღო საბრძოლო ოპერაციებში.

     ნიკოლოზი ბაგრატიონ-მუხრანბატონთა შტოს განეკუთვნებოდა, მათ მამულები ჰქონდათ მუხრანის ველის ტერიტორიაზე, რომლის ცენტრიც სოფელი მუხრანი გახლდათ. ნიკოლოზი პირდაპირი შთამომავალი იყო არჩილ მეფისა. ნიკო1868 წელს დაიბადა, მის ოჯახთან დაახლოებულ ილია ჭავჭავაძეს მგზნებარე სიტყვა წარმოუთქვამს და გიორგი ბაგრატიონისთვის ურჩევია, შვილები ქართულ წესზე აღეზარდა და სამშობლოს სიყვარული ჩაენერგა მათთვის.  ნიკოს მამა, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი სამხედრო პირი  გახლდათ, რომელსაც დიდ პატივს სცემდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთ-თურქეთის ომის დროს ალექსანდროპოლში თურქთა არმია, რომელსაც ზიულ ფაშა მეთაურობდა რუსეთის არმიამ ალყაში მოაქცია. ზიულ ფაშამ რუსეთის არმიის მეთაურ ოგლობოჟიოს მოღალატე უწოდა და იარაღი არა მას, არამედ  მის ადიუტანტ გიორგი ბაგრატიონ-მუხრან ბატონს ჩააბარა, რომელიც შემდგომ ნიკო ბაგრატიონმა საქართველოს მუზეუმს ჩააბარა.   გიორგი ბაგრატიონს და მის მეუღლეს ეკატერინე მესიშვილს 15 ვაჟიშვილი და ერთადერთი ქალიშვილი თამარი ჰყავდათ.

პატარა ნიკოლოზი მუხრანში, ბაგრატიონ მუხრანელთა რეზიდენციაში იზრდებოდა. როგორც თავის წიგნში აღნიშნავს, მისი ბავშვობის ოცნება ყოფილა ფეხით მოევლო და საკუთარი თვალით ენახა მთელი ქვეყნიერება. ნიკოს ბავშვური და კეთილი სულის სწორად განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გამზრდელ თინათინს. იგი უამბობდა მას მშვენიერ ზღაპრებს, თქმულებებს, „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტებს. პატარა ნიკოს სულში ღრმად გაიდგა ფესვი სიკეთისკენ სწრაფვამ და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილმა.

“გული იმ უცნობი მხარეებისკენ მიილტვოდა, რომლებსაც გამდელი ამიწერდა. ყოველი ზღაპრის მოსმენის შემდგომ, სიტყვას ვაძლევდი ჩემს თავს, რომ ოდესმე უთუოდ წავიდოდი იმ საარაკო ქვეყნებში, თან საყვარელ ტარიელად გახდომას ვნატრობდი.” 

   ბავშვობის ტკბილი ოცნებები მკაცრმა მამაკაცურმა აღზრდამ შეცვალა. ნიკოლოზ ბაგრატიონი პატარა ასაკიდანვე შეაჩვიეს ცხენზე ჯდომას,  იარაღის ხმარებას, სიძნელეების გადატანას. saaaa

   ნიკოლოზ ბაგრატიონის ოჯახს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს, როდესაც ფინანსური მაქინაციების წყალობით ებრაელმა ხასკინმა 600 000-იანი ვალი აჰკიდა ნიკოს ოჯახს. ეს ვალი მძიმე ტვირთად იქცა ოჯახისთვის. ნიკოს მამა იძულებული გახდა, წასულიყო და რუსეთის იმპერატორისთვის ვალის პატიება ეთხოვა. საბედნიეროდ იმპერატორმა ნიკოს ოჯახს ვალი აპატია.

   გიორგი ბაგრატიონმა გადაწყვიტა კარგი განათლება მიეცა შვილებისთვის. ნიკო და ლევანი თბილისში გაგზავნეს. მოხუცი ფრანგი ქალი ბერლემონი 3 წელიწადი ასწავლიდა ძმებს ფრანგულ ენას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნიკოს განათლებაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ ქართველ ისტორიკოსს პლატონ იოსელიანს, იგი ნიკოს მამიდის ქმარი გახლდათ. პლატონმა ღრმად შეასწავლა ნიკოლოზ ბაგრატიონს საქართველოს ისტორია,  კულტურა, არქეოლოგია.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფრანგულის გარდა ნიკომ ბრწყინვალედ შეისწავლა რუსული და ინგლისური ენა.

