close

მედიცინა

მედიცინატექნოლოგიები

პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება — როგორ

შეიმუშავეს პირის ღრუს ტესტი, რომელიც გვეუბნება, თუ როდის მოვკვდებით.

მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა იმის დასადგენად, თუ როდის შეიძლება მოკვდეთ.

საუბარია ბიოლოგიური ასაკის გაშიფვრაზე — CheekAge-ზე, რომელიც კომპანია Tally Health-ის მიერ არის შემუშავებული. ეს არის ე.წ. “ეპიგენეტიკური საათის” ტექნოლოგიის გაცილებით ნაკლებად ინვაზიური ვერსია. მას მეცნიერები იმის გასაგებად იყენებენ, თუ რამდენად სწრაფად ბერდება ადამიანი.

როგორც წესი, დაბერების ტემპს განსაზღვრავს როგორც გენეტიკური ფაქტორები, ისე ცხოვრების სტილი. რასის, ეპიგენეტიკური ფაქტორებისა და გარემო ფაქტორებიდან მეცნიერებს დიდი სიზუსტით შეუძლიათ განსაზღვრონ ის, თუ რა ტემპით დავბერდებით.

მარტივად რომ ვთქვათ: მეცნიერებს შეუძლიათ გვითხრან, როდის მოვკვდებით. წარსულში ეს პროცესი მოიცავდა სისხლის ქსოვილის ნიმუშების აღებას ან სხვა კომპლექსურ კვლევებს.

ნაკლებად ინვაზიური გადაწყვეტის ძიებისას, ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანიის მკვლევრებმა არა მხოლოდ ახალი მეთოდოლოგია გამოიგონეს, არამედ მის წარმოებაში ჩაშვებასაც აპირებენ.

Tally Health-ის მკვლევრებმა დროთა განმავლობაში საკმარისი ბიომარკერები დაამუშავეს, რათა საკუთარი ეპიგენეტიკური საათის კრიტერიუმები შეემუშავებინათ.

ახალ კვლევაში, რომელიც ჟურნალ Frontiers in Aging-ში გამოქვეყნდა, Tally-ის ექსპერტებმა განმარტეს, რომ შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელსაც დნმ-ის მეთილიერება შეუძლია. ტექნოლოგია ამას ლოყის ნაცხის გააანალიზებით ახერხებს. სწორედ ასეა შესაძლებელი იმის დადგენა, თუ რამდენად ადრე ბერდება ადამიანი.

“ამ მარტივი მეთოდით (პირის ღრუს ტესტით) ყველას შეეძლება საკუთარი დაბერების ბიოლოგიის შესწავლა”, — აღნიშნულია კვლევაში.

მკვლევრების თქმით, პირის ღრუს ნაცხი დაახლოებით 250 დოლარი ეღირება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა ქაღალდის ინდუსტრიის ნარჩენებისგან ტკივილგამაყუჩებლები დაამზადეს

ბათის უნივერსიტეტის (University of Bath, UK) მკვლევრებმა იბუპროფენისა და სხვა ტკივილგამაყუჩებლების დასამზადებლად ქაღალდის წარმოების ნარჩენები გამოიყენეს.

სამეცნიერო ჟურნალ ChemSusChem-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერთა ჯგუფი ამ მეთოდით პარაცეტამოლისა და იბუპროფენის წარმოებას აღწერს. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მწარმოებლების უმეტესობა დღეს ამ მიზნით ნედლი ნავთობისგან მიღებულ ქიმიურ პრეკურსორებს იყენებს.

2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, წამლის მწარმოებელი კომპანიები საავტომობილო ინდუსტრიაზე უფრო მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფენ. მიუხედავად გარემოზე შესაძლო პოზიტიური გავლენისა, ტკივილგამაყუჩებელი წამლების ამ გზით წარმოება უფრო ძვირია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

დასახელდა პროდუქტი, რომელიც ნაწლავების კიბოს განვითარების რისკს ამცირებს

კიბოს შესწავლის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ნაწლავების კიბოს განვითარების რისკი შემცირდება, თუ კვირაში 3-ჯერ თევზს მივირთმევთ. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.

