close

კვლევები

კვლევებიმედიცინა

ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერება ტალახში თამაშით – ბუნებრივი გზა ჯანმრთელობისთვის

ბავშვის იმუნური სისტემის განვითარება რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია მის გარემოსთან ურთიერთობაზე. თანამედროვე ქალაქური ცხოვრების სტილი, რომელიც ხშირად სტერილურ გარემოსა და ჰიგიენურ ნორმებს ეფუძნება, შეიძლება ზღუდავდეს ბავშვის იმუნური სისტემის ბუნებრივ განვითარებას.

ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვების ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთობა, განსაკუთრებით კი ტალახში და მიწაში თამაში, ხელს უწყობს მათი იმუნური სისტემის გაძლიერებას. ეს პროცესი ე.წ. “ბიომრავალფეროვნების ჰიპოთეზას” ეფუძნება, რომელიც ამტკიცებს, რომ გარემოს მიკრობული მრავალფეროვნება აუცილებელია იმუნური სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის.

ფინეთში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, სადაც საბავშვო ბაღების ეზოები ტყის ნიადაგით შეცვალეს, აჩვენა, რომ ბავშვების კანის მიკრობიომის მრავალფეროვნება გაიზარდა და მათი იმუნური რეაქციები გაუმჯობესდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთობა შეიძლება იყოს ეფექტური გზა ბავშვების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

ამგვარი აღმოჩენები ხაზს უსვამს ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას ბავშვების განვითარებისთვის. მშობლებსა და აღმზრდელებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ბავშვების ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთობას, რაც მათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაეხმარება.

ბუნებრივი გარემოსთან ურთიერთობა, როგორიცაა ტალახში თამაში, შეიძლება იყოს მარტივი და ეფექტური გზა ბავშვების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ეს მიდგომა არა მხოლოდ იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს, არამედ ბავშვების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განვითარებასაც.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ძუძუს კიბოს ახალმა წამალმა კიბოს უჯრედების 95-100% გაანადგურა – კვლევა

ძუძუს კიბოს მკურნალობის ახალი მიდგომით, თაგვის მოდელებში ძუძუს ER (ესტროგენის რეცეპტორის) დადებითი კიბოს უჯრედების 95-100% გაანადგურეს. ახალი წამალი, ErSO, დიდი ზომის სიმსივნურ წარმონაქმნებსაც შეუმჩნეველ ზომებამდე ამცირებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ილიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოაქვეყნეს.

„[მკურნალობის შემდომ პერიოდში] იმ შემთხვევაში თუ ძუძუს კიბოს უჯრედების ნაწილი გადარჩება და შემდეგი თვეების მანძილზე სიმსივნე გაზრდას დაიწყებს, იმ სიმსივნეებზე რომლებიც განვითარდება, ErSO-თი მკურნალობა აბსოლუტურად, წარმატებულად იმოქმედებს. შესანიშნავია, რომ ErSO-მ სწრაფად გაანადგურა ძვლის, ფილტრის, ღვიძლის და ტვინის სიმსივნის მეტასტაზები, თან იმის გათვალისწინებით, რომ მკერდის კიბოს უმეტეს პაციენტებში სიკვდილის მიზეზი ორგანიზმში გავრცელებული მეტასტაზები ხდება”, — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა და ბიოქიმიის პროფესორმა დეივიდ შაპირომ.

ErSO-თი მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია ესტროგენის რეცეპტორზე, რომელიც ძუძუს სიმსივნის უმრავლეს შემთხვევებში შეინიშნება. როცა ErSO ესტროგენის რეცეპტორს უკავშირდება, ამ რეცეპტორს იმდენად ააქტიურებს, რომ მწყობრიდან გამოჰყავს ის მექანიზმი (UPR შეუფუთავი ცილების პასუხი), რაც კიბოს უჯრედების სწრაფ გამრავლებას უწყობს ხელს და მათ სტრესისგან/წინააღმდეგობისგან იცავს.

“[ErSO-თი მკურნალობის შემდეგ,] UPR შეუფუთავი ცილების პასუხი ისევ აქტიურია, თუმცა ძალიან დაბალ დონეზე. როგორც აღმოჩნდა, ეს მექანიზმი იცავდა კიბოს უჯრედებს კიბოს საწინააღმდეგო წამლების ზემოქმედების შემდგომ სიკვდილისგან,” — აღნიშნა პროფესორმა შაპირომ.