  გარკვეული პერიოდის შემდგომ ნიკო და მისი ძმა რუსულ გიმნაზიაში იწყებენ სწავლას. გიმნაზიაში სწავლის პერიოდშიც ნიკოს სული პატრიოტულ ნიადაგზე განაგრძობდა ზრდას, იგი ოცნებობდა საქართველოს უკეთეს მომავალზე და თავისუფლებაზე.

   1884 წელს გარდაიცვალა ნიკოს მამა, გიორგი ბაგრატიონი-მუხრანელი. ნიკოს უფროსი ძმა, ლევანი თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად, ოჯახის ტვირთი კი ნიკოს დააწვა. ნიკომ პატარა არყის სახდელი გახსნა და ამით ეხმარებოდა ოჯახს. ბავშვობაში სუსტი ნიკო ახლა ნამდვილი გოლიათი იყო, 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი სიმაღლის. ბრწყინვალე მსროლელი, მოჯირითე, საარაკო ძალის პატრონი, ბრძენი ხასიათის მქონე. გიმნაზიის დამთავრების შემდგომ ლევანი დაბრუნდა მუხრანში და გადაწყვიტა, როგორც უფროსმა ძმამ, თავის თავზე აეღო მეურნეობის გაძღოლა. თუმცა ლევანი კარგი მეურნე არ აღმოჩნდა, გულნატკენმა ნიკომ გადაწყვიტა დაეტოვებინა სახლი და სხვაგან ეძებნა ბედი. თავდაპირველად ნიკომ კავშირი გააბა მატყლის შემსყიდველი ინგლისური კომპანიის წარმომადგენელთან. თუმცა ეს სავაჭრო წარმომადგენელი საზღვაო კატასტროფაში დაიღუპა და ნიკომ იძულებული გახდა სხვა სამუშაო ეძებნა. ამის შემდგომ ნიკო ყარსის რკინიგზის სამუშაოებზე მუშაობდა 2 წელი.

   1896 წელს ნიკო შეიყვანეს ქართველ დეპუტატთა რიცხვში, რომლებიც ნიკოლოზ II-ის მეფედ კურთხევას უნდა დასწრებოდნენ. ნიკო მეფედ კურთხევის შემდგომაც დარჩა მოსკოვში, სადაც მან გაიცნო ნადირობის დიდი ტრფიალი ნიკოლოზ ორბელიანი. მან შესთავაზა ნიკოს წასულიყვნენ აფრიკაში ლომებზე სანადიროდ.

“აი აქ ხელახლა წარმომიდგა თვალწინ ტარიელი, მთელი თავისი ვაჟკაცობით და გამბედაობით. სუსტსა და უძლურს ბავშვობაში, ახლა ისეთი ძალა მქონდა, რომ ვერცხლის აბაზიანს სულ იოლად გავტეხდი შუაზე.”

ნიკოლოზ ბაგრატიონმა სიხარულით მიიღო ეს წინადადება.

    ნიკოლოზი სამშობლოში დაბრუნდა და ოჯახის საქმეებს მიჰყო ხელი და თან სულმოუთქმელად ელოდა ორბელიანის წერილს.  თითქმის 2 წლის შემდგომ ნიკოლოზ ორბელიანის წერილიც მოვიდა. 1899 წელს ნიკოლოზ ბაგრატიონი პეტერბურგში გაემგზავრა მეგობართან შესახვედრად.

“ლომებზე ნადირობა ჩემთვის იყო მხოლოდ საბაბი -გავმგზავრებულიყავი შორ ქვეყნებში, მენახა უცხო ხალხები, გავცნობოდი მათ ზნე ჩვეულებას, კულტურას, დავმტკბარიყავი უცხო ბუნების სილამაზით. თუმცა მჯეროდა, რომ  საქართველოს მსგავსი ქვეყანა არსად იყო.”

