close

ისტორია

ისტორია

რუზველტისთვის გაგზავნილი წერილი – ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას

საქართველო გასაბჭოების მე-15 წლისთავს ითვლიდა. მთიელები საბჭოთა რეჟიმს ვერ ეგუ­ებოდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ხევ­სურები გამოირჩეოდნენ.  1922 წელს ხევსურეთში აჯანყებამ იფეთქა, რომელსაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა. ბოლშევიკების  შეიარაღებულ რაზმებთან შეტაკებები ორწყალთან და ლიქოკის ხეობაში გაიმართა. ბოლშევიკებმა აჯანყება სისხლში­ ჩაახშვეს­ და რამდენიმე სოფელი მთლიანად გადაწვეს.

1936 წლის 13 იანვარს, სოფელ ბარისახოში უცხო ადამიანი გამოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცი სოფელს  რობერტ მაკგრეგორად გაეცნო, რომელიც ხევსურთა ყოფა-ცხოვრებისა და ადათ-წესების შესწავლას აპირებდა.

მაკგრეგ­ორმა მასპინძლებს კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა – ამერიკის მთავრობა თქვენს მხარეს არის და მალე იარაღით მოგამარაგებთო.

მთაში ყოფნისას ჟურნალისტს თარჯიმ­ნობას ერთი ხევსური, ღერენა ლიქ­ოკელი უწევდა.

ღერენა 1922 წლის აჯანყების აქტიური­ წევრი და ქაქუცა­ ჩოლოყაშვილის მეგობარი იყო.

მაკგრეგ­ორმა ხევსურებს ამერიკის ხელისუფლების­ სახელზე წერილის გაგზავნა შესთავაზა. მაკგრეგორი სტუმრებს შეჰპირდა, რომ უახლოეს ხანში მას ამერიკის შეერთებული­ შტატების პირველ პირებს გადასცემდა.

ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას

“ამირიკის დიდს მთავრობას
ხევსურეთის წარმომადგენლობის
თხოვა

ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან ხშირად გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ. მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრილეის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველ აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში ოართ ჩვენ
მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები”
გიგა ლიქოკელი
ვ. გორგილაშვილი
23/VI – 36წ.

ამერიკის ხელისუფლებისადმი შედგენილი მიმართვა ათწლეულების მანძილზე საბ­ჭოთა უშიშროების არქივში ინახებოდა. შემდეგ ოკუპაციის მუზეუმს გადაეცა. 2006 წელს ამ დოკუმენტის ასლი აშშ-ის პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშს გადასცეს. ხევსურთა წერილი ადრესატამდე 70 წლის დაგვიანებით მივიდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურარელიგია და მეცნიერება

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი არმია რომის პაპის სამსახურშია

,,ვატიკანის შვეიცარიული გვარდიის” შექმნა უკავშირდება რომის პაპის იულიუს II-ის სახელს. 1506 წელს იულიუს II-მ პირველი ფიცი ჩაიბარა 150 შვეიცარიელი გვარდიელისგან და სწორედ ეს თარიღი ითვლება გვარდიის დაარსების თარიღად.

შვეიცარიულ გვარდიას ევალება ვატიკანისა და პაპის დაცვა. რომის პაპის სიცოცხლე ყოვველთვის საფრთხეში იყო, სწორედ ამან გამოიწვია შვეიცარიული გვარდიის დაარსება. ვატიკანის შვეიცრიელმა გვარდელებმა იხსნეს რომის პაპი კლიმენტი VII სიკვდილს, როდესაც 1527 წლის 6 მაისს რომის იმპერატორმა კარლ V-მ აიღო და გაძარცვა რომი. დღეს კი შვეიცარიელი გვრდიელები ფიცს 6 მაისს დებენ და ეს დღე ვატიანში ,,შვეიცარელ გვარდიელთა დღედ” არის მოხსენიებული.

არსებობს მოთხოვნები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდებას ოფიციალური კვალიფიკაციის მისაღებად. დაცვის წევრები სპეციალურ წვრთნას გადიან. გვარდიელი უნდა იყოს აუცილებლად კათოლიკე, შვეიცარიის მოქალაქე, უნდა ჰქონდეთ გავლილი სპეციალური სამხედრო მომზადება შვეიცარიაში. უნდა ფლობდნენ პროფესიულ ან საშუალო სკოლის დიპლომს. მამაკაცი არ უნდა იყოს დაოჯახებული, 19-დან 30 წლამდე ასაკის, მინიმუმ 174 სანტიმეტრი სიმაღლეში. ჰალბერდიერის კონტრაქტის დაწყებისთანავე ისინი ვალდებულნი არიან დაესწრონ იტალიური ენის გაკვეთილებს.

გვარდიელის ოფიციალური სამოსი ლურჯი, წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ფერისაა და როგორც ჩანს, რენესანსის ხანისაა. ერთი გვარდიელის ფორმის შეკერვას 32 საათი სჭირდება და იწონის 3.6 კილოგრამს და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული ფორმაა, რომელსაც მუდმივი ჯარი იყენებს დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ფორმის დამზადებას ამდენი დრო სჭირდება, სამახურის დასრულების შემდეგ პირადი ფორმები ნადგურდება.

წყრო: VATICAN.COM

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკატეგორიის გარეშესაქართველო

სამჯერ დასაფლავებული უკვდავი ქართველი პოეტი!

21 ოქტომბერი ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების დღეა. 1845 წლის 21 ოქტომბერს ელიზავეტპოლში (განჯაში), „ავი მალარიით“ თუ „ხურვებად“ მონათლული ფილტვების ანთებით, გარდაიცვალა 28 წლის გენიოსი, რომლის დაუტირებელი სხეული მესამე დღეს, იქვე დაასაფლავეს ციხის ეკლესიის გალავანში. გავა დრო და ნიკოლოზ ბართაშვილის ძვირფას ნეშტს ჯერ დიდუბის, შემდეგ კი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენ;

გავა დრო და მასზე იტყვიან: „არც ერთი ქართველი პოეტი, რუსთაველის შემდეგ, არ ამაღლებულა ბარათაშვილის ლირიკამდე!“

ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე, განჯაში იმყოფებოდა ბარონი ნიკოლაი (ალ. ჭავჭავაძის სიძე), რომელსაც დღიურში ჩაუწერია, ჩამოვხტი თავად მამუკა ორბელიანის სახლში, საშინელ ქოხშიო.