შაპირომ და მისმა ყოფილმა სტუდენტმა, ნილ ანდრუსკამ ეს მექანიზმი პირველად 2014 წელს გამოავლინეს და დაიწყეს იმ ნაერთის განვითარება, რომელიც ამ მექანიზმის “ზესტიმულაციით” (“overdrive”) , ესტროგენის რეცეპტორის მქონე ძუძუს კიბოს უჯრედებს სელექციურად მოკლავდა. არსებითად, კიბოს თავდაცვითი მექანიზმის გამორთვის მაგივრად, მკვლევრების მიზანი მისი ზესტიმულაციით დაძაბვისგან კიბოს უჯრედების “თვითმკვლელებად” გადაქცევაა.

ErSO-ს წინამორბედმა კიბოზე მოსალოდნელი გავლენა ვერ იქონია. მან კიბოს უჯრედები ვერ გაანადგურა — მხოლოდ მათი ზრდა შეანელა – და არასასურველი გვერდითი ეფექტებიც იქონია. ErSO უფრო ძლიერი და პატარა მოლეკულას იყენებს, რომელიც თაგვებზე ექსპერიმენტების მიხედვით, გვერდითი ეფექტების გარეშე კიბოზე გამანადგურებელი გავლენა აქვს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ძუძუს კიბოს შემთხვევების 75% ER დადებითია, ErSO-ს ყველაზე გავრცელებული სახეობის განკურნების პოტენციალი აქვს. ამასთანავე, ესტროგენის რეცეპტორის რაოდენობა იმისათვის, რომ ErSO-მ იმოქმედოს, ძალიან დაბალია. ანუ შესაძლებელია, ErSO-თი ისეთი მკერდის კიბოც განიკურნოს, რომელიც ER დადებითად არ მიიჩნევა”, — განაცხადა კვლევის თანაავტორმა მეთიუ ბორდომ.

შემდგომმა კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ წამალმა არანაირი გავლენა არ იქონია თაგვების რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წამალმა იმოქმედა თაგვებზე, ვირთხებსა და ძაღლებზეც.

ErSO-თი ერთი კვირის მკურნალობის შემდეგ, წამალმა თაგვებში გართულებული ძუძუს კიბო უმნიშვნელო დონემდე შეამცირა.

“უმეტეს შემთხვევაში, კიბო მხოლოდ სამ დღეში 99 პროცენტით ან მეტით დაპატარავდა. ErSO ძალიან სწრაფად მოქმედი წამალია და მისი შედეგი თაგვებში ძუძუს კიბოზე საოცარი და დრამატულია”, — დასძინა შაპირომ.

აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტულმა კომპანია Bayer AG-მ ახალ წამალს ლიცენზია მიანიჭა. კომპანია წამლის პოტენციალს ადამიანებზე კლინიკური ცდებით გამოავლენს. ამ დროის განმავლობაში, მკვლევრები ErSO-ს ეფექტურობას მკერდის კიბოს გარდა სხვა ER დადებით კიბოს სახეობების წინააღმდეგ გამოცდიან.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

დიდი რაოდენობით ცილის მიღება არტერიებზე ცუდად მოქმედებს – კვლევა

Nature Metabolism-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, დიდი რაოდენობით ცილის მიღება არტერიებზე ცუდად მოქმედებს.

ამ დასკვნამდე პიტსბურგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევრები მივიდნენ. მათ იმ ადამიანების მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც ბევრ ცილას მოიხმარენ.

იმ შემთხვევაში თუ თვქენი ყოველდღიური კალორიებიდან 22%-ზე მეტი ცილაა, ამან შეიძლება მაკროფაგების გაააქტიურება გამოიწვიოს. ეს იმუნური უჯრედების ტიპია, რომელიც არტერიებში ქოლესტერინისა და ცხიმის დაგროვებას იწვევს.

მთლიანობაში, ეს ათეროსკლეროზის რისკებს ზრდის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა და ინსულტი.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ კონკრეტული ამინომჟავა, ლეიცინი, ათეროსკლეროზის ერთ-ერთი მთავარი აქტივატორია.

