close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა პლანეტის მსგავსი ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც მზეზე გაცილებით ცხელია

სამყარო სავსეა უცნაური და უჩვეულო კოსმოსური ობიექტებით. ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლანეტის მსგავსი ობიექტი, რომელიც ჩვენს მზეზე უფრო ცხელია. მას WD0032-317B და ის დედამიწიდან დაახლოებით 1400 სინათლის წელიწადით არის დაშორებული. ობიექტის ზომა პლანეტა იუპიტერს 75-88-ჯერ აღემატება.

მნათობი საკუთარი ვარსკვლავის გარშემო საკმაოდ ახლოს გადაადგილდება და სწორედ ამიტომ, მისი ერთი წელი მხოლოდ 2.3 საათს უდრის. თანამგზავრისგან ასეთი მცირე დაშორება ობიექტის ცხელ ტემპერატურას განაპირობებს.

ყავისფერი ჯუჯა მოქცევით არის ჩაკეტილი, რაც ნიშნავს, რომ ობიექტის ერთი მხარე ყოველთვის ვარსკვლავისკენ არის მიმართული, ხოლო მეორე ყოველთვის მოშორებით. აღნიშნული განაპირობებს ვარსკვლავისკენ მიმართულ მხარეზე არსებულ ცხელ ტემპერატურას, რომელიც 7250-9800 კელვინამდე მერყეობს. მოშორებულ მხარეზე კი ტემპერატურა 1300-3000 კელვინს აღწევს. ამ ექსტრემალური ტემპერატურის შედეგად, WD0032-317B არის ყველაზე ცხელი ყავისფერი ჯუჯა რაც დღემდე აღმოჩენილა.

რაც შეეხება თეთრ ვარსკვლავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მასა მზის მასის 40 პროცენტს შეადგენს, ის მასზე გაცილებით ცხელია. მნათობის ტემპერატურა 37000 კელვნს აღწევს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

ევკლიდის კოსმოსური ტელესკოპი ერთ მილიარდზე მეტ გალაქტიკას დაათვალიერებს

მომავალი თვის დასაწყისში ევკლიდის კოსმოსური ტელესკოპი ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალიდან კოსმოსში გაემგზავრება და ერთი მილიარდი გალაქტიკის კვლევას დაიწყებს. კვლევის ფარგლებში, ტელესკოპი ცის ერთ მესამედზე მეტს დაფარავს. მიუხედავად იმისა, რომ ამოცანა უზარმაზარია, ევკლიდის მთავარი მიზანია მის მიერ შეგროვებული მონაცემები დავიდეს ერთ რიცხვამდე, რომელიც w-ით აღინიშნება.

w აღწერს ბნელი ენერგიის ეფექტს, იდუმალ ანტიგრავიტაციულ ძალას, რომელიც აჩქარებს სამყაროს გაფართოებას. მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ w არის -1-თან ახლოს მდებარე რიცხვი და თუ ასეა, მეცნიერები დარწმუნდებიან, რომ ბრნელი ენერგია არც ისეთი ძლიერია, როგორიც მათ აქამდე ეგონათ. სამყაროს გაფართოებასთან ერთად, მეტი სივრცის წარმოშობასთან ერთად, ბნელი ენერგიის მთლიანი რაოდენობაც იზრდება ისე, რომ ენერგიის სიმკვრივე ყოველთვის რჩება მუდმივი.

„თუ w უდრის -1-ს, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის ეს“, ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასტროფიზიკოსი ოფერ ლაჰავი. მცირე გადახრა -1-დან ან, კიდევ უკეთესი, w-ის მნიშვნელობიდან, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება, შეიძლება კოსმოლოგებს მიანიშნებდეს ახალი, ყოვლისმომცველი თეორიისკენ, რომელიც გულისხმობს ფიზიკის ახალ გაგებას.

ევკლიდი პირველი მულტიმილიარდიანი პროექტია, რომელსაც სულ მალე ექნება დებიუტი.