მამუკა ორბელიანი მაზრის უფროსი იყო, ნიკოლოზ ბარათაშვილი კი – მისი თანაშემწე. მნიშვნელობა არ აქვს, ერთად ცხოვრობდნენ თუ ცალ-ცალკე, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა საცოდაობა იქნებოდა ადგილი, სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილმა დალია სული.

„გულს ცეცხლი მეკიდება, ვგიჟდები და აღარა მესმის რა; ჩვენი სიცოცხლე ტატო გარდაიცვალა განჯას და იფიქრე ჩვენი ცხოვრებაც“, – ასე შეატყობინა საყვარელი დისშვილის გარდაცვალება ილია ორბელიანმა თავის უფროს ძმას, გრიგოლს. კიდევ უფრო მწარე და გულისმომკვლელი იყო დედის, ეფემია ორბელიანის გოდება: „მე უბედური უბედურად ქმნილი მოვაკლდი ჩემს სიხარულს შვილს და რა შვილს, რომლისგანაც მოველოდი ყოველ სიხარულს. ვუი და ვაი ჩემს მოსწრებას, ჩემს თვალების დაბნელებას.“

ნიკოლოზ ბარათაშვილის გვამი, პოლიციის მოხელის „მუნდირში“ გახვეული, დაკრძალეს ციხის პაწია ეკლესიის გალავანში, მაღლობზე. მიცვალებულს წესი აუგო მღვდელმა, სტეფანე ვერდერევსკიმ, რომელიც, თურმე, პოეტის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს დასწრებია. ახალგაზრდა უფროსისა და თანამოსამსახურის წინაშე უკანასკნელი ჩინოვნიკური ვალი მოიხადეს ელიზავეტპოლის (განჯის) მოხელეებმა, რომლებიც „სამსახურეობრივი მოვალეობისამებ“ გამოცხადნენ მის დასაფლავებაზე. როგორც მიხეილ თუმანიშვილი, მ. ხელთუბნელის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ნაშრომში, „უკანასკნელი წელი ნიკ. ბარათაშვილის ცხოვრებისა“ წერს, „ერთ-ერთმა ამ უსახელო ადამიანთა შორის, ვინმე ბ. პონაროვსკიმ – წვრილფეხა მოხელემ თუ ეკლესიის მსახურმა – უჩვენა შემდგომ პოეტის მახლობლებს ბარათაშვილის თითქმის დაკარგული საფლავი“.

გამწარებული ეფემია 1849 წელს გარდაიცვლება, თუმცა მოასწრებს განჯაში ჩასვლას და შვილის საფლავის მონახულებას.

„აქ მას გადასცეს შვილის შემდეგ დარჩენილი რაღაც საცოდაობის ქონება, რომელიც ისე იყო დამპალი, რომ სახმარლად არ ვარგოდა და მან აქვე დაურიგა იმ პირთ, ვინც განსასვენებელს ემსახურებოდა“, – წერს მიხეილ თუმანიშვილი.

განჯაში მომხდარმა უბედურებამ ნამდვილი სულიერი ბორგვა გამოიწვია ტფილისში – პოეტის მრავალრიცხოვან ნათესავებსა და მეგობრებში, თუმცა ისე მოხდება, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი მთელი 48 წლის განმავლობაში დარჩება უცხო მიწაში;

გვიან დაფასდება მისი ლიტერატურული მემკვიდრეობაც – ცალკე წიგნად ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები პირველად 1876 წელს ანუ პოეტის გარდაცვალებიდან 31 წლის შემდეგ დაიბეჭდება.

სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაისმება პირველად პოეტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების საკითხი (გაზეთი „დროება“) და აღიძვრება შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, მაგრამ თხოვნა შეუსმენელი დარჩება. …გავა დრო და 1891 წელს გაზეთი “ნოვოე ობოზრენიე” დაბეჭდავს წერილს, რომლის მიხედვითაც ელიზავეტპოლის ადმინისტრაციას მიზნად აქვს დასახული ეკლესიის გალავანში, სადაც პოეტია დასაფლავებული, გაიყვანოს გზა. ცნობას მყისიერად ეხმაურება გაზეთი „ივერია“, რომლის რედაქცია აფუძნებს ბარათაშვილის ნეშტის თბილისში გადმოსვენების ფონდს, სადაც შემოწირულობები საქართველოს ყველა კუთხიდან ირიცხება. საქმეში ერთვება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებული საზოგადოება, რომლის 1892 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებულ სხდომის ოქმში ვკითხულობთ:

„საგანი განხილვისა: მოხსენება საზოგადოების თავმჯდომარის ილია ჭავჭავაძისა პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის გვამის გადმოსვენების შესახებ.

განჩინება: ეთხოვოს თავად გ. ორბელიანს, როგორც მახლობელ ნათესავს, ნებართვა მიიღოს გადმოსვენებისა. დაინიშნოს თანაშემწედ: თ. (ნ.) ორბელიანისა, ი. ჭყონია და დ. კარიჭაშვილი“.