როგორც გამოცემა წერს, კვლევა 15 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ევროპაში მცხოვრები 476 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებში, რომლებიც თევზს ხშირად მიირთმევენ, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი 12%-ით ნაკლები იყო. ამასთან, მნიშვნელობა არ ჰქონდა ცხიმიან თევზს მიირთმევდნენ ისინი თუ უცხიმოს.

მეცნიერები ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ თევზი შეიცავს ცხიმიან მჟავეებს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ფუტკრის შხამში შემავალმა მოლეკულამ ლაბორატორიაში ძუძუს კიბოს უჯრედები გაანადგურა

მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ჩვენგანს ფუტკრის ნესტართან მწარე გამოცდილება გვაქვს, მათი ეს იარაღი შეიძლება იმაზე მეტი იყოს, ვიდრე უბრალოდ უსიამოვნება. ახალი ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ ფუტკრის შხამში აღმოჩენილ მოლეკულას შეუძლია ჩაახშოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კიბოს უჯრედების ზრდა.

კვლევა ფოკუსირებული იყო ძუძუს კიბოს გარკვეულ ქვეტიპებზე, მათ შორის ძუძუს სამმაგ ნეგატიურ კიბოზე (TNBC), რომელიც წარმოუდგენლად აგრესიულია და მის წინააღმდეგ მკურნალობის დიდი არჩევანიც არ არის.

ძუძუს კიბოების 15 პროცენტი ძუძუს სამმაგ ნეგატიურ კიბოზე მოდის. მრავალ შემთხვევაში, მისი უჯრედები მოლეკულას, სახელად EGFR-ს, იმაზე დიდი რაოდენობით წარმოქმნის, ვიდრე ჩვეულებრივი უჯრედები. ამ მოლეკულის მიზანში ამოსაღებად პრეპარატების შექმნის ყოველი წინა მცდელობა არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან ისინი უარყოფითად მოქმედებდნენ ჯანმრთელ უჯრედებზეც.

მეთაფლია ფუტკრის (Apis mellifera) შხამმა უკვე აჩვენა პოტენციალი სხვა სამედიცინო თერაპიებში, მაგალითად, ეგზემას მკურნალობაში; ასევე ცნობილი იყო, რომ აქვს სიმსივნის, მათ შორის მელანომას საწინააღმდეგო გარკვეული თვისებები. თუმცა, გაურკვეველი რჩებოდა, როგორ მოქმედებს ის სიმსივნეების წინააღმდეგ მოლეკულურ დონეზე. ამჯერად, ამ მიმართულებით უზარმაზარი ნაბიჯი გადაიდგა წინ.

საკუთარ პათოგენებთან საბრძოლველად, ფუტკრები იყენებენ მელიტინს — მოლეკულას, რომელიც მათი შხამის ნახევარს შეადგენს და რაც მათ ნაკბენს საკმაოდ მტკივნეულს ხდის. მწერები ამ პეპტიდს აწარმოებენ არა მხოლოდ შხამში, არამედ ქსოვილებშიც, სადაც ის ინფექციების საპასუხოდ გამოიყენება.

ამ მოლეკულის შესასწავლად, მკვლევრებმა ლაბორატორიაში გამოზრდილი კიბოს უჯრედები და ჩვეულებრივი უჯრედები დაამუშავეს ირლანდიური, ინგლისური და ავსტრიული მეთაფლია ფუტკების შხამით და ინგლისური ბაზის (ფუტკრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, Bombus terrestris) შხამით.

აღმოჩნდა, რომ ბაზის შხამს, რომელიც არ შეიცავს მელიტინს, მაგრამ აქვს უჯრედის პოტენციური მკვლელი სხვა საშუალებები — მცირე ეფექტი ჰქონდა ძუძუს კიბოს უჯრედებზე, მაგრამ სრულიად სხვანაირი აღმოჩნდა მეთაფლია ფუტკრის შხამი ზემოთ ხსენებული ყველა ადგილიდან.

„შხამი უკიდურესად ძლიერმოქმედი იყო. აღმოვაჩინეთ, რომ მელიტინს შეუძლია 60 წუთში მთლიანად გაანადგუროს კიბოს უჯრედის მემბრანა“, — ამბობს ჰარი პერკინსის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი კიარა დაფი.