„საზოგადოება მილიარდობით დოლარს ხარჯავს იმის გასაგებად, უდრის თუ არა w –1-ს. თუ ეს ასე არ არის, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ნობელის პრემიაც შეიძლება მივიღოთ“, – ამბობს მეცნიერი.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ტელესკოპები შეამცირებენ კოსმოლოგიური მუდმივობის ალტერნატივების მზარდ ჩამონათვალს, მათ შორის აინშტაინის გრავიტაციის თეორიის გადასინჯვას.

კვლევის ფარგლებში ევკლიდი დაფარავს ცის 36%-ს. ის სულ რაღაც ორ დღეში დაათვალიერებს იმდენ ცას, რამდენიც ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა სამ ათწლეულში დაათვალიერა და დააფიქსირებს დაახლოებით 10 მილიარდ გალაქტიკას, ვარსკვლავს და მზის სისტემის ობიექტებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჯეიმს ვების ტელესკოპმა დედამიწის მსგავსი პლანეტების მაფორმირებელ დისკოში წყალს მიაგნო

ჯეიმს ვების ტელესკოპმა ვარსკვლავური სისტემის კლდოვანი პლანეტის წარმოქმნილ ზონაში, დედამიწიდან 370 სინათლის წლის მანძილზე წყლის ორთქლის მოლეკულები აღმოაჩინა.

საინტერესოა ისიც, რომ ამ ზონაში უმეტესად დედამიწის მსგავსი პლანეტები წარმოიქმნება.

ამ კონკრეტულ ადგილას წყლის აღმოჩენამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგცეს დედამიწის ფორმირების შესახებ.

„ეს აღმოჩენა უაღრესად ამაღელვებელია, რადგან ის იკვლევს რეგიონს, სადაც, როგორც წესი, წარმოიქმნება დედამიწის მსგავსი კლდოვანი პლანეტები“, – თქვა თომას ჰენინგმა, ამ ახალი კვლევის თანაავტორმა, ნასას ოფიციალურ გამოცემაში.

NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შუა ინფრაწითელი ინსტრუმენტის (MIRI) გამოყენებით, მეცნიერებმა წყალი პლანეტის წარმომქმნელი გაზისა და მტვრის დისკის ცენტრთან ახლოს PDS 70-ის გარშემო აღმოაჩინეს. ის წარმოდგენილია ცხელი ორთქლის სახით და დაახლოებით 330 გრადუსამდე ადის.

ჩვენს მზის სისტემაში აღნიშნული ზონა არის ადგილი, სადაც ჩამოყალიბდა დედამიწა და სხვა კლდოვანი პლანეტები. ახალი აღმოჩენები იძლევიან იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ნებისმიერ კლდოვანი პლანეტაზე, რომელიც წარმოიქმნება PDS 70-ის ცენტრალურ ზონაში, წყალი თავიდანვე გვხვდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომებმა აღმოაჩინეს ორი პლანეტა, რომლებიც, შესაძლოა, ერთ ორბიტაზე მოძრაობდნენ

