close

გეოგრაფია

გეოგრაფიაეს საინტერესოა

რა არის ოზონის ხვრელი და რატომ არის საშიში?

დედამიწის ატმსოფეროს ზედა ფენებში, სტრატოსფეროში, ოზონის ფენის სისქე ბოლო ათწლეულებში ანთროპოგენური (ადამიანის) ზემოქმედების შედეგად საგრძნობლად შემცირდა.

ოზონის ხვრელის გაჩენამ კაცობრობის დიდ ინტერესი იმის გამო გამოიწვია, რომ სწორედ ოზონის ფენა იცავს დედამიწის ზედაპირს მზის ულტრააისფერი გამოსხივებისგან. ოზონის ხვრელი 1000 კმ დიამეტრით პირველად 1986 წელს აღმოაჩინეს ანტრაქტიდის თავზე, იგი ყოველ აგვისტოში ჩნდება, ხოლო დეკემბერში ან იანვარში ქრება.

ჩრდილოეთ ნახევრასფეროში, არქტიკის თავზე, გაცილებით მცირე ზომის მეორე ხვრელი ჩნდება.

რატომ არის ოზონის ხვრელი საშიში?

როგორც ზევით აღინიშნა, ოზონის შრე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან გვიცავს, რომლის პირობებშიც არცერთ უჯრედს არ შეუძლია სიცოცხლე. ოზონის შრეს აქვს თვისება, შთანთქას ის ისე, რომ ჩვენამდე მოღწეული ულტრააისფერი გამოსხივების ინტენსივობა იყოს უსაფრთხო. თუმცა, ოზონის ხვრელის წარმოშობამ და მისი ფენის გათხელებამ მეცნიერები შეაშფოთა.

საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით ულტრააისფერი გამოსხივების შემოჭრის ინტენსივობა ძალიან საგანგაშოც არ არის, თუმცა, დედამიწაზე დაწყებულ ბიომრავალფეროვნებასთან, კანის სიმსივნურ დაავადებებთან მიმართებით არსებული პრობლემების წარმოშობის მიზეზად მეცნიერები ოზონის ხვრელის არსებობას ასახელებენ.

 

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფია

საიდან იღებს სათავეს გეოგრაფიული გრძედი და განედი?

ჩვენს წელთაღციხვამდე მე-2 საუკუნეში ბერძენმა ასტრონომმა და გეოგრაფმა – ჰიპარქემ , პირველმა შემოიტანა გეოგრაფიული გრძედისა და განედის ცნება. მთავარ პარალელად მაშინვე ეკვატორი მიიჩნიეს, საწყის მერიდიანად კი მან ის მერიდიანი აირჩია, რომელის ეგეოსის ზღვაში მდებარე როდოსის კუნძულზე, ამავე სახელწოდების ქალაქზე გადიოდა. მოგვიანებით, საწყისმა მერიდიანმა რამდენიმეჯერ შეიცვალა ადგილდმედაბეობა. მხოლოდ 1884 წელს საერთაშორისო შეთანხმებით, საწყის მერიდიანად ქ. ლონდონის გარეუბანში მდიბარე გრინვიჩის ობსერატორიაზე გამავალი მერიდიანი მიიჩნიეს. ობსერვატორიის დირექტორმა, ჯონ ფლემსტილმა, იგი პირდაპირ თავის ლაბორატორიაზე გაატარა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეკოლოგია

რა არის გლობალური დათბობა?

ხშირად გსმენიათ ტერმინი ,,გლობალური დათბობა” და ის, რომ იგი სავალალო შედეგების მომტანია, თუმცა, არ იცით, რას ნიშნავს  იგი? მაშინ ,,დოქტრინა” სწორედ თქვენ გთავაზობთ მის განმარტებას:

გლობალური დათბობა დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის წლიური ტემპერატურია სწრაფი ზრდის პროცესია. ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში ო.74-0.18 გრადუსით გაიზარდა. ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას, გაიზრდება კატასტროფული კლიმატური  მოვლენების სიხშირე და სიძლიერე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება, შემცირდება მყვინვარების ფართობები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახელობა, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი და ა.შ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიასაქართველო

ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფელი თუშეთშია

ბოლო მონაცემებით, ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფელი თუშეთშია. სოფელი ბოჭორნა  ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარეობს, იგი გომეწრის ხეობაშია.