როდესაც მელიტინი ანტისხეულით დაბლოკეს, კიბოს უჯრედები შხამს გადაურჩა, რითაც დამტკიცდა, რომ შხამის კომპონენტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ადრეული ცდების შედეგებზე, ნამდვილად მელიტინია.

ამ ყველაფერში საუკეთესო ამბავი კი ის არის, რომ მელიტინს მცირე გავლენა აქვს ჩვეულებრივ უჯრედებზე, კონკრეტულად კი მიზანში ამოღების უჯრედებზე, რომლებიც აწარმოებენ დიდი ოდენობით EGFR-სა და HER2-ს — კიდევ სხვა მოლეკულებს, რომლებსაც ჭარბად წარმოქმნიან ძუძუს კინოს გარკვეული ტიპები; მელიტინმა სრულიად მოშალა კიბოს უჯრედების გამრავლების უნარიც.

„ეს კვლევა წარმოაჩენს, როგორ აბრკოლებს მელიტინი სასიგნალო გზებს ძუძუს კიბოებში, რითაც ამცირებს უჯრედების გამრავლებას“, — ამბობს დასავლეთ ავსტრალიის უფროსი მეცნიერი პიტერ კლინკენი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

უფრო მყარი დასკვნისთვის, ჯგუფმა ასევე დაამზადა მელიტინის სინთეთიკური ვერსია, რაღა ენახათ, რამდენად განსხვავებული იქნებოდა მისი მოქმედება რეალური მელიტინისგან.

დაფის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ სინთეთიკურმა პროდუქტმა ფუტკრის შხამის კიბოსსაწინააღმდეგო თვისებათა უმეტესობა გაიმეორა.

ამის შემდეგ, დაფიმ და მისმა ჯგუფმა თაგვებში შეამოწმეს მელიტინისა და ქიმიოთერაპიის პრეპარატების ერთობლივი მოქმედება. ექსპერიმენტულმა მკურნალობამ შეამცირა იმ მოლეკულების რაოდენობა, რომლებსაც კიბოს უჯრედები იმუნური სისტემისგან თავის დასაღწევად იყენებენ.

„დავადგინეთ, რომ ძუძუს კიბოს ძლიერ აგრესიული ტიპების სამკურნალოდ, მელიტინის გამოყენება შესაძლებელია პატარა მოლეკულებად ან ქიმიოთერაპიის სახით, მაგალითად, პრეპარატ დოცეტაქსელში. თაგვებში სიმსივნის ზრდის შესამცირებლად წარმოუდგენლად ეფექტიანი აღმოჩნდა მელიტინისა და დოცეტაქსელის კომბინაცია“, — განმარტავს დაფი.

EGFR და HER2 მოლეკულების ძლიერი ექსპრესია ასევე შეიმჩნევა სხვა ტიპის კიბოებშიც, მათ შორის, ფილტვის კიბოში; როგორც ეს კვლევა მიუთითებს, მლიტინის პოტენციური სამიზნე შეიძლება, ეს კიბოც იყოს.

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლაბორატორიაში, პეტრის თეფშზე კიბოს მოკვლა ძალიან ბევრ რამეს შეუძლია და მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ჯერ კიდევ დიდი გზაა იქამდე, ვიდრე ფუტკრის შხამის ამ მოლეკულას ადამიანებში კიბოს სამკურნალოდ გამოვიყენებთ.

მკვლევართა განცხადებით, ადამიანებში ცდების დაწყებამდე, საჭიროა ოფიციალურად შეფასდეს ამ პეპტიდების ტოქსიკურობა და უსაფრთხო დოზის მაქსიმუმი.

თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, მწერების ეს საოცარი იარაღი კიდევ ერთი გასაოცარი მაგალითია იმისა, რომ ადამიანთა დაავადებების სამკურნალო ქიმიური ნივთიერებები ხშირად ბუნებაში მოიპოვება. აქვე აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სხვა მრავალ ქმნილებათა მსგავსად, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები დღეს თავად მეთაფლია ფუტკრებსაც აწუხებთ.