„კვლევამ აჩვენა, რომ უკეთესი მეტაბოლიზმისთთვის დიდი რაოდენობით ცილების მიღება არ არის პანაცეა. ამით შეიძლება არტერიებს სერიოზული ზიანი მივაყენოთ”, — თქვა პიტსბურგის კარდიოლოგიის პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა ბაბაკ რაზანმა.

მკვლევრების თქმით, საკვები უნდა მივიღოთ ზომიერად და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი დიეტა იყოს მრავალფეროვანი

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები რობოტებს უფრო ენდობიან, ვიდრე ადამიანებს

ბავშვობაში, როცა სამყაროს აქტიურ აღქმას ვიწყებთ, ჩვენამდე დიდძალი ინფორმაცია აღწევს და საჭირო ხდება, რეალური ფაქტი და ტყუილი ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. იმის გასაგებად, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მცირეწლოვნებს ამგვარი მონაცემების სხვადასხვა წყაროს მიმართ, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა კვლევა ჩაატარა.

“მთავარი კითხვაა, როგორ ირჩევენ ბავშვები, ვისგან ისწავლონ, როცა ურთიერთსაპირისპირო მტკიცებების წინაშე დგანან?”, — აცხადებენ სპეციალისტები.

მათ კვლევაში 3-დან 6 წლამდე ასაკის 111-მა ინდივიდმა მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ ისინი რობოტებს უფრო ენდობოდნენ, ვიდრე ადამიანებს. ასევე, მათ მიერ დაშვებული შეცდომების მიმართაც მეტი მიმღებლობა ჰქონდათ.

მეცნიერებმა ბავშვები 2 ჯგუფად დაჰყვეს და თითოეულს აჩვენეს ვიდეოები, რომლებშიც რობოტები და ადამიანები სხვადასხვა ობიექტის სახელს ამბობდნენ. ზოგიერთი ეს ნივთი მათთვის ისედაც ცნობილი იყო, ზოგის სახელი კი არ იცოდნენ. პირველ შემთხვევაში მკვლევრები ადამიანებსა და რობოტებს შეუსაბამო სიტყვას ათქმევინებდნენ, მაგალითად თეფშს “კოვზს” უწოდებენ. ამას მცირეწლოვნების ნდობაზე უნდა ემოქმედა.

როცა რობოტებიცა და ადამიანებიც თანაბრად სანდოებად წარმოაჩინეს, ბავშვებს ობიექტების სახელების გაგება მაინც პირველისგან უფრო სურდათ და მათი ნათქვამისაც მეტად სჯეროდათ. ასევე, როცა ჰკითხეს, ვის აირჩევდნენ საიდუმლოს გასაზიარებლად, სამეგობროდ ან მასწავლებლად, ხშირად ისევ რობოტებს ასახელებდნენ.

საინტერესოა, რომ ისინი შეცდომებზეც სხვადასხვაგვარად რეაგირებდნენ. კერძოდ, როცა სახელი ადამიანს ეშლებოდა, მიიჩნევდნენ რომ ის ამას განზრახ აკეთებდა, მაგრამ რობოტის შემთხვევაში ასე არ ეგონათ.ავტორები ასკვნიან, რომ ბავშვებისთვის რობოტის სანდოობა დამოუკიდებელია იმისგან, აღიქვამენ თუ არა მას სოციალური ურთიერთობისთვის სასურველ პარტნიორად.

აღქმა ასაკის მიხედვითაც განსხვავებოდა. მაგალითად, მოზრდილი ბავშვები ადამიანებს მეტად ენდობოდნენ, ვიდრე შედარებით პატარები, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა რობოტი უფრო არასანდოდ იყო წარმოჩენილი. ამის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, კვლევის მონაწილეებს უმეტესწილად მაინც რობოტების სჯეროდათ. მიზეზი მათთვის არ უკითხავთ, ამიტომ უცნობია, რითაა ეს განპირობებული.

