close

კვლევები

კვლევები

ექვსი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას – ახალი კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სიმსივნის კვლევის ამერიკულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა, ახალგაზრდებმა ცხოვრებისეულ 6 ფაქტორზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რომელიც სიმსივნის ეპიდემიის განვითარებას უწყობს ხელს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას არაჯანსაღი დიეტა, სიმსუქნე, გარემოში არსებული ქიმიკატები, ანტიბიოტიკები, ალკოჰოლი და უმოძრაო ცხოვრების წესი უწყობს ხელს.

მეცნიერები ახალგაზრდებს ურჩევენ მოერიდონ ანტიბიოტიკების ხშირ მოხმარებას, წითელი ხორცი ჭამონ არაუმეტეს 3 ჯერ კვირაში, გამოიყენონ კონტრაცეპტივები (პრეზერვატივი) და მოერიდონ სპირტიანი სასმელების ხშირ მოხმარებას.

მკვლევრების ცნობით, სიმსივნის შემთხვევების 40%, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ 6 ფაქტორს უკავშირდება.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
კვლევები

თუ თქვენი ჰობი შემოქმედებითი ხასიათისაა, მეცნიერებს კარგი ამბავი აქვთ

მეცნიერებმა 1240 ადამიანის მონაცემების საფუძველზე დაასკვნეს, რომ შემოქმედებითი ჰობის ქონა ჩვენს ტვინს ახალგაზრდობას უნარჩუნებს. ეს თქვენც გეხებათ, თუ თავისუფალ დროს ხატავთ, გიტარაზე დაკვრას ცდილობთ, ახალ რეცეპტებს ცდით, ქსოვთ, უცხო ენას სწავლობთ და სხვა.

ტვინზე მათი გავლენის შესასწავლად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს “ასაკი” ხშირად ქრონოლოგიურ ხნოვანებას არ ემთხვევა — ის ზოგჯერ უფრო სწრაფად ან ნელა ბერდება. ამ სხვაობების უკეთ გასაგებად სპეციალისტებმა კვლევაში მონაწილეთა ტვინის გამოსახულებები გააანალიზეს. ეს ინფორმაცია მათ მანქანური დასწავლის მოდელებით დაამუშავეს და ის 232 ადამიანის მონაცემებს შეადარეს. თითოეული მათგანი აქედან ერთი შემოქმედებითი ჰობით იყო დაკავებული: ტანგოს ცეკვით, მუსიკით (სიმღერა, დაკვრა), ხატვითა და რეალურ დროში მიმდინარე სტრატეგიული ვიდეოთამაშებით.

აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი სარგებლის მომტანია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, აქედან რომელ ჰობს ანიჭებთ უპირატესობას. ეს კარგია, რადგან მეტი შანსია, რომ თქვენთვის სასურველი საქმიანობის ერთგულნი დიდხანს დარჩეთ. საქმე ისაა, რომ უფრო გამოცდილი მონაწილეების ტვინის დაბერება სხვებთან შედარებით მეტად იყო შენელებული.

ამ მხრივ პირველი ადგილი ტანგოთი გატაცებულმა პირებმა დაიკავეს, რომელთა ტვინიც ქრონოლოგიურ ასაკზე საშუალოდ 7 წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა. ავტორები ამბობენ, რომ ეს გასაკვირი არაა, რადგან აღნიშნული ცეკვა ტვინის ბევრი რეგიონის ჩართულობას, კოორდინაციას, დაგეგმვასა და რთული ქორეოგრაფიის სწავლას მოითხოვს.

გამოიკვლიეს ის ადამიანებიც, რომელთათვისაც კონკრეტული ჰობი ახალი იყო. მეცნიერებმა 24 მოხალისეს ვიდეოთამაში StarCraft II ასწავლეს, 12-კაციან კონტროლ ჯგუფს კი Hearthstone-ს ათამაშებდნენ, რომელიც ნაკლებად შემოქმედებითია. შედეგად პირველ ჯგუფში ტვინის ხნიერების უკეთესი მაჩვენებელი დაფიქსირდა — საშუალოდ 3.1 წელი სხვაობა ქრონოლოგიურ ასაკთან — როგორც მოსალოდნელი იყო.

“სულაც არაა აუცილებელი, რომ და ვინჩი იყო, რათა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ეფექტები გამოგივლინდეს”, — ასკვნიან ავტორები.

დაბერების შენელება განსაკუთრებით ტვინის იმ რეგიონებში შეინიშნებოდა, რომლებიც ასაკის მიმართ მოწყვლადია. ეს არეალები შემოქმედებითობასთან ასოცირებულ კოგნიტიურ ფუნქციონირებასთან და ნეირონული პროცესების ეფექტიანობასთანაა დაკავშირებული.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ღეროვანმა უჯრედებმა თაგვებში ინსულტის შედეგად დაზიანებული თავის ტვინი აღადგინა – უახლესი კვლევა

ციურიხის უნივერსიტეტისა და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, სისხლძარღვების დახშობით გამოწვეული ტვინის დაზიანების მკურნალობა შეიძლება ღეროვანი უჯრედების ინიექციით მოხდეს.

