close

ფიზიკა

კვლევებიმსოფლიოსაქართველოფიზიკა

27 წლის ქართველი, რომელიც ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN-ი) მუშაობს

27 წლის არჩილ დურგლიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და ამჟამად ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის დოქტორანტურის სტუდენტი გახლავთ, პარალელურად კი – თსუ-სს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლობასაც ითავსებს. არჩილი ახლა ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში – CERN-ში იმყოფება და საკუთარი პროფესიული საქმიანობის შესახებ თავად გვიამბობს.

-არჩილ, როდის და როგორ მოხვდით CERN-ში?

-დაახლოებით 2011 წელს აღმოვჩნდი თბლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ნერგიების ფიზიკის ინსტიტუტიდან მომუშავე  CERN-ის  ATLAS ექსპერიმენტში მონაწილე ქართული ჯგუფის წევრებთან და დავინტერესდი CERN-ში მათი საქმიანობით. 2012 წელს კი, მოვიპოვე მეცნიერთა მსოფლიო ფედერაციის სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც შევასრულე ორგანიზაციის ATLASდეტექტორის ერთ-ერთ ქვედტექტორთან – ჰადრონულ კალორიმეტრთან დაკავშირებული ამოცანა.  პირველად CERN-ში 2012 წლის ბოლოს, მოკლევადიანი ვიზიტით აღმოვჩნდი და ავიღე ახალი ამოცანა, რომელიც ასევე დაკავშირებული იყო ჰადრონულ კალორიმეტრთან.

ჰადრონული კალორიმეტრის ამოცანების პარალელურად,  ქართული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მე ჩავერთე CERN-ის ATLASექსპერიმენტზე მიმდინარე ტოპ კვარკის იშვიათი დაშლების კვლევით ამოცანაში. 2013 წელს კი, გავხდი  ATLAS კოლაბორაციის წევრი, როგორც ავტორი.

მას შემდეგ, ყოველ წელს CERN-დან ვიღებდი მოწვევას და რამდენიმე თვით ჩამოვდიოდი აქ სამუშაოდ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი თანამშრომლობა არც საქართველოში ყოფნის დროს წყდებოდა.

-გვიამბეთ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ ორგანიზაციაში.

-მოგეხსენებათ, რომ CERN-ში მიმდინარეობს კვლევები სამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურის შესწავლისა და მის შესახებ ჩვენი წარმოდგენების გაფართოების მიზნით. ასეთი კვლევებისათვის კი, აუცილებელია კარგი დეტექტორი, რომელიც გამოიყენება დიდ ადრონულ კოლაიდერზე თითქმის სინათლის სიჩქარემდე აჩქარებული პროტონების დაჯახების შედეგად წარმოქმნილი ჩვენთვის საინტერესო ნაცნობი და უცნობი პროცესების დასაკვირვებლად.

 CERN-ში ოთხი უდიდესი ექსპერიმენტიდან ერთ-ერთი არის ATLAS ექსპერიმენტი და მე ვმუშაობ სწორედ ამ ექსპერიმენტის შესაბამის დეტექტორთან დაკავშირებულ ამოცანაზე. ამ ამოცანის ფარგლებში, მოდელირების საფუძველზე, მე  ვსწავლობ ATLAS დეტექტორის შესაძლო კონკრეტული ტიპის მოდიფიკაციის გავლენას საინტერესო ფიზიკური პროცესების კვლევებისათვის საჭირო ობიექტების, კერძოდ ელექტრონების  – აღდგენაზე.  თუ განხილული მოდიფიკაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ელექტრონების აღდგენის შესაძლებლობას, მაშინ ეს იქნება კიდევ ერთი მოტივაცია იმისათვის, რომ ეს პროექტი იქნეს დამტკიცებული 2025 წლის შემდგომი პერიოდისათვის დაგეგმილი დიდი ადრონული კოლაიდერის მოდერნიზაციისას განსახორციელბლად.

-რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?

მე პირადად ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად ვთვლი იმას, რომ გასულ წელს პორტუგალიაში, ქალაქ ბრაგაში, ტოპ კვარკის მე-10 საერთაშორისო ვორქშოპზე, ATLAS კოლაბორაციის სახელით წარვადგინე ჩემი მონაწილეობით მიღებული ATLAS ექსპერიმენტზე ტოპ კვარკის იშვიათი დაშლების ძიების შედეგები. ამ კვლევაზე ვმუშაობდი 2012 წლიდან დღემდე ვმუშაობ.

-საინტერესოა, კონკრეტულად  რას წარმოადგენს ტოპ კვარკი?