ავტორების თქმით, მეტის გასაგებად კვლევა არა ვიდეო ფორმატის გამოყენებით, რამედ ცოცხალი ინტერაქციით უნდა ჩატარდეს. მათი ნაშრომი გამოცემაში Computers in Human Behavior გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევები

ჩერნობილში მიწის დამუშავება და მოსავლის მოყვანა უსაფრთხოა – კვლევა

ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ჩრდილოეთ უკრაინაში, ჩერნობილში, ათასობით ჰექტარი მიწა საფრთხის შემცველი იყო. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში ტერიტორიას არ ამუშავებდნენ. მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს მიწა მოსავლის მოსაყვანად უსაფრთხოა.

კვლევა ინგლისის პორტსმაუთის უნივერსიტეტისა და უკრაინის აგრარული რადიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ ახალი მეთოდები შეიმუშავეს, რათა 1986 წლის ბირთვული კატასტროფის შემდეგ მიტოვებული ტერიტორია ახლიდან შეეფასებინათ.

რადიოაქტიური დაბინძურების გამო ჩერნობილის მიწების გამოყენება ათწლეულების განმავლობაში ოფიციალურად იყო აკრძალული. კატასტროფის შემდეგ ჩრდილოეთ უკრაინის დიდი ტერიტორია სოფლის მეურნეობისთვის არახელსაყრელად გამოაცხადეს. ბირთვული რეაქტორის ირგვლივ 4 200 კმ2 “ჩერნობილის აკრძალული ზონაა” და დღემდე მიტოვებულია. ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი ნაკრძალია.

არსებობს სხვა, 2 200 კმ2-იანი, ტერიტორიაც, რომელსაც “სავალდებულო გადასახლების ზონა” ჰქვია. ეს ადგილი მიტოვებული არაა — ხალხი კვლავაც ცხოვრობს, სკოლები და მაღაზიები ფუნქციონირებს. მიუხედავად ამისა, მიწების გამოყენება ან ინვესტირება ოფიციალურად აკრძალულია.

ტერიტორია ცეზიუმითა და სტრონციუმით არის დაბინძურებული. მიუხედავად ამისა, 1990-იანი წლებიდან უკრაინისა და სხვა ქვეყნების მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ მიწა შეიძლება დასამუშავებლად უსაფრთხო იყოს. ჩერნობილი ოფიციალურად მიტოვებული დარჩა, თუმცა ზოგიერთმა ფერმერმა მოსავლის მოყვანა მაინც გადაწყვიტა. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ქალაქის უდიდესი ნაწილის დამუშავება უსაფრთხოა.

კვლევის ფარგლებში ჟიტომირის ოლქში საცდელად 100 ჰექტარი მიწა შეაფასეს. მეცნიერმა ნიადაგში დაბინძურების დონე მარტივი პროტოკოლით განსაზღვრეს, რომელიც თავადვე შექმნეს. ასევე დაადგინეს, რამდენად შეიწოვს რადიოაქტიურ ნივთიერებებს მცენარეები, მათ შორის: კარტოფილი, მარცვლეული, სიმინდი და მზესუმზირა.

ნიადაგის ნიმუშების ანალიზით გაზომეს გარე გამა გამოსხივებაც. დადასტურდა, რომ სოფლის მეურნეობის მიმდევრები იმაზე გაცილებით დაბალი დოზის დასხივებას იღებენ, ვიდრე უკრაინის უსაფრთხოების ზღვარია. იგი ასევე მცირეა იმ გამოსხივებასთან შედარებით, რომელიც მთელი მსოფლიოს გარშემო ბუნებრივად გვხვდება. კვლევამ აჩვენა, რომ მრავალი ტიპის მოსავლის მოყვანა შეიძლება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ადრე აიკრძალა; თავისთავად, ეს უკრაინის კვების უსაფრთხოების წესების დაცვით.

“ეს კვლევა იმ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომლებიც ჩერნობილის კატასტროფამ დააზარალა. 1986 წლიდან ჩერნობილთან დაკავშირებული გამოსხივების რისკებზე ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა. ეს მიტოვებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხზე უარყოფითად აისახა. ახლა უკვე მეცნიერულად დადასტურდა, რომ მიწების მოხმარება მოსახლეობისთვისა და მიწის დამმუშავებელი მუშებისთვის უსაფრთხოა”, — აცხადებს კვლევის ავტორი, პროფესორი ჯიმ სმიტი.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ნაშრომი რადიოაქტიური დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას სხვა ტერიტორიებზეც გაამარტივებს. მათი აზრით, სწორი მიდგომითა და მოსახლეობის ჩართულობით უკრაინას შეუძლია, დაახლოებით 20 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა დაიბრუნოს.