ბოჭორნა ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი სოფელი მას შემდეგ გახდა, რაც მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, იქ ერთადერთი მუდმივი მცხოვრები გამოვლინდა –  76 წლის ირაკლი ხვედაგურიძე.

წინა კვლევებით, ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებად თრუსოს ხეობის სოფელი რესი მიიჩნეოდა (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი).  რესის შემდეგ, ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებად სოფელ უშგულს მოიხსენიებენ (მესტიის მუნიციპალიტეტი, სვანეთი).  სოფლის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე.

ცნობისთვის, სოფელ ბოჭორნას სიმაღლე დაახლოებით 117 მეტრით აღემატება ავსტრალიის კონტინენტის ყველაზე მაღალ მწვერვალს – კოსციუშკოს. მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 2 228 მეტრია.

 

 

ფოტო: http://www.icmm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
გეოგრაფიასაქართველო

მსოფლიოს ყველაზე ღრმა კარსტული გამოქვაბული აფხაზეთშია

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში ყველაზე ღრმა კარსტული გამოქვაბული საქართველოში, აფხაზეთში მდებარეობს?

კრუბერის გამოქვაბული (ვორონია-კრუბერის გამოქვაბული) – აფხაზეთში, არაბიკის მასივში (კირქვული მასივი გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში) მდებარეობს. დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან იგი ყველაზე ღრმაა (სიღრმე – 2190 მ). სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის (რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად.

,,უფსკრულში” შესასვლელი ზღვის დონიდან დაახლოებით 2250 მეტრზე მდებარეობს. ეს უღრმესი კარსტული გამოქვაბული გახლავთ ჭების კასკადი, რომელთაც აერთიანებს გალერეები და ვიწრო გადასასვლელი. ზოგიერთი ქვაბულის სიღრმე 1000 მეტრია, ზოგისაც – მეტი.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება ,,უძირო გამოქვაბულს” – აქ შეხვდებით მიწისქვეშეთში მობინადრე ცხოველს. მეცნიერებმა 1980 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს და დაარქვეს Plutomurus Ortobalaganensis.

პირველად გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს 1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. მეორედ კრუბერა კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს და უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს. შემდგომი ექსპედიციები სულ უფრო ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ. 2007 წლისთვის რეკორდი უკრაინელმა სპელეოლოგმა დაამყარა, რომელმაც 2191 მეტრის სიღრმეზე შეძლო ჩასვლა, რაც შეეხება ქალბატონებს, პირველი რეკორდსმენი ქალი გახლდათ ლიტველი საულე პენკენე.

 

ფოტო:  სტივენ ალვარესი –  Time Magazine და National Geographic

 

 

სრულად ნახვა
გეოგრაფიასაქართველოტურიზმი

ეროვნული მნიშვნელობის უცნობი ადგილები გიორგი დვალაშვილის წიგნში

საქართველოს სრულქმნილი ბუნება ოდითგანვე აღფრთოვანებას იწვევდა დამთვალიერებელში, თითოეული კუთხე გამორჩეულია როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით. ეროვნული მნიშვნელობის მქონე უნიკალური, მომნუსხველი, ბუნების დიდებული და სრულყოფილი ქმნილებები შესულია წიგნში ,,საქართველოს ბუნების 100 საოცრება”, რომლის ავტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი – გიორგი დვალაშვილი. წიგნში იხილავთ ზღაპრულ მღვიმეებს, კლდე-შთენილებს, ტბებს, მყინვარებს, ტრავერტინებს, ხეობებს, მოკლედ, მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე გასაოცარ ადგილებს.