   მეგობრები პარიზში გაემგზავრნენ, აქ მათ უნდა შეერთებოდათ ლომებზე ნადირობის სხვა მსურველნი. თუმცა ნიკოლოზ ორბელიანი დიდად მოიხიბლა პარიზით და აღარ ჰქონდა სურვილი აფრიკაში ლომებზე სანადიროდ წასვლისა. ნიკომ გადაწყვიტა მარტო გამგზავრებულიყო აფრიკაში. სექტემბრის ბოლოს რიცხვებში მარსელის ნავსადგურიდან გავიდა გემი, რომელზეც ნიკო ბაგრატიონი იმყოფებოდა. გემზე ყოფნისას მას ე.წ „ზღვის ავადმყოფობა“ დაემართა და მძიმედ გადაიტანა მგზავრობა. როგორც იქნა ჩააღწიეს ალექსანდრიაში, სადაც ნიკო მეტად დაინტერესდა ანტიკური კულტურით. ალექსანდრიაში ნიკომ შეიტყო ბურების რესპუბლიკის შესახებ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მდებარეობდა და რომლის დაპყრობასაც ინგლისის იმპერია აპირებდა.

“მთელი ჩემი არსება მოიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ღრმად ამოვიჭერი დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა.”

 “ბურების მდგომარეობა როგორღაც მაგონებდა  ჩემს  სამშობლოს  და მწამდა თუ შევებრძოლებოდი ბურების მტერს, ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მე ამით სამაგიეროს გადავუხდიდი ჩემი ქვეყნის მტრებსაც.”

   ბურების  რესპუბლიკის პრეზიდენტი გახლდათ 75 წლის მხნე მოხუცი პაულუს კრიეგერი. ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა სასწრაფოდ დაეტოვებინა სასტუმრო და ბურებს დამხარებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

   ნიკილოზ ბაგრატიონმა გემით ჩააღწია დელაგოას  ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ აფრიკის ნაპირზე მდებარეობს, აქედან კი გაემგზავრა ტრანსვაალიის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში, პრეზიდენტ კრიუგერის სანახავად, თუმცა პრეზიდენტი იქ არ დახვდა. ბაგრატიონი იმედოვნებდა, რომ პრეზიდენტს იოჰანესბურგში ნახავდა, თუმცა აქაც გაუცრუვდა იმედი. ნიკოლოზ ბაგრატიონი  თავის წიგნში „ბურებთან“ საუბრობს ბურების რესპუბლიკის ისტორიაზეც. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე კოლონია დაარსეს ჰოლანდიელებმა, თუმცა მათ მალე შეუერთდნენ ფრანგები, რომელთა დიდი ნაწილი ხელისუფლებისგან დევნილი ჰუგენოტები იყვნენ. მათ დაიწყეს მიწის დამუშავება, მესაქონლეობა, სირაქლემების მოშენება, ასევე აღმოჩნდა არაერთი ოქროს თუ ალმასის საბადო.

  “ბურები ზოგჯერ უცნაურებიც არიან, ისინი ომობენ თავიანთი განწყობილებისა და შეხედულებებისამებრ, რასაც ხშირად მოჰყოლია კატასტროფა. მათი დისციპლინა, უმთავრესად რელიგიაა, რამაც აგრეთვე რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას, უდავოდ თავისი დაღი დაასვა.”

    ინგლისელებმა დააარსეს კოლონია ნატალიში, ბურები იძულებულნი გახდნენ მიეყიდათ ეს ნაწილი ინგლისელებისთვის. ამის მიუხედავად ინგლისელები კვლავ ავიწროებდნენ ბურებს, ამიტომ ბურების ერთი ნაწილი მდინარე ვაალის გაღმა გადავიდა და ტრანსვაალის ბურების რესპუბლიკა დააარსა. ასევე ბურების მეორე ნაწილმა დაარსა რესპუბლიკა ორანჟი.

    ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა დაეთვალიერებინა მიდამოები, გზად შავკანიანი გამყოლი იახლა. გზად მათ გადაეყარათ უზარმაზარი, მძინარე მახრჩობელა გველი,  რამაც  გვარიანად შეაშინათ და იძულებულები გახდნენ ფერმისთვის შეეფარებინათ თავი. როგორც გაირკვა, ფერმას ერთი საშიში მძვინვარე ვეფხვი შესჩვეოდა, რომელიც ანადგურებდა  ჯოგს. ნიკოლოზმა სიმამაცე გამოიჩინა და მრისხანე ცხოველი ორი გასროლით განგმირა. ნიკოლოზმა გადაწყვიტა შეხვედროდა პრეზიდენტ კრიუგერს. პრეზიდენტის მეუღლემ სამამ,  შეხვედრა ორშაბათს 11 საათზე დაუნიშნა.  დათქმულ დროს ნიკოლოზ ბაგრატიონი ეწვია პრეზიდენტის რეზიდენციას,  რომელიც წარმოადგენდა სადა სააგარაკო სახლს, რომელსაც ორი მწოლიარე ლომის ქანდაკება ამშვენებდა.  ბაგრატიონს სალუტით შეეგებნენ. პრეზიდენტ კრიუგერის და ნიკოს შეხვედრა მეტად გულთბილი აღმოჩნდა. ბაგრატიონს პრეზიდენტმა გააცნო სამი სამხედრო პირი:  ფრანგი გენერალი-ჟუბერი, გენერალი კრონიე, რომელიც არტილერიას ხელმძღვანელობდა და გენერალი დელარეი, რომელიც ნიკო ბაგრატიონივით გოლიათური აღნაგობისა გახლდათ. გადაწყდა, რომ ნიკო დელარეის დივიზიაში იმსახურებდა. მეორე დღეს ბაგრატიონი კვლავ ეწვია პრეზიდენტს და მასთან და მის მეუღლესთან ერთად სურათი გადაიღო. გენერალმა დელარეიმ ნიკო შტაბში დიაბარა დილის ხუთ საათზე,  ნიკოს შტაბში მისვლის შემდგომ ისინი გაემართნენ საბრძოლო ბანაკისკენ.

   “ყველაფერი მოეცვა კუპრივით ბნელ ღამეს. ჩქამიც არ ისმოდა, არც გუშაგები ჩანდნენ. ეს როგორი სამხედრო ბანაკია? უცებ სასწაული მოხდა – გაისმა სტვენისმაგვარი რაღაც და ყოველი ხე ბურად იქცა. როგორც კი პირველმა გუშაგმა შეიცნო დელარეი, მყისვე მისი მოსვლა გაიგო მთელმა ბანაკმაც. აქა-იქ  ციცინათელების მსგავსად აციალდნენ პატარა ფანრები.”

   ბურებმა თავაზიანად მიიღეს ნიკო, მტრის ჭარბი ძალების გამო ისინი ერიდებოდნენ გადამწყვეტ ბრძოლას და პარტიზანულ თავდასხმებს ანხორციელებდნენ მტერზე. ბურების ჯარის უდიდესი ნაკლი გახლდათ უდისციპლინობა. ზოგი მათგანი ტოვებდა ბანაკს რამდენიმე დღით და შემდეგ კვლავ ბრუდნებოდა. ნიკოლოზ ბაგრატიონი აღნიშნავს ბურების გენერლების მაღალ პროფესიონალიზმს, განსაკუთრებით გენერალ ლუი ბოტას და გენერალ დე-ვეტას.

   “დე-ვეტას ტაქტიკა იყო შესანიშნავი. იგი მოძრაობდა ინგლისის ჯარის პარალელურად, რის დროსაც მოულოდნელად ესხმოდა მათ თავს. იტყუებდა ისეთ ადგილებში, საიდანაც გამოსვლა მტერს  ძვირად უჯდებოდა.”

    ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა მოხალისეთა პოლკს შეერთებოდა, რომელსაც ვილბუა-დე-მორეია მეთაურობდა და რომელმაც მარი ბროსეს  ნაშრომებით ბევრი რამ იცოდა საქართველოზე. სხვათა შორის ნიკოს აღნიშნული აქვს, რომ სამხედრო ბანაკში ყოფნისას იგი გადააწყდა „მორნინგ პოსტის“ ახალგაზრდა კორესპოდენტ უინსტონ ჩერჩილს, რომელიც ტყვედ ჩავარდნოდა ბურებს და რომელმაც ადვილად მოახერხა ტყვეობიდან გაქცევა ბურების არამკაცრი მეთვალყურეობის გამო.