ერთ მშვენიერ დღეს, ეს შედეგები დაკარგული ფუნქციების აღდგენაში შეიძლება დაეხმაროს პაციენტებს, რომლებმაც ინსულტის ზოგიერთი ფორმა გადაიტანეს.

ინსულტის შედეგად თავის ტვინის დაზიანების მქონე თაგვების გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ღეროვანი უჯრედების შეყვანის შემდეგ, ისინი შეიძლება წარმატებით გადაიქცნენ ტვინის მოუმწიფებელ უჯრედებად. შედეგები დრამატული იყო — შეყვანილ უჯრედთა უმეტესობა ადგილზე დარჩა, უვითარდებოდათ სრულად ფუნქციონირებადი ნეირონების თვისებები და კომუნიკაცია მიმდებარე უჯრედებთან.

„დავადგინეთ, რომ ღეროვანი უჯრედები ანალიზის სრული პერიოდი, ხუთი კვირის განმავლობაში გადარჩნენ და მათი უმეტესობა ნეირონებად გარდაიქმნა, რომლებიც კომუნიკაციასაც კი ამყარებდნენ თავის ტვინის უკვე არსებულ უჯრედებთან“, — ამბობს ციურიხის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი კრისტიან ტაკენბერგი.

ამას გარდა, მკვლევრები დააკვირდნენ სისხლძარღვების თვითაღდგენას, თავის ტვინში ანთების შემცირებას და სისხლი-ტვინის ბარიერის გაძლიერებას. თაგვებს აღენიშნათ მოძრაობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება — რაც ნამდვილად საკვანძო აღმოჩენაა, რადგან ინსულტმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს სხეულის მოძრაობის კონტროლი.

ახალი კვლევა ეფუძნება ამავე მკვლევართა ნაწილის მიერ ჩატარებულ წინა კვლევას, რომელშიც სწავლობდნენ ინსულტის შემდეგ ღეროვანი უჯრედების შეყვანის ოპტიმალურ დროს. ეს მნიშვნელოვანი იქნება მკურნალობის მეთოდების შემუშავებისთვის: როგორც ჩანს, საჭიროა ინსულტის შემდეგ თავის ტვინის გარკვეული სტაბილიზება, რათა ტრანსპლანტაცია ეფექტიანი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ადრეული კვლევები ნაწილობრივ მოიცავდა ამავე სფეროს, ტაკენბერგის ჯგუფი ამბობს, რომ არცერთი წინა კვლევა არ მისულა დეტალების იმ დონემდე, როგორც ახალი კვლევა. მკვლევრებს აინტერესებდათ არა მხოლოდ გადანერგილ უჯრედთა გადარჩენა, არამედ ისიც, წარმოქმნიდნენ თუ არა ისინი ნევროლოგიურ კავშირებს.

„ჩვენი ანალიზები გაცილებით სცილდება სხვა კვლევების ფარგლებს, რომლებიც ფოკოსირებული იყო გადანერგვის შემდეგ მყისიერ ეფექტებზე“, — ამბობს ტაკენბერგი.

ამ ეტაპზე, ინსულტის მიერ თავის ტვინისთვის მიყენებული ზიანი გამოუსწორებელია და ადრე თუ გვიან, მოსახლეობის მეოთხედს ეხება. ინსულტის მიერ გამოწვეულ შიდა სისხლდენა ან ჟანგბადის შემცირება სამუდამოდ ანგრევს თავის ტვინის უჯრედებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საუბარსა და მოძრაობაზე.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ დროთა განმავლობაში, ღეროვანი უჯრედების თერაპია შეიძლება გამოიყენონ იმ დაზიანებების აღსადგენად, რომლებიც ამჟამად გამოუსწორებელია. ამ მიმართულებით უკვე არსებობს რამდენიმე ინოვაცია, მათ შორის, დიაბეტისა და მხედველობის დაკარგვის სამკურნალო საშუალებები.

მალე გამოჩნდება, იმუშავებს თუ არა ეს მიდგომა ადამიანის თავის ტვინში, რისთვისაც საჭირო იქნება გაცილებით ხანგრძლივი ტესტირება.

წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა — თავის ტვინში ნებისმიერი ჩარევა შეიძლება არასწორად წარიმართოს. საჭიროა, რომ მკვლევრებმა იპოვონ გზა, რომლითაც თავიდან აიცილებენ იმპლანტირებული ღეროვანი უჯრედების თავდაპირველი დანიშნულების მიღმა გასვლას.