ტოპ კვარკი არის დღეისთვის ცნობილი ყველაზე მძიმე ელემენტარული ნაწილაკი. ის 1995 წელს ამერიკაში, ფერმილაბში აღმოაჩინეს და მას შემდეგ მოყოლებული მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაღალი ენერგიების ფიზიკის კვლევებში. მისი მასა ისეთივე მძიმეა, როგორც ოქროს ატომი და ამის მიზეზი დღემდე ამოუხსნელია. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთ ფენომენთან, რომელიც ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტულ წარმოდგენებს მიღმა მდებარეობს და ჯერ ვერ იქნა დაფიქსირებული ექსპერიმენტულად. აქედან გამომდინარე, ტოპ კვარკი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალი ფიზიკის ძიებაში. ჩემი კვლევებიც სწორედ ტოპ კვარკის იშვიათი დაშლების შესწავლით ახალი ფიზიკის ძიებას ემსახურება.

ნაწილაკების ფიზიკაში არსებობს სტანდარტული მოდელი, რომლითაც აღიწერება სამყაროს შემადგენელი ელემენტარული ბლოკები, კვარკები და ლეპტონები, და მათ შორის ურთიერთქმედებები.  ამ მოდელის მიხედვით, ტოპ კვარკი დაბადებისას უმალვე დაიშლება და თითქმის ყოველთვის გარდაიქმნება b-კვარკად W-ბოზონის გამოსხივებით; ასევე განიხილება ტოპ კვარკის გარდაქმნა მსუბუქ კვარკად (მაგალითად u-კვარკი ან c-კვარკი) Z-ბოზონს გამოსხივებით, მაგრამ ამ პროცესის განხორციელების ალბათობა იმდენად მცირეა, რომ დღევანდელ ექსპერიმენტებზე შეუძლებელია მისი დაფიქსირება. თუმცა არსებობს სტანდარტული მოდელის გაფართოებული მოდელები, ახალი ფიზიკის ეფექტების გათვალისწინებით, რომლებიც წინასწარმეტყველებენ უფრო დიდ ალბათობას, რომ ტოპ კვარკი გარდაიქმნას მსუბუქ კვარკად. აქედან გამომდინარე ტოპ კვარკის  ასეთი იშვიათი დაშლის ექსპერიმენტზე დაფიქსირება იქნება ნათელი სიგნალი ახალი ფიზიკისა.

ამ პროცესის დაფიქსირების შესაძლებლობა მით უფრო იზრდება რაც უფრო მეტ პროტონების დაჯახებას დავაკვირდებით.  2015-2016 წლებში ATLAS-ექსპერიმენტის მიერ ჩაწერილ პროტონების დაჯახების მონაცემებში ტოპ კვარკის იშვიათი დაშლები არ იქნა დამზერილი, თუმცა მიღებული შედეგები გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომ შემოიზღუდოს, ან საერთოდაც გამოირიცხოს გარკვეული თეორიული მოდელები, რომლებიც შემოთავაზებულნი არიან სამყაროში დაკვირვებადი ამოუხსნელი ფენომენების ასახსნელად. ასეთ ფენომენს წარმოადგენს მაგალითად  მატერია-ანტიმატერიის ასიმეტრია, ბნელი მატერია, ნეიტრინოების ოსცილაცია და ა.შ.

დიდი ადრონული კოლაიდერი და ATLAS-ექსპერიმენტი განაგრძობს მუშაობას, რომ უფრო მეტი პროტონების დაჯახების შემთხვევები იქნეს ჩაწერილი, რათა გაიზარდოს უფრო ზუსტი გაზომვების ჩატარების საშულება და ახალი ფიზიკის აღმოჩენის შესაძლებლობა.

-საინტერესოა როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და როდის ბრუნდებით სამშობლოში?

-საქართველოში ამ თვის დასასრულს ვბრუნდები და, ცხადია, ვაპირებ გავაგრძელო CERN-თან თანამშრომლობა და ჩემი კვლევები ტოპ კვარკის იშვიათი დაშლების საძიებლად.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მსოფლიოფიზიკა

სტივენ ჰოკინგის ოჯახი დროში მოგზაურებს ვესტმინსტერის სააბატოში იწვევს

სტივენ ჰოკინგის ოჯახი დროში მოგზაურებს მეცნიერის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე იწვევს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მთელი სიცოცხლის მანძილზე იკვლევდა სამყაროს წარმომავლობას, შავი ხვრელის საიდუმლოს და დროს.

საზოგადოების წარმომადგენლები 15 ივნისს ვესტმინსტერის სააბატოში არიან მიწვეულები, სადაც ჰოკინგის ცხოვრებას გაიხსენებენ და მის ფერფლს ისააკ ნიუტონისა და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალავენ.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, სადაც აუცილებელია დაბადების თარიღის მითითება, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი დღე 2038 წლის ბოლომდე.

იდეა ლონდონელ ბლოგერს იანვისისტს ეკუთვნის. „ერთხელ პროფესორმა ჰოკინგმა დროში მოგზაურთათვის წვეულება მოაწყო. მან მოსაწვევი წვეულების შემდგომი თარიღით დაათარიღა. პროფესორს აინტერესებდა, აღმოაჩენდა თუ არა ამას ვინმე. ვერავინ შენიშნა. სიმბოლურია, რომ საიტი სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე დასწრების მსურველებს მომავალში დაბადების საშუალებას აძლევს.

