close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

მეცნიერები ვიტამინების მოხმარებასა და კიბოს რისკს შორის კავშირზე საუბრობენ

ცალკეული ვიტამინების მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა გავლენა მოახდინოს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკზე – ასეთ დასკვნას აკეთებენ მეცნიერების ჯგუფი, რომლებიც აშშ-ის ჯანმრთელობისა და კვების ეროვნული კვლევის (NHANES) 2003–2016 წლების მონაცემების ფართომასშტაბიან ანალიზს ეყრდნობიან. კვლევამ მოიცვა 29 ათასზე მეტი ზრდასრული ადამიანი, რომელთაგან თითქმის 3 ათასს კიბოს დიაგნოზი ჰქონდა. ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში Frontiers in Nutrition.

ანალიზმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ვიტამინ B3-ს ყველაზე მაღალი ოდენობით იღებდნენ, ონკოლოგიური დაავადების არსებობის რისკი 22 პროცენტით დაბალი იყო იმ პირებთან შედარებით, ვინც მას მინიმალურად მოიხმარდა. ეს კავშირი შენარჩუნდა ასაკის, სქესის, ცხოვრების წესისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც. ამავე დროს, ვიტამინ A-სთვის საპირისპირო ეფექტი გამოვლინდა: მისი მოხმარების ზრდასთან ერთად სიმსივნეების რისკიც იმატებდა. სრული სტატისტიკური კორექციის შემდეგ, ვიტამინ A-ს უფრო მაღალი მოხმარების მქონე ადამიანებში კიბოს არსებობის ალბათობა დაახლოებით 38 პროცენტით მაღალი აღმოჩნდა. ფოლიუმის მჟავისთვის კავშირი სუსტი იყო: მომატებული რისკი მხოლოდ მოხმარების ვიწრო დიაპაზონში დაფიქსირდა – დაახლოებით 267–367 მიკროგრამი დღეში.

სხვა ვიტამინებმა და ანტიოქსიდანტებმა, მათ შორის C და E ვიტამინებმა, B ჯგუფის ვიტამინებმა, K ვიტამინმა, ასევე ალფა- და ბეტა-კაროტინმა, კიბოს განვითარების რისკთან სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი არ აჩვენა. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კვლევა დაკვირვებითია და მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ამტკიცებს, თუმცა შედეგები მიუთითებს ცალკეული ვიტამინების მაღალი მოხმარებისადმი ფრთხილი დამოკიდებულების აუცილებლობაზე და საჭიროებს დადასტურებას გრძელვადიან პერსპექტიულ კვლევებში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

ცნობილია ცხოველი, რომლის თირკმელებს მალე ადამიანებს გადაუნერგავენ

ღორის თირკმელები უახლოეს მომავალში ტრანსპლანტაციის დროს შესაძლოა ადამიანის თირკმელების შემცვლელად იქცეს  და მეტიც, მათი ხარისხი შესაძლოა კიდევ უფრო უკეთესიც იყოს. ამის შესახებ წერს უცხოური გამოცემა The Guardian,Langone Health-ის სამედიცინო ცენტრის დირექტორსა და ქირურგ რობერტ მონტგომერიზე დაყრდნობით.

ექსპერტების შეფასებით, გენეტიკური მოდიფიკაციის წყალობით ადამიანში ასეთი ორგანოების გადანერგვისას  რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.

„კლინიკური გამოცდის ფარგლებში პირველი გადანერგვა უკვე განხორციელდა, ხოლო შემდეგი იანვარშია დაგეგმილი“, – აღნიშნულია სტატიაში.

ვარაუდობენ, რომ ექვს პაციენტს გადაუნერგავენ ღორის თირკმელებს, რომლებიც გენეტიკურ დონეზე 10 ცვლილებითაა რედაქტირებული, რათა გადანერგილი ორგანოს უარყოფის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს.

იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტო (FDA) დაამტკიცებს ცდების გაფართოებას, იგეგმება კიდევ 44 ადამიანს ჩაუტარდეს ღორის თირკმლის ტრანსპლანტაცია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კბილების და ღრძილების პრობლემები ინსულტის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის – 21-წლიანი კვლევა

პირის ღრუს ჯანმრთელობა შესაძლოა პირდაპირ კავშირში იყოს ტვინის სისხლძარღვების მდგომარეობასთან,- ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები 21-წლიანი ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად, რომელიც ჟურნალ ScienceAlert-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პერიოდონტიტი (ღრძილების ქრონიკული ანთება) და კარიესი, უფრო ხშირად განიცდიდნენ ინსულტს, ვიდრე ისინი, ვისაც პირის ღრუ ჯანმრთელი ჰქონდათ.

კვლევა ჩაატარა სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ნევროლოგიის დეპარტამენტმა ექიმ სოვიკ სენის ხელმძღვანელობით. კვლევაში მონაწილეობდა 5 986 ზრდასრული ადამიანი, საშუალო ასაკით 63 წელი, რომელთაც თავდაპირველად ინსულტის ან გულის დაავადების ისტორია არ ჰქონდათ.

