ასტროფიზიკოსებმა, ისტორიაში პირველად, შავი ხვრელის ფოტო წარადიგინეს. პრესკონფერენცია ერთდროულად მიმდინარეობდა ვაშინგტონში, ბრიუსელში, სანტიაგოში, შანხაიში, ტაიბეისა და ტოკიოში.
ასტროფიზიკოსებმა, ისტორიაში პირველად, შავი ხვრელის ფოტო წარადიგინეს. პრესკონფერენცია ერთდროულად მიმდინარეობდა ვაშინგტონში, ბრიუსელში, სანტიაგოში, შანხაიში, ტაიბეისა და ტოკიოში.
პი, როგორც იცით, მათემატიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რიცხვია. მისი მნიშვნელობა წრეწირის სიგრძის მისივე დიამეტრთან შეფარდების ტოლია. ხშირად ამბობენ, რომ პი 3,14-ს უდრის, სინამდვილეში კი პი უსასრლო რიცხვია, რომელიც უსასრულო რაოდენობის ციფრებისგან შედგება.
ემა ჰარუკა ივაო გუგლის თანამშრომელია, რომელმაც პის მნიშვნელობა 31 ტრილიონ ციფრამდე გამოთვალა და ამ დრომდე არსებული 22-ტრილიონიანი რეკორდი მოხსნა.
პის გამოთვლა ძალიან რთულია, რადგან ის რაიმე კონკრეტულ კანონზომიერებას არ ექვემდებერება.
პი ინჟინერიაში, ფიზიკაში, კომპიუტერებსა და კოსმოსურ ხომალდებში გამოიყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია ტალღებთან, წრეებთან და ცილინდრებთან დაკავშირებული გამოთვლების ჩატარება.
ემა ჰარუკა ივაომ ციფრების გამოსათვლელად გუგლის ქლაუდ სისტემა გამოიყენა, რომელიც 170 ტერაბაიტ ინფორმაციას 121 დღის განმავლობაში ამუშავებდა.
“მე სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. აღნიშნული რეკორდის მოხსნა ძალიან რთული იყო. ვიცით, რომ პის დასასრული არ აქვს, მაგრამ მისი ციფრების გამოთვლას სიამოვნებით გავაგრძელებდი”, – აცხადებს ის.
31,4-ტრილიონიანი ციფრის მქონე რიცხვის წარმოსათქმელად 332 064 წელი იქნებოდა საჭირო.
NASA-ს გამოქვეყნებული აქვს სია, სადაც ჩამოთვლილია, თუ რაში იყენებს კოსმოსური სააგენტო რიცხვ პის, მაგალითად, ნასა მისი საშუალებით ითვლის მარსის ხომალდებისათვის საჭირო პარაშუტის ზომას. პის საშუალებით ხდება იმის გამოთვლაც, თუ რამდენი კვადრატული ფორმის სურათი იქნება საჭირო თანამგზავრიდან პლანეტის ზედაპირის სრულად გადასაღებად. პი გამოიყენება პლანეტების გარშემო არსებულ ორბიტებზე ხომალდების გასანთავსებლადაც.
“თანამედროვე მათემატიკა, ფიზიკა, ინჟინერია და ტექნოლოგია პის გარეშე ვერ იფუნქციონირებდა”, – აცხადებს მათემატიკოსი მეთ პარკერი.
2010 წელს ნიკოლას ზემ Yahoo-ს ქლაუდ კომპიუტერების გამოყენებით გამოითვალა, რომ პის მეკვადრილიონე ციფრი ნული იყო, აღნიშნულ გამოთვლას ჩვეულებრივ კომპიუტერზე 500 წელიწადი დასჭირდებოდა.
ალბერტ აინშტაინი ბევრისთვის ცნობილია, როგორც ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.
,,დოქტრინა” გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მის შესახებ, რომელთა ნაწილიც, საზოგადოებაში აქამდე არასწორადაც კი იყო გავრცელებული.
ალბერტ აინშტაინი უცნაური თავით დაიბადა – უკანა თავის არე იმდენად დიდი ჰქონდა, რომ ოჯახი შეშფოთებული იყო ამის გამო, თუმცა დაბადებიდან რამდენიმე კვირაში, თავის ფორმა უფრო ნორმალური გახდა.