,,აღნიშნული ადგილები შევარჩიეთ რეგიონების მიხედვით, ნაშრომში ზუსტადაა აღწერილი მარშრუტი, მითითებულია მანძილი ქვეყნის დედაქალაქიდან, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან და რეგიონის ცენტრიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნში შესული ბუნების 22 საოცრება, ამავდროულად, არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მაგალითად, უფლისციხე. ვფიქრობ, წიგნში ბევრ უცხო და გამორჩეულ ადგილს იხილავს საზოგადოება. წიგნი ილუსტრირებულია 350 ფოტოკადრითა და რუკით. გამოიცა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რადგან, მოგეხსენებათ, დაინტერესება დიდია, შესაბამისად, ვიზრუნეთ ტურისტებზეც,” – აღნიშნა გიორგი დვალაშვილმა ,,დოქტრინასთან” საუბრისას.

1.ტაბაწყურის ტბა

სოფელი ტაბაწყური მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საზღვარზე. მისი სახელი ტბის (ტაბის) ყურეს ნიშნავს. სოფელი მართლაც პირდაპირ ტბაშია შეჭრილი.  ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილ ტბასაც ტაბაწყური ჰქვია. ტბის მაქსიმალური სიღრმე 40.2 მეტრია და საქართველოს ტბებს შორის ყველაზე დიდი მოცულობა აქვს (221 მლნ მ3). ზაფხულში ცისფრად მოლივლივე ტბა ნოემბერში სარკესავით იყინება. ტბის წყალი იმდენად სუფთაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა წლების მანძილზე სასმელად იყენებდა.

2.ასკანის თიხები

თიხა საქართველოში ბევრგან მოიპოვება და მას უძველესი დროიდან იყენებს ადამიანი. საბადო, რომელიც გურიაში, სოფელ მთისპირში, 1932 წელს აღმოაჩინეს, უნიკალურია. ეს არის 60 მილიონი წლის წინათ წყალქვეშა ვულკანების ფერფლის ზღვის წყლის პირობებში დალექვის შედეგად წარმოქმნილი ბუნებრივი განძი, რომელსაც მეცნიერები ბენტონიტურ თიხებს უწოდებენ. ასკანის თიხა გამოიყენება: ფარმაცევტულ თუ საფეიქრო მრეწველობებში, პარფიუმერიაში, ენერგეტიკულ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ასკანგელი გამოიყენება მანქანათმშენებლობაში, კერამიკულ და საფეიქრო მრეწველობაში და ა.შ. ,,ასკანის” წარმოშობის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს, ამბობენ, რომ გურიაში გავრცელებული ეპიდემიის დროს ჯანმრთელი მხოლოდ ამ სოფლის მოსახლეობა დარჩა, სწორედ ამიტომ, მათ ,,ასკანიანები” უწოდეს. კიდევ ერთი ვერსიით, მოსახლეობა მეფუტკრეობას მისდევდა, ,,ასკანის” ფუძეც სიტყვა ,,სკა” არის.

3.ჩანჩხალოს მღვიმე-მაცივარი

აჭარაში მდებარე სოფელ ჩანჩხალოში მდებარეობს საინტერესო ბუნებრივი წარმონაქმნი ,,მღვიმე-მაცივარი”. სოფლის ამ ნაწილს ნამალევი ჰქვია. სიტყვა ,,ნამალევიდან” გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ომიანობის დროს ციხესთან არსებული ბუნებრივი მღვიმე სამალავადაც გამოიყენებოდა. მოსახლეობა მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად თხრის ორმოს და სურსათს ინახავს თხრილში, სადაც ზაფხულში დაახლოებით ისეთივე ტემპერატურა ფიქსირდება, რაც მაცივარში. პაპანაქება სიცხეშიც კი მღვიმეში არ დნება ყინული, რომელიც სოფლის მოსახლეობას ამოაქვს და სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს. ჩანჩხალოს მკვიდრს, რომელსაც კლდესთან ახლოს აქვს სახლი, მღვიმე-მაცივრის პრაქტიკული გამოყენებაც გადაუწყვეტავს, ბუნებრივი ,,მაცივრისთვის” რკინის კარი შეუბამს და საკუჭნაოდ გაუკეთებია.