ასტრონომების განცხადებით, ორი პლანეტის მიერ ერთი ორბიტის გაზიარების შესაძლო ფაქტი დააფიქსირეს.
თუკი აღნიშნული დადასტურდება, ეს აღმოჩენა იქნება ყველაზე ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ ორ ეგზოპლანეტას – ჩვენი მზის სისტემის გარეთ არსებულ პლანეტებს – ერთი ორბიტის გაზიარება შეუძლიათ.
„შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ პლანეტას შეუძლია თავისი ორბიტა ათასობით ასტეროიდთან გაიზიაროს, როგორც ეს იუპიტერის შემთხვევაში იყო, მაგრამ ჩემთვის საინტერესოა, რომ პლანეტებს შეუძლიათ ერთი და იმავე ორბიტის გაზიარება“, – განაცხადა ოლგა ბალსალობრე-რუზამ, რომელიც Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნებულ ნაშრომს ხელმძღვანელობდა.
მისი თქმით, ორი ათეული წლის წინ თეორიულად იწინასწარმეტყველეს, რომ მსგავსი მასის პლანეტების წყვილს შეიძლება ჰქონდეთ ერთი და იგივე ორბიტა თავიანთი ვარსკვლავის გარშემო.
”პირველად, ჩვენ ვიპოვეთ მტკიცებულება ამ იდეის სასარგებლოდ. ვინ წარმოიდგენდა ორ სამყაროს, რომლებიც იზიარებენ წელიწადის ხანგრძლივობას და საცხოვრებელ პირობებს? ჩვენი ნამუშევარი არის პირველი მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი სამყარო შეიძლება არსებობდეს“, – აღნიშნა ოლგა ბალსალობრე-რუზამ.
ტროელები – კლდოვანი სხეულები იმავე ორბიტაზე, რომელზედაც პლანეტა – გავრცელებულია ჩვენს მზის სისტემაში, ყველაზე ცნობილი მაგალითია იუპიტერის ტროელი ასტეროიდები.
ასტრონომების წინასწარმეტყველების მიუხედავად, რომ ტროელები შეიძლება არსებობდნენ ჩვენი მზის გარდა სხვა ვარსკვლავის გარშემოც, დღემდე ამის დამადასტურებელი მცირე მტკიცებულება არსებობდა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ 66 რადიოტელესკოპის ასტრონომიული ინტერფერომეტრის, ALMA-ს საშუალებით მიაკვლიეს მტკიცებულებას, რომ, PDS 70 სისტემაში, შესაძლოა, ტროელი პლანეტები არსებობდეს.
ეს ახალგაზრდა ვარსკვლავი მასპინძლობს ორ გიგანტურ, იუპიტერის მსგავს პლანეტას, PDS 70b-სა და PDS 70c-ს.
ALMA-ს საარქივო დაკვირვებების გაანალიზებით, მეცნიერებმა PDS 70b-ის ორბიტაზე ნამსხვრევების ღრუბელი შენიშნეს. მკვლევარების აზრით, ნამსხვრევების ეს ღრუბელი შეიძლება მიუთითებდეს სისტემაში არსებულ ტროას სამყაროზე ან პლანეტაზე, რომელიც ფორმირების პროცესშია. აღმოჩენის სრულად დასადასტურებლად, გუნდს ლოდინი 2026 წლის შემდგომ პერიოდამდე მოუწევს, როდესაც ისინი ALMA-ს გამოყენებას აპირებენ, რათა დაინახონ, მოძრაობენ თუ არა PDS 70b პლანეტა და მისი “დედმამიშვილი“ ნამსხვრევების ღრუბელი მათი ორბიტის გასწვრივ ერთად, ვარსკვლავის გარშემო.
„ეს იქნება გარღვევა ეგზოპლანეტების სფეროში“, – განაცხადა ოლგა ბალსალობრე-რუზამ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

სამყაროს შორეულ ნაწილში ნახშირბადი აღმოაჩინეს – ახალი კვლევა

ჯეიმს ვებმა სამყაროს ძლიერ შორეულ ნაწილში ნახშირბადი აღმოაჩინა, რაც აქამდე შეუძლებლად მიიჩნეოდა.

აღმოჩენა მიუთითებს, რომ ადრეულ, ასე მშფოთვარე სამყაროში არსებობდა ნახშირბადის წარმოების საკმაოდ მძლავრი საშუალებები – სავარაუდოდ, მასიურ ვარსკვლავთა სიკვდილის წყალობით, რომლებიც ამ ელემენტს სიკვდილისას კოსმოსში აფრქვევენ.

„4-7 წითელ წანაცვლებაზე ნახშირბადიანი მტვრის აღმოჩენა უმნიშვნელოვანეს ცნობებს გვაწვდის ადრეულ სამყაროში მტვრის წარმოების მოდელებისა და სცენარების შესახებ“, – წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც კემბრიჯის უნივერსიტეტის კოსმოლოგი ჯორის ვიტსტოკი ხელმძღვანელობდა.