საინტერესოა, რომ ის, რასაც ახლა წაიკითხავთ, ბევრ გენოისს სჭირდა – ამბობენ, რომ მან ვერ დაიწყო საუბარი 10 წლის ასაკამდე. ამის გამო სტენფორდის ეკონომისტმა – დოქტორმა თომას სოველმა, შემოიღო ტერმინი – ,,აინშტაინის სინდრომი”.
ხშირად ამბობენ, რომ ის იყო ცუდი სტუდენტი, როგორც აღმოჩნდა, ეს ტყუილია. იგი ცალსახად ცუდი სტუდენტი ვერც იქნებოდა, როდესაც იყო ბრწყინვალე მევიოლინე, იღებდა მაღალ ნიშნებს ლათინურ და ბერძნულ ენებში და 15 წლის ასაკში მან უკვე კარგად აითვისა აღრიცხვა.
ამბობენ, რომ აინშტაინი საკმაოდ რთული ქმარი იყო – ბევრს მოითხოვდა თავისი მეუღლისგან – მილევასგან. მან დაუდგინა ცოლს წესების მთელი რიგი – სიის მიხედვით მას უნდა ჰქონოდა დღეში სამჯერადი კვება, შეეწყვიტა ლაპარაკი, თუ ქმარი სთხოვდა და, სავარაუდოდ, როგორც ამბობენ, არ უნდა ჰქონოდა ინტიმური ურთიერთობა მასთან.
წერილების მიხედვით, აინშტაინს საკმაოდ ბევრი ქალი სცემდა თაყვანს და საკმაოდ პოპულარულიც კი იყო – ელზა აინშტაინი – მისი ბიძაშვილი კი, 1919 წელს მისი მეუღლე გახდა.
იცოდით თუ არა,რომ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფიზიკოსს საკმაოდ უცნაური ჩვევები ჰქონდა – იყო მოუწერიგებელი, ეს კი, ხილულად, მუდამ აწეწილ თმებში გამოიხატებოდა. ყველაერთან ერთად – მას არ უყვარდა წინდები და არც არასდროს იცვამდა მათ.
ბევრი ამბობს, რომ შესაძლოა, მან დააჩქარა საკუთარი სიკვდილი. აინშტაინი გარდაიცვალა 1955 წლის 18 აპრილს სისხლძარღვების გახეთქვის გამო. ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ექიმებმა შესთავაზეს ოპერაცია, მაგრამ აინშტაინმა უარი განაცხადა და თქვა: ,,ეს არის ცხოვრები უგემოვნო გახანგრძლივება ხელოვნურად.”
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
საბრინა პერტესკი 14 წლის იყო, როდესაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსში ერთძრავიანი თვითმფრინავი წარადგინა. 22 წლის ასაკში ის უკვე MIT-ის კურსდამთავრებულია და ამჯერად დოქტორანტურის საფეხურისთვის ჰარვარდის უნივერსიტეტში ემზადება.
მან უკვე მიიღო სამუშაო შეთავაზება Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსისგან, ასევე ახალგაზრდა ფიზიკოსის მიმართ ინტერესი გამოთქვა NASA-მაც.
22 წლის ფიზიკოსი შავი ხვრელების და გრავიტაციის შესწავლით არის დაკავებული.
ჩიკაგოელ ფიზიკოსს, სხვა მისი ასაკის თანატოლებისგან განსხვავებით, არ აქვს სოციალური ქსელები, ის არ მოიხმარს Facebook-ს, Instagram-ს და Linkedin-ს. მას სმარტფონიც კი არ აქვს. თუმცა ის მუდმივად ანახლებს საკუთარ ვებ-გვერდს სახელწოდებით PhysicsGirl სადაც მის მიღწევებზე და კვლევის მიგნებებზე წერს.
საკვირველია, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა ფიზიკოსმა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა ის ე.წ. სარეზერვო სიაში მოხვდა, – ეს მანამდე სანამ უნივერსიტეტის პროფესორები ნახავდნენ ვიდეოს სადაც ის საკუთარი ხელით აწყობს, მის მიერვე გამოგონილ თვითმფრინავს. თვითმფრინავის აწყობა საბრინამ 12 წლის ასაკში დაიწყო და მას 2 წელი მოანდომა. ამის შემდეგ ის უნივერსიტეტმა მიიღო და ის მიუხედავად ასაკისა, ის საუკეთესო ქულებზე დაასრულა.