პოეტის ნათესავებს მთელი თვეები მოუწიათ ცდა, ვიდრე მთავრობისგან ნეშტის ჩამოსვენების ნებართვას მიიღებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ნებართვა გაიცა. 1893 წლის 23 აპრილს განჯაში გაითხარა პოეტის საფლავი… აი, როგორც აღწერ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის ტფილისში ჩამოსვენებას 1893 წლის 27 აპრილს გამოსული „ივერია“ (1893 წ. N86):

„კვირა დილას, 25 აპრილს, დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი ტფილისის რკინის-გზის ვაგზალზე… ვაგზლის არემარესა და თვით მისასვლელ მიედანზე ჭედვა იყო, იმოდენა საზოგადოებას მოეკრიბა თავი …09.30 საათზე მოვიდა მატარებელი და ვაგონიდან გადმოასვენეს კუბო ძვირფასი ნეშტით… აქ ვაგზალთან ამოდენა ხალხმა მუხლი მოიდრიკა და პატივი სცა დიდებულს მგოსნის ცხედარს. შემდეგ ეს აუარებელი ზღვა ხალხი დაიძრა და გაემართა ლიტანიით დიდუბისაკენ. ამფიონი შემკული იყო ძვირფასი სხვადასხვაგვარის გვირგვინებით, და კუბო ხელში ეჭირათ ხან ქალებს, ხან ახალგაზრდობას, ხან ნათესავებს, და ისე მიასვენებდნენ… როცა ლიტანია მიუხალოვდა დიდუბეს, ხალხმა კვლავ მოიდრიკა მუხლი… საფლავზე სიტყვები და ლექსები წარმოთქვეს: აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძემ, ნინო ორბელიანისამ, სომეხთა ახალგაზრდა პოეტმა თუმანიანმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა და სხვებმა“.

1900 წელს გადაწყდა საფლავზე დასადგმელი ძეგლის – დეკორატიული ქანდაკების დადგმის საკითხი. 1905 წლის 10 ოქტომბერს, მიუხედავად წინა დღის კოკისპირული წვიმისა, დიდუბის ეკლესიის ეზოში თავი მოეყარა დიდძალ საზოგადოებრიობას. საზეიმოდ გაიხსნა მგოსნის ძეგლი, რომელიც თბილისში გამოაქანდაკეს იტალიელმა სკულპტორებმა ვილიმ და რიჩიმ. ძეგლი წარმოადგენს ალგეთის ქვის 3,195 მეტრი სიმაღლის ღარებიან სვეტს, რომელიც ეყრდნობა კიდეებჩამოთლილ კვარცხლბეკს და თავდება მარმარილოს ჩანგით. ძეგლის კვარცხლბეკზე ოთხივე მხრიდან მიმაგრებულია ნაცრისფერი მარმარილოს ფილები, რომლებზედაც ამოკვეთილია პოეტის ლექსები.

ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ძეგლი
ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ძეგლი

35 წელი განისვენებდა დიდი პოეტის ნეშტი დიდუბის მიწაში, ვიდრე 1938 წლის 15 ოქტომბერს, ქართველმა მწერლებმა მთაწმინდაზე არ გადაასვენეს. საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში ინახება გადაწყვეტილების ამსახავი დოკუმენტი – „აქტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადასვენების შესახებ დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის მწერალთა პანთეონში“. აქტში ვიკითხულობთ:

„1938 წლის 15 ოქტომბერს, დილის 8 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმომტანი კომისიის წევრების ა. მაშაშვილის, შ. დადიანის, გ. ლეონიძის, ი. მოსაშვილის და პროფესორ ვლადიმერ ჟღენტის თანდასწრებით დიდუბის პანთეონში გათხრილ იქნა პოეტის, ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილის საფლავი. საფლავიდან ნეშტის ამოღებას დაესწრო მწერალთა აქტივი.

საფლავში აღმოჩნდა ცინკის კუბო დახურული, კარგად შენახული. კაკლის ხის კუბო დაშლილია. ცინკის კუბო არის სიგრძით 97 სმ, სიმაღლით 25 სმ, სიგანით – 56 სმ.

08.30 საათზე ნ. ბარათაშვილის ნეშტი გადასვენებული იქნა მთაწმინდის მწერალთა პანთეონში. პროფ. ჟღენტმა მოახდინა ნეშტის მეცნიერული დათვალიერება და ჩონჩხის აღდგენა-გაზომვა. ასისტენტობდა დოც. ა. ჯორბენააძე.

მეცნიერული ექსპერტიზის დასკვნა ასეთია: ნ. ბარათაშვილის ნეშტის ჩონჩხი ძირითადად კარგად არის შენახული. ჩონჩხის აღდგენის სურათი ადასტურებს, რომ პოეტი საშუალო ტანის და ძვალმსხვილი კაცი ყოფილა. მარცხენა ქვედა კიდურის წვივკოჭის მიდამოში ძვლებს ეტყობა ოდნავი დაკოჟრება. თავის ქალა და პირისახის ჩონჩხი კარგად შენახულია. თავის ქალა საშუალო ზმოისაა.

12.45 საათზე ნ. ბარათაშვილის ნეშტი ჩასვენებულ იქნა ახალ აკლდამაში.

კომისიის თავმჯდომარე ა. მაშაშავილი. კომისიის წევრები: შ. დადიანი, გ. ლეონიძე, ი. მოსაშვილი, ვლ. ჟღენტი. მდივანი: გ. აბზიანიძე”

დიახ, მთაწმინდაზე გაიჭრა ნიკოლოზ ბარათაშვილის მესამე და უკანასკნელი საფლავი, მთაწმინდაზე, რომლის მომნუსხველმა იდუმალებამ ერთით მეტი შედევრი შეაქმნევინა პოეტს:

ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ძეგლზეც, რომელიც საფლავზე დგას, ამოკვეთილია ფრაგმენტები პოეტის ნაწარმოებებიდან. სამხრეთის მხრიდან – ნაწყვეტი პოემიდან „ბედი ქართლისა“, დასავლეთიდან – ნაწყვეტი ლექსიდან „ფიქრნი მტკვრის პირას“, სხვა მხრიდან კი ნაწყვეტები „მერანიდან“.

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!