„აუცილებელია დაავადებების ან უბედური შემთხვევების შემდეგ ტვინის პოტენციური რეგენერაციის ახალი თერაპიული მიდგომების ძიება. ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ნერვული ღეროვანი უჯრედები არა მხოლოდ წარმოქმნიან ახალ ნეირონებს, არამედ იწვევენ სხვა რეგენერაციულ პროცესებსაც“, — ამბობს ციურიხის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი კრისტიან ტაკენბერგი.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

სიცხე ადამიანებს უფრო სწრაფად აბერებს – კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, უკიდურესი სიცხე შესაძლოა დაბერების პროცესს აჩქარებდეს, იუწყება The New York Times.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მეცნიერებმა ბოლო 15 წლის განმავლობაში ტაივანში თითქმის 25 000 ზრდასრული მაცხოვრებლის ჯანმრთელობის მონაცემები გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ სიცხის ტალღების ორწლიანმა ზემოქმედებამ შეიძლება ადამიანებში ე.წ. ბიოლოგიური დაბერება დამატებით 8-12 დღით დააჩქაროს.

„ეს მცირე რიცხვი სინამდვილეში მნიშვნელოვანია. ეს იყო ორწლიანი ექსპოზიციის კვლევა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სითბური ტალღები სინამდვილეში ათწლეულების განმავლობაში ხდება“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი.

აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარდა ისეთ პირობებში, როდესაც ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება სიცხის ტალღებს უფრო ინტენსიურს და ხანგრძლივს ხდის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სიცხე ფიქსირდება აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე, ირანში, ასევე ევროპის ქვეყნებში, იაპონიასა და კორეაში. მაგალითად, საფრანგეთმა ამ ზაფხულს მეორე სიცხის ტალღა განიცადა, რამაც კონდიცირების შესახებ ეროვნული დებატები გამოიწვია.

მკვლევრების თქმით, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები სიცხის გამო უფრო მგრძნობიარენი არიან დაბერების მიმართ. მაგალითად, ხანდაზმული ადამიანები, რომლებმაც უკვე გამოიარეს მრავალი ცხელი დღე, შეიძლება უფრო სწრაფად დაბერდნენ, ვიდრე ახალგაზრდები, რომლებიც იმავე პირობებში იმყოფებოდნენ.

ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა შენობაში კონდიციონერის არარსებობა ან ცხელ ამინდში გარეთ მუშაობა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის დაჩქარებული დაბერება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ატლანტის ოკეანეს ქვეშ მეგა-მიწისძვრების ზონა ფორმირდება

ატლანტის ოკეანის ფსკერზე ახალი ტექტონიკური ნასხლეტი ყალიბდება, რამაც შეიძლება მეგა-მიწისძვრები და ცუნამი გამოიწვიოს, – აღნიშნულია ჟურნალში Nature Geoscience გამოქვეყნებულ კვლევაში.

ატლანტის ოკეანე დიდი ხნის განმავლობაში მშვიდ რეგიონად ითვლებოდა, თუმცა პორტუგალიაში, რომელიც ნასხლეტების ზონებისგან მოშორებით მდებარეობს, ძლიერი მიწისძვრები არაერთხელ მოხდა. მაგალითად, 1775 წელს ლისაბონში 8.7 მაგნიტუდის ბიძგების და შემდგომი ცუნამის შედეგად ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა. 1969 წელს კიდევ ერთი ძლიერი, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 25 ადამიანი ემსხვერპლა. სწორედ მაშინ დაფიქრდნენ მეცნიერები პირველად ამ დაბლობზე სეისმური აქტივობის მიზეზებზე.

გეოლოგების თქმით, 1969 წლის მიწისძვრის დროს პორტუგალიაში სუბდუქციის ზონისთვის (ლითოსფერული ფილების შეერთების საზღვარი) დამახასიათებელი ნიშნები დაფიქსირდა. თუმცა, თავად ეს ზონა იქ არ არსებობს. უახლესი ანალიზისას ლისაბონელმა გეოლოგმა ჟოან დუარტემ და მისმა გუნდმა შეადარეს პორტუგალიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე აბისალური ვაკის სეისმური მონაცემები და კომპიუტერული მოდელები. მეცნიერებმა მანტიის განშრევების მტკიცებულებები იპოვეს.

გეოლოგები ამტკიცებენ, რომ მილიონობით წლის განმავლობაში წყალი ქანებში იჟონება, რაც მათ ასუსტებს. ამგვარად, ატლანტის ოკეანეში ახალი სუბდუქციის დიდი ზონა ყალიბდება, რომელიც მომავალში მეგა-მიწისძვრებს, ცუნამებს და ლითოსფერული ფილების გადანაცვლებას გამოიწვევს. შედეგად, შესაძლოა აფრიკა, ევროპა და ამერიკა ერთ სუპერკონტინენტად გაერთიანდეს.