ჰოკინგს, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრება სავარძელზე იყო მიჯაჭვული, იუმორის დიდი გრძნობა ჰქონდა. აღნიშნული წვეულების შესახებ ის ამბობდა,,,მე გავაერთიანე ორი რამ: ექსპერიმენტი და შამპანური“.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებასაქართველოფიზიკა

23 წლის ქართველი ფიზიკოსის სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

23 წლის გიორგი ჭანტურია თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, რომელმაც მაგისტრატურის საფეხურზეც იმავე სპეციალობის გაგრძელება არჩია. ახალგაზრდა ფიზიკოსი უკვე შემდგარი ლექტორია და მისი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალშიც გამოქვეყნდა, რის შესახებაც გიორგი თავად გვიამბობს.

-გიორგი, შენი სამეცნიერო სტატია ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა, გვიამბე კონკრეტულად რას ეხება ის?

–სტატია შარშან ივლისში გამოქვეყნდა „Physics of Plasmas“ ჟურნალის საიტზე. შინაარსს რაც შეეხება, ჩვენ ვარსკლავებს იმაზე დაყრდნობით შევისწავლით, რომ მათგან სხვადასხვაგვარი გამოსხივება მოდის, რომელიც ვარსკვლავის ზედაპირიდანაა წამოსული და სანამ ფოტონი ცენტრიდან ზედაპირამდე ამოვა, მთელი თავგადასავალი გადახდება ხოლმე თავს. პლაზმა, გეცოდინებათ, გახურებული აირია, რისგანაც ძირითადად ვარსკვლავები შედგება. ამიტომ, თუ გვინდა, ჩვენამდე მოსული ფოტონის თავგადასავალი გამოვიკვლიოთ, უნდა ვიცოდეთ, რა მოსდის მას პლაზმაში. და ამის შემდეგ გვეცოდინება, სინამდვილეში როგორი პლაზმიდან მოდის ეს გამოსხივება ანუ რისგან შედგებიან ვარსკვლავები. ჩემი კვლევა პლაზმისა და ფოტონების ურთიერთქმედებისას ერთ-ერთ კონკრეტულ ეფექტს ეხება, რომელსაც ჰქვია რამანის გაბნევა.

-რა გამოხმაურება ჰპოვა შენმა ნაშრომმა და ამჟამადაც ხომ არ მუშაობ რაიმე საკითზე?

-ამჟამად ერთი ციტირება უკვე მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა მეცნიერმა თავის სტატიაში გამოიყენა ჩვენი შედეგები. ისე კი, ძალიან სპეციფიკური თემაა და მაინც და მაინც ამ სფეროს ირგვლივ თუ არ ატარებს ვინმე კვლევას, დიდად არც ექნება შეხება ჩემს სტატიასთან. ეს არის უბრალოდ, ერთი ნაწილი იმ ფიზიკისა, რასაც დღევანდელი მეცნიერები იკვლევენ (და, მგონი უკვე უფლებაც მაქვს, ვთქვა, ვიკვლევთ). ამჟამად, გრაფიკიდან გამომდინარე, სამეცნიერო სტატიაზე ნამდვილად არ ვმუშაობ.

-როგორც ვიცი, ამჟამადაც ბევრი აქტივობით გამოირჩევი, მოგვიყევი – რას საქმიანობ?

-ამჟამად მაგისტრატურაზე ვსწავლობ და  ცოტა ხნის წინ DAAD-ის გრანტი ავიღე. პარალელურად, რამდენიმე ადგილას ვმუშაობ და დროს ძირითადად „ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ ვატარებ, ფიზიკის მასწავლებელი ვარ, მეშვიდე კლასელებს ვასწავლი და პროცესში ძალიან ვერთობი. წინა სემესტრში „თავისუფალ უნივერსიტეტშიც“ ვასწავლიდი ფიზიკის სკოლის სტუდენტებს, ამასთანავე, მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით „ნებულას“ ფიზიკის კურსიც, რომელიც სულ მალე დაიდება განახლებულ საიტთან ერთად.

-საინტერესოა, სერიოზულად როდის დაინტერესდი ფიზიკის სფეროთი?

-ფიზიკით მეთორმეტე კლასის სულ ბოლო თვეებში დავინტერესდი, როცა სკოლის დამამთავრებელი გამოცდებისთვის ვემზადებოდი. ფიზიკა საერთოდ არ ვიცოდი და გადავწყვიტე, გამოცდისთვის ბატონ რამინ ჭელიძესთან მოვმზადებულიყავი, რომელიც კომაროვის სკოლაში ასწავლის. საოცარი ვინმეა რამინი, შეუძლია, ფიზიკა აიღოს და ისე მოგიყვეს, რომ არ გეყოს. ერთხელაც, ლირიკული გადახვევისას მითხრა, „ამას ხომ უნივერსიტეტში მაინც გასწავლიან და ჩვენ ჩვენს მასალას დავუბრუნდეთო“ ალბათ, არ ახსოვდა, რომ უნივერსიტეტში სულ სხვა ფაკულტეტს ვუმიზნებდი.  რეალურად, სწორედ მაშინ დავფიქრდი პირველად, ფიზიკაზე რომ ჩავაბარო, რა მაგარი იქნება-მეთქი. მაშინ გადავწყვიტე მართვა და სოციალური მეცნიერებები ფიზიკის სკოლით შემეცვალა, რაც დღემდე არ მინანია.

