close
ეს საინტერესოაისტორიაკულტურამსოფლიოსაქართველო

ნიკოლოზ ბაგრატიონი – „ვეფხისტყაოსნის“ სულისკვეთებით სავსე ქართველი რაინდი აფრიკაში

კაცობრიობის ისტორიის მსვლელობისას დროდადრო გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთი უანგარო და მაღალზნეობრივი ცხოვრებით გმირობის საოცარ მაგალითს გვიჩვენებენ. ერთ-ერთი მათგანი იყო ნიკოლოზ ბაგრატიონი – ნიკო ბური, რომლის რაინდული ცხოვრება იყო ცოცხალი მაგალითი „ვეფხისტყაოსნის“ გმირების სულიერების რეალურ ცხოვრებაში განხორციელებისა. ნიკოლოზ ბაგრატიონი შუა საუკუნეების სარაინდო რომანების გმირს უფრო გავდა, ვიდრე XIX-XX  საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრებ ადამიანს. მან გადაწყვიტა სრულიად უანგაროდ დახმარებოდა მისი სამშობლოს მსგავსად გაჭირვებაში მყოფ, ბურების აფრიკულ სახელმწიფოს და უშუალო მონაწილეობა მიეღო საბრძოლო ოპერაციებში.

     ნიკოლოზი ბაგრატიონ-მუხრანბატონთა შტოს განეკუთვნებოდა, მათ მამულები ჰქონდათ მუხრანის ველის ტერიტორიაზე, რომლის ცენტრიც სოფელი მუხრანი გახლდათ. ნიკოლოზი პირდაპირი შთამომავალი იყო არჩილ მეფისა. ნიკო1868 წელს დაიბადა, მის ოჯახთან დაახლოებულ ილია ჭავჭავაძეს მგზნებარე სიტყვა წარმოუთქვამს და გიორგი ბაგრატიონისთვის ურჩევია, შვილები ქართულ წესზე აღეზარდა და სამშობლოს სიყვარული ჩაენერგა მათთვის.  ნიკოს მამა, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი სამხედრო პირი  გახლდათ, რომელსაც დიდ პატივს სცემდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთ-თურქეთის ომის დროს ალექსანდროპოლში თურქთა არმია, რომელსაც ზიულ ფაშა მეთაურობდა რუსეთის არმიამ ალყაში მოაქცია. ზიულ ფაშამ რუსეთის არმიის მეთაურ ოგლობოჟიოს მოღალატე უწოდა და იარაღი არა მას, არამედ  მის ადიუტანტ გიორგი ბაგრატიონ-მუხრან ბატონს ჩააბარა, რომელიც შემდგომ ნიკო ბაგრატიონმა საქართველოს მუზეუმს ჩააბარა.   გიორგი ბაგრატიონს და მის მეუღლეს ეკატერინე მესიშვილს 15 ვაჟიშვილი და ერთადერთი ქალიშვილი თამარი ჰყავდათ.

პატარა ნიკოლოზი მუხრანში, ბაგრატიონ მუხრანელთა რეზიდენციაში იზრდებოდა. როგორც თავის წიგნში აღნიშნავს, მისი ბავშვობის ოცნება ყოფილა ფეხით მოევლო და საკუთარი თვალით ენახა მთელი ქვეყნიერება. ნიკოს ბავშვური და კეთილი სულის სწორად განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გამზრდელ თინათინს. იგი უამბობდა მას მშვენიერ ზღაპრებს, თქმულებებს, „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტებს. პატარა ნიკოს სულში ღრმად გაიდგა ფესვი სიკეთისკენ სწრაფვამ და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილმა.

“გული იმ უცნობი მხარეებისკენ მიილტვოდა, რომლებსაც გამდელი ამიწერდა. ყოველი ზღაპრის მოსმენის შემდგომ, სიტყვას ვაძლევდი ჩემს თავს, რომ ოდესმე უთუოდ წავიდოდი იმ საარაკო ქვეყნებში, თან საყვარელ ტარიელად გახდომას ვნატრობდი.” 

