close

ისტორია

ეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველოფრაზები

ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ

დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა უფროსი დაიბადა 1802 წელს და გარდაიცვალა 1870 წელს. ის იყო ისეთი შედევრების ავტორი როგორიცაა “სამი მუშკეტერი“, “გრაფი მონტე-კრისტო“, “დედოფალი მარგო” და ა.შ. 1858-59 წლებში ის სტუმრობდა თბილისს და საქართველოს სხვა ქალაქებს. ამ მოგზაურობაზე მან დაწერა წიგნი “კავკასია”. გთავაზობთ ამონარიდებს ამ წიგნიდან, რომელიც ქართველებს ეხება:

“როდესაც თბილისში მივდიოდი, ვაღიარებ, წარმომედგინა, რომ ნახევრად ველურ ქვეყანაში მივდიოდი, ისეთში, როგორიც არის ნუხი ან ბაქო, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბისა. მე შევცდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელსაც უმთავრესად პარიზელი მკერავები და მოდელიორები შეადგენენ, ქართველი ქალები იტალიური თეატრისა თუ დიდი ბულვარების მოდას შეიძლება მხოლოდ ორიოდე კვირით ჩამორჩებოდნენ.”

“ამჟამად თბილისში 60 ათასიდან 75 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მისი ქუჩების სიგანე 60 ფუტია: აქ არის შესანიშნავი შენობები, მოედნები, ქარვასლები, ბაზრები და ბოლოს, თეატრი და ეკლესიები, რომლებიც თავადი გაგარინის წყალობით, ხელოვნების საუცხოო ნიმუშებად იქცნენ.”

“ქარვასლა საინტერესო სანახავია. მის ჭიშკარში აქლემებით, ცხენებითა და სახედრებით შედის და გამოდის აღმოსავლეთის ყველა ერის წარმომადგენელი: თირქები, სომხები, სპარსელები, არაბები, ინდოელები, ჩინელები, ყალმუხები, თურქმენები, თათრები, ჩერქეზები, ქართველები, მეგრელები, ციმბირელები და ღმერთმა იცის კიდევ ვინ. თითოეული მათგანი გამორჩეულია. აქვს თავისი კოსტიუმი, თავისი იარაღი, თავისი ხასიათი, თავისი გამომეტყველება და განსაკუთრებით ქუდი – საგანი, რომელიც მოდის ცვლილებებს ყველაზე ნაკლებად ემორჩილება.”

დიუმა თბილისის აბანოებზე წერს: “რატომაა, რომ გრძნობათა მორევის ისეთ ქალაქს, როგორიც პარიზია, არ გააჩნია ასეთივე აბანოები? რატომ არც ერთი საქმოსანი არ გამოიწერს თბილისიდან ორიოდე მექისეს? ეს რასაკავირველია სასარგებლოც იქნებოდა და სარფიანიც. ექვსი კვირის განმვლობაში, რომელიც თბილისში გავატარე, ყოველ მესამე დღეს სპარსულ აბანოში დავდიოდი.”

“მე თითქmის ყველაფერი ვნახე თბილისში, ქართულ სამოთხეში და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავია, როგორც თბილისში.”

დიუმა აღნიშნავს, რომ ქართველები მფლანგველები არიან და “არაპრაქტიკულობის გამო სწრაფად კოტრდებიან. ყველა ქართველი ღარიბია ან ახლოსაა ამასთან. რა საშინელი სიღარიბეა აქ! ღმერთო შემინდე! რა სიღატაკეა! ეს სიღარიბე იქამდე მიდის, რომ ბევრის აზრით, ყველაზე სათნო ქალის ზნეობა, რომელიც მედეადან მოდის, ახლა ოქროს მონეტის დანახვას ვერ გაუძლებდა.”

“ევროპაში წაrმოდგენათ კი არ აქვთ კოლხთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს. სულ უბრალო მსახურსაც კი თავადიშვილის იერი აქვს.

“ქართველ ხალხს უყვარს იმის გაცემა, რისი მიღებაც სხვებს უყვართ.

– რა აზრის ხართ ქართველებზე? – შევეკითხე ბატონ ფინოს, ჩვენს (ფრანგების) კონსულს თბილისში, რომელიც იქ უკვე სამი წელია ცხოვრობს.

– ეს უნაკლო ხალხია, ყველა საუკეთესო თვისებით, – მიპასუხა მან.

როგორია ასეთი სიტყვების მოსმენა ფრანგისგან, რომელიც როგორც ეს ყველგან და ყოველთვს ხდება, ყოველივე უცხოურს ლანძღავს და საკუთარ თავს ყველაზე მაღლა აყენებს…”

“თავისი სიმამაცით განთქმულმა ერთმა რუსმა, გვარად შერემეტიევმა მითხრა: ისინი ბრძოლაში უნდა ნახო.. ისინი ამ დროს უკვე ადამიანები კი არა, ტიტანები ხდებიან, რომლებსაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ.”

“ისინი სუფრასთან უნდა ნახო – მეუბნებოდა ერთი ღირსეული გერმანელი, რომელიც სიამაყით იხსენებდა ხოლმე როგორ სვამდე შუა დღეზე ჰაიდელბერგის დუქანში თორმეტ კათხა ლუდს. ისინი (ქართველები) თხუთმეტ, თვრამეტ, ოც ბოთლ ღვინოს ისე ყლაპავენ, თითქოს აქ არაფერი მომხდარაო. ფინოც სიმართლეს ამბობდა, რუსიც სიმართლეს ლაპარაკობდა, გერმანელიც სიმართლეს მეუბნებოდა.”