ასეთი იყო პოეტის მიერ განჭვრეტილი მომავალი, გარდაუვალი ბედისწერა, რომლის შეცვლა თვითონ ვერ შეძლო, მაგრამ შეძლო მისმა შემოქმედებამ, მისმა დიდებულმა პოეზიამ, რომლის წყალობითაც აწ უკვე დამარხულია თავის მამუმლში, თავის დიდებულ წინაპართა საფლავებს შორის და, ტირილითაც, მის საფლავს სულმუდამ დასტირიან საქართველოს საუკეთესო შვილები…

ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი
ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი

წყარო : radiotavisupleba.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

ბრიტანეთში უძველესი რომაული ჯვარცმის ფიზიკური მტკიცებულება აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კაცის ჩონჩხი, რომელსაც ქუსლში ლურსმანი ჰქონდა. მათი თქმით, ეს არის ევროპის ტერიტორიაზე რომაელთა ჯვარცმის პირველი მტკიცებულება, რომელიც დაახლოებით 1 900 წლის წინანდელია.
ჩონჩხი აღმოაჩინეს ვია დევანას მახლობლად, რომელიც რომაულ დასახლებად ითვლება კემბრიჯში. ჩონჩხის ირგვლივ კი 12 ლურსმანი იპოვეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის ჯვარცმისას ძალით მიამაგრეს ხის კონსტრუქციას. არქეოლოგების განცხადებით, ეს ჯვარცმის უტყუარი მტკიცებულება არ არის, მაგრამ ეს მისი ერთადერთი სარწმუნო ახსნაა, რაც მას არქეოლოგიურ მტკიცებულებებში ჯვარცმის მეოთხე მაგალითად აქცევს.
აქამდე არქეოლოგებმა 1968 წელს ჩრდილოეთ იერუსალიმში აღმოაჩინეს ჯვარცმის ლურსმანი, ასევე იტალიასა და ეგვიპტეში ორი ჩონჩხი ქუსლებზე საეჭვო ნახვრეტებით, მაგრამ ლურსმნის პირდაპირი მტკიცებულება არ იყო.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

თბილისის ფუნიკულიორის ისტორია

უცხოელმა ინჟინერმა ალფონს რობიმ ქართველებთან ერთად თბილისის ფუნიკულიორზე მუშაობა 1903 წელს დაიწყო.
1900 წელს ქალაქის თვითმმართველობამ და ბელგიის ანონიმურმა საზოგადოებამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა პირობით, რომ ფუნიკულიორს ექსპლუატაციას 45 წლის განმავლობაში ისინი გაუწევდნენ, შემდეგ კი ქალაქს გადაეცემოდა უსასყიდლოდ.
სინამდვილეში, პროექტისთვის ადგილი შეირჩა გარკვეული მიზეზით, იმ დროისათვის აპირებდნენ ,,ზედა თბილისის” გაშენებას მთაწმინდის პლატოზე, პრობლემა კი „ქვედა თბილისთან“ სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო. ფუნიკულიორის გაყვანისა და მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, რუსეთის იმპერიაში და თბილისში რევოლუცია დაიწყო, რის გამოც პროექტი შეჩერდა და ქალაქს მხოლოდ ფუნიკულიორი დარჩა. მშენებლობა დასრულდა 1905 წელს და ჩართულები იყვნენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი სპეციალისტები.
ფუნიკულიორის საექსპლუატაციოდ გადაცემას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა. ასევე პირველი მგზავრების წასახალისებლად ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ სოლიდური თანხა გადმორიცხა მათთვის, ვინც პირველად იმგზავრებდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიარელიგია და მეცნიერებასაქართველო

ვინ იყო პირველი ქართველი ქრისტიანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ?

საქართველოში (კოლხეთი/ლაზიკა, ქართლი/იბერია) ქრისტიანობის პირველ ქადაგებას ანდრია
პირველწოდებულს უკავშირებენ, შემდეგ IV საუკუნეში წმინდა ნინოს შემოსვლას ქვეყანაში.
აღნიშნულს მოჰყვა მირიან მეფის გაქრისტიანება და ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადება. IV საუკუნიდანვე საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს
ქრისტიანობასთან დაკავშირებული არქიტექტურული ძეგლები და არტეფაქტები.
მაგრამ რა ვიცით უფრო ადრეულ ქართველ ქრისტიანებზე, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ
ცხოვრობდნენ? ცენტრალურ საბერძნეთში, პლატეასთან აღმოჩენილ ბრინჯაოს ფილაზე მამაკაცის 40
სახელი წერია, მათ შორის ორი პიროვნების სახელს ეთნიკური ინდიკატორი ახლავს თან, გაიოს
იბერი და ათენოდოროს არმენიელი. ფილაზე ყველა სახელი ქრისტიანობას უკავშირდება, საიდანაც
შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაიოს იბერი შესაძლოა იყოს პირველი ქართველი ქრისტიანი ქვეყნის
ფარგლებს გარეთ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

“მე ქართველი ვარ და ვგრძნობ რომ სახლში ვარ” – ამბავი მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგულ ქართველზე