მონაწილეები პირის ღრუს მდგომარეობის მიხედვით სამ ჯგუფად დაყვეს:

ჯანმრთელი პირის ღრუ;
პერიოდონტიტით დაავადებული პირები;
პერიოდონტიტისა და კარიესის მქონე პირები ერთად.
21-წლიანი დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს შემდეგი შედეგები:

ჯანმრთელ პირებში ინსულტის შემთხვევა შეადგენდა 4.1%-ს;
მხოლოდ პერიოდონტიტის მქონე ჯგუფში — 6.9%-ს;
ხოლო მათ, ვისაც ორივე პრობლემა ერთად ჰქონდა, ინსულტის შემთხვევა 10%-მდე იზრდებოდა.
სტატისტიკური ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ მხოლოდ ღრძილების ანთება ზრდიდა ინსულტის რისკს დაახლოებით 44%-ით, ხოლო პერიოდონტიტისა და კარიესის ერთდროული არსებობა — 86%-ით.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პირის ღრუს ბაქტერიები და მათ მიერ გამოწვეული ანთებითი პროცესები შესაძლოა სისხლში მოხვდნენ და გავლენა მოახდინონ არტერიების კედლებზე.

ეს ანთება ზრდის თრომბების წარმოქმნის ალბათობას, რაც თავის ტვინის სისხლძარღვების ბლოკირებას და, შედეგად, იშემიურ ინსულტს იწვევს.

გარდა ამისა, ქრონიკული ანთება შეიძლება ორგანიზმში ზოგადი ანთებითი ფონიც გაზარდოს, რაც ზრდის გულისა და სისხლძარღვთა სხვა დაავადებების რისკსაც.

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სტუმრობდნენ სტომატოლოგს, გაცილებით იშვიათად ხდებოდნენ ქრონიკული პირის ღრუს ინფექციების მსხვერპლნი.
რეგულარული ვიზიტი ამცირებდა პერიოდონტიტის განვითარების რისკს 29%-ით, ხოლო კომბინირებული ინფექციების რისკს — თითქმის 81%-ით.

მეცნიერების თქმით, ეს შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ კბილებისა და ღრძილების მოვლა მხოლოდ ესთეტიკური საკითხი აღარ არის — ის შეიძლება გახდეს ტვინისა და გულის ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი გზა.

ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევა აჩვენებს მხოლოდ კორელაციას და არა პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. გარდა ამისა, მონაწილეთა პირის ღრუს მდგომარეობა შეფასდა მხოლოდ კვლევის დაწყებისას, რაც ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში განვითარებული ცვლილებები გათვალისწინებული არ ყოფილა.

თუმცა მეცნიერები თანხმდებიან, რომ შედეგები საკმარისად სერიოზულია იმისთვის, რომ საზოგადოებამ და ექიმებმა პირის ღრუს მოვლას მეტი ყურადღება მიაქციონ — როგორც ინსულტის პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ემიგრანტიმედიცინა

ევროპის წამყვანი და ყველაზე პრესტიჟული კლინიკის – Charité Universitätsmedizin Berlin პედიატრი-ნეონატოლოგი საქართველოდან

მიუღწეველი არაფერია, რასაც მოინდომებ“ – შთამაგონებელი გზა საქართველოში დაწყებული რეზიდენტურიდან, ბერლინის ყველაზე პრესტიჟულ – შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკამდე (Charité Universitätsmedizin Berlin). ინტერვიუ  პედიატრ-ნეონატოლოგ ნინო ზურებიანთან.

გვითხარით, როგორია თქვენი ისტორია.. როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა უცხო ქვეყანაში.

– გერმანიაში  2016 წელს წამოვედი ჩემი პროფესიული გზის გასაგარძელებლად. საქართველოში რეზიდენტურაში სწავლის პერიოდში დავიწყე გერმანული ენის სწავლა. ვიცოდი რომ შესაძლებელი იყო რამდენიმეთვიანი პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად აქ გადმოსვლა. თუმცა ოლდენბურგის კლინიკაში ორთვიანი პრაქტიკული მუშაობის, ე.წ. ჰოსპიტაციის დროს მივხვდი, რომ შემეძლო გერმანიაში გამევლო პედიტრიის რეზიდენტურა, რაც მთელი გულით მინდოდა. ასე გადავწყვიტე წამოსვლა და პედიატრიის სრული კურსის გავლა ადგილობრივ კლინიკებში.

რამდენად რთული იყო გერმანიაში ჩამოსვლისას ადგილობრივ კულტურასთან ადაპტაცია? რა იყო ყველაზე რთული ამ გზაზე?

– გერმანიაში რათქმაუნდა სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესი, მუშაობის განრიგი და ცხოვრების კულტურაა. პირველი ნაბიჯები სრულიად უცხო სამყაროში ნამდვილად არ იყო მარტივი. მითუმეტეს მაშინ, როცა მე გერმანულ ენასთან  სკოლისა და სტუდენტობის პერიოდში არანაირი შეხება არ მქონია. არც არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე ან ამ ენაზე ვისაუბრებდი ან ამ ქვეყანაში ვიცხოვრებდი.