სამყაროს არსებობის პირველი მილიარდი წელიწადი კოსმოსური გარიჟრაჟის სახელით არის ცნობილი, რომელიც 13,8 მილიარდი წლის წინ მომხდარ დიდ აფეთქებას მოჰყვა და კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდს წარმოადგენდა. წარმოიქმნა პირველი ატომები; პირველი ვარსკვლავები; წყვდიადში პირველმა სინათლემ გაიელვა. თუმცა, წყალბადსა და ჰელიუმზე უფრო მძიმე ელემენტთა მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოჭედვა თავად ვარსკვლავებს მოუხდათ.

თავიანთ ბირთვში, ცხელ, მკვრივ ბირთვულ ღუმელებში, ვარსკვლავები ატომებს უფრო მძიმე ელემენტებად ასინთეზირებენ; ამ პროცესს ვარსკვლავური ნუკლეოსინთეზი ეწოდება. თუმცა, ეს მძიმე ელემენტები დიდწილად უბრალოდ ვარსკვლავში აკუმულირდება იქამდე, ვიდრე ის სინთეზისთვის საჭირო მასალას არ ამოწურავს და მოკვდება; ამ დროს, ვარსკვლავი მთელ თავის შემცველობას მიმდებარე სივრცეში აფრქვევს. ამ პროცესს ყოველთვის რაღაც დრო სჭირდება.

კოსმოსურ გარიჟრაჟზე არსებული მტვრის შესასწავლად, ვისტოკმა და მისმა კოლეგებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენეს და მართლაც, რაღაც უცნაური შენიშნეს. აღმოაჩინეს სრულიად მოულოდნელად ძლიერი მახასიათებელი სპექტრში, რომელიც ნახშირბადით მდიდარი მტვრის მიერ სინათლის შთანთქმასთან არის დაკავშირებული, გალაქტიკებში, რომლებიც დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 800 მილიონი წლის შემდეგ არსებობდა.

პრობლემა ის არის, რომ როგორც მიიჩნევა, მტვრის ამ მარცვლების წარმოქმნისთვის ასობით მილიონი წელიწადია საჭირო; ამ გალაქტიკათა მახასიათებლები კი მიუთითებს, რომ ისინი ზედმეტად ახალგაზრდებია ამ მტვრის წარმოქმნისთვის საჭირო დროის კვალობაზე. თუმცა, ა, პრობლემის გადაჭრა სულაც არ არის შეუძლებელი.

მიჩნეულია, რომ სამყაროს პირველი ვარსკვლავები გაცილებით მასიური იყო, ვიდრე დღევანდელები. გამომდინარე იქიდან, რომ მასიური ვარსკვლავები საწვავის მარაგს უფრო სწრაფად ხარჯავენ, შედარებით ცოტა ხანსაც ცოცხლობენ, შემდეგ კი სუპერნოვად ფეთქდებიან; სწორედ ასეთი აფეთქებებით უნდა გავრცელებულიყო კოსმოსში მძიმე ელემენტები შედარებით ადრე.

დღესაც არსებობს ვარსკვლავები, რომლებიც მტვრის ნამდვილი „ქარხნებია“. მათ ვოლფ-რაიეს ვარსკვლავებს უწოდებენ — წარმოადგენს მასიურ ვარსკვლავებს, რომლებიც უკვე სიცოცხლის მიწურულს, სუპერნოვად აფეთქების ზღვარზე არიან. მათ უკვე აღარ დარჩათ წყალბადის ბევრი მარაგი, მაგრამ უხვად აქვთ აზოტი და ნახშირბადი; ამავე დროს, მატერიის დიდ ნაწილს სივრცეში ტყორცნიან და მასას ძალიან სწრაფად კარგავენ. მათ მიერ გამოტყორცნილი მატერია მდიდარია ნახშირბადით.

კოსმოსური გარიჟრაჟის მრავალ გალაქტიკაში დიდი ოდენობით ნახშირბადის აღმოჩენა შეიძლება იმის მტკიცებულება იყოს, რომ ეს პროცესი ადრეულ სამყაროში იმაზე მეტად იყო გავრცელებული, ვიდრე უფრო გვიანდელ სივრცე-დროში.