   ბავშვობის ტკბილი ოცნებები მკაცრმა მამაკაცურმა აღზრდამ შეცვალა. ნიკოლოზ ბაგრატიონი პატარა ასაკიდანვე შეაჩვიეს ცხენზე ჯდომას,  იარაღის ხმარებას, სიძნელეების გადატანას.

   ნიკოლოზ ბაგრატიონის ოჯახს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს, როდესაც ფინანსური მაქინაციების წყალობით ებრაელმა ხასკინმა 600 000-იანი ვალი აჰკიდა ნიკოს ოჯახს. ეს ვალი მძიმე ტვირთად იქცა ოჯახისთვის. ნიკოს მამა იძულებული გახდა, წასულიყო და რუსეთის იმპერატორისთვის ვალის პატიება ეთხოვა. საბედნიეროდ იმპერატორმა ნიკოს ოჯახს ვალი აპატია.

   გიორგი ბაგრატიონმა გადაწყვიტა კარგი განათლება მიეცა შვილებისთვის. ნიკო და ლევანი თბილისში გაგზავნეს. მოხუცი ფრანგი ქალი ბერლემონი 3 წელიწადი ასწავლიდა ძმებს ფრანგულ ენას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნიკოს განათლებაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ ქართველ ისტორიკოსს პლატონ იოსელიანს, იგი ნიკოს მამიდის ქმარი გახლდათ. პლატონმა ღრმად შეასწავლა ნიკოლოზ ბაგრატიონს საქართველოს ისტორია,  კულტურა, არქეოლოგია.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფრანგულის გარდა ნიკომ ბრწყინვალედ შეისწავლა რუსული და ინგლისური ენა.

  გარკვეული პერიოდის შემდგომ ნიკო და მისი ძმა რუსულ გიმნაზიაში იწყებენ სწავლას. გიმნაზიაში სწავლის პერიოდშიც ნიკოს სული პატრიოტულ ნიადაგზე განაგრძობდა ზრდას, იგი ოცნებობდა საქართველოს უკეთეს მომავალზე და თავისუფლებაზე.

   1884 წელს გარდაიცვალა ნიკოს მამა, გიორგი ბაგრატიონი-მუხრანელი. ნიკოს უფროსი ძმა, ლევანი თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად, ოჯახის ტვირთი კი ნიკოს დააწვა. ნიკომ პატარა არყის სახდელი გახსნა და ამით ეხმარებოდა ოჯახს. ბავშვობაში სუსტი ნიკო ახლა ნამდვილი გოლიათი იყო, 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი სიმაღლის. ბრწყინვალე მსროლელი, მოჯირითე, საარაკო ძალის პატრონი, ბრძენი ხასიათის მქონე. გიმნაზიის დამთავრების შემდგომ ლევანი დაბრუნდა მუხრანში და გადაწყვიტა, როგორც უფროსმა ძმამ, თავის თავზე აეღო მეურნეობის გაძღოლა. თუმცა ლევანი კარგი მეურნე არ აღმოჩნდა, გულნატკენმა ნიკომ გადაწყვიტა დაეტოვებინა სახლი და სხვაგან ეძებნა ბედი. თავდაპირველად ნიკომ კავშირი გააბა მატყლის შემსყიდველი ინგლისური კომპანიის წარმომადგენელთან. თუმცა ეს სავაჭრო წარმომადგენელი საზღვაო კატასტროფაში დაიღუპა და ნიკომ იძულებული გახდა სხვა სამუშაო ეძებნა. ამის შემდგომ ნიკო ყარსის რკინიგზის სამუშაოებზე მუშაობდა 2 წელი.

   1896 წელს ნიკო შეიყვანეს ქართველ დეპუტატთა რიცხვში, რომლებიც ნიკოლოზ II-ის მეფედ კურთხევას უნდა დასწრებოდნენ. ნიკო მეფედ კურთხევის შემდგომაც დარჩა მოსკოვში, სადაც მან გაიცნო ნადირობის დიდი ტრფიალი ნიკოლოზ ორბელიანი. მან შესთავაზა ნიკოს წასულიყვნენ აფრიკაში ლომებზე სანადიროდ.

