close
საქართველოფიზიკა

ფიზიკა, როგორც სამყაროს შესწავლის საშუალება- ქართველი მეცნიერი წარმატების ფორმულას გვიზიარებს

მეცნიერებისა და მისი სხვადასხვა დარგის უამრავი განმარტება არსებობს. ამ ყველა განმარტების მიღმა არის უდიდესი ინტერესი და დაუკმაყოფილებელი ცნობისმოყვარეობა, რომელიც ადამიანს მუდმივი კვლევისა და ძიებისკენ უბიძგებს.

მეცნიერებიც სხვადასხვაგვარად განმარტავენ თავიანთ საქმიანობასა და მის მნიშვნელობას. მთავარი მაინც საქმისადმი სიყვარული და მუდმივი სწრაფვაა განვითარებისკენ. მის ცხოვრებაში ფიზიკისადმი სიყვარული დიდი ხნის წინ გაჩნდა დეტექტიურ წიგნებთან და საგამოძიებო სფეროსადმი ინტერესთან ერთად. შემდეგ სხვადასხვა პროექტზე დაიწყო მუშაობა და წარმატებას მიაღწია  კვანტური ფიზიკის რთულ და მრავალფეროვან სამყაროში.

თემურ ნადარეიშვილი დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი და ამავე უნივერსიტეტში მაღალი ენერგიების ინსტიტუტის ველის კვანტური თეორიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია. საკუთარ საქმიანობასა და სამეცნიერო პროექტებზე ის დოქტრინას ესაუბრა.

როდის დაინტერესდით ფიზიკის სფეროთი და რამ გამოიწვია თქვენი ეს დაინტერესება?

უკვე დაწყებით კლასებში, რაც ფრაგმენტულად მახსოვს, ძალზე მაინტერესებდა გამოძიება ამ სიტყვის ფართო გაგებით (თუმცა ძალიან გატაცებული ვიყავი საკუთრივ წმინდა გამოძიებითაც ანუ დეტექტივების კითხვით და მახსოვს კლასში გატაცებით ვუყვებოდი კლასელებს შერლოკ ჰოლმსის თუ აგატა კრისტის ახლად წაკითხულ ნაწარმოებებს) ანუ თითქმის ყველაფერზე განუწყვეტლივ ვუსვამდი ჩემს თავს და მოზრდილებსაც თუ რატომ ხდებოდა ესა თუ ის მოვლენა და თან ძალზე მიყვარდა მათემატიკა. შემდეგ 6-ე კლასში როდესაც პირველად დავიწყე ფიზიკის შესწავლა, თანდათანობით მივხვდი, რომ აქ ყველაზე უფრო მეტად ვსვამდი კითხვას ’’რატომ’’ და 9-ე კლასში ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გადასვლის შემდგომ  საბოლოოდ მივხვდი, რომ ფიზიკა უნდა გამხდარიყო ჩემი პროფესია. ახლა ვხდები, რომ ფიზიკაში მე მაინც ყველაზე მეტად მაინტერესებს ისევ და ისევ გამოძიება ანუ უფრო სწორად გარკვევა, გამოძიება იმისა თუ როგორ არის სამყარო მოწყობილი და რატომ არის ასე მოწყობილი. ამგვარად, მე კვლავ ’’დეტექტივად დავრჩი’’, თუმცა ”დანაშაულის ჩამდენი’’ ჩემთვის თავად ბუნებაა!

თქვენი სამეცნიერო ინტერესის სფეროა ველის კვანტური თეორია და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა. რას საქმიანობთ ამ კუთხით და ყველაზე დიდ ინტერესს თქვენთვის რა იწვევს მასში?

ყველაზე უფრო უკეთ სწორედ ელემენტარული ნაწილაკების შესწავლისას იგებს მკლევარი თუ როგორ არის მოწყობილი ბუნება, რადგანაც მათი კომბინაციები იძლევა იმ სამყაროს რაც გვაქვს და ამ გზაზე შესწავლის ყველაზე მძლავრი მეთოდია ველის კვანტური თეორია, რომლის ფორმალიზმი საშუალებას იძლევა აღვწეროთ ელემენტარული ნაწილაკებისათვის დამახასიათებელი თვისებები, მათ შორის ყველაზე ’’უცნაური’’ დაბადებისა და გაქრობის მოვლენა. მე კი სწორედ ამ სფეროში განსაკუთრებით მაინტერესებს  და ვმუშაობ ე.წ. ძლიერი ურთიერთქმედებების პრობლემებზე. კერძოდ, კი კვარკ-ანტიკვარკული სისტემების საკითხებზე, რაც გულისხმობს კვარკების დღემდე ბოლომდე გაურკვეველი კვარკების ’’დატყვევების’’ (კონფაინმენტის) პრობლემის კვლევას ანუ იმის გარკვევას თუ რატომ ვერ ვხედავთ ცდაზე კვარკებს (თანამედროვე წარმოდგენებით კვარკებისაგან შედგებიან პროტონები,ნეიტრონები, მეზონები და სხვა ელემენტარული ნაწილაკები გარდა ლეპტონებისა (ელეტრონი, მიონი)).