“მთელი ძველი კოლხეთის ქალები საუცხოონი არიან. – ჩვენ გვინდოდა გვეთქვა ქართველ ქალებზე ლამაზებიც კიო, მაგრამ აქ დროულად გაგვახსენდა, რომ სამეგრელო, იმერეთი და გურია ყოველთვის საქართველოს ნაწილები იყო. მეგრელი ქალები განსაკუთრებით ლამაზები არიან: ქარათმიანები შავი თვალებით და შავთმიანები ცისფერი თვალებით – ეს ხალხი დედამიწის ზურგზე ულამაზესი ქმნილებები არიან.”

“როგორ უნდა ამოიცნო ქართველი? თუ ვინც გიყურებს ნათელი სახე და სწორი ცხვირი აქვს, თვალები, წარბები და თმები შავი, კბილები – თეთრი, თუ მას მოკლე ბწევიანი, წვეტიანი ქუდი ახურავს, მაშინ იგი ქართველია. რასაც ის იტყვის, წმინდა წყლის სიმართლე იქნება”.

“ამბობენ ჩერქეზები დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ხალხიაო. ეს შეიძლება ითქვას მხოლოდ მამაკაცებზე, ქალების მიმართ კი სადავოა. ჩემი შეხედულებით, ქართველს სრულიად თავისუფლად შეუძლია შეეცილოს ჩერქეზს სილამაზეში. ჩემს დღეში არ დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, რომელიც ნოღაის ველებში პირველი ქართველის შეხვედრამ გამოიწვია ჩემში.”

“ქართველები უმამაცესი ხალხია, ამაში უკვე ეჭვი აღარავის შესდის, თვით ყველაზე მამაც რუსებსაც კი. ისინი გვიამბობდნენ ქართველთა ვაჟკაცური სისადავის შესანიშნავ ფაქტებს. მაგალითად გრაფ ვორონცოვის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ექსპედიციაში ჯარი წაადგა ტყეს, რომელზეც ამბობდნენ მთიელები იცავენო,

– ტყეს ორი ფინდიხით დატენილი ზარბაზანი დაუმიზნეთ და ესროლეთ – ბრძანა გრაფმა – ვნახოთ, როგორ იცავენ მას მთიელები.

– რაზე დავკარგოთ დრო და ფინდიხი, თქვენო უგანათლებულესობავ? – უპასუხა იქვე მყოფმა თავადმა ერისთავმა – თვითონ წავალ და ვნახავ.

ერისთავმა ცხენი გააჭენა, ტყე მოათვალიერა, დაბრუნდა და ვორონცოვს ანტიკური სისადავით მოახსენა – ტყეში არავინაა თქვენი უგანათლებულესობავ.”

“თუ თათარმა თავი დაგიქნია – ენდე. თუ მთიელმა პატიოსანი სიტყვა მოგცა – მასაც ენდე. ხოლო თუ სომეხთან გაქვს საქმე, უსათუოდ ხელწერილი დაადებინე და ორი კაციც დაიმოწმე, რომ თავის ხელწერილზე უარი არა თქვას.”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოაისტორია

ქალები, რომელთა მიღწევებიც კაცებს მიაწერეს

პირველი ელექტრონული კომპიუტერის პროგრამა ქალის მიერ იყო შექმნილი. დღევანდელი Wi-Fi და ბლუთუზი ქალი მსახიობის რადიო-ტექნოლოგიების შესწავლის დამსახურებით არსებობს. პირველი კაცის მთვარეზე დაშვება და უსაფრთხოდ დაბრუნება ქალი კოლეგის მეშვეობით მოხდა.

კაცი მეცნიერებისგან მათი კოლეგა ქალების მიღწევების მიწერა იმდენად ხშირია, რომ მას სახელიც დაარქვეს და მატილდას ეფექტი უწოდეს. ამ ყველაფერს ასახავს რიცხვებიც. ყველა კატეგორიაში ქალებმა 51-ჯერ მოიგეს ნობელის ჯილდო, კაცებმა კი 853-ჯერ. აქ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ქიმიკოსებზე, ბიოლოგებსა და ფიზიკოსებზე, ამას ასევე ვხედავთ ისტორიაში. საქმე რომელიც ბევრმა ქალმა ხელოვანმა, არქიტექტორმა და გამომგონებლებმა შეასრულა, ხშირად მათ კაც კოლეგებს ან თუნდაც ქმრებს მიაკუთვნეს. დროა ასეთ ქალებს და მათ დამსახურებებს გავეცნოთ.

მარგარეტ კინი, ხელოვანი

 

1960-იან წლებში ნახატმა Big Eye ვოლტერ კინს უდიდესი პოპულარობა მოუტანა. ის 1964 წლის მსოფლიო გამოფენაზეც გამოიფინა.