უცხო ქვეყანაში ინტეგრირება და უცხო ქვეყნის ცხოვრების წესთან, რეჟიმთან, კულტურასთან შეჩვევა და ადაპტირება ძალიან კომპლექსური პროცესია, რაც პირველ რიგში საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც სრულიად მარტო ჩადიხარ უცხო გარემოში და არ გყავს გზის მკვლევი ან სწორი მიმართულების მიმცემი. ამ გზაზე მარტო, დამოუკიდებლად სიარული საკმაოდ რთული, გამოწვევებით და სიახლეებით სავსე, ემოციური და ამავდროულად საკმაოდ დამღლელი იყო. თუმცა დიდი შრომის შედეგად შესაძლებელი აღმოჩნდა ჩემი დასახული მიზნების მიღწევა.


რა ეტაპებს გადის უცხო ქვეყნის მოაქალაქე სანამ გერმანიაში ლიცენზირებული პედიატრი გახდება? 

– გერმანიაში წამოვედი საქართველოში რეზიდენტურის დასრულების შემდეგ. როდესაც საქართველოში ექიმის ლიცენზია გაქვს აღებული (რეზიდენტურა დასრულებული) ამ შემთხვევაში გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრო გაძლევს ექიმად მუშაობის უფლებას მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა გარკვეული სავალდებულო გამოცდების ჩაბარების შემდეგ. ორი წლის შემდეგ აუცილებელია ე.წ. „აპრობაციის“, გერმანული სალიცენზიო გამოცდის ჩაბარება, იმისათვის რომ გქონდეს მუშაობის და რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელების უფლება. ამ ყველა გამოცდის ჩაბარებისა და სირთულეების გადალახვის შედეგად გავიარე გერმანული პედიატრიის რეზიდენტურის სრული, ხუთწლიანი კურსი. რომლის დასრულების შემდეგ გავაგრძელე კვალიფიკაციის ამაღლება ნეონატოლოგიის განხრით. ამჯერად ვმუშაობ შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის (Charité Universitätsklinik Berlin) ნეონატოლოგიურ განყოფილებაში. ასევე ვმუშაობ ჩემს სადოქტორო ნაშრომზე.

როგორ შეაფასებდით პედიატრის პროფესიულ გარემოს გერმანიაში?

-პედიატრიის პროფესიული გარემო გემანიაში ნამდვილად ძალიან მაღალი ხარისხის არის. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება როგორც ყველასთვის ცნობილია, მსოფლიოში არის აღიარებული. გერმანიის კლნიკებში ყოველდღიურად არის უამრავი გამოწვევა, სიახლე, ცოდნის მიღების და გამოცდილების დაგროვების დიდი შესაძლებლობა. ექიმების, ექთნებისა და პაციენტების მხრიდან კომპეტენციისა და ხარისხის საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, გერმანული ჯანდაცვის სისტემა არ გაძლევს მოდუნების საშუალებას.

რამდენად რთულია საქართველოში მიღებული განათლების გერმანიაში აღიარება და პრაქტიკაში ჩართვა?

– საქართველოში მიღებული განათლების გერმანიაში აღიარება ნამდვილად შესაძლებელია. მით უმეტეს ბოლო წლებში გერმანიაში არსებული ექიმების კადრების ნაკლებობის გამო პროცესები შედარებით უფრო გამარტივდა. აუცილებელია გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნა  და აუცილებელი საფეხურების გავლა, გამოცდების ჩაბარება, რის შედეგადაც ხდება საქართველოში მიღებული ცოდნის აღიარება. ამ ცოდნის პრაქტიკაში ჩართვა ინდივიდუალური პროცესია.

როგორია თქვენი ყოველდღიური სამუშაო რუტინა და პაციენტებთან ურთიერთობა?

– ჩემი ყოველდღიური სამუშაო რუტინა ძალიან მრავალფეროვანია. ნეონატოლოგიის განყოფილებაში გვაქვს სხვადასხვა სტაციოინარი, სხვადასხვა სიმძიმის და სირთულის პაციენტებით დატვირთული. ასევე გვაქვს გადაუდებელი დახმარების განყოფილება. გარდა ამისა სხვადასხვა კლინიკებიდან გადმოგვყავს რთული პაციენტები, დავდივართ გადადუდებელი შემთხვევების გამოძახებებზე. შესაბამისად, ყოველდღიურად გვიწევს ძალიან დიდი შრომა, პაციენტების მშობლებთან ძალიან ახლო და ყოველდღიური კონტაქტი. გვაქვს ყოველდღიურად კონსილიუმები სხვადასხვა დისციპლინების ექიმებთან (მოგეხსენებათ Charité-ს კლნიკის კომპლექსურობა).  გვაქვს საინტერესო შემთხვევების განხილვა, რთული პაციენტების შემთხვევაში გადაწვეტილებების მიღების გზის ერთობლივი გავლა, მშობლებთან საუბრები და ა.შ. ექიმობა საკმაოდ კომპლექსური, საინტერესო და პასუხისმგებლობით სავსე პროფესიაა, სადაც ყოველდღიური რუტინა ძალიან მრავალფეროვანია.


რა გეამაყებათ ყველაზე მეტად თქვენს პროფესიულ გზაზე? 