“აი აქ ხელახლა წარმომიდგა თვალწინ ტარიელი, მთელი თავისი ვაჟკაცობით და გამბედაობით. სუსტსა და უძლურს ბავშვობაში, ახლა ისეთი ძალა მქონდა, რომ ვერცხლის აბაზიანს სულ იოლად გავტეხდი შუაზე.”

ნიკოლოზ ბაგრატიონმა სიხარულით მიიღო ეს წინადადება.

    ნიკოლოზი სამშობლოში დაბრუნდა და ოჯახის საქმეებს მიჰყო ხელი და თან სულმოუთქმელად ელოდა ორბელიანის წერილს.  თითქმის 2 წლის შემდგომ ნიკოლოზ ორბელიანის წერილიც მოვიდა. 1899 წელს ნიკოლოზ ბაგრატიონი პეტერბურგში გაემგზავრა მეგობართან შესახვედრად.

“ლომებზე ნადირობა ჩემთვის იყო მხოლოდ საბაბი -გავმგზავრებულიყავი შორ ქვეყნებში, მენახა უცხო ხალხები, გავცნობოდი მათ ზნე ჩვეულებას, კულტურას, დავმტკბარიყავი უცხო ბუნების სილამაზით. თუმცა მჯეროდა, რომ  საქართველოს მსგავსი ქვეყანა არსად იყო.”

   მეგობრები პარიზში გაემგზავრნენ, აქ მათ უნდა შეერთებოდათ ლომებზე ნადირობის სხვა მსურველნი. თუმცა ნიკოლოზ ორბელიანი დიდად მოიხიბლა პარიზით და აღარ ჰქონდა სურვილი აფრიკაში ლომებზე სანადიროდ წასვლისა. ნიკომ გადაწყვიტა მარტო გამგზავრებულიყო აფრიკაში. სექტემბრის ბოლოს რიცხვებში მარსელის ნავსადგურიდან გავიდა გემი, რომელზეც ნიკო ბაგრატიონი იმყოფებოდა. გემზე ყოფნისას მას ე.წ „ზღვის ავადმყოფობა“ დაემართა და მძიმედ გადაიტანა მგზავრობა. როგორც იქნა ჩააღწიეს ალექსანდრიაში, სადაც ნიკო მეტად დაინტერესდა ანტიკური კულტურით. ალექსანდრიაში ნიკომ შეიტყო ბურების რესპუბლიკის შესახებ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მდებარეობდა და რომლის დაპყრობასაც ინგლისის იმპერია აპირებდა.

“მთელი ჩემი არსება მოიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ღრმად ამოვიჭერი დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა.”

 “ბურების მდგომარეობა როგორღაც მაგონებდა  ჩემს  სამშობლოს  და მწამდა თუ შევებრძოლებოდი ბურების მტერს, ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მე ამით სამაგიეროს გადავუხდიდი ჩემი ქვეყნის მტრებსაც.”

   ბურების  რესპუბლიკის პრეზიდენტი გახლდათ 75 წლის მხნე მოხუცი პაულუს კრიეგერი. ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა სასწრაფოდ დაეტოვებინა სასტუმრო და ბურებს დამხარებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

   ნიკილოზ ბაგრატიონმა გემით ჩააღწია დელაგოას  ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ აფრიკის ნაპირზე მდებარეობს, აქედან კი გაემგზავრა ტრანსვაალიის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში, პრეზიდენტ კრიუგერის სანახავად, თუმცა პრეზიდენტი იქ არ დახვდა. ბაგრატიონი იმედოვნებდა, რომ პრეზიდენტს იოჰანესბურგში ნახავდა, თუმცა აქაც გაუცრუვდა იმედი. ნიკოლოზ ბაგრატიონი  თავის წიგნში „ბურებთან“ საუბრობს ბურების რესპუბლიკის ისტორიაზეც. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე კოლონია დაარსეს ჰოლანდიელებმა, თუმცა მათ მალე შეუერთდნენ ფრანგები, რომელთა დიდი ნაწილი ხელისუფლებისგან დევნილი ჰუგენოტები იყვნენ. მათ დაიწყეს მიწის დამუშავება, მესაქონლეობა, სირაქლემების მოშენება, ასევე აღმოჩნდა არაერთი ოქროს თუ ალმასის საბადო.