“ეს მხოლოდ ჩერნობილს არ ეხება”, — დასძინა პროფესორმა სმიტმა — “ეს ნიშნავს მეცნიერებისა და ფაქტების გამოყენებას იმისთვის, რომ ადამიანები დავიცვათ და ის მიწა არ დავკარგოთ, რომლის გამოყენებაც რეალურად უსაფრთხოა”.

კვლევა გამოცემაში Journal of Environmental Radioactivity გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რა კავშირია ვაქცინაციასა და დემენციას შორის? — ახალი კვლევების გამაოგნებელი შედეგები

უახლესი კვლევების თანახმად, ისეთი ვაქცინები, როგორებიცაა გრიპის, პნევმოკოკისა და ჰერპესის საწინააღმდეგო ვაქცინები, შესაძლოა არა მხოლოდ ინფექციური დაავადებებისგან გვიცავდეს, არამედ ტვინის ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებდეს. ამის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი არის ანთების შემცირება — სწორედ ქრონიკულ ანთებას უკავშირებენ მეცნიერები ალცჰაიმერისა და სხვა ტიპის დემენციის განვითარებას.

მაგალითად, 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წლების განმავლობაში გრიპის ვაქცინაციამ 40%-მდე შეამცირა დემენციის განვითარების რისკი. მსგავსი ეფექტი შეინიშნებოდა პნევმოკოკისა და ჰერპეს ზოსტერის ვაქცინების შემთხვევაშიც. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ იმუნური სისტემის სტიმულირება ვაქცინაციის გზით შესაძლოა აძლიერებდეს ორგანიზმის უნარს, ეფექტიანად გაუმკლავდეს არა მხოლოდ ინფექციებს, არამედ ანთებით პროცესებს, რომლებიც ტვინს აზიანებს.

ამ აღმოჩენას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. დემენცია მსოფლიოს მასშტაბით იზრდება და ჯანდაცვის სისტემას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს. თუკი ვაქცინაცია დემენციის წინაშე პრევენციის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდება, ეს ეფექტიანი, იაფი და მასშტაბური გზა იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მეტი კვლევაა საჭირო, უკვე არსებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა ორი მნიშვნელოვანი დანიშნულება ჰქონდეს: დაგვიცვას ინფექციური დაავადებებისგან და ამავდროულად დაგვეხმაროს ტვინის ფუნქციის შენარჩუნებაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

გამოვიდა ახალი ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან

ჩილეში გამოყენებაში ჩაუშვეს ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან;ეს ამ სახის პირველი ვაქცინაა და მალე სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი.

ვაქცინა ხელს უშლის სქესობრივ ქცევას და გამრავლებას და შესაბამისად, წარმოადგენს ქირურგიული კასტრაციის ალტერნატივას.

„ის მთელ მსოფლიოში პირველი ამ ტიპის ვაქცინაა ძაღლებისთვის“, – ამბობს ჩილეს უნივერსიტეტის ვეტერინარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მკვლევარი ლეონარდო საენსი.

საენსი და მისი ჯგუფი ამ ვაქცინის შექმნაზე 2009 წლიდან მუშაობდა. ჩილეში მისი გამოყენება ამ თვეში დაიწყო.

ვაქცინა წარმოქმნის ანტისხეულებს და ერთი წლის განმავლობაში აჩერებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას როგორც ხვად, ისე ძუ ძაღლებში.

„ყველაფერი დაბლოკილია — სქესობრივი აქტივობაც და ნაყოფიერებაც“, — ამბობს საენსი.

ვაქცინას Egalitte უწოდეს და უკვე დააპატენტეს 40 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, არგენტინაში, ბრაზილიასა და ევროკავშირში.

ჩილეში ერთი დოზის ფასი 50 დოლარია.

27 წლის სტუდენტმა ივან გუტიერესმა თავისი ძაღლი ფრანჩესკო უკვე მიიყვანა ვეტერინარულ კლინიკაში და ვაქცინა გაუკეთა.