  ბურპოლკოვნიკმა ვილბუამ შეიტყო, რომ მტერი აპირებდა დელარეის დივიზიისთვის ალყის შემორტყმას და განადგურებას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა თავად ვილბუას პოლკი და ნიკო ბაგრატიონი. დაზვერვამ, რომელშიც ნიკო ბაგრატიონიც მონაწილეობდა, ეს ინფორმაცია დაადასტურა. ბურებმა დაასწრეს მტრებს და დილაადრიან მიიტანეს იერიში ინგლისელებზე, ინგლისელები დააბნია მოულოდნელმა იერიშმა, მაგრამ მალე მოეგნენ გონს და პირველი დღის ბრძოლა ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. მეორე დილას ინგლისელების არმიამ, რომელსაც კიტჩენერი მეთაურობდა არტილერიით მიიტანა იერიში ბურებზე. არც ერთი მხარე არ აპირებდა ჯერ გადამწყვეტ იერიშს. კიტჩენერეი დამხმარე ძალებს ელოდა რკინიგზით, ხოლო გენერალი კრონიე კი ელოდა, რომ მტერი გადმოვიდოდა შეტევაზე და ადვილად გაანადგურებდა მათ. მოხალისეთა პოლკს, რომელშიც ნიკო ბაგრატიონიც იყო, ნაბრძანები ჰქონდათ არ გასცილებოდნენ სანგრებს  და განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავდნენ მათ.

  ინგლისელების არმიას ალყაში მოქცევის საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ რამდენიმე დღის შემდგომ მათ იერიში მიიტანეს ბურებზე, მათ მოიგერიეს ეს იერიში, რომელშიც ნიკო ბაგრატიონის პოლკიც იღებდა მონაწილეობას. საღამოს ინგლისელების დამხმარე არტილერია გამოჩნდა, მაგრამ ბრწყინვალე არტილერისტმა კრონიემ ისეთი ცეცხლი გაუხსნა, რომ მათ

არტილერიის განლაგებაც კი ვერ შეძლეს და უკან დაიხიეს.

  ნიკოლოზ ბაგრატიონის პოლკი ბრძოლებს ქალაქ ლედისმიტის მიდამოებში განაგრძობდა, რომელსაც ინგლისელი გენერალი უაიტი იცავდა. ამ ბრძოლებიდან მალევე გარდაიცვალა გენერალი ჟუბერი, რაც დიდი დანაკლისი იყო ბურებისთვის. ომი გრძელდებოდა. ინგლისის არმიამ ვერ მოახერხა სწრაფი განადგურება ბურებისა, საკუთარი სამშობლოსთვის ბურები თავდადებით იბრძოდნენ. პარტიზანული თავდასხმებით ბურები მტერს დიდ ზიანს აყენებდნენ. გენერალ კრონიეს 7-8 ათასიანი ჯარი კიმბერლეის გარშემო იყო განლაგებული. გენერალმა დელარეიმ კი ბრწყინვალედ დაამარცხა ლორდი მეტუენის არმია, ხოლო ტყვედ ჩავარდნილი მეტუენი კი გაანთავისუფლა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბურები კაცთმოყვარეობის გამო ათავისუფლებდნენ ტყვედ ჩავარდნილ მტრის ჯარისკაცებს. ომის გაწელვის გამო ინგლისელებმა დაიწყეს ფიქრი ზავზე, მაგრამ ინგლისმა ბურების მიერ წაყენებული არც-ერთი პუნქტი არ დააკმაყოფილა და ბურებს თავისუფლება არ მიანიჭა, ბურებმა დაიწყეს ფიქრი ფართოუფლებიან ავტონომიაზე ინგლისის მფარველობის ქვეშ. მოლაპარაკება გაჭიანურდა და გენერალმა კიტჩენერმა გააძლიერა იერიშები ბურების წინააღმდეგ. ქალაქ ბოსჰოფთან დაიღუპა პოლკოვნიკი ვილბუა და იმ პოლკის თითქმის ნახევარი, რომელშიც ნიკო ბაგრატიონი იყო გაწევრიანებული. ბურების არმია და გენერალი კრონიე მიმწყვდეულები აღმოჩნდნენ ბოსჰოფთან, კრონიე იძულებული გახდა მტერს დანებებოდა. ტყვედ ჩავარდა ნიკოლოზ ბაგრატიონიც. მას ინგლისელებმა დახვრეტა მიუსაჯეს. ნიკო ფაქტიურად შეგუებული იყო იმ აზრს, რომ მალე გამოასალმებდნენ სიცოცხლეს, იხსენებდა სამშობლოს, ნათესავებს, მეგობრებს.