1942 წელს სოფელი ილემიდან, თაბუკაშვილების ოჯახიდან ერთ-ერთი ვაჟი, 19 წლის სევერიანი მეორე მსოფლიო ომში წასულა. ომის დასრულების შემდეგ სოფელში ცნობა მოვიდა, რომ სევერიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ომის მეგობარს, რომელიც ომს გადარჩენილა, ოჯახისთვის უცნობებია, რომ სევერიანი მისი ხელით მიაბარა მიწას.
თუმცა, ისტორია აქ არ დასრულებულა. არავინ იცოდა, რომ ამ ისტორიის მიღმა თავის გადარჩენისთვის ხანგრძლივი ბრძოლა იყო და იმედი იმისა, რომ ერთ დღეს სამშობლოში დაბრუნებას შეძლებდა.
სევერიან თაბუკაშვილი პარაშუტისტი იყო. სამხედრო ოპერაციაზე იგი უკრაინაში გაგზავნეს. წითელი არმია ცდილობდა მდინარე დნეპრზე გადასვლას. გერმანელებმა მალევე შენიშნეს, რომ პარაშუტით დესანტი ეშვებოდა. მიწას ცოტამ მიაღწია, თუმცა, ტყვედ ჩავარდნენ, რასაც საკონცენტრაციო ბანაკი მოჰყვა. ოცამდე ოპერაცია, მძიმედ დაჭრა და დუმილი წარმომავლობის შესახებ. სიცოცხლე ამან შეუნარჩუნა და როდესაც ომი დამთავრდა, ბანაკი როგორც თავისუფალმა კაცმა ისე დატოვა. დასახლდა ვისბადენში, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე და რომელთან ერთადაც 70 წელი გაატარა. მათ სამი შვილი შეეძინათ, რომელთაც წარმომავლობის შესახებ არაფერი იცოდნენ. მამა იქამდე არაფერს ლაპარაკობდა, მიხომ მხოლოდ 30 წლის ასაკში გაიგო, რომ ქართული ფესვები ჰქონდა. მამა ჰყვებოდა როგორი იყო ცხოვრება საქართველოში, აღწერდა სოფელ ილემს, როგორ იწურებოდა ღვინო ყველა ოჯახში, ამ ისტორიის მოყოლას წლები დასჭირდა.
როდესაც გაიგეს, რომ ქართული ფესვები ჰქონდათ, 1986 წელი იყო, ისევ საბჭოთა კავშირი. გრძელი გზა გაიარეს, სოფელი ილემი იპოვეს და თანასოფლელებს ამცნეს, რომ სევერიანი ცოცხალი იყო. მოძებნეს წინაპრები, თაბუკაშვილები და საბოლოოდ სევერიანის ძმას მიაკვლიეს. მიხომ უთხრა ფრონტიდან მამას მიერ გამოგზავნილი ფოტოს შესახებ, რომელზეც ეწერა -” დავბრუნდები სამშობლოში მაშინ, როდესაც სტალინი წავა”. მიუხედავად იმისა, რომ სევერიანმა ვეღარ შეძლო სამშობლოში ჩამოსვლა, უფროსმა დამ მოინახულა იგი გერმანიაში. მას ესმოდა დის ქართულად საუბარი, თუმცა, ვერაფერს პასუხობდა, მხოლოდ ტიროდა. 40 წელი არ ჰქონდა ქართული სიტყვა ნათქვამი. შეხვედრიდან 2 კვირა სევერიანს არ ეძინა, თითქოს მეხსიერებაში ღრმად დალექილ ენას იხსენებდა. 2 კვირის შემდეგ კი გამართული ქართულით ალაპარაკდა, მას შემდეგ აღარც გაჩერებულა.
სამწუხაროდ, სევერიანმა სამშობლოში დაბრუნების ოცნება ვერ აიხდინა, თუმცა, მიხომ გადაწყვიტა, რომ საქართველო მისი სახლია და დაბრუნდა კიდეც. “მე ქართველი ვარ და ვგრძნობ რომ სახლში ვარ”, – ამბობს მიხო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

ნიკო ნიკოლაძე – ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო

ნიკო ნიკოლაძე გახლავთ ადამიანი, რომლის ტვინი, სხვა ქართველი გენიოსების ტვინთან ერთად, მუზეუმში ინახება. ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე დაიბადა 1843 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში. რადგანაც ქვეყანაში უნივერსიტეტი ჯერ კიდევ არ არსებობდა, ნიკომ გადაწყვიტა ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა პეტერბურგში, სამართლის მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაეგრძელებინა, მოგვიანებით კი პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში. სწავლა ამით არ დაუსრულებია და განათლება ჟენევისა და ციურიხის უნივერსიტეტებშიც მიიღო.
ნიკო კარგად ფლობდა ფრანგულს, რუსულს, ინგლისურს, იტალიურსა და გერმანულს. საქართველოში კი 1969 წელს დაბრუნდა. მიხვდა, რომ პირველ რიგში, განათლების რეფორმების გატარება იყო საჭირო. მისეულ განათლების რეფორმაში ნიკომ ქალებიც მოიაზრა. 1972 წელს ორი და, ორი დეიდაშვილი და ოლღა გურამიშვილი, რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა, ბიჭურად ჩაცმულები გემით შვეიცარიაში სასწავლებლად გააპარა. გასაკვირი არაა, რომ ნიკოს ქმედებას თავადაზნაურობის მხრიდან უარყოფითი რეაქციები მოჰყვა, რადგან იმ პერიოდში მიუღებელი იყო ქალს სწავლა საზღვარგარეთ, უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა.
ნიკო სრულად იაზრებდა პრესის როლს საზოგადოების განვითარების საქმეში. სხვებთან ერთად გამოსცემდა გაზეთ „დროებას“, ხოლო 1871 წლიდან სათავეში ჩაუდგა ჟურნალ „კრებულს“. 1878 წელს ჟურნალი “ობზორი” დააარსა, სადაც კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა მაშინდელ ქალაქის ხელმძღვანელობას. ცენზურასთან დამარცხების გამო, იგი სტავროპოლში გადაასახლეს და 5 წელიც მიუსაჯეს. უქმად არც სტავროპოლში ყოფილა, ბაქოდან ბათუმამდე ნავთობის ტრანსპორტირების საქმეზეც იმუშავა. მისი დიდი მცდელობით, ნავთობის ბაქოდან ბათუმამდე ტრანსპორტირება არა მილებით, არამედ სარკინიგზო გზის საშუალებით განხორციელდა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც მთავარი პრიორიტეტი ისევ ქვეყნის განვითარება იყო. ქალაქის საბჭოში ყოფნის პერიოდში, თბილისში წყალმომარაგების სისტემა მთლიანად შეცვალა. 1883 წლამდე ქალაქში არ არსებობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იყო მხოლოდ ფაეტონები და ომნიბუსები. ნიკოლაძის ახალი პროექტით, თბილისში გაჩნდა ცხენის ტრამვაი, ეგრეთწოდებულმა “კონკამ” კი 1910 წლამდე იარსება. დედაქალაქში კანალიზაციის გამართული სისტემა მოეწყო, რომელიც დააფინანსა საკრებულომ და ფრანგმა ინჟინერმა განახორციელა. მისი ინიციატივით აშენდა ვერის ხიდი, დღევანდელი გალაკტიონის ხიდი და თბილისის ორი ნაწილი ერთმანეთს დაუკავშირდა. 1885 წელს, როდესაც ფოთის მერის არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს, მან სანაპირო ზოლს ბეტონის ჯებირები შემოავლო და ქალაქი წყალდიდობებისგან იხსნა. მანვე აღადგინა პორტი, რომლითაც საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაუკავშირდა და ეს ეკონომიკასაც საგრძნობლად დაეტყო. მისი მერობის წლებშივე აშენდა ელექტროსადგური, რომელიც პორტსა და ქალაქს ელექტროენერგიით ამარაგებდა. გახსნა ქალებისა და ვაჟების გიმნაზია. ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი, რომელსაც 1918 წლის 26 მაისს მოაწერა ხელი და საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.
ნიკო ნიკოლაძე გარდაიცვალა 1928 წელს, 85 წლის ასაკში. სპეციალური განკარგულებით გადაწყდა, რომ მისი ტვინი სამედიცინო უნივერსიტეტის მუზეუმში შეენახათ. იგი უდავოდ მნიშვნელოვანი პერსონა იყო საქართველოს ისტორიაში, რომლის ნოვატორულ, საუკუნის წინ განხორციელებულ პროექტებს დღესაც დიდი სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ემიგრანტიისტორია