გვიამბეთ თქვენ ერთ კონკრეტულ პროექტზე, მისი მიმდინარეობის პროცესებსა და შედეგებზე.

ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობის ინტერესები აგრეთვე მოიცავს კვანტური მექანიკის   პრინციპიალური საკითხების კვლევა. საქმე იმაშია, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში ის სწრაფად და ბობოქრად ვითარდებოდა კვანტური მექანიკა, რომ მისმა ’’მამებმა’’ (ბორი, შრედინგერი, ჰაიზენბერგი, დირაკი და ა.შ.) ვერ მოასწრეს ყველა საკითხის ბოლომდე და ამომწურავად განხილვა. ათიოდე წლის წინ მე დავინტერესდი სინგულარული პოტენციალების პრობლემით, სადაც ვაჩვენე, რომ აუცილებელია ე.წ. დამატებითი ამოხსნების შენარჩუნება, რაც ძირეულად ცვლის ჩვეულებრივ კვანტურ მექანიკას და იწვევს მის ე.წ. თვითშეულებული გაფართოების აუცილებლობას. ჩემი აზრით სწორედ ეს დამატებითი ამოხსნები გამორჩათ კვანტური მექანიკის ფუძემდებლებს. ამ თემაზე რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნე ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპენდენტ, პროფესორ ანზორ ხელაშვილთან ერთად, რომლებმაც დიდი დისკუსიები გამოიწვია და უკვე დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ვაგრძელებ ამ მიმართულებით კვლევას, რადგანაც კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი. მთავარი საკითხი აქ არის ე.წ. თვითშეუღლებული პარამეტრის დაფიქსირების პრობლემა, რომელზეც ფიზიკური სიდიდეები (ენერგია, გაფანტვის კვეთა, გაფანტვის სიგრძე და ა.შ) გამოდის დამოკიდებული. სიტუაცია ეთანადება ა.ეინშტეინის მიერ მწვავე კრიტიკას კვანტური მექანიკის, როდესაც ის სვამდა ფუნდამენტალურ შეკითვას: არის კი ბუნების კვანტური აღწერა სრული? ჩემი აზრით კვანტური მექანიკის თვითშეულებულმა გაფართოებამ შეიძლება პასუხი გასცეს ეინშტეინის ამ ’’აბეზარ’’ კითხვას.

მოღვაწეობთ უნივერსიტეტში და კითხულობთ ლექციებს. ამავდროულად აქტიურად ხართ ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში. როგორ ახერხებთ ამ საქმიანობების კომბინაციას და შეთავსებას ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ეს კითხვა ჩემთვის ბევრჯერ დაუსვამთ და პასუხად მე ხშირად მომყავს გოეთეს შემდეგი ფრაზა: უნდა გამოვიყენოთ ცხოვრების ’’წვნიანობა’’! (თავად გოეთე,ხომ მწერალი, მეცნიერი, ფინანსთა მინისტრი იყო და ამიტომ მისთვისაც არ იყო ‘’უცხო’’ ეს შეკითხვა!). მართლაც თუ კარგად დაგეგმავ შენს მუშაობას, გატაცებით აკეთებ შენს საქმეს, მაშინ მიხვდები, რომ ცხოვრება მართლაც’’წვნიანია’’ ანუ შეიგრძნობ დროის ’’ტევადობას’’ და შეძლებ ძალიან ბევრი რამის მოსწრებას! ამასთანავე ლექციები და სამეცნიერო მუშაობა ერთმანეთს ავსებს და ხშირად მომხდარა, რომ ლექციის დროს სტუდენტების კითხვებზე პასუხის გაცემისას ახალი მეცნიერული იდეაც კი ’’დაბადებულა’’ ჩემში! გარდა ამისა, მე გარკვეული აზრით მწერალიც ვარ, რადგანაც უკვე თითქმის ოცი წელია ლიტერატურულ ჟურნალებში თუ გაზეთებში პერიოდულად იბეჭდება ჩემი ლიტერატურული ჩანახატები თუ ესეები, მოგონებები თუ თარგმანები. თავს ხშირად ღიმილით ცნობილ ფიზიკოსს ბლეზ პასკალსაც კი ვადარებ, რომელმაც ლიტერატურული ჩანახატების შესანიშნავი კრებული ’’აზრები’’ დაუტოვა კაცობრიობას. აქ კი მეხმარება ის ფაქტი, რომ ზოჯერ ’’მბეზრდება’’ მათემატიკური ფორმულების სიმკაცრე და ’’სიმშრალე’’ და ’’თავს ვაფარებ’’ ლიტერატურას, შემდეგ კი კვლავ ფიზიკას ვუბრუდები და ეს მუდმივი ’’ხეტიალი’’ ფიზიკაშიც მეხმარება და ესეების წერაშიც!