ეს კი თავის მხრივ მიუთითებს, რომ გიგანტური ვარსკვლავები პირველ თაობაში ნორმას წარმოადგენდა, რაც იმის ახსნაშიც გვეხმარება, რატომ აღარ არსებობს დღეს არცერთი მათგანი.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

იუპიტერის მაგნიტოსფეროს გვერდით უჩვეულო ტალღები დაფიქსირდა

NASA-ს მიერ შექმნილმა იუპიტერის ორბიტაზე მოძრავმა ზონდმა პლანეტის მაგნიტოსფეროს გვერდით უჩვეულო ტალღები დააფიქსირა.

კვლევა სამხრეთ-დასავლეთის კვლევითმა ინსტიტუტმა და სან ანტონიოს ტეხასის უნივერსიტეტმა ჩაატარეს.

დოქტორი რობერტ ებერტის თქმით, მზის ქარის ეს ურთიერთქმედება მნიშვნელოვანია, რადგან მას მაგნიტოპაუზის გასწვრივ, იუპიტერის მაგნიტოსფეროში პლაზმისა და ენერგიის გადატანა შეუძლია.

მეცნიერების თქმით, გიგანტური ტალღების გაჩენას სავარაუდოდ, მაგნიტოპაუზის მახლობლად, რომელიც პლანეტის მაგნიტურ ველსა და მზის ქარს შორის არსებულ საზღვარს წარმოადგენს, არსებული სიჩქარის ცვლილება იწვევს.

აღნიშნულმა შესაძლოა მობრუნებული ტალღის, იგივე კელვინ-ჰელმოლცის ფორმირება გამოიწვიოს. ოფიციალური განცხადებით, მხოლოდ მხოლოდ ინსტრუმენტზე დაფუძნებულ მონაცემებს შეუძლიათ ამ უხილავი ტალღების არსებობის გამოვლენა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ვების ტელესკოპმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ფუნქციონირების ერთი წლის იუბილეს აღსანიშნად NASA-მ გასაოცარი სურათი გამოაქვეყნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მსოფლიოში უმძლავრესი ტელესკოპის მიერ გადაღებულ კადრზე ვარსკვლავის დაბადებაა აღბეჭდილი. ფოტოზე გამოსახულია ჩვენგან 390 წლის სინათლის მოშორებით მდებარე რეგიონი, რომელიც  რო გველისმჭერის ვარსკვლავთწარმომქმნელ ღრუბელშია განლაგებული.

 

ეს ჩვენთან ყველაზე ახლომდებარე ასეთი არეალია და მნათობების ფორმირების პროცესზე დეტალურად დაკვირვების საშუალებას გვაძლევს. სურათზე ნაჩვენები რეგიონი 50-მდე ახალგაზრდა ვარსკვლავს მოიცავს, რომელთა მასაც მზის მსგავსია ან უფრო ნაკლები. მუქი ადგილები ყველაზე მკვრივია, სადაც სქელ ღრუბელში გახვეული პროტო ვარსკვლავებია.

“ვების მიერ გადაღებული რო გველისმჭერი საშუალებას გვაძლევს, ვარსკვლავის სიცოცხლის ციკლის ძალიან ხანმოკლე პერიოდს მკაფიოდ დავაკვირდეთ. მსგავსი ფაზა ჩვენმა მზემაც გაიარა, რაც დიდი ხნის წინ მოხდა, ახლა კი გვაქვს ტექნოლოგია, რომლითაც სხვა ვარსკვლავის ისტორიის დასაწყისს ვხედავთ”, — აცხადებს ვების პროექტზე მომუშავე მეცნიერი, კლაუს პონტობიდანი.

მოწითალო შეფერილობით წარმოდგენილია მოლეკულური წყალბადის უზარმაზარი ნაკადები, რომლებსაც გამოსახულების ზედა მხარეს ვხედავთ. ქვემოთ მნათობ S1-ის გავლენით კოსმოსურ მტვერში გამოთავისუფლებული კაშკაშა ღრუ ადგილია. ესაა ამ კადრში აღბეჭდილი ერთადერთი მნათობი, რომელიც მზეზე მასიურია.