ახალგაზრდა ფიზიკოსის მრჩეველი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ სტრომინგერია, რომელმაც საკუთარ ნაშრომში, რომელიც სტივენ ჰოუკინგთან ერთად გამოაქვეყნა, ნაწილი სწორედ საბრინა პერტესკის პოტენციალს დაუთმო და მას მომავალი აინშტაინიც უწოდა. პერტესკის კვლევებს დღეს მსოფლიოს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აფინანსებს.
ქართველი მეცნიერის მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება.
ქართველი ფიზიკოსი გია დვალი გერმანიაში ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო პრემიის ლაურეატია. ჰუმბოლტის პირველი პრემია დვალს სხვა 7 მეცნიერთან ერთად მიუნჰენში საზეიმოდ გადაეცა.
3 მილიონ ნახევარ ევროს გია დვალი სამეცნიერო კვლევებისთვის და იმ ექსპერიმენტის გასაგრძელებლადაც გამოიყენებს, რომლითაც მან პარალელური სამყაროს არსებობა უნდა დაადასტუროს. ჰადრონული ამაჩქარებლის გაშვება შემოდგომით იგეგმება, მანამდე გია დვალი და მეცნიერთა ჯგუფი ახალი მიმართულებების დაგეგმვაზე იმუშავებენ.
ჰუმბოლტის პრემია პირველად გაიცა და ის, რომ მსოფლიო დონის 8 მეცნიერს შორის ქართველი ფიზიკოსიც მოხვდა, გია დვალისთვის ძალიან პრესტიჟულთან ერთად, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. პარალელურად, გია დვალი მიუნჰენის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორად დაინიშნა. ქართველი ფიზიკოსი მსოფლიოში სახელგანთქმულ CERN -თან ერთად, ამ ინსიტიტუტსაც უხელმძღვანელებს და თან ნიუ-იორკის უნივერსიტეტშიც გააგძელებს საქმიანობას.ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
7 წლის რომან კოპალიანი ოჯახთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს. 7 წლის ქართველი “ფიზიკოსი” რუსულ შოუში, რომელმაც სტუმრების ყველა შეკითხვას უპასუხა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
მეცნიერებმა ირმის ნახტომში (Milky Way) ვარსკვლავზე დაკვირვება აწარმოეს და, პირველად მეცნიერების ისტორიაში – დაამტკიცეს აინშტაინის პროგნოზი იმის შესახებ, თუ რა ხდება, როცა ვარსკვლავი სუპერმასიურ შავ ხვრელს ახლოს ჩაუვლის.
აინშტაინის 100 წლის წინ ნაწინასწარმეტყველები ზოგადი ფარდობითობის თეორიის თანახმად, ძლიერ გრავიტაციულ ველში სინათლე მრუდდება ან განიცდის წითელ წანაცვლებას.
,,ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შესაძლებლობა მოგვეცა, აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია სუპერმასიურ ხვრელთან ახლოს შეგვემოწმებინა. იმ დროს აინშტაინი ვერც კი იოცნებებდა იმაზე, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ,“ – განაცხადა მაქს პლანკის ინსტიტუტის (Max Planck Institute for Extraterrestrial Physics) მეცნიერმა- ფრენკ ეისენჰაუერმა.
,,European Southern Observatory-ის” მეცნიერებმა Very Large Telescope-ის გამოყენებით, ირმის ნახტომის ცენტრალურ ნაწილზე დაკვირვება 26 წლის წინ დაიწყეს იმის დასადგენად, თუ როგორ მოძრაობდა ვარსკვლავი სუპერმასიურ შავ ხვრელთან მიახლოებისას.
შავი ხვრელი დედამიწისგან 26,000 სინათლის წლითაა დაშორებული და ის მზეზე 4 მილიონჯერ უფრო მასიურია. მეცნიერებმა დაკვირვებისთვის აარჩიეს ერთი ვარსკვლავი – S2, რომელიც ორბიტის გარშემო ერთ შემოვლას 16 წელს ანდომებს. ასე რომ, მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ვარსკვლავი შავ ხვრელს 2018 წელს მიუახლოვდებოდა.