„ნამდვილად არ მინდოდა მისთვის ოპერაციის გაკეთება“, — ამბობს იგი.

ქირურგიული კასტრაცია ძაღლის ბევრ მფლობელს მართლაც აშინებს და ამის გამო, ამ ნაბიჯისგან თავს იკავებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება

ახალი კვლევის თანახმად, ადამიანთა ტვინები წლების განმავლობაში უფრო და უფრო გაიზარდა. ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ასაკის მატებისას ამან დემენციის განვითარება შეაფერხოს, თუმცა ამის დაზუსტებით თქმა რთულია. ნაშრომი გამოცემაში JAMA Neurology გამოქვეყნდა.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1930-იდან 1970-იან წლებამდე დაბადებულ ადამიანთა ტვინების გამოსახულებები შეისწავლეს. მათ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) მონაცემები გამოიყენეს ფრემინგემის გულის კვლევიდან (ჯანმრთელობის ხანგრძლივი კვლევა, რომელიც 1948 წელს დაიწყო). უფრო ზუსტად, მკვლევრებმა 3 226 ადამიანის ტვინის MRI გამოსახულებები გააანალიზეს.

ნაშრომის ავტორებმა შენიშნეს, რომ 1970-იან წლებში დაბადებულ ბავშვებს 15%-ით დიდი ტვინის ზედაპირი ჰქონდათ 1930-იან წლებში დაბადებულებთან შედარებით; მათი ტვინის მოცულობა 1930-იანების ბავშვებისას 6.6%-ით აღემატებოდა.

გარდა გაზრდილი ზედაპირისა და მოცულობისა, შენიშნეს ისიც, რომ ზომაში მეხსიერებასა და დასწავლასთან დაკავშირებული ნაწილებიც გაიზარდა.

მეცნიერებმა კვლევა იმავე ასაკის 1 145 ზრდასრულის შემთხვევაშიც გაიმეორეს, რომლებიც 1940-იან და 1950-იან წლებში იყვნენ დაბადებულები.

საერთო ჯამში, ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ ახალ თაობებს უფრო დიდი მოცულობის ტვინები აქვთ, ანუ ტვინის მოცულობა ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად იზრდება. დიდია როგორც მთლიანი ტვინის მოცულობა, ასევე კონკრეტული რეგიონებისაც. ეს ეფექტი ინდივიდების დონეზე შეიძლება უმნიშვნელო იყოს, თუმცა, მეცნიერების ვარაუდით, პოპულაციის მასშტაბით იგი მნიშვნელოვანი იქნება.

რას შეიძლება ნიშნავდეს ტვინის მოცულობის გაზრდა?
ვერ ვიტყვით, რომ ტვინის მოცულობის ზრდა უფრო და უფრო გვაჭკვიანებს. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა ვარაუდით, ტვინის დიდი ზომა მის ჯანმრთელობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და ამ მხრივ აღმოჩნდეს სასარგებლო.

ცნობილია, რომ ალცჰაიმერის მქონე პაციენტთა საერთო რიცხვი გაიზარდა, რადგან მეტი ხალხი ბერდება. მიუხედავად ამისა, ათწლეულების განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი კლებულობს. ეს მიგნება 2016 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომს ეყრდნობა, რომლის ფარგლებშიც ფრემინგემის გულის კვლევის მონაცემებიც გააანალიზეს.

“ტვინის უფრო დიდი სტრუქტურები, თუნდაც, როგორებიც კვლევის ფარგლებში ვიხილეთ, შესაძლოა, ტვინის გაუმჯობესებულ განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მეტყველებდეს”, — განაცხადაჩარლზ დეკარლიმ, ნევროლოგიის პროფესორმა და კვლევის მთავარმა ავტორმა — “ტვინის უფრო დიდი სტრუქტურა ტვინის უფრო დიდ რეზერვად გვევლინება და, შესაძლოა, ასაკის მატებასთან დაკავშირებული დაავადებების, თუნდაც ალცჰაიმერისა და სხვა დემენციების, გავლენა გაანეიტრალოს”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