-საინტერესოა, როგორია შენი ცხოვრება სამეცნიერო სფეროს მიღმა.

-რამდენიმე ჰობი მაქვს – ვვარჯიშობ, ვხატავ, ვუკრავ. მე თუ მკითხავთ, როგორც არ უნდა გიყვარდეთ საკუთარი საქმე, თუ თქვენი ფხიზელი დროის 100%-ს უთმობთ, შედეგი ნამდვილად სავალალო იქნება. მე ძალიან მიყვარს ფიზიკა, მაგრამ ფიზიკითაც ხშირად „გადავმწვარვარ“. მახსოვს, მეოთხე კურსზე თითქმის ყველა საგანი ფიზიკას ეხებოდა. ერთადერთი დამატებითი საგანი მქონდა – ფრანგული ენა. უნდა გენახათ, როგორი ბედნიერებით შევდიოდი ფიზიკისგან გადაღლილი ფრანგულზე, სადაც განვიხილავდით, „მე რომ ხილი ვიყო, რომელი ხილი ვიქნებოდი“. ხანდახან, საყვარელი საქმისგანაც უნდა განვიტვირთოთ, რასაც პირნათლად ვასრულებ და ჯერჯერობით საწუწუნო არაფერი მაქვს.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოფიზიკა

მეცნიერები: ,,დიდი აფეთქება 2 სამყაროს არსებობას დაასრულებს“

ჩვენი სამყაროს არსებობა შესაძლოა ისევე დამთავრდეს, როგორც დაიწყო: დიდი, მოულოდნელი აფეთქებით.

ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკოსები ახლახან ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით იუწყებიან.  მათ აღმოაჩინეს, რომ ჰიგსის ბოზონის დესტაბილიზაციამ (ნაწილაკები, რომლებიც ნებას რთავს მრავალ იდენტურ ნაწილაკს იმყოფებოდეს ერთი და იმავე ადგილას ერთი და იმავე კვანტურ მდგომარეობაში) შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის აფეთქება, რომელიც მოიცავს ყველაფერს სამყაროში და ფიზიკისა და ქიმიის კანონებს გადაატრიალებს.

სამეცნიერო ჟურნალ ,,Physical Review D-ში, მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც დაანგარიშებულია სამყაროს დასასრულის თარიღი.

მათი მტკიცებით, ეს შესაძლოა 10139 წელიწადში, ან 10 მილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ წლის შემდეგ მოხდეს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკოსები 95 პროცენტით დარწმუნებულები არიან, რომ სამყარო დღეიდან სულ ცოტა  1058 წელს იარსებებს.

ჰიგსის ბოზონი 2012 წელს დიდი ადრონული კოლაიდერით აღმოაჩინეს. ნაწილაკის მასა(ან ენერგია) 126 გიგაელექტრონვოლტს შეადგენს. მეცნიერების ნაწილი აცხადებს, რომ ბოზონის მასა სამყაროს არასტაბილურობასა და შორეულ მომავალში მის უეჭველ დაშლაზე მეტყველებს. დაშლა ახალ დიდ აფეთქებასთან იქნება დაკავშირებული, რომელიც ახლანდელ სამყაროს გაანადგურებს.

მეცნიერების ვარაუდით, კოლაფსი შესაძლოა სამყაროს სიღრმეში შავი ხვრელის ირგვლივ სივრცე-დროის გამრუდებამ გამოიწვიოს. სივრცე-დროის გამრუდება ფიზიკის კანონებს თავდაყირა აყენებს და ნაწილაკების უცნაურ ურთიერთქმედებას იწვევს. მეცნიერები აცხადებენ, რომ შესაძლოა, კოლაფსი უკვე დაწყებულია და ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით და არც შეგვიძლია გავიგოთ იმის გამო, რომ ჰიგსის ბოზონის ნაწილაკი ძალიან შორს მდებარეობს და მეცნიერებს ანალიზის ჩატარების შესაძლებლობა არ აქვთ.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახლაგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მსოფლიოფიზიკა

სტივენ ჰოკინგს ნიუტონისა და დარვინის გვერდით დაკრძალავენ

ბრიტანელ მეცნიერს, სტივენ ჰოკინგს, ისააკ ნიუტონისა და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალავენ, კერძოდ, ვესტმინსტერის სააბატოში. ინფორმაცია სააბატოს ვეგვერდზე გამოქვეყნდა.