გიორგი ყაუხჩიშვილი-ცნობილი ემიგრანტი ექიმი, ნევროჯერიატრიის სკოლის ერთ–ერთ დამაარსებელი

გიორგი ყაუხჩიშვილი დაიბადა ბერლინში 1923 წლის 19 ოქტომბერს. ბერლინის კანტის სახელობის ლიცეუმში განათლების მიღების შემდეგ სწავლა გააგრძელა მილანის უნივერსიტეტში, სადაც 1947 წელს ზოგადი მედიცინისა და ქირურგის დიპლომის მიღებისთანავე მილანის ზოგადი მედიცინის ინსტიტუტში გაიარა ინტერნატურა და 1949 წელს პათოლოგიური მედიცინის ინსტიტუტში დაოსტატდა. 1956 წელს მილანის სამედიცინო დეპარტამენტთან არსებული მოხუცთა სახლის დირექტორად დაინიშნა, სწორედ ამ პერიოდიდან შეუდგა იგი ასაკოვანთა ნევროფსიქიატრიისა და ჯერიატრიის საკითხების კვლევას.
1959–1965 წლებში გიორგი ყაუხჩიშვილი პავიის უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარია. მან ჩაუყარა საფუძველი ქალაქ პავიის საავადმყოფოში შაკიკის კვლევის მიმართულებებს და იქ ანალოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ღვაწლმოსილი მეცნიერის ხსოვნის უკვდავსაყოფად მადლიერმა კოლეგებმა და სტუდენტებმა 1992 წელს შექმნეს გ. ყაუხჩიშვილის სახელობის ადაპტაციის დარღვევებისა და თავის ტკივილის საუნივერსიტეტო ცენტრი (University Centre for Adaptive Disorders and Headache), რომელიც იტალიისა და ევროპის 11 უნივერსიტეტს აერთიანებს. მათვე „იტალიის მონდინის სახელობის ნევროლოგიის კვლევითი ცენტრის“ ინიციატივით დააარსეს გ. ყაუხჩიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა. ეს პრემია უკვე 9–ჯერ გაიცა და სხვადასხვა დროს ნევროლოგიის სფეროში მოღვაწე იტალიელ, ქართველ, რუს, ბულგარელ და დანიელ მეცნიერებს მიენიჭათ.
იტალიაში დღესაც მოწიწებით იხსენიებენ გიორგი ყაუხჩიშვილის სახელს, როგორც ნევროჯერიატრიის სკოლის ერთ–ერთ დამაარსებელს, ბრწყინვალე მეცნიერსა და პედაგოგს, რამდენიმე ენის უბადლო მცოდნესა და ქარიზმატულ პიროვნებას.
2013 წლის 25 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმს გადაეცა მიხეილ ყაუხჩიშვილის არქივის ნაწილი, რომელიც საქართველოში ჩამოიტანა ემიგრანტის შვილიშვილმა ელენე ყაუხჩიშვილმა და რძალმა ფრანჩესკა მელცი-ყაუხჩიშვილმა. არქივის მეორე ნაწილი დაცულია საქართველოს პერლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურამედიცინასაქართველო

თამაზ კერესელიძე – კაცი რომელმაც დაამარცხა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი, ყვავილის ინფექცია

დღეს როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე ბუნებრივია ის ექიმები დგანან, რომელთა სპეციალიზაცია ინფექციური პათოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლაა.

და თუ ვინმეს მიუძღვის წვლილი ამ სკოლის შექმნაში, ერთ-ერთი გახლავთ ბ-ნი თამაზ კერესელიძე, რომლის აღზრდილებიც დღეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში პროფესიონალური და სამოქალაქო გმირობის მაგალითს აჩვენებენ საქართველოს მოსახლეობას.

თამაზ კერესელიძე, კაცი რომელმაც დაამარცხა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი, ყვავილის ინფექცია და რომელიც წარდგენილი იყო ნობელის პრემიის ლაურატობის კანდიდატად

ბ-ნი თამაზი წყნარი, კითხვის მოყვარული, ცნობისმოყვარე, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი ყოფილა. განსაკუთრებით მუსიკა, მხატვრობა და ტექნიკური დისციპლინები ჰყვარებია. მისი აბსოლუტური სმენა და ბრწყინვალე მეხსიერება შეუმჩნეველი არ დარჩენია პროფესორ ასტახიშვილს და ნიჭიერი მოზარდი თავისთან, ვიოლინოს კლასში ჩურიცხავს.

რატომ არ გახდა თამაზ კერესელიძე მევიოლინე და როგორ ამოყო მან თავი მედიცინაში?