26 წლის მანძილზე მათი ინსტრუმენტების სიზუსტე გაუმჯობესდა და, შესაბამისად, 2018 წლის მაისში მათ ძალიან ზუსტი ზომების მიღება შეძლეს.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვარსკვლავის ორბიტალურმა სიჩქარემ საათში 25 მილიონ კილომეტრს გადააჭარბა, როცა ის შავ ხვრელს მიუახლოვდა.
ვარსკვლავის ტალღის სიგრძე გაიჭიმა, რადგან იგი ცდილობდა უზარმაზარი შავი ხვრელის გრავიტაციული ძალისგან თავის დაღწევას, რის გამოც მისი შეფერილობა ლურჯიდან წითლით შეიცვალა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შავი ხვრელის სხვა თეორიების დაკვირვებასაც მოახერხებენ.
,,ეს არის პირველი ნაბიჯი ხანგრძლივ გზაზე, რომელიც, იმედია, რომ მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა მეცნიერთა აღნიშნული გუნდის ხელმძღვანელმა – რეინჰარდ გენზელმა.
წყარო: www.reuters.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ცნობილი მეცნიერის, სტივენ ჰოკინგის სიტყვების ჩანაწერი კოსმოსში გაგზავნა, როგორც ,,მშვიდობისა და იმედის გზავნილი“.
ცერემონია 15 ივნისს გაიმართა, როდესაც მეცნიერის ფერფლი ისააკ ნიუტონისა და ჩარლზ დარვინის საფლავების მახლობლად, ვესტმინსტერის საგრაფოში დაკრძალეს.
გზავნილი ევროპის კოსმოსური სააგენტოს ესპანეთში მდებარე სატელიტიდან გააგზავნეს და მას ფონად ბერძენი კომპოზიტორის ვანგელისის მუსიკა ახლდა.
პროფესორის ქალიშვილის ლუსის განცხადებით, ,,ეს მშვიდობისა და იმედის, ერთიანობისა და ამ პლანეტაზე ჰარმონიაში ცხოვრების” სიგნალია.
სტივენ ჰოკინგი 14 მარტს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. პროფესორი, რომელსაც ამიოტროფული სკლეროზი ჰქონდა, სრულად პარალიზებული იყო და ხმის სინთეზატორის მეშვეობით საუბრობდა. იგი სწავლობდა რთულ საკითხებს სამყაროს შექმნის შესახებ, კერძოდ კი – სამყაროს შექმნისა და შავი ხვრელების თეორიებს.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2017-2018 წლის ნახევარფინალში, კონკურსის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით, 20 გუნდი გადავიდა და მათ შორის არის კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-8 კლასიც, რომელიც კონკურსზე ხუთკაციანი შემადგენლობით წარსდგა. გუნდის პროექტი „სასწავლო მულტიმეტრი“ გახლავთ და მის შესახებ ერთ-ერთი მონაწილე, იაკობ რიგვავა გვიამბობს.
-იაკობ, კონკრეტულად რას გულისხმობს „სასწავლო მულტიმეტრი“?
-ჩვენს სკოლაში მუშაობს ელექტრონიკის წრე, სადაც შევისწავლით ელექტრონიკის საწყისებსა და ძირითად ელემენტებს. წრეზე ვიყენებთ „snap circuits-ის“ სახის სასწავლო ნაკრებს, რომლისთვისაც, სამწუხაროდ, არ იშოვება კარგი გამზომი ხელსაწყოები. არსებული საშუალებები კი – არ არის ზუსტი, აქვთ შეზღუდული დიაპაზონი და ღირს საკმაოდ ძვირი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დავამზადოთ ხელსაწყო, რომელშიც გაერთიანდებოდა სხვადასხვა გამზომი საშუალება უფრო მაღალი სიზუსტით და ბევრად მეტი საშუალებით. მთავარი მიზანი კი იყო ის, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული ხელსაწყო მოსახერხებელი ყოფილიყო სასწავლო პროცესში. ეს ხელსაწყო მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ ის, სხვა მულტიმეტრებისგან განსხვავებით, მარტივად მოხმარებადი და გასაგებია. ჩვენს მოწყობილებაში გაერთიანებულია: ორი ვოლტმეტრი, ორი ამპერმეტრი, ოსცილოგრაფი (ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც აკვირდებიან და იწერენ ელექტრულ პროცესებს) და სიგნალის გენერატორი. მას აქვს გაზომილი მონაცემების შენახვისა და შემდგომ, გრაფიკის წარმოდგენის საშუალება. აქვს ორი დამოუკიდებელი გამზომი არხი, რისი საშუალებითაც წრედის ორ სხვადასხვა ადგილას შეგვიძლია გავზომოთ ძაბვა და დენის ძალა. იგი იმართება მხოლოდ სამი ღილაკით და მორგებულია არსებულ სასწავლო ნაკრებზე. მულტიმეტრი აწყობილია თანამედროვე მიკროკონტროლერის გამოყენებით. ჩვენი პროექტისათვის აპარატურის დამზადების პარალელურად, საჭირო იყო მიკროკონტროლერზე სპეციალური პროგრამის დაწერა, რაზეც გუნდმა მთელი შემადგენლობით ვიმუშავეთ.