ჯერ უცნობია, ზუსტად როდის იგეგმება ცერემონია. იქამდე კი, ახლობლები ფიზიკოსს 31 მარტს კემბრიჯში უნივერსიტეტის ეკლესიაში კერძო ცერემოანიაზე დაემშვიდობებიან.

ჰოკინგი 14 მარტს კემბრიჯში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიბიზნესიფიზიკა

სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა:  „გახსოვდეთ, მუდამ მაღლა იყურეთ, უცქირეთ ვარსკვლავებს და არა დაბლა, თქვენს ფეხებს.“

ცნობილი ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მეცნიერის ოჯახმა უკვე დაადასტურა.

სტივენ ჰოკინგი დაიბადა ოქსფორდში 1942 წლის 8 იანვარს. 60-იანი წლებში, სტივენს გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის სიმპტომები აღმოაჩნდა, რამაც დამბლამდე მიიყვანა. ხოლო ტრაქეის ამოკვეთის შემდეგ, მან მეტყველების უნარიც დაკარგა. უწინასწარმეტყველებდნენ, რომ 30 წლის ასაკამდე იცოცხლებდა. მიუხედავად ფიზიკური შეზღუდვისა, ის უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

ჰოკინგის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად მიმართული იყო დიდი აფეთქების ფიზიკური საფუძვლების ახსნასა და შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამოკვლევისკენ.

როჯერ პენროუზთან ერთად მან დაასკვნა, რომ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით დრო და სივრცე შეიქმნა დიდი აფეთქების დროს. ამ შედეგებმა მოითხოვა ფარდობითობის თეორიისა და კვანტური მექანიკის სინთეზი.

ჰოკინგი იმედოვნებდა, რომ ფიზიკის ამ ორი დიდი თეორიის გაერთიანებით შესაძლებელი იქნება განხორციელდეს XX საუკუნის ფიზიკოსთა მისწრაფება შეიქმნას ბუნების ძალთა დიდი გაერთიანების თეორია.

სტივენ ჰოკინგის ცნობილი სამეცნიერო შრომებია „დროისა და სივრცის მსხვილმასშტაბური სტრუქტურა“, „ფარდობითობის ზოგადი ავტორის თეორია: აინშტაინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმოხილვა“, „გრავიტაციის 300 წელი”; ასევე წიგნები „დროის მოკლე ისტორია“, „შავი ხვრელები, ახალგაზრდა სამყარო“.

2013 წელს სტივენ ჰოკინგმა გამოსცა ავტობიოგრაფია ,,ჩემი მოკლე ისტორია”.

სტივენ ჰოკინგი „შავი ხვრელების“ წარმოშობას იკვლევდა და „დიდი აფეთქების“ შედეგად სამყაროს შექმნის თეორიის ავტორი იყო.

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოფიზიკა

„ინოვაციური ონლაინ პროექტი“ ფიზიკა-მათემატიკის ვიდეოგაკვეთილებს გვთავაზობს

„ინოვაციური ონლაინ პროექტი“ ცოტა ხნის წინ უცხოელი ბიზნესმენის ინიციატივით შეიქმნა და გარდა იმისა, რომ ცდილობს ფიზიკისა და მათემატიკისადმი ახალგაზრდებში ინტერესი გააღვივოს და მარტივად მიაწოდოს გარკვეული ცოდნა, ასევე – ძალიან ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდასაც აძლევს საშუალებას, რომ ჩაერთოს პროექტში როგორც ონლაინგაკვეთილების მოწვეული პედაგოგი. დაწვრილებითი დეტალების შესახებ უშუალოდ პროექტის მენეჯერი და მასწავლებელი, თამარ ღუღუნიშვილი გვიამბობს.

თამარ, უპირველეს ყოვლისა, გვიამბეთ რაში მდგომარეობსინოვაციური ონლაინ პროექტის“ არსი?

-ყველა სკოლა აძლევს განათლებას და ყველა წიგნი ცდილოს შთააგონოს და სწავლის სურვილი აღუძრას ადამიანს, მაგრამ ჩვენი მეთოდი განსხვავებულია სტანდარტული სწავლების დანარჩენი მეთოდებისგან. ინოვაციური ონლაინ პროექტის“ დანიშნულება „STEM-მიმართულების“ განვითარებაში მდგომარეობს. შესაბამისად, პირველ ეტაპზე დავიწყეთ მათემატიკის ვიდეოლექციების ჩაწერა, შემდეგ  კი დავამატეთ ახალი საგანიცფიზიკა.

დაფუძნებიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში პროექტი სატესტო ვერსიით ფუნქციონირებდა, თავდაპირველად პროექტში მიმიწვიეს მასწავლებელად, შემდგომში სპონსორის გადაწყვეტილებით შეიცვალა მენეჯმენტი, მოხდა რებრენდინგი და ამჟამად უკვე გაუმჯობესებული ხარისხით ვახორციელებთ ჩაწერებს, ასევე ვზრუნავთ პროექტის განვითარებაზე. გადაღებას, მონტაჟს და შემდგომ მის საზოგადოებისთვის მიწოდებას მე პირადად ვხელმძღვანელობ.