ტიტანიკის ვირტუალური რეკონსტრუქცია ნათელს მოჰფენს გემის საბედისწერო ღამეს

ტიტანიკის  ციფრული რეკონსტრუქცია, რომელიც შექმნილია ბოლო დროის ყველაზე დახვეწილი ტექნოლოგიების გამოყენებით, წარმოადგენს სრულიად ახალ, დოკუმენტურ და ღრმა შესწავლას ტიტანიკის ტრაგიკულ ჩაძირვაზე. National Geographic-ის დოკუმენტური ფილმში Titanic: The Digital Resurrection ნაჩვენებია, თუ როგორ განხორციელდა ეს პროექტი, 2022 წლის ექსპედიციაში, სადაც  გამოიყენებდა 715,000-ზე მეტი მაღალი რეზოლუციის ფოტოები, რაც ტიტანიკის სრულმასშტაბიანი ციფრული ვერსიის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა.

ამ დეტალურმა 3D მოდელმა მკვლევარებს შანსი მისცა,  რომ  ტიტანიკის ჩაძირვის კონკრეტული მომენტები უკეთ შეისწავლონ და შეაფასონ.  არსებული ფრაგმენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ტიტანიკი გატყდა მძიმედ და არა ისე, როგორც ადრე იყო წარმოდგენილი, ანუ ის გაიყო ნაწილებად.

ციფრული რეკონსტრუქციის გამოყენებით ახალი მონაცემები უკვე არსებობს, რაც ხელს უწყობს ტიტანიკის შესწავლას. ეს ყოველივე კი  მეცნიერებსა და საზოგადოებას საშუალებას აძლევს ტიტანიკის ჩაძირვას ვირტუალურად გაეცნოს. 2025 წლის 11 აპრილს დოკუმენტური ფილმი უკვე გამოვიდა, რომელიც Disney +  და Hulu-ზეა ხელმისაწვდომი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ხმოვანი ტალღები შესაძლოა ოკეანის ენერგიის უზარმაზარი პოტენციალის გასაღები გახდეს

უახლესი კვლევა გვიჩვენებს, რომ ხმოვან ტალღებს შეუძლიათ საბოლოოდ გახსნან გზა ოკეანის ტალღების ენერგიის ათვისებისკენ. ენერგიის წყაროს დიდი ხანია განიხილავენ, როგორც სუფთა და განახლებად რესურსს, თუმცა მისი ეფექტიანი ათვისება ტექნოლოგიური და ფიზიკური შეზღუდვების გამო რთულია.

კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ფენომენმა, რომელსაც ტრიადის რეზონანსი (triad resonance) ეწოდება, შეიძლება გამოიყენოს იქნას ხმოვანი ტალღები იმისთვის, რომ გაზარდოს ზღვის ზედაპირული ტალღების სიმაღლე. ეს პროცესი გულისხმობს სამი ტალღის ურთიერთქმედებას — აქედან ორი შეიძლება იყოს აკუსტიკური ტალღა — რაც იწვევს ენერგიის გადატანას და ზედაპირული ტალღის გამაძლიერებელ ეფექტს. ლაბორატორიულ პირობებში მეცნიერებმა შეძლეს ტალღების სიმაღლის 30%-ით გაზრდა ხმოვანი ტალღების გამოყენებით.

ამ გაზრდილმა ტალღებმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ტალღური ენერგიის ეფექტიანობა — მოწყობილობებისა, რომლებიც ტალღის მექანიკურ ენერგიას გარდაქმნიან ელექტროენერგიად.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ამ კვლევის პერსპექტიულობისა, საჭიროა ტექნოლოგიის განვითარება და ბუნებრივ გარემოში გამოცდა მანამ, სანამ ის ფართო გამოყენებისთვის მზად იქნება.  ეს მეთოდი შეიძლება გახდეს ტალღური ენერგიის სისტემების უფრო ეფექტური ფორმა, რაც სანაპირო ქვეყნებს განახლებადი ენერგიის წარმოებასა და ნახშირბადზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება.

ამ ტექნოლოგიის პოტენციალი განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვისაა საინტერესო, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი ან შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოები. კლიმატური ცვლილებების ფონზე, ხმოვანი ტალღების მეშვეობით ტალღური ენერგიის ათვისება შეიძლება იქცეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად განახლებადი ენერგიის სფეროში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 6 7 8 9 10 116
Page 8 of 116