კვლევა ჟურნალ Nature Precision Oncology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია perkins.org.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ძუძუს კიბოს საცდელმა პრეპარატმა თაგვებში სიმსივნე მხოლოდ ერთი დოზით გაანადგურა

ძუძუს კიბოს ესტროგენის რეცეპტორ პოზიტიური (ER+) ფორმის მკურნალობა ხშირად რთულ და ხანგრძლივ პროცესს მოითხოვს. ის, ძირითადად, ქირურგიულ ჩარევებსა და მრავალწლიან ჰორმონალურ თერაპიას გულისხმობს, რომელიც, თავის მხრივ, არაერთ უსიამოვნო გვერდით ეფექტს იწვევს. ამის მიუხედავად, ბოლო კვლევა ახალი გზის აღმოჩენის იმედს აჩენს.

თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ მოლეკულურმა საცდელმა პრეპარატმა სხვადასხვა ზომის სიმსივნის სრული ან თითქმის სრული განადგურება ერთჯერადი დოზით შეძლო.

ძუძუს კიბო სიმსივნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. მართალია, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების წყალობით გადარჩენის შანსი გაიზარდა, მაგრამ ეს თერაპიები სრულყოფილი არაა. ER+ კიბოს შემთხვევაში, სიმსივნის ზრდას ჰორმონ ესტროგენის მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორები განაპირობებს. მის საწინააღმდეგოდ მიმართულ ჰორმონალურ თერაპიას ხშირად მთელი ორგანიზმისთვის მძიმე შედეგები მოაქვს, როგორიცაა ტკივილი, სქესობრივი დისფუნქცია, ქრონიკული დაღლილობა და ძვლების სისუსტე. ზოგიერთი პაციენტისთვის ის ენდომეტრიული კიბოს განვითარების რისკსაც ზრდის, თანაც მკურნალობის მიუხედავად მაინც არსებობს მაღალი შანსი, რომ დაავადება ხუთი წლის განმავლობაში განმეორდეს.

მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ ისეთ პრეპარატზე, რომელიც მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებზე იმოქმედებს და მინიმალური გვერდითი ეფექტი ექნება. ერთ-ერთი ასეთი კვლევის ავტორი პოლ ჰერგენროთერია, რომელმაც თავის გუნდთან ერთად პრეპარატი ErSO შექმნა. ის სიმსივნურ უჯრედებს ნეკროზის პროცესის გზით ანადგურებს, თუმცა მისი საწყისი ფორმა გარკვეულ არასასურველ სიმპტომებს იწვევდა. მათ აღმოსაფხვრელად სპეციალისტებმა მედიკამენტის ახალი ვერსია, ErSO-TFPy, შექმნეს, რომელიც სიმსივნეების განადგურებას გვერდითი ეფექტების გარეშე ახერხებს.

თაგვებზე ჩატარებული კვლევის დროს, ER+ ძუძუს კიბოს სამი განსხვავებული მოდელის საფუძველზე, ErSO-TFPy-ს ერთჯერადი დოზა საკმარისი აღმოჩნდა, რომ სიმსივნეები სრულად ან თითქმის სრულად გამქრალიყო. უფრო მეტიც, პრეპარატმა მინიმალური გვერდითი ეფექტი აჩვენა არა მხოლოდ თაგვებში, არამედ ვირთხებსა და ძაღლებშიც.

ეს მიღწევა იმედის მომცემია, რადგან ერთჯერადი ან რამდენიმე დოზით მკურნალობა პაციენტებს მრავალწლიანი თერაპიის საჭიროებისგან ათავისუფლებს და გვერდითი მოვლენების ალბათობას ამცირებს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი მკურნალობა ძუძუს კიბოს თერაპიის სფეროს რადიკალურად შეცვლის.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს ისიც, რომ ამ ეტაპზე კვლევის შედეგები მხოლოდ ცხოველთა მონაცემებს ეფუძნება. ErSO-TFPy ადამიანის ER+ უჯრედებს ლაბორატორიულ პირობებში ეფექტიანად ანადგურებს, მაგრამ ყოველთვის გარანტირებული არ არის, რომ ცხოველის ან უჯრედული მოდელის შედეგები ცოცხალ ადამიანზეც იმავენაირად გავრცელდება.

მართალია, კვლევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა მეცნიერები მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

გამოავლინეს გენები, რომლებიც კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული

 ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ასობით გენი აღმოაჩინეს, რომლებიც პოტენციურად კიბოს იწვევს.