თამარ, როდის და ვისი ინიციატივით დაიწყოინოვაციური ონლაინ პროექტი“ ?

-პროექტი დაიწყო 3 წლის წინათ, ამერკელი ჯეიმს ო’კონორის ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერით. ჯეიმსი თვლის რომ ამ პროდუქტის მიწოდება ბევრ სიკეთეს მოუტანს ტექნიკური საგნებით დაინტერესებულ საზოგადოებას. ის აგრეთვე თვლის, რომ ეს პროდუქტი არის საზოგადოების საკუთრება და მისთვის მთავარი მოტივაცია სწორედ ის არის, როდესაც ხედავს  თუ როგორ იზრდება მნახველთა და გამომწერთა რაოდენობრა ყოველდღიურად.

-თქვენ მიერ მოწვეული ლექტორები საზოგადოებამ ნაწილობრივ უკვე გაიცნო, მისასალმებელია, რომ ძირითადად ახალგაზრდები არიან, მაინტერესებს რა კრიტერიუმებით არჩევთ პედაგოგებს?

 -ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ვიდეოლექციები კომპეტენტურმა ადამიანებმა ჩაატარონ, რათა ხარისხი გარანტირებული გვქონდეს და მაყურებლის ნდობა მოვიპოვოთ. თუმცა, ამავდროულად ვცდილობთ დავასაქმოთ ახალგაზრდა უკვე ძალიან წარმატებული მასწავლებლები. ფიზიკის მოწვეული პედაგოგები – ნათია ჯანდაგაშვილი, გიორგი კობახიძე და გელა პატაშური არაერთი ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან. ნამდვილად მისაბაძი ახალგაზრდები, რომლებსაც იმედია ჩვენი მაყურებელი სამომავლოდ მიბაძავს. ჩვენ მათ ვაკავშირებთ ისეთ ადამიანებთან,  რომლებიც სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევენ.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-ჩვენი პროექტი გათვლილია მუდმივ ზრდაზე, ადამიანური რესურსების მეტ ჩართულობასა და თანამედროვე მედიასაშუალებების უფრო ფართოდ გამოყენებაზე. ამ ეტაპისთვის, ამ რაოდენობის პერსონალით პროექტი გვაძლევს მეტი წარმატების გარანტიას და სამომავლოდ ვგეგმავთ ქიმიის გაკვეთილების დამატებასაც. პარალელურ რეჟიმში ვცდილობთ პროექტის მაქსიმალურ გავრცელებას, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენ შესახებ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოიწერონ ჩვენი Youtube არხი და ჩვენ მიერ ატვირთულ ყოველ ახალ ვიდეოს დროულად გაეცნონ.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოაფიზიკა

„თუ მომავალში კიდევ შეხვდებით ადამიანს, რომელიც უარყოფს კლიმატის საგრძნობ ცვლილებებს, გაგზავნეთ ვენერაზე, მე ვიხდი” – ჰოკინგი

ცნობილმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა განაცხადა, რომ დედამიწა დიდი საფრთხის წინაშე დგას, ის შიშობს, რომ ჩვენს პლანეტას დაახლოებით იგივე საშიშროება ემუქრება, რაც ოდესღაც  ვენერას.

გლობალური დათბობა ძალიან საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის ატმოსფერო დღითიდღე უფრო სუსტდება და ზიანდება, ძირითადი და ყველაზე მეტად საზიანოა ქარხნები, რომლებიც გამონაბოლქვებით აზიანებენ ატმოსფეროს.

მან განაცხადა, რომ: „თუ მომავალში თქვენ კიდევ შეხვდებით ადამიანს, რომელიც უარყოფს კლიმატის საგრძნობ ცვლილებებს, გაგზავნეთ ვენერაზე, მე ვიხდი“.

სხვა ექსპერტებიც არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ დედამიწაზე ტემპერატურა საგრძნობლად მატულობს, მაგრამ ჰოკინგისგან განსხვავებით, ისინი ამბობენ, რომ შესაძლებელია ყველაფრის კონტროლი ფიზიკის დახმარებით, რათა შენელდეს ტემპერატურის ცვალებადობა და არ მივიდეთ კატასტროფულ შედეგამდე.

წყარო: Dailymail.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოფიზიკა

გელა პატაშური – პირველკურსელი ფიზიკოსის საერთაშორისო წარმატებები და მასწავლებლობასთან შეთავსებული სტუდენტობა 

გელა პატაშური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელია, რომელიც GePhO-ს  (Georgian Physics Olympiad) ერთ-ერთი დამფუძნებელი, მმართველი გახლავთ  და ფიზიკის დარგში უკვე საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ოლიმპიადის პრიზიორიცაა.  დღეს სწავლასთან ერთად გელა ძალიან ბევრ პროექტსა თუ  საქმიანობაშია ჩართული, რომელთა შესახებაც ის თავად გვიამბობს.