“მხოლოდ ერთ წელში ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კაცობრიობის მიერ კოსმოსის ხედვა შეცვალა, მტვრის ღრუბლებში შეგვახედა და სამყაროს შორეული კუთხეებიდან წამოსულო სინათლე პირველად დაგვანახვა. ყოველი ახალი სურათი ახალი აღმოჩენაა, რამაც მეცნიერებს შესაძლებლობა მისცა, დაესვათ კითხვები და გაეცათ პასუხები, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდნენ”, — ამბობს NASA-ს ხელმძღვანელი, ბილ ნელსონი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჯეიმს ვებმა სატურნი გადაიღო — ფოტოები ჯერ დაუმუშავებელია

ჩვენს წინაშეა ის, რასაც ყველა დიდხანს ელოდა: ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული სატურნი მთელი თავისი დიდებულებით.

მიუხედავად იმისა, რომ სურათები ჯერ დამუშავებული არაა და საბოლოო სახე არ აქვს, ტელესკოპმა დაკვირვებები თავის ახლო-ინფრაწითელი სპექტროგრაფით (NIRSpec) ჩაატარა და ნედლი ფოტოები ტელესკოპის არაოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე წინასწარ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება სურათი დამუშავების შემდეგ. დიდია ეჭვი, რომ ის მართლაც სუნთქვისშემკვრელი იქნება.

ვებგვერდზე ბევრი ფოტო აიტვირთა; მრავალი მათგანი უბრალოდ მანათობელი ლაქაა, მაგრამ ზოგიერთი განსაკუთრებით გამორჩეულია.

პირველ რიგში, შეხედეთ ამ ფოტოს, რომელშიც სატურნი თითქმის მთლიანად შავია.

ამის მიზეზი სავარაუდოდ ფილტრების გამოყენებაა. მიუხედავად იმისა, რომ სატურნი და მისი რგოლები ინფრაწითელ და ახლო-ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში ანათებს, ტალღის სიგრძის დიაპაზონი განსხვავებულია.

NASA-ს განმარტებით, სატურნის რგოლები მზის სინათლეს 2 მიკრონით ირეკლავს, მაგრამ არა 3 და 5 მიკრონით. მისი ზედა ნისლი კი მზის სინათლეს ირეკლავს როგორც 2, ისე 3 მიკრონით.

სურათებში გამოყენებული ორი ფილტრი უფრო გრძელ ტალღის სიგრძეების ზოლშია, რის გამოც, განათებული რგოლები თითქმის ეულად ჩანს კოსმოსის წყვდიადის ფონზე.

თეთრი წერტილები უბრალოდ „ხმაურია“, რომელიც დამუშავების შემდეგ, საბოლოო სურათებს მოშორდება.

სატურნი

შემდეგია მოკლე ტალღის სიგრძის ფილტრით გადაღებული ფოტოები, რომლებშიც სატურნის ღრუბელთა ზოლებიც ჩანს და რგოლები ყველაზე ძლიერ ცენტრში კაშკაშებს.

დაკვირვებებს ბრიტანეთის ლესტერის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი აწარმოებდა პლანეტურ მეცნიერ ლი ფლეტჩერის ხელმძღვანელობით. მათ იმედი აქვთ, რომ მონაცემების საფუძველზე, უფრო მეტს ისწავლიან სატურნის მთვარეებისა და რგოლების შესახებ.

მათი განცხადებით, ინსტრუმენტი NIRSpec საკმარისად მგრძნობიარეა, რათა პლანეტის გარშემო ახალი მთვარეები აღმოაჩინოს.

ამას გარდა, კამერა დროულად გააგრძელებს სატურნის სისტემის კვლევას, რომელიც 2017 წელს, კასინის მისიის დასრულებისას შეჩერდა.

ეჭვგარეშეა, რომ რამდენიმე დღეში, ამ ფოტოების საბოლოო, დამუშავებულ ვერსიებსაც ვიხილავთ.

ნედლი ფოტომასალა სრულად შეგიძლიათ იხილოთ JWST Feed ვებგვერდზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

კვლევა – კოსმოსში მოგზაურობა ადამიანის თავის ტვინზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს

კოსმოსი შეიძლება იყოს არამეგობრული ადგილი ადამიანის სხეულისთვის, მიკროგრავიტაციული პირობებით და სხვა ფაქტორებით, რომლებიც ხელს უშლიან ჩვენს ფიზიოლოგიას, თავიდან ფეხებამდე – თავი, რა თქმა უნდა, მთავარი საზრუნავია.