– ჩემს პროფესიულ გზაზე ძალიან მეამაყება ის რომ სრულიად მარტომ, დამოუკიდებლად სრულიად უცხო ქვეყანაში და საზოგადოებაში გავიკვლიე ჩემი გზა და დაუღალავი შრომის შედეგად მივაღწიე ჩემს მიზანს, ვყოფილიყავი შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი და დოქტორანტი. ასევე ძალიან მეამაყება რომ ჩემი და ჩემი კოლეგის, თინათინ ქურდაძის მიერ შექმნილი ორგანიზაცია „გადაარჩინე პატარა სიცოცხლე“ (Save the Tiny Life) არის ძალიან დიდი, გლობალური ორგანიზაციის „GFCNI“-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. ამ ორგანიზაციამ შარიტეს ნეონატოლოგიის კლინიკის ხელმძღავენლის, პროფესორი ბიურერის თანადგომით, 2-ჯერ ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია თბილისში. კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი პროფესორები, რომლებმაც მათი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს ჩვენს ქართველ კოლეგების. წარიმართა ძალიან საინტერესო დისკუსიები ქართველ და გერმანელ ექიმებს შორის. ამ ორგანიზაციას უამრავი კარგი გეგმა აქვს წინ და კიდევ უფრო ვიამაყებ როდესაც ამ გეგმებს ყოველწლიურად და ეტაპობრივად განვახორციელებთ.

არსებობს თუ არა ფრაზა ან რჩევა, რომელიც მუდამ გაძლევთ ძალას?

– ფრაზა რომელიც მუდამ მაძლევს ძალას და პატარაობიდანვე ჩემი თანმდევია არის „მიუღწეველი არაფერია რასაც მოინდომებ“, მადლობა დედას ამ და სხვა რჩევებისთვის, რომლებიც მუდმივად ჩემი მოტივაციის წყაროა.

რას ურჩევდით ქართველ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ გერმანიაში გადასვლა და იქ მუშაობა, განსაკუთრებით მედიცინის სფეროში?

– ჩემს ქართველ კოლეგებს, რომლებსაც კარიერული მოღვაწეობის გაგრძელება გერმანიაში სურთ, ვურჩევ რომ უპირველეს ყოვლისა, მაქსიმალურად კარგად დაეუფლონ გერმანულ ენას. როდესაც პაციენტთან მარტო რჩები მხოლოდ ენის საბაზისო ცოდნა ნამდვილად არაფრის მომცემია. მეორე რჩევა იქნება რომ მზად იყვნენ დაუღალავი შრომისთვის და უწყვეტ რეჟიმში სწავლისთვის. მესამე რჩევა იქნება რომ თუ მიზანი აქვთ, არ დანებდნენ, ყველაფერი გააკეთონ მათი მიზნის მისაღწევად. „მიუღწეველი არაფერია რასაც მოინდომებ“

და ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში?

– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობ  ჩემს სადოქტორო ნაშრომზე. ვაგრძელებ მუშაობასა და კვალიფიკაციას ამაღლებას ნეონატოლოგიურ განყოფილებაში. პარალელურად, წელს, 2025 წლის ოქტომბერში ვგეგმავ შემდეგი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას თბილისში, სადაც მოწვეული იქნებიან წამყვანი გერმანელი და ქართველი ექიმები. უფრო შორეულ გეგმებს მომავალი გვაჩვენებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერებმა თაგვებში ალცჰაიმერის დაავადება რამდენიმე საათში უკუაქციეს

მეცნიერებმა თაგვების თავის ტვინში აღადგინეს ბუნებრივი კარიბჭე, რამაც განაპირობა ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული გროვებისა და ხლართების წარმონაქმნების მოსუფთავება.

მხოლოდ სამი პრეპარატის ინექციის შემდეგ, თაგვებს, რომლებსაც ალცჰაიმერის მიმბაძველი რამდენიმე გენი ჰქონდათ, აღენიშნათ რამდენიმე ძირითადი პათოლოგიური მახასიათებლის შექცევადობა.

პირველი ინიექციიდან რამდენიმე საათში, თაგვების თავის ტვინში დაფიქსირდა ალცჰაიმერის დაავადების დამახასიათებელი ნიშნის — ამილოიდ-ბეტა ფიტფიტების (ბალთა) გროვების თითქმის 45 პროცენტით შემცირება.

იქამდე თაგვებს ჰქონდათ კოგნიტური დაქვეითების ნიშნები, მაგრამ სამი დოზის შემდეგ, ცხოველებმა სივრცითი სწავლისა და მეხსიერების ამოცანებში ჯანმრთელი თანატოლების დონეზე შეასრულეს დავალებები. სარგებელი სულ მცირე თვის განმავლობაში გაგრძელდა.

ეს პრეკლინიკური შედეგები ადამიანებში წარმატების გარანტია არაა, მაგრამ წარმოადგენს წამახალისებელი დასაწყისია, რაც ავტორთა განცხადებით, „პრეპარატების კვლევაში ახალი ეპოქის დაწყებას“ აღნიშნავს.

„თერაპიული შედეგები სიღრმისეულია“, — აცხადებს მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი, რომელსაც კატალონიის ბიოინჟინერიის ინსტიტუტისა (IBEC) და სიჩუანის უნივერსიტეტის დასავლეთ ჩინეთის ჰოსპიტლის (WCHSU) მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ.