 -გელა, საზოგადოებამ ახლოს „ინოვაციური ონლაინ პროექტის“ ფარგლებში გაგიცნო, სადაც  ფიზიკის მოწვეული პედაგოგი ხარ,  გვიამბე შენი პროფესიული საქმიანობის შესახებ.

-„ინოვაციური ონლაინ პროექტი“ ერთ-ერთი ამერიკელი ბიზნესმენის საკმაოდ  მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოში, რომელიც ორი წლის წინ შეიქმნა და გვთავაზობს სასწავლო ვიდეოლექციებს, რომლებიც გამოირჩევა თავისი ორიგინალური „გამჭვირვალე დაფით“, რითიც საკითხების გაგება მსმენელისთვის უფრო მარტივი და მოსახერხებელი ხდება. სამწუხაროდ, საქართველოში არსებულ სკოლებში ტექნიკური საგნებს არ ექცევა საკმარისი ყურადღება და ამ პროქტის მიზანი სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის ხელის შეწყობაა და მეც, ჩემი მხრიდან, ვცდილობ, საკუთარი წვლილი შევიტანო ამ საქმეში.

პარალელურად, ვეკუას სკოლაში საოლიმპიადო ფიზიკის წრის, ხოლო კომაროვის სკოლაში საოლიმპიადო ასტრონომიისა და ასტროფიზიკის წრის მასწავლებელი ვარ, მართალია, რთულია, ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება, მაგრამ მიხარია, რომ ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას სხვებს ვუზიარებ და ვეხმარები წარმატების მიღწევაში. ამის გარდა, თავადაც დიდ გამოცდილებას ვიღებ, ვსწავლობ ლაპარაკს, ჩემი აზრის გამოხატვას, ვეჩვევი სწორად მეტყველებას და ბავშვების დასმული კითხვების საშუალებით ფიზიკის საკითხებში უფრო ღრმად ვიხედები. უნივერსიტეტის პირველ კურსზე არის საკითხები, რაც უკვე ვიცი და ლექციებზე სიარული აღარ მიწევს, ამიტომ წელს შედარებით მეტი დრო მრჩება ამ ყველაფრისთვის.

-გარდა იმისა, რომ ბევრ საერთაშორისო ოლიმპიადაზე გვასახელე, ასევე – თარგმნე სავჩენკოს წიგნი „ამოცანები ფიზიკაში“, თარგმნის პროცესი კიდევ უფრო სხვა ცოდნასა და მიდგომებს მოითხოვს, რამ გადაგაწყვეტინა ეს ნაბიჯი გადაგედგა?

-კომაროვში ეროვნული და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებას ვიწყებთ სავჩენკოს წიგნით. ამ წიგნით ვსწავლობთ საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის მეთოდებს, რაც სიღრმისეულად გვარკვევს ფიზიკის მოვლენების მოქმედების პრინციპში და მის გამომწვევ მიზეზებში, მაგრამ ბავშვების უმეტესობამ რუსული არ იცის, რის გამოც, დამოუკიდებლად რთულია სავჩენკოს ამოცანების გაკეთება. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ბავშვებს რომ არც უჭირდეთ რუსული, აუცილებელია, რომ  ასეთი მნიშვნელოვანი წიგნი ქართულადაც იყოს ნათარგმნი, სწორედ ამიტომ წელს მთელი ზაფხულის განმავლობაში ვთარგმნიდი ამ წიგნს და ვამუშავებდი დიზაინს. წიგნის საწყისი თავები ქუთაისში რაზმაძეს სახელობის სკოლაში უკვე ნათარგმნი ჰქონდათ, დიდი ნაწილი კი მე ვთარგმნე და ბოლოს, როცა ძალიან გადავიღალე ექვსკაციანი ჯგუფი შევქმენი ჩემი კომაროველი მეგობრებისგან და ერთობლივი ძალით მთელი მასალა წარმატებით ითარგმნა. დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი ძალიან დაეხმარება ბავშვებსა თუ მასწავლებლებს და გაუადვილებს მათ სწავლების პროცესს.

-ფიზიკა არცთუ ისე ხშირად არის ბავშვების საყვარელი საგანი, მოგვიყევი, როდის დაინტერესდი პირველად ამ სფეროთი და როგორია შენი სამომავლო გეგმები?