NASA-s მიერ დაფინანსებული ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევა საკითხის უფრო ღრმა ანალიზის საშუალებას იძლევა. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ასტრონავტებმა, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ან NASA-ს კოსმოსურ ხომალდებზე სულ მცირე ექვსი თვის განმავლობაში მოგზაურობდნენ, ცერებრალური პარკუჭების მნიშვნელოვანი გაფართოება განიცადეს.

ცერებრალური პარკუჭები არის ცერებროსპინალური სითხით სავსე სივრცეები. ეს უფერო და წყლიანი სითხე მოძრაობს თავისა და ზურგის ტვინში და იცავს ტვინს, რათა დაიცვას უეცარი ზემოქმედებისაგან და შლის ნარჩენებს.

30 ასტრონავტის ტვინის სკანირების საფუძველზე, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ასეთი მოგზაურობის შემდეგ პარკუჭების სრულად გამოჯანმრთელებას სამი წელი დასჭირდა, რაც მიანიშნებს, რომ ხანგრძლივ კოსმოსურ მისიებს შორის მინიმუმ ამ ხანგრძლივობის ინტერვალია მიზანშეწონილი.

ასტრონავტებში მოკლე მისიების შემდეგ პარკუჭის მოცულობის უმნიშვნელო ცვლილება მოხდა, ან საერთოდ არ შეცვლილა. გაფართოება მოხდა ასტრონავტებში ექვსთვიანი ან უფრო ხანგრძლივი მისიის შემდეგ, თუმცა არ იყო განსხვავება ექვსთვიან და ერთწლიან მისიებში მყოფ ასტრონავტებს შორის. მეცნიერების განმარტებით, ის ფაქტი, რომ გაფართოება არ გაუარესდა ექვსი თვის შემდეგ, შეიძლება კარგი ამბავი იყოს მარსზე დაგეგმილი მომავალი მისიებისთვის, სადაც ასტრონავტებმა შეიძლება ორი წელი გაატარონ. ამასთან, ის, რომ ხანმოკლე მისიების შემდეგ ცერებრალური პარკუჭები არ გაფართოვდა, კარგი ამბავია მათთვის, ვინც, როგორც ტურისტი, ხანმოკლე კოსმოსურ მოგზაურობას განიხილავს.

მიკროგრავიტაციული პირობები ასევე იწვევს სხვა ფიზიოლოგიურ ეფექტებს ადამიანის სხეულზე ფიზიკური დატვირთვის შემცირების გამო. ეს მოიცავს ძვლებისა და კუნთების ატროფიას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ცვლილებებს, ბალანსის სისტემის პრობლემებს შიდა ყურში. შეშფოთებას იწვევს ასევე მზის რადიაციის დიდი ზემოქმედებით გამოწვეული კიბოს გაზრდილი რისკი.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

წყარო : reuters.com 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

დედამიწას პოტენციურად საშიში, 256-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდება

NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის (JPL) ცნობით, დედამიწას პოტენციურად საშიში 256-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდება. დედამიწამდე მანძილი დაახლოებით 6,7 მილიონი კმ-ია, ასტეროიდის სიჩქარე საათში 32184 კმ-ია.

ასტეროიდი 467336 (2002 LT38) დედამიწასთან შაბათს, 24 ივნისს  გაივლის.

აღსანიშნავია, რომ თუ ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება 7,4 მილიონ კმ-ზე უფრო ახლოს და მისი ზომა 150 მ-ზე მეტია, მაშინ NASA მას “პოტენციურად საშიშ ობიექტად” მიიჩნევს, თუმცა 2023 HT4 არ აკმაყოფილებს ორივე კრიტერიუმს ერთდროულად, ამიტომ ის “პოტენციურად საშიშ” ასტეროიდან არ ითვლება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 6 7 8 9 10 54
Page 8 of 54