ალცჰაიმერის მკურნალობის მათეული მიდგომა გარდასახავს სისხლი-თავის ტვინის ბარიერს (ჰემატოენცეფალური ბარიერი) არა მხოლოდ გადასალახავ დაბრკოლებად, არამედ კარიბჭედ, რომელიც აღდგენას საჭიროებს.

სისხლი-თავის ტვინის ბარიერი ტვინის სისხლის სისტემას აცალკევებს დანარჩენი სხეულისგან და მისგან მოშორებით ინახავს სახიფათო ტოქსინებსა და ბარიერებს. ასევე ხელს უშლის ჩვენი წამლების დიდი ნაწილის შეწოვას.

უკვე წლებია, პრეპარატების მკვლევრები ამ ბარიერს მიღმა ალცჰაიმერის წამლების შეღწევას ცდილობენ ნანოსკოპური პაკეტების, იგივე ნანონაწილაკების გამოყენებით. ბარიერის მომენტალურად გასახსნელად და იქ წამლების შესასვლელად ასევე გამოიყენეს ბგერის ტალღები (ულტრაბგერა).

თუმცა, ეს მიდგომა ბარიერს უყურებს „როგორც კარიბჭეს, რომელიც უნდა გაიარო და არა დისფუნქციურ ქსოვილს, რომელიც აღდგენას საჭიროებს“, — წერენ კვლევის ავტორები, ჯუნიანგ ჩენი და პან სიანგი სიჩუანის უნივერსიტეტიდან.

ტვინში პრეპარატების შეყვანის ნაცვლად, მკვლევრები ცდილობენ, თავის ტვინიდან გამოსვლა გაუადვილონ ამილოიდ-ბეტას.

მათი ახალი მიდგომა მხარს უჭერს ახალ ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც, სისხლი-თავის ტვინის ბარიერი ალცჰაიმერის შემთხვევებში შესუსტებული ან დაზიანებულია, რის გამოც, ტვინისკენ ატარებს ნარჩენ პროდუქტებს.

ალცჰაიმერის დაავადებაში, პრობლემა წვდომას სცდება; თავად სატრანსპორტო მექანიზმი პათოლოგიურად მიკერძოებულია“, — წერენ მკვლევრები.

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა დაასახელეს ორი წამალი, რომლის კომბინაცია, შესაძლოა, ალცჰაიმერის დამარცხებაში დაგვეხმაროს

კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის 2022 წლის კვლევის მიხედვით, ალცჰაიმერის ეფექტური მკურნალობა არა ერთი კონკრეტული, არამედ რამდენიმე წამლის კომბინაციით იქნება შესაძლებელი.

პრობლემა ისაა, რომ ასეთი წამლების პოვნას დიდი დრო სჭირდება, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) ნებართვის მიღება კი პროცესს კიდევ უფრო ახანგრძლივებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში FDA-ის მიერ დამტკიცებული წამლები იყო განხილული, რომლებიც ამ ცვლილებების საპირისპირო ეფექტებს იწვევს.

ძიება დაახლოებით 1 300 წამლით დაიწყო და მოგვიანებით 5-მდე შემცირდა, რადგან FDA-სგან გამოყენების ნებართვა მათგან მხოლოდ ამ მცირე ნაწილს ჰქონდა.

მკვლევრებმა ეს მონაცემები UC Health Data Warehouse-ის მეშვეობით 65 წელს გადაცილებული 1.4 მილიონი ადამიანის ანონიმურ ჯანმრთელობის ჩანაწერს შეადარეს.

ორი მედიკამენტის შემთხვევაში მეცნიერებმა განსაკუთრებით გამოკვეთილი დადებითი კორელაცია შენიშნეს. ესენია ლეტრაზოლი და ირინოტეკანი.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ თეორიული კვლევა კლინიკურად მალევე იქცევა და წამლების ეს კომბინაცია ამ დაავადების მქონე მილიონობით ადამიანს შვებას მოგვრის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

როგორ ქრება კიბოს უჯრედები ქიმიოთერაპიის შემდეგ – მეცნიერების განმარტება

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

საბედნიეროდ, ონკოლოგიაში თანამედროვე მიღწევები ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა. მეცნიერებმა სიმსივნესთან ბრძოლის თერაპია შექმნეს. სიმსივნის საწინააღმდეგო ისეთი მეთოდები, როგორიც ქიმიოთერაპიაა, ამ მავნე ქსოვილებს უტევს და თვითგანადგურებისკენ უბიძგებს. ჩნდება კითხვა – სად ქრება ისინი?

დაპროგრამებული სიკვდილისას, რომელსაც აპოპტოზი ეწოდება, მათი გარე მემბრანა სუსტდება. ასე იშორებს ორგანიზმი ჩვეულებრივ დაზიანებულ ან გამოუსადეგარ უჯრედებს.

ფაგოციტები კიბოს მკვდარ უჯრედებს ისეთ კომპონენტებად შლის, როგორიც შაქარი და ნუკლეინის მჟავაა.

სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიებს სხვაგვარი უჯრედული სიკვდილის გამოწვევაც შეუძლია, რომელიც ნეკროპტოზის სახელითაა ცნობილი. ამ დროს კიბოს უჯრედები კი არ მჭიდროვდება, არამედ, პირიქით, “იბერება” და სკდება. შედეგად გამოთავისუფლებულ ნაწილაკებს ისევ და ისევ ფაგოციტები შთანთქავს.