– ბავშვობაში ვზარმაცობდი და სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, სანამ მეექვსე კლასში ფეხი არ  მოვიტეხე და რამდენიმე თვე სახლში მომიწია ყოფნა. ამ პერიოდში  წიგნების კითხვა დავიწყე, რამაც მთლიანად მომწყვიტა ჩემს ძველ ცხოვრებას და ცნობისმოყვარეობა გამიღვივა. ეს ინტერესი იმდენად ძლიერი  იყო, რომ მთლიანად მავიწყებდა გარშემომყოფებს, ერთადერთი, რასაც აზრი ეძლეოდა იყო სამყაროს არსზე, ადამიანთა რაობასა და ღმერთის არსებობა-არარსებობაზე ფიქრი. სკოლაში ფიზიკის სწავლა მერვე კლასში დავიწყეთ, კარგად მახსოვს პირველი ფიზიკის გაკვეთილი.  მასწავლებელი ხსნიდა რა საკითხებს შეისწავლიდა ფიზიკა, მე კი გაკვირვებისგან თავს ვეღარ ვიკავებდი, ვიგრძენი რიმ მზად ვიყავი ამ საკითხებზე ფიქრისთვის ცხოვრება მიმეძღვნა. გაკვეთილი რომ დამთავრდა – უკვე მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი ფიზიკოსობა. იმის მერე დღე არ გასულა, რომ ფიზიკა არ მემეცადინა. მეცხრე კლასში კომაროვში ჩავაბრე. ამ სკოლამ ფიზიკის მაღალ დონეზე სწავლასთან ერთად, საშუალება მომცა საერთაშორისო ოლიმპიადებზეც მიმეღო მონაწილეობა, სადაც უამრავი ჩემნაირად დაინტერესებული ბავშვი აღმოვაჩინე და დიდი გამოცდილება მივიღე – როგორც პროფესიულად, ისე ცხოვრებისეულად.

  სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა შემოქმედი მეცნიერი დავდგე, რომელიც არ დასჯერდება უბრალოდ ცოდნას, არამედ იფიქრებს თანამედროვე გადაუჭრელ საკითხებზე, რომელიც იფიქრებს აღმოჩენებზე და დატოვებს თავის კვალს კაცობრიობის ისტორიაში. სწორედ ეს არის ჩემი სამომავლო პროფესია და ეს არის ჩემი სამომავლო მიზანი.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწატექნოლოგიებიფიზიკა

ჰოკინგი: ,,დედამიწას განადგურება ემუქრება, მისი ალტერნატივა ალფა კენტავრია”

 ,,კაცობრიობა უახლოეს 600 წელიწადში დედამიწას გაანადგურებს,”- ამს შესახებ ცნობილმა პროფესორმა – სტივენ ჰოკინგმა პეკინში გამართულ ,,Tencent WE Summit-ზე“ განაცხადა.

ცნობილი ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდა და ენერგიაზე გაზრდილი მოითხოვნა კატასტროფას გამოიწვევს და დედამიწა ავარვარებულ ცეცხლოვან ბურთად გადაიქცევა.

ჰოკინგის თქმით, კაცობრიობამ უნდა დაიწყოს დედამიწის ალტერნატივის ძებნა. ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით საუკეთესო კანდიდატია ,,ალფა კენტავრი“.

ბრიტანელი კოსმოლოგი, რომელსაც 21 წლის ასაკში მოტონეირონის დიაგნოზი დაუსვეს, Breakthrough Starshot-ის პროექტს უჭერს მხარს. პროექტის მიზანი ალფა კენტავრიზე ნანოკრაფტის გაგზავნაა.

,,ამ ინოვაციის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვექნება სისტემა, რომლითაც შესაძლებელი იქნება მარსზე საათზე ნაკლებ დროში, პლუტონზე რამდენიმე დღეში, ალფა კენტავრიზე კი 20 წელიწადში მისვლა. 

ალფა კენტავრის ვარსკვლავი დედამიწიდან 25 ტრილიონი მილით (4.37  სინათლის წლითაა) დაშორებული. თანამედროვე უსწრაფეს კოსმოსურ ხომალდს იქამდე მისაღწევად დაახლოებით 30,000 წელი დასჭირდება.

ასტრონომები მიიჩნევენ, რომ ალფა კენტავრის სამვარსკვლავიან სისტემაში დედამიწის მსგავსი პლანეტის არსებობის შესაძლებლობაა.

სტივენ ჰოკინგს სხვადასხვა შინაარსის გამაფრთხილებელი განცხადება არაერთხელ გაუკეთებია. ლისაბონში გამართულ სამიტზე – 2017 Web Summit-ი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60 000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, ჰოკინგმა განაცხადა, რომ კაცობრიობა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის დაძლევა მოახერხოს, რათა შეწყდეს რობოტების მიერ ადამიანების ჩანაცვლება. თუმცა, ფიზიკოსი ხელოვნური ინტელექტის დადებით მხარეებსაც არ უარყოფს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი საფრთხეს უქმნის მილიონობით სამუშაო ადგილს, მისი გამოყენება ასევე მსოფლიოს კეთილდღეობისთვისაცაა შესაძლებელი, მაგალითად: სხვადასხვა დაავადებისა და სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჰოკინგის თქმით, რომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმაში, რომ თანამედროვე და მომავალი თაობა მეცნიერების შესწავლაში სრულად ჩაერთოს.

,,ვიმედოვნებთ, რომ ეს კაცობრიობისთვის უკეთესი სამყაროს შექმნას შეუწყობს ხელს,” – აცხადებს ჰოკინგი.

წყარო:  Dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6
Page 4 of 6