  “ბურები ზოგჯერ უცნაურებიც არიან, ისინი ომობენ თავიანთი განწყობილებისა და შეხედულებებისამებრ, რასაც ხშირად მოჰყოლია კატასტროფა. მათი დისციპლინა, უმთავრესად რელიგიაა, რამაც აგრეთვე რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას, უდავოდ თავისი დაღი დაასვა.”

    ინგლისელებმა დააარსეს კოლონია ნატალიში, ბურები იძულებულნი გახდნენ მიეყიდათ ეს ნაწილი ინგლისელებისთვის. ამის მიუხედავად ინგლისელები კვლავ ავიწროებდნენ ბურებს, ამიტომ ბურების ერთი ნაწილი მდინარე ვაალის გაღმა გადავიდა და ტრანსვაალის ბურების რესპუბლიკა დააარსა. ასევე ბურების მეორე ნაწილმა დაარსა რესპუბლიკა ორანჟი.

    ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა დაეთვალიერებინა მიდამოები, გზად შავკანიანი გამყოლი იახლა. გზად მათ გადაეყარათ უზარმაზარი, მძინარე მახრჩობელა გველი,  რამაც  გვარიანად შეაშინათ და იძულებულები გახდნენ ფერმისთვის შეეფარებინათ თავი. როგორც გაირკვა, ფერმას ერთი საშიში მძვინვარე ვეფხვი შესჩვეოდა, რომელიც ანადგურებდა  ჯოგს. ნიკოლოზმა სიმამაცე გამოიჩინა და მრისხანე ცხოველი ორი გასროლით განგმირა. ნიკოლოზმა გადაწყვიტა შეხვედროდა პრეზიდენტ კრიუგერს. პრეზიდენტის მეუღლემ სამამ,  შეხვედრა ორშაბათს 11 საათზე დაუნიშნა.  დათქმულ დროს ნიკოლოზ ბაგრატიონი ეწვია პრეზიდენტის რეზიდენციას,  რომელიც წარმოადგენდა სადა სააგარაკო სახლს, რომელსაც ორი მწოლიარე ლომის ქანდაკება ამშვენებდა.  ბაგრატიონს სალუტით შეეგებნენ. პრეზიდენტ კრიუგერის და ნიკოს შეხვედრა მეტად გულთბილი აღმოჩნდა. ბაგრატიონს პრეზიდენტმა გააცნო სამი სამხედრო პირი:  ფრანგი გენერალი-ჟუბერი, გენერალი კრონიე, რომელიც არტილერიას ხელმძღვანელობდა და გენერალი დელარეი, რომელიც ნიკო ბაგრატიონივით გოლიათური აღნაგობისა გახლდათ. გადაწყდა, რომ ნიკო დელარეის დივიზიაში იმსახურებდა. მეორე დღეს ბაგრატიონი კვლავ ეწვია პრეზიდენტს და მასთან და მის მეუღლესთან ერთად სურათი გადაიღო. გენერალმა დელარეიმ ნიკო შტაბში დიაბარა დილის ხუთ საათზე,  ნიკოს შტაბში მისვლის შემდგომ ისინი გაემართნენ საბრძოლო ბანაკისკენ.

   “ყველაფერი მოეცვა კუპრივით ბნელ ღამეს. ჩქამიც არ ისმოდა, არც გუშაგები ჩანდნენ. ეს როგორი სამხედრო ბანაკია? უცებ სასწაული მოხდა – გაისმა სტვენისმაგვარი რაღაც და ყოველი ხე ბურად იქცა. როგორც კი პირველმა გუშაგმა შეიცნო დელარეი, მყისვე მისი მოსვლა გაიგო მთელმა ბანაკმაც. აქა-იქ  ციცინათელების მსგავსად აციალდნენ პატარა ფანრები.”