4.უშოლთის მღვიმე

რაჭის ქედზე, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შქმერთან ახლოს, ფოცხვრების მთის აღმოსავლეთ ფერდობზე, სუბალპურ სარტყელში, სათავეს იღებს მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი – მდინარე ხეორი. ეს ანკარა მთის მდინარე პირდაპირ, სოფლის ორღობეებში მოედინება. მისი სიგრძე 14,5 კმ-ია.

ხეორის ძნელად მისადგომი კანიონის ქვეშ, ე.წ. ბრმა ხეობაში მიედინება ხეორი. მდინარის აუზში მდებარეობს უშოლთის მღვიმე. 2150 მ სიგრძის ბუნებრივი გამოქვაბული მდიდარია ქიმიური ნაღვენთებით, განსაკუთრებით ორი დარბაზი – ,,თბილისის უნივერსიტეტი” და ,,ვახუშტი”.

5.კაცხის სვეტი

ზემო იმერეთის სოფლებს შორის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესია სოფელი კაცხი, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს. სიტყვა ,,კაცხი” სვანურია  და მწვერვალს ნიშნავს. კაცხის ტერიტორიაზე აღმართულია ბუნებრივი კირქვული სვეტი – ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილი კლდოვანი მასა, გეოლოგების ენაზე – დენუდაციური ,,მოწმე” შთენილი. კაცხის სვეტის მიდამოები და თხემი ფართოფოთლოვანი მცენარეებითა და ლიანებით არის შემოსილი, რაც განუმეორებელ ლანდშაფტს ქმნის.

ადრინდელ შუა საუკუნეებში აქ განდეგილთა სამყოფელი და სალოცავი ყოფილა. სვეტის ზედა ბაქანზე დგას მომცრო ზომის ეკლესია.

6.კვერნაქების კლდე-შთენილები

კვერნაქის ქედი გადაჭიმულია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარე საქაშეთისხევიდან მდინარე არაგვამდე.

აღმოსავლეთ კვერნაქის სამხრეთ კალთაზე კლდოვანი რელიეფი მრავალრიცხოვანი ფლატეებითა და ქარაფებითაა წარმოდგენილი. აქ მრავლდაა ხელოვნური გამოქვაბულები. მათგან ყველაზე გამორჩეულია კლდეში ნაკვეთი კომპლექსი-გამოქვაბული – ციხე-ქალაქი უფლისციხე. დღეს უფლისციხე ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია. უფლისციხეში არის წმიდა გიორგის სახელობის ბიზანტიური სტილის სამნავიანი ბაზილიკა.

7.ხორხების მღვიმე

ხორხების ყინულოვანი მღვიმე ბედენის პლატოს სამხრულ შვერილზე მდინარე კლდეისის წყლის ორ მდგენელს შორის მდებარეობს. ლოდების ქვეშ საყინულეა. სწორედ ამ ლოდებს შორის არის ვიწრო შესასვლელი, საიდანაც გვირაბებით დაქსელილ მიწისქვეშეთში შეიძლება შესვლა.

სოფელ კლდეისის ტერიტორიაზე არის ჩანჩქერი, სწორედ აქ მდებარეობს გამოქვაბული. თქმულების მიხედვით, აქ ნადირობდა თამარ მეფე, ნადირობისას კლდეს ისარი შეერჭო და სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს – ,,კლდეისი”.