კიბო, როგორც წესი, გენეტიკურ კოდში გარკვეული ცვლილებებით ჩნდება. ეს უჯრედებს მის მართვაში უშლის ხელს. ამ შეფერხებების აღმოფხვრამ შეიძლება თავიდან აიცილოს სიმსივნის გავრცელება.

დღეისათვის ცნობილია 600-ზე მეტი გენი, რომელიც კიბოს იწვევს. ეს მაშინ ხდება, როდესაც მათი თანმიმდევრობა მუტაციისას ზიანდება. თუმცა, კიბო შეიძლება სხვა გზებითაც განვითარდეს.

წინა კვლევებისას თავად დნმ-ის თანდაყოლილი ანომალიები შეისწავლეს, თუმცა ამჯერად, უშუალოდ იმ ანომალიებს დააკვირდნენ, რომლებიც დნმ-იდან ინსტრუქციების გადაცემისას წარმოიქმნება.

ესპანეთში, ბარსელონას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (BIST) მკვლევრებმა გამოიყენეს ალგორითმები, რათა გამოევლინათ შეცდომები გენეტიკურ კოდში. ეს შეცდომები დაკავშირებულია ეგზონებთან: გენეტიკური მიმდევრობის ნაწილებთან, რომლებიც პირდაპირ ითარგმნება ცილებად.

მკვლევრებმა ალგორითმები იმ 813 გენის დასადგენად გამოიყენეს, რომლებიც შერწყმისას კიბოს გაჩენას უწყობს ხელს. შედეგად შეადგინეს კიბოს “წამახალისებელი” გენების სია, რომელიც აქამდე უკვე ცნობილ 626 გენს ეფუძნება.

„ეს არ არის კლასიკური ონკოგენები, არამედ წარმოადგენს კიბოს პოტენციურად წარმომქმნელ სრულიად ახალ კლასს”, – აღნიშნულია კვლევაში.

მკვლევრებს ახლა იმის თქმაც შეუძლიათ, თუ რომელი გენი უფრო სახიფათოა და რომელი უფრო უწყობს ხელს კიბოს განვითარებას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

თვალის გუგებზე დაკვირვებით, გულის უკმარისობით გარდაუვალი სიკვდილის დადგენა შეიძლება

ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორ უნდა დადგინდეს გარდაუვალი სიკვდილი თვალებზე დაკვირვებით. ექიმებმა  დაადგინეს, რომ თუ გუგები პატარავდება, გულის უკმარისობით სიკვდილის ალბათობა იზრდება.

კიტასატოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მკვლევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანების თვალებს შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ მათი მოახლოებული სიკვდილი, გულის უკმარისობის გამო. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა კარდიოლოგიისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ცნობილ ევროპულ პუბლიკაციაში.

მეცნიერებმა შეისწავლეს 870 პაციენტის გუგის ზომა და შემდეგ ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ.  კვლევის შედეგად მათ დაადგინეს, რომ გულის უკმარისობით დაავადებული ადამიანები, რომელთაც პატარა გუგები ჰქონდათ, 2-ჯერ უფრო ხშირად იღუპებოდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც დიდი გუგები აქვთ.

გარდა ამისა, პაციენტები პატარა გუგებით, დაბრუნდნენ კლინიკაში შემთხვევათა 50%-ში. მსხვილი გუგებით კი 28%.

კვლევის წამყვანი ავტორის, დოქტორი კოჰეი ნოზაკის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ გუგების ანალიზი არის ახალი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ სიკვდილის ან შემდგომი ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის მქონე პაციენტების იდენტიფიცირებაში. ეს ხელს უწყობს დროულ ჩარევას და გავლენას ახდენს პერსპექტივაზე.

გარდა ამისა, იაპონელმა მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ გუგებზე დაკვირვება სხვა დაავადებების დიაგნოსტირებისთვისაც გამოიყენება. მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადება.
ქრონიკული ფორმა ვითარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. იგი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:

ქოშინი;
შეშუპება;
დაღლილობა და ა.შ.
გულის უკმარისობის გამო საავადმყოფოში მოთავსებული ადამიანების 45%-მდე იღუპება ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები იღუპებიან ჰოსპიტალიზაციის შემდეგ 5 წლის განმავლობაში.