რას ნიშნავს მეცნიერება და კონკრეტულად ფიზიკის სფერო თქვენთვის?

მეცნიერება და განსაკუთრებით ფიზიკა ჩემთვის ,უპირველეს ყოვლისა, სამყაროს სწორი შემეცნების ერთადერთი საშუალებაა, რომელიც გვასწავლის თუ როგორ და რატომ არის სამყარო ასეთი. გარდა ამისა მეცნიერება ადამიანს უყალიბებს ისეთ სასარგებლო ჩვევებს როგორიცაა გამბედაობა, ’’საღი’’ ეჭვის შეტანა ყველაფერში, საკუთარი დროის სწორი ორგანიზება, დაღლის ’’არშეგრძნება’’ როცა რაღაც ღირებულ პრობლემაზე მუშაობ, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება, დისკუსიებში ’’დაუნდობელი’’ და პრინციპული პოზიციის ქონა, ნიჭიერი სტუდენტების და ახალაზრდა მეცნიერთა ხელშეწობა და სწორი სამეცნიერო მიმართულების მიცემა და ა.შ.

რას ურჩევთ მომავალ ფიზიკოსებს, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი. რა სირთულეები ელით მათ და როგორ უნდა დაძლიონ ისინი, რომ მიაღწიონ წარმატებას?  

ერთ-ერთი მთავარი სირთულე მომავალი ფიზკოსასთვის არის იმის გარკვევა სწორად აირჩია თუ არა მან ეს სპეციალობა, რადგან ხშირად ახალგაზრდაზე გავლენას ახდენს მშობელი,  თავისვე მეგობარი ან სხვა რაიმე გარემოება, არადა როდესაც პროფესიას ირჩევ (ანუ იმას, რაც შემდგომ მთელი ცხოვრება უნდა აკეთო!) შენი თავის გარდა არავის არ უნდა მოუსმინო, არ უნდა ’’მოატყუო’’ საკუთარი თავი .

კარგი ფიზიკოსი თავის თავში სინამდვილეში სამ პროფესიას აერთიანებს: ფიზიკოსს, მათემატიკოსს და ფილოსოფოსს, რადგანაც ფიზიკოსი სამყაროს შეიმეცნებს ფიზიკოსის თვალით, მაგრამ მისთვის ’’სასიცოცხლოდ’’ აუცილებელია მათემატიკის კარგად ცოდნა (რადგანაც ფიზიკოსის ’’სალაპარაკო ენა’’ მათემატიკაა!) და ფილოსოფიური გააზრება იმ შედეგებისა, ცდებისა რაც ფიზიკოსმა მიიღო! მთავარი სირთულე პრაქტიკაში კი მაინც მათემატიკის ცოდნაა, რადგანაც მე მყოლია დაწყებით კურსებზე კარგი, ’გულანთებული’’ ფიზიკისათვის სტუდენტები, მაგრამ მათემატიკის არასკმარისი ცოდნის გამო, ისინი შემდგომ ’’იკარგებიან’’ და სამწუხაროდ, ხშირად საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ფიზიკას თავს ანებებენ.

როგორია თქვენი წარმატების ფორმულა. გვიამბეთ თქვენი ცხოვრების დევიზზე და მის როლზე თქვენ წარმატებაში?