-რა გზა განვლო თქვენმა პროექტმა, სანამ ფინალამდე მიხვიდოით და რა ეტაპზეა ახლა ის?
-როგორც იცით, საქართველოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით, გამოავლინოს საშუალო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი საუკეთესო გუნდი, რომელიც წარმოადგენს ინოვაციურ პროექტებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებში. სანამ ფინალში მოვხვდებოდით ჩვენ გავიარეთ ორი ეტაპი – პირველ ეტაპზე წარვადგინეთ ჩვენი პროექტის იდეა, ხოლო შემდეგ, გვქონდა პროექტის პირველადი წარდგენა ჟიურის წევრებთან, ფინალური ეტაპისთვის პროექტის დასასრულებლად ჩვენ მივიღეთ მცირე გრანტი და, ხელმძღვანელის დახმარებით, შევიძინეთ საჭირო დეტალები.
-იაკობ, საინტერესოა თქვენი გუნდის დანარჩენი წევრების ვინაობაც.
-პროექტზე ვმუშაობდით მოსწავლეების ხუთკაციანი გუნდი, მათ შორის – გიორგი ჩხაიძემ ჩვენი მოწყობილობის ყველაზე რთულ ნაწილზე იმუშავა და მოახერხა, რომ მულტიმეტრს ჰქონოდა ოსცილოგრაფის ფუნქციაც. ჩვენს ოსცილოგრაფს აქვს 2 დამოუკიდებელი არხი და ძალიან კარგი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის დააკვირდნენ, გაზომონ და შეადარონ ერთმანეთს სხვადასხვა სახის სიგნალი. ნიკა სვანიძემ ძირითადად მოწყობილობის აპარატურულ ნაწილზე იმუშავა, დახაზა მოწყობილობის სქემები და დაგვეხმარა ფიზიკურად აგვეწყო მულტიმეტრი. მოწყობილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულებაა გაზომილი ანათვლების გრაფიკული გამოსახვა და ამაზე მარი მაჩაიძემ იმუშავა, მან მოახერხა გაზომვის შედეგად დაგროვილი მონაცემების მოსწავლისთვის გასაგებ გრაფიკებზე გამოსახვა. ლელა ხოხიაშვილმა კი, მოწყობილობის ინტერფეისზე იზრუნა. მან ააწყო მოწყობილობის სამუშაო მენიუ და ჩვენი დამოუკიდებელი ნაწილები ერთ პროგრამად გააერთიანა. რაც შემეხება თავად მე, მე ვიმუშავე სიდიდეების გაზომვასა და მათ გადამუშავებაზე. ჩვენი მულტიმეტრის სიზუსტის გაზრდის მიზნით ანათვლებს ერთდროულად იღებს სხვადასხვა არხიდან რამდენიმე დიაპაზონში, ჩემი ამოცანა იყო ეს მიღებული ინფორმაცია ისე გადამემუშავებინა, რომ მიმეღო გაზომვების მაქსიმალური სიზუსტე. გუნდის ხელმძღანელო ელექტრონიკის წრის მასწავლებელი – ირაკლი ხოხიაშვილი გახლავთ.
–როგორ ფიქრობთ, რა გაგრძელება ექნება თქვენს პროექტს?