„ჩვენ არ ვიცით, როდის მოხდება ძლიერი მიწისძვრა, მაგრამ ვიცით, რომ ის აუცილებლად მოხდება, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადეს გეოლოგებმა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ექსპერიმენტული მკურნალობის შედეგად კაცმა 31 წლიანი დეპრესია დაამარცხა

44 წლის კაცმა, რომელსაც მკურნალობისადმი რეზისტენტული დეპრესია (TRD) ჰქონდა სიმპტომების რემისიას მიაღწია. ეს წარმატება ტვინის სტიმულაციის ექსპერიმენტული პროცედურის შედეგად დაფიქსირდა.

კვლევის ავტორები შედეგების რეცენზირებას ჯერ კიდევ ელოდებიან, მაგრამ ასეთი რთული დაავადების პირობებში ეს ნაშრომი ნამდვილად იმედისმომცემია.

პაციენტი წლების განმავლობაში ფსიქიკური დაავადებებით, მათ შორის დეპრესიითა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯებოდა. პირველი პანიკური შეტევები მას ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ყოფნისას დაეწყო. მეცნიერების თქმით კაცს 31 წლის განმავლობაში დეპრესიული ეპიზოდები ყოველგვარი მკაფიო რემისიის გარეშე ჰქონდა.

მისი სამედიცინო ისტორია საკმაოდ მრავალფეროვანია — კაცმა სულ მცირე 19 განსხვავებული მედიკამენტი სცადა და ელექტროკონვულსიური თერაპია სამჯერ ჩაიტარა. ზოგადად, მკურნალობის ეს მეთოდი უმეტეს შემთხვევაში ეფექტურია, მაგრამ სამწუხაროდ ამ პაციენტში მან კოგნიტიური დაქვეითება გამოიწვია.

საბოლოოდ პაციენტს სუიციდური ფიქრები გაუჩნდა და თვითმკვლელობის მცდელობები ჰქონდა. ამის აღსაკვეთად მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევრებმა პაციენტი ექსპერიმენტულ კვლევაში ჩართეს, რათა ტვინის სტიმულაციის ახალი მეთოდი შეეფასებინათ.

თავდაპირველად ჩატარდა პროცესი, რომელსაც ზუსტი ფუნქციური რუკის შექმნა ეწოდება. ამ პროცესში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება, რათა პაციენტის ტვინის სპეციფიკური აქტივობის რუკა შედგეს და ტვინის სტიმულია ეფექტურად გამოიყენონ. მიღებულ მონაცემებს კვლევის ავტორები “ბრეინოტიპს” უწოდებენ.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ პაციენტის ტვინის რეგიონების ერთობლიობა, სახელად სალიანტური ქსელი, ძალიან უცნაური იყო. იგი დეტალურად ჯერ კიდევ არაა შესწავლილი და რთულია მისი ყველა ფუნქციის შეჯამება. ითვლება, რომ სალიანტური ქსელი მნიშვნელოვანი სიგნალების ამოცნობასა და რაიმეზე ყურადღების გამახვილებაში სასიცოცხლო როლს თამაშობს.

“ამ პაციენტში სალიანტური ქსელი ძალიან გაფართოებული იყო და ტვინის ქერქის ზედაპირის 12.4%-ს ფარავდა. ეს მაჩვენებელი ჯანმრთელ ადამიანთან შედარებით ოთხჯერ დიდია”, — აცხადებენ მკვლევრები.

“ბრეინოტიპის” რუკით ჯგუფმა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება და პაციენტში ოთხი ელექტროდის ჩამონტაჟება შეძლო. ისინი იმ უბნებში მოთავსდა, სადაც სალიანტური ქსელი ტვინის სხვა ნაწილებზე იწყებდა გავრცელებას.

ამ ოპერაციის შემდეგ ერთ-ერთი ელექტროდის სტიმულაციის დრო დადგა. საბედნიეროდ, შედეგი მყისიერი და შთამბეჭდავი იყო. პაციენტის სიტყვებით მან უსაზღვრო სიხარული იგრძნო და ბედნიერებისგან ტირილიც კი დაიწყო.

სხვა ელექტროდების სტიმულაციამ პაციენტში სიმშვიდისა და მოდუნების შეგრძნებები გამოიწვია. იყო შფოთვის შემთხვევებიც, რაც აჩვენებს, რომ ყველა შედეგი დადებითი არ იქნება და სტიმულაცია თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად უნდა მოერგოს.

შედეგების ოპტიმიზაცია გუნდთან ყოველთვიური ვიზიტების დროს ხდებოდა. მკურნალობიდან შვიდი კვირის შემდეგ პაციენტის სუიციდური აზრები მთლიანად გაქრა. სტანდარტიზებული ტესტების მიხედვით ოთხ თვეში მისი ხასიათი 59%-ით გაუმჯობესდა. ეს შედეგები სულ მცირე 30 თვის განმავლობაში შენარჩუნდა. წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა თაგვებში აუტიზმის სიმპტომების წარმატებულ რემისიას მიაღწიეს

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით ტვინის ერთ-ერთ უბანში გადაჭარბებული აქტივობა აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებულ ქცევებს იწვევს. ექსპერიმენტული მკურნალობის შედეგად ტვინში ეს აქტივობა დაითრგუნა და აუტიზმთან დაკავშირებული სიმპტომებიც გაქრა.