2023 წლის კვლევამ ცხადყო, რომ მომაკვდავი სიმსივნური უჯრედების ბირთვის გასკდომისას დნმ და სხვა მოლეკულები გარშემო იფანტება, რაც შესაძლოა, მეტასტაზების გავრცელებას დაედოს საფუძვლად. ეს ნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, ამის შედეგად კიბოს ქსოვილი თავდაპირველი ადგილიდან მოშორებითაც გაჩნდეს.

მეცნიერები ამ საკითხის შესასწავლად აქტიურად მუშაობენ. მაგალითად, 2018 წლის ნაშრომში, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ნარჩენი ნაწილაკებით გამოწვეული ანთების თავიდან აცილების გზაზეა საუბარი. ესაა რეზოლვინები, რომლებიც ომეგა 3-დან მიიღება, ანთებას ამცირებს, ციტოკინებს არეგულირებს და ნარჩენებსაც ასუფთავებს.

ასეა თუ ისე, ამ პროცესების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არაა ცნობილი და შესაძლოა, მომავალში კვლევებმა კონკრეტულ ბიოლოგიურ მექანიზმებს მოჰფინოს ნათელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ და სად იმალება აივ-ინფექცია ადამიანის სხეულში

აივ-ინფექცია ცნობილია უნარით, ადამიანის სხეულში დაიმალოს ათწლეულების განმავლობაში; როგორც წესი, საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, რათა არ გამოვიდეს მიძინებული მდგომარეობიდან.

ახალ კვლევაში, მკვლევრებმა გაარკვიეს, სად და როგორ იმალება აივ-ინფექცია ამ ლატენტურ რეზერვუარებში, რაც საკვანძო ნაბიჯია პაციენტების ამ ვირუსისგან განკურნების მცდელობაში.

თავის ფარულ სტადიაში, აივ-ს შეუძლია გარკვეულ მასპინძელ უჯრედებში დარჩეს მიძინებული „პროვირუსის“ სახით — ვირუსული გენომის, რომელსაც საკუთარი თავი შეჰყავს მასპინძლის უჯრედის დნმ-ში.

ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მისი აღმოფხვრა ასე რთულია, თუნდაც თანამედროვე ანტირეტროვირუსული პრეპარატებით. მათ შეუძლიათ ვირუსული გამრავლების დათრგუნვა, ვირუსული ჩატვირთვის შემცირება, დაავადების პროგრესის შეჩერება, მაგრამ მიზანში ვერ იღებენ დამალულ პროვირუსებს.

შედეგად, ანტირეტროვირუსული თერაპია აივ-ინფექციას იმორჩილებს, მაგრამ ვერ სპობს, რაც ბევრ პაციენტს აიძულებს, განუსაზღვრელი ვადით გააგრძელონ მკურნალობა ან თავი ვირუსის რეციდივის რისკის ქვეშ დააყენონ.

წინა კვლევები აჩვენებს, რომ აივ-ინფექციას სხეულის სხვადასხვა ქსოვილში დარჩენა შეუძლია, მათ შორის თავის ტვინში, თირკმელებში, ღვიძლში, ფილტვებში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ა. შ.

იმუნური სისტემის T დამხმარე უჯრედები მთავარი ლატენტური რეზერვუარებია, მაგრამ არა ერთადერთი. აივ-ინფექცია ასევე იმალება კანის უჯრედებში, სისხლის თეთრ უჯრედებში, ორგანოსპეციფიკური უჯრედებში, როგორიცაა თირკმელების პოდოციტები და ნეირონების დამხმარე უჯრედები.

აივ ინფექციის ლატენტობის მრავალი დეტალი ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის, მათ შორის არა მხოლოდ ის, თუ სად იმალება ვირუსი, არამედ ისიც, როგორ შედის ის სხვადასხვა ქსოვილსა და უჯრედის ტიპებში და როგორ სახლდება შემდეგ იქ.

ახალი კვლევის თანახმად, აივ-ინფექცია ამას ქსოვილ-სპეციფიკური მიდგომით აღწევს, მასპინძელი უჯრედის დნმ-ში იმალება თავისი ქცევის გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანით. მაგალითად, თავის ტვინში ის თავს არიდებს გენებს და დნმ-ის უფრო ნაკლებად აქტიურ რეგიონებში იმალება.

„დავადგინეთ, რომ აივ-ინფექცია შემთხვევითად არ ინტეგრირდება. ამის ნაცვლად, სხვადასხვა ქსოვილში მიჰყვება უნიკალურ მახასიათებლებს, რაც სავარაუდოდ ჩამოყალიბებულია ადგილობრივი გარემოსა და იმუნური პასუხების მიერ. ეს ხსნის, თუ როგორ ახერხებს აივ-ვირუსი ორგანიზმში ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნებას და რატომ შეიძლება მოქმედებდეს ზოგიერთი ქსოვილი ინფექციის რეზერვუარის სახით“, — ამბობს ონტარიოს დასავლეთის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი სტივენ ბარი.

კვლევაში შეისწავლეს მონაწილეების სისხლის, მსხვილი ნაწლავის, საყლაპავი მილის, წვრილი ნაწლავისა და კუჭის ქსოვილების ნიმუშები.