-ჩვენი მულტიმეტრის პირველადი პრეზენტაცია უკვე გვქონდა ელექტრონიკის წრეზე. ფიზიკურად, ჯერ მხოლოდ 3 ცალი გვაქვს დამზადებული და სექტემბრამდე მინიმუმ 10 ცალი მაინც უნდა დავამზადოთ. დასახვეწი გვაქვს კიდევ რამდენიმე საკითხი, რის შემდეგაც, ხელსაწყოს უშუალოდ სასწავლო პროცესში ჩართვას სექტემბრიდან ვაპირებთ.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
ფიზიკის საოცრებათა სამყარო ბევრს იტაცებს. ბევრისთვის კი – ეს ერთი შეხედვით გაუგებარი და, ცოტა არ იყოს, რთული სფეროც კია.
თანამედროვე ეპოქას ხშირად ტექნოლოგიების ხანასაც უწოდებენ, სადაც ტექნიკის მნიშვნელობა განუზომელია. სად რჩება ამ სამყაროში ადგილი ადამიანისთვის? ეს ალბათ ერთერთი ყველაზე მწვავე კითხვაა, რომელიც გვაწუხებს.
ადამიანი ყოველთვის იყო, არის და იქნება შემოქმედი. მამოძრავებელი ძალა, რომელსაც შეუძლია ცვლილებები და გარდაქმნა სხვადასხვა სფეროში. ამიტომაც – ამ დიდ სამყაროში პატარა ადამიანების ადგილი ყოველთვის იქნება.
მნიშვნელოვანი გარდაქმნები საკუთარ ცხოვრებაში 19 წლის ლუკა ჩხეტიანმა მაშინ დაიწყო, როდესაც ფიზიკისა და თანამედროვეობის შერწყმა მოახერხა და ხელოვნურ ინტელექტს დაუმეგობრდა. ფიზიკით გატაცებული ბავშვობიდან იყო, ტექნოლოგიურ პროგრესს კი წარმატებულად აუწყო ფეხი და დღეს ის თავის გუნდელებთან ერთად საკუთარ კომპანიაა – „SYSTEM-ს“ ხელმძღვანელობს.
ლუკა თავის მეგობრებთან ერთად სხვადასხვა სამეცნიერო პროექტზე მუშაობს და ემსახურება საყვარელ საქმეს, რომლის კეთებაც განსაკუთრებით სიამოვნებს.
როდის დაინტერესდა, ზოგადად, მეცნიერებით და რა პროექტებზე მუშაობს საკუთარ კომპანიაში, ამაზე ,,დოქტრინას“ ახალგაზრდა ფიზიკოსი ესაუბრა:
-ლუკა, როდის დაინტერესდი მეცნიერებით?
-ჩემი ინტერესის სფეროდ დასაწყისიდან ფიზიკას მივიჩნევ, რადგან ძალიან ადრეულ ასაკშივე მქონდა მისწრაფება უკვე ასტრონომიისა და კვანტური ფიზიკის მიმართულებით. თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ინტერესები იცვლება ასაკთან ერთად. ინტერესების სფეროს სულ რამდენიმე წელია შემოემატა ახალი განსაკუთრებული მეგობარი – ხელოვნური ინტელექტი, რამაც მოგვიანებით ბევრი გარდაქმნა გამოიწვია ჩემს საქმიანობასა და საერთოდ – ცხოვრებაში.
–რას საქმიანობ ამჟამად და რა პროექტებზე მუშაობ?
–ერთი წლის წინ დავაარსე კომპანია, რომელიც მუშაობს ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტიკაზე. ამის გარდა, ჩვენი მიმართულება ეხება სოფტვეარ და ჰარდვეარ დეველოპმენტს – გვაქვს კიდეც რამდენიმე საინტერესო და საკმაოდ წარმატებული პროექტი ამ სფეროში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე უკვე წარვადგინეთ და დიდი ინტერესიც დაიმსახურა.
საინტერესო ფაქტი ისაა, რომ გუნდის წევრების 95% ვართ სტუდენტები. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ პროფესიონალიზმი ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი, მოტივაცია და გონებრივი რესურსი იყო – ეს უნდა ჩანდეს ადამიანში, რომ ნათელი იყოს რომ მას რაღაც განსაკუთრებულის შექმნა შეუძლია.
-რა სირთულეები შეგხვდა საქმიანობაში ?