მეცნიერები ექსპერიმენტებს თაგვებზე ატარებდნენ და აქცენტს ძირითადად თალამუსის ბადისებრ ბირთვზე აკეთებდნენ. ესაა ტვინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც სენსორულ ინფორმაციას ამუშავებს და ტვინის სხვა უბნებში ანაწილებს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს სტრუქტურა აუტიზმის მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

ტვინის ამ უბანში ზედმეტი აქტივობის დასათრგუნად მეცნიერებმა პრეპარატები გამოიყენეს, რის შედეგადაც თაგვებში აუტიზმის მსგავსი სიმპტომები გაქრა. შემცირდა ეპილეფსიური შეტევებისადმი მიდრეკილება და სტიმულებზე გაძლიერებული მგრძნობელობა.

ასეთ პრეპარატებს ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებებად ქცევის პოტენციალიც აქვს, რაც გვანიშნებს, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობისა და ეპილეფსიის გამომწვევი მექანიზმები შესაძლოა მსგავსი იყოს. ამ ფაქტით აიხსნება, თუ რატომ გვხვდება ხშირად ეს ორი მდგომარეობა ერთი და იგივე ადამიანში.

მეცნიერები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ აუტიზმი თალამუსსა და ტვინის ქერქს უკავშირდება. ამის მიუხედავად, აქამდე არ ვიცოდით, თუ კონკრეტულად რა როლს ასრულებდა ამ პროცესში თალამუსის ბადისებრი ბირთვი.

ახალ კვლევაში ავტორებმა თაგვების ტვინის ამ რეგიონის ნერვული აქტივობა და ცხოველების ქცევა შეისწავლეს. იმ თაგვებში, რომლებსაც აუტიზმის მსგავსი გენეტიკური დაავადება ჰქონდათ თალამუსის ბადისებრი ბირთვიც განსაკუთრებით აქტიური იყო. გააქტიურება ხშირად მაშინ შეინიშნებოდა, როცა თაგვები სინათლის, ჰაერის ნაკადისა ან სხვა სტიმულების ზემოქმედებას განიცდიდნენ. ამ ბირთვის ზედმეტმა აქტივობამ თაგვებში კრუნჩხვები გამოიწვია.

აუტიზმის მქონე ადამიანებში ეპილეფსია გაცილებით ხშირად გვხვდება, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში. ამ კავშირის გამო მეცნიერებმა ახალი პრეპარატი, სახელად Z944, გამოცადეს, რომელსაც კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. აღმოჩნდა, რომ ამ წამალმა აუტიზმის მქონე თაგვებში ქცევითი დარღვევები შეამცირა.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგები შთამბეჭდავია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კვლევა ჯერჯერობით მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა და ადამიანებში ეფექტიანობა დამტკიცებული არ არის. Z944 და მსგავსი პრეპარატები მომავალში შეიძლება აუტიზმისა და ეპილეფსიის სიმპტომების შესამსუბუქებელ მნიშვნელოვან იარაღად გამოვიყენოთ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ მეთოდების უფრო საფუძვლიანად შესწავლა ეფექტიან და მიზანმიმართულ მკურნალობას უზრუნველყოფს.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთადარბაზი,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

დემენცია კატებსაც ემართებათ – მეცნიერებმა 8 ნიშანი დაასახელეს

კატები ჩვენგან განსხვავებული ცხოველები არიან, მაგრამ ბევრი საერთოცაა — მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემები. მათში დემენცია შეიძლება განვითარდეს, რომელიც სიმპტომატიკით ადამიანისასაც კი ჰგავს.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ კატებში მსგავსი დარღვევების ნიშნები ვიცოდეთ, რათა მათ სათანადოდ დავეხმაროთ. სამეცნიერო ენაზე აღნიშნულ მდგომარეობას კატის კოგნიტიური დისფუნქციის სინდრომი ეწოდება. ის კოგნიტიური უნარების შესუსტებას გულისხმობს, რაც ასაკის მატებასთანაა დაკავშირებული.

ჩვენს ოთხფეხა მეგობრებში ეს ისეთი ქცევითი ცვლილებებით ვლინდება, რომლებსაც სხვა სამედიცინო ახსნა არ აქვს. მიიჩნევა, რომ ხნიერ კატებში დემენცია საკმაოდ გავრცელებულია. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მათ მიერ შესწავლილი 15 წლამდე ასაკის ცხოველების ნახევარზე მეტს ამ პრობლემისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა და ზოგი საეჭვო ნიშანი 7 წლის ასაკშიც იჩენდა თავს.