  „დედის მოგონებამ რაღაცნაირად გული შემიქანა. გულის ჯიბიდან ამოვიღე მშობლის სურათი, რომელსაც მუდამ თან ვატარებდი და მთვარის შუქზე დავცქეროდი, მისი სახით კვლავ თვალწინ წარმომიდგა შორს დარჩენილი ჩემი საყვარელი სამშობლო“

   ნიკო დასახვრეტად გამზადებულთა რიგში აღმოჩნდა.

„ვიდექი უძრავად, ხელში კვლავ დედის სურათი მეჭირა – სიკვდილის წინ მინდოდა კიდევ ერთხელ დამეხედა მისთვის.”

  ოფიცერმა შეამჩნია ნიკოს დედის უცნაური ჩაცმულობა და შეეკითხა ნიკოს თუ ვინ იყო იგი, როდესაც ნიკოს წარმომავლობა გაიგო, ნიკო გამოაყვანინა სიკვდილმისჯილთა რიგიდან და ჩააგდებინა სატუსაღო ხაროში. ნიკოლოზ ბაგრატიონი დაბარებული აღმოჩნდა გენერალ კიტჩენერის მიერ. შეხვედრისას კიტჩენერი თავაზიანად მიესალმა და ჰკითხა, თუ რატომ იბრძოდა ინგლისის წინააღმდეგ. ნიკოლოზ ბაგრატიონის პასუხი ასეთი გახლდათ:

“ყველა ხალხს უნდა შეეძლოს თავისუფლად იცხოვროს ამ ქვეყანაზე, ამისთვის ხალხი არ უნდა ისჯებოდეს“

კიტჩენერმა ნიკოს წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლება მიუსაჯა.

  წმინდა ელენეს კუნძულზე ნიკო კიდევ უფრო  მეტად დაუახლოვდა ფრანგ გრაფ ბრედს, რომელიც აფრიკაში გაიცნო. ნიკოს მეტად მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება. მას დამხარება გაუწია  ბრედმა, ამ თანხით მან სუფთა ტანისამოსი შეიძინა. ნიკო სხვადასხვა გზებს ეძებდა სახსრების მოსაძიებლად. მან გადაწყვიტა  დოღის მოწყობა  და არებული სახსრებით ტყვეების დახმარება.

   დოღი დილის 12 საათზე იყო დანიშნული, უამრავი ადამიანი დაეინტერესებინა დოღს და გულისფანცქალით ელოდნენ სანახაობას. სხვადასხვა მუსიკალური ნომრების შემდგომ დაიწყო დოღი, რომელშიც მონაწილეობდნენ ინგლისელთა ცხენოსანი ჯარის ნაწილების, თუმცა გამარჯვება ტყვე ბურებს დარჩათ. ნიკოს გამოსვლის დროც დადგა, ოთხმა ზანგმა ორი მეტად ღონიერი ცხენი გამოიყვანა, მეჯინიბეებმა ცხენების გრძელი თასმების ყულფები ჩამოაცვეს ნიკოს მკლავებზე, ნიკომ მყისვე კისერზე მოგდებულ მთავარ ღვედს ჩაავლო ხელი.

„გაუშვით ხელი – ვიყვირე მე  და მეჯინიბეები რომელთაც ცხენები აქეთ-იქით აღვირით ეჭირათ განზე გახტნენ. ცხენებმა წამსვე გაიწიეს, მაგრამ ადგილზევე გაქვავდნენ. მაშინ მეჯინიბეებმა ცხენებს შოლტები გადაჰკრეს. ახლა ცხენებმა მოინდომეს ერთბაშად თავის დაღწევა, მაგრამ როცა ადგილიდან ოდნავაც ვერ დამძრეს, ყალზე აიმართნენ. ვატყობდი ძარღვები დაწყდომაზე მქონდა, მაგრამ მაინც ვიდექი, როგორც მიწაში ღრმად ფესვებგამდგარი მუხა, ცხენები თითქოს ჩემს ორ ტოტზე გამობმული იყვნენ.“

 ნიკოს ამ ნომერმა დამსწრე საზოგადოების უდიდესი აღტაცება დაიმსახურა.

