close
ისტორიასაქართველო

ნიკო ნიკოლაძე – ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო

ნიკო ნიკოლაძე გახლავთ ადამიანი, რომლის ტვინი, სხვა ქართველი გენიოსების ტვინთან ერთად, მუზეუმში ინახება. ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე დაიბადა 1843 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში. რადგანაც ქვეყანაში უნივერსიტეტი ჯერ კიდევ არ არსებობდა, ნიკომ გადაწყვიტა ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა პეტერბურგში, სამართლის მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაეგრძელებინა, მოგვიანებით კი პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში. სწავლა ამით არ დაუსრულებია და განათლება ჟენევისა და ციურიხის უნივერსიტეტებშიც მიიღო.
ნიკო კარგად ფლობდა ფრანგულს, რუსულს, ინგლისურს, იტალიურსა და გერმანულს. საქართველოში კი 1969 წელს დაბრუნდა. მიხვდა, რომ პირველ რიგში, განათლების რეფორმების გატარება იყო საჭირო. მისეულ განათლების რეფორმაში ნიკომ ქალებიც მოიაზრა. 1972 წელს ორი და, ორი დეიდაშვილი და ოლღა გურამიშვილი, რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა, ბიჭურად ჩაცმულები გემით შვეიცარიაში სასწავლებლად გააპარა. გასაკვირი არაა, რომ ნიკოს ქმედებას თავადაზნაურობის მხრიდან უარყოფითი რეაქციები მოჰყვა, რადგან იმ პერიოდში მიუღებელი იყო ქალს სწავლა საზღვარგარეთ, უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა.
ნიკო სრულად იაზრებდა პრესის როლს საზოგადოების განვითარების საქმეში. სხვებთან ერთად გამოსცემდა გაზეთ „დროებას“, ხოლო 1871 წლიდან სათავეში ჩაუდგა ჟურნალ „კრებულს“. 1878 წელს ჟურნალი “ობზორი” დააარსა, სადაც კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა მაშინდელ ქალაქის ხელმძღვანელობას. ცენზურასთან დამარცხების გამო, იგი სტავროპოლში გადაასახლეს და 5 წელიც მიუსაჯეს. უქმად არც სტავროპოლში ყოფილა, ბაქოდან ბათუმამდე ნავთობის ტრანსპორტირების საქმეზეც იმუშავა. მისი დიდი მცდელობით, ნავთობის ბაქოდან ბათუმამდე ტრანსპორტირება არა მილებით, არამედ სარკინიგზო გზის საშუალებით განხორციელდა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც მთავარი პრიორიტეტი ისევ ქვეყნის განვითარება იყო. ქალაქის საბჭოში ყოფნის პერიოდში, თბილისში წყალმომარაგების სისტემა მთლიანად შეცვალა. 1883 წლამდე ქალაქში არ არსებობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იყო მხოლოდ ფაეტონები და ომნიბუსები. ნიკოლაძის ახალი პროექტით, თბილისში გაჩნდა ცხენის ტრამვაი, ეგრეთწოდებულმა “კონკამ” კი 1910 წლამდე იარსება. დედაქალაქში კანალიზაციის გამართული სისტემა მოეწყო, რომელიც დააფინანსა საკრებულომ და ფრანგმა ინჟინერმა განახორციელა. მისი ინიციატივით აშენდა ვერის ხიდი, დღევანდელი გალაკტიონის ხიდი და თბილისის ორი ნაწილი ერთმანეთს დაუკავშირდა. 1885 წელს, როდესაც ფოთის მერის არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს, მან სანაპირო ზოლს ბეტონის ჯებირები შემოავლო და ქალაქი წყალდიდობებისგან იხსნა. მანვე აღადგინა პორტი, რომლითაც საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაუკავშირდა და ეს ეკონომიკასაც საგრძნობლად დაეტყო. მისი მერობის წლებშივე აშენდა ელექტროსადგური, რომელიც პორტსა და ქალაქს ელექტროენერგიით ამარაგებდა. გახსნა ქალებისა და ვაჟების გიმნაზია. ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი, რომელსაც 1918 წლის 26 მაისს მოაწერა ხელი და საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.
ნიკო ნიკოლაძე გარდაიცვალა 1928 წელს, 85 წლის ასაკში. სპეციალური განკარგულებით გადაწყდა, რომ მისი ტვინი სამედიცინო უნივერსიტეტის მუზეუმში შეენახათ. იგი უდავოდ მნიშვნელოვანი პერსონა იყო საქართველოს ისტორიაში, რომლის ნოვატორულ, საუკუნის წინ განხორციელებულ პროექტებს დღესაც დიდი სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response