 

1970 წელს, ვოლტერ კენის ყოფილმა ცოლმა, მარგარეტმა რადიოში თქვა, რომ ამ სერიების შემქმნელი თვითონ იყო. როდესაც ყოფილმა ცოლ-ქმარმა ამ საქმეზე დავა დაიწყო Union Square-ზე, ვოლტერი არ გამოჩნდა. 1986 წელს მარგარეტმა ვოლტერი სასამართლოში მიიყვანა. ვოლტერმა აქტივობაში მონაწილეობაზე უარი მხრის დაზიანების გამო თქვა, როცა მარგარეტმა 4 მილიონ დოლარიანი ნახატი თითქმის 1 საათში გადახატა. მოგვიანებით კი ინტერვიუში თქვა: ქორწინების შემდეგ ნახატებს ხელს “კინით“ ვაწერდი, რადგან ეს ჩემი გვარიც იყო. მას ჩემი ნამუშევრების მისაკუთრების და ფულის მიღების შესაძლებლობა ამიტომ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მარგარეტმა ეს აღმოაჩინა, ყოფილი ქმრისთვის კითხვების დასმა არ დაუწყია, რადგან მისი რეაქციის ეშინოდა. “ჩემი ცხოვრების გამო მეშინოდა,”- თქვა მან. მაგრამ პირიქით მოხდა, ხალხში მას მხარი დაუჭირა. მარგარეტმა საბოლოოდ მიიღო მისთვის კუთვნილი თანხაც და აღიარებაც. ამ ამბის მიხედვით, ტიმ ბარტონმა 2014 წელს ფილმი Big Eyes გადაიღო.

ელიზაბეთ “ლიზი” მეგი, თამაშების დიზაინერი

 

1900-იან წლებში, ლიზი მეგიმ The Landlord’s Game-ის დიზაინი შექმნა, რაც მისი რწმენის, გეორგიზმის დემონსტრაცია იყო. თამაშს კვადრატის ფორმის დაფა, ყალბი ფული და “ციხეში წადის” ოთხკუთხედი ბარათი ჰქონდა. თამაში ორ რაუნდად იყოფოდა: ანტი-მონოპოლისტურად, სადაც მოთამაშეები მიწას ყიდულობენ და თანასწორად იყოფენ, და მონოპოლისტური, მოთამაშეებისთვის, რომლებიც ინდივიდუალურად იმუშავებენ, რათა რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ და მათი კონკურენტი გააკოტრონ.

 

1903 წელს ეს თამაში ძალიან პოპულარული გახდა მეგის მეგობრების თამაშებთან, პატენტებთან ერთად, რომელთა გაკეთებაზეც მეგი დათანხმდა. როდესაც ჩარლზ დეროუმ, მეგის “მტერმა” ის ითამაშა, იდეა მოიპარა, გააფერადა და მარტივი ილუსტრაციები დაამატა, მას Monopoly დაარქვა. თამაში 1935 წელს Parker Brothers-მა იყიდა და დეროუ პირველი მილიარდერი გახდა, რომელმაც ამას ასეთი თამაშით მიაღწია.

დიდი ხნის მანძილზე, თამაშის შემქმნელად დეროუ მოიაზრებოდა. გასათვალისწინებელია, რომ თამაშს ინსტრუქციების წიგნში მისი შექმნის ისტორიაც იყო დაბეჭდილი, მასში ეწერა: “1934 წელს, ჩარლზ ბი დეროუმ პენსილვანიიდან, Parker Brothers-ისთვის სპეციალურად შექმნა თამაში MONOPOLY.” მეგი თამაშის შემქმნელად მის სიცოცხლეში არ უღიარებიათ და დღეს თამაშის ნამდვილი მოწოდება, მიზანი დაკარგულია.

ქეთრინ ჯონსონი, მათემატიკოსი

 

1950-იანებში, ქეთრინ ჯონსონი (დაბადებული 1918 წელს) სხვა ქალებთან ერთად მუშაობდა, რომლებიც აანალიზებენ მონაცემებს და ასრულებენ კომპლექსურ მათემატიკურ გათვლებს NASA- სთვის. როდესაც ის 1953 წელს ფრენების საკვლევ ჯგუფში დროებით გადავიდა. ჯონსონი გახდა პირველი ქალი და მისი რასის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ჯგუფს შეუერთდა. მისი ცოდნით კი რასისტული და გენდერული ბარიერი მარტივად გადალახა, ისეთ შეხვედრებზე იწყვევდნენ, სადაც ქალებს არ პატიჟებდნენ.

 

მაგრამ მიერ შესრულებული ყველა სამუშაო ვერ დაფასდა, რადგან მაშინ ქალებს ჩანაწერებში თავიანთი სახელების მითითების უფლება არ ჰქონდათ. თუმცა ჯონსონი პირველი ქალი გახდა, ვინც ყველაფერი შეცვალა. “მოხსენება დავასრულე და მასში ჩემი სახელი შევიდა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემი დანაყოფიდან რამეზე ქალის სახელი ეწერა,”- ამბობდა ის. სწორედ ჯონსონი იყო ის ადამიანი, რომელმაც კოსმოსში პირველი ამერიკელის, აპოლო 11-ის ტრაექტორია შეიმუშავა და კოსმოსური მოგზაურობის ძირითადი პროგნოზები გააკეთა. მისი დამსახურებით ასტონავტი ჯონ გლენი პირველი ამერიკელი გახდა დედამიწის ორბიტაზე. ჯონსონი და მისი შავკანიანი ქალი კოლეგა 2016 წლის ფილმში Hidden Figures-ში არიან ნახსენები, ისევე როგორც იმავე სახელწოდწების წიგნში.