ამიტომ, ნოზაკის აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი მეთოდების მოძიება, რომლითაც შესაძლებელი იქნება პაციენტების იდენტიფიცირება, რომლებიც დიდი ალბათობით დაიღუპებიან ან დაბრუნდებიან კლინიკაში. თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გულის უკმარისობის რისკი არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობით, არამედ მარილის მიღების შეზღუდვით დღეში არაუმეტეს 5 გრამით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში რობოტმა ქალს ფილტვების გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარა

აშშ-ში პირველი უნიკალური ოპერაცია ჩატარდა – ქალს, რომელიც ქრონიკული დაავადებით იტანჯებოდა ორივე ფილტვი რობოტის დახმარებით გადაუნერგეს, – იუწყება ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრი NYU Langone Health.

შერილ მერკარი 57 წლისაა და თვითონაც ექიმია. მას ათ წელიწადზე მეტია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვს. დაავადება განსაკუთრებით კორონავირუსის გადატანის შემდეგ გამწვავდა და მისი მდგომარეობა დამძიმდა.

ოპერაცია ერთი თვის წინ ჩატარდა და მერკარი უკვე კლინიკიდან გამოწერისთვის ემზადება.

ექიმების თქმით, ამ მეთოდის მეშვეობით მათ ეძლევათ საშუალება მაქსიმალურად წარმატებით ჩაატარონ ოპერაცია, შეამცირონ ნეგატიური შედეგები, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას მოჰყვება.

შერილ მერკარი თავს ფანტასტიკურად გრძნობს. მისი თქმით, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ შეძლებდა თავისუფლად სუნთქვას და სიცოცხლის მეორე შანსი მიეცემოდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ახალი ვირუსით დაინფიცირებული 26 შემთხვევიდან 8 ფატალურად დასრულდა – ჯანმო განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ჯანმო ახალი ვირუსის, მარბურგის, შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

2024 წლის 27 სექტემბერს რუანდას ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მარბურგის ვირუსული დაავადების (MVD) შემთხვევები.

2024 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით, დადასტურებულია სულ 26 შემთხვევა, მათ შორის 8 გარდაცვალება. შემთხვევები დაფიქსირებულია ქვეყნის 30 რაიონიდან 7-ში. დადასტურებული შემთხვევებიდან 70%-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკები არიან.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარბურგის ვირუსი რუანდაში დაფიქსირდა.

ამჟამად, არ არსებობს ხელმისაწვდომი მკურნალობა ან ვაქცინა მარბურგის ვირუსისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მარბურგის მსგავსი სიმპტომები, დროულად მიმართონ ექიმს, რათა მიიღონ მხარდამჭერი მკურნალობა, რაც პაციენტთა გადარჩენის შანსს ზრდის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ყველაფერი ვირუსზე, რომელიც ახლა ბავშვებში ცირკულირებს – ნახეთ, დეტალური ინფორმაცია

ბოლო პერიოდში სეზონური ვირუსები განსაკუთრებით გააქტიურდა და უამრავი ადამიანი მაღალ ტემპერატურას, ყელის ტკივილს, ხველასა და რესპირატორული ინფექციებისათვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებს უჩივის.

ამასთან არის ბავშვებში გავრცელებული ვირუსი, სახელწოდებით ( კოკსაკი ) რომელიც სახეზე და ხელ-ფეხის მიდამოზე გამონაყარით ვლინდება.

ნახეთ, დეტალური ინფორმაცია: 

ენტეროვირუსების ჯგუფში ( და არა ნაწლავთა ვირუსული ინფექციები: როტავირუსი, ნოროვირუსი, ასტროვირუსი, საპოვირუსი, ენტერო-ადენოვირუსი) შედის პოლიომიელიტის, ECHO, ენტეროვირუსი 68-71 ტიპი და კოკსაკის A და B ვირუსები.

კოკსაკის ვირუსის იდენტიფიცირება  მოხდა ნიუიორკის შტატის ქალაქ კოკსაკში, საიდანაც მოდის მისი სახელწოდება.  ენტეროვირუსული ინფექციები გავრცელებულია ყველგან. ზომიერი კლიმატისა და სუბტროპიკულ ქვეყნებში (მათ შორის საქართველო) ენტეროვირუსულ ინფექციებს გააჩნიათ სეზონურობა და ეპიდემიური პიკები გვხვდება ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე. ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში კოკსაკის ვირუსი ცირკულირებს  მთელი წლის განმავლობაში. 40-45% გვხვდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ძუძუთი კვება მკვეთრად ამცირებს დაავადების რისკს. ყველაზე მოწყვლადი 5 წლამდე ასაკის ბავშვთა კონტიგენტია.