   ბურების რესპუბლიკას აღსასრულის დღე ედგა, მარცხს განიცდიდნენ ბურების არმიები. რასაც ნიკო მეტად განიცდიდა. სრულიად მოულოდნელად ნიკოს მიეცა წინადადება, რომ იგი მოიპოვებდა თავისუფლებას თუ იგი აღარ დაბრუნდებოდა აფრიკაში. ნიკო დათანხმდა. მეგობარ ბრედასთან ერთად 1901 წლის 10 ნოემბერს  დატოვა წმინდა ელენეს კუნძული და ინგლისისკენ გაემართა. ლონდონიდან მეგობრები პარიზში გაემგზავრნენ. ბრედას მშობლები ძალიან გაახარა შვილის დაბრუნებამ, მათ ნიკოც გულთბილად მიიღეს. პარიზიდან ნიკო მიემგზავრება პეტერბურგში, საიდანაც იგი საქართველოსკენ წამოვიდა.

   სამშობლოში დაბრუნებულმა  ნიკომ თავადის ასულ ანა ბუჭყიაშვილზე იქორწინა,რომელთანაც 6 შვილი შეეძინა. საქართველოს თავზე ჩამოწოლილმა შავმა ბოლშევიკურმა ღრუბელმა ნიკოს ოჯახსაც გადაუარა  და მისი არაერთი ნათესავი იმსხვერპლა, თვითონ ნიკო აქტიურად გამოდიოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ და რაღაც სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. ნიკოს ბოლშევიკებმა სახლ-კარი და ადგილ-მამულები ჩამოართვეს.ზოგიერთი ცნობით, გაღარიბებული ნიკო ბაგრატიონი თბილისის ბაზარში სიგარეტების გაყიდვით ირჩენდა თავს.

ასეთი  გახლდათ თავგადასავალი კიდევ ერთი  ქართველი რაინდისა,რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გადასდო იმისათვის, რათა დახმარებოდა გაჭირვებაში მყოფ ბურების პატარა რესპუბლიკას და რომლის გმირობა სამაგალითოა თითოეული  ქართველისათვის და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრთათვის.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკატეგორიის გარეშეკულტურამსოფლიო

ეგვიპტეში რამზეს II-ის სასახლე აღმოაჩინეს

ამერიკელმა არქეოლოგებმა ქალაქ აბიდოსში რამზეს II-ის სამარხთან ახლოს შენობის ნაწილები აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ ფარაონის სასახლე იყო. ამის შესახებ Luxor Times-ი წერს.

გათხრების დროს არქეოლოგებმა სხვა შენობაში ქვის გასასვლელი იპოვეს, რომელზეც ისეთივე იეროგლიფები იყო, როგორიც მთავარ ტაძარს აქვს.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეკულტურამსოფლიოსაქართველოფოტო

7 წლის გეგა სოფრომაძის ნამუშევარი მსოფლიოს მასშტაბით 650 000 ნახატს შორის შეირჩა

ქუთაისელი გეგა სოფრომაძე აგვისტოში იაპონიაში გლობალურ კონკურსში მონაწილეობისთვის მიემგზავრება. ვან გეგა ფინალურ ეტაპზე საკუთარ ნამუშევარს წარადგენს. ის მსოფლიოს მასშტაბით, 650 000 ნახატს შორის შეირჩა. პირველი შემთხვევაა, როდესაც “ტოიოტას” კონკურსის ფინალში ქართველი მხატვარი მოხვდა.
ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად უკვე მო­ირ­გო დიდი მხატ­ვრე­ბის სა­ხე­ლე­ბი. მე­გობ­რე­ბი “პი­კა­სოს” ეძა­ხი­ან, ოჯახ­ში კი “ვან გეგა” შე­არ­ქვეს. 7 წლის გეგა სოფ­რო­მა­ძე დე­დას­თან, უმ­ცროს დას­თან და ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ქუ­თა­ის­ში, პა­ტა­რა ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ფარ­თის სიმ­ცი­რის გამო, ხში­რად ვერ ხა­ტავს და ამი­ტომ სა­კუ­თა­რი ფან­ტა­ზია მხო­ლოდ კონ­ტუ­რის სა­ხით გა­და­აქვს ფურ­ცელ­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, აფე­რა­დებს და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ნა­ხატს აცო­ცხლებს. ახ­ლაც გა­ცო­ცხლე­ბის მო­ლო­დინ­ში ბევ­რი პერ­სო­ნა­ჟია.
გეგა თავის წარმატებას და მიღწევებს დედას უმადლის. ამბობს, რომ მისი დამსახურებით და სიყვარულით მიაღწია ყველაფერს.