„– იმ დროს ვიოლინოთი მოსიარულე ვაჟს თანატოლები ხშირად დასცინოდნენ და თავმოყვარე თამაზმა, სამწუხაროდ, მუსიკაზე სიარულს თავი დაანება, მაგრამ მუსიკის სიყვარული სამუდამოდ გაჰყვა. ზეპირად იცოდა უამრავი ნაწარმოები, შეეძლო ერთხელ მოსმენილი ოპერის თავიდან ბოლომდე გამეორება… ომის მძიმე წლებში თამაზი და მისი თანაკურსელი, შემდგომ – ონკოცენტრის დირექტორი, ცნობილი რადიოლოგი რევაზ ვეფხვაძე, მუსიკის მოყვარულ მეგობრებთან ერთად იაფფასიანი ბილეთებით შედიოდნენ ოპერის თეატრში – თან მუსიკას უსმენდნენ და თან თბებოდნენ…

თამაზს ხატვის ნიჭიც ჰქონდა. პატარაობისას პატარ-პატარა მოთხრობებსაც წერდა, რომლებსაც თვითონვე ასურათებდა. მოგვიანებით, როცა წამოიზარდა, ყიდულობდა სახელმძღვანელოებს და დამოუკიდებლად ეუფლებოდა ფერწერის ტექნიკას. ხატვის სიყვარულიც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა და, მიუხედავად მოუცლელობისა, სიამოვნებით ხატავდა. ყველა ქვეყანაში, სადაც კი მოუწია მუშაობა, აკეთებდა ესკიზებს და შემდეგ, თავისუფალ დროს, ქმნიდა ფერწერულ ტილოებს, რომლებიც ახლაც ამშვენებს ჩვენი და ჩვენი შვილების სახლის კედლებს. ეს ნახატები ჩვენთვის თამაზის მიერ დატოვებული ძვირფასი რელიკვიაა, ხოლო პროფესიონალი მხატვრები მათ საკმაოდ სერიოზულ ნამუშევრებად მიიჩნევენ. – იხსენებს ბ-ნი თამაზის მეუღლე ქ-ნი ნინო კერესელიძე (ჟურნალ ავერსი N136)“

1943 წელს თამაზ კერესელიძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე-18 საშუალო სკოლა. გადაწყვეტილი ჰქონია, სწავლა გემთმშენებლობის ინსტიტუტში გაეგრძელებინა, მაგრამ დიდი სამამულო ომის გამო ეს ინსტიტუტები, რომლებიც მაშინ მხოლოდ ლენინგრადსა და ოდესაში იყო, შორეულ ციმბირში გადაიტანეს და ცხადია, მშობლებმა დედისერთა იქ სწავლის გასაგრძელებლად არ გაუშვეს. თამაზმაც მედიცინაზე შეაჩერა არჩევანი. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა 1948 წელს. მიზნად იმთავითვე მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის შესწავლა დაუსახავს…

იმავე წელს ჩაირიცხა სამედიცინო ინსტიტუტში და იმავე ჯგუფში მოხვდა ნინო თოდუა. ინსტიტუტის დამთავრებიდან მცირე ხნის შემდეგ შეუღლდნენ. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ თამაზ კერესელიძის წარმატება მშობლებთან ერთად ქალბატონი თინას (ასე ეძახდნენ ახლობლები) დიდი დამსახურებაც იყო, რომელიც საქმიანობისთვის ყოველგვარ პირობას უქმნიდა ქმარს, დაუღალავად ედგა მხარში და ცდილობდა, თავიდან აეცილებინა მისთვის ყოველდღიური საზრუნავი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე ორივე მუდამ ოჯახს აყენებდა, პროფესიული საქმიანობა არასოდეს შეუწყვეტიათ.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე თამაზ კერესელიძემ მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყო  მუშაობა. ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული მკვლევარი მალე დააწინაურეს და 1952 წელს ამავე ინსტიტუტში განყოფილების გამგედ დანიშნეს. პარალელურად სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტიც იყო. ამავე კათედრაზე განვლო შემოქმედებითად მდიდარი გზა კათედრის ასისტენტობიდან გამგეობამდე.

1958 წელს ახალგაზრდა მეცნიერმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ანტისხეულთა პროდუქციისა და რეპროდუქციის საკითხებისთვის”. 1960 წელს ის მიკრობიოლოგიის კათედრის დოცენტად აირჩიეს. ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა.

1964 წელს თამაზ კერესელიძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა – ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიწვიეს კონსულტანტად. ერთხანს ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ ბიუროში მუშაობდა, 1966-დან 1970 წლამდე კი შვეიცარიაში, ჟენევაში, ორგანიზაციის მთავარ ოფისში, ბაქტერიულ სნეულებათა განყოფილების უფროს სპეციალისტად.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ ბიუროში მუშაობისას ქართველმა მიკრობიოლოგმა ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ინდოეთში, ნეპალში, პაკისტანში, ბანგლადეშსა და ავღანეთში ისეთ საშიშ დაავადებებთან ბრძოლის პროგრამას, როგორებიც იყო შავი ჭირი, ქოლერა, ყვავილი…

ქალბატონი თინა იგონებს:

“– ხშირად უწევდა მივლინებით სახიფათო ადგილებში სიარული. მგზავრობის დროსაც არაერთხელ გადაურჩა ხიფათს. მახსოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ღონისძიება პაკისტანსა და ბანგლადეშში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ამ მიზნით გაგზავნილ ექიმთა ჯგუფში აკადემიკოს ვალენტინ პოკროვსკისთან ერთად თამაზიც იყო. თვითმფრინავი, რომლითაც ეს ჯგუფი მიფრინავდა, არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ გარემოში მოექცა და მხოლოდ მფრინავების დიდი ძალისხმევის წყალობით გადაურჩა კატასტროფას. კურიოზიც ბევრი გადახდენია. ერთ-ერთი მივლინების შემდეგ ინდოეთიდან მოსკოვში გამოიძახეს. მოსკოვში ძალიან ციოდა, მას კი მხოლოდ ინდოეთის კლიმატისთვის შესაფერისი სამოსი ჰქონდა თან. მეორე დღესვე გავფრინდი მოსკოვში და თბილი ტანსაცმელი წავუღე. მისი ოთახის კარი ვიღაც წვეროსანმა კაცმა გამიღო. მეგონა, ნომერი შემეშალა. თამაზი აღმოჩნდა. იმოდენა წვერი მოეშვა, ვერ ვიცანი. ამ ამბავზე ბევრი ვიცინეთ და სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ.”