   ბურებმა თავაზიანად მიიღეს ნიკო, მტრის ჭარბი ძალების გამო ისინი ერიდებოდნენ გადამწყვეტ ბრძოლას და პარტიზანულ თავდასხმებს ანხორციელებდნენ მტერზე. ბურების ჯარის უდიდესი ნაკლი გახლდათ უდისციპლინობა. ზოგი მათგანი ტოვებდა ბანაკს რამდენიმე დღით და შემდეგ კვლავ ბრუდნებოდა. ნიკოლოზ ბაგრატიონი აღნიშნავს ბურების გენერლების მაღალ პროფესიონალიზმს, განსაკუთრებით გენერალ ლუი ბოტას და გენერალ დე-ვეტას.

   “დე-ვეტას ტაქტიკა იყო შესანიშნავი. იგი მოძრაობდა ინგლისის ჯარის პარალელურად, რის დროსაც მოულოდნელად ესხმოდა მათ თავს. იტყუებდა ისეთ ადგილებში, საიდანაც გამოსვლა მტერს  ძვირად უჯდებოდა.”

    ნიკოლოზ ბაგრატიონმა გადაწყვიტა მოხალისეთა პოლკს შეერთებოდა, რომელსაც ვილბუა-დე-მორეია მეთაურობდა და რომელმაც მარი ბროსეს  ნაშრომებით ბევრი რამ იცოდა საქართველოზე. სხვათა შორის ნიკოს აღნიშნული აქვს, რომ სამხედრო ბანაკში ყოფნისას იგი გადააწყდა „მორნინგ პოსტის“ ახალგაზრდა კორესპოდენტ უინსტონ ჩერჩილს, რომელიც ტყვედ ჩავარდნოდა ბურებს და რომელმაც ადვილად მოახერხა ტყვეობიდან გაქცევა ბურების არამკაცრი მეთვალყურეობის გამო.

პოლკოვნიკმა ვილბუამ შეიტყო, რომ მტერი აპირებდა დელარეის დივიზიისთვის ალყის შემორტყმას და განადგურებას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა თავად ვილბუას პოლკი და ნიკო ბაგრატიონი. დაზვერვამ, რომელშიც ნიკო ბაგრატიონიც მონაწილეობდა, ეს ინფორმაცია დაადასტურა. ბურებმა დაასწრეს მტრებს და დილაადრიან მიიტანეს იერიში ინგლისელებზე, ინგლისელები დააბნია მოულოდნელმა იერიშმა, მაგრამ მალე მოეგნენ გონს და პირველი დღის ბრძოლა ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. მეორე დილას ინგლისელების არმიამ, რომელსაც კიტჩენერი მეთაურობდა არტილერიით მიიტანა იერიში ბურებზე. არც ერთი მხარე არ აპირებდა ჯერ გადამწყვეტ იერიშს. კიტჩენერეი დამხმარე ძალებს ელოდა რკინიგზით, ხოლო გენერალი კრონიე კი ელოდა, რომ მტერი გადმოვიდოდა შეტევაზე და ადვილად გაანადგურებდა მათ. მოხალისეთა პოლკს, რომელშიც ნიკო ბაგრატიონიც იყო, ნაბრძანები ჰქონდათ არ გასცილებოდნენ სანგრებს  და განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავდნენ მათ.

  ინგლისელების არმიას ალყაში მოქცევის საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ რამდენიმე დღის შემდგომ მათ იერიში მიიტანეს ბურებზე, მათ მოიგერიეს ეს იერიში, რომელშიც ნიკო ბაგრატიონის პოლკიც იღებდა მონაწილეობას. საღამოს ინგლისელების დამხმარე არტილერია გამოჩნდა, მაგრამ ბრწყინვალე არტილერისტმა კრონიემ ისეთი ცეცხლი გაუხსნა, რომ მათ

არტილერიის განლაგებაც კი ვერ შეძლეს და უკან დაიხიეს.