8.შამგონის კუნძული

ზუგდიდში მდებარე სოფელი შამგონა გაშენებულია მოშლამულ მდინარეულ კუნძულზე. დღევანდელი შამგონა შორეულ წარსულში ტყით ყოფილა დაფარული. ძველად იქ ხარობდა ვაზის ჯიში – შამგუ, რომელიც გადაშენდა, თუმცა სახელი შემორჩა კუნძულს. იტალიელ მისიონერ არქანჯელო ლამბერტის, რომელიც სამეგრელოს ეწვია (1611-1657), თავის ნაშრომში ნახსენები აქვს შამგონაში მდგარი ,,წიფურიას მონასტერი”. მისივე ჩანახატის მიხედვით, მონასტერი მდებარეობდა მდ.ენგურის მარცხენა ტოტის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ნობაკევსა და ზუგდიდს შორის – ეს კი თანამედროვე შამგონის ტერიტორიაა.

9.აბუდელაურის ტბები

აბუდელაურის მყინვარის მოქმედების მიერ წარმოქმნილ ჩადაბლებაში მდებარეობს სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ტბა: მწვანე, ლურჯი და თეთრი. სოფელ როშკიდან ტბებამდე საფეხმავლო მარშრუტი მიემართება. მარშრუტის პირველი ობიექტი მწვანე ტბაა. მას დიდი რაოდენობით ბალახებეულობის გამო აქვს მწვანე შეფერილობა. ტბის მაქსიმალური სიღრმე 3.8 მეტრია, მოცულობა 45500მ3.

მწვანე ტბის ჩრდილოეთით 200 მეტრში მდებარე ჩადაბლებაში გვხვდება ,,ლურჯი ტბა”. ამ ტბაში ზაფხულის პერიოდში ნაკადები არ შეედინება, შესაბამისად, წყალი სუფთა და ანკარაა, სწორედ ამიტომ ტბას მკვეთრად ლურჯი ფერი აქვს.

ლურჯი ტბიდან ჩრდილო-დასავლეთით, 1 კილომეტრში, მდებარეობს ,,თეთრი ტბა”, რომელიც წარმოიქმნა აბუდელაურის მყინვარის დაბოლოების ადგილას. ტბებიდან მიწისქვეშა გამოსავლებით გამოედინება ნაკადები, რომლებიც ქმნიან მდინარე აბუდელაურს.

10.გომბორის შთენილი

გომბორის უღელტეხილის საავტომობილო გზასთან ახლოს, სოფელ ვერონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე გომბორულას აუზში, საავტომობილო გზასთან ახლოს, დაახლოებით 50 მ სიმაღლის საინტერესო ფორმის ბუნებრივი წარმონაქმნი დგას. გადმოცემით, ომიანობის დროს მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ამ გამოქვაბულებს თავშესაფრად იყენებდა. კლდე-შთენილის ჩრდილოეთი მხარე ტყით არის დაფარული. მწვერვალზე მოხვედრა სწორედ ამ კლდის გავლით შეგიძლიათ. გომბორის ქედის თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია, კალთებზე – ფოთლოვანი ტყე და ფიჭვნარი. ახლოს მდებარეობს მარიამჯვრის ნაკრძალი. ეს ტერიტორია კულტურული, სათავგადასავლო და საფეხმავლო ტურების მოყვარულთა საყვარელი ადგილია.

11.თუშეთი

დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და მოიცავს რამდენიმე სოფელს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. სოფლები განლაგებულია ზღვის დონიდან 1900 მ-დან 2400 მ-მდე. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.

თუშეთი დღეს მთლიანად დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. აქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები: უძველესი ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები, ციხე-კოშკები ბუნებრივ გარემოსთან ერთად ლანდშაფტურ ღირებულებას ქმნის.

თუშეთში იხილავთ სოფელ ბოჭორნას – ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტს, რომელიც ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარეობს.

 

 

მომზადებულია გიორგი დვალაშვილის წიგნის მიხედვით – ,,საქართველოს ბუნების 100 საოცრება”.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 6 7 8
Page 8 of 8