1970 წელს თამაზ კერესელიძე საქართველოში, სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე დაბრუნდა და აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ჯანმოში მუშაობისას შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების შეჯამებას მიჰყო ხელი. ეს ცოდნა-გამოცდილება მის მონოგრაფიებსა და სადოქტორო დისერტაციაში აისახა. მონოგრაფია “ქოლერასთან ბრძოლის საერთაშორისო ასპექტები” 1971 წელს გამოიცა მოსკოვში. 1972 წელს ბატონმა თამაზმა მოსკოვშივე, საკავშირო სამედიცინო აკადემიის აკადემიკოს გამალეას სახელობის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. დისერტაციის თემა იყო “ელ-ტორის ქოლერის მიკრობიოლოგია და ეპიდემიოლოგია”.

1974 წელს თამაზ კერესელიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის გამგედ აირჩიეს, ხოლო 1976 წელს პროფესორის წოდება მიენიჭა.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი წვლილი ყვავილის დამარცხებაში. 1976 წელს ჯანმოს ინიციატივით ამოქმედდა ამ საშიში დაავადების ლიკვიდაციის გრანდიოზული პროგრამა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების: აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, სსრკ-ს – სპეციალისტები მონაწილეობდნენ. გაწეულ იქნა უდიდესი სამუშაო და 1980 წელს ჯანმომ ოფიციალურად გამოაცხადა მთელ მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაცია. მთელი სამუშაო ჯგუფი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

ინდოეთში ყვავილის აღმოფხვრისთვის თამაზ კერესელიძემ ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის საგანგებო ჯილდო მიიღო.

მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაციის პროგრამის წარმატებით დასრულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1980 წელს საგანგებო სესია მიუძღვნა. პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის თამაზ კერესელიძემ ორგანიზაციის გენერალური დირექტორისგან, ბატონი მალერისგან, მიიღო მადლიერებით აღსავსე ბარათი და ორდენი “ბიფურკაციის ნემსი”. ამ ორდენით მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე მეცნიერია დაჯილდოებული, ბატონი თამაზი კი პირველი ქართველი მედიკოსია, რომელსაც ეს დიდი ჯილდო ხვდა წილად.

1974-1984 წლებში თამაზ კერესელიძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხელმეორედ მიიწვია ბაქტერიული ინფექციების გლობალური პროგრამის ხელმძღვანელად. ამავე პერიოდში ის იყო ინგლისის ჰოსპიტალურ ინფექციათა საზოგადოებისა და აშშ-ს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის შესწავლის ურთიერთთანამშრომლობის ცენტრის ექსპერტი.

ქალბატონი თინა იგონებს:

„– 1984 წელს თამაზი საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა გააგრძელა სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის კათედრის გამგედ. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას. კითხულობდა ლექციებს, ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მეცნიერების აღზრდას, მართავდა სამეცნიერო კონფერენციებს. მისი ლექციები იმდენად საინტერესო იყო, რომ აუდიტორია სტუდენტებს ვერ იტევდა. იმ დროის მწირი ტექნიკური საშუალებების მიუხედავად, თამაზი ახერხებდა მასალის თვალსაჩინოდ წარმოდგენას. ამაში ეხმარებოდა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში მუშაობის დროს კინო და ფოტოფირებზე გადაღებული მასალა. მისი ყოფილი სტუდენტების თაობებს დღემდე ახსოვთ ეს ლექციები და პატივისცემა, რომელსაც თამაზის მიმართ გრძნობდნენ.“

თამაზ კერესელიძე წლების განმავლობაში იყო რესპუბლიკის მთავარი ეპიდემიოლოგი, საქართველოს მიკრობიოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და პარაზიტოლოგთა საზოგადოების თავჯდომარე, მიკრობიოლოგთა საკავშირო საპრობლემო კომისიის წევრი, სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი, ჟურნალ “საბჭოთა მედიცინის” სარედაქციო კოლეგიის წევრი. ამ ხნის განმავლობაში მან დაწერა რამდენიმე მონოგრაფია, ეპიდემიოლოგიის სახელმძღვანელო (ო. კავილაძესთან ერთად) და ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

1985 წელს თამაზ კერესელიძე ჯანმოს ექსპერტად აირჩიეს, ხოლო 1992 წელს საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა. ამავე წელს ბატონი თამაზი დაინიშნა საქართველოში ამ ორგანიზაციას კოორდინატორად და სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 1995 წელს ის სათავეში ჩაუდგა საქართველოში სამედიცინო ინფორმაციისა და სტატისტიკის სამსახურის აღდგენას, აღჭურვას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მის დაკავშირებას. უკვე 1996 წელს გახდა შესაძლებელი პირველი სტატისტიკური ცნობარის გამოცემა, რომელშიც აისახა საქართველოს სტატისტიკური მონაცემები ქვეყნისა და რეგიონის დონეზე.

პროფესორ თამაზ კერესელიძის სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა აღნიშნულია მრავალი ჯილდოთი, მედლით “ჯანდაცვის წარჩინებული”, საპატიო ნიშნის ორდენით, ღირსების ორდენით, სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით და სხვა. მისი ბიოგრაფია შეტანილია აშშ-ში გამოცემულ ცნობარში Who is who” (1986-1990 წ.წ.). მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.

თამაზ კერესელიძე გამორჩეული პიროვნება იყო. რაფინირებული ინტელიგენტი, პროფესიონალი, ერუდიტი, კაცთმოყვარე, ხალასი იუმორის პატრონი, თავისი ქვეყნის ჭეშმარიტად მოყვარული.

ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მარტო კოლეგებს, თანამშრომლებსა და მეგობრებს შორის, არამედ მსოფლიო სამეცნიერო წრეებშიც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12 33
Page 10 of 33