  ნიკოლოზ ბაგრატიონის პოლკი ბრძოლებს ქალაქ ლედისმიტის მიდამოებში განაგრძობდა, რომელსაც ინგლისელი გენერალი უაიტი იცავდა. ამ ბრძოლებიდან მალევე გარდაიცვალა გენერალი ჟუბერი, რაც დიდი დანაკლისი იყო ბურებისთვის. ომი გრძელდებოდა. ინგლისის არმიამ ვერ მოახერხა სწრაფი განადგურება ბურებისა, საკუთარი სამშობლოსთვის ბურები თავდადებით იბრძოდნენ. პარტიზანული თავდასხმებით ბურები მტერს დიდ ზიანს აყენებდნენ. გენერალ კრონიეს 7-8 ათასიანი ჯარი კიმბერლეის გარშემო იყო განლაგებული. გენერალმა დელარეიმ კი ბრწყინვალედ დაამარცხა ლორდი მეტუენის არმია, ხოლო ტყვედ ჩავარდნილი მეტუენი კი გაანთავისუფლა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბურები კაცთმოყვარეობის გამო ათავისუფლებდნენ ტყვედ ჩავარდნილ მტრის ჯარისკაცებს. ომის გაწელვის გამო ინგლისელებმა დაიწყეს ფიქრი ზავზე, მაგრამ ინგლისმა ბურების მიერ წაყენებული არც-ერთი პუნქტი არ დააკმაყოფილა და ბურებს თავისუფლება არ მიანიჭა, ბურებმა დაიწყეს ფიქრი ფართოუფლებიან ავტონომიაზე ინგლისის მფარველობის ქვეშ. მოლაპარაკება გაჭიანურდა და გენერალმა კიტჩენერმა გააძლიერა იერიშები ბურების წინააღმდეგ. ქალაქ ბოსჰოფთან დაიღუპა პოლკოვნიკი ვილბუა და იმ პოლკის თითქმის ნახევარი, რომელშიც ნიკო ბაგრატიონი იყო გაწევრიანებული. ბურების არმია და გენერალი კრონიე მიმწყვდეულები აღმოჩნდნენ ბოსჰოფთან, კრონიე იძულებული გახდა მტერს დანებებოდა. ტყვედ ჩავარდა ნიკოლოზ ბაგრატიონიც. მას ინგლისელებმა დახვრეტა მიუსაჯეს. ნიკო ფაქტიურად შეგუებული იყო იმ აზრს, რომ მალე გამოასალმებდნენ სიცოცხლეს, იხსენებდა სამშობლოს, ნათესავებს, მეგობრებს.

  „დედის მოგონებამ რაღაცნაირად გული შემიქანა. გულის ჯიბიდან ამოვიღე მშობლის სურათი, რომელსაც მუდამ თან ვატარებდი და მთვარის შუქზე დავცქეროდი, მისი სახით კვლავ თვალწინ წარმომიდგა შორს დარჩენილი ჩემი საყვარელი სამშობლო“

   ნიკო დასახვრეტად გამზადებულთა რიგში აღმოჩნდა.

„ვიდექი უძრავად, ხელში კვლავ დედის სურათი მეჭირა – სიკვდილის წინ მინდოდა კიდევ ერთხელ დამეხედა მისთვის.”

  ოფიცერმა შეამჩნია ნიკოს დედის უცნაური ჩაცმულობა და შეეკითხა ნიკოს თუ ვინ იყო იგი, როდესაც ნიკოს წარმომავლობა გაიგო, ნიკო გამოაყვანინა სიკვდილმისჯილთა რიგიდან და ჩააგდებინა სატუსაღო ხაროში. ნიკოლოზ ბაგრატიონი დაბარებული აღმოჩნდა გენერალ კიტჩენერის მიერ. შეხვედრისას კიტჩენერი თავაზიანად მიესალმა და ჰკითხა, თუ რატომ იბრძოდა ინგლისის წინააღმდეგ. ნიკოლოზ ბაგრატიონის პასუხი ასეთი გახლდათ:

“ყველა ხალხს უნდა შეეძლოს თავისუფლად იცხოვროს ამ ქვეყანაზე, ამისთვის ხალხი არ უნდა ისჯებოდეს“

კიტჩენერმა ნიკოს წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლება მიუსაჯა.

  წმინდა ელენეს კუნძულზე ნიკო კიდევ უფრო  მეტად დაუახლოვდა ფრანგ გრაფ ბრედს, რომელიც აფრიკაში გაიცნო. ნიკოს მეტად მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება. მას დამხარება გაუწია  ბრედმა, ამ თანხით მან სუფთა ტანისამოსი შეიძინა. ნიკო სხვადასხვა გზებს ეძებდა სახსრების მოსაძიებლად. მან გადაწყვიტა  დოღის მოწყობა  და არებული სახსრებით ტყვეების დახმარება.