წარმატების მზა ფორმულა არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს, რადგანაც მაშინ წარმატება ’’მართვადი’’ პროცესი გახდებოდა, რაც მას მნიშვნელობას და ’’ფასს’’ დაუკარგავდა! უბრალოდ წარმატების მისაღწევად  ყველაზე მთავარია სწორად გქონდეს არჩეული პროფესია და გიყვარდეს შენი საქმე! ამ ფონზე კატეგორიულად არ ვეთანხმები შემდეგ გამონათქვამს: ’’ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცია!’’. ამ შემთხვევაში გასარკვევია, თუ ადამიანი ნამდვილად ნიჭიერია, მაშინ რატომ ზარმაცობს?! საქმე იმაშია, რომ მას სინამდვილეში სწორად არ აქვს არჩეული პროფესია (ან შეეცვალა ინტერესთა სფერო!), რის გამოც ’’გულს ვერ უდებს’’ მას და როგორც შედეგი ზარმაცობს! (დასაწყისში მას მოსწონდა ის საქმე, რასაც თავიდანვე ხელი მოჰკიდა თავისი ნიჭის შესაბამისად და ამიტომ არ ზარმაცობდა!). ამიტომ ადამიანი დროზე უნდა ’’დაეწიოს’’ საკუთარ მიზანს ანუ კვლავ იპოვოს ნამდვილი მოწოდება და სიზარმაცეც უკვალოდ გაქრება!

ჩემი ცხოვრების დევიზია: ’’არ გადმოფინო სიმშვიდის დროშა’’! თუ შენი საქმე გიყვარს, შენ თვითონ ვერ გაჩერდები, არ ’’მოგასვენებს’’ მოწოდება და როგორც შედეგი წარმატებაც არ ’’დაიგვიანებს’’!

 როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამეცნიერო სფეროში ინტენსიურად ვაგრძელებ იმ საკითხებზე მუშაობას, რაზეც ზემოთ ვისაუბრე (განსაკუთრებით კვანტური მექანიკის ახალი გააზრების, მის გაფართოების შესახებ). გარდა ამისა ჩაფიქრებული მაქვს გამოვცე შემდეგი კურსი: ’’თეორიული ფიზიკა ამოცანებში’’, რომელიც გულისხმობს ოთხი ტომის გამოცემას. პირველი ტომი ’’ამოცანათა კრებული კვანტურ მექანიკაში’’, უკვე გამოვიდა წელს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემლობაში და განკუთვნილია ბაკალავრიატის მესამე კურსელებისათვის და მოიცავს 600-მდე ამოცანას. ახლახანს დავასრულე მუშაობა მეორე ტომზე: ’’ამოცანათა კრებული არარელატივისტური დაჯახებების კვანტურ თეორიაში და რელატივისტურ კვანტურ მექანიკაში’’, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის მეოთხე კურსელთათვის და მაგისტრანტებისათვის. კრებულში შესულია 500-მდე ამოცანა. წიგნი გადაცემულია სარეცენზიოდ და ალბათ იანვრისათვის იხილავს ’’მზის სინათლეს’’. გარდა ამისა გადაწყვეტილი მაქვს მომდევნო ორ წელიწადში გამოვცე კიდევ ორი ტომი: ’’ამოცანათა კრებული ველის თეორიაში’’ ბაკალავრიატის მესამე კურსელთათვის და ’’ამოცანათა კრებული თეორიულ მექანიკაში’’ ბაკალავრიატის მეორე კურსელთათვის. სულ ოთხივე ტომში შევა დაახლოებით 2500-მდე ამოცანა. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ტიპის ამოცანათა კრებულები სტუდენტებისათვის ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება. გარდა ამისა მალე ერთი წლის უკან დაარსებულ ძალიან საინტერსო ეროვნულ პოზიციებზე მდგომ და დახვეწილ ლიტერატურელ ჟურნალ ’’ისინდში’’ დაიბეჭდება ჩემი ახალი ჩანახატები. ჟურნალის რედაქტორია, კარგად ცნობილი მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი იკა ქადაგიძე, რომელმაც პრინციპული, მწვავე და შეუპოვარი ნაწარმოებების გამო, ლიტერატურელ წრეებში ’’ქართველი ჟანა დარკის’’ სახელი დაიმკვიდრა!

ასევე ვაპირებ წიგნად გამოვცე ჩემი ლიტერატურული ჩანახატები და თარგმანები სათაურით ’’სულის ფოტოგრაფიები’’ (ეს ჩანახატები, მართლაც სულის ფოტოგრფიებია, რადგანაც მათში წლების განმავლობაში ფოტოგრაფიებივით დაფიქსირებულია ჩემი სულიერი განწობანი!).

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0