დაავადების ერთადერთი წყაროა დაავადებული ან ვირუსმტარებელი ადამიანი. გადაცემის მექანიზმია ფეკალურ-ორალური, საყოფაცხოვრებო ან ჰაერ-წვეთოვანი. დაბინძურებული შეიძლება იყოს საცურაო აუზის წყალი, სათამაშოები, საყოფაცხოვრებო საგნები, ქვიშის სათამაშო მოედნები და ა.შ. ინკუბაციური პერიოდია 3-დან 6 დღემდე.

ენტეროვირუსული ინფექციების კლინიკური გამოვლინებები მრავალფეროვანია- უსიმპტომო მიმდინარეობიდან იშვიათად მძიმე (მენინგიტი, კარდიტი, ართრიტი, მენინგოენცეფალიტი) დაავადებებამდე.

კოკსაკის ვირუსი კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს:

არასპეციფიკური ენტეროვირუსული ცხელებით 38.5-40◦C-მდე, გაღიზიანებადობით, თავის ტკივილით, ღებინებით, საერთო სისუსტით, ანორექსიით, ადინამიით.
ხელ-ფეხ-პირის დაავადება (Hand Foot and Mouth Disease)- ვეზიკულურ – წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი ფეხის, ხელის გულებზე და პირის ირგვლივ .
ჰერპანგინა- ე.წ. ენტეროვირუსული ვეზიკულური ფარინგიტი, რომელიც ხშირად ეშლებათ ბაქტერიულ ანგინაში.
ენტეროვირუსული სტომატიტი
ენტეროვირუსული ეგზანთემა-ლაქოვან პაპულოზური გამონაყარი კანზე
ჰემორაგიული კონიუქტივიტი
ენტეროვირუსული (კოკსაკი მათ შორის) ინფექციების დროს ტარდება სიმპტომური მკურნალობა. ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება, მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების თანდართვისას. შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში პროგნოზი კეთილსაიმედოა და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად.

ვაქცინო-პროფილაქტიკა, გარდა პოლიომიელიტის ვირუსისა არ არსებობს. დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა:

ხშირად დაიბანეთ ხელები საკვების მიღების წინ, ჰიგიენური პროცედურების შემდეგ და სეირნობიდან დაბრუნებისთანავე.
სასმელად გამოიყენეთ ბუტილირებული ან ადუღებული წყალი. ( თუ არ არის ინფორმაცია სასმელი წყლის ვარგისიანობის შესახებ).
არ გამოიყენოთ მშრალი ყინული ბავშვებში  წყლის ან გაზირებული სასმელის გასაგრილებლად.
დაიცავით საკვების შენახვის ტემპერატურული პირობები. მიირთვით მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის ვადაც  ცნობილია საკვებად არ გამოიყენოთ მაღალ ტემპერატურაზე დიდხანს დასაწყობებული ხილი (მათ შორის საზამთრო, ნესვი)
საგულდაგულოდ გარეცხეთ ხილი, კენკრა, ბოსტნეული და ბაღჩეული.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილირებამდე შეზღუდეთ ბავშვების ისეთ აუზებში შესვლა , რომლებშიც არ არის დაცული სანიტარული ნორმები (არ იქლორება ყოველდღე, არ იონიზირდება ა.შ.) ქვიშის მოედნებზე თამაში. აუზში შესვლისას განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებს მაქსიმალურად ყურადღება მიაქციეთ, რომ არ გადაყლაპონ დაბინძურებული წყალი.
გამოიყენეთ ერთჯერადი პირადი მოხმარების საგნები (ხელსახოცები, ცხვირსახოცები და ა.შ.) მოხმარებისთანავე ისინი მოათავსეთ დახურულ ნაგვის ყუთებში.
პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა თქვენ და თქვენს შვილებს თავიდან ააცილებს, როგორც ენტეროვირუსულ ისე უამრავ სხვა ინფექციებსაც.

წყარო ევექსი. 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7 96
Page 5 of 96