გეგას დღემდე 300-ზე მეტი ნამუშევარი აქვს შესრულებული, ბევრი მათგანი გაჩუქებული აქვს. ამბობს, რომ უყვარს სხვების გაღიმება და გახარება.

პატარა მხატვარს უკვე ორი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. გახლავთ კონკურს „სიზმარას“ ჟიურის რჩეული. ასევე „ნესქვიკის“ გამარჯვებული.  მისი ერთ-ერთი ნახატი გახდა კომპანია „სნოს“ ფავორიტი, განთავსდა „სნოს“ ეტიკეტზე და მიიწვიეს საპატიო ვიზიტით „სნოს“ საწარმოში. შემდეგ ქართული ღვინის პალატამ შეიძინა გეგას ნამუშევარი „ღვინო და ადამიანი“ და დღეს მათ მუზეუმშია განთავსებული.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გეგა თვითნასწავლი მხატვარია.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეკულტურა

ხატია ბუნიათიშვილის ალბომი ფრანგული ჩარტის ლიდერია

ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი, სახელწოდებით Schubert, საფრანგეთის კლასიკური მუსიკის ჩარტში ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკოსი Facebook-ზე თვითონ ავრცელებს.

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

დღეს გურამ დოჩანაშვილი 80 წლის გახდა – “დედამიწას სიყვარული ატრიალებს”

დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა – კლასიკოს მწერალს 80 წელი შეუსრულდა.

ყველასთვის საყვარელმა მწერალმა 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის მიმართულება.

დოჩანაშვილი არის ლიტერატურული პრემია – ,,საბას” ლაურეატი ნომინაციაში – ,,ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.”

მას ყველა იცნობს ნაწარმოებებით: ,,სამოსელი პირველი”, ‘,,კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, ‘,,იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი”, ,,ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე”, ,,ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები” და სხვა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაისტორიაკულტურამსოფლიო

ახალი აღმოჩენა, რომელიც შოკოლადის წარმოშობის ისტორიას 1,500 წლით აძველებს

მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანები შოკოლადს უფრო ადრეული დროიდან მოიხმარენ, ვიდრე ამას აქამდე ფიქრობდნენ. მათი მტკიცებით, კაკაოს გამოყენება 5,300 წლის წინ უძველეს დასახლებაში დაიწყეს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ეკვადორში მდებარეობს.

მეცნიერებმა სანტა-ლა ფლორიდას არქეოლოგიურ მხარეში კერამიკული  არტიფაქტები გამოიკვლიეს და კაკაოს, რომლისგანაც შოკოლადი მზადდება, გამოყენების უამრავი მტკიცებულება მოიპოვეს.

კვლევის თანახმად, კაკაოს ადამიანი იმაზე 1,500  წლით ადრე მოიხმარდა, ვიდრე  აქამდე ფიქრობდნენ და მისი გამოყენება სამხრეთ ამერიკაში დაიწყეს და არა ცენტრალურში, როგორც აქამდე იყო მიჩნეული.  კაკაოს ტროპიკულ მარადმწვანე ხე თეობრომას (Theobroma) ოვალური ნაყოფი ასხია, რომელიც ლობიოს მსგავს კაკაოს თესლს შეიცავს, რომელსაც დღეს ხალავენ და კაკაოდ და შოკოლადად აქცევენ.

მეცნიერებმა კაკაოს მარცვლები კერამიკულ და თიხის ჭურჭელში აღმოაჩინეს. მათი განმარტებით, 5,300 წლის წინ ადამიანები შოკოლადს სასმელის სახით მოიხმარდნენ.

არქეოლოგიურმა მტკიცებულებამ აჩვენა, რომ კაკაო ცენტრალურ ამერიკასა და მექსიკაში დაახლოებით 4,000 წლის წინ გავრცელდა. სანამ ხუთი საუკუნის წინ ამერიკაში ევროპელი დამპყრობლები შევიდოდნენ შოკოლადს, სხვადასხვა სანელებელსა და ინგრენდიენტთან ერთად სასმელად ისეთი უდიდესი ცივილიზაციის ხალხი მოიხმარდა, როგორიცაა აცტეკები და მაია.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 … 11 12 13 14 15 … 24
Page 13 of 24