   დოღი დილის 12 საათზე იყო დანიშნული, უამრავი ადამიანი დაეინტერესებინა დოღს და გულისფანცქალით ელოდნენ სანახაობას. სხვადასხვა მუსიკალური ნომრების შემდგომ დაიწყო დოღი, რომელშიც მონაწილეობდნენ ინგლისელთა ცხენოსანი ჯარის ნაწილების, თუმცა გამარჯვება ტყვე ბურებს დარჩათ. ნიკოს გამოსვლის დროც დადგა, ოთხმა ზანგმა ორი მეტად ღონიერი ცხენი გამოიყვანა, მეჯინიბეებმა ცხენების გრძელი თასმების ყულფები ჩამოაცვეს ნიკოს მკლავებზე, ნიკომ მყისვე კისერზე მოგდებულ მთავარ ღვედს ჩაავლო ხელი.

„გაუშვით ხელი – ვიყვირე მე  და მეჯინიბეები რომელთაც ცხენები აქეთ-იქით აღვირით ეჭირათ განზე გახტნენ. ცხენებმა წამსვე გაიწიეს, მაგრამ ადგილზევე გაქვავდნენ. მაშინ მეჯინიბეებმა ცხენებს შოლტები გადაჰკრეს. ახლა ცხენებმა მოინდომეს ერთბაშად თავის დაღწევა, მაგრამ როცა ადგილიდან ოდნავაც ვერ დამძრეს, ყალზე აიმართნენ. ვატყობდი ძარღვები დაწყდომაზე მქონდა, მაგრამ მაინც ვიდექი, როგორც მიწაში ღრმად ფესვებგამდგარი მუხა, ცხენები თითქოს ჩემს ორ ტოტზე გამობმული იყვნენ.“

 ნიკოს ამ ნომერმა დამსწრე საზოგადოების უდიდესი აღტაცება დაიმსახურა.

   ბურების რესპუბლიკას აღსასრულის დღე ედგა, მარცხს განიცდიდნენ ბურების არმიები. რასაც ნიკო მეტად განიცდიდა. სრულიად მოულოდნელად ნიკოს მიეცა წინადადება, რომ იგი მოიპოვებდა თავისუფლებას თუ იგი აღარ დაბრუნდებოდა აფრიკაში. ნიკო დათანხმდა. მეგობარ ბრედასთან ერთად 1901 წლის 10 ნოემბერს  დატოვა წმინდა ელენეს კუნძული და ინგლისისკენ გაემართა. ლონდონიდან მეგობრები პარიზში გაემგზავრნენ. ბრედას მშობლები ძალიან გაახარა შვილის დაბრუნებამ, მათ ნიკოც გულთბილად მიიღეს. პარიზიდან ნიკო მიემგზავრება პეტერბურგში, საიდანაც იგი საქართველოსკენ წამოვიდა.

   სამშობლოში დაბრუნებულმა  ნიკომ თავადის ასულ ანა ბუჭყიაშვილზე იქორწინა,რომელთანაც 6 შვილი შეეძინა. საქართველოს თავზე ჩამოწოლილმა შავმა ბოლშევიკურმა ღრუბელმა ნიკოს ოჯახსაც გადაუარა  და მისი არაერთი ნათესავი იმსხვერპლა, თვითონ ნიკო აქტიურად გამოდიოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ და რაღაც სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. ნიკოს ბოლშევიკებმა სახლ-კარი და ადგილ-მამულები ჩამოართვეს.ზოგიერთი ცნობით, გაღარიბებული ნიკო ბაგრატიონი თბილისის ბაზარში სიგარეტების გაყიდვით ირჩენდა თავს.

ასეთი  გახლდათ თავგადასავალი კიდევ ერთი  ქართველი რაინდისა,რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გადასდო იმისათვის, რათა დახმარებოდა გაჭირვებაში მყოფ ბურების პატარა რესპუბლიკას და რომლის გმირობა სამაგალითოა თითოეული  ქართველისათვის და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრთათვის.

გაზიარება:
fb-share-icon0