ელენე ბაქრაძე (დარიანი) პოეტი

 

ქართველი პოეტის და ცისფერყანწელთა ორდენის წევრის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში “დარიანული ციკლი” ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა. ეს არის  14 ლექსი, რომელიც ქალურ ეროტიკულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს კარგად აღწერს.

 

1916 წელს შეიქმნა ცისფერყანწელთა ორდენი და მათი პირველი ჟურნალი გამოიცა. მალევე, ელენე დარიანის ფსევდონიმით დაიბეჭდა ცნობილი ლექსი “პირამიდებში.”

ლიტერატურათმცოდნე გიორგი ჯავახიშვილმა ელენე ბაქრაძის არქივის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ მოსაზრება გამოთქვა, რომ ამ ფსევდონიმის უკან სწორედაც პაულო იაშვილის ახლო მეგობარი, ელენე ბაქრაძე დგას. თავად პაოლო იაშვილს არასდროს უთქვამს, რომ ლექსები თავად ეკუთვნოდა.

მარგარეტ ნაითი, გამომგონებელი

 

არგუმენტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარგარეტ ნაითი მე-19 საუკუნის ყველაზე ცნობილი ქალი გამომგონებელია. ის პატარა ასაკიდანვე ცდილობდა ახალი რაღაცების შექმნას. მისი განსაკუთრებული გამოგონება მაშინ გამოჩნდა, როცა თინეიჯერმა მუშაობა ტექსტილის ქარხანაში დაიწყო. მუშაობისას საქსოვი დაზგის ერთი ნაწილი, რომელიც ძაფს იჭერს, ამოვარდა და ნაითის კოლეგა დააზიანა, ამის შემდეგ დაიწყო ფიქრი, როგორ დაეფარა ეს ნაწილი, რომ აღარავინ დაშავებულიყო. მისი გამოგონება გამოყენებადი გახდა და მისი ასლი ბევრმა ქარხანამ შექმნა. ნაითს კომპენსაციას არ უხდიდნენ.

განსაკუთრებით გვიან 1860-იან წლებში მან მუშაობა Columbia Paper Bag Company-ში დაიწყო, სადაც მან მექანიზმი გამოიგონა, რომელიც ქაღალდის ბრტყელძირიან ჩანთებს აკეთებდა, მას დღესაც იყენებენ. თუმცა, ეს იდეა ჩარლზ ენანმა მოიპარა, ის მექანიზმის აწყობისას ქარხანაში იმყოფებოდა. ნაითმა ენანს სასამართლოში უჩივლა, 1871 წელს სასამართლო ნაითის სასარგებლოდ დასრულდა. მაგრამ ცხოვრების მანძილზე არანაირი კომპენსაცია არ მიუღია. მას “ქალ ედისონადაც” მოიხსენიებდნენ.

დენის სკოტ ბრაუნი, არქიტექტორი

 

2018 წელს, არქიტექტორი დენის სკოტ ბრაუნი (1931 წელს დაბადებული) Soane Medal-ზე გლობალური გავლენისთვის დააჯილდოვეს. ეს ინდივიდუალური აღიარება ეწინააღმდეგება 1991 წელს პრიტზკერის არქიტექტურის პრიზს, რომელიც ბრაუნის ქმარს გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ ნომინირებულ სამუშაოში ორივე თანასწორად იღებდა მონაწილეობას. სკოტ ბრაუნი დაჯილდოებას ვერ დაესწრო, ხოლო როცა ორგანიზაციას ამ გადაწყვეტილებისთვის დაუპირისპირდნენ, მათ თქვეს, რომ ჯილდოს გაცემა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იყო შესაძლებელი. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ 1988 წელს ჯილდო ერთდროულად ორ კაცს გადაეცა.

არქიტექტურის ფირმის თანაპარტნიორმა, სკოტ ბრაუნმა აღმოაჩინა, რომ საერთო მიღწევებზე მხოლოდ მის ქმარს მოიხსენიებდნენ ხოლმე. ის მთელი კარიერის მანძილზე ღიად იბრძოდა სექსიზმის წინააღმდეგ. არქიტექტორის ესეი “ოთახი ზემოთ? სექსიზმი და ვარსკვლავების სისტემა არქიტექტურაში” (1989) აღწერს სირთულეებს, და როგორ მოიპოვა აღიარება სივრცეში, სადაც მამაკაცი დომინირებს. ბრაუნი აგრძელებს კამპანიებს არქიტექტურაში თანასწორობისთვის. ის ახლა XX საუკუნის ერთ-ერთ წამყვან არქიტექტორად ითვლება.

ჰედი ლამარი, მსახიობი და გამომგონებელი

 

ავსტიელ-ამერიკელ მსახიობ ჰედი ლამარს (1914-2000) ხშრად მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად მოიხსენიებენ, შეიძლება ის ჰოლივუდის ფილმებიდან გახსოვდეთ. ჰედი ძალიან ჭკვიანი გამომგონებელიც გახლდათ.