მაინც როგორია ის ქცევითი ცვლილებები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ? ქვემოთ 8 მათგანს გაგაცნობთ:

უჩვეულო ვოკალიზაცია — კატამ, შესაძლოა ზედმეტად ხშირად იკნავლოს, მათ შორის ახალ სიტუაციებში მოხვედრისას (გავრცელებულია ღამე ხმამაღლა კნავილი);

შეცვლილი ურთიერთობები — ზოგჯერ დემენციის მქონე კატები ყურადღებას მეტად ითხოვენ ან, პირიქით, ნაკლებად შემოდიან კონტაქტში და, თითქოს, ნაცნობ ადამიანებს ვეღარ იხსენებენ;

ძილის ცვლილება — შესაძლოა, კატა ღამე მოუსვენრად იყოს და დღისით უფრო მეტი იძინოს;

არასწორ ადგილას მოსაქმება/მოშარდვა — ტუალეტთან დაკავშირებული ქცევის ცვლილებები სხვადასხვა მდგომარეობას შეიძლება მივაწეროთ. ამის მიუხედავად, როცა კატა სპეციალური ქვიშიანი ყუთის გარეთ ისაქმებს, ეს ხშირად დემენციის ნიშანია;

დეზორიენტაცია — ადამიანების მსგავსად, კატებშიც დემენციის დროს მოძრაობისას დაბნეულობა ვლინდება: კედლებთან შეჯახება, ობიექტებს შორის გაჭედვა, კარის არასწორ მხარეს მისვლა და სხვა;

აქტიურობის დონის შემცირება/მომატება — კოგნიტიური პრობლემების მქონე კატები ხშირად ჩვეულებრივზე მეტად აქტიურობენ ან პასიურობენ. მაგალითად, შესაძლოა, ნაკლები ითამაშონ, თავიანთი სხეულის გასუფთავებასაც უკლონ და ა.შ;

შფოთვა — თუ კონკრეტულ სიტუაციაში ადრე კატა თავს კომფორტულად გრძნობდა, ახლა კი შფოთავს, შეიძლება საქმე დემენციასთან გვქონდეს. ეს სხვადასხვა ობიექტის ქვეშ ან მაღლა დამალვით გამოიხატება ხოლმე;

დასწავლის შეფერხება — ამ დროს კატა ისეთ დავალებებს ვეღარ ასრულებს, რომლებიც უკვე დამახსოვრებული ჰქონდა (საჭმლის ჯამის ვერპოვნა, ახლის სწავლის გაძნელება).

გასათვალისწინებელია, რომ კატებში დემენციის სიმპტომები სხვა დაავადებებისას შეიძლება დაემთხვეს, როგორიც ართრიტი და თირკმლის პრობლემაა. შესაბამისად, საეჭვო სიმპტომების აღმოჩენისას დიაგნოზს თავად ნუ დასვამთ, არამედ ოთხფეხა მეგობარი სპეციალისტთან მიიყვანეთ, რათა ჯანმრთელობის რაიმე გართულება არ გამოგრჩეთ.

სამწუხაროდ, კატების დემენცია კარგად არაა შესწავლილი. პრევენციისა და მკურნალობის შესახებ მონაცემები ძირითადად ადამიანებსა და ძაღლებზე ჩატარებული კვლევებიდანაა, მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით ვიცით — დემენცია არ იკურნება. ამის მიუხედავად, არსებობს საშუალებები, რომელთა დახმარებითაც დაავადების გავლენის შემცირება შეგვიძლია.

კატებში გარემოსთან დაკავშირებული ზოგიერთი ფაქტორის ცვლილება მათი სტიმულირებისთვის, ტვინის გააქტიურებისთვისა და ნერვული უჯრედების ზრდისთვის ეფექტიანია. მანამდე კი დემენციის სიმწვავე უნდა გაითვალისწინოთ.

ჯანმრთელ ან მცირე დარღვევების მქონე კატებში თამაშის ინიციირება ან ინტერაქტიური სათამაშოებით ნადირობის მსგავსი ქცევის წახალისება კოგნიტიური დისფუნქციის პროგრესირებას ანელებს. უფრო მძიმე მდგომარეობის ცხოველებში ასეთი ცვლილებები დაბნეულობისა და შფოთვის მიზეზი შეიძლება გახდეს და სიმპტომები გააუარესოს.

რაც შეეხება კვებას, ტვინში ანთების შესამცირებლად რაციონში ანტიოქსიდანტებისა და ცხიმოვანი მჟავების დანამატების შეტანა შედეგიანია. აქაც პრობლემა ისევ კვლევებია, რადგან ამ მხრივაც მხოლოდ ძაღლებისთვის განკუთვნილი პროდუქტებია შესწავლილი. კატებს, რა თქმა უნდა, მათთვის შექმნილი დანამატები უნდა მისცეთ.