ავტორებმა შეისწავლეს, რამდენად ხშირად ინტეგრირდებოდა აივ-ინფექცია მასპინძელი გენომის სპეციფიკურ ნაწილებში, შემდეგ კი ეს ინფორმაცია შეადარეს მახასიათებლებს, რომლებსაც ისინი სხვადასხვა ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილში დააკვირდნენ.

„იმის ცოდნა, სად იმალება ვირუსი ჩვენს გენომში, დაგვეხმარება, რომ გამოვავლინოთ ამ უჯრედების და ქსოვილების მიზანში ამოღების გზები ტარგეტირებული თერაპიული მიდგომებით — ან ამ უჯრედების ამოძირკვით ან ვირუსის „დადუმებით““, — ამბობს კალაგარის უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგი გიდო ფონ მარლი.

ეს აღმოჩენა მკვლევრებმა გააკეთეს ქსოვილების იშვიათი ნიმუშების გამოყენებით, რომლებიც პაციენტებისგან აივ/შიდსის პანდემიის დაწყების ადრეულ წლებში შეაგროვეს, იქამდე, ვიდრე თანამედროვე მედიკამენტები გახდებოდა ხელმისაწვდომი.

ამის წყალობით, მეცნიერები ვირუსს მის ბუნებრივ მდგომარეობაში დააკვირდნენ ერთი და იმავე ინდივიდის მრავალ სხვადასხვა ორგანოში; ასე გამომჟღავნდა არა მხოლოდ ახალი დეტალები აივ-ინფექციის შესახებ, არამედ ისტორიული ნიმუშების შენახვის სამეცნიერო მნიშვნელობაც.

„ჩვენი კვლევა წარმოადგენს მძლავრ მაგალითს იმისა, როგორ შეგვიძლია ვისწავლოთ ისტორიული ნიმუშებიდან, რათა უკეთესად შევისწავლოთ ვირუსი, რომელიც დღემდე ათეულობით მილიონ ადამიანზე ზემოქმედებს მთელ მსოფლიოში“, — ამბობს ბარი.

ეს ნიმუშები არსებობს იმ ადამიანთა წყალობით, რომლებიც მოხალისეობრივად მონაწილეობდნენ აივ-ინფექციის კვლევებში ამ პანდემიის დასაწყისში.

მომზადებულია news.westernu.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აღმოაჩინეს ახალი ანტიბიოტიკი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა – რა წერია ახალი კვლევის შედეგებში

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ანტიბიოტიკი, რომელიც წლების განმავლობაში სამეცნიერო ყურადღების ცენტრში იყო, თუმცა მისი პოტენციალი დაფარული დარჩა.

ნაერთი, სახელად პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონი, ბრიტანეთის უორვიკის უნივერსიტეტისა და ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა.

პოტენციურად, მას შეუძლია ბრძოლა ბაქტერიებთან, რომლებიც სულ უფრო რეზისტენტული გახდნენ თანამედროვე პრეპარატებისადმი; სინამდვილეში, ის შუალედური ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც სხვა ანტიბიოტიკის, მეთილენომიცინ A-ს წარმოების პროცესში წარმოიქმნება.

„მნიშვნელოვანია, რომ ბაქტერია, სახელად Streptomyces coelicolor-ი, რომელიც გამოიმუშავებს მეთილენომიცინ A-ს და პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონს, არის ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მოდელის სახეობა, რომელიც ფართოდ არის შესწავლილი 1950-იანი წლებიდან. ასეთ ნაცნობ ორგანიზმში ახალი ანტიბიოტიკის პოვნა ნამდვილი სიურპრიზია“, — ამბობს უორვიკის უნივერსიტეტის ქიმიკოსი ლონა ალხალაფი.

ახლა საჭიროა პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონის უფრო მეტი პრეკლინიკური და ლაბორატორიული ტესტირება, რათა სრულად გაირკვეს მისი, როგორც ანტიბიოტიკის პოტენციალი, როგორც იმ მექანიზმებში, რომლებითაც ის მუშაობს, ისე მის სამიზნე პათოგენებში.

მკვლევრები ასევე ხედავენ პოტენციალს სხვა ანტიბიოტიკების შუალედური პროექტების კვლევაში, რათა ნახონ, შესაძლებელია თუ არა კიდევ უფრო მეტი ასეთი ნაერთის პოვნა.

„ეს აღმოჩენა მიუთითებს ახალ პარადიგმაზე ანტიბიოტიკების აღმოჩენაში. შუამავალი პროდუქტების გამოვლენითა და დატესტვით, შეიძლება მივაგნოთ ძლიერ ახალი ანტიბიოტიკებს, რომლებიც დაგვეხმარება ანტიმიკრობულ რეზისტენტულობასთან ბრძოლაში“, — ამბობს ჩალისი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

დადგინდა, რომ რევმატოიდული ართრიტის ნიშნები სიმპტომების გამოჩენამდე წლებით ადრე ჩნდება

მრავალწლიანი კვლევის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რევმატოიდულ ართრიტს ხშირად წინ უძღვის ჩუმი, უსიმპტომო სტადია. ამ ავტოიმუნური დაავადების ადრეულ სტადიაზე „დაჭერა“ ნიშნავს სახსრების მტკივნეული ანთებისა და დაზიანების შემსუბუქებას ან პროგრესის მთლიანად შეჩერებას.

ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც რევმატოიდული ართრიტი (RA) უვითარდება, რისკის ქვეშ მყოფად სახსრების ანთების (სინოვიტი) გამოჩენამდე წლებით ადრე მიიჩნევენ სისხლში ანტიციტრულინირებული ცილის ანტისხეულების (ACPA) არსებობის გამო. თუმცა, ეს დაავადება ამ ანტისხეულების მქონე ყველა ადამიანს არ უვითარდება და შესაბამისად, ეს მეთოდი ზუსტ პროგნოზად არ ითვლება.

ახალ კვლევაში გამოავლინეს ახალი გამაფრთხილებელი ნიშნები, რომელთა საფუძველზეც ექიმებს შეეძლებათ დაადგინონ, ვინაა რისკის ქვეშ; ამ ნიშნებს შორის არის ანთებითი ცილები სისხლში და იმუნური უჯრედების (რომლებიც მართავენ რევმატოიდულ ართრიტს) ქცევა.

კვლევა ამერიკელთა ჯგუფმა ჩაატარა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მკვლევრები ალენის იმუნოლოგიის ინსტიტუტიდან, სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტიდან და კოლორადოს უნივერსიტეტიდან.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მხარს უჭერს კონცეფციას, რომლის მიხედვითაც, რევმატოიდული ართრიტის ანთებითი დაავადება სახსრების აქტიურ ანთებამდე დიდი ხნით ადრე იწყება, უფრო ადრე, ვიდრე კლინიკურად გამოჩნდება. ეს კი ეს გავლენას ახდენს პრევენციული მკურნალობის დაწყების დროის შესახებ გადაწყვეტილებებზე“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევრები მიჰყვნენ 45 იმ ადამიანის პროგრესს, რომლებიც რევმატოიდული ართრიტის რისკის ქვეშ მყოფად მიიჩნეოდნენ ანტიციტრულინირებული ცილის ანტისხეულების გამო. მათგან 16-ს სრული რევმატოიდული ართრიტი განუვითარდა. საკონტროლო ჯგუფის ჯანმრთელი ადამიანების მონაცემებთან ერთად, ამ კვლევამ მეცნიერებს ბიოლოგიური შედარების მრავალი წერტილი მისცა.

რისკის ქვეშ მყოფ მონაწილეთა სისხლში, იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული ცილები გაცილებით უხვად და აქტიური იყო, B-უჯრედები (რომლებიც ანტისხეულებს წარმოქმნიან) და T-უჯრედები (რომლებიც კოორდინაციას უწევენ B უჯრედებს) კი ავლენდნენ უფრო მაღალი მზადყოფნის ეტაპზე ყოფნის ნიშნებს.

რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზთან უფრო ახლოს, გაიზარდა ანთებითი მოქმედებისთვის მზადმყოფი T-ლიმფოციტებისა და B-უჯრედების რაოდენობა, მათ შორის იმ T-ლიმფოციტებისა, რომლებიც სხვა შემთხვევაში უფრო ნეიტრალურები არიან. თითქოს იმუნური სისტემა ხედავდა, რა ახლოვდებოდა.

ამ ფუნდამენტური ცვლილებების თვალსაზრისით, გარკვეული გადაფარვა იყო მათ შორის, ვისაც რევმატოიდული ართრიტი განუვითარდათ და მათ, ვისაც არ განუვითარდათ, მაგრამ მოგვცეს მკაფიო სურათი იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცევა რისკის ქვეშ ყოფნის ფაზა სრულ კლინიკურ დიაგნოზამდე.

ასეთი შედეგები სრულიად ახალია და შესაბამისად, სამკურნალო საშუალებებიც გზაშია, მაგრამ თუ უფრო მეტი გვეცოდინება იმის შესახებ, როგორ ძლიერდება იმუნური სისტემა და იცვლება მისი აქტივობა რევმატოიდული ართრიტის დაწყებამდე — მკვლევრებს დაეხმარება ამ ცვლილებათა მიზანში ამოღებაში.

რევმატოიდული ართრიტის მაღალი რისკის შემთხვევებში გამოყენებისთვის უკვე არსებობს პრეპარატი; მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ის ხელს უწყობს იმუნური სისტემის ზოგიერთი აქტივობის შექცევას, ისეთის, რაც ახალ კვლევაშიც გამოიკვეთა. ეს კი მომავალში პოტენციური სამკურნალო საშუალებების იმედებს ზრდის.

„ველოდებით, რომ ჩვენი კვლევის შედეგებს მხარს დაუჭერს სხვა კვლევებიც… რათა უკეთესად მოხდეს იმის პროგნოზი, ვის დაემართება რევმატოიდული ართრიტი, გამოვლინდება პოტენციური ბიოლოგიური სამიზნეები ამ დაავადების პრევენციისთვის და სამკურნალო საშუალებების გაუმჯობესებისთვის“, — ამბობს კოლორადოს უნივერსიტეტის რევმატოლოგი კევინ დინი.

კვლევა Science Translational Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია alleninstitute.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
1 2 3 4 101
Page 2 of 101