 

ლამარი გადაღებების შესვენებისას ტრაილერში ან სახლში ახალ იდეებზეც მუშაობდა. ის მისი შეყვარებულის, ჰოვარდ ჰიუჯს თვითმფრინავის კვადრატულ ფრთებს ჩიტებსა და თევზებზე წიგნების შესწავლით ეხმარებოდა, მან ასევე შუქნიშნის გაუმჯობესებული ვარიანტი შემოგვთავაზა.

მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, ლამარი კონცენტრირებული იყო მისი გამოგონებებით მოკავშირეების დახმარებაზე. მაგრამ წყალქვეშა ხომალდი რადიოტალღებით კონტროლდებოდა, რომელშიც მტერი ამჩნევდა. ლამარმა მოიფიქრა, რომ სიგნალის სხვადასხვა სიხშირეზე გადაყვანით შესაძლებელი იყო მისი დაცვა. თუმცა მას ფორმალური მომზადება გავლილი არ ჰქონდა, ამიტომ გამომგონებელ ჯორჯ ენთეილთან კოლაბორაცია გადაწყვიტა.

”სიხშირის პოტენციალი”, რომელსაც ჰედი გვთავაზობდა, დაცული Wi-Fi-ის, GPS-ის და ბლუთუზის წინამორბედია. ამ გამოგონებას მოგვიანებით სამხედრო სამსახურში იყენებდნენ. მას სიცოცხლეში საკმარისად არ აღიარებდნენ. როდესაც გამომგონებელთა საერო საბჭოში გაერთიანება მოისურვა, მას უპასუხეს, რომ სჯობდა ცხოვრება ომის ობლიგაციების პოსტერების გაყიდვაში გაეტარებინა. :ვფიქრობ,ადამიანების ტვინი ბევრად საინტერესოა, ვიდრე მათი გარეგნობა”, – ამბობდა ლამარი.

ENIAC-ის პროგრამისტები

 

1946 წელს, 6 ქალი პირველი სრულიად ელექტრონული და დაპროგრამებული კომპიუტერის შესაქმნელად მუშაობდა. ქეითლინ ანტონელს, ჯენ ბარტიკს, ფრანცის ბეტი ჰოლბერტონს, მერლინ მელტეზის, ფრანცის სპენსსა და რუთ თეითელბომს პენსილვანიის უნივერსიტეტის მურის ელექტრო ინჟინერიის სკოლის მიერ, ამერიკის არმიისთვის ENIAC-ის (ელექტრონული ინტეგრატორი და კომპიუტერი) დაპროგრამება დაევალათ. კომპიუტერს მეორე მსოფლიო ომში გამოიყენებდნენ, არტილერიის ტრაექტორიაზე სამუშაოდ. პროექტი უდიდესი საიდუმლო იყო და ქალების ვინაობა, რომლებმაც სამუშაო შეასრულეს არ გამჟღავნებულა.

 

1980 წლამდე ქალი პროგრამისტების დამსახურებაზე არავინ იცოდა. 1980 წელს, ჰარვარდის სტუდენტმა, ქესი კლაიმენმა ძველ პროგრამისტებზე თეზისის კვლევისას ფოტო აღმოაჩინა, რომელზეც ქალები კომპიუტერებთან დგანან. კლაიმენს ფოტოზე უთხრეს, რომ ეს ქალები მოდელები იყვნენ, რათა პროდუქტი უფრო მიმზიდველი გაეხადათ. დელვინგ ფასერმა აღმოაჩინა, რომ ქალების სამუშაო დიდი ხანია დაუფასებელია. ახლა, მათ შესახებ ბევრმა იცის და ცდილობენ პროგრამირება მომავალი თაობებისთვის გაამარტივონ.

მერიონ მაჰონი გრიფინი, არქიტექტორი

 

მეორე ქალი, რომელმაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი დაამთავრა, მერიონ მაჰონი გრიფინი (1871-1961) ილინოისში პირველი ლიცენზირებული ქალი არქიტექტორი გახდა. 1895 წელს ის იყო პირველი თანამშრომელი, რომელიც ცნობილმა ამერიკელმა არქიტექტორმა, ფრანკ ლოიდ ვრაითმა აიყვანა და მასთან ერთად 15 წელი იმუშავა, დაეხმარა არქიტექტურული სტილის American Prairie School-ის განვითარებაში. ის განსაკუთრებით ნიჭიერი იყო არქიტექტურულ ნახატებში. აკვარელით შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც გრიფინმა შექმნა, ფრანკ ლოიდ ვრაითის ცნობილ სიმბოლოდ იქცა.

მაჰონმა წოლტერ ბარლი გრიფინზე იქორწინა. წყვილი ბევრ პროექტში ერთად იღებდა მონაწილეობას. მათ შორსაა ავსტრალიის დედაქალაქის, კანბერას დიზაინი, თუმცა მაჰონის განსაკუთრებული ფერებით შექმნილ დიზაინს ხშირად მის ქმარს მიაწერდნენ. მართალია, გრიფინის ნამუშევრები კაცი კოლეგების გამო ჩრდილში რჩებოდა, მაგრამ ახლა, ავსტრალიურმა არქიტექტურის ინსტიტუტმა შექმნა “მერიონ მაჰონი გრიფინის პრიზი”, რომელიც მხოლოდ ქალ არქიტექტორებს გადაეცემათ.