-ყველაზე რთული საჭირო ადამიანების პოვნაა, თანაც განსაკუთრებით როცა კომპანიას მოგება არ აქვს ამ ეტაპზე და რთულია ხოლმე, ადამიანმა შენი მთლიანად დაიჯეროს, გენდოს და ბოლომდე წამოგყვეს საქმეში. ვფიქრობ, გუნდის ყველა წევრს ის გვაერთიანებს, რომ ვიბრძვით რაღაც საინტერესოს შექმნისთვის, რაღაც ისეთის აშენებისთვის, რომელიც სამყაროს შეცვლის ან ეცდება მაინც შეცვალოს.
რეალურად, იმდენი საინტერესო პროდუქტი არსებობს მსოფლიო ბაზარზე, რომ შეიძლება ითქვას, რთულია საინტერესო სიახლით მოსვლა. თუმცა, თუ შენ და გუნდი დარწმუნებული ხართ, რომ რაღაც საინტერესოს აკეთებთ და ამისთვის იბრძვით, იქ აუცილებლად გაჩნდება ისეთი იდეები, რომლებიც, წესით, ადამიანების ცხოვრებაში ,,ერთხელ მოდის”.
–როდის დაინტერესდი ტექნოლოგიებით და რატომ?
-რამდენიმე წლოს წინ ჩემი ინტერესები ფიზიკასა და ხელოვნურ ინტელექტს შორის გადაიკვეთა. ახლა ის ეტაპია, როცა ეკონომიკა და მართვის სისტემები საფუძვლიანად იცვლება და ადამიანი მაქსიმალურად გადადის შემქმნელის და გამომგონებელის როლში, კონკრეტული ,,შავი სამუშაოები” კი ავტომატიზირდება.
იცით, ბევრი ლაპარაკობს საინტერესოდ ამ თემების გარშემო მაგრამ მაინც იგრძნობა შიში ადამიანებში გარკვეულ დონეზე. შიშში იგულისხმება რისკის შეგრძნება, როცა გგონია, რომ შენი ქმნილება შენზე მეტს შეძლებს, რაც მეცნიერულად, ლოგიკურად და რომანტიკულად, ემოციურ დონეზე შეუძლებელია. ჩვენი, ადამიანების უდიდესი შესაძლებლობაა ჩვენი იდეების მატერიალიზაცია, რაც თავისთავად გამომდინარეობს ჩვენივე თავისუფალი სურვილისგან, რასაც ბევრი გარემოს ზემოქმედებას მიაწერს უბრალოდ და მეტს არაფერს. რეალურად, ეს არის ის გასაღები, რითიც შეგვიძლია საინტერესო პროდუქტები ავაშენოთ.
–რა არის შენი პროექტების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი?
-ვფიქრობ, და დღითი დღე ვრწმუნდები ამაში, რომ ჩვენი პროექტებს საინტერესოს და მიმზიდველს უნიკალურობა ხდის ზუსტად. უნიკალურობა არ არის საფუძვლიანად ახალი პროდუქტის შექმნა, უნიკალურობაა პრობლემის გადაწყვეტის ისეთი გზის შექმნა, რომელიც შემქმნელისა და მომხმარებლისათვის მომგებიანი და მისაღები იქნება. ყველა პროექტი და იდეა ორი მიზეზის გამო დაიბადა – ან პრობლემის გადაჭრას ემსახურება, ან ვცდილობთ, რომ ამ გზით ადამიანებში გაოცება გამოვიწვიოთ. არაფერია იმაზე სასიამოვნო შეგრძნება, როცა ხედავ რომ გუნდის შრომამ შედეგი გამოიღო და ,,targeted audience-მა“ ის იმ შეგრძნებები მიიღო, რაზეც ამდენი ხანი მუშაობდით და ამდენი შრომა ჩადეთ.
–გვიამბე სამომავლო გეგმებზე.
–სამომავლო გეგმად მეტი რესურსის მოძიება დავსახეთ. იდეა მარტივია, რესურსები გვჭირდება იმისათვის, რომ მოვიდეთ შემდეგი იდეებით და შევძლოთ მათი მატერიალიზაცია – მივცეთ თავს უფლება უფრო და უფრო მასიურ და საინტერესო პროექტებზე ვიფიქროთ. ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ.
გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც საქართველოს ბაზარზე დიდი სიახლეების შეტანას ემსახურება. შედეგები, უბრალოდ, დროის საკითხია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ შედეგი რაც შეიძლება მალე დაიდოს, და რაც მთავარია – ხარისხიანი იყოს.
მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“