დაიმახსოვრეთ, რომ პრობლემის ადრეული იდენტიფიცირება მასთან უკეთ გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

დახურულ სივრცეში ყოველდღე პლასტმასის 70 000 უხილავ ნაწილაკს შევისუნთქავთ – კვლევა

 ახალი კვლევის თანახმად, დახურულ სივრცეში ყოველდღიურად მიკროპლასტმასების 70 ათასზე მეტ ნაწილაკს შევისუნთქავთ – იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. მეტიც, ამ ნაწილაკების უმრავლესობა საკმარისად პატარაა, რომ ჩვენი ფილტვების ღრმა ქსოვილებში შეაღწიოს, ამის რისკები კი ბუნდოვანია.

პლასტმასით დაბინძურება ერთ-ერთი უდიდესი ეკოლოგიური პრობლემაა. მისი მიკროსკოპული ზომის ნაწილაკები, მიკროპლასტმასები, უკვე ყველგანაა: წყალში, ტვინში, პლაცენტასა და სათესლე ქსოვილებშიც კი. მიკროპლასტმასები სხეულში არამხოლოდ საკვებიდან, არამედ ჰაერიდანაც კი ხვდება შესუნთქვის გზით.

ტულუზის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახლახან კვლევა ჩაატარეს და დაითვალეს, რა რაოდენობის პლასტმასას შეიძლება შევისუნთქავდეთ ყოველდღიურად. მკვლევრებმა საკუთარი ბინებიდან და მანქანებიდან 16 ნიმუში აიღეს. მიკროპლასტმასების კონცენტრაციის შესაფასებლად სინჯები სპეციალური ტექნიკით, რამანის სპექტროსკოპიით, შეისწავლეს.

ბინის ჰაერის ნიმუშებში მიკროპლასტმასების საშუალო კონცენტრაცია ცალკეულ კუბურ მეტრზე 528 ნაწილაკი აღმოჩნდა; მანქანებებში თითო კუბურ მეტრზე ეს რაოდენობა 2 238 ნაწილაკი იყო. ამ მიკროპლასტმასების 94% სიგანეში 10 მიკრომეტრზე პატარა აღმოჩნდა — საკმარისად პატარა იმისთვის, რომ ჩასუნთქვისას ფილტვის ქსოვილებში ღრმად შეაღწიოს.

ამ და სხვა კვლევის საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ გარემოებიდან ზრდასრულები დღეში მიკროპლასტმასის დაახლოებით 71 ათას ნაწილაკს შევისუნთქავთ. აქედან 68 ათასი 10 მიკრომეტრზე პატარა ზომისაა.

“ჩვენ მიერ აღმოჩენილი კონცენტრაცია იმაზე 100-ჯერ მაღალია, ვიდრე აქამდე იყო პროგნოზირებული გარკვეული ფაქტების საფუძველზე იყო”, — წერენ ნაშრომის ავტორები — “ადამიანები დროის 90%-ს დახურულ შენონებში ატარებენ, იქნება ეს სახლი, სამსახური, მაღაზია თუ ტრანსპორტი. მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი მიკროპლასტმასებს ისე შეისუნთქავენ, რომ ამას ვერც კი იაზრებენ”.

ჯერჯერობით ბუნდოვანია, როგორ მოქმედებს მიკროპლასტმასები ჯანმრთელობაზე სხეულში მოხვედრისას — მეცნიერთა საფუძვლიანი ეჭვით, დადებითად ნამდვილად არა. ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ეს ნაწილაკები შეიძლება კონკრეტული ტიპის სიმსივნეების, რეპროდუქციული პრობლემების, ინსულტისა და სხვა დარღვევებისრისკებს ზრდიდეს.

ჯანმრთელობაზე მიკროპლასტმასების გავლენის შესასწავლად დამატებითი კვლევებია საჭირო. მნიშვნელოვანია იმის გარკვევაც, თუ როგორ უნდა შევამციროთ გარემოში ამ ნაწილაკების რაოდენობა. ამასთანავე, კვლევა საფრანგეთში ჩატარდა, ამ შედეგებს კი საქართველოზე ვერ განვაზოგადებთ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

უნიკალური კვლევა – ზრდასრულის ტვინს ახალი უჯრედების წარმოქმნა შეუძლია

მკვლევრებმა მკაფიო მტკიცებულებას მიაგნეს, რომ ადამიანის ტვინს ახალი ნეირონების წარმოქმნა ზრდასრულობისასაც შეუძლია. ამ პროცესს ნეიროგენეზი ეწოდება და ჰიპოკამპუსში მიმდინარეობს. ეს ის ნაწილია, რომელიც სწავლაზე, მახსოვრობასა და ემოციებზეა პასუხისმგებელი.

“მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი კვლევა ხანგრძლივ დისკუსიას საბოლოოდ ასრულებს. ახლა უკვე ვიცით, რომ ზრდასრულის ტვინს ახალი ნეირონების წარმოქმნა შეუძლია”, — ამბობს კვლევის თანაავტორი, მართა პატერლინი.

სხვა სპეციალისტებიც თანხმდებიან, რომ ეს კვლევა ზრდასრულ ასაკში ნეიროგენეზის არსებობას ამტკიცებს. ბერკის ნევროლოგიური ინსტიტუტის დირექტორმა რაჯივ რატანმა განაცხადა, რომ ერთი კვლევა შესაძლოა, საკმარისი არ იყოს. მიუხედავად ამისა, ეს შედეგები აჩვენებს, რომ ზრდასრული ადამიანის ტვინში ახალი ნეირონების წინამორბედი ღეროვანი უჯრედები არსებობს და მრავლდება.

“ეს აღმოჩენა კლინიკურ ნეირომეცნიერებას ახალ გზებს უხსნის”, — დაამატა მან.

1960-იანი წლებიდან მეცნიერებმა იცოდნენ, რომ თაგვებში, ვირთხებსა და პრიმატების ზოგ სახეობაში ტვინის ახალი უჯრედები მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმოიქმნება. ზრდასრული ადამიანებისგან ხარისხიანი ნიმუშების მიღება დიდი სირთულეა.

“ადამიანური ქსოვილი ოპერაციებიდან ან ავტოფსიიდან გვაქვს. მისი დამუშავების პირობები ხშირად ახალი უჯრედების აღმოჩენას ართულებს. ახალი ტექნოლოგიების წყალობით ეს პრობლემაც მოგვარდა”, — ამბობს პატერლინი.

მკვლევრებმა 24 ადამიანისგან ჰიპოკამპუსის 400 000-ზე მეტი უჯრედის ბირთვი შეისწავლეს. დამატებით 10 ტვინს სხვადასხვა მეთოდით ანალიზი ჩაუტარეს. ორგანოები 0-დან 78 წლამდე ადამიანების იყო.

გამოსახულების ორ უახლეს მეთოდზე დაყრდნობით, მათ შეძლეს, დაედგინათ, ახალი უჯრედები სად იყო. მათ გამრავლებისთვის საჭირო უჯრედები ზრდასრულთა ტვინშიც აღმოაჩინეს. ისინი ზუსტად იმ ადგილებში იყო, სადაც ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ღეროვანი უჯრედები იპოვეს.

“ეს უჯრედები მხოლოდ ჩვილებსა და ბავშვებში კი არ ვიპოვეთ, ისინი მოზარდებსა და ზრდასრულებშიც დაფიქსირდა”, — ამბობს მეცნიერი — “მათ შორის ღეროვანი უჯრედები ვნახეთ, რომლებსაც თვითგანახლება და სხვა ნერვული უჯრედების წარმოქმნა შეუძლია”.

მკვლევრებმა ფლუორესცენცილი ნიშნები გამოიყენეს, რომ მიმდინარე უჯრედების გაყოფა დაენახათ. შემდეგ მათ მანქანური სწავლების ალგორითმი შეიმუშავეს, რომელმაც განსაზღვრა, რომლები გარდაიქმნებოდა ნეიროგენეზურ ღეროვან უჯრედებად.

ბავშვების ტვინებში მეტი ახალი უჯრედი წარმოიქმნებოდა, ვიდრე მოზარდებსა და ზრდასრულებში. ეს მოსალოდნელიც იყო. ზრდასრულებში ჩატარებული ანალიზით, ერთ-ერთმა ტექნიკამ 14 ტვინიდან 9-ში ახალი უჯრედები აჩვენა, ხოლო მეორემ — 10-დან ყველა შემთხვევაში.

“შემდგომი კვლევებით დავადგენთ, იყო თუ არა ზრდასრულების ტვინში ნეიროგენეზი რაიმე ნევროლოგიური მდგომარეობით გამოწვეული”, — აღნიშნა ექიმმა ტეილორ კიმბერლიმ, რომელიც მასაჩუსეტსის საავადმყოფოს ხელმძღვანელია — “ახლა, როცა ამ უჯრედების იდენტიფიცირება შეგვიძლია, მათზე დაკვირვებასაც მოვახერხებთ. შემდეგ შევისწავლით, მათი არსებობა სხვადასხვა დაავადებაზე როგორ მოქმედებს. სამკურნალო მეთოდები ჯერ არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ ზრდასრულ ტვინს შეუძლია, ახალი ნეირონების წარმოქმნა, ჩვენს წარმოდგენას სწავლაზე, დაზიანებებისგან აღდგენასა და ნეიროპლასტიურობის პოტენციალზე მთლიანად ცვლის”.

კვლევა გამოცემაში Science გამოქვეყნდა, რომლის თარგმანი on.ge-მ მოამზადა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 4 5 6 7 8 116
Page 6 of 116