წყარო : tabula.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი ხათუნის საფლავი თურქეთში

2019 წლის აგვისტოში, თურქეთის ტერიტორიაზე მიაკვლიეს გურჯი ხათუნის, იგივე თამარ ბაგრატიონისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის საფლავს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი აკლდამებიდან ერთ-ერთი, სწორედ თამარ მეფის შვილიშვილსა და რუსუდან დედოფლის ქალიშვილს ეკუთვნოდა. თამარ ბაგრატიონი 13 წლის ასაკში რუმის 17 წლის სულთანს, ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II მიათხოვეს. ქორწინება პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.
არქეოლოგიური გათხრები თურქეთის ქალაქ ერზერუმის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აკლდამები 2019 წლის აგვისტოში იპოვეს, თუმცა მათი ვინაობა რამდენიმე თვის შემდეგ გახდა ცნობილი და დადასტურდა, რომ საფლავები ნამდვილად ეკუთვნოდა გურჯი ხათუნსა და მის ვაჟს. თამარ ბაგრატიონისა და ალაედდინ ქეიქუბად II-ის სამარხი იმ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ემიგრანტიისტორიასაქართველო

გიორგი ყაუხჩიშვილი – იტალიაში, ამერიკასა და გერმანიაში მოღვაწე მეცნიერი

გიორგი ყაუხჩიშვილი 1923 წელს ბერლინში დაიბადა. მისი მამა პროფესიით ინჟინერი გახლდათ, განათლება სანქტ–პეტერბურგში ჰქონდა მიღებული. 1918 წელს იგი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ გააგზავნა საქართველოს ეკონომიკურ წარმომადგენლად შვედეთში. 1919 წელს გადაიყვანეს გერმანიაში, სადაც “სიმენსის” დირექტორად, შემდეგ კი კომპანიის იტალიური განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.
გიორგიმ ბერლინის კანტის სახელობის ლიცეუმის შემდეგ, სწავლა გააგრძელა მილანის უნივერსიტეტში, მედიცინისა და ქირურგიის ფაკულტეტზე. 1956 წელს მოხუცთა სახლის დირექტორად დაინიშნა. 1959–1965 წლებში გიორგი ყაუხჩიშვილი პავიის უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი იყო. იგი წლების განმავლობაში პავიის საავადმყოფოში შაკიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, სადაც საფუძველი ჩაუყარა შაკიკის კვლევის მიმართულებას. მოგვიანებით გიორგი ყაუხჩიშვილი მოღვაწეობდა ლოს–ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის გერონტოლოგიის ცენტრში და კიოლნის მაქს პლანკის ინსტიტუტში. სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს 100–მდე ნაშრომი.
1975 წლის გაზაფხულზე მეცნიერი მოულოდნელად გარდაიცვალა. ხსოვნის პატივსაცემად დააარსა გ. ყაუხჩიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ნევროლოგიის სფეროში მოღვაწე მეცნიერებისთვის გაიცემა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ემიგრანტიისტორიასაქართველო

გიორგი ოდიშელიძე – საფრანგეთის ღირსების ორდენისა და საბრძოლო ჯვრის კავალერი

ქართველი იუნკერი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ოფიცერი გიორგი ოდიშელიძე დაიბადა ყვარელში, 1899 წელს. 1919 წელს გახდა თბილისის სამხედრო სკოლის, იუნკერთა სასწავლებლის კურსანტი, 1921 წელს კი სკოლის ქვეითი ასეულის ზემდეგი. მონაწილეობდა ჩოლოქის 1918 წლის, კოჯორ-ტაბახმელას 1921 წლის და ბათუმის 1921 წლის ბრძოლებში.
1921 წელს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ოდიშელიძეს ემიგრაციაში წასვლა მოუწია ჯერ თურქეთში და შემდეგ საფრანგეთში. სწავლა დაიწყო სენ-მიქსენის სამხედრო და უმაღლეს სატანკო სასწავლებლებში. დაინიშნა ნანსის 513–ე სატანკო ათასეულის მეთაურად. 1926 წელს გაემგზავრა სირიაში, 1929 წლიდან კი ალჟირში მსახურობდა. კაპიტნის წოდება მიენიჭა და ბატალიონის მეთაურად დაინიშნა 1935 წელს. II მსოფლიო ომის დასაწყისში ოდიშელიძეს დაევალა ბარკარესის სამხედრო ბანაკში ქართული შენაერთის ფორმირება. 1941-1943 წლებში ასრულებდა საფრანგეთის არმიის საჰაერო ჯარების კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსის მოვალეობას. 1943 წელს იბრძოდა ტუნისში და მონაწილეობდა საფრანგეთის განთავისუფლების ოპერაციებში. პოლკოვნიკის სტატუსი მიიღო 1944 წელს.
სამხედრო პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობდა სამოქალაქო სექტორში და აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს. გიორგი ოდიშელიძეს მიღებული აქვს საპატიო ლეგიონის ორდენი სხვა უამრავ ჯილდოსთან ერთად. იგი იყო საფრანგეთის ღირსების ორდენისა და საბრძოლო ჯვრის კავალერი. მისი ცოლი გახლდათ ქართველი სამხედრო მოღვაწის, გიორგი კვინიტაძის ქალიშვილი, თამარი, რომელთანაც 3 შვილი შეეძინა. გიორგი ოდიშელიძე 1970 წელს პარიზში გარდაიცვალა, დაკრძალულია შატუს სასაფლაოზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორია

ადგილი, სადაც „შავი ჭირი“ გაჩნდა, მისი გავრცელებიდან 600 წელზე მეტი ხნის შემდეგ აღმოაჩინეს

მეცნიერები აცხადებენ, რომ მომაკვდინებელი „შავი ჭირის“ წარმოშობა ადამიანებში მისი გავრცელებიდან 600 წელზე მეტი ხნის შემდეგ აღმოაჩინეს.
შუა საუკუნეების ბუბონური ჭირი პირველად მე-14 საუკუნეში დაფიქსირდა და მკვლელი დაავადებების 500-წლიანი ტალღის საწყისი გახდა, რომელსაც „მეორე ჭირის პანდემია“ ეწოდა.
„შავ ჭირს“ მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ინფექციურ დაავადებად ითვლებოდა.
მრავალი წლის კვლევის მიუხედავად, დაავადების გეოგრაფიული და ქრონოლოგიური წარმომავლობა საიდუმლოდ დარჩა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ შავი ჭირი პირველად წარმოიშვა ჩრდილოეთ ყირგიზეთში 1330-იანი წლების ბოლოს.
გუნდმა, შოტლანდიის სტერლინგის უნივერსიტეტიდან, გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტიდან და ტუბინგენის უნივერსიტეტიდან, უძველესი დნმ-ის ანალიზი ჩაატარა, რომელიც ყირგიზეთის ტიან-შანის რეგიონში, ისიქ-ქოლის ტბის მახლობლად აღმოჩენილი ჩონჩხების კბილებიდან აიღეს.
კერძოდ, თანმიმდევრობამ, რომელიც განსაზღვრავს დნმ-ის სტრუქტურას, აჩვენა, რომ სამ ადამიანს ჰქონდა შავი ჭირის ბაცილა ბაქტერია, რომელიც დაკავშირებულია „შავი ჭირის“ გავრცელების დაწყებასთან მანამ, სანამ მან ევროპაში ჩააღწია.
სტერლინგის უნივერსიტეტის ისტორიკოსის, დოქტორ ფილიპ სლავინის თქმით, აღნიშნულმა ადგილებმა ისინი მას შემდეგ მიიზიდა, რაც აღმოაჩინეს, რომ 1338 და 1339 წლებში იქ სამარხების რაოდენობის უზარმაზარი ზრდა დაფიქსირდა.
„ჩვენი კვლევა ნათელს ჰფენს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კითხვებს და ადგენს, როდის და სად დაიწყო ადამიანთა ყველაზე ცნობილი მკვლელი“, – აცხადებს დოქტორი სლავინი.
კვლევა, „შავი ჭირის წყარო მე-14 საუკუნის ცენტრალურ ევრაზიაში“, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორია

მეცნიერებმა დაადგინეს როგორ და სად გაჩნდა პირველად შავი ჭირი

შავი ჭირი ითვლება ყველაზე მომაკვდინებელ ეპიდემიად, რაც კი ოდესმე ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. მან ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა მეცნიერი ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და როგორ გაჩნდა პირველად შავი ჭირი. თუმცა, ახლახან საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ აღმოაჩინეს შავი ჭირის ნამდვილი წარმომავლობა.
არქეოლოგებმა 140 წლის წინ აღმოაჩინეს საფლავის ქვები წარწერით, რომ აქ დაკრძალულები ამოუცნობი ჭირით დაიღუპნენ. ნამარხების შესწავლისა და დნმ-ის ნიმუშებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შავი ჭირის პირველადი წარმოშობა დადგინდა.
მკვლევრებმა წარსულში აღმოაჩინეს გენეტიკური მასალა, საიდანაც ივარაუდეს, რომ შავი ჭირი 900-1300-იან წლებში გამოჩნდა პირველად. ევოლუციურმა მოვლენამ Yersinia Pestis-ის(ბაქტერია, რომელმაც გამოიწვია შავი ჭირის ინფექცია) მრავალი ახალი შტამის წარმოშობა გამოიწვია. მისი კვლევით კი მეცნიერებმა მრავალ შტამს მიაგნეს და სწორედ ის ითვლება შავი ჭირის საწყისად.
შვიდი ადამიანის ნამარხიდან აღებულმა გენეტიკური მასალის ანალიზმა სამ ადამიანში გამოავლინა შავი ჭირის ბაქტერია, Yersinia pestis. დნმ-ის ანალიზის შედეგმა კი აჩვენა, რომ შავი ჭირი პირველად გავრცელდა 1338-1339 წლებში ცენტრალურ აზიაში, ისიქ-ქოლის ტბის მახლობლად მცხოვრები საზოგადოების წევრებში (დღევანდელი ყირგიზეთის ტერიტორიაზე). კვლევა მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ გვეხმარება დაავადების ისტორიისა და ევოლუციის შესახებ ცოდნის გაზრდაში და შავი ჭირის წარმოშობის შესახებ დებატებიც შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურასაქართველო

ჩინელი ქალის აბრეშუმის გზა პეკინიდან თბილისამდე

ადამიანი, რომელმაც საქართველოში პირველად ჩამოიტანა ჩაის ნერგები გახლავთ მხატვარი, მთარგმნელი, ჩინური ენის პედაგოგი და პროფესორი, მალი ლიუ ყანდარელის ბაბუა. 1893 წელს, საქართველოში ჩამოდის 23 წლის ჩინელი ახალგაზრდა ლაო ჯონჯაო. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოში ჩაის კულტურის არსებობა. ლაო ჯონჯაო 30 წლის განმავლობაში ჩაქვში, აჭარაში ცხოვრობდა. აქვე ცოლად შეირთო ნონა თუშმარიშვილი და მოგვიანებით, მის დიდ ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. მათი ჩინეთში დაბრუნებამდე ლაოს ერთ-ერთი შვილი საქართველოში დაოჯახდა. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1958 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლად ჩამოდის ლაოს შვილიშვილი, მალი ლიუ ყანდარელი. საქართველოში დაბრუნებას ტრაგიკული ისტორია სდევს თან, რადგან პეკინში არსებული რეჟიმის გამო, ლაოს უნიკალური კოლექციის გაყიდვა და ოჯახის წევრების ფარულად გამოგზავნა მოუწია. შვილების გაყვანის შემდეგ, ლაო იაპონელმა ოკუპანტებმა დააკავეს მეუღლესთან ერთად. დედამ კი სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ 1956 წელს შეძლო.
მალი ლიუ თბილისში საცხოვრებად 62 წლის წინ ჩამოვიდა და ცოლად გაჰყვა ქართველ მხატვარს, გივი ყანდარელს. იგი 60 წელზე მეტია ძვირფას ექსპონატებს და მათ ისტორიებს აგროვებს, როგორც მამა. მალის წიგნი-მუზეუმი, რომელსაც ინდიგო გამოსცემს, აერთიანებს მალი ლიუ ყანდარელის კერძო კოლექციაში დაცულ ჩინურ ნივთებს. ჩინური კულტურის ეს ექსპონატები არა მხოლოდ მხატვრული ღირებულებით არის საყურადღებო, არამედ იმ ამბებითაც, რომლებსაც თავის თავზე ჰყვებიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

ალექსანდრე ჯინჭარაძე – საპატიო ლეგიონის ორდენისა და საბრძოლო ჯვრის კავალერი

ქართველი სამხედრო ოფიცერი ალექსანდრე ჯინჭარაძე 1897 წელს ოზურგეთში დაიბადა. იგი იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1916 წელს იბრძოლა კავკასიის ფრონტზე, რისთვისაც დააჯილდოვეს წმ. გიორგის ჯვრით. 1918-21 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში მსახურობდა. ჯინჭარაძე იყო კოჯორისა და ტაბახმელას ბრძოლების მონაწილე. გასაბჭოების შემდეგ, ალექსანდრე ჯინჭარაძეს ემიგრაციაში წასვლა მოუწია საფრანგეთში, სადაც ჩაირიცხა სენ-მექსანის სამხედრო სასწავლებელში, შემდეგ კი საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. უცხოური ლეგიონის შემადგენლობაში ყოფნისას იმსახურა მაროკოსა და ალჟირში.
1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, ნორუაისთან ბრძოლაში კაპიტანი ჯინჭარაძე ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1948 წელს მიიღო მაიორის ჩინი. ამავე წელს, როგორც გაეროს სამხედრო დამკვირვებელი, მეთვალყურედ გაგზავნეს ახლო აღმოსავლეთში. 1952-1954 წლებში მსახურობდა ჩრდილო აფრიკული ათასეულის უფროსად ავსტრიაში. დააჯილდოვეს საპატიო ლეგიონის ორდენით. 1954 წელს მაიორმა ალექსანდრე ჯინჭარაძემ დაასრულა სამხედრო კარიერა და სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. 1962 წლამდე იგი ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს მდივანი გახლდათ. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, თანამშრომლობდა ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან. იყო იუნკერთა კავშირის წარმომადგენელი აშშ-ში, აგრეთვე უცხოური ლეგიონის ამხანაგობის ხელმძღვანელი. გარდაიცვალა 1970 წელს, ნიუ-იორკში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!” – საქართველოს ეროვნული გმირის პასუხი სეპარატისტებს

– „დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“
– „არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ – ეს არის საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას ცნობილი სიტყვები, რომელიც სეპარატისტებს უთხრა.
გურამ გაბესკირია 1947 წელს სოხუმში დაიბადა. სახელი სპორტით გაითქვა. წლების განმავლობაში დაკავებული იყო პროფესიული ფეხბურთით. 1972 წლიდან რესპუბლიკური დონის, მოგვიანებით კი საერთაშორისო დონის მსაჯიც გახლდათ. 1990 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. 1992 წელს სოხუმის მერი გახდა. 1993 წელს გაწევრიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოში.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, გურამ გაბესკირიამ უარი თქვა ქალაქის დატოვებაზე, რომელიც ალყაში იყო მოქცეული. რის შემდეგაც ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი სეპარატისტებმა დახვრიტეს, მათ შორის, გაბესკირიაც.
2017 წელს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გურამ გაბესკირია დააჯილდოვა საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი – საქართველოს ეროვნული გმირის წოდებითა და ორდენით. ამავე წელს მოხერხდა მისი ნეშტის იდენტიფიცირება და სამხედრო პატივით დაკრძალეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 10 11 12 13 14 33
Page 12 of 33